სრულყოფილება
სრულყოფილების აღსანიშნავად ბიბლიაში გამოყენებულია ებრაული სიტყვები, რომლებიც მომდინარეობს ზმნებიდან: ქალალ (სრულყოფა [შდრ. ეზკ. 27:4]), შალამ და თამამ (დასრულება [შდრ. ეს. 60:20; ფს. 102:27]). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მსგავსი მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვები ტელიოს (ზედსართავი სახელი), ტელიოტეს (არსებითი სახელი) და ტელიოო (ზმნა), რომლებიც გამოხატავს სისრულის, სრულყოფილების (ლკ. 8:14; 2კრ. 12:9; იაკ. 1:4), ზრდასრულობის, მოწიფულობის (1კრ. 14:20; ებ. 5:14), მიზნის მიღწევისა და დანიშნულებისა თუ განზრახვის შესრულების აზრს (ინ. 19:28; ფლ. 3:12).
სწორი შეხედულება. ბიბლიურ გაგებას სწორად რომ ჩავწვდეთ, მცდარად არ უნდა დავასკვნათ, რომ ყველაფერი, რასაც სრულყოფილი ეწოდება, აბსოლუტური გაგებით სრულყოფილი უნდა იყოს, ანუ ზღვარდაუდებელი, შეუზღუდავი. აბსოლუტური გაგებით სრულყოფილი მხოლოდ შემოქმედი იეჰოვა ღმერთია. სწორედ ამიტომ შეეძლო იესოს ეთქვა მამაზე: „არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მრ. 10:18). იეჰოვა შეუდარებელია, მისია ქება-დიდება, აღმატებულია მისი საუცხოო თვისებები და უსაზღვროა მისი შესაძლებლობები, ამიტომ „მხოლოდ მისი სახელია ყველაზე ამაღლებული“ (ფს. 148:1—13; იობ. 36:3, 4, 26; 37:16, 23, 24; ფს. 145:2—10, 21). მოსემ ხოტბა შეასხა ღვთის სრულყოფილებას: „გავაცხადებ იეჰოვას სახელს. დიდება მიაგეთ ჩვენს ღმერთს! კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლობა შორს არის მისგან. მართალი და სამართლიანია იგი“ (კნ. 32:3, 4). ღვთის საქმეები, სიტყვები და კანონი სრულყოფილი, წმინდა და უნაკლოა (ფს. 18:30; 19:7; იაკ. 1:17, 25). სამართლიანად ვერავინ შეეკამათება ღმერთს, გააკრიტიკებს ან წუნს დასდებს მას ან მის საქმეებს. პირიქით, ის ყოველთვის იმსახურებს ქებას (იობ. 36:22—24).
შედარებითი სრულყოფილება. ნებისმიერი სხვა სულიერი თუ უსულო ქმნილების სრულყოფილება აბსოლუტური კი არა, შედარებითია (შდრ. ფს. 119:96). ის სრულყოფილად ითვლება, თუ შეესაბამება შემოქმედის ან მწარმოებლის მიერ მისთვის დასახულ მიზანს ან დანიშნულებას, ან მომხმარებლის მოთხოვნებს. სრულყოფილების ცნება ითვალისწინებს იმას, რომ ვიღაც ადგენს, როდის ითვლება ესა თუ ის ქმნილება დასრულებულად, ადგენს ხარისხის ნორმებსა და მოთხოვნებს, რომლებსაც ის უნდა აკმაყოფილებდეს და წყვეტს, რა სჭირდება ქმნილებას და რა არა. თავისი სამართლიანი განზრახვებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოოდ, შემოქმედი ღმერთი განსაზღვრავს სრულყოფილებას (რმ. 12:2; იხ. იეჰოვა [ზნეობრივი ნორმების დამდგენი ღმერთი]).
მაგალითად, ღვთის ერთ-ერთი ქმნილებაა დედამიწა. მასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საქმიანობის მეექვსე დღის მიწურულს ღმერთმა თქვა, რომ ის „ძალიან კარგი იყო“ (დბ. 1:31). ვინაიდან დედამიწა შეესაბამებოდა ღვთის მიერ დადგენილი ხარისხის აღმატებულ ნორმებს, ის სრულყოფილი იყო. თუმცა ამის შემდეგ ღმერთმა ადამიანს დაავალა, დაპატრონებოდა დედამიწას, რაშიც, როგორც ჩანს, მისი დამუშავება და მთელი დედამიწის, და არა მხოლოდ ედემის, ღვთის ბაღად გადაქცევა იგულისხმებოდა (დბ. 1:28; 2:8).
უდაბნოში ღვთის მითითებითა და გეგმით აგებული კარავი „უფრო დიდი და უფრო სრულყოფილი კარვის“ წინასწარმეტყველური ნიმუში იყო. მისი წმინდათაწმინდა იეჰოვას ზეციერი სამყოფელია, სადაც იესო ქრისტე შევიდა როგორც მღვდელმთავარი (ებ. 9:11—14, 23, 24). მიწიერი კარავი იმ გაგებით იყო სრულყოფილი, რომ შეესაბამებოდა ღვთის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და დანიშნულებას. მაგრამ, თავისი დანიშნულების შესრულების შემდეგ კარავს აღარ იყენებდნენ. მისით წარმოდგენილი სრულყოფილება მასზე გაცილებით აღმატებული იყო.
