თავი ოცდამეცხრე
მეფის რწმენა ჯილდოვდება
1, 2. როგორ გახდა ცხადი, რომ ხიზკიაჰუ ახაზზე უკეთესი მეფე იყო?
ხიზკიაჰუ 25 წლის იყო, როდესაც იუდას მეფე გახდა. როგორი მმართველი იქნებოდა ის? გაჰყვებოდა თუ არა მამამისის, მეფე ახაზის, კვალს და უბიძგებდა თუ არა თავის ქვეშევრდომებს ცრუ ღმერთების თაყვანისცემისკენ? თუ თავისი წინაპრის, მეფე დავითის, მსგავსად იეჰოვას თაყვანისმცემლობის გზაზე წაუძღვებოდა ხალხს? (მეოთხე მეფეთა 16:2).
2 ტახტზე ასვლიდან მცირე ხანში ცხადი გახდა, რომ ხიზკიაჰუს ‘უფლის თვალში სწორად მოქცევა’ ჰქონდა განზრახული (მეოთხე მეფეთა 18:2, 3). მეფობის პირველსავე წელს ხიზკიაჰუმ იეჰოვას ტაძრის შეკეთების ბრძანება გასცა და სატაძრო მსახურება განაახლა (მეორე ნეშტთა 29:3, 7, 11). შემდეგ მან დიდებული პასექი იზეიმა, რომელზეც მთელი ერი — როგორც იუდა, ისე ჩრდილოეთის ათი ტომის სამეფო, ისრაელი — მოიწვია. ხიზკიაჰუმ ნამდვილად დაუვიწყარი ლხინი გადაიხადა! ასეთი რამ მეფე სოლომონის მეფობის შემდეგ არ ყოფილა (მეორე ნეშტთა 30:1, 25, 26).
3. ა) რა გააკეთეს ისრაელებმა და იუდაელებმა, რომლებიც ხიზკიაჰუს მიერ ორგანიზებულ პასექის დღესასწაულს დაესწრნენ? ბ) რას სწავლობენ დღეს ქრისტიანები იმ პასექის დღესასწაულზე დამსწრეთა გადამწყვეტი მოქმედებიდან?
3 პასექის დღესასწაულის ბოლოს ხალხი აღძრული იყო, დაელეწა სვეტები, გაეჩეხა აშერები, დაენგრია გორაკები და ცრუ ღმერთების სამსხვერპლოები. ამის შემდეგ ისინი თავიანთ ქალაქებს დაუბრუნდნენ და ახლა მხოლოდ ჭეშმარიტი ღვთისადმი მსახურება ჰქონდათ გადაწყვეტილი (მეორე ნეშტთა 31:1). რა ძლიერ განსხვავდებოდა ეს მათი წინანდელი რელიგიური პოზიციისგან! ამ მაგალითმა უნდა დაანახვოს დღეს ქრისტიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ ‘არ მიატოვონ შესაკრებელი’. ასეთ თავშეყრებზე, კრების შეხვედრები იქნება ეს თუ კონგრესები, ისინი დიდად მხნევდებიან და საძმოსა და ღვთის სულის მიერ ერთმანეთის ‘სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის წასახალისებლად’ არიან აღძრული (ებრაელთა 10:23—25).
რწმენის გამოცდა
4, 5. ა) როგორ განუდგა ხიზკიაჰუ აშურს? ბ) რა ზომებს იღებს სანხერიბი და რას აკეთებს ხიზკიაჰუ იმისათვის, რომ იერუსალიმს აშურელთა თავდასხმა აარიდოს? გ) როგორ ემზადება ხიზკიაჰუ აშურელთაგან იერუსალიმის დასაცავად?
