გაგების უნარი
ებრაული და ბერძნული ენებიდან „გაგების უნარად“ ითარგმნა ის სიტყვები, რომლებიც ამა თუ იმ საკითხის როგორც ზოგად, ისე ღრმა და საფუძვლიან ცოდნას, მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას, აგრეთვე რთული საკითხების მნიშვნელობის გააზრებას გულისხმობს. გაგების უნართან აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვებია წვდომის უნარი, გამჭრიახობა და აღქმა.
უმეტეს შემთხვევაში გაგების უნარად ნათარგმნია ებრაული ზმნა ბინ და არსებითი სახელი ბინაჰ. ზოგჯერ ბინ და ბინაჰ გაგების უნარის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, მაგალითად: მიხვედრას (1სმ. 3:8; 2სმ. 12:19; ფს. 19:12; დნ. 9:2), დაკვირვებას, ფიქრსა და ყურადღების მიპყრობას (კნ. 32:7; იგ. 14:15; 23:1; იერ. 2:10; დნ. 11:37; იობ. 31:1; 32:12; 37:14; ფს. 37:10). პროფესორი რ. დენტანი ერთ-ერთ ლექსიკონში აღნიშნავს: „ფუძის בין [ბინის] პირველადი მნიშვნელობაა გრძნობის ორგანოებით გარჩევა, სხვაობის გამორკვევა, შემდეგ ყურადღებით დაკვირვება, დაბოლოს — განსაკუთრებით ფუძიდან ნაწარმოებ სიტყვებში — ცოდნისა და გაგების შეძენა ან მათი სხვებისთვის გაზიარება“ (The Interpreter’s Dictionary of the Bible, ჯ. ა. ბატრიკის რედაქციით, 1962, ტ. 4, გვ. 733). ჰებრაისტი ვ. გესენიუსის აზრით, ამ ფუძის ძირითადი მნიშვნელობაა „გამოყოფა, განსხვავება ... და ამის შედეგად გამორკვევა, შემჩნევა და გაგება, რისთვისაც გამოყოფის, განსხვავებისა და გარჩევის უნარია საჭირო“ (A Hebrew and English Lexicon of the Old Testament, ნათარგმნია ე. რობინსონის ინგლისური თარგმანიდან, 1836, გვ. 140). კიდევ ერთი არსებითი სახელი თევუნაჰ იმავე ფუძიდან მომდინარეობს, რომლიდანაც ბინაჰ, და კონტექსტის მიხედვით სათანადოდ ითარგმნა „გამჭრიახობად“ (იგ. 10:23; 11:12), „გაგებად“ და „შეგნებად“ (გმ. 31:3; კნ. 32:28).
ზემოხსენებული ებრაული სიტყვების ძირითადი მნიშვნელობებიდან გამომდინარე, გაგების უნარის მქონედ შეიძლება ჩაითვალოს ის, ვინც სწვდება საკითხს, შეუძლია მისი შემადგენელ ნაწილებად დაშლა, მათ შორის არსებული კავშირის დანახვა და ამგვარად ამ საკითხის გასიგრძეგანება. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ენის მაგალითი. ენის გასაგებად ადამიანს უნდა შეეძლოს წინადადებაში შემავალი ცალკეული სიტყვების გარჩევა, მათი მნიშვნელობის ცოდნა და მათ შორის არსებული კავშირის დანახვა (კნ. 28:49). ადამიანმა შეიძლება ზოგადად გაიგოს ნათქვამი, მაგრამ გაგება აგრეთვე გულისხმობს სათქმელის არსსა და მის ნამდვილ მნიშვნელობაში ჩაწვდომას, შეფასებას, მისგან სარგებლობის მიღებას და იმის მიხვედრას, თუ როგორ უნდა მოიქცეს. როცა ეზრა მღვდელმა იერუსალიმში ხალხს კანონი წაუკითხა, ისმენდა „ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი [ებრ. ბინის ერთ-ერთი ფორმა] შესწევდა“ (ნემ. 8:2, 3,სსგ). მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილნი გონებრივად მომწიფებული იყვნენ და ყველა სიტყვა შესანიშნავად ესმოდათ, ლევიანები „კანონს განუმარტავდნენ [კანონს ასწავლიდნენ ანუ წაკითხულს აგებინებდნენ (ბინის ერთ-ერთი ფორმა)] ... ხალხს. ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ წიგნს, ჭეშმარიტი ღვთის კანონს, თან ხსნიდნენ, განმარტავდნენ და ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ“ (ნემ. 8:7, 8).