ქალაქ იერუსალიმსა და სიონის მთას „სრულყოფილად ლამაზს“ უწოდებდნენ (გდ. 2:15; ფს. 50:2). თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული საუცხოოდ ლამაზი იყო. ის ლამაზი იყო, რადგან ღმერთმა მიანიჭა მას სიდიადე — თავისი ცხებული მეფეების სატახტო ქალაქად აქცია და ტაძარი იქ ააგებინა (ეზკ. 16:14). მდიდარი სავაჭრო ქალაქი ტვიროსი შედარებულია ხომალდს, რომლის მშენებლებმაც, ანუ მათ, ვინც ქალაქის კეთილდღეობისთვის შრომობდა, მრავალი ქვეყნიდან წამოღებული ფუფუნების საგნებით აავსეს ის და სრულყვეს მისი სილამაზე (ეზკ. 27:3—25).
ამგვარად, თითოეულ შემთხვევაში საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება იმის დასადგენად, რა გაგებით ან რასთან შედარებით არის რამე სრულყოფილი.
მოსეს კანონი. კანონი, რომელიც ღმერთმა ისრაელს მოსეს მეშვეობით გადასცა, ითვალისწინებდა სამღვდელოების დანიშვნასა და ცხოველური შესაწირავების მიტანას. მიუხედავად იმისა, რომ კანონი, სამღვდელოება და შესაწირავები ღვთისგან დადგენილი და, შესაბამისად, სრულყოფილი იყო, როგორც ღვთივშთაგონებული პავლე მოციქული ცხადყოფს, ისინი ვერ ასრულყოფილებდნენ კანონს დაქვემდებარებულთ (ებ. 7:11, 19; 10:1). ცოდვისა და სიკვდილისგან გათავისუფლების ნაცვლად, კანონმა ცოდვა უფრო ცხადი გახადა (რმ. 3:20; 7:7—13). მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი ემსახურებოდა ღვთის მიერ დასახულ მიზანს. კანონი ქრისტემდე მიმყვანი აღმზრდელი და „მომავალ კურთხევათა“ სრულყოფილი ჩრდილი იყო (გლ. 3:19—25; ებ. 10:1). ამიტომ, როცა პავლე ამბობდა, რომ „ხორცის გამო კანონი სუსტი და უუნარო“ იყო (რმ. 8:3), ის, როგორც ჩანს, გულისხმობდა, რომ ებრაელ მღვდელმთავარს (კანონის თანახმად, ის იყო პასუხისმგებელი მსხვერპლშეწირვაზე და გამოსყიდვის დღეს მას შეჰქონდა წმინდათაწმინდაში შეწირული ცხოველების სისხლი) არ შეეძლო, სრულად დაეხსნა მისი მსახურებით მოსარგებლენი, როგორც ეს ებრაელების 7:11, 18—28-დან ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ აარონის საგვარეულო მღვდლების მიერ მიტანილი შესაწირავები ეხმარებოდა ხალხს, ღვთის თვალში მართლები ყოფილიყვნენ, ისინი სრულად ვერ წაშლიდა ცოდვის შეგნებას. სწორედ ამას გულისხმობდა მოციქული, როცა თქვა, რომ შესაწირავებს არ შეეძლო ღმერთთან მისულების სინდისის გასრულყოფილება (ებ. 10:1—4; შდრ. 9:9). მღვდელმთავარი ვერ გადაიხდიდა ისეთ გამოსასყიდს, რომელიც ნამდვილად გაათავისუფლებდა ცოდვისგან. ეს მხოლოდ ქრისტეს მარადიული მღვდელმსახურებისა და შესაბამისი მსხვერპლის მეშვეობით მიიღწევა (ებ. 9:14; 10:12—22).
კანონი წმინდა იყო და კარგი (რმ. 7:12, 16). ვინც სრულად დაიცავდა ამ სრულყოფილ კანონს, დაამტკიცებდა, რომ სრულყოფილი იყო და სიცოცხლეს დაიმსახურებდა (ლვ. 18:5; რმ. 10:5; გლ. 3:12). მაგრამ სიცოცხლის ღირსად გამოცხადების ნაცვლად, კანონი მსჯავრს სდებდა ხალხს, არა იმიტომ, რომ ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ მას დაქვემდებარებულნი არასრულყოფილები და ცოდვილები იყვნენ (რმ. 7:13—16; გლ. 3:10—12, 19—22). სრულყოფილმა კანონმა ცხადზე ცხადი გახადა მათი არასრულყოფილება და ცოდვიანობა (რმ. 3:19, 20; გლ. 3:19, 22). ამგვარად, კანონი ეხმარებოდა ხალხს იმის ამოცნობაში, რომ იესო იყო მესია, რადგან მხოლოდ მან შეძლო კანონის ზედმიწევნით დაცვა და დაამტკიცა, რომ სრულყოფილი იყო (ინ. 8:46; 2კრ. 5:21; ებ. 7:26).
ბიბლია. წმინდა წერილები ღვთისგან ბოძებული სრულყოფილი ცნობაა, გაწმენდილი, წმინდა და ჭეშმარიტი (ფს. 12:6; 119:140, 160; იგ. 30:5; ინ. 17:17). თუმცა ათასობით წლის მანძილზე ასლების გაკეთებამ დედნისეულ ტექსტში გარკვეული ცვლილებები მოახდინა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ეს ცვლილებები უმნიშვნელოა. ჩვენს ხელთ არსებული ასლები და თარგმანები აბსოლუტურად უნაკლო და უშეცდომო რომც არ იყოს, მათში ჩაწერილი ღვთის ცნობა სრულყოფილი რჩება.
ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ სხვა წიგნებთან შედარებით ბიბლიის კითხვა უფრო რთულია, რადგან მეტი ძალისხმევა და კონცენტრირება სჭირდება. ისინი წაკითხულიდან შეიძლება ბევრ რამეს ვერ იგებენ. ზოგი კრიტიკულად განწყობილი ადამიანის მტკიცებით, თუ ბიბლია სრულყოფილია, მასში არ უნდა იყოს მცირე განსხვავებები და საწინააღმდეგო აზრები, რომლებსაც თავიანთი აზრით იქ პოულობენ. მაგრამ ასეთი კრიტიკის გამო წმინდა წერილების სრულყოფილებას არაფერი აკლდება. ბიბლიის სრულყოფილება განისაზღვრება იმით, რომ ის შეესაბამება ხარისხის იმ ნორმებს, რომლებიც იეჰოვა ღმერთმა დაუდგინა, აღწევს მიზანს, რომელიც ბიბლიის ნამდვილმა ავტორმა დაუსახა და, როგორც ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა, არ შეიცავს სიცრუეს. მოციქულმა პავლემ წმინდა წერილების სრულყოფილების ხაზგასასმელად თქვა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2ტმ. 3:15—17). ბიბლია ღვთის საუკეთესო საშუალებაა მისი მიზნების მისაღწევად, რაც აშკარად ჩანს იქიდან, თუ რა მოუტანა ებრაულ წერილებში ჩაწერილის გათვალისწინებამ ისრაელ ერს და მთლიან ბიბლიაში ჩაწერილის გათვალისწინებამ პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებასა და დღეს მცხოვრებ ადამიანებს (შდრ. 1კრ. 1:18).
მთელი წმინდა წერილი, მათ შორის ღვთის ძის სწავლებები, ცხადყოფს, რომ ღვთის განზრახვების გაგება, ღვთის ნების შესრულება და ხსნის მოპოვება, ძირითადად, ადამიანის გულზეა დამოკიდებული (1სმ. 16:7; 1მტ. 28:9; იგ. 4:23; 21:2; მთ. 15:8; ლკ. 8:5—15; რმ. 10:10). ბიბლია უნიკალურია, რადგან „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ და ააშკარავებს, სინამდვილეში როგორია ადამიანი (ებ. 4:12, 13). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის ნებით მის შესახებ ცოდნის მიღება ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია (შდრ. იგ. 2:1—14; 8:32—36; ეს. 55:6—11; მთ. 7:7, 8). გარდა ამისა, ღმერთი თავის განზრახვებს თავმდაბლებს უმჟღავნებს, ამპარტავნებს კი უმალავს, რადგან ასეა მოსაწონი მისთვის (მთ. 11:25—27; 13:10—15; 1კრ. 2:6—16; იაკ. 4:6). ამიტომ, თუ ადამიანი, რომლის გულიც არ ეხმაურება ბიბლიის ცნობას, ისეთ რამეს იპოვის ბიბლიაში, რაც მისი აზრით ბიბლიაში ჩაწერილი ცნობის, შეგონებისა და რჩევა-დარიგების უგულებელყოფის საბაბს იძლევა, ეს არ ნიშნავს ბიბლიის არასრულყოფილებას. პირიქით, ეს ადასტურებს ზემოთ მოყვანილ აზრებს და ცხადყოფს, რომ ავტორის აზრით ის სრულყოფილია, ავტორის აზრი კი გადამწყვეტია (ეს. 29:13, 14; ინ. 9:39; სქ. 28:23—27; რმ. 1:28). დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ყველაფერი, რაც ღვთის სიტყვას უკავშირდება და ქრისტიანული გზა, რომელიც ამ ქვეყნიერების ბრძენთა თვალში „უგუნურება“ და „სისუსტეა“, კრიტიკოს ადამიანთა თეორიებზე, ფილოსოფიასა და მსჯელობაზე ბევრად ბრძენი და ძლიერია (1კრ. 1:22—25; 1პტ. 1:24, 25).
ღვთის სრულყოფილი სიტყვის გასაგებად და დასაფასებლად რწმენაა საჭირო. ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ბიბლიაში ზოგჯერ ზედმეტად ბევრი წვრილმანია მოყვანილი, ზოგჯერ კი აკლია ისეთი დეტალები, რომლებიც ახსნიდა, რატომ მოიქცა ღმერთი ასე თუ ისე ან რატომ იწონებდა ან არ იწონებდა რამეს. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ბიბლიის თავიანთ ნორმებსა თუ კრიტერიუმებზე მორგება, არ იქნებოდა იმის გარანტია, რომ ის ღვთის თვალში სრულყოფილად ჩაითვლებოდა. იეჰოვა ააშკარავებს მათი შეხედულების სიმცდარეს და ამბობს, რომ მისი აზრები და გზები ბევრად აღემატება ადამიანთა აზრებსა და გზებს, და გვარწმუნებს, რომ მისი სიტყვა შეასრულებს მის განზრახვას (ეს. 55:8—11; ფს. 119:89). სტატიის დასაწყისში მოყვანილი განმარტების თანახმად, სწორედ ეს არის სრულყოფილება.
