მკრეხელობა
(ბერძ. ბლასფემია) ეს ბერძნული სიტყვა, ძირითადად, ნიშნავს ღვთის ან ადამიანების შესახებ საზიანო, ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ საუბარს (შდრ. გმც. 16:11; მთ. 27:39). თუმცა ქართულ სიტყვა „მკრეხელობას“, ძირითადად, ღვთის ან სიწმინდეების მიმართ უპატივცემულო ან შეურაცხმყოფელი საუბრის აღსანიშნავად იყენებენ. ამგვარად, მკრეხელური სიტყვები სრულიად ეწინააღმდეგება ღვთისადმი პატივისცემისა და მოკრძალების გამომხატველ სიტყვებს (იხ. შეურაცხმყოფელი სიტყვები).
ვინაიდან ღვთის პირველ მოწინააღმდეგეს ბერძნულად ეწოდა დიაბოლოს (ეშმაკი ან ცილისმწამებელი), აშკარაა, რომ სწორედ ის იყო პირველი ღვთისმგმობელი. ედემის ბაღში მან იეჰოვა ევას თვალში ცრუდ წარმოაჩინა, თუმცა ეს მისთვის პირდაპირ არ უთქვამს (დბ. 3:1—5). მას შემდეგ სატანა ღვთის გმობისკენ მთავარ წამქეზებლად რჩება (ინ. 8:44—49).
ვინაიდან აბელი უკვე დიდი ხნის წინათ მიმართავდა ღმერთს სახელით, წარღვნამდე მცხოვრები ენოშის დროს ხალხის მიერ „იეჰოვას სახელის ხსენების“ დაწყება, როგორც ჩანს, მის უღირსად მოხსენიებაზე მიანიშნებდა (დბ. 4:26; ებ. 11:4). თუ ღვთის სახელის მოხსენიებაში იგულისხმება იეჰოვას სახელის ადამიანებისთვის ან კერპებისთვის უმართებულოდ წოდება, როგორც ზოგ ბიბლეისტს მიაჩნია, მაშინ ეს მკრეხელობა იქნებოდა (იხ. ენოში).
ერთგულ იობს აღელვებდა, ხომ არ გმობდნენ მისი შვილები ღმერთს გულში ცოდვილი ფიქრებით. მაშინაც კი, როცა დიდი განსაცდელი დაატყდა თავს, „არ შეუცოდავს იობს და ცუდი არაფერი დაუბრალებია ღვთისთვის“, მიუხედავად იმისა, რომ სატანა მცდელობას არ აკლებდა, მას ღმერთი დაეგმო (იობ. 1:5, 11, 20—22; 2:5—10). იობის სამმა მეგობარმა, ნებსით თუ უნებლიეთ, ღმერთი არასწორად დაახასიათეს და ბოროტი გამოიყვანეს, თანაც იობს შემპარავად უთხრეს, რომ სიტყვითა და საქმით მკრეხელობდა (იობ. 15:6, 25; 32:3; 42:7, 8).
მკრეხელობა და მოსეს კანონი. ათი მცნებიდან პირველი სამი ხაზს უსვამს იეჰოვა ღმერთის, როგორც სამყაროს უზენაესი ხელისუფლის მდგომარეობას და მის განსაკუთრებულ უფლებას, რომ თაყვანისცემა მხოლოდ მას ეკუთვნის. მესამე მცნება გვაფრთხილებს: „არ ახსენო უღირსად შენი ღვთის, იეჰოვას სახელი, რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უღირსად ახსენებს მის სახელს“ (გმ. 34:28; 20:1—7). კანონით განისჯებოდა ღვთისა და ხალხის თავკაცის დაწყევლა (გმ. 22:28). კანონის მიცემის შემდეგ ღვთის გმობის პირველი შემთხვევა, რომელიც ბიბლიაში ჩაიწერა, ეხებოდა ისრაელი ქალისა და არაისრაელი კაცის შვილს, რომელმაც ისრაელ კაცთან ჩხუბის დროს „შეურაცხყო და დასწყევლა ღვთის სახელი“. იეჰოვამ ბრძანა, ჩაექოლათ ეს კაცი, და დაადგინა, რომ მსგავსად დაესაჯათ „ღვთის სახელის შეურაცხმყოფელი“ მკვიდრიც და ხიზანიც (ლვ. 24:10—16).