4 იერუსალიმს არაერთი სერიოზული განსაცდელი ელის. ხიზკიაჰუმ გააუქმა თავისი მამამის, ორგული ახაზის, მიერ აშურთან შეკრული კავშირი. მან ფილისტიმელებიც კი დაიმორჩილა, რომლებიც აშურელთა მოკავშირენი არიან (მეოთხე მეფეთა 18:7, 8). ამან აღაშფოთა აშურის მეფე. ამიტომაც, როგორც ვკითხულობთ, „მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი“ (ესაია 36:1). ალბათ, იმ მიზნით, რომ იერუსალიმს ულმობელ აშურელთა თავდასხმა აარიდოს, ხიზკიაჰუ სანხერიბს უზარმაზარი ხარკის — სამასი ქანქარი ვერცხლისა და ოცდაათი ქანქარი ოქროს — გადახდაზე თანხმდება (მეოთხე მეფეთა 18:14)a.
5 სამეფო საგანძურში ხარკის გადასახდელად სამყოფი ოქრო-ვერცხლი არ არის, ამიტომაც ხიზკიაჰუს მთელი ძვირფასი ლითონები გამოაქვს ტაძრიდან. ტაძრის მოოქრული კარებიდანაც ფხეკს ოქროს და სანხერიბს უგზავნის. ხარკი აკმაყოფილებს აშურელებს, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით (მეოთხე მეფეთა 18:15, 16). როგორც ჩანს, ხიზკიაჰუ ხვდება, რომ აშურელები დიდი ხნით არ მოეშვებიან იერუსალიმს. ამიტომაც ის სათანადოდ ემზადება. ხალხი ყველა ნაკადულს ხერგავს, რომლითაც კი დამპყრობელ აშურელებს შეეძლოთ სარგებლობა. აგრეთვე ხიზკიაჰუ იერუსალიმის სიმაგრეებს ანახლებს და იარაღს, მათ შორის „საჭურველსა და ფარებს“, ამზადებს (მეორე ნეშტთა 32:4, 5).
6. ვისზე ამყარებს იმედს ხიზკიაჰუ?
6 აღსანიშნავია, რომ ხიზკიაჰუ იმედს გონივრულ საომარ სტრატეგიასა და სიმაგრეებზე კი არ ამყარებს, არამედ ლაშქართა იეჰოვაზე. ის შეაგონებს თავის მხედართმთავრებს: „გამტკიცდით და გაძლიერდით! ნუ შიშობთ და ნუ თრთით აშურის მეფისა და იმ ურდოს წინაშე, თან რომ ახლავს, რადგან ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მასთან. მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი უფალი, ჩვენი ღმერთი, რათა შეგვეწიოს და იბრძოლოს ჩვენს ბრძოლებში“. ამის შედეგად, „გამხნევდა ხალხი იეხიზკიაჰუს, იუდას მეფის, სიტყვებზე“ (მეორე ნეშტთა 32:7, 8). ვნახოთ, რა შესანიშნავად ვითარდება შემდგომი მოვლენები, რომლებიც ესაიას წინასწარმეტყველების 36—39 თავებში არის აღწერილი.
რაბშაკე თავის სიტყვას ამბობს
7. ვინ არის რაბშაკე და რატომ გზავნიან მას იერუსალიმში?
7 სანხერიბი ორ სხვა მოხელესთან ერთად რაბშაკეს (სამხედრო წოდებაა და არა პირადი სახელი) გზავნის იერუსალიმში და ქალაქის ჩაბარებას ითხოვს (მეოთხე მეფეთა 18:17). ქალაქის კედლებთან მათ ხიზკიაჰუს წარმომადგენლები —სასახლის მოურავი ელიაკიმი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე მემატიანე — ხვდებიან (ესაია 36:2, 3).
8. როგორ ცდილობს რაბშაკე იერუსალიმის სიმტკიცის შერყევას?
8 რაბშაკეს ერთი მიზანი აქვს — იერუსალიმი უბრძოლველად დანებებაზე დაიყოლიოს. ის ებრაულად ამბობს: „რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?.. ვისი იმედი გაქვს, რომ გადამიდექი?“ (ესაია 36:4, 5). შემდეგ რაბშაკე დამცინავად ახსენებს შეშინებულ ებრაელებს, რომ სრულიად იზოლირებულად არიან დარჩენილი. ვიღას მიმართავენ დახმარებისთვის? ეგვიპტეს, იმ „გატეხილ ლერწამს“? (ესაია 36:6). იმ დროს ეგვიპტე ნამდვილად გადატეხილ ლერწამს ჰგავს. ეს ყოფილი მსოფლიო მპყრობელი ქუშს ჰყავს დაპყრობილი და ეგვიპტის ფარაონი თირჰაკაც ეგვიპტელი კი არა, ქუშელია. ახლა მას აშურისადმი მორჩილების საშიშროებაც ემუქრება (მეოთხე მეფეთა 19:8, 9). ეგვიპტეს საკუთარი თავის შველაც კი არ შეუძლია, ამიტომ ვერც იუდას დახმარებას შეძლებს.
