‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’
„არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო?“ (მარკოზი 11:17).
1. ღმერთთან როგორი ურთიერთობით სარგებლობდნენ თავდაპირველად ადამი და ევა?
როდესაც ადამი და ევა შეიქმნენ, ისინი სარგებლობდნენ ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობით. იეჰოვამ კომუნიკაცია დაამყარა მათთან და განუცხადა თავისი დიდებული განზრახვა ადამიანის მოდგმასთან დაკავშირებით. ცხადია, მათ ხშირად ექნებოდათ ძლიერი სურვილი, რომ განედიდებინათ იეჰოვა მისი დიდებული შემოქმედების გამო. როდესაც ადამი და ევა მსჯელობდნენ თავიანთი როლის შესახებ, როგორც ადამიანთა ოჯახის მომავალი მამა და დედა, მათ, თუკი დასჭირდებოდათ ხელმძღვანელობა, შეეძლოთ თავიანთი სახლის, სამოთხის ნებისმიერი ადგილიდან მიემართათ ღვთისთვის. მათ არ ესაჭიროებოდათ მღვდლის მიერ გაწეული მსახურება ტაძარში (დაბადება 1:28).
2. როგორი ცვლილებები მოხდა, როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს?
2 მდგომარეობა მაშინ შეიცვალა, როდესაც ამბოხებულმა ანგელოზმა ევას უთხრა, რომ ‘ღვთის მსგავსი’ გახდებოდა. ამით აცდუნა ევა, რათა ეფიქრა, რომ, თუ იეჰოვას უზენაესობას უარყოფდა, ცხოვრებას გაიუმჯობესებდა. ევამ ირწმუნა სატანის ტყუილი და შეჭამა ხილი იმ ხიდან, რომლიდანაც ჭამა ღმერთმა აუკრძალა. შემდეგ სატანამ გამოიყენა ევა, რომ ეცდუნებინა მეუღლე. სამწუხაროდ, ადამმა უსმინა ცოდვილ მეუღლეს, რითაც ცხადყო, რომ მასთან ურთიერთობას უფრო აფასებდა, ვიდრე ღმერთთან (დაბადება 3:4–7). შედეგად, ადამმა და ევამ სატანა თავის ღმერთად აირჩიეს (შეადარე 2 კორინთელთა 4:4.)
3. რა ცუდი შედეგები მოჰყვა ადამისა და ევას აჯანყებას?
3 ასეთი მოქმედებით ადამიანთა პირველმა წყვილმა მარტოოდენ ძვირფასი ურთიერთობა კი არ დაკარგა ღმერთთან, არამედ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედიც (დაბადება 2:16, 17). მათი ცოდვილი სხეულის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა, და ბოლოს მოკვდნენ. მათმა შთამომავლობამ მემკვიდრეობით მიიღო არასრულყოფილი მდგომარეობა. „ამიტომ, — ბიბლიის განმარტების თანახმად, — სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (რომაელთა 5:12).
4. რა იმედი ჩაუსახა ღმერთმა ცოდვილ კაცობრიობას?
4 აუცილებელი იყო რაღაც, რომ ცოდვილი კაცობრიობა შერიგებოდა თავიანთ წმინდა შემოქმედს. როდესაც ღმერთმა განაჩენი გამოუტანა ადამსა და ევას, მათი მომავალი შთამომავლებისთვის მომავლის იმედი აინთო, რადგან იეჰოვას აღთქმა შეეხებოდა იმ ‘თესლს’, რომელიც იხსნიდა კაცობრიობას სატანის აჯანყების შედეგებისგან (დაბადება 3:15). მოგვიანებით ღმერთმა განაცხადა, რომ კურთხეული თესლი მოვიდოდა აბრაამის მეშვეობით (დაბადება 22:18). რადგანაც ეს სიყვარულით აღსავსე განზრახვა ჰქონდა ჩაფიქრებული, ღმერთმა ამოირჩია აბრაამის შთამომავლობა, ისრაელი, რომ ეს ერი გამხდარიყო მისი რჩეული ხალხი.
5. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ისრაელებთან დადებული ღვთის რჯულის კავშირის ყოველი წვრილმანი?
