ᲗᲐᲕᲘ 25
„ჩვენი ღმერთი დიდად თანამგრძნობია“
1, 2. ა) როგორ რეაგირებს ბუნებრივად დედა ბავშვის ტირილზე? ბ) რომელი გრძნობაა დედის თანაგრძნობაზე უფრო ძლიერი?
ᲨᲣᲐᲦᲐᲛᲘᲡᲐᲡ დედას ბავშვის ტირილი აღვიძებს. მას უკვე აღარ სძინავს ისე მშვიდად, როგორც მანამდე, სანამ ბავშვი შეეძინებოდა. ის უკვე იმასაც კი ხვდება, თუ რატომ ტირის თავისი პატარა. ამიტომაც, ხშირად ტირილის ხმაზე ხვდება, ჭამას თხოულობს პატარა, გულში ჩახუტებას თუ სხვა რამეს. რაც უნდა იყოს ბავშვის ტირილის მიზეზი, დედა ყოველთვის რეაგირებს მასზე. მას გული არ მოუთმენს, სანამ ბავშვს არ დაამშვიდებს.
2 თანაგრძნობა, რომელსაც დედა ავლენს თავისი ჩვილისადმი, ადამიანისთვის ცნობილი ერთ-ერთი უნაზესი გრძნობაა. მაგრამ, არსებობს უფრო ძლიერი გრძნობაც — თანაგრძნობა, რომელიც ჩვენს ღმერთს, იეჰოვას ახასიათებს. ამ სასიამოვნო თვისებაზე დაფიქრება იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმარება. ამიტომ, განვიხილოთ, რას ნიშნავს თანაგრძნობა და როგორ ავლენს ჩვენი ღმერთი მას.
რას ნიშნავს თანაგრძნობა?
3. რა მნიშვნელობას ატარებს ებრაული ზმნა, რომელიც „შეწყალებად“ ან „შებრალებად“ არის ნათარგმნი?
3 ბიბლიაში თანაგრძნობასა და შეწყალებას შორის ახლო კავშირია. თანაგრძნობის გამომხატველი რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ ებრაული ზმნა რახამ, რომელიც ხშირად ითარგმნება როგორც „შეწყალება“ ან „შებრალება“. ერთი ცნობარი განმარტავს, რომ ზმნა რახამ „გამოხატავს ღრმა და სათუთ თანაგრძნობას, რომელიც მაშინ გვიჩნდება, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი დასუსტებულია ან რაღაცის გამო იტანჯება“. ებრაული სიტყვა, რომელსაც იეჰოვა საკუთარ თავთან მიმართებით იყენებს, სიტყვა „საშვილოსნოს“ მონათესავეა და „დედობრივ თანაგრძნობასაც“ გულისხმობსa (გამოსვლა 33:19; იერემია 33:26).
4, 5. როგორ იყენებს ბიბლია დედობრივ გრძნობებს იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად?
4 იეჰოვას თანაგრძნობაში გასარკვევად, ბიბლია ამ თვისებას დედობრივ გრძნობებს ადარებს. ესაიას 49:15-ში ვკითხულობთ: „განა დაივიწყებს დედა ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს [რახამ] თავის გაჩენილ ვაჟს?! მან რომც დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ“. ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები ხაზს უსვამს იმას, თუ რა ძლიერ თანაუგრძნობს იეჰოვა თავის ხალხს. როგორ?
5 ძნელი წარმოსადგენია დედა, რომელიც დაივიწყებდა, რომ პატარას მოვლა და კვება სჭირდება. ბავშვი ხომ უმწეოა; ის დღედაღამ დედის ზრუნვასა და სითბოს საჭიროებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ ზოგი დედა უარს ამბობს საკუთარ შვილზე, განსაკუთრებით ამ მძიმე დროში, როდესაც ნამდვილი სიყვარულის ნაკლებობა შეიმჩნევა (2 ტიმოთე 3:1, 3). მაგრამ იეჰოვა ამბობს: „მე არ დაგივიწყებ“. იეჰოვა უსაზღვრო თანაგრძნობას ავლენს თავისი მსახურებისადმი. ასეთი თანაგრძნობა დიდად აღემატება ჩვენთვის ცნობილ ყველაზე სათუთ გრძნობებსაც კი, თუნდაც დედის ბუნებრივ გრძნობებს საკუთარი შვილისადმი. გასაკვირი არ არის, რომ ესაიას 49:15-ს ერთ-ერთი სწავლული ასე განმარტავს: „ეს არის ღვთის სიყვარულის უძლიერესი მტკიცება ძველ აღთქმაში“.
6. რას ფიქრობს ბევრი არასრულყოფილი ადამიანი თანაგრძნობაზე, მაგრამ რაში გვარწმუნებს იეჰოვა?
6 თანაგრძნობა სისუსტის ნიშანი ხომ არ არის? ასე ფიქრობს ბევრი არასრულყოფილი ადამიანი. მაგალითად, რომაელი ფილოსოფოსი სენეკა, რომელიც იესოს თანამედროვე, წამყვანი მოაზროვნე იყო რომში, ასწავლიდა, რომ „სიბრალული გონების სისუსტეა“. სენეკა სტოიციზმის, იმ ფილოსოფიური მიმდინარეობის, მიმდევარი იყო, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას გრძნობების ჩახშობასა და სიმშვიდის შენარჩუნებას ანიჭებს. სენეკას აზრით, ბრძენი ადამიანი შეიძლება დაეხმაროს გასაჭირში ჩავარდნილს, მაგრამ სიბრალულის გრძნობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუჩნდეს მისადმი, რადგან ეს მას სიმშვიდეს წაართმევს. ასეთ ეგოცენტრულ თვალსაზრისს გულწრფელ თანაგრძნობასთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ იეჰოვა სულაც არ არის ასეთი! ის თავის სიტყვაში გვარწმუნებს, რომ თანამგრძნობი და გულმოწყალეა (იაკობი 5:11). როგორც დავინახავთ, თანაგრძნობა სისუსტის ნიშანი კი არა, ძლიერი და მნიშვნელოვანი თვისებაა. მოდი განვიხილოთ, როგორ ავლენს იეჰოვა ამ თვისებას მოსიყვარულე მშობელივით.
იეჰოვა თავისი ერისადმი თანაგრძნობას ავლენდა
7, 8. რა მხრივ იტანჯებოდნენ ისრაელები ძველ ეგვიპტეში და როგორ გამოეხმაურა იეჰოვა მათ ტანჯვას?
7 იეჰოვას თანაგრძნობა აშკარად გამოჩნდა ისრაელი ერისადმი მის მოპყრობაში. ძვ. წ. მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს ისრაელი ერი ძველ ეგვიპტეში მონობაში იმყოფებოდა, სადაც მათ ჩაგრავდნენ. ეგვიპტელებმა „სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით“ (გამოსვლა 1:11, 14). გასაჭირში მყოფი ისრაელები იეჰოვას შეღაღადებდნენ დახმარებისთვის. უპასუხა თანამგრძნობმა ღმერთმა მათ ლოცვებს?
8 იეჰოვა შეძრა მათმა ვედრებამ. მან თქვა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ტანჯვა, მონურად რომ ამუშავებენ, და შევისმინე მათი ღაღადი. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7). იეჰოვა ვერ იხილავდა თავისი ხალხის ჩაგვრას და არც მათ ღაღადს მოისმენდა, თანამგრძნობი რომ არ ყოფილიყო. როგორც ამ წიგნის ოცდამეოთხე თავში დავინახეთ, იეჰოვა შემბრალებელი ღმერთია. სიბრალული სხვისი ტკივილის გაზიარებას ნიშნავს, რაც თანაგრძნობასთან მჭიდრო კავშირშია. მაგრამ იეჰოვას არა მარტო შეებრალა თავისი ხალხი, არამედ აღიძრა, დახმარებოდა მათ. ესაიას 63:9 ამბობს: „სიყვარულითა და თანაგრძნობით გამოისყიდა“. „ძლიერი ხელით“ გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელები ეგვიპტიდან (კანონი 4:34). იმ დროიდან მოყოლებული სასწაულებრივად კვებავდა და ნაყოფიერი ქვეყანაც დაუმკვიდრა.
9, 10. ა) რატომ იწყალებდა იეჰოვა კვლავ და კვლავ ისრაელებს აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ? ბ) ვისი ხელიდან იხსნა იეჰოვამ ისრაელები იფთახის დროს და რამ აღძრა ის ამისაკენ?
9 იეჰოვას თანაგრძნობა ამით არ დამთავრებულა. აღთქმულ მიწაზე დასახლებიდან ისრაელებმა არაერთხელ უღალატეს იეჰოვას და შედეგად ტანჯვას იმკიდნენ. მაგრამ შემდეგ ხალხი გონს ეგებოდა და საშველად ისევ იეჰოვას უხმობდა. ღმერთი კვლავ და კვლავ ეხმარებოდა მათ. რატომ? „რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი“ (2 მატიანე 36:15; მსაჯულები 2:11—16).
10 განვიხილოთ, რა ხდებოდა იფთახის დროს. ვინაიდან ისრაელებმა ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყეს, იეჰოვამ დაუშვა, რომ 18 წელი ამორეველების ხელში ჩავარდნილიყვნენ. ბოლოს, ისრაელებმა მოინანიეს. ბიბლია ამბობს: „მოიშორეს კერპები და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ; ვეღარ აიტანა მან ისრაელის გასაჭირი“b (მსაჯულები 10:6—16). როგორც კი ხალხი გულწრფელად მოინანიებდა, იეჰოვა ვეღარ უყურებდა მათ ტანჯვას. ასე რომ, თანამგრძნობმა ღმერთმა შესაძლებლობა მისცა იფთახს, ისრაელები მტრის ხელიდან ეხსნა (მსაჯულები 11:30—33).
11. რას ვიგებთ იეჰოვას თანაგრძნობის შესახებ ისრაელებისადმი მოპყრობიდან?
11 რას ვსწავლობთ იეჰოვას თანაგრძნობის შესახებ ისრაელებისადმი მოპყრობიდან? ერთი მხრივ, როგორც ვხედავთ, თანაგრძნობაში მხოლოდ ის არ იგულისხმება, რომ მას ებრალება ტანჯული ხალხი. გაიხსენე დედა, რომელსაც თანაგრძნობა აღძრავს, ყველაფერი იღონოს ბავშვის დასამშვიდებლად. ასევე იეჰოვასაც ესმის თავისი ხალხის ვედრება და თანაგრძნობა აღძრავს, რომ ტანჯვა შეუმსუბუქოს. ამასთან, ისრაელებთან მოპყრობით ვხედავთ, რომ თანაგრძნობა არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს სისუსტეს, რადგან ამ თვისებამ აღძრა იეჰოვა სერიოზული, გადამწყვეტი ზომები მიეღო თავისი ხალხის სასარგებლოდ. მაგრამ ავლენს თუ არა იეჰოვა თანაგრძნობას თითოეული მსახურისადმი?
იეჰოვა ყველას მიმართ ავლენს თანაგრძნობას
12. როგორ გამოვლინდა კანონში, რომ იეჰოვა თანაგრძნობას ავლენს ყველას მიმართ?
12 კანონმა, რომელიც ღმერთმა ისრაელებს მისცა, აჩვენა, რომ ის თითოეული ადამიანისადმი ავლენს თანაგრძნობას. მაგალითისთვის ავიღოთ ღარიბებისადმი დამოკიდებულება. იეჰოვამ იცოდა, რომ გაუთვალისწინებელ მდგომარეობას შეეძლო სიღარიბეში ჩაეგდო ისრაელები. როგორ უნდა მოპყრობოდნენ ღარიბებს? იეჰოვამ მკაცრად გააფრთხილა ისრაელები: „გულს ნუ გაიქვავებ და ნუ იქნები ხელმოჭერილი. გულუხვად მიეცი, უხალისოდ ნუ მისცემ, და ყველა შენს საქმეში გაკურთხებს იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კანონი 15:7, 10). შემდგომ იეჰოვამ თქვა, რომ ისრაელიანებს მთლიანად არ მოემკათ ყანაში მოსავალი და სამკალში დაცვენილიც არ აეკრიფათ. ასეთი მონარჩენი ღარიბებისთვის იყო განკუთვნილი (ლევიანები 23:22; რუთი 2:2—7). როდესაც ერი ამ თანაგრძნობით აღსავსე კანონს იცავდა, ისრაელში ღარიბს მათხოვრობა აღარ უწევდა. განა ეს იეჰოვას თანაგრძნობის გამოვლენა არ იყო?!
13, 14. ა) როგორ გვარწმუნებს დავითის სიტყვები, რომ იეჰოვა დიდადაა დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით? ბ) როგორ აღწერდი თვალსაჩინო მაგალითით, რომ იეჰოვა ახლოა გულგატეხილებთან ან სულდამწუხრებულებთან?
