გონება
ტვინის მიერ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და დასკვნის გამოტანის უნარი. „გონებად“ ნათარგმნია რამდენიმე ბერძნული სინონიმური სიტყვა, რომელთაც შემდეგი მნიშვნელობებიც აქვთ: აზროვნება, აღქმა, ცოდნის შეძენა, განსჯა, ფიქრი, განზრახვა, დამახსოვრება, ფსიქიკური მდგომარეობა, თვალსაზრისი, მიდრეკილება, დამოკიდებულება და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ზოგ თარგმანში სიტყვა „გონების“ ნაცვლად გამოიყენება მისი რომელიმე აღწერითი სიტყვა. ებრაული წერილების ზოგიერთ თარგმანში ებრაული სიტყვები „გული“ და „სული“ „გონებად“ არის ნათარგმნი (შდრ. კნ. 4:39, სქ. Rbi8; 2მფ. 9:15, Ro; ეზკ. 20:32, JB; იხ. გული).
გონების აღმძვრელი ძალის განახლება. არასრულყოფილი ადამიანის გონება ბუნებრივად ცუდისკენ არის მიდრეკილი. ბიბლია ამას „ხორციელ გონებას“ უწოდებს (კლ. 2:18). პავლე მოციქული ქრისტიანებს შეახსენებდა, რომ ისინი ადრე ღვთის მტრები იყვნენ, რადგან მათი „გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული“ (კლ. 1:21).
„ხორციელი“ კაცის გონება „სულიერი“ კაცის გონებისგან განსხვავებით მატერიალისტურია. მისი გონების აღმძვრელ ძალას ნაწილობრივ მემკვიდრეობითობა აყალიბებს, ნაწილობრივ — შეძენილი ცოდნა და გამოცდილება. რაიმე გადაწყვეტილების წინაშე დგომისას მას ეს ძალა მატერიალურისკენ ანუ ხორციელისკენ უბიძგებს. ამიტომაც მოუწოდებდა პავლე ქრისტიანებს, განეახლებინათ „გონების აღმძვრელი ძალა [სული]“ (ეფ. 4:23). ღვთის ჭეშმარიტი სიტყვის შესწავლითა და მისი სულის დახმარებით ეს აღმძვრელი ძალა შეიძლება შეიცვალოს და სწორი მიმართულებით განვითარდეს, და როცა ადამიანი ამა თუ იმ გადაწყვეტილების წინაშე დადგება, ეს ძალა მის გონებას აღძრავს, საკითხს სულიერი თვალით შეხედოს (1კრ. 2:13—15). ასეთი ადამიანი „ქრისტეს გონებას“ იძენს. ქრისტეს ეს ძალა მუდამ სწორის კეთებისკენ აღძრავდა. მისი გონებისთვის ყოველთვის სულიერი აზროვნება იყო დამახასიათებელი (1კრ. 2:16; რმ. 15:5).
მხოლოდ ცოდნა და ინტელექტი არ კმარა ღვთის მოწონების დასამსახურებლად, რადგან ისინი თავისთავად ვერ აღძრავენ ადამიანს ღვთის ნების შესრულებისკენ (რმ. 12:2). იეჰოვამ თქვა: „ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და ჭკვიანთა ჭკუას უკუვაგდებ“ (1კრ. 1:19). გაგების უნარის (იგ. 4:5—7; 1კრ. 2:11), სიბრძნისა და საღი აზროვნების შესაძენად (ეფ. 1:8, 9) ღვთის სულის დახმარებაა საჭირო.
გონების კანონი. მოციქული პავლე განახლებული გონების აღმძვრელ ძალას გონების კანონს უწოდებს. ეს კანონი გონებას ღვთის კანონისამებრ მართავს. თავის მხრივ, განახლებულ გონებასაც სიამოვნებს ღვთის კანონი. მაგრამ დაცემულ სხეულში მოქმედი ცოდვის კანონი გონების კანონს ებრძვის, ამიტომ ქრისტიანში მუდმივი კონფლიქტი მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, მას შეუძლია გაიმარჯვოს ღვთის დახმარებითა და უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით. ღმერთი თავისი წყალობისა და ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე პატიობს მას ცოდვებს და წმინდა სულით ეხმარება. პავლეს თქმით, არაქრისტიანისგან განსხვავებით ქრისტიანი „გონებით ღვთის კანონის“ მონაა, „ხორცით კი — ცოდვის კანონისა“ (რმ. 7:21—25; გლ. 5:16, 17).
როგორ იმარჯვებს გონება ამ ბრძოლაში? მოციქული პავლე ამ საკითხს შემდეგნაირად ხსნის: „ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ, ხოლო სულით მავალნი — სულისაზე. ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს, სულისაზე ფიქრი კი — სიცოცხლესა და მშვიდობას. ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება ... და თუ მკვიდრობს თქვენში მისი სული, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო მკვდრეთით აღადგინა, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენში მკვიდრობს“ (რმ. 8:5—11).
