ძალა, სასწაულები
ძალა არის მოქმედების, რაიმეს კეთების ან სამუშაოს შესრულების უნარი; მასში აგრეთვე იგულისხმება ნიჭის ან მდგომარეობის შედეგად მიღებული ძალაუფლება ან გავლენა. ებრაული სიტყვები ქოახ და ʽოზ ითარგმნა „ძალად“ და „ძლიერებად“, გევურაჰ კი — „ძლევამოსილებად“, „სიძლიერედ“ ან „ძლიერებად“. ბერძნული სიტყვა დინამის კონტექსტიდან გამომდინარე ითარგმნა „ძალად“, „ძლიერებად“ და „სასწაულებად“.
მეექვსე შემოქმედებითი დღის შემდეგ ღმერთი „ისვენებს მთელი თავისი შემოქმედებითი საქმიანობისგან, ვინაიდან შექმნა ყველაფერი, რაც განზრახული ჰქონდა“ (დბ. 2:2, 3). შემოქმედებითი საქმეებისგან დასვენება არ ნიშნავს, რომ ღმერთი საერთოდ აღარ იყენებს თავის ძალას. მიწიერი ქმნილებების შექმნიდან 4 000-ზე მეტი წლის შემდეგ მისმა ძემ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (ინ. 5:17). იეჰოვას საქმიანობა მხოლოდ სულიერი სამყაროთი არ შემოიფარგლება. ბიბლიაში ჩაწერილია ადამიანთა მიმართ მისი ძალის გამოყენებისა და ძლევამოსილი საქმეების მოხდენის უამრავი შემთხვევა. მართალია, ზოგჯერ ის თავს იკავებდა მოქმედებისგან, მაგრამ, როცა მისი დრო დგებოდა, ის „მთელი ძლევამოსილებით“ მოქმედებდა (ეს. 42:13, 14; შდრ. ფს. 80:2; ეს. 63:15).
„შრომა“ მიზანმიმართულ მოქმედებაზე მიუთითებს. იეჰოვას საქმეები ერთმანეთისგან იზოლირებული, დამოუკიდებელი და ენერგიის ცვალებადი გამოვლინება კი არ იყო, არამედ ურთიერთშეთანხმებული და მიზანმიმართული. მართალია, სამყაროსა და ცოცხალი ქმნილებებისთვის იეჰოვა ენერგიის წყაროა (ფს. 136:25; 148:2—6; მთ. 5:45), მაგრამ მას ელექტროსადგურს ვერ შევადარებთ; მისი საქმეებიდან ჩანს, რომ ის პიროვნებაა და განზრახვები აქვს. ის საჭიროებისამებრ ერეოდა კონკრეტულ ადამიანთა თუ ხალხთა საქმეებში კონკრეტულ დროსა და ადგილას და ქმნიდა ისტორიას. როგორც „ცოცხალი და ჭეშმარიტი“ ღმერთი (1თს. 1:9; იეს. 3:10; იერ. 10:10), ის ცხადყოფს, რომ ყველაფერი იცის, რაც სამყაროში ხდება, მომხდარის შესაბამისად მოქმედებს და თავად ახორციელებს თავის განზრახვას.
მისი ძალის ნაირფეროვანი გამოვლინება ყოველთვის მის სიმართლესთან არის შეთანხმებული (ფს. 98:1, 2; 111:2, 3, 7; ეს. 5:16); ქმნილებები სწავლობენ მისი ძლევამოსილი საქმეებიდან. ამ საქმეებიდან ჩანს, რომ უნდა გვეშინოდეს მისი, რადგან ის არის „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ და ბოროტმოქმედთათვის „შთამნთქმელი ცეცხლი“; „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (იერ. 10:6, 7; გმ. 20:5; ებ. 10:26—31; 12:28, 29). მას ვერ მოვატყუებთ (გმ. 8:29).
მეორე მხრივ, მისი ძალა უფრო შთამბეჭდავად ვლინდება გულმართალი ადამიანების სასიკეთოდ, რომლებიც მთელი გულით ეძებენ მას. ის აძლიერებს მათ დაკისრებული საქმეების შესასრულებლად (ფს. 84:5—7; ეს. 40:29—31) და გასაჭირის გადასატანად (ფს. 46:1; ეს. 25:4). ღმერთი ზრუნავს თავის მსახურებზე და მხარში უდგას მათ (ფს. 145:14—16), იცავს, იხსნის და ათავისუფლებს საფრთხისა და აგრესიისგან (ფს. 20:6, 7). „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2მტ. 16:9). მათთვის, ვინც იცნობს ღმერთს, მისი სახელი „მტკიცე კოშკია“, რომელსაც შეუძლიათ თავი შეაფარონ (იგ. 18:10; ფს. 91:1—8). მისი ძლევამოსილი საქმეები არწმუნებს მათ, რომ ის ისმენს მასზე მინდობილთა ლოცვებს და, საჭიროების შემთხვევაში, უპასუხებს „შიშის მომგვრელი საქმეებით“, რომლებსაც სიმართლით აკეთებს (ფს. 65:2, 5). ვინაიდან ის თავის მსახურებთან ახლოსაა, შეუძლია მყისიერად უპასუხოს მათ (ფს. 145:18, 19; იუდ. 24, 25).
ღვთის ძალა შემოქმედებაში ვლინდება. ღვთის ძალაზე მოწმობს მთელი ფიზიკური სამყარო — უთვალავი, ვეებერთელა ვარსკვლავები (შდრ. იობ. 38:31—33) თუ მიწიერი ქმნილებები. მიწასაც გააჩნია ძალა (დბ. 4:12, შდრ. სსგ), რადგან ის წარმოქმნის საკვებს, რომელიც ძალას გვაძლევს (1სმ. 28:22). ყველა ცოცხალ ქმნილებას — ადამიანს, ცხოველსა თუ მცენარეს — აქვს ძალა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ პაწაწინა ატომებში, რომლებისგანაც მატერია შედგება, უზარმაზარი ძალაა. ზოგჯერ მეცნიერები მატერიას ენერგიის ორგანიზებულ ფორმას უწოდებენ.
ბიბლიაში ხშირად მოიხსენიება ღვთის, როგორც ცისა და დედამიწის შემოქმედის, ძლევამოსილება და ძლიერება (ეს. 40:25, 26; იერ. 10:12; 32:17). ებრაული სიტყვა ʼელ (ღმერთი), როგორც ჩანს, მომდინარეობს ფუძიდან, რომელიც ძლიერს ნიშნავს (შდრ. დბ. 31:29-ს, სადაც ეს სიტყვა გამოყენებულია ფრაზაში „ჩემს ხელს შესწევს ძალა [ʼელ]“).
