მიჰბაძეთ მათ რწმენას
მან დაიცვა ღვთის ხალხი
ესთერი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როდესაც შუშანის სასახლის შიდა ეზოს უახლოვდებოდა. ამის გაკეთება მისთვის ადვილი არ იყო. ზაგროსის დათოვლილი მთის ტერასებზე წამომართული უზარმაზარი სასახლე, რომელიც ქოასპესის კამკამა მდინარეს გადაჰყურებდა, თავისი შთამბეჭდავი ქანდაკებებით, კანელურებიანი ქვის კოლონებით, ასევე ულამაზესი კედლებით, რომლებსაც ფრთოსანი ხარების, მშვილდოსნებისა და ლომების რელიეფური გამოსახულებები ამშვენებდა და სხვადასხვა ფერის მომინანქრებული ზედაპირის მქონე აგურის ფილებით იყო მოპირკეთებული, მნახველებს შეახსენებდა, რაოდენ დიდ ძალას ფლობდა კაცი, ვის სანახავადაც ესთერი მიდიოდა; კაცი, რომელიც საკუთარ თავს „დიდ მეფეს“ უწოდებდა და რომელიც ესთერის ქმარი იყო.
ალბათ, როგორ განსხვავდებოდა ახაშვეროში ისეთი მამაკაცისგან, რომლის ცოლობასაც ერთგული იუდეველი ქალი მოისურვებდა?!a ის საერთოდ არ ჰგავდა აბრაამს, რომელმაც თავმდაბლურად მიიღო ღვთის მითითება და მოუსმინა თავის ცოლს, სარას (დაბადება 21:12). მეფემ თითქმის არაფერი იცოდა ესთერის ღვთის, იეჰოვასა და მისი კანონების შესახებ. სამაგიეროდ, კარგად იცოდა სპარსეთის კანონები, მათ შორის ის კანონიც, რომლის დარღვევის შემთხვევაში ესთერის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. ამ კანონის თანახმად, სპარსეთის მეფეს სიკვდილით უნდა დაესაჯა ნებისმიერი, ვინც მის წინაშე მოხმობის გარეშე წარსდგებოდა. მეფეს ესთერისთვის არ მოუხმია, მაგრამ დედოფალმა მაინც გადაწყვიტა მის წინაშე წარდგომა. როდესაც ესთერი შიდა ეზოში შეაბიჯებდა, სადაც ტახტზე მჯდომი მეფე ადვილად დაინახავდა, ალბათ, ისეთი გრძნობა დაეუფლებოდა, რომ სიკვდილს თვალებში უყურებდა (ესთერი 4:11; 5:1).
რატომ ჩაიგდო ესთერმა თავი საფრთხეში? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ქალისგან, რომელსაც არაჩვეულებრივი რწმენა ჰქონდა? თავდაპირველად გავიგოთ, როგორ გახდა ესთერი სპარსეთის დედოფალი.
„ლამაზი შესახედავი“
ესთერი ობოლი იყო. მისი მშობლების შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. სწორედ მათ დაარქვეს ესთერს ჰადასა, ებრაულად „მირტი“, რომელიც ლამაზი თეთრი ყვავილებით გადაპენტილ ბუჩქს ნიშნავს. როდესაც ესთერის მშობლები დაიხოცნენ, იგი მისმა ერთმა ნათესავმა, კეთილმა კაცმა, მორდოქაიმ შეიკედლა. ეს კაცი ესთერის ბიძაშვილი იყო, მაგრამ — მასზე გაცილებით უფროსი. მან ესთერი სახლში წაიყვანა და როგორც საკუთარ ქალიშვილს, ისე ზრდიდა (ესთერი 2:5—7, 15).
მორდოქაი და ესთერი ცხოვრობდნენ გადასახლებულ იუდეველთა შორის სპარსეთის დედაქალაქში. ალბათ, იქ ხალხი მათ ზიზღით უყურებდა, რადგან ისინი თავიანთი რწმენისა და კანონების თანახმად ცხოვრებას ცდილობდნენ. მორდოქაი ხშირად ესაუბრებოდა ესთერს იეჰოვას შესახებ, რაც კიდევ უფრო დააახლოებდა მათ ერთმანეთთან. მორდოქაი ასწავლიდა ესთერს, როგორი მწყალობელი იყო იეჰოვა, როგორ იხსნა არაერთხელ თავისი ხალხი გასაჭირისგან და კვლავაც როგორ იხსნიდა (ლევიანები 26:44, 45). რასაკვირველია, ესთერსა და მორდოქაის თბილი და ახლო ურთიერთობა ექნებოდათ ერთმანეთთან.
