ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 7
როგორ ვიკითხოთ ბიბლია გულდასმით
„გესმის, რასაც კითხულობ?“ (ᲡᲐᲥ. 8:30).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 97 ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. საიდან ჩანს, რომ იესო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმინდა წერილებს?
ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რა სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა იესოს ქადაგება. ის ხშირად ციტირებდა წმინდა წერილებს. ნათლობის შემდეგ წარმოთქმული მისი პირველი სიტყვები და სიკვდილამდე წარმოთქმული ბოლო სიტყვებიც წმინდა წერილებიდან მოყვანილი ციტატები იყოb (კან. 8:3; ფსალმ. 31:5; ლუკ. 4:4; 23:46). ზოგადად, მთელი მსახურების განმავლობაში იესო საჯაროდ კითხულობდა წმინდა წერილებს, ციტირებდა და განმარტავდა მათ (მათ. 5:17, 18, 21, 22, 27, 28; ლუკ. 4:16—20).
2. რა დაეხმარა იესოს, კარგად გარკვეულიყო წმინდა წერილებში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
2 მსახურების დაწყებამდე წლებით ადრე იესო ხშირად კითხულობდა და ისმენდა ღვთის სიტყვას. მარიამი და იოსები, ალბათ, დღის განმავლობაში ოჯახში არაერთხელ ახსენებდნენ წმინდა წერილებსc (კან. 6:6, 7). ეჭვგარეშეა, იესო ყოველ შაბათს ოჯახთან ერთად დადიოდა სინაგოგაში (ლუკ. 4:16). ის, ალბათ, გულისყურით ისმენდა, როგორ იკითხებოდა ღვთის კანონი. მოგვიანებით ის უკვე დამოუკიდებლადაც კითხულობდა წმინდა წერილებს. ასე რომ, იესო არა მხოლოდ კარგად ერკვეოდა წმინდა წერილებში, არამედ ძალიან აფასებდა და ცხოვრებაშიც იყენებდა. ჯერ კიდევ 12 წლის იყო, როცა ტაძარში კანონის მასწავლებლები გააოცა „იმით, თუ როგორ პასუხობდა და რამდენი რამ ესმოდა“ (ლუკ. 2:46, 47, 52).
3. რაზე ვიმსჯელებთ წინამდებარე სტატიაში?
3 ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა ჩვენც დაგვეხმარება, კარგად გავერკვეთ მასში და დავაფასოთ. თუმცა ამისთვის გულდასმით კითხვაა საჭირო. ის, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება, კანონის მცოდნე მწიგნობრებისთვის, ფარისევლებისა და სადუკეველებისთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიდან ვიგებთ. ეს რელიგიური წინამძღოლები ხშირად კითხულობდნენ საღვთო წერილს, მაგრამ მთავარი მხედველობიდან რჩებოდათ. იესომ მათ სამ მხარეზე გაუმახვილა ყურადღება, რაც ჩვენც დაგვეხმარება: 1) უკეთ ჩავწვდეთ წაკითხულს, 2) დავინახოთ ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს და 3) მივცეთ ღვთის სიტყვას ჩვენი ფორმირების საშუალება.
ᲩᲐᲡᲬᲕᲓᲘᲗ ᲬᲐᲙᲘᲗᲮᲣᲚᲡ
4. როგორც ლუკას 10:25—29-დან ვიგებთ, რა უნდა გავითვალისწინოთ ღვთის სიტყვის კითხვისას?
