შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა ოჯახური პრობლემების მიუხედავად
„დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი“ (1 კორ. 7:10).
შეგიძლიათ ახსნათ?
რა გაგებით აერთიანებს ღმერთი ერთ უღელქვეშ მამაკაცსა და ქალს?
როგორ ეხმარებიან უხუცესები იმ ქრისტიანებს, რომლებსაც ოჯახური პრობლემები აქვთ?
როგორ უნდა ვუყურებდეთ ქორწინებას?
1. როგორ უყურებენ ქრისტიანები ქორწინებას და რატომ?
ქორწინებისას ქრისტიანები ღვთის წინაშე დებენ აღთქმას და ამ პასუხისმგებლობას ზერელედ არ უნდა ეკიდებოდნენ (ეკლ. 5:4—6). ვინაიდან ოჯახის დამფუძნებელი იეჰოვაა, ის აერთიანებს, ანუ ერთ უღელქვეშ კრავს მამაკაცსა და ქალს (მარ. 10:9). ზოგიერთ ქვეყანაში ქორწინებასთან დაკავშირებული კანონები განსხვავდება ბიბლიური კანონებისგან, მაგრამ ღვთის მსახურები ქორწინებას უნდა უყურებდნენ ისე, როგორც იეჰოვა უყურებს მას. ეს იმ შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, თუ წყვილი ქორწინებისას არ იყო ღვთის თაყვანისმცემელი.
2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?
2 ბედნიერ ქორწინებას დიდი სიხარული მოაქვს. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება? შეიძლება ამ დროს ქორწინების განმტკიცება? რა დაეხმარება მათ, ვის ოჯახსაც ბზარი გაუჩნდა?
სიხარული თუ იმედგაცრუება
3, 4. რა შეიძლება მოხდეს, თუ მეუღლის არჩევისას არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ?
3 როდესაც ქრისტიანულ ოჯახში მშვიდობა სუფევს, ოჯახი ბედნიერია და ეს განადიდებს იეჰოვას. მაგრამ, თუ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება, ეს, სულ მცირე, იმედგაცრუებას იწვევს. ქრისტიანს, რომელიც დაქორწინებაზე ფიქრობს, ღვთის ხელმძღვანელობის მიყოლა ბედნიერი ოჯახის შექმნაში დაეხმარება. მეუღლის არჩევისას არაგონივრული გადაწყვეტილების მიღებას კი უკმაყოფილება და იმედგაცრუება მოაქვს. მაგალითად, ზოგი ახალგაზრდა პაემნებზე სიარულს იწყებს, თუმცა ჯერ არ არის მზად ოჯახური პასუხისმგებლობებისთვის. ზოგი მომავალ მეუღლეს ინტერნეტით პოულობს და ნაჩქარევად ქმნის ოჯახს, რომელიც თავიდანვე განწირულია. სხვები ტრფობის პერიოდში სერიოზულ ცოდვას სჩადიან; მაშინაც კი, თუ დაქორწინდებიან ოჯახური ცხოვრების დაწყებისთანავე მათ დაკარგული ექნებათ ერთმანეთისადმი პატივისცემა.
4 ზოგიერთი ქრისტიანი არ ქორწინდება „უფალში“, ქმნის რელიგიურად დაყოფილ ოჯახს და იმკის მტკივნეულ შედეგებს (1 კორ. 7:39). თუ ეს თქვენ შემთხვევაშიც ასეა, სთხოვეთ ღმერთს პატიება და დახმარება. იეჰოვა არ ათავისუფლებს ადამიანს წარსულში ჩადენილი შეცდომების შედეგებისგან, მაგრამ მათ, ვინც ინანიებს, დაეხმარება განსაცდელებთან გამკლავებაში (ფსალმ. 130:1—4). მოიქეცით ღვთის მოსაწონად ახლაც და მომავალშიც და „იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრე“ იქნება (ნეემ. 8:10).
როდესაც ოჯახს საფრთხე ემუქრება
5. როგორი აზროვნება არ იქნებოდა სწორი ოჯახური პრობლემების მიუხედავად?
5 ის, ვისაც მეუღლესთან უთანხმოებები აქვს, შეიძლება ფიქრობს: „ნუთუ მართლა ღირს ასეთი ოჯახის შენარჩუნება? ნეტავ შემეძლოს უკან დაბრუნება და სხვასთან ყველაფრის თავიდან დაწყება?!“. ისინი შესაძლოა ოცნებობენ, თავი დააღწიონ ოჯახის უღელს. „ო, ნეტავ ისევ თავისუფალი ვიყო! რატომაც არ გავეყარო? თუ გაყრის ბიბლიური საფუძველი არ მაქვს, რა მიშლის ხელს, ცალკე ვიცხოვრო და კვლავ გავიხარო ცხოვრებით?“. ქრისტიანმა არ უნდა დაუშვას ასეთი ფიქრები და არ უნდა იოცნებოს, თუ როგორი ცხოვრება შეეძლო ჰქონოდა; ნაცვლად ამისა, მან ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს ოჯახის შესანარჩუნებლად. ამის საუკეთესო საშუალება კი ღვთის ხელმძღვანელობის ძებნა და მისი მიყოლაა.
6. ახსენით, რა თქვა იესომ მათეს 19:9-ში.
6 გაყრის შემთხვევაში ქრისტიანს ან აქვს ხელახლა დაქორწინების ბიბლიური საფუძველი, ან არა. იესომ თქვა: „თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს“ (მათ. 19:9). აქ გამოყენებულ სიტყვა „სიძვაში“ იგულისხმება მრუშობა და სხვა სექსუალური ხასიათის ცოდვები. მნიშვნელოვანია, ვილოცოთ, როცა განქორწინებაზე ვიწყებთ ფიქრს იმ შემთხვევაში, თუ მრუშობას არ ჰქონია ადგილი.
7. რა შეიძლება იფიქრონ სხვებმა, თუ ქრისტიანის ოჯახი დანგრევის პირასაა?
7 ოჯახში სერიოზული პრობლემა შეიძლება ერთი-ერთი მეუღლის სულიერ სისუსტეზე მეტყველებდეს. მოციქულმა პავლემ ყურადსაღები კითხვა წამოჭრა: „რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?“ (1 ტიმ. 3:5). სინამდვილეში, როდესაც ორივე მეუღლე თავს ქრისტიანად აცხადებს, მაგრამ ოჯახში უთანხმოებები აქვთ, სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ისინი თავად არ იყენებენ ცხოვრებაში იმას, რასაც ასწავლიან (რომ. 2:21—24).
8. რატომ არის არასწორი, თუ ქრისტიანი წყვილი გადაწყვეტს ცალ-ცალკე ცხოვრებას ან გაყრას?
8 როცა ქრისტიანი წყვილი ცალ-ცალკე ცხოვრებას ან გაყრას გეგმავს, მაგრამ ამის ბიბლიური საფუძველი არ არსებობს, ეს აშკარად ცხადყოფს, რომ მათ სერიოზული სულიერი პრობლემები აქვთ. აშკარაა, რომ ერთ-ერთი ან, შესაძლოა, ორივე მათგანი არ იყენებს ბიბლიურ პრინციპებს. თუ წყვილი „ენდობა იეჰოვას მთელი გულით“, მაშინ უეჭველად შეძლებენ ოჯახის გადარჩენას (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6).
9. რა კურთხევები მიიღეს იმ ქრისტიანებმა, რომლებმაც მოითმინეს და ოჯახი არ დაანგრიეს?
9 ბევრი ოჯახის მდგომარეობა, რომელიც განწირული ჩანდა, დროთა განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ქრისტიანები, რომლებიც ცხელ გულზე არ ანგრევენ ოჯახს, ხშირად კარგ შედეგებს იმკიან. ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს რელიგიურად დაყოფილ ოჯახში. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „ასევე თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტ. 3:1, 2). ქრისტიანის კარგმა საქციელმა შეიძლება აღძრას მეუღლე, მისი რწმენა გაიზიაროს. ასეთი სახით გადარჩენილი ოჯახი განადიდებს ღმერთს და დიდი კურთხევები მოაქვს ქმრისთვის, ცოლისთვის და შვილებისთვის.
10, 11. რა მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს ქორწინებაში თავი, მაგრამ რაში შეუძლია ქრისტიანს იყოს დარწმუნებული?
10 დაუქორწინებელი ქრისტიანი, რომელსაც ღვთისმოსაწონად მოქცევა სურს, ცხოვრების თანამგზავრად მიძღვნილ თანაქრისტიანს ირჩევს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს. მაგალითად, ზოგჯერ მეუღლე შეიძლება სერიოზულ ემოციურ პრობლემებს შეხვდეს. ქორწილიდან გარკვეული დროის შემდეგ ცოლი ან ქმარი შეიძლება არააქტიური მაუწყებელიც კი გახდეს. განვიხილოთ ლინდასa შემთხვევა, რომელიც ერთგული ქრისტიანი და მზრუნველი დედაა. ის უიმედო მდგომარეობაში იყო, რადგან მისმა მონათლულმა ქმარმა ცოდვა ჩაიდინა და გაირიცხა. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები მსგავს სიტუაციაში?
11 შეიძლება ფიქრობთ: „ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვეცადო ოჯახის შენარჩუნებას?“ არავის შეუძლია და არც უფლება აქვს, თქვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, რის გამოც არ უნდა ვიფიქროთ ოჯახის დანგრევაზე, რაოდენ უიმედოდ არ უნდა ჩანდეს სიტუაცია. იეჰოვა ძალიან აფასებს ღვთისმოშიშ ქრისტიანებს, რომლებიც სინდისის გამო იტანენ რთულ ოჯახურ მდგომარეობას (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:19, 20). თავისი სიტყვისა და წმინდა სულის მეშვეობით ღმერთი დაეხმარება იმ ქრისტიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად.
ისინი მზად არიან დასახმარებლად
12. რას იფიქრებენ უხუცესები ჩვენზე, თუ მათ დახმარებისთვის მივმართავთ?
12 თუ ოჯახში პრობლემები გაქვთ, არ მოგერიდოთ, დახმარებისთვის მოწიფულ ქრისტიანებს მიმართოთ. უხუცესები სულიერ მწყემსებად მსახურობენ და სიამოვნებით მოგცემენ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს (საქ. 20:28; იაკ. 5:14, 15). არ იფიქროთ, რომ თქვენ ან თქვენი მეუღლე უხუცესების მხრიდან პატივისცემას დაკარგავთ, თუ მათ სულიერ დახმარებას სთხოვთ ან თქვენს სერიოზულ ოჯახურ პრობლემებს გაანდობთ. პირიქით, თქვენდამი მათი სიყვარული და პატივისცემა უფრო მეტად გაიზრდება, როდესაც დაინახავენ, რომ გულწრფელად გსურთ ღვთისმოსაწონად მოქცევა.
13. რა რჩევაა მოცემული 1 კორინთელების 7:10—16- ში?
13 როდესაც ქრისტიანი რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობს და უხუცესებს დახმარებისთვის მიმართავს, მათ შეიძლება ყურადღება გაუმახვილონ პავლეს შემდეგ რჩევაზე: „დაქორწინებულებს მივუთითებ — თუმცა მე კი არა, უფალი — რომ ცოლი არ გაშორდეს ქმარს, მაგრამ თუ გაშორდება, აღარ გათხოვდეს, ან ქმარს შეურიგდეს. ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს . . . რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი?“ (1 კორ. 7:10—16). მართლაც რამხელა სიხარულია, როდესაც ქრისტიანის მეუღლე ჭეშმარიტებაში დგება!
14, 15. როდის შეუძლია ქრისტიანს იფიქროს ცალკე ცხოვრებაზე, მაგრამ რატომ უნდა ილოცოს და გულწრფელად შეაფასოს საკუთარი მოტივები?
14 რა შემთხვევებში შეუძლია ქრისტიან ცოლს ცალკე ცხოვრებაზე იფიქროს? ზოგიერთი ცალკე ცხოვრებას არჩევს, რადგან ქმარი შეგნებულად არ უზრუნველყოფს ოჯახს მატერიალურად. სხვები ამ გადაწყვეტილებას იმიტომ ღებულობენ, რომ მათ ფიზიკურ ან სულიერ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
15 ცალკე იცხოვრებთ თუ არა, ეს პირადი გადასაწყვეტია. თუმცა მონათლულმა ქრისტიანმა უნდა ილოცოს და გულწრფელად შეაფასოს საკუთარი მოტივები. მაგალითად, მეუღლის ბრალია, ოჯახის სულიერი მდგომარეობა რომ საფრთხეშია? თუ ქრისტიანი თვითონ უგულებელყოფს ბიბლიის პირად შესწავლას, ხშირად აცდენს კრების შეხვედრებს და იშვიათად მსახურობს?
16. რატომ არ უნდა იჩქაროს ქრისტიანმა, როცა საქმე გაყრას ეხება?
16 ჩვენ ვაფასებთ ღმერთთან ურთიერთობას და ქორწინების ძღვენს, რაც გვეხმარება, ნაჩქარევად არ გადავწყვიტოთ ცალკე ცხოვრება ან განქორწინება. ჩვენ, იეჰოვას მსახურები, დაინტერესებული ვართ ღვთის წმინდა სახელის განწმენდით. ამიტომ არასდროს დავგეგმოთ ოჯახის დანგრევა იმ მიზნით, რომ სხვაზე დავქორწინდეთ (იერ. 17:9; მალ. 2:13—16).
17. რა შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი ქრისტიანებს მშვიდობისკენ მოუწოდებს?
17 ქრისტიანი, რომლის მეუღლე იეჰოვას მოწმე არ არის, გულწრფელად უნდა ეცადოს ოჯახის შენარჩუნებას. მაგრამ ძმამ ან დამ თავი არ უნდა დაიდანაშაულოს, თუკი მისი მცდელობის მიუხედავად ოჯახი ინგრევა და მეუღლე ტოვებს მას. პავლემ დაწერა: „თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს, ასეთ შემთხვევაში ძმა ან და იძულებული არ არის, დარჩეს მასთან, რადგან ღმერთმა მშვიდობისკენ მოგიწოდათ“ (1 კორ. 7:15).b
იეჰოვაზე დაამყარეთ იმედი
18. რა კარგ შედეგებს მოიტანს ოჯახის შენარჩუნების მცდელობა მაშინაც კი, თუ მისი გადარჩენა შეუძლებელია?
18 თუ ოჯახში უთანხმოებები გაქვთ, სთხოვეთ იეჰოვას ლოცვაში გაბედულება და მასზე დაამყარეთ იმედი (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:14 ). გავიხსენოთ ლინდა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ. მისი ოჯახი დაინგრა, მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ცდილობდა მის გადარჩენას. ფიქრობს ის, რომ ტყუილად დაკარგა დრო? „არავითარ შემთხვევაში — ამბობს ლინდა. — ჩემი ძალისხმევა სხვებისთვის კარგი დამოწმება იყო. მე სუფთა სინდისი მაქვს და რაც მთავარია, ეს წლები დაეხმარა ჩემს ქალიშვილს, მტკიცე რწმენა ჰქონოდა. მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და გულმოდგინე მქადაგებელი გახდა“.
19. რა დადებითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, თუ ვეცდებით ოჯახური კვანძების განმტკიცებას?
19 ერთი ქრისტიანი ქალი, მერილინი, ბედნიერია, რომ ღმერთს მიენდო და თავისი ოჯახის გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაიშურა. ის გვიყვება: „ცალკე ცხოვრებაზე ვფიქრობდი, ვინაიდან ჩემი მეუღლე არც ფინანსურად და არც სულიერად არ ზრუნავდა ოჯახზე. უწინ ის უხუცესად მსახურობდა. მოგვიანებით ისეთ ბიზნესში ჩაება, რომ კრების შეხვედრების გაცდენა დაიწყო. ჩვენ, უბრალოდ, შევწყვიტეთ ურთიერთობა. ჩვენს ქალაქში მომხდარმა ერთმა ტერორისტულმა თავდასხმამ ისე შემაშინა, რომ საკუთარ ნაჭუჭში ჩავიკეტე. მოგვიანებით მივხვდი, რომ ოჯახურ პრობლემებში დამნაშავე მეც ვიყავი. ჩვენ ისევ დავიწყეთ ურთიერთობა, განვაახლეთ ოჯახური შესწავლა და კრებებსაც აღარ ვაცდენდით. უხუცესები ძალიან გულისხმიერნი იყვნენ და დიდად დაგვეხმარნენ. ჩვენს ოჯახში უწინდებურმა იდილიამ დაისადგურა. დროთა განმავლობაში ჩემმა ქმარმა კვლავ მიიღო გარკვეული პასუხისმგებლობები კრებაში. ეს ჩემი ცხოვრების ურთულესი პერიოდი იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა“.
20, 21. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, თუ ვაფასებთ ქორწინების ძღვენს?
20 დაოჯახებული ვართ თუ არა, მოდი, გაბედულად ვიმოქმედოთ და იმედი ყოველთვის იეჰოვაზე დავამყაროთ. თუ ოჯახურ პრობლემებს ვხვდებით, გულწრფელად უნდა ვეცადოთ მათ გადაჭრას და უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი, ვინც ერთად ეწევიან ოჯახურ ჭაპანს „ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი“ (მათ. 19:6). რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება ადვილი არ არის, მაგრამ თუ ღირსეულად უმკლავდებით სირთულეებს, თქვენც შეიძლება განიცადოთ მეუღლის ჭეშმარიტებაში მოსვლით გამოწვეული სიხარული.
21 ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, წინდახედულად უნდა მოვიქცეთ, რომ კარგი მაგალითი ვიყოთ მათთვის, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს. თუ ჩვენი ოჯახური კერა ცივდება, მხურვალედ ვილოცოთ, გულწრფელად შევამოწმოთ საკუთარი მოტივები, გულდასმით გამოვიკვლიოთ ბიბლიური მუხლები და სულიერი დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ. და რაც ყველაზე მთავარია, მოდი, ყველაფერში ვასიამოვნოთ ჩვენს ღმერთ იეჰოვას და მადლიერება გამოვავლინოთ ღვთის შესანიშნავი ძღვნისთვის — ქორწინებისთვის.
[სქოლიოები]
a სახელები შეცვლილია.
b იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვერდები 219—221; 1988 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 26, 27 (ინგლ.); 1975 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 575 (ინგლ.).
[ჩანართი 10 გვერდზე]
ქრისტიანები, რომლებიც ცხელ გულზე არ ანგრევენ ოჯახს, ხშირად კარგ შედეგებს იმკიან
[ჩანართი 12 გვერდზე]
სთხოვეთ იეჰოვას გაბედულება და მასზე დაამყარეთ იმედი
[სურათი 9 გვერდზე]
იეჰოვა აკურთხებს იმ ქრისტიანებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოჯახური კვანძების განსამტკიცებლად
[სურათი 11 გვერდზე]
ქრისტიანულ კრებაში შეგიძლიათ პოვოთ ნუგეში და მიიღოთ სულიერი დახმარება