9. როგორც ჩანს, რატომ ფიქრობს რაბშაკე, რომ იეჰოვა მიატოვებს თავის ხალხს, მაგრამ როგორია საქმის ვითარება სინამდვილეში?
9 ახლა რაბშაკე ეუბნება ხალხს, რომ იეჰოვა არ იბრძოლებს თავისი ხალხისთვის, რადგან ის უკმაყოფილოა მათით: „რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, გორაკები და სამსხვერპლოები რომ გაუუქმა ხიზკიაჰუმ?“ (ესაია 36:7). ცხადია, ქვეყანაში გორაკებისა და სამსხვერპლოების გაუქმებით იუდაელებს არ უარყვიათ იეჰოვა. პირიქით, ისინი დაუბრუნდნენ მას.
10. რატომ არა აქვს მნიშვნელობა, იუდას მხედრობა მრავალრიცხოვანია თუ მცირერიცხოვანი?
10 შემდეგ რაბშაკე ახსენებს იუდაელებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ვერც კი შეედრებიან აშურელებს. ის ქედმაღლურად იწვევს მათ: „ათას ცხენს მე მოგცემ და, აბა, მხედრებს თუ იშოვი მათთვის“ (ესაია 36:8). მაგრამ ნამდვილად აქვს თუ არა მნიშვნელობა, იუდას მხედრობა მრავალრიცხოვანია თუ მცირერიცხოვანი? არა, რადგან იუდას ხსნა არ არის დამოკიდებული სამხედრო ძლიერებაზე. იგავნის 21:31-ში ამის შესახებ ნათქვამია: „ცხენი გამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფლისგან არის“. შემდეგ რაბშაკე ამბობს, რომ იეჰოვა აშურელებს სწყალობს და არა იუდაელებს, რადგან სხვაგვარად აშურელები ვერ შეძლებდნენ იუდას მიწა-წყალზე შეჭრას (ესაია 36:9, 10).
11, 12. ა) რატომ ლაპარაკობს რაბშაკე „იუდაურად“ და როგორ ცდილობს იუდაელების ცდუნებას? ბ) რა ზეგავლენა უნდა მოეხდინა რაბშაკეს სიტყვებს იუდაელებზე?
11 ხიზკიაჰუს წარმომადგენლებს აფიქრებთ ის, თუ როგორ ზეგავლენას მოახდენს რაბშაკეს სიტყვები იმ იუდაელებზე, რომლებიც მას ქალაქის გალავნიდან უსმენენ. ისინი ეუბნებიან მას: „ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან“ (ესაია 36:11). მაგრამ რაბშაკე არ აპირებს არამეულ ენაზე ლაპარაკს. მას სურს, ეჭვი და შიში ჩაუნერგოს იუდაელებს, რათა ისინი დანებდნენ და აშურელებმა უბრძოლველად აიღონ იერუსალიმი! (ესაია 36:12). ამიტომაც აშურელი კვლავ „იუდაურად“ ლაპარაკობს. ის აფრთხილებს იერუსალიმის მკვიდრთ: „არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი“. შემდეგ ცდილობს, მომხიბლავად აღუწეროს იუდაელებს, როგორ იცხოვრებენ აშურის მმართველობით, და ამგვარად აცდუნოს ისინი: „დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე; ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, სვას თავისი ჭის წყალი, სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში“ (ესაია 36:13—17).