ამის შემდეგ მალევე ისრაელთა დიდმა ნაწილმა იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინვა დაიწყო. იეჰოვამ მათ უდაბნოში 40 წლით ხეტიალი მიუსაჯა და თქვა, რომ 20 წლიდან ზემოთ ყველანი უდაბნოში დაიხოცებოდნენ (რც. 14:1—4, 11, 23, 29; კნ. 1:27, 28, 34—39). მკრეხელური აზროვნებით ისინი იქამდე მივიდნენ, რომ ღვთის ერთგული მსახურების ჩაქოლვაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი (რც. 14:10). მიუხედავად იმისა, რომ კორახი, დათანი და აბირამი ღვთის წარმომადგენელი მოსესა და აარონის წინააღმდეგ შეურაცხმყოფლად ლაპარაკობდნენ, ამ კაცებსა და მათ სახლეულობაზე ღვთის განაჩენის აღსრულებამდე მოსემ ყველას გასაგონად თქვა: „მაშინ გაიგებთ, რომ ეს ხალხი უპატივცემულოდ მოჰქცევია იეჰოვას“. იეჰოვასადმი მათი უპატივცემულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის მიერ დანიშნულ მამაკაცებს (რც. 16:1—3, 30—35).
მაშინაც კი, თუ ადამიანი არაფერს ამბობდა ღვთის წინააღმდეგ, ღვთის კანონის დარღვევა მას იეჰოვას გმობად ანუ მკრეხელობად ეთვლებოდა. ღვთის კანონის უნებლიე დამრღვევი ისრაელი თუ ხიზანი პატიებას მიიღებდა, მაგრამ კანონის განზრახ დამრღვევი სიკვდილით დაისჯებოდა, როგორც ღვთის მგმობელი და იეჰოვას სიტყვისა და მცნების არად ჩამგდები (რც. 15:27—31; შდრ. კნ. 31:20; ნემ. 9:18, 26).
ებრაულ წერილებში ჩაწერილი მკრეხელობის სხვა მაგალითებია ელის ვაჟებისა (1სმ. 3:12, 13) და წარმართი რაბშაკეს, ასურელი დიდებულის შემთხვევები (2მფ. 19:4—6, 22, 23). უდანაშაულო ნაბოთი ორი ცრუმოწმის ჩვენების საფუძველზე ღვთის გმობაში დაადანაშაულეს და სიკვდილით დასაჯეს (1მფ. 21:10—13). მოგვიანებით ღმერთმა გაკიცხა ცრუწინასწარმეტყველები, რომლებიც გულს უმშვიდებდნენ მათ, ვინც იეჰოვას უპატივცემულოდ ეპყრობოდა (იერ. 23:16, 17). იეჰოვამ არაორაზროვნად გააფრთხილა ისრაელები, რომ მის შეურაცხმყოფელთ საზღაურს მიუზღავდა (ეს. 65:6, 7; შდრ. ფს. 10:13; ეს. 8:20—22). ისრაელთა განდგომილების გამო სხვა ერები შეურაცხყოფდნენ იეჰოვას სახელს (ეს. 52:4, 5; ეზკ. 36:20, 21).
დროთა განმავლობაში რაბინთა სწავლებებმა ხელი შეუწყო მცდარი შეხედულების გავრცელებას, თითქოსდა ლევიანების 24:10—23-ის თანახმად, ღვთის სახელის, იეჰოვას ხსენება მკრეხელობა იყო. ამასთან, თალმუდის მიხედვით, თუ რელიგიური მსაჯულები მოისმენდნენ ბრალდებულის პირიდან მკრეხელურ სიტყვებს, ისინი 2 მეფეების 18:37-ისა და 19:1—4-ის თანახმად უნდა მოქცეულიყვნენ და ტანსაცმელი უნდა შემოეხიათ (The Jewish Encyclopedia, 1976, ტ. III, გვ. 237; შდრ. მთ. 26:65).
მკრეხელობა და ბერძნული წერილები. ზემოთ მოხსენიებული ესაიას 52:2-ისა და ეზეკიელის 36:20, 21-ის ციტირებისას მოციქულმა პავლემ რომაელების 2:24-ში გამოიყენა მონათესავე ბერძნული ზმნა ბლასფემეო, რომელიც ბლასფემიას ძირითადი მნიშვნელობის გაგებაში გვეხმარება.