ძალის განსაკუთრებული სახით გამოვლენის საჭიროება. ადამმა იცოდა, რომ იეჰოვა ღმერთი იყო მისი შემოქმედი, ერთადერთი მშობელი და სიცოცხლის მიმცემი. ღმერთმა მას გონებრივი და ფიზიკური ძალა მისცა და საქმეც დაავალა (დბ. 1:26—28; 2:15). მაგრამ თავისი ძალა მას შემოქმედის ნების თანახმად უნდა გამოეყენებინა და ის ღვთისგან ბოძებულ სხვა თვისებებთან — სიბრძნესთან, სამართლიანობასა და სიყვარულთან ერთად უნდა გამოევლინა.
ედემის ბაღში მომხდარი მოვლენების შედეგად ღვთის უზენაესობის კანონიერება ეჭვქვეშ დადგა. მიუხედავად იმისა, რომ საკამათო საკითხი ძირითადად მორალურ უფლებას ეხებოდა, საჭირო გახდა, ღმერთს თავისი ძალა განსაკუთრებული სახით გამოეყენებინა (იხ. იეჰოვა [საკამათო საკითხი ძირითადად მორალურ უფლებას ეხებოდა]). ადამი და ევა ურჩობისკენ ღვთის სულიერმა ძემ წააქეზა, რის გამოც ის ღვთის მოწინააღმდეგე (ებრ. სატან) გახდა. იეჰოვამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება და ურჩები გაასამართლა. ადამისა და ევას ედემის ბაღიდან გაძევება და ბაღის შესასვლელთან ერთგული ანგელოზების დაყენება ღვთის ძალის გამოვლინება იყო (დბ. 3:4, 5, 19, 22—24). ღვთის სიტყვა ძალადაკარგული და სუსტი კი არა, იმდენად ძლიერი იყო, რომ წინ ვერაფერი დაუდგებოდა (შდრ. იერ. 23:29). აშკარა იყო, რომ ის, როგორც უზენაესი ღმერთი, მზად იყო და შეეძლო კიდეც, თავისი სიტყვა მთელი თავისი ძალაუფლებით შეესრულებინა.
იეჰოვა თანმიმდევრულად შეუდგა თავისი განზრახვის შესრულებას (დბ. 3:15; ეფ. 1:8—11). დანიშნულ დროს ის ბოლოს მოუღებს ურჩ ადამიანებს და გველივით გასრესს პირველ ურჩ ანგელოზსა და მის დამქაშებს (შდრ. რმ. 16:20). მიუხედავად იმისა, რომ დრო მისცა სატანას თავისი განაცხადის დასამტკიცებლად, იეჰოვას უარი არ უთქვამს უზენაესობაზე. ის კვლავაც ასრულებდა თავის კანონიერ უფლებამოსილებას — საჭიროებისამებრ აჯილდოებდა ან სჯიდა ადამიანებს და მათი საქმეებისამებრ ასამართლებდა (გმ. 34:6, 7; იერ. 32:17—19). გარდა ამისა, ის ძალას თავისი მიწიერი წარმომადგენლების უფლებამოსილებისა და მათ მიერ გაცხადებული ცნობის სარწმუნოობის დასადასტურებლად იყენებდა.
ღმერთმა ამგვარად სიკეთე გამოავლინა ადამიანების მიმართ და დაამტკიცა, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი და გონიერი ქმნილებებისგან იმსახურებს მოწიწებულ შიშს, პატივისცემას, ნდობას, განდიდებასა და სიყვარულს (ფს. 31:24; 86:16, 17; ეს. 41:10—13). საუკუნეების განმავლობაში იეჰოვამ არაერთხელ დაარწმუნა თავისი მსახურები, რომ მისი ძალა არ გამოლეულა, ხელი არ დამოკლებულა და ყური არ დამძიმებულა ისე, რომ ვერ მოისმინოს (რც. 11:23; ეს. 40:28; 50:2; 59:1). რაც უფრო მნიშვნელოვანია, ძალის ამგვარი გამოყენებით მისი სახელი უფრო განდიდდა. ძალის გამოყენება არ ამცირებს მას და არ ლახავს მის რეპუტაციას, პირიქით, მას „საუცხოო სახელს“ უქმნის (იობ. 36:22, 23; 37:23, 24; ეს. 63:12—14).
წარღვნამდე და წარღვნის დროს. წარღვნამდე ადამიანები ბევრ რამეში ხედავდნენ ღვთის ძალას. მათ იცოდნენ, რომ ედემის ბაღში შესვლა შეუძლებელი იყო, რადგან შესასვლელში ძლიერი სულიერი ქმნილებები იდგნენ. ღმერთმა ცხადყო, რომ მისთვის სულერთი არ იყო ის, რაც დედამიწაზე ხდებოდა. მან მოიწონა აბელის მსხვერპლი, განაჩენი გამოუტანა მის მკვლელ ძმას, კაენს, და გააფრთხილა სხვები, რომ არ მოეკლათ ის (დბ. 3:24; 4:2—15).
დაახლოებით 1 400 წლის შემდეგ დედამიწა ბოროტებითა და ძალადობით აივსო (დბ. 6:1—5, 11, 12), რამაც ღვთის გულისწყრომა გამოიწვია. მან თავისი მსახურის, ნოეს მეშვეობით გააფრთხილა ხალხი, რის შემდეგაც წარღვნა მოავლინა იმის საჩვენებლად, რომ ბოროტ ადამიანებს არ მისცემდა დედამიწის განადგურების უფლებას. მან არ დააძალა ხალხს, მისთვის ეცათ თაყვანი, არამედ „სიმართლის მქადაგებელი ნოეს“ მეშვეობით მათ გამოსწორების შესაძლებლობა მისცა. ღმერთმა აგრეთვე ცხადყო, რომ შეეძლო გულმართალი ადამიანების დახსნა სავალალო მდგომარეობიდან (2პტ. 2:4, 5, 9). როგორც ნოეს დროს ბოროტების განადგურება არ „თვლემდა“ და ღვთის განაჩენი მოულოდნელად აღსრულდა მათზე, როცა წარღვნამ ისინი 40 დღეში წალეკა, ისევე იქნება მომავალშიც (2პტ. 2:3; დბ. 7:17—23; მთ. 24:37—39).