12 იმ წელს იუდაელები მოსავალს ვერ აიღებენ, რადგან აშურელთა შემოსევის გამო არაფერი დაუთესავთ. მწიფე ყურძნის ჭამა და ცივი წყლის სმა შეიძლება ძლიერ მაცდუნებელი იყოს ხალხისთვის, რომელიც გალავნიდან ისმენს ამ სიტყვებს. მაგრამ რაბშაკეს ჯერ არ დაუმთავრებია იუდაელთა სიმტკიცის შერყევის მცდელობა.
13, 14. რაბშაკეს სიტყვების მიუხედავად, რატომ არა აქვს საერთო იუდას მდგომარეობასთან იმას, რაც სამარიას გადახდა?
13 რაბშაკე ახლა სხვა სიტყვიერ იარაღს მიმართავს. ის აფრთხილებს იუდაელებს, რომ არ დაიჯერონ ხიზკიაჰუს სიტყვები: „გვიხსნისო უფალი“. რაბშაკე ახსენებს იუდაელებს, რომ სამარიელთა ღმერთებმა ვერ იხსნეს ათტომიანი სამეფო აშურელთა ხელიდან. ან რა გააკეთეს ყველა იმ ქვეყნის ღმერთებმა, რომლებიც აშურმა დაიპყრო? „სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? — პასუხს ითხოვს ის. — სად არიან სეფარვაიმის ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?“ (ესაია 36:18—20).
14 ცხადია, ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელ რაბშაკეს არ ესმის, რომ დიდი განსხვავებაა განდგომილ სამარიასა და ხიზკიახუს ქალაქს, იერუსალიმს, შორის. სამარიის ცრუ ღმერთებს ძალა არ შესწევდათ, რომ ათტომიან სამეფოს დახმარებოდნენ (მეოთხე მეფეთა 17:7, 17, 18). მეორე მხრივ, იერუსალიმმა ხიზკიაჰუს ხელმძღვანელობით ზურგი აქცია ცრუ ღმერთებს და იეჰოვასთვის მსახურება განაახლა. მაგრამ იუდას სამი წარმომადგენელი არ აპირებს რაბშაკესთვის ამის ახსნას. „დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი“ (ესაია 36:21). ელიაკიმი, შებნა და იოახი ხიზკიაჰუსთან ბრუნდებიან და რაბშაკეს სიტყვებს გადასცემენ (ესაია 36:22).
ხიზკიაჰუ გადაწყვეტილებას იღებს
15. ა) რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხიზკიაჰუმ? ბ) როგორ ამშვიდებს იეჰოვა თავის ხალხს?
15 მეფე ხიზკიაჰუს გადაწყვეტილება აქვს მისაღები. დანებდეს თუ არა იერუსალიმი აშურს? გააერთიანოს თუ არა თავისი ძალები ეგვიპტის ძალებთან? იქნებ არ დათმოს პოზიციები და იბრძოლოს? ხიზკიაჰუ მეტად რთულ მდგომარეობაშია. ის იეჰოვას ტაძარში მიდის, ხოლო ელიაკიმს, შებნასა და მღვდელმთავრებს ესაია წინასწარმეტყველთან გზავნის, რათა მისი მეშვეობით იეჰოვასგან მიიღოს პასუხი (ესაია 37:1, 2). მეფის ეს ძაძებით შემოსილი წარმომადგენლები ესაიას ეუბნებიან: „გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე... ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა“ (ესაია 37:3—5). დიახ, აშურელები ცოცხალ ღმერთს შეურაცხყოფენ! მოსთხოვს იეჰოვა მათ პასუხს ასეთი დაცინვისთვის? ესაიას მეშვეობით იეჰოვა ამშვიდებს იუდაელებს: „ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მაგინებენ აშურის მეფის მსახურნი. აჰა, მივუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისივე ქვეყანაში დავცემ მახვილით“ (ესაია 37:6, 7).
16. რა შინაარსის წერილებს გზავნის სანხერიბი?