სრულყოფილება და ნების თავისუფლება. ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან ჩანს, რომ ღვთის სრულყოფილი ქმნილებაც შეიძლება ურჩი გახდეს. ვინც მიიჩნევს, რომ სრულყოფილება დაუმორჩილებლობას გამორიცხავს, არ ითვალისწინებს იმას, თუ სინამდვილეში, რა იგულისხმება სრულყოფილებაში და თავის შეხედულებას ფაქტებზე წინ აყენებს. ღვთის გონიერი ქმნილებები დაჯილდოებულნი არიან ნების თავისუფლებით ანუ მათ აქვთ უნარი და პასუხისმგებლობა, თავად აირჩიონ, რა გზას დაადგებიან (კნ. 30:19, 20; იეს. 24:15). ეს ასე იყო პირველი წყვილის შემთხვევაში, ამიტომაც შეიძლებოდა, რომ ღვთისადმი მათი ერთგულება გამოცდილიყო (დბ. 2:15—17; 3:2, 3). იეჰოვამ, მათმა შემოქმედმა, შესანიშნავად იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ისინი. ბიბლიიდან ჩანს, რომ მას მექანიკური, გაუაზრებელი მორჩილება კი არა, წრფელ სიყვარულზე დაფუძნებული, გულიდან და გონებიდან მომდინარე თაყვანისცემა და მსახურება სურდა (შდრ. კნ. 30:15, 16; 1მტ. 28:9; 29:17; ინ. 4:23, 24). ადამსა და ევას არჩევნის გაკეთების უნარი რომ არ ჰქონოდათ, ღვთის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდნენ ანუ მისი ნორმებიდან გამომდინარე ისინი სრულყოფილებად ვერ ჩაითვლებოდნენ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის სრულყოფილება შედარებითია და მისი შესაძლებლობების ფარგლებს არ სცდება. მართალია, ადამი სრულყოფილი იყო, მაგრამ ის შემოქმედის მიერ დადგენილ საზღვრებს ვერ გასცდებოდა. მაგალითად, თუ ტალახს, ხრეშსა და ხეს შეჭამდა, თავს ზიანს მიაყენებდა; თუ ჰაერის ნაცვლად წყალს შეისუნთქავდა, დაიხრჩობოდა. მსგავსად, თუ გულსა და გონებას ცუდი ფიქრებით გამოკვებავდა, არასწორი სურვილები გაუჩნდებოდა, რაც საბოლოოდ ცოდვამდე და სიკვდილამდე მიიყვანდა (იაკ. 1:14, 15; შდრ. დბ. 1:29; მთ. 4:4).
აშკარაა, რომ გონიერი ქმნილების შემთხვევაში თავისუფალ ნებასა და პირად არჩევანს გადამწყვეტი როლი ენიჭება. თუ იმის მტკიცებას შევეცდებით, რომ შეუძლებელია, სრულყოფილმა ადამიანმა ზნეობრივ საკითხში არასწორი გზა აირჩიოს, მაშინ ისიც უნდა დავასკვნათ, რომ არასრულყოფილი ადამიანი ზნეობრივ საკითხში სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს. სინამდვილეში, ბევრი არასრულყოფილი ადამიანი ამ მხრივ სწორ არჩევანს აკეთებს, ღმერთს ემორჩილება და მზად არის, ამის გამო დევნაც აიტანოს. სხვები კი განზრახ იქცევიან არასწორად. ასე რომ, ყოველგვარ დანაშაულს ადამიანური არასრულყოფილებით ვერ გავამართლებთ. გადამწყვეტი ფაქტორი მაინც თითოეულის ნება და არჩევანია. მსგავსად ამისა, მხოლოდ ადამიანური სრულყოფილება ვერ იქნებოდა იმის გარანტია, რომ პირველი ადამიანი სწორად მოიქცეოდა. მას სწორად უნდა გამოეყენებინა ნების თავისუფლება და ღვთისა და სიმართლის სიყვარულიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი (იგ. 4:23).
პირველი შემცოდველი და ტვიროსის მეფე. როგორც იესოს მიერ იოანეს 8:44-ში ნათქვამი და დაბადების მე-3 თავში ჩაწერილი სიტყვებიდან ჩანს, ცოდვასა და არასრულყოფილებას დასაბამი ადამიანებმა კი არა, სულიერმა ქმნილებებმა მისცეს. თუმცა ეზეკიელის 28:12—19-ში ჩაწერილი სამგლოვიარო სიმღერა მიმართულია ტვიროსის მეფისადმი, ის, როგორც ჩანს, ღვთის იმ სულიერი ძის ქმედებებსაც აღწერს, რომელმაც პირველმა შესცოდა. „ტვიროსის მეფის“ სიამაყე, საკუთარი თავის ღმერთად გამოცხადება, „ქერუბიმად“ მოხსენიება და ედემზე, ღვთის ბაღზე მინიშნება ზუსტად მიესადაგება ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას გაყოყოჩებული სატანა ეშმაკის შესახებ, რომელიც გაიგივებულია ედემის გველთან და რომელსაც „ამ ქვეყნიერების ღმერთი“ ეწოდება (1ტმ. 3:6; დბ. 3:1—5, 14, 15; გმც. 12:9; 2კრ. 4:4).
