თავი 32
ღვთის რისხვა თავდება
1. რა მოხდება იმ დროს, როცა შვიდივე თასი ბოლომდე გადმოიღვრება და რა კითხვები წამოიჭრება?
იოანემ მოიხსენია ანგელოზები, რომლებსაც დავალებული აქვთ შვიდი თასის გადმოღვრა. ის გვეუბნება, რომ შვიდი უკანასკნელი წყლულით „თავდება ღვთის რისხვა“ (გამოცხადება 15:1; 16:1). „წყლულები“ გვიჩვენებს, რას გააკეთებს იეჰოვა ბოროტების წინააღმდეგ დედამიწაზე. ეს „წყლულები“ ბოლომდე უნდა გადმოიღვაროს; მათი გადმოღვრით ღვთის განაჩენი აღსრულდება და სატანის ქვეყნიერება აღარ იარსებებს. რისი მომასწავებელია ეს „წყლულები“ კაცობრიობისთვის და ამ ბოროტი ქვეყნიერების მმართველებისთვის? რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ განწირულ ქვეყნიერებასთან ერთად თვითონაც არ დაიღუპონ ამ „წყლულებით“? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებსაც ახლა გაეცემა პასუხი. სიმართლის მოყვარულთათვის საინტერესო იქნება იოანეს შემდეგი ხილვა.
იეჰოვას რისხვა დედამიწის წინააღმდეგ
2. რა მოჰყვა პირველი ანგელოზის თასის გადმოღვრას და რას განასახიერებს დედამიწა?
2 პირველი ანგელოზი იწყებს მოქმედებას. „წავიდა პირველი და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა. ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და რომლებიც მის ქანდაკებას სცემდნენ თაყვანს, მტკივნეული და განუკურნებელი იარები გაუჩნდათ“ (გამოცხადება 16:2). როგორც პირველი საყვირის ჩაბერვისას, ისე ახლაც დედამიწა განასახიერებს ერთი შეხედვით მტკიცე პოლიტიკურ სისტემას, რომლის შექმნაც სატანამ დედამიწაზე ჯერ კიდევ ნიმროდის დროს, 4 000-ზე მეტი წლის წინათ დაიწყო (გამოცხადება 8:7).
3. ა) როგორ ითხოვს მრავალი მთავრობა თაყვანისცემას თავიანთი ქვეშევრდომებისგან? ბ) ვის დააკისრეს ერებმა ღვთის სამეფოს ფუნქცია და რა ემართებათ ამ ორგანიზაციის თაყვანისმცემლებს?
3 ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში მრავალი მთავრობა ქვეშევრდომებისგან ითხოვს იმას, რაც სინამდვილეში თაყვანისცემის ტოლფასია. მათი მოთხოვნით სახელმწიფო ყველაფერზე, თვით ღმერთზე წინ უნდა იდგეს (2 ტიმოთე 3:1; შეადარეთ ლუკას 20:25; იოანეს 19:15). 1914 წლიდან მრავალ ქვეყანაში დაიწყეს ახალგაზრდების ჯარში გაწვევა, რათა ებრძოლათ და მზად ყოფილიყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ ომებში, რომლებმაც სისხლით შეღებეს თანამედროვე ისტორიის ფურცლები. უფლის დღის განმავლობაში ერებმა შექმნეს მხეცის ქანდაკება — ერთა ლიგა და მოგვიანებით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელსაც ღვთის სამეფოს ფუნქცია დააკისრეს. მართლაც ღვთის გმობაა განაცხადო, რასაც ბოლო წლებში პაპები აკეთებდნენ, რომ ადამიანის შექმნილი ორგანიზაცია მოიტანს მშვიდობას. ის ღვთის სამეფოს უპირისპირდება. მისი თაყვანისმცემლები სულიერად უწმინდურები, „დაწყლულებულები“ არიან იმ ეგვიპტელებივით, რომლებიც მოსეს დროს ეწინააღმდეგებოდნენ იეჰოვას და პირდაპირი გაგებით დაწყლულდნენ (გამოსვლა 9:10, 11).
4. ა) რაზე მიუთითებს ის, რაც ღვთის რისხვის პირველ თასშია? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა მხეცის ნიშნის მიმღებთ?
4 ის, რაც ამ თასშია, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები არჩევნის წინაშე დგანან. ისინი ან ამ ქვეყნიერების გულისწყრომას დაიმსახურებენ ან იეჰოვას გულისწყრომას. კაცობრიობა იძულებულია მხეცის ნიშანი მიიღოს, რათა „ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი“ (გამოცხადება 13:16, 17). მაგრამ ეს მათ ძვირი დაუჯდებათ. იეჰოვას თვალში ამ ნიშნის მიმღებთ „მტკივნეული და განუკურნებელი იარები“ აქვთ. 1922 წლიდან სახალხოდ გახდა ცნობილი, რომ მათ უარყვეს ცოცხალი ღმერთი. მათი პოლიტიკური გეგმები ჩაიფუშება, თავად კი დაიტანჯებიან. სულიერი გაგებით ისინი უწმინდურები არიან. თუ არ მოინანიებენ, ეს მტკივნეული სნეულება სასიკვდილო აღმოჩნდება მათთვის, რადგან დადგა იეჰოვას სასამართლოს დღე. ადამიანი ან ქვეყნიერების ნაწილი უნდა იყოს ან ქრისტეს მიმდევარი და იეჰოვას მსახური, ნეიტრალური პოზიცია არ არსებობს (ლუკა 11:23; შეადარეთ იაკობის 4:4).
ზღვის სისხლად ქცევა
5. ა) რა ხდება მეორე თასის გადმოღვრისას? ბ) როგორ უყურებს იეჰოვა სიმბოლურ ზღვაში მცხოვრებთ?
5 ახლა ღვთის რისხვის მეორე თასი უნდა გადაიღვაროს. რას ნიშნავს ეს კაცობრიობისთვის? იოანე გვეუბნება: „მეორემ თავისი თასი ზღვას გადააღვარა. ზღვა მკვდრის სისხლივით გახდა და დაიხოცა ყოველი ცოცხალი სული — ყოველივე, რაც ზღვაშია“ (გამოცხადება 16:3). როგორც მეორე საყვირის ხმა, ეს თასიც ზღვისკენ არის მიმართული. ზღვა განასახიერებს იეჰოვასგან გაუცხოებულ, აბობოქრებულ და ურჩ ადამიანებს (ესაია 57:20, 21; გამოცხადება 8:8, 9). იეჰოვას თვალში ეს „ზღვა“ სისხლივითაა, მასში სიცოცხლე ვერ იარსებებს. ამიტომაც, ქრისტიანები არ უნდა იყვნენ ამ ქვეყნიერების ნაწილი (იოანე 17:14). ღვთის რისხვის მეორე თასის გადმოღვრა იმაზე მეტყველებს, რომ „ზღვაში“ მცხოვრები ადამიანები იეჰოვას თვალში მკვდრები არიან. კოლექტიური პასუხისმგებლობის გამო მთელ კაცობრიობას მიუძღვის ბრალი უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრაში. როდესაც იეჰოვას რისხვის დღე დადგება, ისინი პირდაპირი გაგებით დაიხოცებიან ღვთის განაჩენის აღმსრულებელთა ხელით (გამოცხადება 19:17, 18; შეადარეთ ეფესოელების 2:1; კოლოსელების 2:13).
სისხლის მიცემა სასმელად
6. რა ხდება მესამე თასის გადმოღვრისას და რას ამბობენ ანგელოზი და სამსხვერპლო?