როგორც ჩანს, მორდოქაის შუშანის სამეფო კარზე რაღაც თანამდებობა ეკავა; ის მეფის სხვა მსახურებთან ერთად სასახლის კარიბჭესთან იჯდა (ესთერი 2:19, 21; 3:3). ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რით იყო დაკავებული ესთერი ყმაწვილქალობაში. მაგრამ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ის ზრუნავდა თავის უფროს ბიძაშვილსა და მის სახლზე, რომელიც შესაძლოა სასახლის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის გადაღმა, ღარიბ უბანში მდებარეობდა. ალბათ, ესთერს უყვარდა შუშანის ბაზარში სიარული, სადაც ოქრომჭედლებსა თუ სხვა ვაჭრებს თავიანთი საქონელი ჰქონდათ გამოფენილი. ესთერს იმ დროს ფიქრადაც არ მოუვიდოდა, რომ ასეთი ფუფუნება ცოტა ხანში მისთვის ჩვეულებრივი რამ გახდებოდა; იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რას უმზადებდა მომავალი.
დედოფლის ადგილს ესთერი იკავებს
ერთხელ სასახლის კარზე ხმა გავრცელდა, რომ მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა. ნადიმზე, რომელიც ახაშვეროშმა თავის მთავრებს გაუმართა, უხვად იყო საჭმელ-სასმელი. მეფემ გადაწყვიტა, ამ ნადიმზე მოეწვია მშვენიერი დედოფალი, ვაშთი, რომელსაც ქალებისთვის ცალკე გაემართა ნადიმი. მაგრამ ვაშთიმ უარი შეუთვალა მეფეს. დამცირებულმა და გაბრაზებულმა მეფემ თავის მრჩევლებს ჰკითხა, როგორ დაესაჯა ვაშთი. მეფის გადაწყვეტილებით, ვაშთი აღარ იქნებოდა დედოფალი. მეფის მსახურებმა მთელ მის სამეფოში დაიწყეს ლამაზი ახალგაზრდა ქალწულების ძებნა. სწორედ მათგან უნდა ამოერჩია მეფეს ახალი დედოფალი (ესთერი 1:1—2:4).
მორდოქაი, ალბათ, დროდადრო სიყვარულით შესცქეროდა ესთერს; ის ხედავდა, როგორ იზრდებოდა ესთერი თვალსა და ხელს შუა და ამაყობდა, რომ მისი პატარა ბიძაშვილი ლამაზ ქალად იქცა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ახალგაზრდა ქალი ტანადი და ლამაზი შესახედავი იყო“ (ესთერი 2:7). სილამაზე კარგია, როცა თან სდევს სიბრძნე და თავმდაბლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ლამაზი ადამიანი ამპარტავანი გახდეს და მის გულში სხვა მანკიერებებმაც გაიდგას ფესვი (იგავები 11:22). თქვენც ხომ დარწმუნებულხართ ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში?! რა შეგვიძლია ვთქვათ ესთერზე — დიდი წარმოდგენა ხომ არ შეექმნებოდა მას საკუთარ თავზე თუ პირიქით, თავმდაბალი დარჩებოდა? ამას დრო გამოაჩენდა.
მეფის მსახურებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ესთერი. მათ ის მორდოქაის სახლიდან წაიყვანეს და მდინარის გადაღმა, სასახლეში მიიყვანეს (ესთერი 2:8). მორდოქაისა და ესთერს ერთმანეთთან განშორება ძალიან გაუჭირდებოდათ, რადგან მამა-შვილივით უყვარდათ ერთმანეთი. მორდოქაის არ უნდოდა, რომ თავისი შვილობილი ურწმუნოზე გათხოვილიყო, თუნდაც ეს მეფე ყოფილიყო, მაგრამ ის ვერაფერს შეცვლიდა. ალბათ, ესთერი გაფაციცებით უსმენდა მორდოქაის თითოეულ რჩევას, სანამ მას სასახლეში წაიყვანდნენ. გზად, ალბათ, არაერთი კითხვა უტრიალებდა თავში. რა ელოდა ესთერს მეფის კარზე?