წარღვნის შემდეგ ცრუღმერთებთან დაპირისპირება. წმინდა წერილებიდან და უძველესი ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ წარღვნის შემდეგ ხალხი ჩამოსცილდა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლობას. არსებობს მტკიცებები, რომ წამყვანი როლი ამაში ითამაშა ნიმროდმა, „ძლიერმა მონადირემ, იეჰოვას მოწინააღმდეგემ“; აგრეთვე ცნობილია, რომ ცრუთაყვანისმცემლობის კერა ბაბელი (ბაბილონი) იყო (დბ. 10:8—12; 11:1—4, 9; იხ. ბაბელი; ბაბილონი №1; ღმერთები და ქალღმერთები). ღვთისგან დამოუკიდებლად და უნებართვოდ ბაბილონის გოდლის მშენებლობა ადამიანთა ძალისა და შესაძლებლობების დემონსტრირება იყო. მშენებლობის მიზანი ღვთის განდიდება კი არა, მშენებლებისთვის სახელის განთქმა იყო. ღმერთმა იცოდა, რომ ყველაფერი ამით არ დამთავრდებოდა. ისინი არაერთ ამბიციურ საქმეს წამოიწყებდნენ, რომლებიც უფრო მეტად ჩამოაშორებდა მათ ჭეშმარიტ ღმერთს, და დაუპირისპირდებოდნენ როგორც მას, ისე დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებულ მის განზრახვას. ღმერთმა ჩაშალა მათი გეგმები და ენები აურია, რის შემდეგაც ხალხი მთელ დედამიწაზე გაიფანტა (დბ. 11:5—9).
მითური ღვთაებების შედარება ჭეშმარიტ ღმერთთან. ბაბილონსა და იქიდან წასულ ადამიანთა მიგრაციის ადგილებში ნაპოვნი უძველესი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ კაცობრიობის ისტორიის ამ ადრეულ ეტაპზე ძალიან გავრცელდა ბუნების მითური ღვთაებების თაყვანისცემა (მაგ., ბაბილონელთა მზის ღმერთი შამაში და ქანაანელთა ნაყოფიერების ღმერთი ბაალი). ადამიანთა წარმოსახვაში ბუნების მითური ღვთაებები უკავშირდებოდა პერიოდულ ან ციკლურ მოვლენებს, მაგალითად, მზის ყოველდღიურ ამოსვლას, მზებუდობას, ბუნიობას (რომლებიც წელიწადის დროების ცვლას იწვევდა), ქარებსა და ქარიშხლებს, წვიმას, და შედეგად თესვისა და მოსავლის აღების დროს მიწის ნაყოფიერებას, და ა.შ. ბუნების ეს ძალები უპიროვნოა. ამიტომ ადამიანებმა მათ თავიანთი წარმოსახვით მიაწერეს პიროვნული თვისებები, რომელთა გამოც მათი ღმერთები, ძირითადად, ცვალებადი ხასიათისანი გახდნენ. მათ არ გააჩნდათ კონკრეტული მიზნები, ზნედაცემულები იყვნენ და არ იმსახურებდნენ თაყვანისცემასა და მსახურებას.
მაგრამ ხილული ცა და დედამიწა აშკარად მოწმობს ძალის აღმატებულ წყაროსა (რომელმაც დასაბამი მისცა ბუნების ყველა ძალასა და მოვლენას, რათა ურთიერთშეთანხმებულად ემოქმედათ) და მის ბრძნულ ჩანაფიქრზე. სწორედ ის იმსახურებს სიტყვებს: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გმც. 4:11). იეჰოვა ღმერთს არც ციური სხეულების მოძრაობა მართავს ან ზღუდავს და არც ბუნების სხვადასხვა ციკლი. ის თავის ძალას ქაოსურად ან არათანმიმდევრულად არ იყენებს. ღვთის ძალის გამოვლენის თითოეული შემთხვევა გარკვეულწილად გვიჩვენებს ღვთის პიროვნულ თვისებებს, ნორმებსა და განზრახვას. იმის შესახებ, თუ როგორ წარმოდგენას გვიქმნის ებრაული წერილები ღმერთზე, გერჰარდ კიტელის ახალი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში ნათქვამია: „უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ძალა კი არ არის, არამედ ის, ვისი ნებაც ამ ძალამ უნდა შეასრულოს და ვისაც ის უნდა მოემსახუროს. ყველგან [ებრაულ წერილებში] ის არის გადამწყვეტი“ (Theological Dictionary of the New Testament, ჯ. ბრომილის თარგმანითა და რედაქციით, 1971, ტ. II, გვ. 291).
როგორც რომაელების 1:18—25-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, ისრაელების მხრიდან ბუნების მითური ღვთაებების თაყვანისცემა იყო განდგომილება, ჭეშმარიტების მიჩქმალვა, სიცრუეზე გაცვლა და დიდი უგუნურება, რადგან შემოქმედის ნაცვლად ქმნილებას სცემდნენ თაყვანს. თუმცა უხილავია, იეჰოვა ღმერთმა თავისი თვისებები ცხადი გახადა ადამიანებისთვის. როგორც პავლემ აღნიშნა, „მისი უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“.
ღმერთი აკონტროლებს ბუნების ძალებს. თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად მოსალოდნელია, იეჰოვა ისე აკონტროლებდეს ბუნების ძალებს, რომ ადამიანები ამას აშკარად მის სახელს უკავშირებდნენ (ფს. 135:5, 6). მხოლოდ მზის, მთვარის, პლანეტებისა და ვარსკვლავების უცვლელი კურსით მოძრაობა, დედამიწის ატმოსფერული პირობების (იწვევს ქარს, წვიმასა და სხვა მოვლენებს) მათთვის დადგენილი კანონებისთვის მორჩილება, კალიების გუნდური გადაადგილება, ჩიტების მიგრაცია და სხვა ბუნებრივი მოვლენები საკმარისი არ არის, რომ ღმერთმა თავისი სახელი განწმინდოს მოწინააღმდეგეთა და ცრუთაყვანისმცემელთა თვალში.
იეჰოვამ ქმნილებები და ბუნებრივი ძალები თავისი ღვთაებრიობის დასამტკიცებლად განსაზღვრულ დროს განსაკუთრებული მიზნით, არადანიშნულებისამებრ გამოიყენა. ისეთ მოვლენებში, როგორიცაა გვალვა, ქარიშხალი ან სხვა მსგავსი, თავისთავად განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია, მაგრამ როცა მათი მეშვეობით იეჰოვას წინასწარმეტყველებები შესრულდა, ისინი განსაკუთრებული გახდა (შდრ. 1მფ. 17:1; 18:1, 2, 41—45). თუმცა ეს მოვლენები ხშირ შემთხვევაში მათი მასშტაბურობის, სიძლიერისა და ინტენსიურობის (გმ. 9:24) ან იმის გამო იყო განსაკუთრებული, რომ ისინი გაუგონარი სახით ან უჩვეულო დროს ხდებოდა (გმ. 34:10; 1სმ. 12:16—18).