6 ღვთის რისხვის მესამე თასი, მესამე საყვირის ჩაბერვის მსგავსად, გავლენას ახდენს მტკნარი წყლის წყაროებზე. «მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყლის წყაროებს გადააღვარა. ისინი სისხლად იქცნენ. გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი, ერთგულო, რადგან ასეთი განაჩენი გამოიტანე, ვინაიდან მათ დაღვარეს წმინდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად. მათ დაიმსახურეს ეს“. გავიგონე, სამსხვერპლო რომ ამბობდა: „იეჰოვა ღმერთო, ყოვლისშემძლეო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი სამართალი“ » (გამოცხადება 16:4—7).
7. რას წარმოადგენს „მდინარეები და წყლის წყაროები“?
7 ეს „მდინარეები და წყლის წყაროები“ წარმოადგენს ამ ქვეყნიერების მიერ აღიარებული ხელმძღვანელობისა და სიბრძნის ეგრეთ წოდებული მტკნარი წყლის წყაროებს. ამაში შედის პოლიტიკური, ეკონომიკური, მეცნიერული, საგანმანათლებლო, სოციალური და რელიგიურ-ფილოსოფიური თეორიები, რასაც ეყრდნობიან ადამიანები და რის საფუძველზეც გადაწყვეტილებებს იღებენ. ნაცვლად იმისა, რომ იეჰოვასთან, სიცოცხლის წყაროსთან ეძებონ სიცოცხლის მომცემი ჭეშმარიტება, ადამიანებმა „თავისთვის ჭები, დაბზარული ჭები“ ამოთხარეს და დაეწაფნენ ქვეყნიერების სიბრძნეს, რაც „უგუნურებაა ღვთისთვის“ (იერემია 2:13; 1 კორინთელები 1:19; 2:6; 3:19; ფსალმუნი 36:9).
8. როგორ დაედო ბრალი კაცობრიობას სისხლის ღვრაში?
8 ამ დაბინძურებული „წყლების“ გამო ადამიანები დამნაშავეები გახდნენ სისხლის ღვრაში. მაგალითად, ისინი დაუნანებლად ღვრიდნენ სისხლს გასული საუკუნის ომებში, რომლებმაც ას მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც ორი მსოფლიო ომი გაჩაღდა, ადამიანები „უდანაშაულო სისხლის ღვრისკენ“ ისწრაფოდნენ; ღვრიდნენ ღვთის მოწმეთა სისხლსაც (ესაია 59:7; იერემია 2:34). კაცობრიობა სხვა მიზეზითაც გახდა დამნაშავე სისხლის ღვრაში; ადამიანები სისხლის გადასხმას მიმართავენ და ამგვარად არღვევენ იეჰოვას სამართლიან კანონებს (დაბადება 9:3—5; ლევიანები 17:14; საქმეები 15:28, 29). ამას სამწუხარო შედეგები მოჰყვა. სისხლის გადასხმით გავრცელდა შიდს—ი, ჰეპატიტი და სხვა დაავადებები. მალე შემცოდველები სრულ საზღაურს მიიღებენ სისხლის ღვრისთვის, როცა „ღვთის რისხვის დიდ საწნახელში“ გაითელებიან (გამოცხადება 14:19, 20).
9. რას ნიშნავს მესამე თასის გადმოღვრა?
9 მოსეს დროს, როცა ნილოსი სისხლად იქცა, ეგვიპტელებს შეეძლოთ სხვა წყაროები მოეძებნათ და ეცოცხლათ (გამოსვლა 7:24). დღეს სულიერი წყლულით დასნეულებული ხალხი სატანის ქვეყნიერებაში ვერსად პოულობს სიცოცხლის წყალს. მესამე თასის გადმოღვრა იმის გაცხადებას ნიშნავს, რომ ქვეყნიერების „მდინარეები და წყლის წყაროები“ სისხლად არის ქცეული და სულიერად მომაკვდინებელია ყველასთვის, ვინც მათ წყალს შესვამს. თუ ადამიანები იეჰოვასკენ არ მობრუნდებიან, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება გარდაუვალია (შეადარეთ ეზეკიელის 33:11).
10. რას ამბობს „წყლების ანგელოზი“ და რას ადასტურებს „სამსხვერპლო“?
10 „წყლების ანგელოზი“ ანუ ანგელოზი, რომელიც ამ თასს აღვრის წყლებს, განადიდებს იეჰოვას როგორც უზენაეს მოსამართლეს, რომლის განაჩენი სამართლიანი და სრულყოფილია. ამიტომ ამბობს ეს ანგელოზი განაჩენის შესახებ: „მათ დაიმსახურეს ეს“. უდავოა, ანგელოზი თავად გახდა იმ სისხლის ღვრისა და სისასტიკის თვითმხილველი, რასაც ცრუ მოძღვრებები და ბოროტი ქვეყნიერების ფილოსოფია საუკუნეების განმავლობაში უწყობდა ხელს. ამიტომ მას ეჭვი არ ეპარება იეჰოვას განაჩენის სამართლიანობაში. ღვთის „სამსხვერპლოც“ კი ალაპარაკდა. გამოცხადების 6:9, 10-ში ნათქვამია, რომ წამებით დახოცილთა სულები სამსხვერპლოს ძირთან არიან. ამგვარად „სამსხვერპლოც“ ადასტურებს იეჰოვას განაჩენის სამართლიანობასa. ისინი, ვინც ღვრიან და ბოროტად იყენებენ ამდენ სისხლს, იმას იმსახურებენ, რომ ძალით ასვან სისხლი. ეს მათთვის იეჰოვას მიერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს.
ადამიანების დაწვა ცეცხლით
11. რას უნდა გადაესხას ღვთის რისხვის მეოთხე თასი და რა ხდება მისი გადმოღვრის შემდეგ?
11 ღვთის რისხვის მეოთხე თასი მზეს უნდა გადაესხას. იოანე ამბობს: „მეოთხემ თავისი თასი მზეს გადააღვარა და მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა ადამიანები. იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით, მაგრამ გმობდნენ ამ წყლულებზე ძალაუფლების მქონე ღვთის სახელს და არ ინანიებდნენ, რათა დიდება მიეგოთ მისთვის“ (გამოცხადება 16:8, 9).
12. რა არის ამ ქვეყნიერების „მზე“ და რისი ნება მიეცა მას?
12 დღეს, „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის დროს“ იესოს სულიერი ძმები ‘თავიანთი მამის სამეფოში მზესავით ანათებენ’ (მათე 13:40, 43). თავად იესოს „სიმართლის მზე“ ეწოდება (მალაქია 4:2). კაცობრიობას კი თავისი „მზე“ აქვს ანუ თავისი მმართველები ჰყავს. ისინიც „ანათებენ“, მაგრამ სინამდვილეში ღვთის სამეფოს ეწინააღმდეგებიან. მეოთხე საყვირის ხმით გაცხადდა, რომ ქრისტიანული სამყაროს „მზე, მთვარე და ვარსკვლავები“ სინამდვილეში კი არ ანათებენ, არამედ სიბნელეს გამოსცემენ (გამოცხადება 8:12). ღვთის რისხვის მეოთხე თასი იმაზეც მეტყველებს, რომ ქვეყნიერების „მზის“ მცხუნვარება აუტანელი გახდება. ის მმართველები, რომლებსაც მზესავით შეჰყურებენ, „დაწვავენ“ კაცობრიობას; ამ სიმბოლურ მზეს მიეცა ამის ნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იეჰოვა დაუშვებს ამას, რადგან ეს იეჰოვას მიერ კაცობრიობისთვის გამოტანილი ცეცხლოვანი განაჩენის ნაწილი იქნება. რა გაგებით დაიწვებიან ადამიანები?