13 დღესაც, ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი დიდად არის დაინტერესებული თითოეული ჩვენგანით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მას შესანიშნავად ესმის ნებისმიერი ტანჯვა თუ უბედურება, რომელიც თავს გვატყდება. ფსალმუნმომღერალმა დავითმა დაწერა: „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ. იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან, ის იხსნის სულდამწუხრებულებს“ (ფსალმუნი 34:15, 18). ამ სიტყვებთან დაკავშირებით ბიბლიის ერთმა კომენტატორმა შენიშნა: „ცოდვის გამო ისინი გულგატეხილები და სულდამწუხრებულები არიან; პირადი ღირსების გრძნობა დაკარგული აქვთ და საკუთარ თავში დარწმუნებული არ არიან“. ასეთები შეიძლება ფიქრობენ, რომ იეჰოვა მათგან შორსაა და ჰგონიათ, რომ ღმერთი მათზე არ იზრუნებს, რადგან უღირსნი არიან. მაგრამ ეს ასე არ არის. დავითის სიტყვები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არ დატოვებს მათ, ვისაც „პირადი ღირსების გრძნობა აქვთ დაკარგული“. ჩვენმა თანამგრძნობმა ღმერთმა იცის, რომ ასეთ დროს მისი დახმარება ყველაზე მეტად გვჭირდება და მხარში გვიდგას.
14 განვიხილოთ ერთი შემთხვევა. დედამ მძიმედ ავადმყოფი ორი წლის ბიჭუნა სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანა. გასინჯვის შემდეგ ექიმმა დედას უთხრა, რომ ბავშვი იმ ღამით საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყო. სად გაათია დედამ ის ღამე? იქვე, თავისი შვილის საწოლთან მდგარ სკამზე! მისი პატარა ავად იყო და ის მასთან უნდა ყოფილიყო. ცხადია, შეგვიძლია ამაზე უფრო მეტსაც ველოდეთ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისგან! ბოლოს და ბოლოს, განა თავის მსგავსად არ შეგვქმნა ღმერთმა?! (დაბადება 1:26). ფსალმუნის 34:18-ში ჩაწერილი გულში ჩამწვდომი სიტყვები გვეუბნება, რომ როდესაც გულგატეხილები ან სულდამწუხრებულები ვართ, იეჰოვა მოსიყვარულე მშობელივით ჩვენ გვერდითაა, მუდამ თანაგვიგრძნობს და მზადაა, დაგვეხმაროს.
15. რა მხრივ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს?
15 როგორ გვეხმარება იეჰოვა თითოეულს? ის მაინცდამაინც არ მოგვაცილებს ტანჯვის გამომწვევ მიზეზებს. მაგრამ იეჰოვა ბევრს აკეთებს მათთვის, ვინც საშველად უხმობს. მისი სიტყვა ბიბლია პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეცვალონ ჩვენი ცხოვრება. კრებაში იეჰოვა გამოცდილი ზედამხედველებით უზრუნველგვყოფს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, იეჰოვას მსგავსად თანაგრძნობა გამოავლინონ და დაეხმარონ თანამორწმუნეებს (იაკობი 5:14, 15). როგორც ლოცვების მომსმენი, ის აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ფსალმუნი 65:2; ლუკა 11:13). წმინდა სულს შეუძლია მოგვცეს ძალა, „რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, რათა გავუძლოთ ნებისმიერ გასაჭირს, სანამ ღვთის სამეფო საბოლოოდ არ მოსპობს ყოველგვარ პრობლემას (2 კორინთელები 4:7). განა მადლიერნი არა ვართ ასეთი დახმარებისთვის?! ნუ დავივიწყებთ, რომ ეს ყველაფერი იეჰოვას თანაგრძნობის შედეგია.
16. რა არის იეჰოვას თანაგრძნობის უდიდესი გამოხატულება და როგორ მოქმედებს ეს თითოეულზე?
16 ცხადია, იეჰოვას თანაგრძნობის უდიდესი გამოხატულება მისთვის უძვირფასესი ძის მსხვერპლად გაღებაა. იეჰოვამ ამით უდიდესი სიყვარული გამოავლინა, რამაც გადარჩენის საშუალება მოგვცა. გახსოვდეს, რომ გამოსასყიდი თითოეულ ჩვენგანზე ვრცელდება. ზაქარიამ, იოანე ნათლისმცემლის მამამ, მართებულად იწინასწარმეტყველა, რომ ეს ძღვენი საოცარი სახით წარმოაჩენდა ღვთის თანაგრძნობას (ლუკა 1:78).
როდის არ ავლენს იეჰოვა თანაგრძნობას
17—19. ა) როგორ გვიჩვენებს ბიბლია, რომ იეჰოვას თანაგრძნობა უსაზღვრო არ არის? ბ) რამ შეაწყვეტინა იეჰოვას თავისი ხალხისადმი თანაგრძნობის გამოვლენა?
17 სწორია, ვიფიქროთ, რომ იეჰოვა ყველა შემთხვევაში გამოავლენს თანაგრძნობას? არა. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ მათ მიმართ, რომლებიც უარყოფენ მის ნორმებს, იეჰოვა სამართლიანად არ გამოავლენს თანაგრძნობას (ებრაელები 10:28). რომ გავიგოთ, რატომ იქცევა ასე, გავიხსენოთ ისრაელი ერის მაგალითი.
18 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ არაერთხელ იხსნა ისრაელები მტრების ხელიდან, მისმა თანაგრძნობამ საბოლოოდ ზღვარს მიაღწია. ეს ჯიუტი ხალხი კერპთაყვანისმცემლობას ეწეოდა და თავიანთ ბილწ კერპებს თვით იეჰოვას ტაძარშიც კი დგამდა! (ეზეკიელი 5:11; 8:17, 18). ამის გარდა, ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისინი სასაცილოდ იგდებდნენ ღვთის მაცნეებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს. და, როცა უკვე აღარ იყო მათი საშველი, იეჰოვა განურისხდა თავის ხალხს“ (2 მატიანე 36:16). ისრაელები იქამდე მივიდნენ, რომ თანაგრძნობის გამოვლენისთვის საფუძველი აღარ არსებობდა და იეჰოვას სამართლიანი გულისწყრომა დაიტეხეს. რა მოჰყვა ამას?
19 იეჰოვა მეტად აღარ თანაუგრძნობდა თავის ხალხს. მან განაცხადა: „არ შევიცოდებ, არ შევიბრალებ; გავანადგურებ, ვერაფერი შემაჩერებს“ (იერემია 13:14). ამგვარად, იერუსალიმი ტაძართან ერთად დაინგრა, ისრაელები კი ტყვედ წაასხეს ბაბილონში. რა საზარელია, როცა ცოდვილი ადამიანები ისე ჯიუტდებიან, რომ ღვთის თანაგრძნობა ზღვარს აღწევს! (გოდება 2:21).
20, 21. ა) რა მოხდება ჩვენს დროში, როდესაც ღვთის თანაგრძნობა ზღვარს მიაღწევს? ბ) იეჰოვას თანაგრძნობის რომელ გამოვლინებას განვიხილავთ მომდევნო თავში?
20 დღეს რის თქმა შეიძლება? იეჰოვა არ შეცვლილა. თანაგრძნობიდან გამომდინარე, მან თავის მოწმეებს დაავალა, მთელ მსოფლიოში ექადაგათ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). როდესაც გულწრფელი ადამიანები დადებითად ეხმაურებიან, იეჰოვა ეხმარება მათ, რომ ჩასწვდნენ სამეფოს შესახებ ცნობას (საქმეები 16:14). მაგრამ ეს საქმიანობა მარადიულად როდი გაგრძელდება. თუკი ამ ბოროტ წუთისოფელს, რომელშიც ტანჯვა-წამება ბატონობს, იეჰოვა მარადიულად არსებობის ნებას დართავს, ეს სულაც არ იქნება თანაგრძნობა. როდესაც ღვთის თანაგრძნობა ზღვარს მიაღწევს, იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ამ სისტემაზე. მაშინაც კი, იეჰოვა თანაგრძნობიდან გამომდინარე იმოქმედებს — თავისი წმინდა სახელისა და ერთგული მსახურების მიმართ თანაგრძნობის გამო გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას (ეზეკიელი 36:20—23). ის მოსპობს ბოროტებას და ახალ სამართლიან ქვეყნიერებას შექმნის. ბოროტების მისამართით იეჰოვა აცხადებს: „არ შევიბრალებ მათ და არ შევიწყალებ. იწვნევენ საკუთარი საქციელის შედეგებს“ (ეზეკიელი 9:10).
21 მანამდე, კი იეჰოვა თანაგრძნობას ავლენს ადამიანებისადმი, მათდამიც კი, რომლებსაც განადგურება ემუქრება. ცოდვილებს, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ, შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ იეჰოვას თანაგრძნობის ერთ-ერთი დიდებული გამოვლინებით — პატიებით. მომდევნო თავში განვიხილავთ რამდენიმე შესანიშნავ ბიბლიურ მაგალითს, რომლებშიც აისახა იეჰოვას მიმტევებლობის სრულყოფილება.
a თუმცა, საინტერესოა, რომ ფსალმუნის 103:13-ში ებრაულ ზმნას რახამ დამატებითი მნიშვნელობაც აქვს და იმ შეწყალებაზე, ანუ თანაგრძნობაზე მიუთითებს, რომელსაც მამა ავლენს შვილისადმი.
b გამოთქმა „ვეღარ აიტანა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულის შემოკლებას; მოთმინების გამოლევას“. „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამბობს: „მას მეტად აღარ შეეძლო ისრაელის ტანჯვის ყურება“.