მსგავსად, ბავშვის დაბადებაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ როცა ბავშვს აჩენს ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება უშვილო იყო, და თანაც სიბერეში (მაგ., სარა), ეს უკვე უჩვეულო მოვლენაა (დბ. 18:10, 11; 21:1, 2) და ღვთის ჩარევას ადასტურებს. სიკვდილიც ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ როცა ადამიანი იმ დროს და ისე კვდება, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო და სხვანაირად სიკვდილის მიზეზის ახსნა შეუძლებელია, ესეც უჩვეულოა და ღვთის ჩარევაზე მიუთითებს (1სმ. 2:34; 2მფ. 7:1, 2, 20; იერ. 28:16, 17). ყოველივე ეს ადასტურებს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია და ბუნების მითური ღვთაებები „არაფრის მაქნისი ღმერთებია“ (ფს. 96:5).
იეჰოვამ ცხადყო, რომ აბრაამის ღმერთი იყო. აბრაამი და მისი შთამომავლები, ისაკი და იაკობი, ღმერთს ყოვლისშემძლედ იცნობდნენ (გმ. 6:3). ის ფარივით იცავდა მათ და მათ ოჯახებს ძლიერი და გავლენიანი ადამიანებისგან (დბ. 12:14—20; 14:13—20; 15:1; 20:1—18; 26:26—29; ფს. 105:7—15). მოხუცი მშობლების მიერ ისაკის გაჩენამ ცხადყო, რომ იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია (დბ. 18:14; 21:1—3). ღმერთი აკურთხებდა თავის მსახურებს. შიმშილობის დროს ზრუნავდა მათზე (დბ. 12:10; 13:1, 2; 26:1—6, 12, 16; 31:4—13). „მთელი დედამიწის მოსამართლე“ იეჰოვამ ზნედაცემულ ქალაქებზე, სოდომსა და გომორაზე, განაჩენის აღსრულებისას გაითვალისწინა თავისი მეგობრის, აბრაამის თხოვნა და ერთგული ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად გადაარჩინა (დბ. 18:25; 19:27—29; იაკ. 2:23). ამ მამაკაცებს ყოველგვარი მიზეზი ჰქონდათ, მხოლოდ ის კი არ ერწმუნათ, რომ ღმერთი ცოცხალია, არამედ ისიც, რომ ის უხვად „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებ. 11:6). როცა ღმერთმა საყვარელი ვაჟის შეწირვა მოსთხოვა, აბრაამს ყველანაირი საფუძველი ჰქონდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ღმერთს შეეძლო ისაკი მკვდრეთითაც კი აღედგინა (ებ. 11:17—19; დბ. 17:7, 8).
იეჰოვამ ცხადყო, რომ ისრაელის ღმერთი იყო. ეგვიპტის მონობაში მყოფ ისრაელ ერს იეჰოვამ უთხრა: „მე ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“ (გმ. 6:6, 7). ფარაონი ეგვიპტის ღმერთებისა და ქალღმერთების ძალაზე ამყარებდა იმედს, რომ ისინი იეჰოვას საქმეებს ჩაშლიდნენ. ღმერთი გარკვეულ ხანს ითმენდა ფარაონის ურჩობას. მიზეზი ის იყო, რომ თავისი ძალა ეჩვენებინა და თავისი სახელი გაეცხადებინა მთელ დედამიწაზე (გმ. 9:13—16; 7:3—5). დრომ საშუალება მისცა ღმერთს, მრავალი ნიშანი და სასწაული მოეხდინა (ფს. 105:27). ათი სასჯელიდან გამოჩნდა, რომ შემოქმედს ძალაუფლება ჰქონდა წყალზე, მზეზე, მწერებზე, ცხოველებსა და ადამიანებზე (გმ. თ-ები 7—12).
ამ დროს იეჰოვამ აშკარად ცხადყო, რომ ბუნების მითურ ღვთაებებზე უპირატესობდა. ათი სასჯელი, მათ შორის სიბნელე, სეტყვა, კალიების შემოსევა და მსგავსი მოვლენები ღმერთმა ზუსტად იწინასწარმეტყველა. ამ სასჯელებს შემთხვევითობას ვერ მივაწერთ. ვინც ღვთის გაფრთხილებას ყურს დაუგდებდა, ზოგ სასჯელს თავს აარიდებდა (გმ. 9:18—21; 12:1—13). ღმერთმა განსაზღვრა, რა შედეგი მოჰყვებოდა ამა თუ იმ სასჯელს და ზოგ შემთხვევაში გამოყო ტერიტორია, სადაც სასჯელი არ გავრცელდებოდა, იმის საჩვენებლად, თუ ვინ იმსახურებდა მის კეთილგანწყობას (გმ. 8:22, 23; 9:3—7, 26). იეჰოვა თავისთვის სასურველ დროს მოავლენდა სასჯელს ან შეაჩერებდა (გმ. 8:8—11; 9:29). მიუხედავად იმისა, რომ ფარაონის გრძნეულმა ქურუმებმა მეტ-ნაკლებად გაიმეორეს პირველი ორი სასჯელი (შესაძლოა, ამას ეგვიპტელთა ღვთაებებს მიაწერდნენ), მესამე სასჯელის დროს თავიანთი ჯადოქრობით ვერაფერს გახდნენ და იძულებულები იყვნენ, ეღიარებინათ, რომ ამაში ღვთის ხელი ერია (გმ. 7:22; 8:6, 7, 16—19). მათთვის შეუძლებელი იყო ამ სასჯელების გაუქმება და თვითონაც მათი მსხვერპლი გახდნენ (გმ. 9:11).
იეჰოვამ ცხადყო, რომ ისრაელის ღმერთი იყო და ახლოს იყო მათთან, როცა ისინი ეგვიპტიდან გაათავისუფლა „გაწვდილი მკლავითა და დიდი სასჯელებით“ (გმ. 6:6, 7; კნ. 4:7). წითელ ზღვაზე ფარაონის ჯარის განადგურების შემდეგ „შეეშინდა ხალხს იეჰოვასი და ირწმუნეს იეჰოვა და მოსე, მისი მსახური“ (გმ. 14:31).
კანონის შეთანხმების დადება. ისრაელთან კანონის შეთანხმების დადებამდე იეჰოვამ არაერთი სასწაული მოახდინა — სინას უდაბნოში მილიონობით ადამიანს წყალი და საკვები მისცა და თავდამსხმელებზე გაამარჯვებინა (გმ. 15:22—25; 16:11—15; 17:5—16). წინასწარ დათქმულ ადგილზე, სინას მთაზე, იეჰოვამ შთამბეჭდავად აჩვენა, როგორ აკონტროლებდა ბუნების ძალებს (გმ. 19:16—19; შდრ. ებ. 12:18—21). ისრაელ ერს უნდა ეღიარებინა, რომ შეთანხმების ავტორი ღმერთი იყო და შეთანხმების პირობები დიდი მოკრძალებით უნდა მიეღო (კნ. 4:32—36, 39). ვინაიდან იეჰოვა მოსეს განსაკუთრებული სახით იყენებდა, ხალხს უნდა ერწმუნა, რომ მოსეს მიერ დაწერილი ხუთწიგნეული (წმინდა წერილების პირველი ნაწილი) ღვთისგან იყო შთაგონებული (შდრ. კნ. 34:10—12; იეს. 1:7, 8). როცა აარონის საგვარეულოს მღვდელმსახურება ეჭვქვეშ დააყენეს, იეჰოვამ ხილული ნიშნებით დაადასტურა თავისი არჩევანი (რც. თ-ები 16, 17).