13. რა გაგებით წვავენ კაცობრიობას მზესთან შედარებული ქვეყნიერების მმართველები?
13 პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს უსაფრთხოების მიზნით ამ ქვეყნიერების მმართველებმა დააარსეს ერთა ლიგა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. მოსინჯეს მმართველობის ახალი ფორმები, მაგალითად, ფაშიზმი და ნაციზმი. კომუნიზმმაც ბევრგან მოიკიდა ფეხი. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანთა ცხოვრება გაეუმჯობესებინათ, მზესთან შედარებულმა მმართველებმა დაიწყეს ‘ადამიანების დაწვა დიდი სიცხით’. ესპანეთში, ეთიოპიასა და მანჯურიაში მიმდინარე ომებმა მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ისეთ დიქტატორებს, როგორებიც იყვნენ მუსოლინი, ჰიტლერი და სტალინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბრალი მიუძღვით ათობით მილიონი ადამიანის, მათ შორის მათივე თანამემამულეების სიკვდილში. ბოლო ხანებში მომხდარმა საერთაშორისო თუ სამოქალაქო კონფლიქტებმა „დაწვეს“ ხალხი ვიეტნამში, კამპუჩიაში, ირანში, ლიბანსა და ირლანდიაში, აგრეთვე ლათინური ამერიკისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ მსოფლიო მპყრობელთა შორის დაპირისპირება არ წყდება. მათ ხელთ არსებულ საზარელ ბირთვულ იარაღს შეუძლია ფერფლად აქციოს მთელი კაცობრიობა. ამ ბოლო დღეებში კაცობრიობა მართლაც იწვება „მზისგან“ ანუ უსამართლო მმართველებისგან. ღვთის რისხვის მეოთხე თასის გადმოღვრა მიუთითებს ამ ისტორიულ მოვლენებზე, რასაც ღვთის ხალხიც აცხადებს მთელ დედამიწაზე.
14. იეჰოვას მოწმეების სწავლების თანახმად როგორ გადაიჭრება კაცობრიობის პრობლემები, და როგორ ეხმაურება ამ სწავლებას ხალხი?
14 იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის, რისი საშუალებითაც იეჰოვა თავის სახელს განწმენდს (ფსალმუნი 83:4, 17, 18; მათე 6:9, 10). ადამიანები არაფრად აგდებენ ღვთის სამეფოს; მისი უარმყოფელები ღვთის სახელსაც გმობენ და ემსგავსებიან ფარაონს, რომელმაც არ აღიარა იეჰოვას უზენაესობა (გამოსვლა 1:8—10; 5:2). ამ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევენ მესიის სამეფოს, ურჩევნიათ, თავიანთი მწველი „მზისგან“ ანუ მჩაგვრელი მმართველებისგან დაიტანჯონ.
მხეცის ტახტი
15. ა) რას ეღვრება მეხუთე თასი? ბ) რას განასახიერებს „მხეცის ტახტი“ და რა იგულისხმება მასზე თასის გადაღვრაში?
15 რას აღვრის მომდევნო ანგელოზი თავის თასს? „მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა“ (გამოცხადება 16:10ა). მხეცით სატანის პოლიტიკური სისტემაა წარმოდგენილი. მხეცი სიმბოლურია, ამიტომ მისი ტახტიც სიმბოლური უნდა იყოს. ეს ტახტი იმაზე მეტყველებს, რომ მხეცი კაცობრიობაზე მეფობს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მხეცს თითოეულ თავზე სამეფო გვირგვინი ადგას. სინამდვილეში „მხეცის ტახტი“ არის მისი ძალაუფლების წყარო ანუ სათავეb. ბიბლია გვამცნობს, ვინ მისცა მხეცს მეფობა. ბიბლიაში ნათქვამია: „დრაკონმა მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება“ (გამოცხადება 13:1, 2; 1 იოანე 5:19). ამგვარად, მხეცის ტახტზე თასის გადმოღვრით ცხადი ხდება, რომ მხეცს დღემდე სატანა უჭერს მხარს.
16. ა) ვის ემსახურებიან ერები? ახსენით. ბ) რა მეტყველებს სატანის ზნედაცემულობაზე? გ) როდის დაემხობა მხეცის ტახტი?
16 როგორ ამყარებს კავშირს სატანა ერებთან? იესოს გამოცდისას სატანამ მას ხილვაში ქვეყნიერების ყველა სამეფო აჩვენა და „მთელი. . . ძალაუფლება და მათი დიდება“ შესთავაზა, თუმცა ერთი პირობით — მას თაყვანი უნდა ეცა სატანისთვის (ლუკა 4:5—7). განა სატანა მსოფლიოს მთავრობებს ისე მისცემს ძალაუფლებას, რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვოს? რასაკვირველია, არა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანა ამ ქვეყნიერების ღმერთია, ასე რომ, იციან ეს თუ არ იციან, ერები მას ემსახურებიან (2 კორინთელები 4:3, 4)c. ეს იქიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ იმართება ქვეყნიერება. ამ ქვეყნიერების საფუძველი ნაციონალიზმი, სიძულვილი და ეგოიზმია. ის ისეა მოწყობილი, როგორც სატანას სურს; მისი მიზანია, მას მორჩილებდეს მთელი კაცობრიობა. კორუფცია, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გაქნილი დიპლომატია, გაძლიერებული შეიარაღება სატანის ზნედაცემულობაზე მეტყველებს. ქვეყნიერება სატანის უსამართლო ნორმებით ხელმძღვანელობს და, ამგვარად, მისი ღმერთი სატანა ხდება. მხეცის ტახტი დაემხობა, როცა მხეცი განადგურდება და საბოლოოდ ღვთის ზეციერი ქალის შთამომავლობა სატანას უფსკრულში გაისტუმრებს (დაბადება 3:15; გამოცხადება 19:20, 21; 20:1—3).
სიბნელე და მტანჯველი ტკივილი
17. ა) როგორ უკავშირდება მეხუთე თასის გადმოღვრა სულიერ სიბნელეს, რომლითაც მხეცის სამეფო ყოველთვის იყო მოცული? ბ) როგორ რეაგირებს ხალხი ღვთის რისხვის მეხუთე თასის გადმოღვრაზე?
17 მხეცის სამეფო დასაბამიდანვე სულიერ სიბნელეშია (შეადარეთ მათეს 8:12; ეფესოელების 6:11, 12). მეხუთე თასის გადმოღვრასთან ერთად უფრო აშკარა ხდება, რომ ის მართლაც ბნელშია. ამას ისიც ადასტურებს, რომ ღვთის რისხვის თასი სიმბოლური მხეცის ტახტზე იღვრება. „დაბნელდა მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, მაგრამ ზეციერ ღმერთს გმობდნენ ტკივილებისა და იარების გამო და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს“ (გამოცხადება 16:10ბ, 11).
18. რა მსგავსებაა მეხუთე საყვირის ხმასა და ღვთის რისხვის მეხუთე თასს შორის?