„სულის ზრახვა“. რომაელების 8:26, 27-ში პავლე აღნიშნავს, რომ ხანდახან ლოცვის დროს ღვთის მსახურებმა არ იციან, ზუსტად როგორ გამოთქვან თავიანთი სათხოვარი. მაგრამ ღმერთმა იცის, რომ მათ მისი ნების შესრულება სურთ და ისიც იცის, რა სჭირდებათ. წარსულში მან წმინდა წერილებში თავის მსახურებს შთაგონებით მრავალი ლოცვა ჩააწერინა, რომლებშიც მათდამი მისი ნება და დამოკიდებულებაა გამოხატული. ამიტომ ამ შთაგონებულ ლოცვებს ღმერთი ისე იღებს, როგორც თავისი ხალხის გამოუთქმელ სათხოვარს და შესაბამისად ასრულებს მას. ღმერთმა იცის, ვის აქვს წრფელი გული და იმ ლოცვების აზრიც იცის, რომლებიც წმინდა სულით ბიბლიის დამწერებს დააწერინა. მან „იცის, რა არის სულის ზრახვა [გონება, ფიქრი]“, როცა სული „შუამავლობს“ მის მსახურებს.
გონებით სიყვარული. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ახალ შეთანხმებას დადებდა თავის ხალხთან და წმინდა სულის მეშვეობით თავის კანონებს მათ გულსა და გონებაში ჩაუწერდა (ებ. 8:10; 10:16). ასე რომ, ამ ხალხს შეუძლია გაითვალისწინოს ის მოწოდება, რომელზეც მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნებია დაფუძნებული, კერძოდ: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი ძალითა და მთელი გონებით“ და „გიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით“» (მთ. 22:37—40; ლკ. 10:27, 28). კაცს ღმერთი მთელი გულით (სურვილები, გრძნობები, ემოციები), მთელი სულით (მთელი არსებით) და მთელი გონებით (ინტელექტუალური შესაძლებლობები) უნდა უყვარდეს. გონებით ღვთის შეყვარება იმას გულისხმობს, რომ ადამიანმა მხოლოდ ემოციითა და მთელი ძალით კი არ უნდა შეიყვაროს ღმერთი, არამედ გონებასაც უნდა მოუხმოს, რათა მიიღოს ღვთისა და ქრისტეს შესახებ შემეცნება (ინ. 17:3), ჩასწვდეს მას (მრ. 12:33; ეფ. 3:18), ემსახუროს ღმერთს, თავისი წვლილი შეიტანოს ღვთის განზრახვების შესრულებაში და იქადაგოს სასიხარულო ცნობა. ბიბლია ქრისტიანებს ურჩევს, იფიქრონ ზეციერზე (კლ. 3:2), მოამზადონ გონება, რომ იმოქმედონ და იფხიზლონ ყველაფერში (1პტ. 1:13). პეტრე მოციქულმა საჭიროდ ჩათვალა, გაეღვიძებინა ქრისტიანების საღი აზროვნების უნარი, რომ არ დაევიწყებინათ ნასწავლი (2პტ. 3:1, 2). მათ უნდა ხსომებოდათ „ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე“ (2პტ. 3:11, 12).
პირველი ქრისტიანებისთვის ბოძებულ სულის სასწაულებრივ ძღვენზე საუბრისას პავლემ ხაზი გაუსვა გონების მოხმობის აუცილებლობას. მისი თქმით, თუ უცხო ენაზე ილოცებდა და ვერ გადათარგმნიდა, მისი გონება უნაყოფო იქნებოდა. აგრეთვე, თუ უცხო ენაზე ღმერთს ქებას უმღერებდა, რას არგებდა იგი მსმენელს, რომელსაც ეს ენა არ ესმოდა. პავლეს ერჩივნა ხუთი სიტყვა ეთქვა თავისი გონებით, რათა სხვებისთვის ესწავლებინა, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე. ის მოუწოდებდა ძმებს, აზროვნებით ზრდადასრულებულები ყოფილიყვნენ (1კრ. 14:13—20).
იეჰოვას მსახურებს მოეთხოვებათ, გაერთიანებულნი იყვნენ „გონებითა და აზრით“ (1კრ. 1:10; ფლ. 2:2; 1პტ. 3:8). მთავარია ისინი წმინდა თაყვანისმცემლობის საკითხში იყვნენ გაერთიანებულნი, გემოვნებისა და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებში საერთო აზრამდე მისვლა სულიერი მოწიფულობის წყალობითაც შეიძლება (რმ. 14:2—6, 17). მათ ერთი აზრი უნდა ჰქონდეთ უფალში (ფლ. 4:2) და არ უნდა დავობდნენ (2კრ. 13:11).
ქრისტიანებმა, რამდენადაც შესაძლებელია, უკეთესად უნდა გაიცნონ ღმერთი (რმ. 11:33, 34; 16:25, 26). გარდა ამისა, მათ ისეთივე თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ მორჩილებასა და თავმდაბლობაზე, როგორიც იესოს ჰქონდა; მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ „ქრისტეს გონება“ (1კრ. 2:15, 16). პეტრე გვირჩევს: „ქრისტე ხორცში იტანჯა, თქვენც აღიჭურვეთ იმავე განწყობით“ (1პტ. 4:1).
გონების სიჩლუნგე და გახრწნილება. სინას მთასთან მყოფ ისრაელებს გონება დაუჩლუნგდათ იმის გამო, რომ მთელი გულით არ იყვნენ მინდობილი იეჰოვაზე. გონება მათაც დაჩლუნგებული ჰქონდათ, ვინც იესოს გაუქმებულ მოსეს კანონს იცავდა (2კრ. 3:13, 14). მათ არ სურდათ იმის დანახვა, რომ იესო იყო ის, ვისზეც კანონი მიუთითებდა (კლ. 2:17). ვინც ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებას ქმნილებების თაყვანისცემა არჩია, „ღმერთმა ... უკუღმართ გონებას გადასცა“. ასეთ ადამიანებს დაბნელებული აქვთ გონება და ამაო და არასაკადრისი საქმეებით არიან დაკავებულნი (რმ. 1:28; ეფ. 4:17, 18). გონებაგახრწნილი ადამიანები ჯერ კიდევ მოსეს დროს ეწინააღმდეგებოდნენ ჭეშმარიტებას. ასეთები ჭეშმარიტ ქრისტიანობასაც ებრძოდნენ; ზოგს ქრისტიანად კი მოჰქონდა თავი, მაგრამ კრებაში უთანხმოება და განხეთქილება შეჰქონდა (2ტმ. 3:8; ფლ. 3:18, 19; 1ტმ. 6:4, 5). გონებაწაბილწულთა და სინდისწაბილწულთათვის არაფერია სუფთა. ისინი ყბედობით ცდილობენ, ჭეშმარიტი ქრისტიანები შეცდომაში შეიყვანონ და ადამიანთა მცნებების გავლენაში მოაქციონ (ტიტ. 1:10—16). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქრისტიანს, განსაკუთრებით კი საპასუხისმგებლო მდგომარეობის მქონეს, საღი აზროვნება ჰქონდეს (რმ. 12:3; 1ტმ. 3:2; ტიტ. 2:6; 1პტ. 4:7).
„ამ ქვეყნიერების ღმერთი“, ეშმაკი, გონებას უბრმავებს ურწმუნოებს, რათა მათზე არ იბრწყინოს ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობამ (2კრ. 4:4). ღვთის ამ დაუძინებელმა მტერმა ქრისტიანებიც შეიძლება აცდუნოს თავისი ცბიერებით, გაურყვნას გონება და დააშოროს „ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს“ (2კრ. 11:3). ამიტომ მნიშვნელოვანია, ქრისტიანებს ერთი აზრი ჰქონდეთ, იყვნენ კეთილგონიერები და განუწყვეტლივ ილოცონ, რათა ღვთის მშვიდობამ, რომელიც „ნებისმიერ აზრს აღემატება“, დაიცვას მათი გონება ქრისტე იესოს მეშვეობით (ფლ. 4:2, 5—7).
საღი გონების დაბრუნება და გონების გახსნა. იესომ დემონებით შეპყრობილ მამაკაცს საღი გონება დაუბრუნა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ მას დემონების მიერ ჭკუაზე შეშლილთა განკურნების ძალაც შესწევს (მრ. 5:15; ლკ. 8:35).
იესოს შეუძლია გონება მორწმუნეებსაც გაუხსნას, რათა ჩასწვდნენ წმინდა წერილების მნიშვნელობას. მათთვის, ვინც მორცხვია ან ფიქრობს, რომ გონება მაინცდამაინც არ უჭრის, გამამხნევებელი იქნება იოანე მოციქულის სიტყვები: „ვიცით, რომ მოვიდა ღვთის ძე და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ის, ვინც ჭეშმარიტია [იეჰოვა ღმერთი]“ (1ინ. 5:20).
კორინთის კრების წევრები პავლეს შეშლილად თვლიდნენ, რადგან ის თავისი მოციქულობით იკვეხნიდა, რაც ქრისტიანისთვის, როგორც წესი, მიუღებელია. პავლე მათ არწმუნებდა, რომ საღად აზროვნებდა, თავისი მოციქულობით კი იმიტომ ამაყობდა, რომ ისინი ღვთისკენ მოებრუნებინა, ვინაიდან ყურს უგდებდნენ ცრუმოციქულებს და ღმერთს შორდებოდნენ (2კრ. 5:13; 11:16—21; 12:11, 12, 19—21; 13:10).