ქანაანის დაპყრობა. იეჰოვას ღვთაებრიობას ადასტურებდა ქანაანის შვიდი ერის დაპყრობაც, რომლებიც ისრაელზე „მრავალრიცხოვანი და ძლიერები“ იყვნენ (კნ. 7:1, 2; იეს. 23:3, 8—11). ისრაელის სასიკეთოდ გაკეთებულმა ღვთის საქმეებმა გზა გაუკვალა ისრაელს (გმ. 9:16; იერ. 32:20, 21) და მათი მოწინააღმდეგეები „შიშმა და ძრწოლამ“ შეიპყრო (კნ. 11:25; გმ. 15:14—17). წინააღმდეგობის გაწევა მათი მხრიდან უმართებულო იყო, რადგან იცოდნენ, რომ ისრაელი ჭეშმარიტი ღვთის ხალხი იყო და მათთან ბრძოლა ღმერთთან ბრძოლას ნიშნავდა. როგორც მანამდე ზოგიერთმა ადამიანმა, ისე ამჯერად ზოგმა ქანაანელმა აღიარა, რომ იეჰოვა მათ კერპებზე აღმატებული იყო, და მისი კეთილგანწყობის მოპოვება მოინდომა (იეს. 2:1, 9—13).
მზისა და მთვარის გაჩერება. ალყაში მოქცეული გაბაონელების (ქანაანელები, რომლებმაც ირწმუნეს იეჰოვა) დასახმარებლად გასულ ისრაელებს იეჰოვამ დღე გაუხანგრძლივა, მებრძოლთა თვალში მზე და მთვარე მთელი დღით გააჩერა და ისრაელებს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა (იეს. 10:1—14). ამისთვის ღმერთს შეეძლო, შეეჩერებინა დედამიწის ბრუნვა, თუმცა იმავე შედეგის მისაღწევად შეეძლო მზისა და მთვარის სხივების გარდატეხა ან სხვა საშუალების გამოყენება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამჯერადაც გამოჩნდა, რომ „რაც სურს იეჰოვას, ყველაფერს აკეთებს ცაში თუ დედამიწაზე, ზღვაში თუ წყლის სიღრმეებში“ (ფს. 135:6). მოგვიანებით მოციქული პავლე წერდა: „ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია“ (ებ. 3:4). იეჰოვა თავის შექმნილ სამყაროში იმას გააკეთებს, რასაც მოისურვებს, როგორც ადამიანი თავის აშენებულ სახლში (შდრ. 2მფ. 20:8—11).
მომდევნო ოთხი საუკუნის განმავლობაში, მსაჯულების პერიოდში, იეჰოვა მხარში ედგა თავის ხალხს, როცა მისი ერთგულები იყვნენ, მაგრამ როცა ისინი სხვა ღმერთების თაყვანისცემას იწყებდნენ, იეჰოვაც შორდებოდა მათ (მსჯ. 6:11—22, 36—40; 4:14—16; 5:31; 14:3, 4, 6, 19; 15:14; 16:15—21, 23—30).
მეფეების დროს. ისრაელში 510-წლიანი მონარქიის განმავლობაში იეჰოვა ხშირად ძლიერი მკლავითა და მფარველი ხელით აკავებდა ძლევამოსილ მტრებს, არეულობას იწვევდა მათ ჯარებში, ხელს უშლიდა ბრძოლაში და უკუაქცევდა. ეს ერები არა მხოლოდ ბუნების მითურ ღვთაებებს სცემდნენ თაყვანს, არამედ ომის ღმერთებსა და ქალღმერთებს. ზოგ შემთხვევაში ქვეყნის მეთაურს ღმერთად მიიჩნევდნენ. ვინაიდან ისინი არ იშლიდნენ მისი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას, იეჰოვამ არაერთხელ აჩვენა მათ, რომ „მამაცი მეომარია“, „დიდებული მეფე“ და „ბრძოლაში ძლიერი“ (გმ. 15:3; ფს. 24:7—10; ეს. 59:17—19). იეჰოვა მთაშიც ებრძოდა მათ და ბარშიც, ბრძოლის ისეთ ტაქტიკას იყენებდა, რომ საგონებელში აგდებდა მათ ამაყ მეთაურებს, ამარცხებდა მრავალი ერის მეომრებს და წყობიდან გამოყავდა მათი საბრძოლო აღჭურვილობა (2სმ. 5:22—25; 10:18; 1მფ. 20:23—30; 2მტ. 14:9—12). მან ისეთი სიზუსტით გაუმჟღავნა თავის ხალხს მტრის გასაიდუმლოებული საბრძოლო გეგმები, თითქოს მათ სასახლეებში მოსასმენი მოწყობილობა ჰქონდა დამონტაჟებული (2მფ. 6:8—12). ზოგჯერ ის აძლიერებდა თავის ხალხს ბრძოლისთვის, ზოგჯერ კი უბრძოლველად ამარჯვებინებდა (2მფ. 7:6, 7; 2მტ. 20:15, 17, 22, 24, 29). იეჰოვამ შეარცხვინა ამ ერების ომის ღმერთები და გამოააშკარავა, რომ ისინი არაფრის მაქნისი ცრუღმერთები იყვნენ (ეს. 41:21—24; იერ. 10:10—15; 43:10—13).
გადასახლების დროს და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ ნება დართო ასურეთს, დაეპყრო ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო, ბაბილონს კი — იუდა, და ისინი გადაესახლებინათ, მან შეინარჩუნა დავითის საგვარეულო მასთან მარადიული სამეფოს შესახებ დადებული შეთანხმების შესასრულებლად (ფს. 89:3, 4, 35—37). გადასახლების დროს ის თავის ხალხს რწმენას უნარჩუნებდა, რადგან დანიელსა და სხვებს განსაკუთრებული სახით იყენებდა და სასწაულებს ახდენდა, რის გამოც ძლიერი მმართველებიც კი თავმდაბლად აღიარებდნენ მის ძალას (დნ. 3:19—29; 4:34—37; 6:16—23). იეჰოვამ დასცა ძლევამოსილი ბაბილონი და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ უბადლო ღმერთი იყო, გამოააშკარავა წარმართული ღვთაებების არარაობა და შეარცხვინა ისინი. მისი ხალხი ამის მოწმე იყო (ეს. 41:21—29; 43:10—15; 46:1, 2, 5—7). მან აღძრა სპარსეთის მეფეები, ისრაელის სასიკეთოდ ემოქმედათ. მათ გაათავისუფლეს ღვთის ხალხი და უფლება მისცეს, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, აღედგინათ ტაძარი, მოგვიანებით კი — იერუსალიმი (ეზრ. 1:1—4; 7:6, 27, 28; ნემ. 1:11; 2:1—8). ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ ეზრა ვეღარ სთხოვდა სპარსეთის მეფეს დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ მას და მის თანამგზავრებს $43 000 000-ზე მეტი ღირებულების ტვირთი მიჰქონდათ. მათ ლოცვაში სთხოვეს იეჰოვას დახმარება და მისი მფარველობით უსაფრთხოდ იმგზავრეს იერუსალიმამდე (ეზრ. 8:21—27).