მას „ყველა კარგი თვალით უყურებდა“
ესთერი მისთვის სრულიად ახალ და უცხო სამყაროში აღმოჩნდა. ის იყო „ბევრ ახალგაზრდა ქალს“ შორის, რომლებიც მთელი სპარსეთის იმპერიიდან იყვნენ სასახლეში მიყვანილი. მათი წეს-ჩვეულებები, ენა და ჩვევები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილქალები ჩააბარეს ერთ-ერთ მთავარს, ჰეგაის. მათთვის ერთი წლის მანძილზე დადგენილი წესისამებრ უნდა მოევლოთ, რაშიც სურნელოვანი ზეთით სხეულის დაზელაც შედიოდა (ესთერი 2:8, 12). ასეთ გარემოში ყმაწვილქალებს შეიძლება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა შექმნოდათ, ერთმანეთის შეშურებოდათ და მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ეფიქრათ. როგორ იმოქმედებდა ეს გარემო ესთერზე?
ესთერზე ყველაზე მეტად მორდოქაის შესტკიოდა გული. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მორდოქაი ყოველდღე მიდიოდა ქალთა სახლთან ახლოს და ცდილობდა, რაღაც გაეგო მის შესახებ (ესთერი 2:11). ალბათ, მას სიამაყით ევსებოდა გული, როცა მასთან დაახლოებული მეფის მსახურებისგან ცოტას, მაგრამ კარგს იგებდა ესთერის შესახებ.
ესთერმა იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჰეგაიზე, რომ კეთილად განეწყო მის მიმართ, შვიდი მსახური ქალი მიუჩინა და ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. ბიბლიაში წერია: „მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა“ (ესთერი 2:9, 15). ნუთუ მხოლოდ ესთერის სილამაზით მოიხიბლნენ იქ მყოფნი? რასაკვირველია, არა.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის ჰქონდა ნაბრძანები მისთვის, რომ არ ეთქვა“ (ესთერი 2:10). მორდოქაიმ დაარიგა შვილობილი, არ გაემჟღავნებინა თავისი წარმომავლობა, რადგან იცოდა, რომ სპარსეთის სამეფო კარზე ბევრი კარგი თვალით არ უყურებდა მის ხალხს. როგორ ესიამოვნებოდა მორდოქაის იმის გაგება, რომ ესთერი, რომელიც მისგან შორს იყო, კვლავაც სიბრძნესა და მორჩილებას ავლენდა.
ახალგაზრდები დღესაც უხარებენ თავიანთ მშობლებსა თუ გამზრდელებს გულს. მაგალითად, როდესაც ისინი მშობლების გვერდით არ არიან ან არასერიოზული, უზნეო და ბოროტი ხალხის გარემოცვაში ხვდებიან, არ ექცევიან უარყოფით გავლენაში და სწორი პრინციპებით განაგრძობენ ცხოვრებას. ამგვარად ისინი ესთერის მსგავსად გულს უხარებენ თავიანთ ზეციერ მამას (იგავები 27:11).
როდესაც დადგა დრო, რომ ესთერი მეფის წინაშე უნდა წარმდგარიყო, მას უფლება მისცეს, თავად აერჩია ნებისმიერი რამ, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა. მან დაუჯერა ქალთა მცველს, ჰეგაის და არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც მან ურჩია (ესთერი 2:15). როგორც ჩანს, ესთერს კარგად ესმოდა, რომ მეფის გულს მხოლოდ სილამაზით ვერ მოიგებდა, არამედ თავისი მოკრძალებითა და თავმდაბლობით, რაც იშვიათობა იყო მეფის კარზე.
ბიბლიაში ნათქვამია: „მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი, მან სხვა ქალწულებზე მეტად დაიმსახურა კეთილგანწყობა და მეტი სიკეთე პოვა მის წინაშე. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა მას თავზე და ვაშთის მაგივრად დასვა დედოფლად“ (ესთერი 2:17). ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ამ თავმდაბალი იუდეველი გოგონასთვის ამხელა ცვლილებასთან შეგუება — ახლა ის იყო დედოფალი, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი მონარქის ცოლი! ამის გამო დიდი წარმოდგენა ხომ არ შეექმნა ესთერს საკუთარ თავზე?