18 მეხუთე საყვირის ხმა ღვთის რისხვის მეხუთე თასთან არ არის გაიგივებული, რადგან ხმა კალიების თავდასხმას იუწყებოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კალიების თავდასხმისას მზე და ჰაერი დაბნელდა (გამოცხადება 9:2—5). გამოსვლის 10:14, 15-ში ვკითხულობთ, როგორ დასაჯა იეჰოვამ ეგვიპტე კალიებით: „აუტანელი იყო მათი შემოსევა. არც მანამდე და არც მას შემდეგ არ გამოჩენილან ასეთი კალიები. დაფარეს მთელი იმ მიწის პირი და ჩააბნელეს ის მიწა“. სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. დღეს ქვეყნიერების სულიერი სიბნელე აშკარა გახდა მეხუთე საყვირის დაყვირებისა და ღვთის რისხვის მეხუთე თასის გადმოღვრის შემდეგ. თანამედროვე კალიების გუნდის მიერ გაცხადებული მწარე ცნობა ტანჯავს და ტკივილს აყენებს ბოროტ ხალხს, რომელმაც „სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა“ (იოანე 3:19).
19. გამოცხადების 16:10, 11-ის თანახმად რას იწვევს სატანის, როგორც ქვეყნიერების ღმერთის, საჯაროდ მხილება?
19 ამ ქვეყნიერების მმართველი სატანა დიდი უბედურებისა და ტანჯვის მიზეზი გახდა. შიმშილი, ომები, ძალადობა, დამნაშავეობა, ნარკომანია, უზნეობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, უპატიოსნობა და რელიგიური თვალთმაქცობა — ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც სატანის ქვეყნიერებაშია გავრცელებული (შეადარეთ გალატელების 5:19—21). სატანის, როგორც ქვეყნიერების ღმერთის, საჯაროდ მხილებამ ტკივილი მიაყენა მისი ნორმებით მცხოვრებ ხალხს და შეაცბუნა ისინი. „ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ“, განსაკუთრებით კი ქრისტიანულ სამყაროში. ბევრს არ მოსწონს, რომ ჭეშმარიტება ამხელს მათი ცხოვრების წესს. ზოგიერთი ამ მხილებას საფრთხედ მიიჩნევს და დევნის ჭეშმარიტების განმცხადებლებს. ისინი უარყოფენ ღვთის სამეფოს და გმობენ იეჰოვას წმინდა სახელს. აშკარა გახდა, რომ ისინი სულიერად დასნეულებულნი და დაწყლულებულნი არიან და ამიტომ გმობენ ზეციერ ღმერთს. ისინი „არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს“. ასე რომ, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ადამიანთა უმეტესობა ჭეშმარიტებისკენ მოიქცევა (ესაია 32:6).
მდინარე ევფრატის დაშრობა
20. როგორ უკავშირდება მეექვსე საყვირის ხმა და მეექვსე თასის გადმოღვრა მდინარე ევფრატს?
20 მეექვსე საყვირის ხმა აცხადებდა, რომ გათავისუფლდა „ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან არიან შებოჭილნი“ (გამოცხადება 9:14). ისტორიიდან ცნობილია, რომ დიდი ქალაქი ბაბილონი მდინარე ევფრატზე იყო გაშენებული. 1919 წელს ოთხი სიმბოლური ანგელოზის გათავისუფლებას დიდი ბაბილონის დაცემა მოჰყვა (გამოცხადება 14:8). აღსანიშნავია, რომ ღვთის რისხვის მეექვსე თასი სწორედ მდინარე ევფრატზე იღვრება: „მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარე ევფრატს გადააღვარა და მისი წყალი დაშრა, რათა გზა გამზადებულიყო მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის“ (გამოცხადება 16:12). დიდი ბაბილონისთვის ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.
21, 22. ა) როგორ დაშრა ბაბილონის დამცავი მდინარე ევფრატი ძვ. წ. 539 წელს? ბ) რა „წყალზე“ ზის დიდი ბაბილონი და ნელ-ნელა როგორ შრება ეს სიმბოლური წყალი?
21 ძველი ბაბილონის დიდების ხანაში ქალაქი წყალუხვი ევფრატის წყალობით საიმედოდ იყო დაცული. ძვ. წ. 539 წელს მას შემდეგ, რაც სპარსელთა მეთაურმა, კიროსმა, მდინარის წყალს მიმართულება შეუცვალა, ევფრატის წყლები დაშრა. ამგვარად, გზა გაეხსნათ სპარსელ კიროსსა და მიდიელ დარიოსს, „მზის ამოსავლიდან“ (ანუ აღმოსავლეთიდან) მომავალ მეფეებს, რათა შესულიყვნენ ბაბილონში და დაეპყროთ ის. გადამწყვეტ მომენტში მდინარე ევფრატმა ვერ დაიცვა დიდი ქალაქი (ესაია 44:27—45:7; იერემია 51:36). მსგავსი რამ ემუქრება თანამედროვე ბაბილონსაც, ცრუ რელიგიურ სამყაროს.
22 დიდი ბაბილონი „მრავალ წყალზე“ ზის. გამოცხადების 17:1, 15-ის თანახმად წყლები განასახიერებს „ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს“, ანუ დიდი ბაბილონის მრავალ მიმდევარს, რომელთა წყალობით ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს. მაგრამ ეს წყლები შრება! დასავლეთ ევროპაში, სადაც ადრე მას დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ასობით მილიონი ადამიანი აშკარად აღარაფრად აგდებს რელიგიას. ზოგიერთი ქვეყანა თავისი პოლიტიკური კურსით შეეცადა რელიგიის გავლენის მოსპობას; ამ ქვეყნებში უმეტესობას არაფერი გაუკეთებიათ რელიგიის დასაცავად. როცა დიდ ბაბილონსაც დაუდგება აღსასრულის დრო, ვერ დაიცავენ მას მისი მიმდევრები, რომელთა რიცხვიც დღითი დღე მცირდება (გამოცხადება 17:16). მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად აცხადებს, მილიარდობით მიმდევარი ჰყავს, დიდი ბაბილონი დაუცველი აღმოჩნდება „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეების“ წინაშე.
23. ა) ვინ იყვნენ „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ ძვ. წ. 539 წელს? ბ) ვინ არიან „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ უფლის დღეს და როგორ გაანადგურებენ ისინი დიდ ბაბილონს?
23 ვინ არიან ეს მეფეები? ძვ. წ. 539 წელს ისინი იყვნენ მიდიელი დარიოსი და სპარსელი კიროსი, რომლებიც იეჰოვამ ძველი ქალაქის, ბაბილონის დასაპყრობად გამოიყენა. ჩვენს დროში, უფლის დღეს, დიდი ბაბილონის ცრუ რელიგიური სამყარო მმართველთა ხელით განადგურდება. ამჯერადაც აღსრულდება ღვთის განაჩენი. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე, „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“, მმართველებს გულში ჩაუდებენ „აზრს“, რომ თავს დაესხნენ დიდ ბაბილონს და საბოლოოდ გაანადგურონ (გამოცხადება 17:16, 17). მეექვსე თასის გადმოღვრით საჯაროდ ცხადდება, რომ ეს განაჩენი სადაცაა აღსრულდება.
24. ა) რა ცნობები ცხადდება იეჰოვას რისხვის ექვსი თასის გადმოღვრისას და რა შედეგით? ბ) ღვთის რისხვის კიდევ ერთი თასის განხილვამდე, რას ვიგებთ „გამოცხადებიდან“?
24 იეჰოვას რისხვის ამ პირველ ექვს თასში გამომაფხიზლებელი ცნობებია. ღვთის მიწიერი მსახურები ანგელოზების დახმარებით მთელ მსოფლიოში გულმოდგინედ აცხადებენ ცნობებს, რომლებიც ამ თასებშია. ამგვარად, გაფრთხილება სატანის ქვეყნიერების ყველა კუთხე-კუნჭულს სწვდება. იეჰოვა ყველას აძლევს იმის საშუალებას, რომ სიმართლის გზას დაადგეს და იცოცხლოს (ეზეკიელი 33:14—16). დარჩა ღვთის რისხვის კიდევ ერთი თასი. ვიდრე ამას განვიხილავდეთ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, როგორ ცდილობენ სატანა და მისი მიწიერი მხარდამჭერები იეჰოვას განაჩენის გაცხადების საქმის შეფერხებას.