ებრაული წერილების დასრულებიდან ღვთის ძის დედამიწაზე დაბადებამდე ღმერთი თავისი ძალით კვლავაც იცავდა ისრაელ ერს, დედაქალაქ იერუსალიმს და მეზობელ ქალაქ ბეთლემს, ტაძარს, სამღვდელოებასა და, ზოგადად, იუდაურ სისტემას, რათა იესო ქრისტესა და მის მსახურებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები შესრულებულიყო. ისტორიიდან ცნობილია, რომ იყო იუდაური სისტემის ელინიზმით ჩანაცვლების არაერთი მცდელობა, ანუ ბერძნული ღვთაებების თაყვანისმცემლობაზე იუდეველთა მოქცევის მცდელობა, რაც საბოლოოდ მარცხით დამთავრდა (იხ. საბერძნეთი, ბერძნები [ელინიზმის გავლენა ებრაელებზე]).
ქრისტე — ღვთის ძალა. იესოს სასწაულებრივი დაბადებიდან მოყოლებული ღვთის ძალა ვლინდებოდა მის მიმართ და მისი მეშვეობით ისე, როგორც არასდროს. ფსალმუნმომღერალივით ის „ბევრისთვის სასწაულად“ იქცა (ფს. 71:7). ესაიასა და მისი შვილების მსგავსად, იესო და მისი მოწაფეები „ნიშნები და სასწაულები“ იყვნენ „ისრაელში ლაშქართა ღვთისგან“, რადგან მომავალსა და ღვთის განზრახვას ამჟღავნებდნენ (ეს. 8:18; ებ. 2:13; შდრ. ლკ. 2:10—14). ღვთის მიერ ათასობით წლის მანძილზე გაკეთებულმა ძლევამოსილმა საქმეებმა იესოში გამოიღო ნაყოფი. მოციქულმა სწორად აღნიშნა, რომ იესო იყო „ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნე“ (1კრ. 1:24).
იესო იყო დიდი ხნის ნანატრი მესია, იეჰოვას ცხებული, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად, „ძლევამოსილების სულს“ გამოავლენდა (ეს. 11:1—5). მას სიტყვითა თუ საქმით უნდა დაემტკიცებინა, რომ მესია იყო (მქ. 5:2—5; შდრ. ინ. 7:31). ღმერთმა თავის ძეზე დამოწმება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის ქალწულმა მარიამმა გააჩინა (ლკ. 1:35—37). იესოს დაბადება უბრალოდ ღვთის ძალის შთამბეჭდავი გამოვლინება არ ყოფილა; ის კონკრეტულ მიზნებს ემსახურებოდა. იესო, სრულყოფილი ადამიანი, მეორე ადამი გახდა, რომელიც განწმენდდა თავისი მამის სახელს ღვთის პირველი მიწიერი ძის მიყენებული შეურაცხყოფისგან და დაამტკიცებდა, რომ სატანა ცრუობდა. გარდა ამისა, ის ცოდვისა და სიკვდილისგან მორჩილი ადამიანების გამოსყიდვის კანონიერ საფუძველს შექმნიდა (1კრ. 15:45—47; ებ. 2:14, 15; რმ. 5:18—21; იხ. გამოსასყიდი). დავითის ეს სრულყოფილი შთამომავალი მარადიული სამეფოს მემკვიდრე გახდებოდა (ლკ. 1:31—33).
ღმერთმა იესო თავისი სულით სცხო და ძალა მისცა (სქ. 10:38). მოსე „ძლიერი იყო სიტყვასა და საქმეში“. ვინაიდან იესო მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი იყო, ღვთისგან მხარდამჭერი მტკიცებებიც მეტი ჰქონდა (კნ. 34:10—12; სქ. 7:22; ლკ. 24:19; ინ. 6:14). შესაბამისად, ის ასწავლიდა „როგორც ძალაუფლების მქონე“ (მთ. 7:28, 29). როგორც მოსეს, იესო ნავეს ძისა თუ სხვების შემთხვევაში, ღმერთმა თავისი ძის შემთხვევაშიც შეუქმნა ხალხს მისადმი რწმენის საფუძველი (მთ. 11:2—6; ინ. 6:29). იესო არასდროს განადიდებდა საკუთარ თავს და ყოველთვის აცხადებდა, რომ სასწაულებს ის ღვთის ძალით ახდენდა (ინ. 5:19, 26; 7:28, 29; 9:3, 4; 14:10). გულმართალი ადამიანები აღიარებდნენ, რომ „ღვთის დიადი ძალა“ იესოს მეშვეობით ვლინდებოდა (ლკ. 9:43; 19:37; ინ. 3:2; 9:28—33; შდრ. ლკ. 1:68; 7:16).
რას მოასწავებდა იესოს სასწაულები?
იესოს სასწაულებმა დაადასტურა, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე და ცხადყო, რას გააკეთებდა ის, საბოლოო ჯამში, სიმართლის მოყვარულთათვის. იესოს სასწაულები, უმთავრესად, კაცობრიობის პრობლემებს უკავშირდებოდა. უპირველესი და უმთავრესი პრობლება ცოდვა და მისი სავალალო შედეგებია (მაგ., ავადმყოფობა და სიკვდილი). იესოს მიერ ადამიანების ნებისმიერი ავადმყოფობისგან განკურნებისა (მთ. 8:14, 15; ლკ. 6:19; 17:11—14; 8:43—48) და მიცვალებულთა აღდგენის უნარი (მთ. 9:23—25; ლკ. 7:14, 15; ინ. 11:39—44) ადასტურებდა, რომ ის ღმერთმა დანიშნა ცოდვისა და მისი შედეგებისგან კაცობრიობის გასათავისუფლებლად (შდრ. მრ. 2:5—12). იესო ქრისტე, „ჭეშმარიტი პური ზეციდან“, „სიცოცხლის პური“, ისრაელებისთვის უდაბნოში მიცემულ მანანაზე აღმატებული იყო (ინ. 6:31—35, 48—51). მან მოგვცა არა კლდიდან გადმოდენილი ჩვეულებრივი წყალი, არამედ „სიცოცხლის წყალი“ (ინ. 7:37, 38; გმც. 22:17; შდრ. ინ. 4:13, 14).