ესთერი თავისი მამობილის, მორდოქაის მორჩილი დარჩა. მას იუდეველ ხალხთან ფარულად ჰქონდა კავშირი. მოგვიანებით, როცა მორდოქაიმ შეიტყო, რომ მეფე ახაშვეროშზე ხელის აღმართვას აპირებდნენ, ესთერმა მორჩილად გადასცა მორდოქაის სიტყვები მეფეს და შეთქმულები დასაჯეს (ესთერი 2:20—23). თავმდაბალი და მორჩილი ესთერი კვლავაც ავლენდა თავისი ღვთის მიმართ რწმენას. დღევანდელ ქვეყნიერებაში ხალხს უჭირს მორჩილება; დაუმორჩილებლობა და დაპირისპირება ჩვეულებრივი რამაა. მაგრამ ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს, ესთერის მსგავსად აფასებს მორჩილებას.
ესთერის რწმენა გამოიცადა
ერთმა მამაკაცმა, სახელად ჰამანმა ახაშვეროშის სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა დაიკავა. მეფემ ის თავის ყველა მთავარზე მაღლა დააყენა; ჰამანი იყო მეფის მთავარი მრჩეველი და მეორე კაცი მის სამეფოში. მეფემ ბრძანებაც კი გამოსცა, რომ ყველას, ვინც დაინახავდა ჰამანს, მდაბლად თაყვანი ეცა მისთვის (ესთერი 3:1—4). ეს ბრძანება მორდოქაის პრობლემას შეუქმნიდა, რადგან იცოდა, რომ უნდა დამორჩილებოდა მეფეს, მაგრამ არა ღვთის თაყვანისმცემლობის ხარჯზე. როგორც ცნობილია, ჰამანი იყო აგაგელი. ის, როგორც ჩანს, აგაგის, ამალეკელი მეფის შთამომავალი იყო, რომელიც ღვთის წინასწარმეტყველმა სამუელმა სიცოცხლეს გამოასალმა (1 სამუელი 15:33). ამალეკელები იმდენად ბოროტები იყვნენ, რომ იეჰოვასა და ისრაელს გადაემტერნენ. ღმერთმა ამის გამო მსჯავრი დასდო ამალეკელებს (კანონი 25:19).b როგორ შეეძლო ღვთის ერთგულ იუდეველ მსახურს თაყვანი ეცა ამალეკელი მმართველისთვის? მორდოქაი ამას არასდროს გააკეთებდა. დღესაც ღვთის ერთგული მსახურები საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებენ საფრთხეში, შემდეგი ბიბლიური პრინციპის ერთგულნი რომ დარჩნენ: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29).
ჰამანი გაცოფებული იყო. მას არა მარტო მორდოქაის სისხლი სწყუროდა, არამედ მისი ხალხის მთლიანად განადგურება სურდა. ჰამანი დაელაპარაკა მეფეს და იუდეველები ავისმზრახველ ხალხად დაუხასიათა. მას კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია, მაგრამ მეფეს უთხრა, რომ ისინი გაფანტული იყვნენ ხალხებში. უფრო უარესიც, როგორც მან თქვა, იუდეველები არ ემორჩილებოდნენ მეფის კანონებს და საშიშროებას უქმნიდნენ სამეფო კარს. ის მეფე ახაშვეროშს შეჰპირდა, რომ მის საგანძურში მიიტანდა დიდ თანხას, რომელიც საჭირო იქნებოდა მთელ იმპერიაში იუდეველების გასანადგურებლად.c ახაშვეროშმა ხელიდან წაიძრო ბეჭედი და მისცა ჰამანს, რათა ამ უკანასკნელს ყველა იმ ბრძანებისთვის დაესვა ბეჭედი, რომლის გამოცემასაც მოისურვებდა (ესთერი 3:5—10).
მალე ცხენზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სამეფოს ყველა კუთხე-კუნჭულში ელვის სისწრაფით გაავრცელეს იუდეველთა წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი. წარმოიდგინეთ, რა თავზარდამცემი იქნებოდა ეს ცნობა ბაბილონის ტყვეობიდან იერუსალიმში დაბრუნებული იუდეველებისთვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამთავრებული ქალაქის გალავნის აგება. როდესაც ეს საშინელი ამბავი მორდოქაის ყურს მისწვდა, ალბათ, ის დამწუხრდა როგორც იერუსალიმში მყოფ იუდეველებზე, ისე შუშანში მცხოვრებ ნათესავებსა და მეგობრებზე. სასოწარკვეთილმა ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარი დაიყარა თავზე. გავიდა შუაგულ ქალაქში და მწარედ მოთქვამდა. ჰამანი კი ამ დროს მეფესთან ერთად სვამდა და სრულიად არ აღელვებდა, რა გაუსაძლის ტკივილს გრძნობდნენ იუდეველები და მათი მეგობრები შუშანში (ესთერი 3:12—4:1).
მორდოქაიმ იცოდა, რომ უნდა ემოქმედა. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო მას? ესთერმა გაიგო მისი მწუხარების შესახებ და ტანსაცმელი გაუგზავნა, მაგრამ მორდოქაიმ უარი თქვა ნუგეშისცემაზე. შესაძლოა ის ფიქრობდა, რატომ დაუშვა იეჰოვამ, რომ მისი საყვარელი ესთერი მისგან წაეყვანათ და წარმართი მმართველის ცოლი გამხდარიყო. როგორც ჩანს, მორდოქაი ამის მიზეზს ვერ ხსნიდა. მან დედოფალს შეუთვალა, რომ მეფის წინაშე წარმდგარიყო და „თავისი ხალხი“ დაეცვა (ესთერი 4:4—8).
ესთერს ძალიან ააფორიაქებდა ამ ამბის გაგება. ახლა, ისე როგორც არასდროს, მისი რწმენა უნდა გამოცდილიყო. ესთერს ეშინოდა, რაც აშკარად გამოჩნდა იმ სიტყვებში, რომელიც მორდოქაის შეუთვალა. მან შეახსენა ბიძაშვილს მეფის კანონი. მეფის წინაშე წარდგომა მისი მოხმობის გარეშე ადამიანს სიკვდილს უქადდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებოდა დაუპატიჟებლად მისული, თუ მეფე მისკენ ოქროს კვერთხს გაიშვერდა. განა შეიძლებოდა ესთერს ჰქონოდა იმის იმედი, რომ მეფე შეიწყალებდა განსაკუთრებით, თუ გაითვალისწინებდა ვაშთის შემთხვევას? მან მორდოქაის შეუთვალა, რომ უკვე 30 დღე იყო, რაც მეფეს არ მოეხმო მისთვის. აქედან გამომდინარე, ესთერს ყველანაირი მიზეზი ჰქონდა, დაეჭვებულიყო, რომ მეფის კეთილგანწყობა დაკარგა, მეფისა, რომელიც საკმაოდ ფიცხი იყო (ესთერი 4:9—11).d
მორდოქაიმ ესთერს პასუხად ისეთი რამ შეუთვალა, რასაც მისი რწმენა უნდა განემტკიცებინა. ის არწმუნებდა დედოფალს, რომ თუ არ იმოქმედებდა, იუდეველთათვის ხსნა სხვა მხრიდან მოვიდოდა. მაგრამ რისი იმედი შეიძლება ჰქონოდა ესთერს, როცა იუდეველთა განადგურებას დაიწყებდნენ? მორდოქაიმ ძლიერი რწმენა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ღმერთი არასოდეს დაუშვებდა თავისი ხალხის განადგურებას და ყოველთვის შეასრულებდა თავის დანაპირებს (იესო ნავეს ძე 23:14). ბოლოს მორდოქაიმ უთხრა ესთერს: „ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“ (ესთერი 4:12—14). მორდოქაი სრულად იყო მინდობილი თავის ღმერთზე, იეჰოვაზე. ჩვენც ასევე ვენდობით მას? (იგავები 3:5, 6).
სიკვდილის შიშზე ძლიერი რწმენა
დადგა დრო, როცა ესთერს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მან შეუთვალა მორდოქაის, რომ იუდეველებისთვის ეთხოვა, სამი დღე ემარხულათ მისთვის. ბოლოს კი თქვა: „თუ დავიღუპები, დავიღუპო!“. ეს სიტყვები საუკუნეების მანძილზე რწმენისა და გაბედულების ეტალონად იქცა (ესთერი 4:15—17). ალბათ, ამ სამი დღის განმავლობაში ის ისე მხურვალედ ლოცულობდა, როგორც არასდროს. ბოლოს დადგა გადამწყვეტი დღე. ესთერი გამოეწყო საუკეთესო სამეფო სამოსელში და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მეფეს თვალში მოსვლოდა. შემდეგ კი სასახლისკენ გაემართა.
როგორც სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული, ესთერი სასახლის ეზოსკენ გაეშურა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ, რა ცეცხლი უტრიალებდა გულში და რა მხურვალედ ლოცულობდა ის. როგორც კი ეზოში შეაბიჯებდა, ტახტზე მჯდომ ახაშვეროშს დაინახავდა. ესთერი, ალბათ, შეეცდებოდა, მეფის ფიქრები მის სახეზე ამოეკითხა — სახეზე, რომელსაც კულულები და კარგად მოვლილი წვერი თითქმის უფარავდა. თუ ეზოში მოცდა მოუწევდა, წუთები საუკუნეებად მოეჩვენებოდა. მაგრამ მეფემ, მისმა ქმარმა, მაშინვე შეამჩნია ის. მეფეს თავიდან გაუკვირდებოდა მისი დანახვა; მაგრამ მალე სახის გამომეტყველება შეეცვალა და ესთერისკენ ოქროს კვერთხი გაიშვირა (ესთერი 5:1, 2).
ესთერმა მიზანს მიაღწია — მეფემ მოუსმინა მას. ესთერი მტკიცედ დადგა თავისი ღვთისა და ხალხის გვერდით, რითაც რწმენის საუკეთესო მაგალითი დაუტოვა ღვთის ყველა მსახურს. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. როგორ შეძლებდა ესთერი მეფის დარწმუნებას, რომ მისი საუკეთესო მრჩეველი, ჰამანი, ბოროტი და ცილისმწამებელი იყო? როგორ გადაარჩენდა თავის ხალხს? ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გავიგებთ.
[სქოლიოები]
a ბევრის აზრით, ახაშვეროში არის ქსერქსე I, რომელიც სპარსეთის იმპერიას მართავდა ძვ. წ. V საუკუნის დასაწყისში.
b ჰამანი შეიძლება ერთ-ერთი ბოლო ამალეკელი იყო, რადგან მათი „დარჩენილი ნაწილი“ მეფე ხიზკიას დროს განადგურდა (1 მატიანე 4:43).
c ჰამანმა მეფეს შესთავაზა 10 000 ვერცხლის ტალანტი, რომელიც დღეს ასობით მილიონი დოლარის ეკვივალენტია. თუ ახაშვეროში ქსერქსე I იყო, ჰამანის მიერ შეთავაზებული წინადადება მიმზიდველი იქნებოდა მისთვის. ქსერქსემ, როგორც ჩანს, ესთერზე დაქორწინებამდე დიდი სიმდიდრე დაკარგა ბერძნებთან დაუნდობელი ბრძოლის დროს.
d როგორც ცნობილია, ქსერქსე I ფიცხი და მრისხანე მეფე იყო. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ქსერქსეს ბერძნებთან ბრძოლის რამდენიმე შემთხვევა მოიყვანა. ერთხელ მეფემ ბრძანა, რომ ჰელესპონტის სრუტეში აეგოთ პონტონის ხიდი (ერთმანეთზე გადაბმული ხომალდებისგან გაკეთებული მოტივტივე ხიდი). როდესაც ქარიშხალმა ეს ხიდი დაამსხვრია, ქსერქსემ თავის მსახურებს უბრძანა, ხიდის მშენებლებისთვის თავი მოეკვეთათ და ჰელესპონტის წყლები „დაესაჯათ“ ანუ წყლისთვის მანამ ერტყათ მათრახი, სანამ შეურაცხმყოფელი განაჩენი ხმამაღლა იკითხებოდა. ამავე ლაშქრობის დროს, როდესაც ერთმა მდიდარმა კაცმა სთხოვა მეფეს, მისი ვაჟი ლაშქარში არ წაეყვანათ, ქსერქსემ მისი შვილი შუაზე გააკვეთინა და მისი სხეული ყველას დასაშინებლად გამოაფენინა.
[სურათი 19 გვერდზე]
მორდოქაის მართლაც ჰქონდა მიზეზი, რომ თავისი შვილობილით ეამაყა
[სურათი 20 გვერდზე]
ესთერმა იცოდა, რომ თავმდაბლობა და სიბრძნე სილამაზეზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო
[სურათი 22, 23 გვერდებზე]
ესთერმა ღვთის ხალხის დასაცავად საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო