ᲥᲝᲠᲬᲘᲜᲔᲑᲐ
ქალ-ვაჟის შეუღლება ღვთის მიერ დადგენილი ნორმების შესაბამისად. ქორწინების ინსტიტუტს იეჰოვამ ედემის ბაღში მისცა დასაბამი და დააკანონა. ქორწინებით მამაკაცი და ქალი ქმნიან ოჯახს. მისი ძირითადი მიზანი ადამიანთა მოდგმის გამრავლება იყო. ქალისა და კაცის შემოქმედმა, იეჰოვამ, დააწესა, რომ გამრავლება სწორედ ქორწინების ფარგლებში იქნებოდა მართებული (დბ. 1:27, 28). როგორც დაბადების 2:22—24-ში ვკითხულობთ, მანვე შეაუღლა პირველი მამაკაცი და ქალი.
ღვთის განზრახვის თანახმად, ქორწინება მუდმივი კავშირი უნდა ყოფილიყო მამაკაცსა და ქალს შორის. ეს მათ საშუალებას აძლევდა, ერთმანეთს მხარში ამოდგომოდნენ. ურთიერთსიყვარული და ნდობა მათი ბედნიერების საწინდარი იქნებოდა. ვინაიდან იეჰოვამ კაცს მეუღლე მისივე ნეკნისგან შეუქმნა, გამოდის, რომ ქალი კაცის უახლოესი ნათესავი, მისი ხორცი იყო (დბ. 2:21). როგორც იესომ აღნიშნა, შემდეგი სიტყვები ადამმა კი არა, ღმერთმა თქვა: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას მიერ ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმა ერთცოლიანობა იყო (მთ. 19:4—6; დბ. 2:24).
ებრაელებისთვის დაქორწინება იმდენად ჩვეულებრივი რამ იყო, რომ ებრაულ წერილებში ვერსად შევხვდებით სიტყვას „უცოლო“. ვინაიდან ოჯახის შექმნის ძირითადი მიზანი შვილების ყოლა იყო, სავსებით ბუნებრივია, თუ რატომ დალოცეს რებეკა ოჯახის წევრებმა ასეთი სიტყვებით: „დიდად გამრავლდი“ (დბ. 24:60), ხოლო რახელმა რატომ უთხრა იაკობს: „მოვკვდები, თუ შვილებს არ გამაჩენინებ!“ (დბ. 30:1).
ქორწინება არა მხოლოდ ოჯახზე, არამედ მთელ ტომსა თუ პატრიარქალურ საზოგადოებაზე ახდენდა გავლენას, მაგალითად იმაზე, ტომი ძლიერი იქნებოდა თუ სუსტი, მდიდარი — თუ ღარიბი. ამიტომ ბუნებრივი იყო და საჭიროდაც კი თვლიდნენ, რომ ცოლის არჩევა და ახალი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებული ყველანაირი საკითხის, მათ შორის ფინანსური საკითხების მოგვარება, მშობლებს ან მეურვეებს აეღოთ საკუთარ თავზე; თუმცა ზოგჯერ ქალ-ვაჟის თანხმობასაც ითხოვდნენ (დბ. 24:8). ხშირად ოჯახის შექმნას რომანტიკული გრძნობებიც ედო საფუძვლად (დბ. 29:20; 1სმ. 18:20, 27, 28). ძირითადად, ინიციატივას მამაკაცის მშობლები იჩენდნენ, თუმცა ზოგჯერ ქალის მამაც დგამდა პირველ ნაბიჯს, განსაკუთრებით თუ მათ უფრო მაღალი სოციალური სტატუსი ჰქონდათ (იეს. 15:16, 17; 1სმ. 18:20—27).
როგორც ჩანს, მამაკაცი საცოლეს სანათესაოში ან თავის ტომში არჩევდა ხოლმე. ამაზე მოწმობს იაკობისთვის ნათქვამი ლაბანის სიტყვებიც: „მირჩევნია, შენ მოგათხოვო [ჩემი ასული], ვიდრე — სხვას“ (დბ. 29:19). განსაკუთრებით იეჰოვას თაყვანისმცემლები მიჰყვებოდნენ ამ ჩვეულებას. მაგალითად, აბრაამს თავისი შვილისთვის ცოლი ქანაანელთაგან არ მოუყვანია, რომელთა შორისაც ცხოვრობდა, არამედ თავის ქვეყანაში თავის ნათესავებთან გაგზავნა მსახური ისაკისთვის ცოლის მოსაყვანად (დბ. 24:3, 4). მათთან დამოყვრება მიუღებელი იყო, ვინც იეჰოვას არ სცემდა თაყვანს. ასეთი საქციელი ორგულობად მიიჩნეოდა (დბ. 26:34, 35). მოსეს კანონით ისრაელებს ეკრძალებოდათ ქანაანის მიწაზე მცხოვრებ შვიდ ერთან დამოყვრება (კნ. 7:1—4). თუმცა მეომარს შეეძლო ექორწინა ტყვედ წამოყვანილ ქალწულზე განწმენდის პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც ის თავის დედ-მამას იგლოვებდა და ყველაფერს მოიშორებდა, რაც წარმართულ რელიგიასთან აკავშირებდა (კნ. 21:10—14).