ქრისტეს სასწაულები მოასწავებდა სხვა კურთხევებსაც, რომლებსაც კაცობრიობა მისი მმართველობის დროს მიიღებდა. მაშინ როცა ელისემ ასი კაცი მხოლოდ 20 პურითა და მცირეოდენი მარცვლეულით დააპურა, იესო ქრისტემ ათასობით ადამიანი დააპურა გაცილებით ნაკლები საკვებით (2მფ. 4:42—44; მთ. 14:19—21; 15:32—38). მოსემ და ელისემ სასმელად უვარგისი წყალი გაამტკნარეს, იესომ კი წყალი საუკეთესო ღვინოდ აქცია და ხალისი შემატა მექორწილეებს (გმ. 15:22—25; 2მფ. 2:21, 22; ინ. 2:1—11). მისი მეფობის დროს არავინ იშიმშილებს, რადგან ის „ნადიმს გაუმართავს ყველა ხალხს“ (ეს. 25:6). იესოს შეუძლია აკურთხოს ადამიანის შრომა. მაგალითად, მოწაფეებმა მისი კურთხევით უამრავი თევზი დაიჭირეს. ეს გვარწმუნებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში არავის მოუწევს საარსებო მინიმუმით დაკმაყოფილება (ლკ. 5:4—9; შდრ. ინ. 21:3—7).
რაც უფრო მნიშვნელოვანია, იესოს ეს საქმეები ადამიანების სულიერ კეთილდღეობას ემსახურებოდა. მან სულიერად ბრმა, მუნჯი და სუსტი ადამიანები გააჯანსაღა. მან აგრეთვე უხვად მისცა თავის მოწაფეებს სულიერი საზრდო, დაარწმუნა, რომ არასდროს მოაკლდებოდათ ის და მათი მსახურება ნაყოფიერი იქნებოდა (შდრ. ლკ. 5:10, 11; ინ. 6:35, 36). ხალხის სასწაულებრივად დაპურების უმთავრესი მიზანი მათი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება კი არა, რწმენის განმტკიცება იყო (შდრ. ინ. 6:25—27). უპირველესად, მათ ღვთის სამეფო და მისი სიმართლე უნდა ეძებნათ და არა საჭმელ-სასმელი (მთ. 6:31—33). ამის მაგალითი თავად იესომ მისცა მათ, როცა თავისი ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უარი თქვა, ქვები პურებად ექცია (მთ. 4:1—3).
სულიერი თავისუფლება. ისრაელ ერს არაერთი ძლიერი მეომარი ჰყავდა, მაგრამ ღვთის ძალით იესო ადამიან მებრძოლებზე ძლიერ მტრებს უნდა შებრძოლებოდა. იესო იყო მხსნელი (ლკ. 1:69—74) და მთავარი მჩაგვრელებისგან, სატანისა და მისი დემონებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მოგვცა (ებ. 2:14, 15). გარდა იმისა, რომ იესომ პირდაპირი გაგებით ბევრი გაათავისუფლა დემონების ჩაგვრისგან (ლკ. 4:33—36), ჭეშმარიტების ქადაგებით მან გზა გაუხსნა ყველას, ვისაც სურდა ცრუ რელიგიის უღლის მხრებიდან გადაგდება და მისი მონობისგან გათავისუფლება (მთ. 23:4; ლკ. 4:18; ინ. 8:31, 32). მან ბოლომდე ერთგულება შეინარჩუნა, რითაც სძლია არა მხოლოდ რომელიმე ქალაქს ან იმპერიას, არამედ ქვეყნიერებას (ინ. 14:30; 16:33).
სასწაულების მიზანი. მიუხედავად იმისა, რომ იესო, ძირითადად, ყურადღებას მის მიერ გაცხადებულ ჭეშმარიტებაზე ამახვილებდა, ის ცხადყოფდა, რომ სასწაულებიც გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა და ადასტურებდა, რომ ის ღმერთმა გამოგზავნა და სიმართლეს ქადაგებდა. მათი ძირითადი მიზანი წინასწარმეტყველებების შესრულება იყო (ინ. 5:36—39, 46, 47; 10:24—27, 31—38; 14:11; 20:27—29). სასწაულების თვითმხილველებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ (მთ. 11:20—24; ინ. 15:24). პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს შეკრებილი ხალხის წინაშე თქვა, რომ ღმერთმა აშკარად დაანახვა მათ იესო „სასწაულებით, საკვირველებებითა და ნიშნებით, რომლებსაც ღმერთი მისი მეშვეობით ახდენდა“ მათ შორის, რაც თავადაც იცოდნენ (სქ. 2:22). ღვთის ძალის არაერთმა გამოვლინებამ ცხადყო, რომ ღვთის სამეფო მათ შორის იყო, მაგრამ მათ ყურადღება არ მიაქციეს (მთ. 12:28, 31, 32).
ღმერთი თავისი ძის მეშვეობით სასწაულებს ახდენდა, რათა „მრავალთა გულის ზრახვები“ გამჟღავნებულიყო (ლკ. 2:34, 35). მათ ეჩვენათ „იეჰოვას მკლავი“, მაგრამ უმეტესობას ამ მოვლენების მიღმა სხვა რამის დანახვა სურდა ან ისინი ეგოისტური მიზნების გამო ნანახის თანახმად არ იქცეოდნენ (ინ. 12:37—43; 11:45—48). ბევრს სურდა, ღვთის ძალის მეშვეობით პირადი გამორჩენა ჰქონოდა, მაგრამ მათ გულწრფელად არ სწყუროდათ ჭეშმარიტება და სიმართლე. მათ გულებს არ შეეხო თანაგრძნობა და სიკეთე, რამაც იესო უამრავი სასწაულის მოხდენისკენ აღძრა (შდრ. ლკ. 1:78; მთ. 9:35, 36; 15:32—37; 20:34; მრ. 1:40, 41; ლკ. 7:11—15 ლკ. 14:1—6-სა და მრ. 3:1—6-ს). იესო ამ მხრივაც მამას ჰბაძავდა (მრ. 5:18, 19).