16 ამ დროს რაბშაკე სანხერიბთან ბრუნდება, რადგან იგებს, რომ მეფე ლიბანს ეომება. სანხერიბი იერუსალიმს მოგვიანებით მიხედავს (ესაია 37:8). რაბშაკეს წასვლა ოდნავაც არ ამსუბუქებს ხიზკიაჰუს მდგომარეობას. სანხერიბი მუქარის წერილებს უგზავნის მას, სადაც აღწერს, რას უნდა მოელოდნენ იერუსალიმელები, თუ არ ჩაჰბარდებიან აშურელებს: „ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის? აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ?.. სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე?“ (ესაია 37:9—13). ამით ის ამბობს, რომ აზრი არა აქვს წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ეს მხოლოდ უფრო მეტ უბედურებას მოუტანს მათ!
17, 18. ა) რა მიზნით სთხოვს ხიზკიაჰუ იეჰოვას მფარველობას? ბ) რას ეუბნება ესაიას მეშვეობით იეჰოვა აშურელებს?
17 ხიზკიაჰუ ძლიერ წუხს გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან აფიქრებს მისი შედეგები. ამ დროს ის ტაძარში მიდის და იეჰოვას წინაშე შლის სანხერიბის წერილებს (ესაია 37:14). ხიზკიაჰუ გულწრფელ ლოცვაში სთხოვს იეჰოვას, უყურადღებოდ არ დატოვოს სანხერიბის მუქარა, და შემდეგი სიტყვებით ამთავრებს ლოცვას: „აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი“ (ესაია 37:15—20). აქედან ნათლად ჩანს, რომ ხიზკიაჰუ საკუთარი თავის გადარჩენაზე კი არ ფიქრობს, არამედ იმის გამო ღელავს, რომ იეჰოვას სახელს ჩრდილი მიადგება, თუ აშური იერუსალიმს დაამარცხებს.
18 იეჰოვა ესაიას მეშვეობით პასუხობს ხიზკიაჰუს ლოცვას. იერუსალიმი არ უნდა დანებდეს აშურს; მან არ უნდა დათმოს პოზიციები. თითქოს ესაია სანხერიბს ელაპარაკება, ისე აცხადებს იეჰოვას მიერ აშურისთვის ნათქვამ სიტყვებს: „დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს [დაცინვით] შენს უკან ასული იერუსალიმისა“ (ესაია 37:21, 22). შემდეგ იეჰოვა, ფაქტობრივად, ეუბნება მას: ‘ვინ ხარ შენ რომ ისრაელის წმიდას აგინებ? ვიცი შენი საქმეები. დიდი პრეტენზიები გაქვს და ბევრს იკვეხნი. შენი ძლიერების იმედი გაქვს და მრავალი ქვეყანაც დაგიპყრია. მაგრამ არ ხარ უძლეველი. მე ჩავშლი შენს გეგმებს. მე გძლევ და შემდეგ ისევე მოგექცევი, როგორც შენ ექცეოდი სხვებს. ნესტოებში რგოლს გაგიყრი და აშურში გაგაბრუნებ!’ (ესაია 37:23—29).
„ეს გქონდეს ნიშნად“
19. რა ნიშანს აძლევს იეჰოვა ხიზკიაჰუს და რას ნიშნავს ეს?
19 რის საფუძველზე უნდა იყოს ხიზკიაჰუ დარწმუნებული, რომ ესაიას წინასწარმეტყველება შესრულდება? იეჰოვა პასუხობს: „ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს — ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი“ (ესაია 37:30). იეჰოვა საზრდოთი უზრუნველყოფს მახეში გაბმულ იუდაელებს. მართალია, აშურელთა შემოსევის გამო მათ არ შეეძლებათ თესვა, მაგრამ წინა წლის მოსავლის აღებისას მიწაში ჩაბნეული თესლიდან აღმოცენებული მარცვლეულით შეძლებენ თავის გამოკვებას. მეშვიდე შაბათ წელს მათ მინდვრები არ უნდა დაამუშაონ, მიუხედავად დიდი საჭიროებისა (გამოსვლა 23:11). იეჰოვა აღუთქვამს მათ, რომ, თუ ხალხი მის ხმას ყურს დაუგდებს, მინდვრებში მათი სამყოფი მარცვლეული გაიზრდება. მომავალ წელს კი ისინი ჩვეულებისამებრ დათესავენ და საკუთარი შრომის ნაყოფს მოიმკიან.