ურვადი. დაქორწინებამდე მამაკაცს ან მის მამას უნდა გადაეხადა ურვადი გოგოს მამისთვის (დბ. 34:11, 12; გმ. 22:16; 1სმ. 18:23, 25). ეს ერთგვარი კომპენსაცია იყო იმ დანაკარგისთვის, რაც გოგოს ოჯახს მიადგებოდა, რადგან მისი სახით მუშახელს დაკარგავდნენ. ურვადით ხდებოდა გოგოს აღზრდა-განათლებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც. ზოგჯერ ურვადს სასიმამროსთვის სამუშაოს შესრულებითაც იხდიდნენ (დბ. 29:18, 20, 27; 31:15). თუ კაცი შეაცდენდა ქალწულს, რომელიც დანიშნული არ იყო, მას კანონით დადგენილი საფასური უნდა გადაეხადა მისი ოჯახისთვის (გმ. 22:16).
საქორწინო ცერემონია. ქორწილის მთავარ და განუყოფელ ნაწილს დანიშნულ დღეს პატარძლის მამის სახლიდან საზეიმოდ გამოყვანა და ქმრის სახლში შეყვანა წარმოადგენდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ ქმრის ოჯახმა მიიღო პატარძალი (მთ. 1:24). ასე ხდებოდა პატრიარქალურ ეპოქაში, სანამ იეჰოვა ისრაელს კანონს მისცემდა. ეს იყო წმინდა წყლის სამოქალაქო აქტი, რადგან არც რელიგიური რიტუალი სრულდებოდა და არც მღვდელი აკანონებდა ქალ-ვაჟის ქორწინებას. ამ დღეს ნეფეს უბრალოდ პატარძალი მიჰყავდა თავის ან თავისი მშობლების სახლში ან კარავში. ეს საჯაროდ ხდებოდა და ამ ფაქტს წერილობითაც ადასტურებდნენ, რითაც ახლად შეუღლებულების კავშირი ძალაში შედიოდა (დბ. 24:67).
როგორც კი ოჯახები დამოყვრებას გადაწყვეტდნენ და ქალ-ვაჟი დაინიშნებოდა, ისინი უკვე ცოლ-ქმრად ითვლებოდნენ. ლოტის ქალიშვილები ჯერ კიდევ მამის სახლში ცხოვრობდნენ და მას ემორჩილებოდნენ, მაგრამ იმ მამაკაცებს, რომლებზეც დანიშნული იყვნენ, ბიბლია ლოტის სიძეებად მოიხსენიებს (დბ. 19:14). ერთი ფილისტიმელი ქალიც, რომელზეც სამსონი იყო დანიშნული, თუმცა არ მოუყვანია, მის ცოლად მოიხსენიება (მსჯ. 14:10, 17, 20). კანონის თანახმად, თუ კაცი დანიშნულ ქალწულთან უზნეობას ჩაიდენდა, ორივეს სიკვდილით დასჯიდნენ. მაგრამ თუ კაცი დანიშნულ ქალს გააუპატიურებდა, მხოლოდ კაცი უნდა მოეკლათ. იმ შემთხვევაში კი, თუ ქალი დანიშნული არ იყო, საქმე სხვანაირად გვარდებოდა (კნ. 22:22—27).
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მოსეს კანონი ძალაში შევიდა, ხდებოდა როგორც ქორწინების რეგისტრაცია, ისე ოჯახში დაბადებული ბავშვების აღწერა და ნუსხებში შეტანა. სწორედ ამის წყალობით გვაქვს იესო ქრისტეს ზუსტი გენეალოგიური ნუსხა (მთ. 1:1—16; ლკ. 3:23—38; შდრ. ლკ. 2:1—5).
ქორწილი. მართალია, ისრაელში ქორწილის დროს არანაირი ოფიციალური ცერემონიალი არ ტარდებოდა, მაგრამ ამ დღეს ზეიმი მაინც იმართებოდა. ქორწილის დღეს პატარძალი სახლში საგულდაგულოდ ემზადებოდა. ის ჯერ ბანაობდა, შემდეგ კი სურნელოვან ზეთს იცხებდა (შდრ. რთ. 3:3; ეზკ. 23:40). პატარძალი ზოგჯერ მოახლეების დახმარებით სარტყელს იკეთებდა და გრძელ თეთრ სამოსს იცვამდა. ის, თუ რამდენად მდიდრულად იქნებოდა პატარძლის სამოსელი მოქარგული, მის ფინანსურ მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული (იერ. 2:32; გმც. 19:7, 8; ფს. 45:13, 14). თუ საშუალება ჰქონდა, ის ძვირფასეულობითაც იმკობდა თავს (ეს. 49:18; 61:10; გმც. 21:2). აგრეთვე იხურავდა მანდილს, რომელიც სხეულს თავიდან ფეხებამდე უფარავდა (ეს. 3:19, 23). ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ლაბანმა იაკობს ადვილად შეატყუა ლეა რახელის მაგივრად (დბ. 29:23, 25). რებეკამაც თავსაბურავი ჩამოიფარა, სანამ ისაკს შეხვდებოდა (დბ. 24:65). ამგვარად პატარძალი საქმროსადმი მორჩილებას ავლენდა და მის ძალაუფლებას აღიარებდა (1კრ. 11:5, 10).
ნეფეც საუკეთესო სამოსში იყო გამოწყობილი. ხშირ შემთხვევაში მას თავზე ლამაზი თავსაბურავი ეხურა ან გვირგვინი ედგა (ქბ. 3:11; ეს. 61:10). ნეფე მეგობრებთან ერთად საღამოს გადიოდა თავისი სახლიდან და პატარძლის სახლში მიდიოდა (მთ. 9:15), სადაც მათ უერთდებოდნენ მუსიკოსები, მომღერლები და, ხშირ შემთხვევაში, სხვა მექორწილეები ლამპრებით ხელში. იქიდან მთელი პროცესია ნეფის ან მამამისის სახლში მიემართებოდა.
ხალხი დიდი ინტერესით ადევნებდა თვალ-ყურს ამ საზეიმო მსვლელობას. ისმოდა ნეფე-პატარძლისა და მექორწილეთა მხიარულების ხმა. ამ პროცესიას სხვებიც უერთდებოდნენ, ხშირ შემთხვევაში, ქალწულები, რომლებსაც ხელში ლამპრები ეჭირათ (იერ. 7:34; 16:9; ეს. 62:5; მთ. 25:1). ზოგჯერ ნეფეს შეიძლება თავისი სახლიდან პატარძლის სახლში წასვლა არ ეჩქარა. იქიდანაც შესაძლოა საზეიმო მსვლელობა გვიან დაწყებულიყო, რის გამოც გზაზე მათ მომლოდინეებს ძილი მორეოდათ და ჩასძინებოდათ, როგორც იესოს მიერ მოყვანილ იგავში ზოგ ქალწულს დაემართა. სიმღერა და ჟრიამული შორიდანვე ისმოდა. ხალხი კი ამ ხმის გაგონებაზე გაიძახოდა, ნეფე მოდისო. მოსამსახურეები ნეფეს ეგებებოდნენ, რის შემდეგაც ის საქორწინო ნადიმზე დაპატიჟებულებთან ერთად სახლში შედიოდა. როცა მექორწილეები სახლში შევიდოდნენ, კარი იკეტებოდა, დაგვიანებული სტუმრები კი კარს მიღმა რჩებოდნენ (მთ. 25:1—12; 22:1—3; დბ. 29:22). დიდ უპატივცემულობად ითვლებოდა, თუ ვინმე უარს იტყოდა და არ მივიდოდა საქორწინო ნადიმზე (მთ. 22:8). ზოგჯერ სტუმრებს საქორწილო სამოსს აძლევდნენ (მთ. 22:11). ხშირად მასპინძელი უთითებდა სტუმრებს, თუ რომელი ადგილის დაკავება შეეძლოთ (ლკ. 14:8—10).
ნეფის მეგობარი. ნეფის მეგობარს ქალ-ვაჟის დაქორწინებამდე სხვადასხვა საკითხის მოგვარება ევალებოდა. ის მათ შუამავლად მიიჩნეოდა. როცა ნეფის მეგობარს ნადიმის დროს ნეფე-პატარძლის საუბარი ესმოდა, გული სიხარულით ევსებოდა, რადგან ხვდებოდა, რომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა (ინ. 3:29).
ქალწულობის მტკიცებულება. ნადიმის შემდეგ ნეფეს პატარძალი მიჰყავდა საქორწილო ოთახში (ფს. 19:5; იოლ. 2:16). ქორწილის ღამეს სარეცელზე აფენდნენ მოსასხამს ან ნაჭერს, რომელსაც შემდგომ პატარძლის მშობლებს აძლევდნენ. თუ მოგვიანებით ქმარი ცოლს ბრალს დასდებდა მეძაობაში ან ეჭვს შეიტანდა მის ქალწულობაში, ეს მოსასხამი ან ნაჭერი, რომელზეც ქორწილის ღამეს დატოვებული სისხლის ლაქები იყო, ქალწულობის დასადასტურებლად გამოიყენებოდა. მაგრამ თუ ამ მტკიცებულებას ვერ წარადგენდნენ და ბრალდება დადასტურდებოდა, ქალს ჩაქოლავდნენ, რადგან თავი ქალწულად გაასაღა და მშობლებს სახელი გაუტეხა (კნ. 22:13—21). ამ ჩვეულებას ახლო აღმოსავლეთში ზოგი დღემდე მისდევს.