ბერძნულ წერილებში „გაგების“ (აღქმისა და ამა თუ იმ საკითხში წვდომის მნიშვნელობით) აზრს გადმოსცემს ზმნა სინიემი (სიტყვასიტყვით „შეერთება“) და არსებითი სახელი სინესის. მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებია ეპისტამე (კარგად ცოდნა) და გინოსკო (ცოდნა).
გაგების პირველწყარო. გაგების პირველწყარო იეჰოვა ღმერთია. გაგების უნარით მას ვერავინ შეედრება. ღვთის გაგების უნარი მის შემოქმედებაში ვლინდება — სამყარო კოორდინირებულად მოქმედებს და ქმნილებები თავიანთ დანიშნულებას შეუფერხებლად და ურთიერთშეწყობილად ასრულებენ (იობ. 38:36; ფს. 136:5—9; იგ. 3:19, 20; იერ. 10:12, 13). ღმერთმა ყველა ცხოველს ინსტინქტური ალღო მისცა. ადამიანმა აეროდინამიკის შესწავლას შეიძლება წლები შეალიოს, შევარდენმა კი ინსტინქტურად იცის, როგორ გაარჩიოს ჰაერის სხვადასხვა ნაკადი ერთმანეთისგან (იობ. 39:26). მაგრამ ცხოველებს ადამიანებისთვის დამახასიათებელი გაგების უნარი არ გააჩნიათ (შდრ. ფს. 32:9).
საუკუნეების მანძილზე ჩატარებული ინტენსიური სამეცნიერო კვლევების მიუხედავად, ადამიანი ბოლომდე მაინც ვერ სწვდება ღვთიური კანონებით მოქმედ ბუნებრივ და ციკლურ მოვლენებს (იობ. 36:29; 38:19, 20). მატერიალური სამყაროს შესწავლისას ადამიანი მხოლოდ ღვთის „გზების კიდეებს“ სწვდება, რაც „ძლიერების გრგვინვასთან“ შედარებით მხოლოდ და მხოლოდ „ჩურჩულია“, რომ აღარაფერი ითქვას ღვთის სასამართლოს დღესა და ხსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე; უღვთოებს საერთოდ არაფერი გაეგებათ ღვთის ღრმა აზრების (იობ. 26:7—14; ფს. 92:5, 6). როდესაც იობმა ფიზიკურ ქმნილებებში ღვთის სიბრძნე და გაგების უნარი დაინახა, მიხვდა, რომ არარაობა იყო და გაგების უნარი აკლდა (იობ. 42:1—6).
რაც შეეხება ღმერთს, ის ბოლომდე სწვდება თითოეული ადამიანის ფიქრებსა და ზრახვებს (1მტ. 28:9; ფს. 139:1—6), და თუ ინება, აკვირდება (ებრ. ბინ) და ყურადღებას აქცევს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ადამიანთა ჯგუფებს (იგ. 21:12; ფს. 5:1, 2). მან იცის თავისი უცილობელი განზრახვა და ის, თუ რას გააკეთებს მომავალში. მისი სამართლიანი პრინციპები მყარი და უცვლელია, ამიტომ „არ არსებობს სიბრძნე, გამჭრიახობა და რჩევა იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს“ (იგ. 21:30; შდრ. ეს. 29:13, 14; იერ. 23:20; 30:24). ღმერთს არ სჭირდება ვინმესთან თათბირი იმაზე, თუ როგორ დაეხმაროს თავის მსახურებს და როგორ იხსნას წუხილისა და ჩაგვრისგან (ეს. 40:10—15, 27—31).
ნამდვილი გაგების უნარის შესაძენად ღვთის გონიერი ქმნილებები უნდა ეცნობოდნენ იეჰოვა ღმერთს, იცოდნენ მისი ნება, ჰქონდეთ მისი რწმენა და ნდობა. „უწმინდესის შესახებ ცოდნა გაგების უნარს იძლევა“ და ამაში იგულისხმება გაგება იმისა, თუ „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“ (იგ. 9:10; 2:6—9; 16:20). ადამიანი ვერც ერთ ღირებულ საკითხს ვერ ჩასწვდება, თუ მას იეჰოვას თვალით არ შეხედა და ყველა ფაქტორი მისი პრინციპების, თვისებებისა და მარადიული განზრახვის ჭრილში არ განიხილა.