20. რა გაგებით ‘გაიდგამენ ქვემოთ ფესვს და გამოიღებენ ნაყოფს’ აშურის თავდასხმას გადარჩენილები?
20 ახლა იეჰოვა თავის ხალხს მცენარეს ადარებს, რომლის ადვილად აღმოფხვრა შეუძლებელია: „კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლი... და მაღლა ნაყოფს გამოიღებს“ (ესაია 37:31, 32). დიახ, იეჰოვაზე მინდობილებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. ისინი და მათი შთამომავლები მტკიცედ იქნებიან დამკვიდრებული თავიანთ ქვეყანაში.
21, 22. ა) რა არის ნაწინასწარმეტყველები სანხერიბის შესახებ? ბ) როგორ და როდის სრულდება იეჰოვას მიერ სანხერიბის შესახებ ნათქვამი სიტყვები?
21 რა დაემართებათ აშურელებს, რომლებიც იერუსალიმს ემუქრებიან? იეჰოვა პასუხობს: „ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში“ (ესაია 37:33, 34). ყველაფრის მიუხედავად, აშურსა და იერუსალიმს შორის არავითარი ბრძოლა არ იქნება. ყველასთვის გასაოცრად, არა იუდაელნი, არამედ აშურელნი დამარცხდებიან უბრძოლველად.
22 თავისი სიტყვისამებრ, იეჰოვა ანგელოზს გზავნის, რომელიც სანხერიბის ლაშქრის უძლიერეს ნაწილს — 185000 კაცს — მუსრს ავლებს. ეს, როგორც ჩანს, ლიბნაში ხდება, და დილით სანხერიბი თვითონვე ნახულობს დახოცილ მხედართმთავრებსა და მეომრებს. ის შერცხვენილი ბრუნდება ნინევეში, მაგრამ ასეთი დამარცხების მიუხედავად, ჯიუტად რჩება თავისი ცრუ ღმერთის, ნისროქის, ერთგული. რამდენიმე წლის შემდეგ სანხერიბს ნისროქის ტაძარში ლოცვის დროს თავისი ორი შვილი კლავს. უსიცოცხლო ნისროქი კვლავაც ვერ შველის მას (ესაია 37:35—38).
ხიზკიაჰუს რწმენა უფრო მეტად მტკიცდება
23. რა რთულ მდგომარეობაშია ხიზკიაჰუ, როდესაც სანხერიბი პირველად ესხმის იუდას და რას ნიშნავს მისი ავადმყოფობა?
23 იმ პერიოდში, როდესაც სანხერიბი პირველად უტევს იუდას, ხიზკიაჰუ მძიმედ ავადმყოფობს. ესაია ეუბნება მას, რომ ვერ იცოცხლებს (ესაია 38:1). ოცდაცხრამეტი წლის მეფე ძლიერ გულდამძიმებულია. ის არა მარტო საკუთარი თავის გამო, არამედ ხალხის მომავლის გამოც წუხს. იერუსალიმსა და იუდას აშურელთა მიერ დაპყრობა ემუქრება. თუ ხიზკიაჰუ მოკვდება, ვინ წაუძღვება ხალხს ბრძოლაში? ამ დროისთვის მეფეს არ ჰყავს ვაჟი, რომელიც მის შემდეგ ავა ტახტზე. ამიტომაც მგზნებარე ლოცვით ხიზკიაჰუ შეწყალებას სთხოვს იეჰოვას (ესაია 38:2, 3).
24, 25. ა) როგორი გულმოწყალებით პასუხობს იეჰოვა ხიზკიაჰუს ლოცვაზე? ბ) რა სასწაულს ახდენს იეჰოვა, რომელიც ესაიას 38:7, 8-შია აღწერილი?