მკრეხელობაში იგულისხმება ღვთის თვისებებისა თუ უფლებების მითვისება ან სხვა ადამიანებისა თუ საგნებისთვის მათი მინიჭება (შდრ. სქ. 12:21, 22). იუდეველი რელიგიური წინამძღოლები იესო ქრისტეს მკრეხელობაში ადანაშაულებდნენ, რადგან ზოგ ადამიანს უთხრა, რომ ცოდვები ეპატიათ (მთ. 9:2, 3; მრ. 2:5—7; ლკ. 5:20, 21). მათ სურდათ, ჩაექოლათ ის, როგორც ღვთისმგმობელი, რადგან საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებდა (ინ. 10:33—36). როცა იესომ სინედრიონს განუცხადა, რა განიზრახა ღმერთმა მისთვის და რა მაღალ მდგომარეობას დაიკავებდა, მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და იესო მკრეხელობაში დაადანაშაულა, რის გამოც ის სიკვდილის ღირსად ჩათვალეს (მთ. 26:63—66; მრ. 14:61—64). რომი არ აძლევდა მათ სიკვდილით დასჯის უფლებას, ამიტომ რელიგიურმა წინამძღოლებმა ხრიკს მიმართეს და პილატეს წინაშე იესოს მკრეხელობა კი არა, ამბოხებისკენ წაქეზება დააბრალეს (ინ. 18:29—19:16).
იესო ღვთის ძე და ღვთის წარმომადგენელი იყო, ამიტომ მის წინააღმდეგ ნათქვამი სიტყვები შეიძლებოდა მკრეხელობად ჩათვლილიყო (ლკ. 22:65). ამასთან, რადგან წმინდა სული ანუ მოქმედი ძალა ღვთისგან მომდინარეობს და მჭიდროდ უკავშირდება ღვთის პიროვნებას, იესომ მოიხსენია „წმინდა სულის გმობა“ და თქვა, რომ ეს უპატიებელი ცოდვაა (მთ. 12:31; მრ. 3:28, 29; ლკ. 12:10). ბიბლიიდან ჩანს, რომ მკრეხელობა გულიდან მოდის (მთ. 15:19; მრ. 7:21, 22). ამიტომ წმინდა სულის გმობა გულის მდგომარეობით არის განპირობებული, რომელიც წინასწარგანზრახული მოქმედებით ვლინდება. შემთხვევიდან, რომელმაც იესო იმის სათქმელად აღძრა, რომ სულის გმობა არავის ეპატიება, ჩანს, რომ უპატიებელ ცოდვაში ღვთის სულის მოქმედების წინაააღმდეგ წასვლა იგულისხმება. ადამიანი არ მოიქცეოდა ასე იმის გამო, რომ შეცდომაში იყო შეყვანილი ან სისუსტემ და არასრულყოფილებამ სძლია. ის საკუთარი ნებით და განზრახ შეეწინააღმდეგებოდა წმინდა სულს. ფარისევლები ნათლად ხედავდნენ, რომ იესოში, რომელიც კარგ საქმეებს აკეთებდა, ღვთის სული მოქმედებდა, მაგრამ თავიანთი ეგოისტური მიზნებიდან გამომდინარე ამ ძალას ბელზებელს, სატანა ეშმაკს მიაწერდნენ, რითაც გმობდნენ ღვთის წმინდა სულს (მთ. 12:22—32; შდრ. ებ. 6:4—6; 10:26, 27).
იესოს მსგავსად, მკრეხელობაში სტეფანეც დაადანაშაულეს და აწამეს (სქ. 6:11—13; 7:56—58). სავლე (მოგვიანებით პავლე) ღვთისმგმობელი იყო და აიძულებდა ქრისტიანებს, „თავიანთი რწმენა დაეგმოთ“. თუმცა გაქრისტიანების შემდეგ პავლესაც მკრეხელურად ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველები. ეფესოში მის მოწინააღმდეგეთაგან ზოგმა მისი სწავლება ღვთაება არტემიდას გმობად ჩათვალა (სქ. 13:45; 19:37; 26:11; 1ტმ. 1:13). პავლემ ჰიმენეოსი და ალექსანდრე კრებიდან გარიცხვით სატანას გადასცა, რათა ჭკუა ესწავლათ და აღარ დაეგმოთ ღმერთი (1ტმ. 1:20; შდრ. 2ტმ. 2:16—18). იაკობის სიტყვებიდან ჩანს, რომ მდიდრები მიდრეკილნი იყვნენ, დაეგმოთ ის კარგი სახელი, რომლითაც ქრისტიანები იწოდებოდნენ (იაკ. 2:6, 7; შდრ. ინ. 17:6; სქ. 15:14). „ბოლო დღეებში“ ბევრი იქნებოდა ღვთისმგმობელი (2ტმ. 3:1, 2), რაც წიგნ „გამოცხადებაშიც“ არის ნაწინასწარმეტყველები (გმც. 13:1—6; 16:9—11, 21; 17:3).