4 ყველას გვსურს, ჩავწვდეთ, რასაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რადგან ზედაპირული კითხვით შეიძლება ბევრი ვერაფერი გავიგოთ. ამ მხრივ საინტერესოა, რა საუბარი შედგა იესოსა და ერთ კანონის მცოდნეს შორის (წაიკითხეთ ლუკას 10:25—29). როცა ამ კაცმა იესოს ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად, იესომ უთხრა: „კანონში რა წერია? შენ როგორ იცი?“. კაცმა წმინდა წერილებიდან მოყვანილი ციტატებით სწორად უპასუხა, რომ მთავარი ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყო (ლევ. 19:18; კან. 6:5). თუმცა საყურადღებოა, რა ჰკითხა შემდეგ იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. ამ სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ის ბოლომდე ვერ სწვდებოდა წაკითხულს და, შესაბამისად, ვერც იმას ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს პირადად მისთვის.
თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ წაკითხულის გაგებისა და გააზრების უნარი.
5. როგორ დაგვეხმარება ლოცვა და აუჩქარებლად კითხვა წაკითხულის უკეთ გაგებაში?
5 ღვთის სიტყვას უკეთ ჩავწვდებით, თუ კითხვის კარგ ჩვევებს განვივითარებთ. აი რამდენიმე რჩევა, რაც ამაში დაგვეხმარება: კითხვის დაწყებამდე ილოცეთ. იეჰოვას დახმარების გარეშე წაკითხულის გაგება გაგვიჭირდება. ამიტომ წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რომ წაკითხულზე მოვახდინოთ კონცენტრირება. წაიკითხეთ აუჩქარებლად. ეს ტექსტის აღქმაში დაგეხმარებათ. შეიძლება თქვენთვის დამხმარე აღმოჩნდეს ხმამაღლა კითხვა ან აუდიოჩანაწერის მოსმენა და ტექსტისთვის თვალის გადევნება. ამ დროს ჩართულია მხედველობაც და სმენაც, რაც ღვთის სიტყვას ღრმად ჩაგიბეჭდავთ გულსა და გონებაში (იეს. 1:8). კითხვის დასრულების შემდეგაც ილოცეთ, მადლობა გადაუხადეთ იეჰოვას ბიბლიისთვის და სთხოვეთ, დაგეხმაროთ წაკითხულის გამოყენებაში.
6. რატომაა კარგი კითხვების დასმა და მოკლე ჩანაწერების გაკეთება? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
6 აი კიდევ ორი რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ წაკითხულს: დასვით კითხვები. მაგალითად, ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები? ვინ საუბრობს? ვის ესაუბრება და რატომ? სად და როდის ვითარდება მოვლენები? მსგავსი კითხვები დაგეხმარებათ ტექსტის გაანალიზებაში და მთავარი აზრების დანახვაში. კითხვის დროს გააკეთეთ მოკლე ჩანაწერები. საკუთარი მოსაზრებების წერილობით გადმოცემა ტექსტის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ და წაკითხულის დამახსოვრებასაც გაგიადვილებთ. ჩამოწერეთ კითხვები, გამოკვლეული ინფორმაცია, მთავარი აზრები, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წაკითხული და თქვენი შთაბეჭდილებები. ჩანაწერების გაკეთება დაგეხმარებათ, ღვთის სიტყვა უშუალოდ თქვენთვის მოწერილ წერილად აღიქვათ.
7. რა თვისება გვჭირდება ღვთის სიტყვის კითხვისას და რატომ? (მათე 24:15).
7 იესოს სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ღვთის სიტყვის გასაგებად წამკითხველს გამჭრიახობა სჭირდება (წაიკითხეთ მათეს 24:15). გამჭრიახობა გვეხმარება აზრებს შორის კავშირისა და განსხვავების, აგრეთვე ტექსტში დაფარული სახით არსებული ინფორმაციის დანახვაში. იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, გამჭრიახობა იმისთვისაც გვჭირდება, რომ დავინახოთ, როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ამ თვისების გარეშე წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენებაც გაგვიჭირდება.
8. რაში გამოჩნდება, რომ გამჭრიახი მკითხველები ვართ?
8 იეჰოვა თავის მსახურებს გამჭრიახობას აძლევს. ასე რომ, ლოცვაში სთხოვეთ მას, რომ დაგეხმაროთ ამ თვისების განვითარებაში (იგავ. 2:6). თუმცა ჩვენი მხრიდანაც რაღაცის გაკეთება მოითხოვება. უნდა გავაანალიზოთ წაკითხული და დავფიქრდეთ, როგორ უკავშირდება ის ჩვენთვის ნაცნობ ინფორმაციას. ამაში დაგვეხმარება ბიბლიის საკვლევი საშუალებები, მაგალითად როგორიცაა „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. ამ პუბლიკაციებში ახსნილია ესა თუ ის ბიბლიური მონაკვეთი და დანახვებულია მათი პრაქტიკული ღირებულება (ებრ. 5:14). თუ კითხვისას გამჭრიახობას გამოიჩენთ, წმინდა წერილებს უკეთ ჩასწვდებით.
ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲔᲗ ᲘᲡ, ᲠᲐᲪ ᲔᲠᲗᲘ ᲨᲔᲮᲔᲓᲕᲘᲗ ᲐᲠ ᲩᲐᲜᲡ
9. რას ვერ ჩასწვდნენ სადუკეველები?
9 მიუხედავად იმისა, რომ სადუკეველებმა საფუძვლიანად იცოდნენ ხუთწიგნეული, მათ მხედველობიდან რჩებოდათ არაერთი მნიშვნელოვანი აზრი. მაგალითად, გავიხსენოთ, რა უპასუხა იესომ მათ, როცა მკვდრეთით აღდგომაზე დაუწყეს დავა: «ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა ღმერთმა მას ეკლიან ბუჩქთან: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“» (მარ. 12:18, 26). მართალია, სადუკეველებს არაერთხელ ექნებოდათ წაკითხული ეს მონაკვეთი, მაგრამ იესოს კითხვიდან გამოჩნდა, რომ ისინი ვერ ჩასწვდნენ წაკითხულის არსს და ვერ მიხვდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნებოდა (მარ. 12:27; ლუკ. 20:38).d
10. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება კითხვისას?
10 რას გვასწავლის ეს შემთხვევა? გვინდა ყველა დეტალს მივაქციოთ ყურადღება და დავინახოთ წაკითხულის პრაქტიკული ღირებულება. ჩვენი მიზანი მხოლოდ იმის დანახვა არ უნდა იყოს, რაც ისედაც ნათელია, არამედ გვინდა იმის დანახვაც შევძლოთ, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს.
11. 2 ტიმოთეს 3:16, 17-დან გამომდინარე, რა დაგეხმარებათ ბიბლიის კითხვისას იმის დანახვაში, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს?
11 რა დაგვეხმარება ერთი შეხედვით დაფარული ინფორმაციის დანახვაში? ამ მხრივ საინტერესოა 2 ტიმოთეს 3:16, 17 (წაიკითხეთ). როგორც ამ მუხლებიდან ვიგებთ „მთელი წმინდა წერილი . . . სასარგებლოა“: 1) სასწავლებლად, 2) შესაგონებლად, 3) გამოსასწორებლად და 4) აღსაზრდელად. ბიბლიის ის წიგნებიც კი, რომლებსაც ხშირად არ მივმართავთ, შეიძლება ამ ოთხი კუთხით დამხმარე აღმოჩნდეს. თუ გააანალიზებთ წაკითხულს, უკეთ დაინახავთ, რას გასწავლით იეჰოვას, მისი განზრახვის და, ზოგადად, ღვთიური პრინციპების შესახებ. იმაზეც დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ წაკითხული როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების შესაგონებლად. ყურადღებით დააკვირდით, როგორ დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია არასწორი მიდრეკილებების დანახვასა და აღმოფხვრაში და იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში. იმაზეც დაფიქრდით, როგორ შეიძლება მისი გამოყენება გამოსასწორებლად, მაგალითად მსახურებაში ვინმესთვის არასწორი თვალსაზრისის შესასწორებლად. ეცადეთ დაინახოთ, როგორ ემსახურება წაკითხული მასალა თქვენს აღზრდას ანუ იმას, რომ საკითხებს უფრო მეტად იეჰოვას თვალით შეხედოთ. თუ ბიბლიის კითხვისას მხედველობაში მიიღებთ ამ ოთხ მხარეს, დაინახავთ ერთი შეხედვით დაფარულ ინფორმაციას და უფრო ღრმად ჩასწვდებით ღვთის სიტყვას.
ᲛᲘᲔᲪᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲤᲝᲠᲛᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐ
12. რატომ ჰკითხა იესომ ფარისევლებს: „არ წაგიკითხავთ“?
12 ერთხელ ფარისევლებმა იესოს მოწაფეები შაბათის დარღვევაში დაადანაშაულეს და ამის გამო იესოს დავა დაუწყეს. მათთვის იმის დასანახვებლად, რომ სწორად ვერ აღიქვამდნენ წმინდა წერილებს, იესომ ფარისევლებს ასეთი კითხვა დაუსვა: „არ წაგიკითხავთ“? (მათ. 12:1—7).e შემდეგ იესომ მათ ორი მაგალითი მოუყვანა წმინდა წერილებიდან და ოსია წინასწარმეტყველის სიტყვებიც დაიმოწმა იმის საჩვენებლად, რომ მათ არ ესმოდათ შაბათის კანონის არსი და გულმოწყალებას არ იჩენდნენ. რატომ ვერ მოახდინა ღვთის სიტყვამ სათანადო გავლენა მათზე? იმიტომ რომ, ისინი კრიტიკულები და ამაყები იყვნენ. არასწორი დამოკიდებულების გამო ისინი ვერ სწვდებოდნენ წაკითხულის არსს (მათ. 23:23; იოან. 5:39, 40).
13. რა განწყობით უნდა ვიკითხოთ ბიბლია და რატომ?
13 ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ ბიბლია სწორი განწყობით უნდა ვიკითხოთ. ფარისევლებივით არ უნდა გვეგონოს, რომ არაფრის სწავლა არ გვჭირდება. პირიქით, თავმდაბლად უნდა მივიღოთ ღვთის სიტყვა (იაკ. 1:21). შედეგად, ის ღრმად გაიდგამს ფესვს ჩვენს გულებში. ბიბლიიდან გულმოწყალებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისწავლით, თუ კრიტიკულ განწყობასა და სიამაყეს მოვიშორებთ.
14. როგორ მივხვდეთ, ახდენს თუ არა ჩვენს ფორმირებას ღვთის სიტყვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
14 ის, თუ როგორ ვექცევით სხვებს, ცხადყოფს, ვაძლევთ თუ არა ღვთის სიტყვას ჩვენი ფორმირების საშუალებას. ფარისევლებს გულთან ახლოს არ მიჰქონდათ წაკითხული, ამიტომ მსჯავრს სდებდნენ უდანაშაულოებს (მათ. 12:7). რაზე მეტყველებს ჩვენი დამოკიდებულება თუ საქციელი? მაგალითად, სხვების დადებითზე ვამახვილებთ ყურადღებას თუ სულ უარყოფითზე ვართ კონცენტრირებული? გულმოწყალეები და მიმტევებლები ვართ თუ კრიტიკულები და ბოღმიანები? მსგავს კითხვებზე დაფიქრება დაგვანახვებს, ახდენს თუ არა ღვთის სიტყვა გავლენას ჩვენს აზრებზე, გრძნობებსა და საქციელზე (1 ტიმ. 4:12, 15; ებრ. 4:12).
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲙᲘᲗᲮᲕᲐ ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲬᲘᲜᲓᲐᲠᲘᲐ
15. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს წმინდა წერილების მიმართ?