24 ესაია ჯერ არ არის გასული სასახლის ეზოდან, როდესაც იეჰოვა ლოგინად ჩავარდნილ მეფესთან აბრუნებს, ამჯერად სხვა ცნობის გადასაცემად: „გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს. დაგიხსნი შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან და დავიფარავ ამ ქალაქს“ (ესაია 38:4—6; მეოთხე მეფეთა 20:4, 5). იეჰოვა უჩვეულო ნიშნით განამტკიცებს თავის პირობას: „აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია ახაზის საფეხურებზე“ (ესაია 38:7, 8ა).
25 ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, სიტყვების თანახმად, მეფის სასახლეში კიბე იყო, რომელიც შეიძლება სვეტით ყოფილიყო დამშვენებული. როდესაც მზის სხივები სვეტს ეცემოდა, ჩრდილი წვებოდა კიბის საფეხურებზე. დღის განმავლობაში ჩრდილის მოძრაობაზე დაკვირვებით დროის გაგება იყო შესაძლებელი. ახლა იეჰოვა სასწაულს მოახდენს. მას შემდეგ, რაც ჩრდილი, ჩვეულებრივ, შეიცვლის ადგილს კიბის საფეხურებზე, ის ათი საფეხურით უკან დაბრუნდება. ვის სმენია ოდესმე ასეთი რამ? ბიბლიაში ნათქვამია: „და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა“ (ესაია 38:8ბ). მცირე ხანში ხიზკიაჰუ ჯანმრთელდება. ეს ამბავი ბაბილონამდეც კი აღწევს. როდესაც ის ბაბილონის მეფის ყურსაც სწვდება, მეფე ხალხს გზავნის იერუსალიმში ამბის უფრო დაწვრილებით გასაგებად.
26. რა იყო ხიზკიაჰუს სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი შედეგი?
26 ხიზკიაჰუს სასწაულებრივი გამოჯანმრთელებიდან სამი წლის შემდეგ მეფის პირველი ვაჟი, მენაშე, იბადება. როდესაც მენაშე იზრდება, ის არ აფასებს ღვთის გულმოწყალებას, რომლის გარეშეც ვერასდროს დაიბადებოდა! მენაშე თითქმის მთელი სიცოცხლის მანძილზე უკუღმართად იქცევა იეჰოვას თვალში (მეორე ნეშტთა 32:24; 33:1—6).
აზროვნებაში დაშვებული შეცდომა
27. როგორ ამჟღავნებს ხიზკიაჰუ იეჰოვასადმი მადლიერებას?
27 ხიზკიაჰუ, თავისი წინაპრის, დავითის, მსგავსად ღვთის ერთგულია. ის აფასებს ღვთის სიტყვას. იგავნის 25:1-ის თანახმად, მან შეაკრებინა თავის ხალხს იგავები, რომლებსაც იგავნის 25—29 თავებში ვკითხულობთ. ზოგის აზრით, 118-ე ფსალმუნიც მისი შედგენილი უნდა იყოს. გამოჯანმრთელების შემდეგ დაწერილი სამადლობელი სიმღერიდან ჩანს, რომ ხიზკიაჰუ სათუთი გრძნობების მქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო. მეფე ამბობს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი „მთელი სიცოცხლე“ ტაძარში იეჰოვას განდიდების შესაძლებლობაა (ესაია 38:9—20). დაე ყველას ასეთი დამოკიდებულება გვქონდეს წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ!
28. რა შეცდომას უშვებს ხიზკიაჰუ აზროვნებაში სასწაულებრივად განკურნებიდან მცირე ხანში?
28 ხიზკიაჰუ ღვთის ერთგულია, მაგრამ ის არასრულყოფილია. იეჰოვას მიერ განკურნებიდან მცირე ხანში მეფე სერიოზულ შეცდომას უშვებს აზროვნებაში. ესაია ამბობს: „ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა. გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე — ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს“ (ესაია 39:1, 2)b.
29. ა) რა შეიძლებოდა ყოფილიყო მიზეზი, რის გამოც ხიზკიაჰუმ ბაბილონელებს თავისი სიმდიდრე აჩვენა? ბ) რა იქნება ხიზკიაჰუს მიერ აზროვნებაში დაშვებული შეცდომის შედეგი?