სახელით უცნობი ტვიროსის მეფე ცხოვრობდა ქალაქში, რომელიც საკუთარ თავს „სრულყოფილად ლამაზს“ უწოდებდა, იყო „სიბრძნით სავსე, . . სრულყოფილად [ზედსართავი სახელი, რომელიც მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ქალალ] ლამაზი“ და „უბიწო [ებრ. თამიმ] ... შექმნის დღიდან, სანამ უსამართლობა არ იქნა ნაპოვნი“ მასში (ეზკ. 27:3; 28:12, 15). ეზეკიელის სამგლოვიარო სიმღერის პირველი, ანუ ძირითადი შესრულება შესაძლოა ტვიროსის მეფეების მთელ დინასტიას ეხება და არა ტვიროსის ერთ კონკრეტულ მეფეს (შდრ. ეს. 14:4—20-ში სახელით უცნობი „ბაბილონის მეფისადმი“ მიმართულ წინასწარმეტყველებას). ამ შემთხვევაში, ალბათ, საუბარია თავიდან ტვიროსის მეფეებსა და დავითსა და სოლომონს შორის მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. იმ დროს ტვიროსი მორიას მთაზე იეჰოვას ტაძრის მშენებლობასაც კი უწყობდა ხელს. ასე რომ, ადრეულ ეტაპზე იეჰოვას ხალხთან, ისრაელთან ტვიროსის მეფეების დამოკიდებულებას შეგვიძლია უბიწო ვუწოდოთ (1მფ. 5:1—18; 9:10, 11, 14; 2მტ. 2:3—16). მაგრამ მოგვიანებით ტვიროსის მეფეებმა მიატოვეს ეს უბიწო გზა. ამიტომ წინასწარმეტყველები — იოელი, ამოსი და ეზეკიელი — ღვთის მსჯავრს უცხადებდნენ მას (იოლ. 3:4—8; ამ. 1:9, 10). ეზეკიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება არა მხოლოდ ტვიროსის მეფისა და ღვთის მთავარი მოწინააღმდეგის ქმედებების მსგავსებაზე მიუთითებს, არამედ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სიტყვები „სრულყოფილება“ და „უბიწობა“ შეიძლება ვიწრო გაგებით გამოიყენებოდეს.
რატომ ეწოდა ღვთის ზოგ არასრულყოფილ მსახურს „უბიწო“?
მართალი ნოე „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო“ იყო (დბ. 6:9), იობი კი — „უმწიკვლო, მართალი“ (იობ. 1:8). ბიბლიაში მსგავსი გამონათქვამები ღვთის სხვა მსახურების მიმართაც გვხვდება. ვინაიდან ისინი ცოდვილი ადამის შთამომავლები და თავადაც ცოდვილები იყვნენ, ნათელია, რომ ისინი იმ გაგებით იყვნენ უბიწოები და უმწიკვლოები, რომ სავსებით შეესაბამებოდნენ იმ მოთხოვნებს, რომელთაც ღმერთი უყენებდა მათ მათი არასრულყოფილებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით (შდრ. მქ. 6:8). ჩვეულებრივი თიხისგან ქოთნის დამზადებისას მეთუნე არ ელის, რომ ის იმავე ხარისხისა იქნება, როგორიც მაღალი ხარისხის თიხისგან დამზადებული. მსგავსად, იეჰოვა ითვალისწინებს არასრულყოფილი ადამიანის სისუსტეებს (ფს. 103:10—14; ეს. 64:8). მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილების გამო ღვთის ერთგული მსახურები ცდებოდნენ და ცოდვას სჩადიოდნენ, ისინი „მთელი [ებრ. შალემ] გულით“ იყვნენ იეჰოვასთან (1მფ. 11:4; 15:14; 2მფ. 20:3; 2მტ. 16:9). ასე რომ, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ისინი ბოლომდე ღვთის ერთგულები იყვნენ და შეესაბამებოდნენ მის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს. ვინაიდან ღმერთი, როგორც მოსამართლე, კმაყოფილი იყო მათი მსახურებით, არც ერთ ადამიანსა თუ სულიერ ქმნილებას არ ჰქონდა ღვთისადმი მათ მსახურებაში ნაკლოვანებების ძებნის უფლება (შდრ. ლკ. 1:6; ებ. 11:4—16; რმ. 14:4; იხ. იეჰოვა [რატომ აქვს ურთიერთობა არასრულყოფილ ადამიანებთან]).
ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ არასრულყოფილებაზე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც არის საუბარი. იაკობის 3:2-ის თანახმად, ადამიანი სრულყოფილი იქნებოდა და „მთელი სხეულის ალაგმვას“ შეძლებდა, თუ ენას დაიმორჩილებდა და სიტყვით არ შეცდებოდა. მაგრამ ამაში „ყველა ხშირად ვცდებით“ (შდრ. იაკ. 3:8). თუმცა ზოგ სფეროში ცოდვილ ადამიანებს შეუძლიათ გარკვეულ სრულყოფილებას მიაღწიონ. იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (მთ. 5:48). ამ შემთხვევაში იესო სიყვარულისა და გულუხვობის გამოვლენაზე ლაპარაკობდა. მან დაანახვა თავის მსმენელებს, რომ მათი სიყვარული არასრულფასოვანი და ნაკლიანი იქნებოდა, თუ მხოლოდ მოყვარულების მიმართ გამოავლენდნენ. ამიტომ მისი მიმდევრები უნდა გასრულყოფილებულიყვნენ სიყვარულში, ანუ სრულად უნდა გამოევლინათ ის, ჰყვარებოდათ მტრები და ამგვარად მიებაძათ ღვთისთვის (მთ. 5:43—47). მსგავსად, როცა ერთმა ახალგაზრდამ ჰკითხა, როგორ მიეღო მარადიული სიცოცხლე, იესომ უპასუხა, რომ კანონის შესრულების მიუხედავად, მის თაყვანისმცემლობას რაღაც მნიშვნელოვანი აკლდა. თუ მას სურდა, სრულყოფილი ყოფილიყო, იესოს მითითებები უნდა გაეთვალისწინებინა და ასე გაესრულყოფილებინა ღვთისადმი თავისი თაყვანისმცემლობა (შდრ. ლკ. 8:14; მთ. 19:21; შდრ. რმ. 12:2).