შეკრება არმაგედონისთვის
25. ა) რას გვეუბნება იოანე უწმინდურ, ბაყაყების მსგავს შთაგონებულ სიტყვებზე? ბ) როგორ მოხდა უფლის დღის განმავლობაში ზიზღის მომგვრელი ბაყაყების მსგავსი „უწმინდური შთაგონებული სიტყვის“ შემოსევა და რა მოჰყვა ამას შედეგად?
25 იოანე გვამცნობს: „ვიხილე ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა, რომლებიც დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა. ისინი დემონების მიერ შთაგონებული სიტყვებია და ნიშნებს ახდენენ, მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“ (გამოცხადება 16:13, 14). მოსეს დროს იეჰოვამ ბაყაყები შეუსია ეგვიპტეს, რომელსაც ფარაონი მართავდა. „აყროლდა ქვეყანა“ (გამოსვლა 8:5—15). უფლის დღის განმავლობაშიც ზიზღის მომგვრელი ბაყაყების შემოსევის მსგავსი რამ ხდება, მაგრამ ამჯერად სხვა მიზეზით. ამ შემოსევაში სატანის „უწმინდური შთაგონებული სიტყვის“ გავრცელება ანუ ის პროპაგანდა იგულისხმება, რამაც ყველა მიწიერი მმართველი, იგივე „მეფეები“, იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ასე ცდილობს სატანა, რომ ღვთის რისხვის თასების გადმოღვრამ არ იმოქმედოს „მეფეებზე“ და მათ მტკიცედ დაიკავონ სატანის მხარე „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“.
26. ა) რომელი სამი წყაროდან მოდის სატანის პროპაგანდა? ბ) რა არის წარმოდგენილი „ცრუწინასწარმეტყველით“ და საიდან ვიცით ეს?
26 ეს პროპაგანდა მოდის „დრაკონისგან“ (სატანისგან) და „მხეცისგან“ (სატანის მიწიერი პოლიტიკური სისტემისგან), იმ არსებებისგან, რომლებიც უკვე აღწერილი იყო „გამოცხადებაში“. მაგრამ რა არის წარმოდგენილი „ცრუწინასწარმეტყველით“? ის მხოლოდ ახალი სახელით გვევლინება. ჩვენ უკვე განვიხილეთ მხეცი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა და რომელიც დიდ ნიშნებს ახდენდა შვიდთავიანი მხეცის წინაშე. ეს მატყუარა არსება ამ მხეცის მხარდამჭერი წინასწარმეტყველივით მოქმედებდა. ის მხარს უჭერდა მხეცის თაყვანისცემას და მხეცის ქანდაკების შექმნაშიც მონაწილეობდა (გამოცხადება 13:11—14). ეს მხეცი, რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, აქ მოხსენებული ცრუწინასწარმეტყველი უნდა იყოს. ამას ადასტურებს ისიც, რასაც მოგვიანებით ამ ცრუწინასწარმეტყველზე ვკითხულობთ. სიმბოლური ორრქიანი მხეცის მსგავსად ის „ნიშნებს ახდენდა მის [შვიდთავიანი მხეცის] წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი“ (გამოცხადება 19:20).
27. ა) რა დროული გაფრთხილება მოგვცა იესო ქრისტემ? ბ) როგორ გვაფრთხილებდა იესო დედამიწაზე ყოფნისას? გ) როგორ გაიმეორა პავლე მოციქულმა იესოს გაფრთხილება?
27 თუ სატანის პროპაგანდას გავითვალისწინებთ, მართლაც, დროულია იოანეს სიტყვები: „აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“ (გამოცხადება 16:15). ვინ მოდის ქურდივით? თავად იესო, იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელი, თუმცა მისი მოსვლის დრო უცნობია (გამოცხადება 3:3; 2 პეტრე 3:10). დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი მოსვლა ქურდის მოსვლას შეადარა: „ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:42, 44; ლუკა 12:37, 40). ეს გაფრთხილება ძალიან ჰგავს პავლე მოციქულის გაფრთხილებას: „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი. როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება“. სატანისგან მომდინარეობს ყველა ცრუ განაცხადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ (1 თესალონიკელები 5:2, 3).
28. რა გაფრთხილება მოგვცა იესომ და რა არის „ის დღე“, რომელიც ქრისტიანებს მახესავით არ უნდა დაატყდეთ?
28 იესომ გაგვაფრთხილა, რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა ქრისტიანებზე პროპაგანდით წალეკილ ქვეყნიერებას. მან თქვა: „დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე როგორც მახე. . . მაშ, იფხიზლეთ და მუდამ იმის ვედრებაში იყავით, რომ თავი დააღწიოთ მოსახდენს და წარსდგეთ კაცის ძის წინაშე“ (ლუკა 21:34—36). „ის დღე“ არის „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღე“ (გამოცხადება 16:14). გვიახლოვდება „ის დღე“, როცა იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდება, ამიტომ ჩვენთვის უფრო და უფრო რთული ხდება ცხოვრებისეული საზრუნავისთვის თავის გართმევა. იმ დღის დადგომამდე ქრისტიანებმა განსაკუთრებით უნდა იფხიზლონ.
29, 30. ა) რა იგულისხმა იესომ გაფრთხილებაში, რომ ყველა, ვისაც მძინარეს იპოვიან შერცხვება, რადგან დაკარგავს „ტანსაცმელს“? ბ) რაზე მეტყველებს „ტანსაცმლის“ ტარება? გ) როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს სიმბოლური ტანსაცმელი და რა იქნება ამის შედეგი?
29 რა არის ნაგულისხმები გაფრთხილებაში, რომ ვისაც მძინარეს წაასწრებენ, შერცხვება, რადგან დაკარგავს „ტანსაცმელს“? ძველ ისრაელში იმ მღვდელს ან სხვა ლევიანს, რომელსაც ტაძრის გუშაგობა ევალებოდა, სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრა. იუდეველთა ისტორიის მკვლევარები განმარტავენ, რომ ვისაც გუშაგობის დროს მძინარეს ნახავდნენ ტანსაცმელს შემოახევდნენ და უწვავდნენ, ასე არცხვენდნენ მას სახალხოდ.
30 იესოს გაფრთხილების თანახმად მსგავსი რამ შეიძლება დღესაც მოხდეს. მღვდლები და სხვა ლევიანები იესოს ცხებულ ძმებს განასახიერებდნენ (1 პეტრე 2:9). მაგრამ იესოს გაფრთხილება უამრავ ხალხსაც ეხება. აქ მოხსენიებული „ტანსაცმლით“ ამოიცნობიან იეჰოვას მოწმეები, ქრისტიანები (შეადარეთ გამოცხადების 3:18; 7:14). თუ ვინმე სატანის ქვეყნიერების ზეგავლენის გამო მიიძინებს ან სიფხიზლეს მოადუნებს, ის თავის ტანსაცმელს დაკარგავს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაკარგავს ქრისტიანის ამოსაცნობ ნიშანს. ასეთი მდგომარეობა სამარცხვინო იქნება. საბოლოოდ ის შეიძლება საერთოდ დამარცხდეს.
31. ა) როგორ ამახვილებს გამოცხადების 16:16 ყურადღებას ქრისტიანების სიფხიზლის აუცილებლობაზე? ბ) რას ვარაუდობს ზოგი რელიგიური წინამძღოლი არმაგედონის შესახებ?
31 რაც უფრო ახლოვდება „გამოცხადების“ შემდეგი მუხლის შესრულების დრო, ქრისტიანებს უფრო მეტად მართებთ სიფხიზლის შენარჩუნება: „შეკრიბეს [დემონების მიერ შთაგონებულმა სიტყვებმა] ისინი [მიწიერი მეფეები ანუ მმართველები] ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხადება 16:16). მართალია, ეს სახელი ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული, მაგრამ მან დიდი გავლენა მოახდინა ადამიანთა ცნობიერებაზე. მსოფლიო ლიდერები გაფრთხილებას იძლევიან ბირთვული არმაგედონის საფრთხის შესახებ. არმაგედონს უკავშირებენ ძველ ქალაქ მეგიდოსაც, სადაც ბიბლიურ დროში არაერთი გადამწყვეტი ბრძოლა გამართულა; ამიტომ ზოგი რელიგიური წინამძღოლი ვარაუდობს, რომ ეს უკანასკნელი ომი დედამიწაზე სწორედ ამ კონკრეტულ ადგილზე მოხდება. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ისინი შორს არიან ჭეშმარიტებისგან.
32, 33. ა) რატომ არ უნდა მიუთითებდეს არმაგედონი გეოგრაფიულ ადგილზე? ბ) რომელი ბიბლიური ფრაზებითაა აღწერილი არმაგედონი? გ) როდის დადგება მეშვიდე ანგელოზის მიერ ღვთის რისხვის ბოლო თასის გადმოღვრის დრო?
32 არმაგედონი მეგიდოს მთას ნიშნავს. ამაში გეოგრაფიული ადგილი არ არის ნაგულისხმები, ეს არის მსოფლიო მდგომარეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ხალხი შეიკრიბება იეჰოვა ღმერთის წინააღმდეგ და ისიც საბოლოოდ გაანადგურებს მათ. ეს მსოფლიო მასშტაბით მოხდება (იერემია 25:31—33; დანიელი 2:44). არმაგედონი იგივეა, რაც „ღვთის რისხვის დიდი საწნახელი“, და „განაჩენის ველი“, ანუ „იეჰოშაფატის ველი“, სადაც ერები იკრიბებიან, რათა აღასრულოს იეჰოვამ მათზე თავისი განაჩენი (გამოცხადება 14:19; იოელი 3:12, 14). ის უკავშირდება „ისრაელის მიწასაც“, სადაც განადგურდება გოგ მაგოგელის სატანური ლაშქარი, და ადგილს „დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის“, სადაც ჩრდილოეთის მეფე, მიქაელის, დიდი მთავრის ხელით „მიაღწევს თავის აღსასრულს“ (ეზეკიელი 38:16—18, 22, 23; დანიელი 11:45—12:1).
33 როდესაც ერებს ამ მდგომარეობამდე მიიყვანს ბაყაყების ყიყინის მსგავსი პროპაგანდა, რომელსაც სატანა და მისი მიწიერი ქვეშევრდომები ეწევიან, სწორედ მაშინ დადგება მეშვიდე ანგელოზის მიერ ღვთის რისხვის ბოლო თასის გადმოღვრის დრო.
„აღსრულდა!“
34. რას გადააღვარა მეშვიდე ანგელოზმა თასი და რა ცხადდება „საწმინდრის ტახტიდან“?
34 «მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა. საწმინდრის ტახტიდან გაისმა ძლიერი ხმა: „აღსრულდა!“ » (გამოცხადება 16:17).
35. ა) რა არის ნაგულისხმები გამოცხადების 16:17-ში მოხსენიებულ „ჰაერში“? ბ) რა გამოხატა მეშვიდე ანგელოზმა ჰაერზე თასის გადმოღვრით?
35 „ჰაერი“, რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, ყველაზე ბოლოს დაწყლულდება. ეს არ არის პირდაპირი გაგებით ჰაერი. ჰაერი არ იმსახურებს იეჰოვას განაჩენს ისევე როგორც დედამიწა, ზღვა, წყლის წყაროები და მზე. აქ იგულისხმება ის ჰაერი, რომელზეც პავლე საუბრობდა, როცა სატანას „ჰაერის ძალაუფლების მთავარი“ უწოდა (ეფესოელები 2:2). ეს არის სატანური „ჰაერი“, რითაც დღეს ქვეყნიერება სუნთქავს. ეს არის სული ანუ გაბატონებული აზროვნება, რაც მთელ ბოროტ ქვეყნიერებას ახასიათებს. ეს არის სატანური აზროვნება, რომლითაც გაჟღენთილია ყველაფერი იეჰოვას ორგანიზაციის გარეთ. ჰაერზე თასის გადმოღვრით მეშვიდე ანგელოზი გამოხატავს ღვთის რისხვას სატანის, მისი ორგანიზაციისა და იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რაც აღძრავს კაცობრიობას, მხარი დაუჭიროს სატანას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იეჰოვას უზენაესობას.
36. ა) რას მოიცავს შვიდი წყლული? ბ) რას ნიშნავს იეჰოვას სიტყვა — „აღსრულდა!“?
36 ეს და წინა ექვსი წყლული მოიცავს იეჰოვას ყველა განაჩენს სატანისა და მისი ქვეყნიერების წინააღმდეგ. მათი მეშვეობით ცხადდება სატანისა და მისი შთამომავლობის გარდაუვალი აღსასრული. ბოლო თასის გადმოღვრისას იეჰოვა თავად აცხადებს: „აღსრულდა!“ მეტი აღარაფერია სათქმელი. როცა იეჰოვას სურვილისამებრ გაცხადდება ყველაფერი, რაც ღვთის რისხვის თასებშია, ის აღარ დააყოვნებს გაცხადებული განაჩენის აღსრულებას.
37. როგორ აღწერს იოანე იმას, რაც ღვთის რისხვის მეშვიდე თასის გადმოღვრის შემდეგ ხდება?
37 იოანე განაგრძობს: „დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა, რომლის მსგავსი, ასეთი დიდი და ძლიერი, არ მომხდარა დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დღიდან. დიდი ქალაქი სამად გაიყო და ხალხთა ქალაქები დაეცა. ღმერთმა გაიხსენა დიდი ბაბილონი, რათა თავისი რისხვის მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის. ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იყო. ციდან ადამიანებზე წამოვიდა ძლიერი სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისა იყო. ადამიანები გმობდნენ ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, რადგან მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო“ (გამოცხადება 16:18—21).
38. რა არის წარმოდგენილი: ა) „დიდი მიწისძვრით“? ბ) „დიდი ქალაქის“, დიდი ბაბილონის „სამად“ გაყოფით? გ) „ყოველი კუნძულის გაქცევითა“ და „მთების გაქრობით“? დ) „სეტყვის წყლულით“?
38 იეჰოვას საქმეები კვლავაც კაცობრიობას უკავშირდება და ამას „ელვა, ხმები და ქუხილი“ ცხადყოფს (შეადარეთ გამოცხადების 4:5; 8:5). ისე შეირყევა კაცობრიობა, როგორც არასდროს, თითქოსდა გამანადგურებელი მიწისძვრა მოხდაო (შეადარეთ ესაიას 13:13; იოელის 3:16). ამ ძლიერი რყევის შედეგად „დიდი ქალაქი“, დიდი ბაბილონი „სამად“ გაიყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. დაეცემა „ხალხთა ქალაქებიც“. „ყოველი კუნძული“ და „მთები“ — ამ ქვეყნიერებაში არსებული, ერთი შეხედვით, შეურყეველი ინსტიტუტები და ორგანიზაციები, წარსულს ჩაჰბარდება. ეგვიპტის მეშვიდე სასჯელის დროს წამოსულ სეტყვაზე ‘ძლიერი სეტყვა’, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისა იქნება, თავს დაატყდება ხალხს და დიდ ტკივილს მიაყენებსd (გამოსვლა 9:22—26). ყინულად ქცეული წყლის თავსხმა, რომლითაც ხალხი დაისჯება, გამოხატავს მტკივნეულ ცნობებს, რასაც იეჰოვას გამოტანილი განაჩენი მოიცავს; ეს კი ამ ქვეყნიერების აღსასრულის მაჩვენებელი იქნება. იეჰოვას პირდაპირი გაგებით სეტყვის გამოყენებაც შეუძლია გასანადგურებლად (იობი 38:22, 23).
39. შვიდი წყლულის გადმოღვრის მიუხედავად როგორ მოიქცევა ადამიანთა უმეტესობა?
39 ამგვარად, სატანის ქვეყნიერებაზე აღსრულდება იეჰოვას სამართლიანი განაჩენი. ადამიანთა უმეტესობა არ შეწყვეტს ღვთის უარყოფასა და გმობას. მათ ვერ მოულბობს გულს თავს დატეხილი მრავალი წყლული, მათ შორის ვერც უკანასკნელი სასიკვდილო წყლული, როგორც ეს ძველად, ფარაონის შემთხვევაში მოხდა (გამოსვლა 11:9, 10). ადამიანები ბოლო მომენტშიც კი არ შეიცვლიან თვალსაზრისს. ისინი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაგმობენ ღმერთს, რომელიც ამბობს: „გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“ (ეზეკიელი 38:23). შედეგად ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდება.
[სქოლიოები]
a უსულო საგნების დამოწმების მაგალითები იხილეთ დაბადების 4:10-ში, 31:44—53-სა და ებრაელების 12:24-ში.
b ტახტი ამავე მნიშვნელობით გამოიყენება იესოს შესახებ წინასწარმეტყველებაში: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ, სამუდამოდ“ (ფსალმუნი 45:6). იეჰოვა არის იესოს სამეფო ძალაუფლების წყარო ანუ სათავე.
c იხილეთ აგრეთვე იობის 1:6, 12; 2:1, 2; მათეს 4:8—10; 13:19; ლუკას 8:12; იოანეს 8:44; 12:31; 14:30; ებრაელების 2:14; 1 პეტრეს 5:8.
d თუ იოანე ბერძნულ ტალანტს გულისხმობდა, მაშინ თითოეული სეტყვის მარცვალი 20 კილოგრამს აიწონიდა. ასეთი სეტყვა, მართლაც, გამანადგურებელი იქნებოდა.
[ჩარჩო 221 გვერდზე]
„დედამიწას“
იოანეს კლასი აცხადებდა, რომ იეჰოვას რისხვა დაატყდებოდა „დედამიწას“:
„საუკუნეების განმავლობაში მიღებული გამოცდილების მიუხედავად პოლიტიკური პარტიები უსუსურნი არიან დღევანდელ მდგომარეობასთან და რთულ პრობლემებთან ჭიდილში. ეკონომისტები და პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც ძირფესვიანად იკვლევენ პრობლემატურ საკითხებს, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ უძლურები არიან“ („დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, 1920 წ., გვ. 61 [ინგლ.]).
„დღეს დედამიწაზე არ არსებობს მთავრობა, რომელიც დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას დააკმაყოფილებდა. მრავალ ქვეყანას დიქტატორები მართავენ. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო უიმედო მდგომარეობაშია“ („სასურველი მთავრობა“, 1924 წ., გვ. 5 [ინგლ.]).
„ამ ქვეყნიერების განადგურება. . . ერთადერთი გამოსავალია მსოფლიოში ბოროტების მოსასპობად და მშვიდობისა და სიმართლის დასამყარებლად“ („სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, 1954 წ., გვ. 25 [ინგლ.]).
„დღევანდელი მსოფლიო იმით გამოირჩევა, რომ ცოდვა, უსამართლობა და ღვთისა და მისი განზრახვებისადმი დაუმორჩილებლობა უფრო და უფრო იკიდებს ფეხს. . . მას ვერაფერი გამოასწორებს, ამიტომ უნდა მოისპოს“ (1981 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 6 [ინგლ.]).
[ჩარჩო 223 გვერდზე]
„ზღვას“
ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი განაცხადი, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვეყნებდა იოანეს კლასი, რომ ეუწყებინათ ღვთის რისხვა იეჰოვასგან გაუცხოებული, უღვთო, დაუცხრომელი და მოჯანყე ადამიანთა „ზღვისთვის“:
„ყველა ერის ისტორია ადასტურებს, რომ კლასობრივი ბრძოლები არ წყდებოდა. ერთეულები მრავალს უპირისპირდებოდნენ. . . ამ დაპირისპირებებს კი რევოლუციები, დიდი ტანჯვა და სისხლის ღვრა მოსდევდა“ („მთავრობა“, 1928 წ., გვ. 244 [ინგლ.]).
ახალ ქვეყნიერებაში „აღარ იარსებებს უღვთო, დაუცხრომელი და მოჯანყე ადამიანების სიმბოლური ზღვა, საიდანაც დიდი ხნის წინ ეშმაკის ხელქვეითი სიმბოლური მხეცი ამოვიდა“ (1967 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 567 [ინგლ.]).
„დღევანდელი საზოგადოება სულიერად დაავადებული და დაუძლურებულია. ვერავინ უშველის მას, ღვთის სიტყვა ცხადყოფს, რომ მისი ავადმყოფობა სასიკვდილოა“ („ნამდვილი მშვიდობა და უსაფრთხოება“, 1973 წ., გვ. 131 [ინგლ.]).
[ჩარჩო 224 გვერდზე]
„მდინარეებსა და წყლის წყაროებს“
მესამე წყლულმა ამხილა „მდინარეები და წყლის წყაროები“, რაც შემდეგი სიტყვებიდან ჩანს:
„სამღვდელოება, რომელსაც [ქრისტეს] მოძღვრების მასწავლებლად მოაქვს თავი, აკურთხებს ომს და წმინდად აცხადებს მას. მათ მოსწონთ, როცა თავიანთი პორტრეტები და ქანდაკებები სისხლისმღვრელი მეომრების პორტრეტებისა და ქანდაკებების გვერდით იკავებს ადგილს“ (1924 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 275, [ინგლ.]).
„სულებთან ურთიერთობას [სპირიტიზმს] საფუძვლად სიცრუე უდევს, თითქოს სიკვდილის შემდეგ ადამიანი აგრძელებდეს არსებობას და სული უკვდავი იყოს“ („რას ამბობს ბიბლია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე?“, 1955 წ., გვ. 51 [ინგლ.]).
„ფილოსოფოსებმა, პოლიტოლოგებმა, სოციოლოგებმა, ეკონომისტებმა და რელიგიური ტრადიციების დამცველებმა ხალხს კეთილდღეობა ვერ მოუტანეს. . . ვინც სვამს ამ წყლებს, არღვევს შემოქმედის კანონებს სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით და მონაწილეობს რელიგიურ დევნაში“ (1963 წლის საერთაშორისო კონგრესზე, „მარადიული სასიხარულო ცნობა“, მიღებული რეზოლუცია).
„კაცობრიობას მეცნიერული პროგრესი ვერ გადაარჩენს, მას განადგურება ემუქრება. . . არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ ფსიქოლოგები და ფსიქიატრები შეცვლიან ადამიანთა აზროვნებას. . . არც იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ჩამოყალიბდება საერთაშორისო პოლიცია, . . რომელიც დედამიწაზე უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს შექმნის“ („სამეფოს მეშვეობით კაცობრიობის გადარჩენა“, 1970 წ., გვ. 5 [ინგლ.]).
[ჩარჩო 225 გვერდზე]
„მზეს“
უფლის დღის განმავლობაში, როცა ადამიანთა მმართველობის „მზე“ წვავს ადამიანებს, იოანეს კლასი ასე აღწერს მიმდინარე პროცესებს:
„დღეს დიქტატორები, ჰიტლერი და მუსოლინი, საფრთხეს უქმნიან მსოფლიო მშვიდობას. თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მხარს უჭერს რომის კათოლიკური ეკლესია“ („ფაშიზმი თუ თავისუფლება“, 1939 წ., გვ. 12 [ინგლ.]).
„ისტორიის განმავლობაში დიქტატორები ერთი პრინციპით ხელმძღვანელობდნენ — თუ ვერ დაიმორჩილებ, გაანადგურე. ღვთის მიერ დანიშნული მეფე, იესო ქრისტე კი ასეთი პრინციპით მოქმედებს — თუ არ დაემორჩილები, განადგურდები“ („ღვთის სამეფო გააერთიანებს ყველა ერს“, 1961 წ., გვ. 23 [ინგლ.]).
„1945 წლიდან 25 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა მსოფლიოში მიმდინარე 150-მდე ომში“ (1980 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 6 [ინგლ.]).
„სახელმწიფოები. . . არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას და არც თავიანთი მოქმედებების შედეგები აღელვებთ. ზოგი ქვეყანა თავისი მიზნის მისაღწევად მართებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშუალებას: ხოცვა-ჟლეტას, მკვლელობას პოლიტიკური მიზნით, თვითმფრინავების გატაცებას, დაბომბვას და ა.შ. . . კიდევ რამდენ ხანს აიტანენ ერები ერთმანეთისგან ასეთ უგუნურებასა და უპასუხისმგებლობას?“ (1985 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4 [ინგლ.]).
[ჩარჩო 227 გვერდზე]
„მხეცის ტახტს“
იეჰოვას მოწმეებმა ამხილეს „მხეცის ტახტი“ და მის წინააღმდეგ იეჰოვას გამოტანილი მსჯავრი გამოაცხადეს:
„მმართველებსა და ერების პოლიტიკურ ლიდერებზე გავლენას ახდენენ ბოროტი ზეადამიანური ძალები, რომლებიც მიაქანებენ მათ გადამწყვეტი ბრძოლისკენ, არმაგედონისკენ, რაც მათივე განადგურებას ნიშნავს“ („ღვთის ახალი ქვეყნიერება არმაგედონის შემდეგ“, 1953 წ., გვ. 8 [ინგლ.]).
„მხეცმა, არათეოკრატიულმა, ადამიანურმა მთავრობამ, თავისი ძალაუფლება და ტახტი დრაკონისგან მიიღო. ამიტომ, ის უნდა დაემორჩილოს დრაკონს“ („ღვთის ახალი ქვეყნიერება არმაგედონის შემდეგ“, 1953 წ., გვ. 15 [ინგლ.]).
„უცხოტომელებს მხოლოდ ერთი მხარე შეუძლიათ დაიკავონ, ღვთის მთავარი მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის მხარე“ (1973 წლის საერთაშორისო კონგრესზე, „ღვთიური გამარჯვება“, მიღებული რეზოლუცია).
[ჩარჩო 229 გვერდზე]
„მისი წყალი დაშრა“
დღეს ბაბილონური რელიგიის მხარდაჭერა ბევრგან „შრება“. ეს იმაზე მეტყველებს, რა მოხდება, როცა „მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეები“ შეუტევენ მას.
„ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ [ტაილანდის] მუნიციპალურ რეგიონებში მცხოვრებთა 75 პროცენტი არ დადის ბუდისტურ ტაძრებში ქადაგების მოსასმენად, ხოლო პროვინციებში ტაძრებში მოსიარულეთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება და მოსახლეობის დაახლოებით ორმოცდაათ პროცენტს შეადგენს“ („Bangkok Post“, 1987 წლის 7 სექტემბერი, გვ. 4).
„დაოსიზმმა ორი ათასი წლის შემდეგ დაკარგა მიმზიდველობა [ჩინეთში]. . . სამღვდელოებამ და მათმა წინამორბედებმა დაკარგეს ის ძალა, რითაც დიდძალ ხალხს იზიდავდნენ. ამის გამო მათ აღარ ჰყავთ მემკვიდრეები, რაც საფრთხეს უქმნის კონტინენტზე დაოსიზმის როგორც ორგანიზებული რელიგიის არსებობას“ („The Atlanta Journal and Constitution“, 1982 წლის 12 სექტემბერი, გვ. 36-A).
„იაპონია. . . ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ბევრი უცხოელი მისიონერია, დაახლოებით 5 200, თუმცა. . . ქრისტიანთა რიცხვი მოსახლეობის 1 პროცენტზე ნაკლებია. . . ფრანცისკელი მღვდლის აზრით, რომელიც აქ 50-იანი წლებიდან მსახურობს, . . იაპონიაში მისიონერთა ეპოქა დასრულდა“ („The Wall Street Journal“, 1986 წლის 9 ივლისი, გვ. 1).
ინგლისში გასული სამი ათწლეულის განმავლობაში «დაახლოებით 16 000 ანგლიკანური ეკლესიიდან 2 000 დაიხურა, რადგან არ ჰყავდათ მრევლი. აღიარებულ ქრისტიანულ ქვეყნებს შორის ინგლისი ერთ-ერთია, სადაც მრევლის რიცხვი ყველაზე დაბალია. . . „ინგლისი მეტად აღარ არის ქრისტიანული ქვეყანა“, — აღნიშნა [დარემის ეპისკოპოსმა]» („The New York Times“, 1987 წლის 11 მაისი, გვ. A4).
„ხანგრძლივი გაცხარებული კამათის შემდეგ, [საბერძნეთის] პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც სოციალისტურ მთავრობას უფლებას აძლევს, განაგოს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის უზარმაზარი ქონება. . . კანონი საერო პირებს აძლევს იმის უფლებას, რომ აკონტროლონ საეკლესიო კრებები და კომიტეტები, რომლებსაც ეკლესიის მომგებიანი ინვესტიციები აბარიათ, მათ შორის სასტუმროები, მარმარილოს სამტეხლოები და ადმინისტრაციული შენობები“ („The New York Times“, 1987 წლის 4 აპრილი, გვ. 3).
[სურათი 222 გვერდზე]
ღვთის რისხვის ოთხი თასის გადმოღვრას ისეთივე წყლულები მოჰყვა, როგორიც პირველი ოთხი საყვირის დაყვირებას.
[სურათი 226 გვერდზე]
მხეცის ტახტზე მეხუთე თასის გადმოღვრამ აჩვენა, რომ სატანა აძლევს მხეცს ძალაუფლებას.
[სურათები 231 გვერდზე]
დემონური პროპაგანდის შედეგად მსოფლიო მმართველები იკრიბებიან არმაგედონისთვის, იმ კრიტიკული დროისთვის, როცა მათზე იეჰოვას განაჩენი „გადმოიღვრება“.
[სურათი 233 გვერდზე]
ვინც სატანის მოწამლული „ჰაერით“ სუნთქავს, ვერ გაექცევა იეჰოვას სამართლიან განაჩენს.