5 ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს ღმერთთან კავშირში შევიდა ისრაელი და გამოთქვა თანხმობა, რომ დამორჩილებოდა მის კანონებს. მათთვის, ვისაც დღეს სურს ღმერთისადმი თავყვანისმცემლობა ეს რჯულის კავშირი ძალიან საინტერესო იმიტომ უნდა იყოს, რომ მიუთითებს აღთქმულ თესლზე. პავლემ თქვა, რომ ის შეიცავდა ‘მომავალ სიკეთეთა აჩრდილს’ (ებრაელთა 10:1). როდესაც პავლემ აღნიშნა ეს, ის მსჯელობდა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ მოძრავ კარავში ისრაელი მღვდლების მსახურებაზე. კარავს ეწოდებოდა ‘უფლის სახლი’ (პირველი მეფეთა 1:9, 24). იეჰოვას მიწიერ სახლში წმინდა მსახურების შესრულებასთან დაკავშირებული განხილვა დაგვეხმარება, რომ უფრო მეტად დავაფასოთ ის წყალობით აღსავსე ღონისძიება, რის მეშვეობითაც კაცობრიობის შერიგება ხდება ღმერთთან.
წმიდათაწმიდა
6. რა იყო მოთავსებული წმიდათა წმიდაში და როგორ იყო გამოხატული ღვთის თანდასწრება მასში?
6 „უზენაესი ხელით ქმნილში კი არ არის დამკვიდრებული“ (საქმეები 7:48). მაგრამ ღვთის თანდასწრება, მის მიწიერ სახლში, წარმოდგენილი იყო ღრუბლით, რომელიც ჩანდა ნაგებობის შიგნითა ნაწილში, რომელსაც წმიდათაწმიდას უწოდებდნენ (ლევიანნი 16:2, აქ). როგორც ჩანს, ეს ღრუბელი ბრწყინვალედ ანათებდა და ამით წმიდათაწმიდას უზრუნველყოფდა სინათლით. ღრუბელი იდგა ‘მოწმობის კიდობნად’ წოდებული წმინდა ყუთის თავზე, რომელშიც იდო ქვის ფილები, რომლებზეც ამოკვეთილი იყო ღვთის მიერ ისრაელისადმი მიცემული ზოგიერთი მცნება. კიდობნის სახურავზე გამოსახული იყო ორი ოქროს ქერუბიმი ფართოდ გაშლილი ფრთებით, რაც ასახავდა ღვთის ზეციერი ორგანიზაციის მაღალი რანგის სულიერ ქმნილებებს. საოცარი სინათლის ღრუბელი იდგა ზუსტად სახურავის თავზე, ორ ქერუბიმს შორის (გამოსვლა 25:22). ეს ასახავდა ყოვლადძლიერი ღმერთის ზეციერი ეტლის ტახტზე ასვლას, რასაც მხარს უჭერენ ცოცხალი ქერუბიმები (პირველი ნეშტთა 28:18). ეს განმარტავს იმას, თუ რატომ ლოცულობდა მეფე ხიზკიაჰუ: „ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო!“ (ესაია 37:16).
წმიდა
7. რა იდგა წმიდაში?
7 კარვის მეორე ნაწილს უწოდებდნენ წმიდას. წმიდაში შესასვლელის მარცხნივ იდგა შვიდლამპრიანი შანდალი და მარჯვნივ — პურის დასადები ტაბლა. პირდაპირ იდგა სამსხვერპლო, საიდანაც დამწვარი საკმევლის სურნელი ადიოდა. ის იდგა იმ ფარდის წინ, რომელიც წმიდას ყოფდა წმიდათაწმიდისგან.
8. რა მოვალეობებს ასრულებდა რეგულარულად მღვდელი წმიდა ადგილას?