29 აშური ანგელოზის მიერ სასტიკი დამარცხების შემდეგაც კი მრავალ ქვეყანას, მათ შორის ბაბილონსაც, უქმნის საფრთხეს. ალბათ, ხიზკიაჰუს უნდა, შთაბეჭდილება მოახდინოს ბაბილონის მეფეზე და მისი მოკავშირე გახდეს. მაგრამ იეჰოვას არ სურს, რომ იუდაელებმა მტრებთან შეკრან კავშირი; მას სურს, რომ ხალხმა მხოლოდ მასზე დაამყაროს იმედი! ესაიას მეშვეობით იეჰოვა მომავალს უწინასწარმეტყველებს ხიზკიაჰუს: „დადგება ჟამი და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება... წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ, და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში“ (ესაია 39:3—7). დიახ, ის ხალხი, რომელზეც ხიზკიაჰუ შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, გაძარცვავს იერუსალიმს და მონებად აქცევს მის მცხოვრებლებს. საგანძურის ჩვენებით ხიზკიაჰუ უფრო მეტად აღუძრავს მადას ხარბ ბაბილონელებს.
30. როგორ გამოავლინა ხიზკიაჰუმ სწორი განწყობილება?
30 როგორც ჩანს, მეორე ნეშტთას 32:26 იმ შემთხვევას ეხება, როდესაც ხიზკიაჰუმ ბაბილონელებს საგანძური აჩვენა: „მოდრკა იეხიზკიაჰუ თავის დიდგულობაში და მასთან ერთად იერუსალიმის ყველა მკვიდრი, და აღარ დასტყდომიათ ღვთის რისხვა იეხიზკიაჰუს დღეებში“.
31. როგორ განვითარდა მოვლენები ხიზკიაჰუსთვის და რის სწავლა შეგვიძლია აქედან?
31 არასრულყოფილების მიუხედავად, ხიზკიაჰუ ღვთისადმი რწმენას ამჟღავნებდა. მას ესმოდა, რომ მისი ღმერთი, იეჰოვა, გრძნობების მქონე რეალური პიროვნება იყო. გასაჭირში ხიზკიაჰუ მხურვალედ ლოცულობდა, და იეჰოვა უსმენდა მას. იეჰოვამ მშვიდობით აკურთხა მეფის სიცოცხლის დარჩენილი წლები, რისთვისაც ის მადლობელი იყო (ესაია 39:8). იეჰოვა ჩვენთვისაც რეალური უნდა იყოს დღეს. როდესაც პრობლემებს ვაწყდებით, ხიზკიაჰუს მსგავსად, სიბრძნისა და დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ — „ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს“ (იაკობი 1:5). თუ სიმტკიცესა და იეჰოვასადმი რწმენას შევინარჩუნებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ როგორც ახლა, ისე მომავალში (ებრაელთა 11:6).
[სქოლიოები]
a დღეს ეს 9,5 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.
b სანხერიბის დამარცხების შემდეგ მეზობელმა ერებმა ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირფასეულობა მიართვეს ხიზკიაჰუს. მეორე ნეშტთა 32:22, 23, 27-ში ვკითხულობთ, რომ „დიდზე დიდი დოვლათი და პატივი ჰქონდა იეხიზკიაჰუს“ და რომ „ამაღლდა იგი ყველა ხალხის თვალში“. ამ ძღვენით ის თავისი საგანძურის შევსებას შეძლებდა, რომელიც აშურელთათვის ხარკის გადახდის დროს დააცარიელა.
[სურათი 383 გვერდზე]
მეფე ხიზკიაჰუ იეჰოვაზე ამყარებს იმედს, როდესაც მას აშურელები ემუქრებიან.
[მთელი 384 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 389 გვერდზე]
მეფე ხალხს გზავნის ესაიასთან, რათა იეჰოვასგან მიიღოს რჩევა.
[სურათი 390 გვერდზე]
ხიზკიაჰუ ლოცულობს, რათა ღვთის სახელი განდიდდეს აშურელთა დამარცხებით.
[სურათი 393 გვერდზე]
იეჰოვას ანგელოზი მუსრს ავლებს 185000 აშურელს.