ძალის მართებულად გამოყენება. იესო ყოველთვის მართებულად იყენებდა ძალას და სასწაულებს უბრალოდ სანახაობისთვის არ ახდენდა. უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა (მრ. 11:12—14; შდრ. მთ. 7:19, 20; 21:42, 43; ლკ. 13:6—9). იესომ უარი თქვა სატანის შეთავაზებული უსარგებლო სანახაობის მოწყობაზე. ტაძრის გალავნიდან გადახტომა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა და სავსებით განსხვავდებოდა წყალზე სიარულისგან, რაც იესომ იმიტომ გააკეთა, რომ ღამით გადასაადგილებელი საშუალება არ ჰქონდა (მთ. 4:5—7; მრ. 6:45—50). მან არ დააკმაყოფილა ჰეროდეს არასწორი მოტივებით გამოწვეული ცნობისმოყვარეობა და არანაირი ნიშანი არ მოახდინა (ლკ. 23:8). იესომ უარი თქვა ფარისეველთა და სადუკეველთა თხოვნაზე, „ციდან ნიშანი ეჩვენებინა“, რადგან ეს მათ იმაში დასარწმუნებლად კი არ უნდოდათ, რომ ღვთის სიტყვა სრულდებოდა, არამედ თავიანთი ურწმუნოების გასამართლებლად. მათ არასწორი მოტივები ჰქონდათ (მთ. 16:1—4; შდრ. მთ. 15:1—6; 22:23, 29).
ნაზარეთში ბევრმა ურწმუნოება გამოავლინა იესოსადმი, რის გამოც მას იქ ბევრი სასწაული არ მოუხდენია. რა თქმა უნდა, მიზეზი სასწაულების მოსახდენად არასაკმარისი ძალა არ ყოფილა, უბრალოდ, სხვადასხვა გარემოებამ არ მისცა ამის საშუალება. ღვთიური ძალა არ უნდა დახარჯულიყო სკეპტიკურად განწყობილებისთვის (მრ. 6:1—6; შდრ. მთ. 10:14; ლკ. 16:29—31). სხვების რწმენაც რომ არ განსაზღვრავდა, მოახდენდა თუ არა იესო სასწაულებს, იქიდან გამოჩნდა, რომ მან მღვდელმთავრის მონას, რომელიც იესოს დასაპატიმრებლად მისულთა შორის იყო, ჩამოთლილი ყური გაუმთელა (ლკ. 22:50, 51).
სულიერი ცხოვრებისთვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგენა ღვთის ძალის უდიდესი გამოვლინება იყო. იესო მკვდრეთით რომ არ აღმდგარიყო, ქრისტიანების რწმენა ფუჭი იქნებოდა და მისი მიმდევრები „ყველაზე საცოდავები“ იქნებოდნენ (1კრ. 15:12—19). სწორედ ამ მოვლენაზე საუბრობდნენ ქრისტეს მოწაფეები ყველაზე ხშირად და ეს მოვლენა ყველაზე მეტად უძლიერებდა მათ რწმენას. დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს ღვთის ძალის გამოვლენაში მანძილი ხელს არ უშლიდა (მთ. 8:5—13; ინ. 4:46—53). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზეცად ამაღლების შემდეგაც იესომ თავისი მიმდევრები ღვთის სულით სცხო, რამაც მათ იესოს არყოფნის მიუხედავადაც შეაძლებინა სასწაულების მოხდენა. ამ მოვლენით ქრისტემ დაადასტურა მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოწაფეების მტკიცება (სქ. 4:33; ებ. 2:3, 4) და ის, რომ ღმერთმა მოიწონა ეს ჯგუფი, ანუ მისი კრება (სქ. 2:1—4, 14—36, 43; 3:11—18).
იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძე დედამიწაზე აღარ ცხოვრობდა. ამას ადასტურებდა მოციქულებისა და სხვების ხელით მოხდენილი მრავალი სასწაული, ნიშანი თუ საკვირველება (სქ. 4:29, 30; 6:8; 14:3; 19:11, 12). მოციქულები თავიანთი ბატონის მსგავსად ახდენდნენ სასწაულებს, კურნავდნენ კოჭლებსა (სქ. 3:1—9; 14:8—10) და ავადმყოფებს (სქ. 5:12—16; 28:7—9), აცოცხლებდნენ მკვდრებს (სქ. 9:36—41; 20:9—11) და დევნიდნენ დემონებს (სქ. 8:6, 7; 16:16—18). ამ ყველაფერს ისინი განდიდებისა თუ პირადი გამორჩენის გარეშე აკეთებდნენ (სქ. 3:12; 8:9—24; 13:15—17). მათი მეშვეობით ღმერთს ბოროტმოქმედებისთვის განაჩენი გამოჰქონდა, როგორც ამას ადრე წინასწარმეტყველების მეშვეობით აკეთებდა და ხალხს როგორც მისი, ისე მისი წარმომადგენლების მიმართ პატივისცემას უნერგავდა (სქ. 5:1—11; 13:8—12). მათ უცხო ენებზე ლაპარაკისა და ნათქვამის განმარტების ძღვენიც მიეცათ. ესეც მათდა სასიკეთოდ იყო, რადგან მალე მათი სამქადაგებლო საქმიანობა ისრაელის საზღვრებს გასცდებოდა და იეჰოვას საოცარი საქმეების შესახებ სხვა ერებსაც გააგებინებდნენ (1კრ. 12:4—11; ფს. 96:3, 7).
იეჰოვა ღმერთმა სხვა მხრივაც გამოიყენა თავისი ძალა: ზოგ ტერიტორიაზე მოციქულებს ქადაგების კარი გაუხსნა, იცავდა მათგან, ვინც მათთვის ხელის შეშლას ცდილობდა, ხელმძღვანელობდა მათ საქმიანობას და ამ ყველაფერს, უმეტესწილად, სხვებისთვის შეუმჩნევლად აკეთებდა (სქ. 5:17—20; 8:26—29, 39, 40; 9:1—8; 10:19—22, 44—48; 12:6—11; 13:2; 16:6—10, 25—33; 18:9, 10; 1კრ. 16:8, 9).
ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღვთის სულით მოციქულებისთვის მიცემული სასწაულებრივი ძღვენი და მისი სხვებისთვის გადაცემა მხოლოდ ქრისტიანული კრების ადრეულ ეტაპზე იქნებოდა საჭირო, შემდეგ კი გაუქმდებოდა (1კრ. 13:8—11; იხ ძღვენი ღვთისგან [სულის ძღვენი]). მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „ცნობილია, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ პირველი ასი წლის განმავლობაში ადრინდელი ქრისტიანები სასწაულებს ძალიან იშვიათად ახდენდნენ“ (Cyclopædia, ტ. VI, გვ. 320). მიუხედავად ამისა, იესოსა და მის მოციქულებს ნათქვამი ჰქონდათ, რომ ღვთის მტრები — განდგომილები და სიმბოლური მხეცი — ცრუ ნიშნებსა და საკვირველებებს მოახდენდნენ (მთ. 7:21—23; 24:23—25; 2თს. 2:9, 10; გმც. 13:11—13; იხ. მხეცები, სიმბოლური).
ღვთის ძალა არნახულად გამოვლინდება, როცა იესო ქრისტე დაამყარებს სამეფოს, რასაც გასამართლება მოჰყვება.
იხ. სასწაულები