15 იესო ძალიან აფასებდა წმინდა წერილებს. მისი გრძნობები წინასწარმეტყველურად იყო აღწერილი ფსალმუნის 40:8-ში: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“. ამიტომ იესო ბედნიერიც იყო და ღვთის მსახურებაშიც ხელი ემართებოდა. თუ ჩვენც მასავით დავაფასებთ ღვთის სიტყვას, ბედნიერები ვიქნებით და ყველაფერში, რასაც გავაკეთებთ, ხელი მოგვემართება (ფსალმ. 1:1—3).
16. რისი გაუმჯობესება გსურთ პირადად თქვენ, რომ უფრო გულდასმით იკითხოთ ღვთის სიტყვა? (იხილეთ ჩარჩო „იესოს სიტყვების გათვალისწინება წაკითხულის გაგებაში დაგეხმარებათ“).
16 მოდი მივბაძოთ იესოს მაგალითს, გავითვალისწინოთ მისი ნათქვამი და უფრო ხარისხიანად ვიკითხოთ ღვთის სიტყვა. თუ ვილოცებთ, აუჩქარებლად წავიკითხავთ, დავსვამთ კითხვებს და მოკლე ჩანაწერებს გავაკეთებთ, უკეთ ჩავწვდებით წაკითხულს. გამჭრიახობას გამოვავლენთ, თუ წაკითხულს გავაანალიზებთ და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით გამოვიკვლევთ. ნაკლებად ნაცნობი ბიბლიური მონაკვეთებიდანაც ბევრ რამეს ვისწავლით, თუ შევეცდებით იმის დანახვას, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ღვთის სიტყვას ჩვენი ფორმირების საშუალებას მივცემთ, თუ სწორი განწყობით წავიკითხავთ. თუ ამ რჩევებს გავითვალისწინებთ, გულდასმით წავიკითხავთ ბიბლიას და უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას (ფსალმ. 119:17, 18; იაკ. 4:8).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
a ჩვენ, ღვთის მსახურები, ვცდილობთ, ყოველდღიურად წავიკითხოთ მისი სიტყვა. ბიბლიას სხვებიც კითხულობენ, მაგრამ ვერ სწვდებიან წაკითხულს. ეს ასე იყო იესოს დროსაც. იმის განხილვა, თუ რა უთხრა იესომ ასეთ ადამიანებს, დაგვეხმარება, უფრო გულდასმით ვიკითხოთ ბიბლია.
b მას შემდეგ, რაც მოინათლა და ღვთისგან წმინდა სული მიიღო, როგორც ჩანს, იესოს გაახსენდა თავისი ცხოვრება განკაცებამდე (მათ. 3:16).
c მარიამის სიტყვებიდან ჩანს, რომ კარგად იცოდა საღვთო წერილები (ლუკ. 1:46—55). სავარაუდოდ, იოსებსა და მარიამს იმის ფუფუნება არ ექნებოდათ, რომ წმინდა წერილების პირადი ასლები ჰქონოდათ. როგორც ჩანს, ისინი სინაგოგაში გულისყურით ისმენდნენ და იმახსოვრებდნენ მოსმენილს.
d იხილეთ 2013 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „დაუახლოვდით ღმერთს — ცოცხლების ღმერთი“.
e წაიკითხეთ აგრეთვე მათეს 19:4—6, სადაც იესო ფარისევლებს მსგავს კითხვას უსვამს. მათ არაერთხელ ექნებოდათ წაკითხული ადამიანის შექმნის ისტორია, მაგრამ სწორი დასკვნა ვერ გამოიტანეს და ვერ მიხვდნენ, როგორ უყურებდა იეჰოვა ქორწინებას.
f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: კრების შეხვედრაზე ახალგაზრდა ძმა, რომელიც აპარატურასთან ზის, შეცდომებს უშვებს. მაგრამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ძმები მაინც აქებენ მას მონდომებისთვის და ყურადღებას არ უმახვილებენ შეცდომებზე.