იოანე მოციქულმა ცხადყო, რომ ღვთის სიყვარული სრულყოფილებას აღწევს იმ ქრისტიანებში, რომლებიც ღმერთთან ერთობაში რჩებიან, მისი ძის სიტყვას იცავენ და უყვართ ერთმანეთი (1ინ. 2:5; 4:11—18). ასეთი სრულყოფილი სიყვარული დევნის შიშს და „სიტყვაში სითამამეს“ იძლევა. კონტექსტიდან ჩანს, რომ იოანე ამ სიტყვებში ღვთის წინაშე ლოცვაში თამამად ლაპარაკს გულისხმობდა (1ინ. 3:19—22; შდრ. ებ. 4:16; 10:19—22). ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარულმა სისრულეს მიაღწია, უშიშრად უახლოვდება თავის ზეციერ მამას და გულში არ განსჯის საკუთარ თავს როგორც თვალთმაქცს ან ღვთისგან უარყოფილს. მან იცის, რომ ღვთის მცნებების დაცვით ის მამის თვალში მოსაწონად იქცევა, ამიტომ თავისუფლად ეუბნება იეჰოვას თავის აზრებსა და სათხოვარს. მას არ ეუფლება ისეთი გრძნობა, რომ ღმერთი ზღუდავს მას სათქმელსა და სათხოვარში (შდრ. რც. 12:10—15; იობ. 40:1—5; გდ. 3:40—44; 1პტ. 3:7). მას არ ბოჭავს მტანჯველი შიში. მას არ ეშინია სასამართლოს დღის დადგომის, რადგან დარწმუნებულია, რომ არაფერი ალაქავებს მის რეპუტაციას და დასამალი არაფერი აქვს (შდრ. ებ. 10:27, 31). როგორც ბავშვებს არ ეშინიათ მოსიყვარულე მშობელთან ნებისმიერი სათხოვრით მისვლა, ისე ის ქრისტიანები, რომლებშიც სიყვარულმა სისრულეს მიაღწია, დარწმუნებულები ვართ, რომ „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს. უფრო მეტიც, თუ ვიცით, რომ რასაც უნდა ვთხოვდეთ, ის გვისმენს, ისიც ვიცით, რომ რაც ვითხოვეთ, გვექნება, რადგან ვთხოვეთ მას“ (1ინ. 5:14, 15).
თუმცა სრულყოფილი სიყვარული ყველანაირ შიშს არ დევნის. ის არ გამორიცხავს ღვთისადმი, როგორც მამისადმი, მოწიწებულ შიშს, რომელიც მისი მდგომარეობის, ძალისა და სამართლიანობის ღრმა პატივისცემის გამო უჩნდება ადამიანს (ფს. 111:9, 10; ებ. 11:7). ის არ ათავისუფლებს შიშის ბუნებრივი გრძნობისგან, რომელიც აღძრავს ადამიანს, შეძლებისდაგვარად მოერიდოს საშიშროებას და დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, აგრეთვე ისეთი შიშისგან, რომელიც მოულოდნელი საფრთხით არის გამოწვეული (შდრ. 1სმ. 21:10—15; 2კრ. 11:32, 33; იობ. 37:1—5; აბკ. 3:16, 18).
გარდა ამისა, სიყვარულის „სრულყოფილი კავშირის“ წყალობით ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის მიიღწევა სრული, ანუ სრულყოფილი ერთობა (კლ. 3:14; ინ. 17:23). ცხადია, რომ ამ ერთიანობის სრულყოფილებაც შედარებითია და არ ნიშნავს, რომ პიროვნებისთვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევები და სინდისის ხმა ქრება და ყველა ერთმანეთს ემსგავსება. მაგრამ სრული ერთიანობის მიღწევის შემდეგ მათი ქმედებები, რწმენა და სწავლებები ერთსულოვანი და შეთანხმებულია (რმ. 15:5, 6; 1კრ. 1:10; ეფ. 4:3; ფლ. 1:27).
იესო ქრისტე. იესო დედამიწაზე სრულყოფილ, წმინდა და უცოდველ ადამიანად დაიბადა (ლკ. 1:30—35; ებ. 7:26). მაგრამ მისი ფიზიკური სრულყოფილება უსაზღვრო არ იყო — ის შემოქმედის მიერ ადამიანებისთვის დადგენილი საზღვრებით შემოიფარგლებოდა. მას ადამიანისთვის ჩვეული შეზღუდვები ჰქონდა — იღლებოდა, სწყუროდა და შიოდა. ის მოკვდავი იყო (მრ. 4:36—39; ინ. 4:6, 7; მთ. 4:2; მრ. 15:37, 44, 45). იეჰოვას განზრახვა იყო, რომ მისი ძე ადამიანებისთვის მღვდელმთავარი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ უკვე სრულყოფილი მამაკაცი იყო, ამ მდგომარეობის დასაკავებლად იესო მაინც უნდა გასრულყოფილებულიყო (ბერძ. ტელიოო), რათა ბოლომდე დაეკმაყოფილებინა მამის მოთხოვნები და დასახული მიზნისთვის მიეღწია. ის ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა — მოეთმინა ტანჯვა და განსაცდელის დროს მორჩილება ესწავლა ზუსტად ისე, როგორც ეს მის ძმებს, ანუ მის მიმდევრებს მოუწევდათ. ამგვარად, შეძლებდა ის ჩვენთვის „ჩვენს სისუსტეებში“ თანაგრძნობას, რადგან „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო“ (ებ. 2:10—18; 4:15, 16; 5:7—10). გარდა ამისა, საკუთარი სიცოცხლის სრულყოფილ მსხვერპლად გაღებისა და აღდგომის შემდეგ მას უკვდავი სულიერი სიცოცხლე უნდა მიეღო ზეცაში. ამგვარად, ის „მარადიულად გასრულყოფილებული“ იქნებოდა მღვდლობის შესასრულებლად (ებ. 7:15—8:4; 9:11—14, 24). მსგავსად ყველანი, ვინც ქრისტესთან ერთად ზეცაში მღვდლებად იმსახურებენ, გასრულყოფილდებიან ანუ მიაღწევენ მიზანს, რომლისკენაც ისწრაფვიან და რომლისკენაც მოწოდებულები არიან (ფლ. 3:8—14; ებ. 12:22, 23; გმც. 20:6).
ჩვენი რწმენის გამასრულყოფილებელი. იესოს ეწოდება „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელი“ (ებ. 12:2). იესო ქრისტეს მოსვლამდე დიდი ხნით ადრე აბრაამს მორჩილებამ და „საქმეებმა გაუსრულყოფილა“ რწმენა, შედეგად ღმერთმა მოიწონა ის და ფიცით განამტკიცა მასთან შეთანხმება (იაკ. 2:21—23; დბ. 22:15—18). მაგრამ იესოს დედამიწაზე მსახურების დაწყებამდე მცხოვრებ ღვთისმოშიშ მამაკაცთა რწმენა არასრული ანუ არასრულყოფილი იყო იმ გაგებით, რომ მათ არ ესმოდათ იესოზე, როგორც ღვთის შთამომავალსა და მესიაზე, ჯერ კიდევ შეუსრულებელი წინასწარმეტყველებები (1პტ. 1:10—12). ეს წინასწარმეტყველებები მაშინ შესრულდა, როცა იესო დაიბადა, იმსახურა დედამიწაზე, მოკვდა და აღდგა ზეციერი ცხოვრებისთვის, რისი წყალობითაც ქრისტესადმი რწმენამ ისტორიული ფაქტებით დადასტურებული მყარი საფუძველი შეიძინა. ამგვარად, გასრულყოფილებული რწმენა ქრისტეს მეშვეობით მოვიდა (გლ. 3:24, 25), რომელიც „ჩვენი რწმენის მეთაური“, „წინამძღვარი“ (სსგ) გახდა. ის ზეციერი მდგომარეობის დაკავების შემდეგაც იყო თავისი მიმდევრების რწმენის გამასრულყოფილებელი — ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სული მოაფრქვია მათ, შემდეგ კი სხვადასხვა საშუალებებით სულ უფრო და უფრო აძლიერებდა და ავითარებდა მათ რწმენას (სქ. 2:32, 33; ებ. 2:4; გმც. 1:1, 2; 22:16; რმ. 10:17).
„ისინი უჩვენოდ [რომ] არ გასრულყოფილებულიყვნენ“. აბელის დროიდან ქრისტემდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ ადამიანებზე საუბრის შემდეგ მოციქული პავლე ამბობს: „არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები, რადგან ღმერთმა უკეთესი გაითვალისწინა ჩვენთვის, რათა ისინი უჩვენოდ არ გასრულყოფილებულიყვნენ“ (ებ. 11:39, 40). აშკარაა, სიტყვა „ჩვენთვის“ ამ მუხლში ეხება ცხებულ ქრისტიანებს (ებ. 1:2; 2:1—4), „ზეციური მოწოდების მოზიარეთ“ (ებ. 3:1), რომელთაც იესომ „ახალი და ცოცხალი გზა“ გაუხსნა ღვთის ზეციერ სამყოფელში წმინდა ადგილზე შესასვლელად (ებ. 10:19, 20). მათ ზეციურ მოწოდებაში ისიც იგულისხმება, რომ ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს ისინი ღვთისა და ქრისტეს მღვდლებად იმსახურებენ. მათ „გასამართლების უფლებამოსილებაც“ მიეცემათ (გმც. 20:4—6). ნათელია, რომ ზეციური ცხოვრება და დავალებები, რომლებსაც მოწოდებულები იღებენ, არის ის „უკეთესი“, რაც ღმერთმა ცხებული ქრისტიანებისთვის გაითვალისწინა (ებ. 11:40). ისინი გამოცხადდებიან და ზეციდან ქრისტესთან ერთად გაანადგურებენ ბოროტ ქვეყნიერებას, რათა „ხრწნის მონობისგან“ გაათავისუფლონ ყველა, ვინც „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლებისკენ“ ისწრაფვის (რმ. 8:19—22). ებრაელების 11:35-დან ჩანს, რომ ქრისტემდე მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები განსაცდელების დროს უმწიკვლობას ინარჩუნებდნენ, „რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“. როგორც ჩანს, ის უკეთესი იქნებოდა მუხლის დასაწყისში მოხსენიებულ მკვდრეთით აღდგომასთან შედარებით, რადგან ასეთი აღდგენილები მოგვიანებით ისევ კვდებოდნენ (შდრ. 1მფ. 17:17—23; 2მფ. 4:17—20, 32—37). ამგვარად, ქრისტემდე მცხოვრები ერთგულები რომ გასრულყოფილდნენ, ჯერ უნდა აღდგნენ, ანუ სიცოცხლეს დაუბრუნდნენ, შემდეგ კი გათავისუფლდნენ „ხრწნის მონობისგან“, რაც ათასწლიანი მმართველობის დროს იესო ქრისტესა და მის თანაშემწეთა მღვდელმსახურების წყალობით გახდება შესაძლებელი.
დედამიწაზე კაცობრიობის გასრულყოფილება. „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ — ამ ლოცვის თანახმად ღვთის განზრახვა დედამიწასთან დაკავშირებით ბოლომდე შესრულდება (მთ. 6:10). განადგურდება სატანის მართული ბოროტი ქვეყნიერება. ყველა, ვინც ამ განადგურებას გადაურჩება და კვლავ გამოავლენს რწმენასა და მორჩილებას, გათავისუფლდება ყველანაირი ნაკლისგან. მაშინ დედამიწაზე ყველაფერი ხარისხის, სისრულისა და სიჯანსაღის შესახებ ღვთის მიერ დადგენილი ნორმის შესაბამისი იქნება. როგორც გამოცხადების 5:9, 10-დან ჩანს, ამაში იგულისხმება დედამიწაზე საცხოვრებელი პირობებისა და თავად ადამიანების გასრულყოფილება. ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ღვთისთვის ნაყიდი ადამიანები (შდრ. გმც. 14:1, 3) ღმერთმა თავის „სამეფოდ და მღვდლებად“ გახადა და ისინი „მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“. კანონის შეთანხმების თანახმად, მღვდლებს, როგორც ღვთის წინაშე ხალხის წარმომადგენლებს, მსხვერპლშეწირვის გარდა ერის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგომაც ევალებოდათ — ისინი განწმენდის წესს ასრულებდნენ გაუწმინდურებულთათვის და ადგენდნენ, როდის შეიძლებოდა კეთრით დაავადებულთა განკურნებულად გამოცხადება (ლვ. 13—15). უფრო მეტიც, სამღვდელოების პასუხისმგებლობაში შედიოდა ხალხის ემოციური და სულიერი სიჯანსაღისთვის ხელის შეწყობა (კნ. 17:8—13; მლ. 2:7). ვინაიდან კანონი „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო, მოსალოდნელია, რომ მსგავს მოვალეობებს შეასრულებს ზეციერი სამღვდელოებაც, რომელსაც ათასწლიანი მმართველობის დროს იესო ქრისტე გაუწევს ხელმძღვანელობას (ებ. 10:1; გმც. 20:4—6).
გამოცხადების 21:1—5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება იმის გარანტიას იძლევა, რომ ცრემლები, გლოვა, გოდება, ტკივილი და სიკვდილი მეტად აღარ იქნება გამოსყიდულ ადამიანთა ხვედრი. უდავოა, რომ სიტყვებში „წინანდელი ყველაფერი მოისპო“ ადამის მეშვეობით ქვეყნიერებაში შემოსული ცოდვა (რმ. 5:12) და ცოდვით გამოწვეული ტანჯვა და სიკვდილი იგულისხმება. ცოდვის საზღაური სიკვდილია, ამ „უკანასკნელ მტერს“ კი ქრისტეს სამეფო მოუღებს ბოლოს (რმ. 6:23; 1კრ. 15:25, 26, 56). შედეგად, მორჩილი ადამიანები გაიხარებენ ისეთივე სრულყოფილებით, როგორიც კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ადამსა და ევას ჰქონდა. მათი სრულყოფილება სრულყოფილ რწმენასა და სიყვარულთან ერთად უცოდველობასაც გულისხმობს. ისინი სრულად და წუნდაუდებლად შეესაბამებიან ღვთის მიერ ადამიანებისთვის დადგენილ სიმართლის ნორმებს. გამოცხადების 21:1—5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ქრისტეს ათასწლიან მმართველობას ეხება, რადგან „ახალი იერუსალიმი“, რომლის ზეციდან ჩამოსვლა კაცობრიობის პრობლემების აღმოფხვრას უკავშირდება, წარმოჩენილია ქრისტეს „პატარძლად“, იმავე განდიდებულ კრებად, რომელშიც ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს მომსახურე სამეფო სამღვდელოება იგულისხმება (გმც. 21:9, 10; ეფ. 5:25—32; 1პტ. 2:9; გმც. 20:4—6).
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა სრულყოფილება შეფარდებითი იქნება და მათი შესაძლებლობების ფარგლებს არ გასცდება, ის საშუალებას მისცემს მათ, სრულად გაიხარონ ცხოვრებით. წინასწარმეტყველების თანახმად, ადამიანებს დიდად გაახარებს იეჰოვას სახე და ღვთის კარავი მათთან იქნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საუბარია მორჩილ ადამიანებზე, ანუ მათზე, ვისაც იეჰოვა მოწონების ნიშნად თავის სახეს დაანახვებს (ფს. 16:11; გმც. 21:3; შდრ. ფს. 15:1—3; 27:4, 5; 61:4; ეს. 66:23). ფართოდ გავრცელებული შეხედულებისგან განსხვავებით, სრულყოფილება მრავალფეროვნებას არ გამორიცხავს. ცხოველთა სამყაროში, რომელიც იეჰოვას სრულყოფილი ნამოქმედარია (დბ. 1:20—24; კნ. 32:4), ძალიან დიდ მრავალფეროვნებას ვხვდებით. რაც შეეხება პლანეტა დედამიწას, სრულყოფილება არ გამორიცხავს მრავალფეროვნებას, ცვლილებებსა და კონტრასტებს. სრულყოფილების ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლება მარტივი და რთული, უბრალო და დახვეწილი, მჟავე და ტკბილი, უსწორმასწორო და გლუვი, მდელო და ტყე, მთა და ბარი. ის მოიცავს ადრეული გაზაფხულის სიგრილესა და სიხასხასეს, ზაფხულის მზის სითბოსა და ცის სილაჟვარდეს, შემოდგომის ფერთა სილამაზესა თუ ახალი თოვლის სიქათქათეს (დბ. 8:22). ასე რომ, სრულყოფილი ადამიანებიც არ იქნებიან ერთნაირი ხასიათის, ნიჭისა თუ უნარის მქონენი. და ეს არც ყოფილა სრულყოფილების წინაპირობა, რაც სტატიის დასაწყისში მოყვანილი განმარტებებიდანაც ჩანს.