თავი ოცდამეოთხე
წუთისოფელს არ შეუძლია დახმარება
1, 2. ა) რატომ არიან იერუსალიმის მკვიდრნი თავზარდაცემული? ბ) რა კითხვები წამოიჭრება გასაჭირში მყოფ იერუსალიმთან დაკავშირებით?
იერუსალიმის მკვიდრნი თავზარდაცემული არიან და მათ ნამდვილად აქვთ ამის მიზეზი! აშურმა, იმ დროს უძლიერესმა სამეფომ, „იუდას ყველა ციხე-ქალაქს“ შეუტია „და ხელთ იგდო ისინი“. ახლა აშური იუდას სატახტო ქალაქს ემუქრება (მეოთხე მეფეთა 18:13, 17). რას გააკეთებენ ამ დროს ხიზკიაჰუ და იერუსალიმის მცხოვრებნი?
2 ქვეყნის სხვა ქალაქები უკვე დაეცა. ამიტომაც ხიზკიაჰუმ იცის, რომ ვერც იერუსალიმი აღუდგება წინ აშურის ძლიერ სამხედრო ძალას. გარდა ამისა, აშურელები საშინელი სისასტიკითა და მოძალადეობით არიან ცნობილი. მათ იმდენად თავზარდამცემი ჯარი ჰყავთ, რომ მოწინააღმდეგენი ზოგჯერ უბრძოლველად თმობენ პოზიციებს! ვის უნდა მიმართონ დახმარებისთვის ასეთ გასაჭირში მყოფი იერუსალიმის მცხოვრებლებმა? აქვთ თუ არა აშურელ მეომართაგან თავის დაღწევის რაიმე გზა? როგორ ჩავარდა ღვთის ხალხი ასეთ მდგომარეობაში? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ ისტორია და ვნახოთ, წინა წლებში როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავისთან კავშირით შეკრულ ერს.
განდგომილება ისრაელში
3, 4. ა) როდის და როგორ გაიყო ისრაელი ერი ორ სამეფოდ? ბ) რომელი დამღუპველი გზით წაიყვანა იერობოამმა ათი ტომის ჩრდილოეთ სამეფო?
3 მას შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დავითის ძის, სოლომონის, სიკვდილამდე — მხოლოდ 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში — ისრაელის 12 ტომი ერთ ერად იყო გაერთიანებული. სოლომონის სიკვდილის შემდეგ იერობოამმა ჩრდილოეთის ათი ტომი აუჯანყა დავითის დინასტიას, რის შემდეგაც, კერძოდ კი ძვ. წ. 997 წელს, ერი ორ სამეფოდ გაიყო.
4 იერობოამმა, ისრაელის, ჩრდილოეთ სამეფოს, პირველმა მეფემ, თავისი ქვეშევრდომები განდგომილების გზით წაიყვანა — აარონის შთამომავალი მღვდლები და იეჰოვას თაყვანისმცემლობა უკანონო მღვდლებითა და ხბოს თაყვანისმცემლობით შეცვალა (მესამე მეფეთა 12:25—33). ასეთი მოქმედება საძულველი იყო იეჰოვასთვის (იერემია 32:30, 35). ამ და სხვა მიზეზების გამო მან დაუშვა, რომ აშურს დაემორჩილებინა ისრაელი (მეოთხე მეფეთა 15:29). მეფე ჰოშეაყი ეგვიპტესთან კავშირის შეკვრით ცდილობდა აშურის უღლის გადაგდებას, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა (მეოთხე მეფეთა 17:4).
ისრაელი არასანდო მფარველზე ამყარებს იმედს
5. ვის მიმართავს ისრაელი დახმარებისთვის?
5 იეჰოვას სურს, გონს მოაგოს ისრაელებიa. ამიტომაც შემდეგი ცნობით გზავნის მათთან წინასწარმეტყველ ესაიას: „ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან“ (ესაია 31:1). რა აღმაშფოთებელია! ისრაელები ცხენებსა და საომარ ეტლებზე უფრო დიდ იმედს ამყარებენ, ვიდრე ცოცხალ ღმერთ იეჰოვაზე. ისრაელთა არასულიერი თვალსაზრისით, ეგვიპტის მრავალი ცხენი დიდი ძალაა. ფიქრობენ, რომ ეგვიპტე ნამდვილად კარგი მოკავშირე იქნება აშურის წინააღმდეგ! მაგრამ ისრაელები მალე დაინახავენ, რომ ეგვიპტესთან დადებული კავშირი სარგებლობას ვერ მოუტანთ.
6. რატომ ამჟღავნებდნენ ისრაელის მეფეები აშკარა ურწმუნოებას ეგვიპტეზე იმედის დამყარებით?
6 რჯულის კავშირის დადებით იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებმა იეჰოვას მიუძღვნეს თავი (გამოსვლა 24:3—8; პირველი ნეშტთა 16:15—17). ეგვიპტისთვის დახმარების თხოვნით ისრაელი ურწმუნოებას ამჟღავნებს იეჰოვასადმი და უგულებელყოფს კანონებს, რომლებიც ამ წმინდა კავშირის ნაწილია. რატომ? კავშირის პირობაში შედის იეჰოვას აღთქმა, რომ დაიცავს თავის ხალხს, თუ ისინი მისი ერთგული იქნებიან (ლევიანნი 26:3—8). როგორც აღთქმული ჰქონდა, იეჰოვა არაერთხელ იყო „მფარველი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 36:39; მეორე ნეშტთა 14:2, 9—12; 17:3—5, 10). გარდა ამისა, რჯულის კავშირის შუამავლის, მოსეს, მეშვეობით იეჰოვამ უთხრა ისრაელის მომავალ მეფეებს, არ ჰყოლოდათ ბევრი ცხენი (მეორე რჯული 17:16). ამ მითითებისადმი მორჩილება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ მეფეები „ისრაელის წმიდაზე“ ამყარებდნენ მფარველობის იმედს. სამწუხაროდ, ისრაელის მეფეებს არა აქვთ ასეთი რწმენა.
7. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს ისრაელების ურწმუნოების მაგალითიდან?
7 მათი შემთხვევა ყურადსაღებია დღევანდელი ქრისტიანებისთვის. ისრაელს ეგვიპტის ხილული დახმარების იმედი ჰქონდა იმის მაგივრად, რომ იეჰოვას მხრიდან უფრო დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა. მათ მსგავსად შეიძლება ქრისტიანებმა დღესაც მცდარად დაამყარონ მფარველობის იმედი არა იეჰოვაზე, არამედ ამ წუთისოფელში არსებულ უსაფრთხოების უზრუნველმყოფელ საშუალებებზე — საბანკო ანგარიშზე, სოციალურ მდგომარეობასა და ადამიანებთან კავშირებზე. ცხადია, ქრისტიანი ოჯახის უფროსები სერიოზულად ეკიდებიან ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფის პასუხისმგებლობას (1 ტიმოთე 5:8). მაგრამ ისინი იმედს არ ამყარებენ მატერიალურ ნივთებზე და ცდილობენ, თავი დაიცვან „ყოველი ანგარებისაგან“ (ლუკა 12:13—21). მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა ღმერთია საიმედო „დასაყრდენი გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 9:10; 53:9).
8, 9. ა) მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება შეიძლება სტრატეგიულად სწორი ჩანდეს, რა იქნება მისი შედეგი და რატომ? ბ) რით განსხვავდება ადამიანთა დანაპირები იეჰოვას დანაპირებისგან?
8 ესაია თითქოს დასცინის ისრაელ წინამძღოლებს, რომლებმაც კავშირი შეკრეს ეგვიპტესთან: „ბრძენია ის და უბედურება მოაქვს. არ გადათქვამს თავის სიტყვებს, წინ აღუდგება უკეთურთა სახლს და ავისმქმნელთა შემწეობას“ (ესაია 31:2). ისრაელის წინამძღოლებს თავი ბრძენებად მოაქვთ. მაგრამ განა არის ვინმე სამყაროს შემოქმედზე ბრძენი? ზოგს შეიძლება სტრატეგიული თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად ეჩვენოს ეგვიპტისთვის დახმარების თხოვნა, მაგრამ ეს პოლიტიკური კავშირი იეჰოვას თვალში სულიერი მრუშობაა (ეზეკიელი 23:1—10). ამიტომაც, როგორც ესაია ამბობს, იეჰოვას „უბედურება მოაქვს“ ერისთვის.
9 ცხადია, შეუძლებელია ადამიანთა დანაპირებზე სრული დანდობა და არასაიმედოა ადამიანის მიერ გაწეული მფარველობა. ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას არასდროს სჭირდება ‘თავისი სიტყვების გადათქმა’. ის ყოველთვის ასრულებს აღთქმებს და ფუჭად არ უბრუნდება მას თავისი სიტყვა (ესაია 55:10, 11; 14:24).
10. რა დაემართება ეგვიპტესა და ისრაელს?
10 იქნებიან ეგვიპტელები ისრაელის საიმედო მფარველები? არა. ესაია ეუბნება ისრაელს: „კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან“ (ესაია 31:3). როგორც შემწე (ეგვიპტე), ისე შეწევნილი (ისრაელი) წაიფორხილებენ, დაეცემიან და დაიღუპებიან, როდესაც იეჰოვა მოუღერებს ხელს და აშურის მეშვეობით აღასრულებს თავის განაჩენს.
სამარიის დაცემა
11. როგორ სცოდავს ისრაელი და რა არის ამის შედეგი?
11 იეჰოვა თავისი მოწყალებით გამუდმებით უგზავნის წინასწარმეტყველებს ისრაელს, რათა აღძრას ის, რომ მოინანიოს და წმინდა თაყვანისმცემლობას დაუბრუნდეს (მეოთხე მეფეთა 17:13). მიუხედავად ამისა, ისრაელები არა მარტო ხბოსადმი თაყვანისცემით, არამედ მკითხაობით, ბაალის უზნეო თაყვანისმცემლობითა და აშერებისა და გორაკების გამოყენებითაც სცოდავენ. ისინი ‘ცეცხლშიც კი ატარებენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს’ და დემონურ ღმერთებს სწირავენ საკუთარ სისხლსა და ხორცს (მეოთხე მეფეთა 17:14—17; ფსალმუნი 105:36—39; ამოსი 2:8). ისრაელის ბოროტების აღმოსაფხვრელად იეჰოვა აცხადებს: «გაქრება [„დადუმდება“, აქ] სამარია თავისი მეფითურთ როგორც ქაფი [„ნაფოტი“, აქ] წყლის ზედაპირზე» (ოსია 10:1, 7). ძვ. წ. 742 წელს აშურის ჯარები ისრაელის სატახტო ქალაქ სამარიას უტევენ. სამწლიანი ალყის შემდეგ სამარია ეცემა და ძვ წ. 740 წლიდან ათი ტომის სამეფო აღარ არსებობს.
12. რა საქმიანობა სრულდება იეჰოვას ნებით ჩვენს დროში და რა დაემართებათ მათ, ვინც უგულებელყოფს იეჰოვას გაფრთხილებას?
12 ჩვენს დროში იეჰოვა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით აფრთხილებს „ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ“ (საქმეები 17:30; მათე 24:14). ის, ვინც უარს ამბობს იეჰოვას მიერ ხსნაზე, „ნაფოტს“ დაემსგავსება და ისრაელის განდგომილი ერივით განადგურდება. ღმერთზე დაიმედებულნი კი „დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:29). მაშ, რამდენად გონივრულია, მოვერიდოთ ისეთ შეცდომებს, რომლებსაც ძველი ისრაელის სამეფო უშვებდა! რამდენად მნიშვნელოვანია, მთელი იმედი იეჰოვას მიერ ხსნაზე დავამყაროთ.
იეჰოვას მხსნელი ძალა
13, 14. რა მანუგეშებელ სიტყვებს გადასცემს იეჰოვა სიონს?
13 ისრაელის სამხრეთ საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში იუდას სატახტო ქალაქი იერუსალიმი მდებარეობს. იერუსალიმის მცხოვრებთ კარგად ესმით, რა დაემართა სამარიას. ახლა მათ იგივე თავზარდამცემი მტერი ემუქრება, რომელმაც ბოლო მოუღო მათ ჩრდილოელ მეზობელს. გაითვალისწინებენ ისინი სამარიის მაგალითს?
14 ესაიას შემდგომი სიტყვები მანუგეშებელია იერუსალიმელთათვის. წინასწარმეტყველი არწმუნებს მათ, რომ იეჰოვას კვლავაც უყვარს თავისთან კავშირით შეკრული ხალხი: „ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის — ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე“ (ესაია 31:4). როგორც ლომი არ თმობს თავის მსხვერპლს, ისეთივე თავდადებით დაიცავს იეჰოვა თავის წმინდა ქალაქ სიონს. აშურის ჯარების ვერც კვეხნა, ვერც მუქარა და ვერც ყვირილი შეუშლის ხელს იეჰოვას განზრახვის განხორციელებას.
15. რა მხრივ ეპყრობა იეჰოვა სინაზითა და თანაგრძნობით იერუსალიმის მოსახლეობას?
15 ყურადღება მიაქციეთ, რა სინაზითა და თანაგრძნობით მოეპყრობა იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ: „როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს“ (ესაია 31:5). დედა ჩიტი ყოველთვის ფხიზლობს თავისი ბარტყების დასაცავად. გაშლილი ფრთებით თავს დასტრიალებს ბუდეს და ფხიზელი თვალით ნებისმიერი საფრთხის შენიშვნას ცდილობს. მტაცებლის გამოჩენაზე კი სწრაფად ეშვება დაბლა ბარტყების დასაცავად. იეჰოვაც სათუთად გაუფრთხილდება იერუსალიმის მოსახლეობას აშურის შემოსევის დროს.
‘დაბრუნდით, ხალხო’
16. ა) რას შეაგონებს იეჰოვა თავის ხალხს? ბ) როდის ხდება განსაკუთრებით აშკარა იუდას ხალხის განდგომილება? ახსენით.
16 ახლა იეჰოვა თავის ხალხს ახსენებს, რომ შესცოდეს და მოუწოდებს, მიატოვონ ცოდვილი გზები: «დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო [„ხალხო“, აქ], ვისაც ღრმად განუდექით [„განუდგნენ ისრაელის ძენი“, აქ]!» (ესაია 31:6). ისრაელის ათტომიანი სამეფო არ არის ერთადერთი განდგომილი. იუდაელნიც, რომლებიც ასევე „ისრაელის ძენი“ არიან, ‘ღრმად განუდგნენ’ იეჰოვას. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება ესაიას ამ წინასწარმეტყველური ცნობის გადაცემიდან მცირე ხანში, როდესაც ხიზკიაჰუს ძე, მენაშე, ადის ტახტზე. ბიბლიის ცნობის თანახმად, „აცთუნა მენაშემ იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა“ (მეორე ნეშტთა 33:9). წარმოიდგინეთ! იეჰოვამ უზნეობის გამო გადააშენა წარმართი ერები, მაგრამ იუდას მკვიდრნი — იეჰოვასთან კავშირით შეკრული ხალხი — მათზე უარესად იქცევიან.
17. რა მხრივ ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა მენაშეს დროინდელი იუდას მდგომარეობას?
17 დღეს, XXI საუკუნის გარიჟრაჟზე, მდგომარეობა მრავალმხრივ ჰგავს იუდაში მენაშეს მეფობის დროს შექმნილ მდგომარეობას. წუთისოფელს უფრო და უფრო აქუცმაცებს რელიგიური, რასობრივი და ეთნიკური სიძულვილი. მილიონობით ადამიანი ხდება შემაძრწუნებელი მკვლელობების, წამების, ძალადობისა და ეგრეთ წოდებული ეთნიკური წმენდის მსხვერპლი. უეჭველია, ხალხები და ერები — განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყაროს ერები — ძლიერ „განუდგნენ’“ ღმერთს. მაგრამ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მარადიულად არ დაუშვებს ბოროტების არსებობას. რის საფუძველზე? იმის საფუძველზე, რაც ესაიას დღეებში მოხდა.
იერუსალიმი გადარჩენილია
18. რა გაფრთხილებას აძლევს რაბშაკე ხიზკიაჰუს?
18 აშურელები თავიანთ ღმერთებს განადიდებენ ბრძოლებში გამარჯვებებისთვის. წიგნში „ძველი ახლო აღმოსავლეთის ტექსტები“ მოცემულია ასურბანიფალის, აშურის მეფის, სიტყვები, სადაც ის თავის წინამძღოლებად აღიარებს ‘აშურს, ბელსა და ნებოს, დიდებულ ღმერთებს, [თავის] მეუფეთ, რომლებიც (ყოველთვის) [მის] მხარეს არიან, [როდესაც ის] (გამოცდილ) მეომრებს ამარცხებს... დიდ ხელჩართულ ბრძოლებში’. ესაიას დღეებში აშურის მეფე სანხერიბის მიერ მეფე ხიზკიაჰუსთან გაგზავნილი რაბშაკეც ასეთივე რწმენას ამჟღავნებს. მისი აზრითაც, ღმერთები მონაწილეობენ ადამიანთა ომებში. ის აფრთხილებს იუდას მეფეს, რომ ვერაფერს მოუტანს იეჰოვაზე ხსნის იმედის დამყარება და ეუბნება, რომ ძლევამოსილი აშურისგან სხვა ერები ვერ დაიცვეს მათმა ღმერთებმა (მეოთხე მეფეთა 18:33—35).
19. როგორ რეაგირებს მეფე ხიზკიაჰუ რაბშაკეს გესლიან სიტყვებზე?
19 როგორ რეაგირებს მეფე ხიზკიაჰუ? ბიბლიაში ნათქვამია: „როცა გაიგონა ეს ხიზკიამ (ხიზკიაჰუმ), ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა“ (მეოთხე მეფეთა 19:1). მას ესმის, რომ მხოლოდ ერთადერთი პიროვნება არსებობს, ვინც ამ საზარელ მდგომარეობაში მის დახმარებას შეძლებს. ის ხელმძღვანელობისთვის თავმდაბლად მიმართავს იეჰოვას.
20. რას გააკეთებს იეჰოვა იუდას მცხოვრებთათვის და რა უნდა ისწავლონ მათ აქედან?
20 იეჰოვა სათანადოდ ხელმძღვანელობს მას. წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ის ამბობს: „მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს“ (ესაია 31:7). როდესაც იეჰოვა თავისი ხალხისთვის იბრძოლებს, გამოაშკარავდება სანხერიბის ღმერთების უსარგებლობა. ეს გაკვეთილი ყურად უნდა იღონ იუდაელებმა. მეფე ხიზკიაჰუს ღვთისადმი ერთგულების მიუხედავად, იუდა, ისევე როგორც ისრაელი, კერპებით არის სავსე (ესაია 2:5—8). იეჰოვასთან ურთიერთობის აღსადგენად, იუდას მცხოვრებლებმა ცოდვები უნდა მოინანიონ და „ყოველმა კაცმა“ თავისი უსარგებლო „კერპები“ უნდა უარყოს (იხილეთ გამოსვლა 34:14).
21. როგორ აღწერს ესაია წინასწარმეტყველურად იეჰოვას მიერ აშურის დასჯას?
21 ახლა ესაია წინასწარმეტყველურად აღწერს, როგორ დაისჯება იეჰოვას მიერ იუდას თავზარდამცემი მტერი: „არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ“ (ესაია 31:8). მტერთან შესაბრძოლებლად იერუსალიმის მკვიდრთ ქარქაშიდან მახვილის ამოღებაც კი არ მოუწევთ. აშურის ჯარების უძლიერეს ნაწილს არა ადამიანის მახვილი, არამედ იეჰოვას მახვილი ანადგურებს. აშურის მეფე სანხერიბი ‘მახვილს გაურბის’ და სამშობლოში ბრუნდება ანგელოზის მიერ 185 000 მეომრის გაწყვეტის შემდეგ. მოგვიანებით მას საკუთარი შვილები კლავენ, როდესაც თავისი ღმერთის, ნისროქის, სახლში ლოცულობს (მეოთხე მეფეთა 19:35—37).
22. რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს იქიდან, რაც ხიზკიაჰუსა და აშურის ჯარს გადახდა?
22 არც ხალხმა იცის და არც ხიზკიაჰუმ, როგორ იხსნის იეჰოვა იერუსალიმს აშურელთა ჯარისგან. მიუხედავად ამისა, ხიზკიაჰუ საუკეთესოდ იქცევა რთულ ვითარებაში, რითაც შესანიშნავ მაგალითს აძლევს მათ, ვინც დღეს ვარდება განსაცდელში (2 კორინთელთა 4:16—18). გასაგებია, რომ ხიზკიაჰუ შეშინებული იქნებოდა, როდესაც სისასტიკით ცნობილი აშურელები იერუსალიმზე გასალაშქრებლად მიდიოდნენ (მეოთხე მეფეთა 19:3). მაგრამ მას იეჰოვასადმი რწმენა ჰქონდა, და ამიტომაც მის ხელმძღვანელობას ეძებდა და არა ადამიანისას. რა დიდი კურთხევა იყო იერუსალიმისთვის მისი საქციელი! ღვთისმოშიში ქრისტიანებიც დღეს შეიძლება ძლიერ ღელავდნენ, როდესაც რთულ ვითარებაში არიან. შიშის გრძნობა ხშირად სრულიად გასაგებია. მაგრამ, თუ ‘ჩვენს ყველა საზრუნავს იეჰოვას მივანდობთ’, ის იზრუნებს ჩვენზე (1 პეტრე 5:7). იეჰოვა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში და გაგვაძლიერებს, რათა შევძლოთ რთულ მდგომარეობასთან გამკლავება.
23. რა მხრივ არის ბოლოს შიშით შეპყრობილი არა ხიზკიაჰუ, არამედ სანხერიბი?
23 ბოლოს არა ხიზკიაჰუ, არამედ სანხერიბია შიშით შეპყრობილი. ვიღას მიმართავს დახმარებისთვის? ესაია წინასწარმეტყველებს: «შიშით ჩაუვლის თავის კლდეს [„ჩაივლის მისი კლდე“, აქ] და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი — იერუსალიმში» (ესაია 31:9). სანხერიბის ღმერთები — მისი „კლდე“ და ბურჯი, რომლებზეც დაიმედებული იყო — იმედს გაუცრუებენ მას. ისინი თითქოს ‘შიშით ჩაივლიან’. გარდა ამისა, სანხერიბის მთავრებიც ვერაფრით შეძლებენ დახმარებას. მათაც შიში შეიპყრობს.
24. რას ვიგებთ ნათლად იქიდან, რაც აშურს დაემართა?
24 ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ღვთის ნებისმიერ პოტენციურ მოწინააღმდეგეს აუწყებს, რომ ვერავითარი იარაღი, ძალა და ტაქტიკა ხელს ვერ შეუშლის ღვთის განზრახვების განხორციელებას (ესაია 41:11, 12). აგრეთვე იმედგაცრუებას ვერ ასცდებიან ისინი, რომლებიც აცხადებენ, რომ ღმერთს ემსახურებიან, მაგრამ იმედს წუთისოფელზე ამყარებენ. ისინი, რომლებიც „არ უყურებენ ისრაელის წმიდას“, დაინახავენ, იეჰოვა როგორ ‘მოუტანს უბედურებას’ (ესაია 31:1, 2). ნამდვილად, საიმედო და სამარადისო თავშესაფარი მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა ღმერთია (ფსალმუნი 36:5).
[სქოლიო]
a როგორც ჩანს, ესაიას წიგნის 31-ე თავის პირველი სამი მუხლი, ძირითადად, ისრაელისადმი არის მიმართული. ბოლო ექვსი მუხლი კი იუდას ეხება.
[სურათი 319 გვერდზე]
იმედგაცრუებას ვერ ასცდება ის, ვინც ამ წუთისოფელში არსებულ მფარველ საშუალებებზე ამყარებს იმედს.
[სურათი 322 გვერდზე]
როგორც ლომი არ თმობს თავის მსხვერპლს, ისევე დაიცავს იეჰოვა თავის წმინდა ქალაქ სიონს.
[სურათი 324 გვერდზე]
ქვეყნიერება დაქუცმაცებულია რელიგიური, რასობრივი და ეთნიკური სიძულვილით.
[სურათი 326 გვერდზე]
ხიზკიაჰუმ იეჰოვას სახლს მიაშურა, ღმერთი რომ დახმარებოდა.