გაგების პირველწყაროს უარმყოფელნი. ვინც ცოდვიან გზას ადგას, გადაწყვეტილებების მიღებისა თუ გეგმების შედგენის დროს ღმერთს ანგარიშს არ უწევს (იობ. 34:27). ასეთი ადამიანი დაბრმავებულია და დაკარგული აქვს წვდომის უნარი (ფს. 36:1—4). შეიძლება ღვთის თაყვანისმცემლობაზეც დებს თავს, მაგრამ ღვთის კანონებზე წინ ადამიანურ კანონებს აყენებს (ეს. 29:13, 14), გამართლებას უძებნის თავის საქციელს და თავაშვებულობას გატაცებას უწოდებს (იგ. 10:23). ის უკუღმართი და უგუნური ხდება, თანაც იმ ზომამდე, რომ დარწმუნებულია, უხილავი ღმერთი ვერ ხედავს და ვერც მის უხამსობას ამჩნევს, თითქოს ღმერთს აღქმის უნარი აქვს დაკარგული (ფს. 94:4—10; ეს. 29:15, 16; იერ. 10:21). ის ისე ცხოვრობს, ვითომც „არ არსებობს იეჰოვა“ (ფს. 14:1—3). მას არ შეუძლია საკითხების სწორად განსჯა, მათი ნათლად აღქმა, შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა (იგ. 28:5).
გაგების უნარი სხვადასხვა სფეროში. გაგების უნარი მჭიდროდ არის დაკავშირებული ცოდნასთან და სიმარჯვესთან. გაგების უნარი სჭირდება მშენებლობას, ხის, ლითონის, ქვისა თუ ქსოვილისგან სხვადასხვა ნივთის დამზადებას. ტვიროსელი ხირამი „დახელოვნებული და მცოდნე კაცი“ იყო და მრავალ ხელობას ფლობდა (2მტ. 2:13, 14; 1მფ. 7:13, 14). ცოდნისა და გაგების უნარის წყალობით სამუშაო ეფექტურად სრულდება, რის შედეგადაც ხარისხიანი და გამძლე ნივთები მზადდება.
ზოგი შეიძლება „დახელოვნებული [ბინის ერთ-ერთი ფორმა]“ იყოს ტვირთის გადაზიდვაში, ზოგიც მუსიკაში (1მტ. 15:22; 25:7, 8; 2მტ. 34:12). ზოგის გაგების უნარი ვლინდება მწერლობაში, ლინგვისტიკასა თუ სხვა სამეცნიერო დარგში (დნ. 1:4, 17, 20). ამა თუ იმ სფეროში გაგების შეძენა ნიჭის ან შრომის წყალობით შეიძლება. ღვთის სულს შეუძლია ადამიანს გაგების უნარი შემატოს, ცოდნა გაუღრმავოს და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უნარი მისცეს (გმ. 31:2—5; 35:30—35; 36:1; 1მტ. 28:19).
ზოგი კარგად იცნობს ადამიანის ბუნებას, დაკვირვებულია და შეუძლია მოვლენები და საგნები ერთმანეთს კარგად დაუკავშიროს. მაგალითად, დავითმა შენიშნა, როგორ ჩურჩულებდნენ თავისი მსახურები და მიხვდა, რომ ბათ-შებასთან შეძენილი ბავშვი მომკვდარიყო (2სმ. 12:19). რობოამმა იცოდა ადამიანის მანკიერი ბუნება, რომ ის შურისა და ეჭვიანობისკენ არის მიდრეკილი, ამიტომაც დაუნაწილა თავის ვაჟებს მემკვიდრეობა (2მტ. 11:21—23).
განსაკუთრებული გამჭრიახობა როგორც ცალკეულმა პირებმა, ისე ჯგუფებმა შეიძლება გამოიჩინონ საქმიან ურთიერთობებში და ამის წყალობით დიდი სიმდიდრე მოიხვეჭონ, როგორც ეს ტვიროსის მთავრის შემთხვევაში მოხდა (ეზკ. 28:2, 4). მმართველები შეიძლება კარგად ერკვეოდნენ სამხედრო საქმესა და სტრატეგიაში (ეს. 10:12, 13), ან გამოცდილი დიპლომატები იყვნენ (დნ. 8:23), მაგრამ მათი გაგების უნარი მაინც შეზღუდულია და მას ხანმოკლე სარგებლობა მოაქვს, რასაც აბზაცში მოყვანილი მუხლებიც ცხადყოფს.
როგორც ვხედავთ, გაგების უნარს ადამიანი ან საკუთარი ნიჭიერებით ან ძალისხმევის შედეგად იძენს. მაგრამ ღვთის განზრახვების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ამქვეყნიურ გონიერთა (სინეტე) გაგების უნარი (სინესის) უგუნურებად და არარაობად იქცევა (1კრ. 1:19, 20, Int). აქედან გამომდინარე, ბიბლია ადამიანს მოუწოდებს აღმატებული ანუ სულიერი გაგების შეძენისკენ, რასაც ღვთის შესახებ ცოდნა უდევს საფუძვლად. რამდენიც უნდა ეძებონ ადამიანებმა წიაღისეული სიმდიდრე, რამდენიც უნდა იკვლიონ დედამიწისა და ზღვის სიღრმეები თუ კოსმოსი, ისინი თავიანთი ძალით ვერ მიაგნებენ, თუ „სად არის გაგების უნარი“ და სიბრძნე, რომელსაც ადამიანი წარმატებული, ბედნიერი და სამართლიანი ცხოვრებისკენ მიჰყავს (იობ. 28:1—21, 28). ასეთი გაგება ვერცხლზე უკეთესია და ნანატრ ცხოვრებას აღგვითქვამს, რასაც წარმავალი ქვეყნიური სიმდიდრითა და დიდებით ვერასდროს მივაღწევთ (იგ. 16:16, 22; 23:4, 5; ფს. 49:6—8, 14, 20).
კავშირი ცოდნასა და სიბრძნესთან. გაგების უნარი ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა მხოლოდ ცოდნა კაცს ბევრს ვერაფერს არგებს. რაღაცის ღრმად და საფუძვლიანად გაგება დამოკიდებულია ცოდნის დიაპაზონსა და მის ხარისხზე. ცოდნა არის ფაქტების ქონა რისამე შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი იმ ფაქტების ცოდნაა, რომლებიც ღმერთის არსებობას, მის უცვლელ განზრახვასა და გზებს უკავშირდება. გაგების უნარის დახმარებით ადამიანი შეძენილ ცოდნას ღვთის განზრახვებსა და მოთხოვნებს დაუკავშირებს და, ამგვარად, თავის ცოდნის სათანადოდ შეფასებას შეძლებს. „გაგებული გული ცოდნას ეძებს“; ის არ დაკმაყოფილდება ზედაპირული ცოდნით, არამედ შეეცდება, საგნებსა თუ მოვლენებზე სრული წარმოდგენა შეიქმნას (იგ. 15:14). გამჭრიახობამ სიცრუისგან რომ დაიცავს, მის სულს ცოდნა უნდა ეამოს (იგ. 2:10, 11; 18:15; იხ. ცოდნა).
იგავების 1:1—6-ში ვკითხულობთ: „კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს, რათა გაიგოს იგავი და თავსატეხი, ბრძენთა სიტყვები და მათი გამოცანები“. იგავში, თავსატეხში, ბრძენთა სიტყვებსა და გამოცანებში უშინაარსო ლაპარაკი არ იგულისხმება, ვინაიდან ბრძენი, როგორც წესი, დროს ასეთ რამეში არ კარგავს, არამედ იგულისხმება მითითებები, შეკითხვები და საკითხები, რომლებიც გულსა და გონებას სწორი პრინციპებით წვრთნის და ადამიანს ბრძნული მოქმედებისკენ უბიძგებს (შდრ. ფს. 49:3, 4). ცოდნა და გაგება სიბრძნის საწინდარია, რაც უმთავრესია. სიბრძნე კი გულისხმობს ცოდნის მარაგისა და გაგების უნარის გამოყენებას პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად (იგ. 4:7). სწორად მოტივირებული ადამიანი გაგების უნარს იძენს არა უბრალოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ან საკუთარი თავის წარმოსაჩენად, არამედ ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად. „გაგების უნარის მქონეს სიბრძნე თვალწინ აქვს“ (იგ. 17:24; იხ. სიბრძნე). ის არ ჰგავს პავლე მოციქულის თანამედროვეთ, რომლებსაც თავი მასწავლებლებად მოჰქონდათ, გაყოყოჩებული იყვნენ და არაფერი ესმოდათ. ისინი უგუნურად იქცეოდნენ, რადგან სიტყვებს ეკიდებოდნენ და კამათის სენით იყვნენ შეპყრობილი, რაც განხეთქილებასა და სხვა უსიამოვნებებს იწვევდა (1ტმ. 6:3—5).
ნამდვილი გაგების შეძენა. ვინც სწორი მოტივით ეძებს გაგების უნარს, ღმერთს უნდა სთხოვდეს: „გამაგებინე, რომ დავიცვა შენი კანონი და მთელი გულით შევასრულო ... რომ ვიცოცხლო“ (ფს. 119:34, 144; აგრეთვე მუხლ. 27, 73, 125, 169). პავლე მოციქული ღმერთს კოლოსელი ქრისტიანებისთვის სთხოვდა, რომ აღვსილიყვნენ „მისი [ღვთის] ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით [სინესი], რათა იეჰოვას ღირსად“ ევლოთ (კლ. 1:9, 10).
გაგების უნარის შეძენას ასაკიც და გამოცდილებაც განაპირობებს (იობ. 12:12), თუმცა ეს ბუნებრივი ფაქტორები გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. იობის ნუგეშისმცემლები ამაყობდნენ იმით, რომ მათ და მათ თანატოლებს გაგების უნარი ჰქონდათ, თუმცა ახალგაზრდა ელიჰუსგან გაკიცხვა დაიმსახურეს (იობ. 15:7—10; 32:6—12). იეჰოვას, „ძველი დღეთას“ (დნ. 7:13) გაგების უნარი უსაზღვროა და ბევრად აღემატება კაცობრიობისას, რომლის არსებობაც მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულს ითვლის და რომელსაც დღემდე ვერ გაუგია, როგორ შეიქმნა დედამიწა (იობ. 38:4—13, 21). აქედან გამომდინარე, გაგების უნარის შეძენა უპირველესად ღვთის სიტყვის მეშვეობით შეიძლება (ფს. 119:130).
ბავშვები და ახალგაზრდები უნდა უკვირდებოდნენ მათზე ასაკით უფროსი და გამოცდილი მშობლების რჩევა-დარიგებებს, განსაკუთრებით თუ ეს უკანასკნელნი ღვთის მსახურები არიან (იგ. 2:1—5; 3:1—3; 4:1; 5:1). ძველ თაობათა ისტორიაზე (რაც, როგორც წესი ხანდაზმულებს ახსოვთ) ფიქრი (ებრ. ბინ) გაგებას იძლევა (კნ. 32:7). კაცს გამოუცდელებთან კი არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, არამედ გონიერებთან, რომელთა რჩევა-დარიგებას პირდაპირ მიჰყავს იმათ გზაზე, ვისაც გაგების უნარი აქვს (იგ. 9:5, 6). მომსმენი და დაკვირვებული ადამიანი არ იქნება გულუბრყვილო და ადვილად მიმნდობი, ეცოდინება, „რა არის წინდახედულობა“ და თავს არ გაიუბედურებს (იგ. 8:4, 5).
ღვთის სიტყვის გულმოდგინე შემსწავლელსა და დამცველს შეიძლება თავის მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი ჰქონდეს და ხანდაზმულებზე მეტი გაეგებოდეს (ფს. 119:99, 100, 130; შდრ. ლკ. 2:46, 47). ამის მიზეზი ისაა, რომ ღვთის წმინდა წესები და სამართალი სიბრძნითა და გაგებით არის განმსჭვალული. ისრაელებს ერთგულად რომ დაეცვათ ისინი, მეზობელი ერები მათ ბრძენ და გაგებისუნარიან ხალხად ჩათვლიდნენ (კნ. 4:5—8; ფს. 111:7, 8, 10; შდრ. 1მფ. 2:3). გაგების უნარის მქონე აღიარებს ღვთის სიტყვის უცვლელობას, ცდილობს მას შეუსაბამოს თავისი ცხოვრება და ღმერთს სთხოვს ამისთვის დახმარებას (ფს. 119:169). ის ღრმად იმარხავს ღვთის სიტყვას გულში (მთ. 13:19—23), გულის ფიცარზე იწერს (იგ. 3:3—6; 7:1—4) და იძულებს ყოველ „ცრუ გზას“ (ფს. 119:104). დედამიწაზე ღვთის ძემ ამგვარი გაგების უნარი გამოიჩინა. მას არ უცდია, თავი დაეღწია წამების ბოძზე სიკვდილისგან, რადგან იცოდა, რომ წმინდა წერილების თანახმად, ის ასე უნდა მომკვდარიყო (მთ. 26:51—54).
დროისა და ფიქრის აუცილებლობა. მოჩქარე ჩვეულებრივ ვერ „უკვირდება [ებრ. ბინის ერთ-ერთი ფორმა] ცოდნას“ (ეს. 32:4; შდრ. იგ. 29:20). გაგებულმა ადამიანმა იცის, როდის გაჩუმდეს (იგ. 11:12), ის ნაჩქარევად არაფერს ამბობს და სიმშვიდეს ინარჩუნებს, როცა საუბარი კამათში გადადის (იგ. 14:29; 17:27, 28; 19:11; იობ. 32:11, 18; შდრ. იაკ. 3:13—18). ის ფიქრობს რჩევაზე, რათა ჩასწვდეს მის არსს (იობ. 23:5; ფს. 49:3). სვამს კითხვებს, რათა ყველაფერში გაერკვეს და დაინახოს, რა შეიძლება გახდეს წარმატებისა თუ წარუმატებლობის, ღვთის კურთხევისა თუ წყევლის მიზეზი. ის ფიქრობს, რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ ქმედებას (ფს. 73:2, 3, 16—18; იერ. 2:10—19; შდრ. ეს. 44:14—20). ისრაელები ასე არ მოქცეულან და გულში არ უფიქრიათ „თავიანთ ბოლოზე“ (კნ. 32:28—30).
შეგონების მიღება. სიამაყე, სიჯიუტე, თვითნებობა და დამოუკიდებლობის სული გაგების უნართან შეუთავსებელია (იერ. 4:22; ოს. 4:14, 16). გაგებულ ადამიანს თავი ყოვლისმცოდნე არ ჰგონია, რადგან იგავების 19:25-ში ნათქვამია: „გაგების უნარის მქონე შეაგონე, რომ ცოდნა მიიღოს“ (შდრ. იობ. 6:24, 25; ფს. 19:12, 13). ვინაიდან გამგებია, მზად არის მოსასმენად და ესმის, რატომ შეაგონეს. და თუ სულელს ასი დარტყმაც არ ყოფნის, ის ერთი შეგონებითაც სწავლობს (იგ. 17:10; შდრ. იგ. 29:19).
წინასწარმეტყველების გაგება. ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველებებს მხოლოდ განწმენდილები იგებენ, რომლებიც თავმდაბლად სთხოვენ ღმერთს გაგების უნარს (დნ. 9:22, 23; 10:12; 12:10). ზოგადად შეიძლება გასაგები იყოს, რა დროს ეხება ესა თუ ის წინასწარმეტყველება, მაგრამ იმის ბოლომდე გარკვევას, როგორ შესრულდება კონკრეტულად, ღვთის მიერ დადგენილ დრომდე მოცდა სჭირდება (დნ. 8:17; 10:14; 12:8—10; შდრ. მრ. 9:31, 32; ლკ. 24:44—48). ის, ვინც ადამიანებზეა დაიმედებული, არაფრად აგდებს ღვთის ძალასა და მის განზრახვებს; მას არ ძალუძს წინასწარმეტყველებების გაგება. ის ვერ ჩასწვდება მათ მნიშვნელობას, ვიდრე თავის თავზე არ გამოსცდის ნაწინასწარმეტყველები უბედურების შედეგებს (ფს. 50:21, 22; ეს. 28:19; 46:10—12).