8 ყოველ დილა-საღამოს მღვდელი უნდა შესულიყო კარავში და საკმევლის სამსხვერპლოზე უნდა ეკმია საკმეველი (გამოსვლა 30:7, 8). დილით, სანამ საკმეველი იწვოდა, ოქროს შანდლის შვიდი ლამპარი ხელახლა უნდა შევსებულიყო ზეთით. საღამოობით ანთებდნენ ლამპრებს, რომ წმიდა გაენათებინათ. ყოველ შაბათს მღვდელს 12 ახალი პურის კვერი უნდა დაედო ტაბლაზე (ლევიანნი 24:4–8).
ეზო
9. რისთვის იყო გათვალისწინებული წყლის საბანელი და რას გვასწავლის ეს ჩვენ?
9 კარავს აგრეთვე ჰქონდა ეზო, რომელიც შემოსაზღვრული იყო კარვის ნაჭრებით. ამ ეზოში იყო დიდი საბანელი, სადაც მღვდლები ხელ-ფეხს იბანდნენ წმიდაში შესვლამდე. მათ მაშინაც უნდა დაებანათ ხელ-ფეხი, ვიდრე ეზოში მდებარე სამსხვერპლოზე მსხვერპლს შესწირავდნენ (გამოსვლა 30:18–21). სისუფთავესთან დაკავშირებული ეს მოთხოვნა მკაცრი გაფრთხილებაა ღვთის დღევანდელი მსახურებისთვის და უნდა ცდილობდნენ, იყვნენ წმინდა ფიზიკურად, მორალურად, გონებრივად და სულიერად, თუკი სურთ, რომ მათი თაყვანისცემა მისაღები იყოს ღვთისთვის (2 კორინთელთა 7:1). დროგამოშვებით, შეშა, რომელიც საჭირო იყო სამსხვერპლო ცეცხლისთვის და წყალი — საბანელისთვის, ახალი მარაგით უნდა შევსებულიყო ტაძრის არაისრაელი მონების მიერ (იესო ნავეს ძე 9:27).
10. რომელია ის ზოგიერთი შესაწირავი, რომლებიც სამსხვერპლოზე მიჰქონდათ შესაწირავად?
10 ყოველ დილა-საღამოს სამსხვერპლოზე იწვოდა შესაწირავი კრავი, მასთან ერთად მარცვლეული და საღვრელი შესაწირავი (გამოსვლა 29:38–41). სხვა შესაწირავების მიტანა ხდებოდა განსაკუთრებულ დღეებში. ზოგჯერ შესაწირავის მიტანა ხდებოდა პირადი ცოდვის გამოც (ლევიანნი 5:5, 6). სხვა დროს ისრაელი ერის წარმომადგენელს შეეძლო ნებაყოფლობით მიეტანა სამადლობელი შესაწირავი, რომლის ნაწილსაც ჭამდნენ მღვდლები და ისინიც, რომლებმაც მიიტანეს შესაწირავი. ეს ცხადყოფდა, რომ ცოდვილ ადამიანს შეეძლო მშვიდობა ჰქონოდა ღმერთთან და სიმბოლურად რომ ვთქვათ, მასთან ერთად დამტკბარიყო საჭმლით. თვით უცხოელ მდგმურსაც შეეძლო გამხდარიყო იეჰოვას თაყვანისმცემელი და ჰქონოდა უპირატესობა, ნებაყოფლობითი შესაწირავი მიეტანა მის სახლში. იმ მიზნით, რომ სათანადო პატივი მიეგოთ იეჰოვასთვის, მღვდლები მხოლოდ საუკეთესო ხარისხის შესაწირავს ღებულობდნენ. მარცვლეული შესაწირავის ფქვილი წმინდად დაფქული უნდა ყოფილიყო, ხოლო ცხოველური შესაწირავი — უნაკლო (ლევიანნი 2:1; 22:18–20; მალაქია 1:6–8).
11. ა) რა კეთდებოდა ცხოველური შესაწირავის სისხლით და რას მიანიშნებდა ეს? ბ) როგორია ღვთის თვალსაზრისი როგორც ადამიანის, ასევე ცხოველის სისხლთან დაკავშირებით?
11 შესაწირავების სისხლი მიჰქონდათ სამსხვერპლოსთან. ეს კეთდებოდა იმისთვის, რათა ყოველდღიურად შეეხსენებინათ ერისთვის, რომ ცოდვილები იყვნენ და მათთვის აუცილებელი იყო გამომსყიდველი, რომლის დაღვრილი სისხლი მარადიულად გამოისყიდდა მათ ცოდვებისგან და იხსნიდა სიკვდილისაგან (რომაელთა 7:24, 25; გალატელთა 3:24; შეადარე ებრაელთა 10:3). სისხლის ასე წმინდად გამოყენება შეახსენებდა ისრაელებს, რომ სისხლი წარმოადგენდა სიცოცხლეს და რომ სიცოცხლე ეკუთვნის ღმერთს. ადამიანების მიერ სისხლის სხვა ნებისმიერი მიზნისთვის გამოყენებას ღმერთი ყოველთვის კრძალავდა (დაბადება 9:4; ლევიანნი 17:10–12; საქმეები 15:28, 29).
განწმენდის დღე
12, 13. ა) რა იყო განწმენდის დღე? ბ) რა უნდა გაეკეთებინა მღვდელმთავარს, ვიდრე სისხლს წმიდათაწმიდაში შეიტანდა?
12 წელიწადში ერთხელ, ერთ-ერთ დღეს უწოდებდნენ განწმენდის დღეს, ვინაიდან ამ დღეს მთელ ისრაელს, მათ შორის უცხო ქვეყნებიდან მოსულ მდგმურებსაც, რომლებიც თაყვანს სცემდნენ იეჰოვას, უნდა ემარხულათ და გათავისუფლებულიყვნენ ყოველგვარი სამუშაოდან (ლევიანნი 16:29, 30). ამ მნიშვნელოვან დღეს ერი სიმბოლურად იწმინდებოდა ცოდვებისგან, რომ მეორე წელს კვლავ ესარგებლა მშვიდობიანი ურთიერთობით ღმერთთან. მოდი, წარმოვიდგინოთ ის სცენა და განვიხილოთ ზოგიერთი მთავარი პუნქტი.
13 მღვდელმთავარი არის კარვის ეზოში. მან უკვე დაიბანა ხელ-ფეხი საბანლის წყლით და კლავს შესაწირავ ხბოს. ხბოს სისხლს ასხამს თასში; ამ სისხლს განსაკუთრებულად გამოიყენებს, რომ მოხდეს მღვდელთა მუხლის, ლევიანების, ცოდვებისგან გამოსყიდვა (ლევიანნი 16:4, 6, 11). მაგრამ, სანამ შესაწირთან კიდევ რამეს შეასრულებდეს, მღვდელმთავარმა უნდა მოამზადოს სხვა რამ. ის სურნელოვან საკმეველს იღებს (როგორც ჩანს ციცხვით) და სამსხვერპლოდან აღებულ გავარვარებულ ნაკვერჩხლებთან ერთად საცეცხლურში ათავსებს. ახლა ის შედის წმიდაში და მიდის წმიდათაწმიდის ფარდასთან. ის ნელა გადის ფარდის იქით და დგება მოწმობის კიდობანთან. შემდეგ, ისე რომ, ძეხორციელი ვერ ხედავს, საკმეველს ღვრის მოგიზგიზე ნაკვერჩხალზე და წმიდათაწმიდა ივსება ტკბილი სურნელის მქონე ღრუბლით (ლევიანნი 16:12, 13, აქ).
14. რატომ უნდა შესულიყო მღვდელმთავარი წმიდათაწმიდაში ორი სხვადასხვა ცხოველის სისხლით?
14 ახლა კი მზადაა ღმერთი, გამოავლინოს წყალობა და, სიმბოლურად რომ ვთქვათ, გული მოულბეს. ამიტომ ეწოდა კიდობნის სახურავს „წყალობის ადგილი“ ან „გულის მოლბობის თავსარქველი“ (ებრაელთა 9:5, აქ, სქოლიო). მღვდელმთავარი გამოდის წმიდათაწმიდიდან, იღებს ხბოს სისხლს და კვლავ წმიდათაწმიდაში შედის. როგორც რჯულში იყო მითითებული, ის თითს აწებს სისხლში და შვიდჯერ ასხურებს კიდობნის სახურავის წინ (ლევიანნი 16:14). შემდეგ ის კვლავ ეზოში ბრუნდება და კლავს ვაცს, რომელიც არის ცოდვის შესაწირავი ‘ხალხისთვის’. მას მიაქვს ვაცის სისხლის გარკვეული ნაწილი წმიდათაწმიდაში და ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ხბოს სისხლის შეტანის დროს (ლევიანნი 16:15). განწმენდის დღეს სხვა მნიშვნელოვანი მსახურებებიც ხდებოდა. მაგალითად, მღვდელმთავარს ხელები უნდა დაედო მეორე ვაცის თავზე და უნდა ეღიარებინა ‘ისრაელის ყველა უკეთურება’. შემდეგ ამ ვაცს უდაბნოში უშვებდნენ, რომ, სიმბოლურად, მთელი ერის ცოდვები წაეღო. ამგვარად ხდებოდა ‘მღვდლების და მთელი კრებულის’ ყოველწლიური განწმენდა (ლევიანნი 16:16, 21, 22, 33).
15. ა) რით ჰგავდა სოლომონის ტაძარი კარავს? ბ) რას ამბობს ებრაელთა მიმართ ეპისტოლე იმ წმინდა მსახურების შესახებ, რომელიც სრულდებოდა როგორც კარავში, აგრეთვე ტაძარში?
15 ისრაელი ხალხის ღმერთთან კავშირის ისტორიის პირველი 486 წლის განმავლობაში, მოძრავი კარავი წარმოადგენდა იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ადგილს. შემდეგ ისრაელის მეფეს, სოლომონს, მიენიჭა უპირატესობა, აეგო მუდმივი შენობა. რადგანაც ეს ტაძარი უნდა ყოფილიყო უფრო დიდი და უფრო გულმოდგინედ დამუშავებული, ღვთის მიერ მითითებული გეგმა კარვის ნიმუშის მსგავსად იყო გაკეთებული. კარვის მსგავსად ის იყო ნიმუში, რომელიც ასახავდა უფრო დიდ და უფრო ეფექტურ ღონისძიებას თაყვანისმცემლობისთვის. რაც იეჰოვას უნდა ‘აეშენებინა და არა ადამიანს’ (ებრაელთა 8:2, 5; 9:9, 11).
პირველი ტაძარი, ხოლო შემდეგ — მეორე
16. ა) სიყვარულით აღსავსე რა სათხოვარი წარმოთქვა სოლომონმა ტაძრის მიძღვნის დროს? ბ) როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ ისმინა სოლომონის ლოცვა?
16 როდესაც მოხდა დიდებული ტაძრის მიძღვნა, სოლომონმა აგრეთვე ღვთის მიერ შთაგონებული სათხოვარიც წარმოთქვა: „იმ უცხოელსაც უსმინე, რომელიც არ არის შენი ერისაგანი, ისრაელიანი, მაგრამ შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო. ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან, და შეუსრულე, რასაც შეგთხოვს უცხოელი, რომ მთელი ქვეყნის ხალხებმა გაიგონონ შენი სახელი და შიში მიეცეთ შენი ერის, ისრაელის მსგავსად, რათა იცოდნენ, რომ შენი სახელი ჰქვია ამ სახლს, მე რომ ავაშენე“ (მეორე ნეშტთა 6:32, 33). ღმერთმა თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ შეისმინა სოლომონის ლოცვა, რომელიც ტაძრის მიძღვნისას წარმოთქვა. ძლიერი ცეცხლი გადმოვიდა ზეციდან და შთანთქა სამსხვერპლოზე მოთავსებული ცხოველური შესაწირავი, იეჰოვას დიდებამ აავსო მთელი ტაძარი (მეორე ნეშტთა 7:1–3).
17. რა დაემართა ბოლოს სოლომონის აშენებულ ტაძარს და რატომ?
17 სამწუხაროდ, ისრაელებს გაუნელდათ იეჰოვასადმი ბრძნული შიში. დროთა განმავლობაში მათ წაბილწეს მისი დიდებული სახელი სისხლისღვრით, კერპთაყვანისმცემლობით, სიძვით, სისხლის აღრევითა და ობლების, ქვრივებისა და უცხოელების მიმართ ცუდად მოპყრობით (ეზეკიელი 22:2, 3, 7, 11, 12, 26, 29). ამიტომ, ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს მათზე აღსრულდა განაჩენი, რომელიც თავს დაატეხეს ბაბილონის ჯარებმა, როდესაც გაანადგურეს ტაძარი. ისრაელები, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ, ბაბილონში წაასხეს ტყვედ.
18. მეორე ტაძრის დროს რა უპირატესობები მიეცათ არაისრაელ მამაკაცებს, რომლებიც მთელი გულით უჭერდნენ მხარს იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას?
18 ის ებრაელები, რომლებმაც მოინანიეს, 70 წლის შემდეგ დაბრუნდნენ იერუსალიმში და მათ მიეცათ უპირატესობა, აღედგინათ იეჰოვას ტაძარი. საინტერესოა, რომ საკმაოდ მცირე იყო იმ მღვდელთა და ლევიანთა რიცხვი, რომლებსაც მეორე ტაძარში უნდა ემსახურათ. შედეგად შეწირულებს, ტაძრის მონების შთამომავლებს, რომლებიც არაისრაელი წარმოშობის იყვნენ, მიეცათ დიდი უპირატესობა, რომ ყოფილიყვნენ ღვთის ტაძრის მსახურები. მაგრამ ისინი ვერასოდეს გახდებოდნენ მღვდლისა და ლევიანის თანასწორნი (პირველი ეზრა 7:24; 8:17, 20).
19. რას დაჰპირდა ღმერთი მეორე ტაძართან დაკავშირებით და როგორ შესრულდა ეს სიტყვები?
19 თავდაპირველად ეგონათ, რომ თითქოს მეორე ტაძარი ვერ იქნებოდა პირველის შესადარი (ანგია 2:3). მაგრამ იეჰოვამ წარმოთქვა დაპირება: „შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს. . . პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება“ (ანგია 2:7, 9). ამ სიტყვების სიმართლე, რაც მეორე ტაძარს შეეხებოდა, შესრულდა, ტაძარმა მოიპოვა უფრო მეტი დიდება. მისი დიდება, პირველთან შედარებით, 164 წლით მეტ ხანს გაგრძელდა და უფრო მეტი თაყვანისმცემელი, უფრო მეტი ქვეყნიდან, შეგროვდა მის ეზოებში (შეადარე საქმეები 2:5–11). მეორე ტაძრის განახლება დაიწყო მეფე ჰეროდეს დროს და მისი ეზოები უფრო გაფართოვდა. მასიურ ქვებზე ამაღლებული პლატფორმითა და მშვენიერი კოლონადებით გარშემორტყმული, ისეთივე ბრწყინვალე იყო, როგორც სოლომონის აშენებული თავდაპირველი ტაძარი. მას ჰქონდა აგრეთვე დიდი გარეთა ეზო იმ სხვადასხვა ერის ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. ქვის ბარიერი წარმართთა ამ ეზოს ჰყოფდა იმ ეზოსგან, რომელიც მხოლოდ ისრაელებისთვის იყო განკუთვნილი.
20. ა) რა შესანიშნავი უპირატესობით გამოირჩეოდა აღდგენილი ტაძარი? ბ) რა ცხადყოფს, რომ ებრაელებს არასწორი თვალსაზრისი ჰქონდათ ტაძართან დაკავშირებით და რა გააკეთა იესომ ამის საპასუხოდ?
20 მეორე ტაძარს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ღვთის ძე, იესო ქრისტე, ასწავლიდა მის ეზოებში. მაგრამ, როგორც პირველი ტაძრის შემთხვევაში, ებრაელებს, საერთო ჯამში, არ ჰქონდათ სწორი თვალსაზრისი იმ უპირატესობაზე, რომელიც ჰქონდათ მათ, როგორც ღვთის სახლის მეურვეებს. წარმოიდგინეთ, მათ დაუშვეს, რომ ვაჭრებს თავიანთი საქმიანობა გაეჩაღებინათ ტაძრის წარმართთა ეზოებში. უფრო მეტიც, ხალხს ნება დართეს, რომ ტაძარი გზის შესამოკლებლად გამოეყენებინათ, როდესაც რაღაც საქონელი გადაჰქონდათ იერუსალიმის მიდამოებში. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე იესომ განწმინდა ტაძარი ასეთი ქვეყნიური ჩვეულებებისგან, როდესაც ამბობდა: „არ წერია: ჩემი სახლი სამლოცველო სახლად იწოდება ყველა ხალხისთვისო? თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“ (მარკოზი 11:15–17).
ღმერთი მარადიულად ტოვებს მიწიერ სახლს
21. რა განაცხადა იესომ იერუსალიმის ტაძართან დაკავშირებით?
21 რადგანაც იესო გაბედულად მოქმედებდა ღვთის წმინდა მსახურების შესრულებისას, ებრაელმა რელიგიის წინამძღოლებმა გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ ის (მარკოზი 11:18). იესომ იცოდა, რომ მალე მოკლავდნენ და ებრაელ რელიგიის წინამძღოლებს უთხრა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). ამგვარად, მან მიუთითა, რომ მალე ღმერთი უარყოფდა მათი თაყვანისმცემლობის ფორმას, რომელსაც იერუსალიმის სიმბოლურ ტაძარში ატარებდნენ. ის მეტად აღარ იქნებოდა ‘სამლოცველო სახლი ყველა ხალხისთვის’. როდესაც მისმა მოწაფეებმა მიუთითეს ტაძრის შესანიშნავ შენობებზე, მან თქვა: „ხედავთ ყოველივე ამას? . . ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ გადაიქცეს“ (მათე 24:1, 2).
22. ა) როგორ შესრულდა იესოს სიტყვები ტაძრის შესახებ? ბ) იმის ნაცვლად, რომ იმედები მიწიერ ქალაქზე დაემყარებინათ, რას ეძებდნენ ადრინდელი ქრისტიანები?
22 იესოს წინასწარმეტყველება 37 წლის შემდეგ შესრულდა, ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, როდესაც რომის ჯარებმა გაანადგურეს იერუსალიმი და მისი ტაძარი. ამით დასაბუთდა ის გამაოგნებელი მტკიცება, რომ ღმერთმა ნამდვილად მიატოვა სიმბოლური სახლი. იესოს არ უწინასწარმეტყველებია იერუსალიმის ტაძრის ხელახალი აღდგენა. ამ მიწიერი ქალაქის შესახებ პავლე მოციქულმა ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „არ გაგვაჩნია აქ მუდმივი ქალაქი, არამედ მომავალს ვეძებთ“ (ებრაელთა 13:14). ადრინდელი ქრისტიანები ელოდნენ, რომ გამხდარიყვნენ ქალაქის მსგავსი ღვთის სამეფოს, ‘ზეციერი იერუსალიმის’, ნაწილი (ებრაელთა 12:22). ამგვარად, დედამიწაზე იეჰოვასადმი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრს მეტად აღარ წარმოადგენს ფიზიკური ტაძარი. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ უდიდეს ღონისძიებას, რომელიც ღმერთმა გაითვალისწინა მათთვის, რომლებსაც სურთ თაყვანი სცენ მას „სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:21, 24).
გასამეორებელი კითხვები
◻ ღმერთთან როგორი ურთიერთობა დაკარგეს ადამმა და ევამ?
◻ რატომ უნდა გვაინტერესებდეს კარავთან დაკავშირებული ყოველი წვრილმანი?
◻ რა ვისწავლეთ იმ მოქმედებებიდან, რომლებიც კარვის ეზოში სრულდებოდა?
◻ რატომ დაუშვა ღმერთმა ტაძრის განადგურება?
[სურათები 18, 19 გვერდებზე]
ტაძარი, რომელიც აღადგინა ჰეროდემ
1. წმიდათაწმიდა
2. წმიდა
3. სამსხვერპლო ყოვლადდასაწველი მსხვერპლისთვის
4. სპილენძის ზღვა
5. მღვდელთა ეზო
6. ისრაელთა ეზო
7. ქალთა ეზო