უფლებები და მოვალეობები. ქმარი ოჯახისთავი იყო და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებდა იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენდა ოჯახის კეთილდღეობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე. მას შეეძლო ცოლის ან ქალიშვილის მიერ დადებული აღთქმის გაუქმებაც, თუ ჩათვლიდა, რომ ეს ოჯახზე უარყოფითად აისახებოდა. როგორც ჩანს, მსგავსი უფლებით დანიშნული კაციც სარგებლობდა (რც. 30:3—8, 10—15). ოჯახის და მათ შორის ცოლის ბატონ-პატრონად (ებრ. ბაʽალ) ქმარი ითვლებოდა (დბ. 20:3, სქ., აქ, 2006 წლის გამოცემა).
იგავების 31-ე თავიდან ვიგებთ ზოგიერთი მოვალეობის შესახებ, რომლებიც ცოლს თავისი მეუღლის წინაშე ეკისრა. ამაში შედიოდა საოჯახო საქმეები, ტანსაცმლის დამზადება და მოვლა, სხვადასხვა რამის ყიდვა-გაყიდვა და, ზოგადად, შინაურებზე ზრუნვა. მართალია, ცოლი ემორჩილებოდა ქმარს და, ასე ვთქვათ, მის საკუთრებადაც ითვლებოდა, მაგრამ მას ოჯახში საპატიო მდგომარეობა ეკავა და ბევრი უფლებითაც სარგებლობდა. ქმარს უნდა ჰყვარებოდა თავისი მეუღლე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მეორე ცოლი ან ტყვედ წამოყვანილი იყო. ქმარი პატივისცემით უნდა მოპყრობოდა მეუღლეს. მას უნდა ეზრუნა საკვებზე, ტანსაცმელსა და თავშესაფარზე და ცოლქმრული მოვალეობა შეესრულებინა. ქმარს უფლება არ ჰქონდა, პირმშოობა წაერთმია იმ ცოლის ვაჟისთვის, რომელიც ნაკლებად უყვარდა, და საყვარელი ცოლის ვაჟისთვის მიეცა (გმ. 21:7—11; კნ. 21:11, 14—17). ღვთისმოშიშ ებრაელ მამაკაცებს უყვარდათ თავიანთი მეუღლეები. თუ ცოლი გონიერი იყო და ღვთის კანონის თანახმად ცხოვრობდა, ქმარი მის აზრს ითვალისწინებდა და საქციელს უწონებდა (დბ. 21:8—14; 27:41—46; 28:1—4).
კანონი იმ ქალწულის უფლებებსაც იცავდა, რომელიც დანიშნული არ იყო და დაუქორწინებელმა მამაკაცმა შეაცდინა. თუ მამა ნებას დართავდა, ამ კაცს მისი ქალიშვილი ცოლად უნდა შეერთო. ის მას ვერასდროს გაეყრებოდა (კნ. 22:28, 29). თუ კაცი ოფიციალურად ბრალს დასდებდა ცოლს, რომ დაქორწინებამდე ქალწული არ იყო, მაგრამ ბრალდება არ დადასტურდებოდა, ქმარს ჯარიმა დაეკისრებოდა და ცოლს ვერასდროს გაეყრებოდა (კნ. 22:17—19). თუ ქმარი ცოლს მრუშობაში დასდებდა ბრალს, მაგრამ ცოლი უდანაშაულო აღმოჩნდებოდა, ქმარს ინტიმური ურთიერთობა უნდა დაემყარებინა მასთან, რომ დაორსულებულიყო და შვილი გაეჩინა. ამგვარად, ყველასთვის ცხადი გახდებოდა ქალის უდანაშაულობა. ქმარი ცოლის ღირსების გრძნობას უნდა გაფრთხილებოდა. მენსტრუაციის დროს ცოლთან სქესობრივი ურთიერთობა კანონით იკრძალებოდა (ლვ. 18:19; რც. 5:12—28).
კანონით აკრძალული ქორწინება. გარდა იმისა, რომ კანონით მათთან დამოყვრება იკრძალებოდა, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ იყო, განსაკუთრებით კი ქანაანის მიწაზე მცხოვრებ შვიდ ერთან (გმ. 34:14—16; კნ. 7:1—4), დაუშვებელი იყო ახლო ნათესავზე ან მათზე დაქორწინებაც, ვინც სისხლით ნათესავი არ იყო, მაგრამ ოჯახის წევრად ითვლებოდა (ლვ. 18:6—17).
მღვდელმთავარს არ ჰქონდა უფლება ცოლად შეერთო ქვრივი, განათხოვარი, ქალწულობადაკარგული ან მეძავი ქალი. მას თავისი ხალხიდან ქალწული უნდა მოეყვანა ცოლად (ლვ. 21:10, 13, 14). არც სხვა მღვდლებს შეეძლოთ მეძავზე, ქალწულობადაკარგულსა თუ განათხოვარ ქალზე დაქორწინება (ლვ. 21:1, 7). ეზეკიელის 44:22-ის თანახმად, მღვდლებს შეეძლოთ ებრაელ ქალწულზე ან მღვდლის ქვრივზე დაქორწინება.
თუ ასული მამის მემკვიდრეობას მიიღებდა, ის თავისივე ტომში უნდა გათხოვილიყო. ამის წყალობით სამკვიდრო ტომიდან ტომში არ გადავიდოდა (რც. 36:8, 9).
გაყრა. როცა შემოქმედმა ქორწინების ინსტიტუტი დააფუძნა, მას გაყრა არ გაუთვალისწინებია. კაცი უნდა მიკვროდა თავის ცოლს და ისინი „ერთი ხორცი“ უნდა გამხდარიყვნენ (დბ. 2:24). ეს იმას ნიშნავდა, რომ კაცს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. გაყრის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ადამიანებმა შესცოდეს, არასრულყოფილები გახდნენ და ზნეობრივად დეგრადირდნენ.
ისრაელისთვის კანონის მიცემისას ღმერთს არ მოუთხოვია ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმის დაცვა. თუმცა გაყრასთან დაკავშირებით თავის ხალხს გარკვეული კანონები დაუდგინა, რათა ისრაელში ქორწინების ინსტიტუტი არ მოშლილიყო და მათთვის ზედმეტი სირთულეები აერიდებინა თავიდან. დანიშნულ დროს ღმერთმა ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმა აღადგინა. იესომ ჩამოაყალიბა პრინციპი, რომლითაც ქრისტიანულ კრებას უნდა ეხელმძღვანელა — გაყრის ერთადერთი კანონიერი საფუძველი სექსუალური უზნეობაა (ბერძ. პორნია). მან ახსნა, რომ ისრაელებს ღმერთმა მათი სიჯიუტის გამო არ მოსთხოვა ქორწინებისთვის დადგენილი თავდაპირველი ნორმის დაცვა (მთ. 19:3—9; მრ. 10:1—11).
თუ არ ჩავთვლით სიკვდილს, რაც ავტომატურად წყვეტს ცოლქმრულ კავშირს, ქრისტიანულ კრებაში ამ კავშირის გაწყვეტის ერთადერთი მიზეზი სექსუალური უზნეობაა, რადგან ამის ჩამდენი სხვასთან ხდება ერთი ხორცი. სურვილის შემთხვევაში უდანაშაულო მეუღლეს შეუძლია განქორწინდეს და სხვაზე დაქორწინდეს (მთ. 5:32; რმ. 7:2, 3). როცა საქმე სექსუალურ უზნეობას (ბერძ. პორნია) არ ეხება, ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, რომ მეუღლეებმა იმ შემთხვევაშიც არ იცხოვრონ განცალკევებით, თუ რომელიმე მათგანი ღვთის მსახური არაა. მაგრამ თუ მაინც განცალკევებით ცხოვრებას გადაწყვეტენ, სხვასთან სექსუალური ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ (1კრ. 7:10, 11; მთ. 19:9).
კანონის თანახმად, ქმარს შეეძლო გაყროდა ცოლს, თუ „რაღაც უწესოს“ უპოვიდა (კნ. 24:1). ცხადია, აქ მრუშობა არ იგულისხმებოდა, რისთვისაც ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა. შესაძლოა ამაში მოიაზრებოდა ქმრისადმი ან მამამთილის ოჯახისადმი აშკარა უპატივცემულობა ან ოჯახის შერცხვენა. ქმარს გაყრის მოწმობა უნდა მიეცა ცოლისთვის, რაც გარშემომყოფთათვის იმას ნიშნავდა, რომ მას გაყრისთვის მყარი საფუძველი ჰქონდა. ვინაიდან ამ საბუთს იურიდიული ძალა ჰქონდა, ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ მის შედგენამდე კაცს უხუცესებისთვის ან სხვა უფლებამოსილი პირებისთვის უნდა მიემართა. ამის შემდეგ ქალს შეეძლო ხელახლა გათხოვილიყო. თუკი მას მოგვიანებით ვინმე მრუშობაში დასდებდა ბრალს, ამ ქალს გაყრის მოწმობა იცავდა. კაცი ვერ გაეყრებოდა ცოლს, რომელიც ქორწინებამდე შეაცდინა ან, რომელსაც უსაფუძვლოდ დასდო ბრალი, რომ დაქორწინებამდე ქალწული არ იყო (კნ. 22:13—19, 28, 29).
თუ გაყრის შემდეგ ქალი სხვას გაჰყვებოდა ცოლად და ისიც გაეყრებოდა მას ან მოკვდებოდა, პირველ ქმარს უფლება არ ჰქონდა, ხელახლა შეერთო ეს ქალი. ამ კანონის წყალობით ისინი ვერ დაგეგმავდნენ ქალის მეორე ქმართან გაყრას ან მის სიკვდილს, რაც ქალს პირველ ქმართან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემდა (კნ. 24:1—4).
იეჰოვას სძულდა უსაფუძვლოდ გაყრა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ერთგულ მსახურს ქმარი ვერაგულად ექცეოდა იმ ქალთან დაქორწინების მიზნით, რომელიც ღვთის რჩეული ერის შვილი არ იყო (მლ. 2:14—16; იხ. ᲒᲐᲧᲠᲐ).
მრავალცოლიანობა. ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ცოლი და ქმარი ერთი ხორცი უნდა ყოფილიყვნენ, რაც გამორიცხავდა მრავალცოლიანობას. ქრისტიანულ კრებაში მრავალცოლიანობა დაუშვებელია. ზედამხედველებსა და მომსახურეებს, რომლებიც სამაგალითონი უნდა იყვნენ კრებისთვის, ერთი ცოლი უნდა ჰყავდეთ (1ტმ. 3:2, 12; ტიტ. 1:5, 6). ეს შეესაბამება ნამდვილი ქორწინების ნიმუშს, რომელიც იესო ქრისტესა და მისი კრების, ერთადერთი ცოლის, ურთიერთობის აღსაწერად არის გამოყენებული (ეფ. 5:21—33).
როგორც გაყრა, მრავალცოლიანობაც არ ყოფილა ღვთის თავდაპირველი განზრახვა, მაგრამ ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე ეს ჩვეულება დაშვებული იყო. მას საფუძველი ადამის შეცოდებიდან მალევე ჩაეყარა. ბიბლიაში პირველად კაენის შთამომავალ ლამექზეა ნათქვამი, რომ მან „ორი ცოლი შეირთო“ (დბ. 4:19). მასში ზოგიერთი ანგელოზის შესახებ ნათქვამია, რომ წარღვნამდე მათ „მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“ (დბ. 6:2).
პატრიარქალური კანონითა და კანონის შეთანხმებით ხარჭების ყოლა მიღებული იყო. ხარჭას ოფიციალური სტატუსი ენიჭებოდა. ხარჭის ყოლა არც სიძვად ითვლებოდა და არც მრუშობად. კანონის თანახმად, თუ კაცს პირველი ვაჟი ხარჭისგან ეყოლებოდა, პირმშოსთვის განკუთვნილ მემკვიდრეობას ის მიიღებდა (კნ. 21:15—17).
ფაქტია, რომ ხარჭების ყოლა და მრავალცოლიანობა ისრაელთა სწრაფ გამრავლებას უწყობდა ხელს. მართალია, ეს ჩვეულება ღმერთს არ დაუწესებია, მაგრამ მან დაუშვა მისი არსებობა და არეგულირებდა მას, რაც იმ პერიოდისთვის გარკვეულ მიზანს ემსახურებოდა (გმ. 1:7). იაკობი, რომელსაც სიმამრმა მოტყუებით შერთო ორი ცოლი, კურთხეული იყო 12 ვაჟითა და რამდენიმე ასულით, რომლებიც ორივე ცოლისგან და მათი მოახლეებისგან (ისინი იაკობის ხარჭები გახდნენ) შეეძინა (დბ. 29:23—29; 46:7—25).
ქრისტიანული ქორწინება. იესო ქრისტე გალილეის კანაში ქორწილში იყო, რითაც აჩვენა, რომ იწონებდა ქორწინებას (ინ. 2:1, 2). როგორც აღვნიშნეთ, თავდაპირველად ღმერთს ერთცოლიანობა ჰქონდა გათვალისწინებული, რაც იესო ქრისტემ ქრისტიანულ კრებას კვლავ ნორმად დაუდგინა (დბ. 2:24; მთ. 19:4—8; მრ. 10:2—9). ვინაიდან ღმერთმა ქალსაც და კაცსაც სიყვარულის გამოვლენის უნარი უბოძა, ქორწინება ბედნიერების, კურთხევისა და სიამტკბილობის საწინდარი უნდა ყოფილიყო. მოციქული პავლე ქრისტეს ადარებს ქმარს, რომელიც კრების ანუ თავისი პატარძლის თავია. ის საუკეთესო მაგალითს აძლევს ქმრებს, თუ როგორ უნდა ზრუნავდნენ ცოლებზე, როგორ უნდა ავლენდნენ სითბოსა და სიკეთეს და როგორ უნდა უყვარდეთ (საკუთარი სხეულივით) ისინი. პავლე იმასაც აღნიშნავს, რომ ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფ. 5:21—33). მოციქული პეტრე ურჩევს ცოლებს, დაემორჩილონ ქმრებს და თავიანთი კარგი საქმეებით, პატივისცემითა და რბილი ხასიათით მათი მოწონება დაიმსახურონ. მას მისაბაძ მაგალითად მოჰყავს სარა, რომელიც თავის ქმარს, აბრაამს, ბატონს უწოდებდა (1პტ. 3:1—6).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში არაერთხელ მახვილდება ყურადღება ცოლქმრულ სიწმინდესა და ერთგულებაზე. პავლე წერდა: „ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული და სარეცელი — შეუბილწავი, რადგან მეძავებსა და მრუშებს ღმერთი გაასამართლებს“ (ებ. 13:4). ის ცოლ-ქმარს ურჩევს, პატივი სცენ ერთმანეთს და თავიანთი ცოლქმრული მოვალეობა შეასრულონ.
მოციქული პავლე მოუწოდებდა ქრისტიანებს, რომ უფალში დაქორწინებულიყვნენ. ასე იქცეოდნენ ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებიც, რომლებიც მხოლოდ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე ქორწინდებოდნენ (1კრ. 7:39). ამავე დროს მოციქული დაუქორწინებლებს სწერდა, რომ თუ დაუქორწინებლები დარჩებოდნენ, მოუცდენლად შეძლებდნენ უფლის მსახურებას. იმის გათვალისწინებით, თუ რა დროში ცხოვრობდნენ, ცოლიანებს ისე უნდა ეცხოვრათ, „როგორც უცოლოებს“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ თავი მხოლოდ ოჯახისა და ოჯახური პასუხისმგებლობებისთვის კი არ უნდა მიეძღვნათ, არამედ სამეფოს საქმეც სათანადოდ უნდა შეესრულებინათ და თან ოჯახზეც ეზრუნათ (1კრ. 7:29—38).
პავლემ დაწერა, რომ ახალგაზრდა ქვრივები არ შეეტანათ იმ ქვრივთა სიაში, რომლებზეც კრება იზრუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა სურვილს გამოთქვამდნენ, მთელი დრო და ენერგია ქრისტიანული მსახურებისთვის დაეთმოთ. მათთვის უმჯობესი იყო, გათხოვილიყვნენ. პავლე ამას იმით ხსნიდა, რომ ვითომდა გულმოდგინე მსახურებისთვის ისინი კრებისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებდნენ, სინამდვილეში კი დასახული სულიერი მიზნების განხორციელებით კი არა, სქესობრივი აღგზნების გამო ქმრის ძებნით იქნებოდნენ დაკავებულნი და უსაქმურობასა და სხვის საქმეში ჩარევას მიეჩვეოდნენ. ასე ისინი არასასურველ განაჩენს დაიტეხდნენ თავს. დაქორწინება, შვილებზე ზრუნვა, საოჯახო საქმეები და, ამასთანავე, ქრისტიანული მსახურება, მათ არ დაუტოვებდა ჭორაობისა და იმაზე ლაპარაკის დროს, რაზეც არ უნდა ელაპარაკათ. ამგვარად, კრებისგან დახმარებას მიიღებდნენ ქვრივები, რომლებიც ნამდვილად საჭიროებდნენ ასეთ მხარდაჭერას (1ტმ. 5:9—16; 2:15).
ცელიბატი. მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები, რომ განდგომილები ხალხს ცელიბატის დაცვას მოსთხოვდნენ ანუ ქორწინებას აუკრძალავდნენ, რაც მათი ერთ-ერთი ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (1ტმ. 4:1, 3). ზოგიერთი მოციქული დაქორწინებული იყო (1კრ. 9:5; ლკ. 4:38). როცა პავლე ქრისტიან ზედამხედველად ან მომსახურედ მსახურებისთვის საჭირო მოთხოვნებზე საუბრობდა, ისიც თქვა, რომ ამ მამაკაცებს (თუ დაქორწინებულები იყვნენ) მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდათ (1ტმ. 3:1, 2, 12; ტიტ. 1:5, 6).
ქრისტიანები და ქორწინებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კანონები. დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს ხელისუფლების ანუ „კეისრის“ მიერ დადგენილი კანონები არეგულირებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, ქრისტიანები ემორჩილებიან (მთ. 22:21). ბიბლია დაქორწინების დროს არ მოითხოვს ქრისტიანებისგან რაიმე რელიგიური რიტუალის შესრულებას ან სასულიერო პირის ჩართვას. ისევე როგორც ბიბლიურ დროში, დღესაც ქრისტიანები ქორწინებასა და დაბადებას ოფიციალურად არეგისტრირებენ, თუ ეს კანონით მოითხოვება. ვინაიდან „კეისარს“ ანუ ხელისუფლებას ქორწინების დაკანონების უფლებამოსილება გააჩნია, ქრისტიანი, რომელსაც დაქორწინება სურს, ვალდებულია, მიმართოს მას. თუ ქრისტიანი გადაწყვეტს მეუღლესთან გაყრას და ამისთვის ბიბლიური საფუძველი აქვს (ღალატი), განქორწინება ოფიციალურად უნდა გაფორმდეს, თუ ამის შესახებ ხელისუფლებას კანონი აქვს დადგენილი. ვინც ხელახლა ქორწინდება, მაგრამ სათანადოდ არ ითვალისწინებს ბიბლიურ მოთხოვნებსა და ხელისუფლების დადგენილებებს, ღვთის კანონს არღვევს (მთ. 19:9; რმ. 13:1).
ქორწინება და მკვდრეთით აღდგომა. იესოს მოწინააღმდეგეთაგან ზოგიერთი, რომელთაც არ სწამდათ მკვდრეთით აღდგომის, შეეცადა, სიტყვაში გამოეჭირა ის. იესომ მათ პასუხად უთხრა, რომ „ვინც მომავლისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად ითვლება, არც ცოლს ირთავს და არც თხოვდება“ (ლკ. 20:34, 35; მთ. 22:30).
გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვა ბიბლიაში არაერთგან მოიხსენიებს საკუთარ თავს ქმრად. ის ისრაელ ერს თავის ცოლად მიიჩნევდა (ეს. 54:1, 5, 6; 62:4). როცა ისრაელი ეურჩებოდა იეჰოვას, მაგალითად, კერპთაყვანისმცემლობაში ეხვეოდა ან სხვა ცოდვას სჩადიოდა, ღმერთი ამას ღალატად მიიჩნევდა, რაც განქორწინების საბაბს აძლევდა (ეს. 1:21; იერ. 3:1—20; ოს. 2).
გალატელების მე-4 თავში პავლე მოციქული ისრაელ ერს ადარებს აბრაამის ხარჭას, აგარს, რომელიც მოახლე იყო, ებრაელებს კი — აგარის ვაჟს, ისმაელს. ისმაელი აბრაამის ხარჭის შვილი იყო ისევე, როგორც ებრაელები იყვნენ იეჰოვას ხარჭის შვილები. იეჰოვა ისრაელთან კანონის შეთანხმებით იყო შეკრული. პავლე „ზედა იერუსალიმს“ ანუ იეჰოვას ცოლს ადარებს აბრაამის ცოლ სარას, რომელიც თავისუფალი ქალი იყო, ქრისტიანებს კი — ამ თავისუფალი ქალის, „ზედა იერუსალიმის“, შვილებად მოიხსენიებს (გლ. 4:21—31; შდრ. ეს. 54:1—6).
აბრაამის მსგავსად, იეჰოვამ, როგორც იესოს მამამ, თავის ძეს პატარძალი შეურჩია, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით რომელიმე ქალი, არამედ ქრისტიანული კრება (დბ. 24:1—4; 2თს. 2:13; 1პტ. 2:5). იესოს, როგორც ნეფეს, კრების პირველი წევრები „ნეფის მეგობარმა“, იოანე ნათლისმცემელმა მიუყვანა, რომელიც იეჰოვამ თავისი ძის წინ გაგზავნა (ინ. 3:28, 29). ეს „პატარძალი“ და ქრისტე ერთსულოვანნი არიან, როგორც ერთი სხეული (1კრ. 6:17; ეფ. 1:22, 23; 5:22, 23). ისრაელი პატარძალი ქორწილამდე ბანაობდა და თავს იმკობდა. იესო ქრისტეც ზრუნავს იმაზე, რომ მისი პატარძალი ყოველმხრივ განწმენდილი, დაულაქავებელი და უმანკო იყოს (ეფ. 5:25—27). როგორც 45-ე ფსალმუნიდან და გამოცხადების 21-ე თავიდან ვიგებთ, მისი „პატარძალი“ ულამაზესადაა მორთული.
გამოცხადების წიგნში იეჰოვა საუბრობს იმ დროზე, როცა მისი ძის ქორწილი მოახლოვდებოდა და მბრწყინავი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსით შემოსილი პატარძალი საქორწილოდ გაემზადებოდა. კრავის საქორწილო ვახშამზე მიწვეულთ ის „ბედნიერებს“ უწოდებს (გმც. 19:7—9; 21:2, 9—21). სიკვდილის წინა ღამეს იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა (ლკ. 22:19), რომელიც მოწაფეებს „მის მოსვლამდე“ უნდა აღენიშნათ (1კრ. 11:26). ძველ დროში ნეფე საპატარძლოს მისი მშობლების სახლში აკითხავდა და თავისი მამის სახლში მიჰყავდა. მსგავსადვე, იესო თავის ცხებულ მიმდევრებს მათი სახლიდან, დედამიწიდან, ზეცაში, მამამისის სახლში, წაიყვანს, რათა ისინიც იქ იყვნენ, სადაც თავად არის (ინ. 14:1—3).
იხ. ᲛᲐᲖᲚᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ.