როგორი წარსდგები სასამართლოს წინაშე?
„როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე“ (მათე 25:31).
„დამნაშავე თუ უდანაშაულო?“ მრავალი გაოცებულა, როცა ისმენს ზოგიერთი სასამართლო პროცესის ცნობებს. მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები შესაძლოა ცდილობენ, იყვნენ პატიოსნები, მაგრამ, ჩვეულებრივ, იმარჯვებს თუ არა სამართალი? არ მოგისმენია სასამართლო პროცესებზე უსამართლობის ან არათანასწორუფლებიანობის შესახებ? როგორც იესოს ილუსტრაციიდან ჩანს, რომელიც მოყვანილია ლუკას 18:1–8-ში, მსგავსი უსამართლობა ახალი არაა.
2 როგორიც არ უნდა იყოს შენი გამოცდილება ადამიანთა სამართალის შესახებ, ყურადღება მიაქციე იესოს დასკვნას: „განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამე მას შეჰღაღადებენ? . . თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როდესაც კაცის ძე მოვა, ჰპოვებს ნეტა დედამიწაზე რწმენას?“
3 დიახ, იეჰოვა იზრუნებს იმაზე, რომ საბოლოოდ მისმა მსახურებმა ჰპოვონ სამართალი. იესოც არის ჩარეული ამ საკითხში, განსაკუთრებით ახლა, ვინაიდან ვცხოვრობთ თანამედროვე ბოროტი სისტემის „უკანასკნელ დღეებში“. დედამიწიდან ბოროტების აღმოსაფხვრელად იეჰოვა მალე გამოიყენებს თავის ძლევამოსილ ძეს (2 ტიმოთე 3:1; 2 თესალონიკელთა 1:7, 8; გამოცხადება 19:11–16). ჩვენ შევძლებთ იესოს როლში უფრო მეტად ჩაწვდომას, თუ განვიხილავთ მის მიერ მოცემულ უკანასკნელ ილუსტრაციას, რომელსაც, ხშირად, ეწოდება იგავი ცხვრებსა და თხებზე.
4 დიდი ხანია ჩვენთვის ცნობილია, რომ იგავში აღწერილია იესოს გამეფება 1914 წელს და რომ ამ დროიდან მას სასამართლო განაჩენი გამოაქვს — ცხვრისმაგვარი ხალხისთვის მარადიული სიცოცხლე, ხოლო თხისმაგვარისთვის — მარადიული განადგურება. მაგრამ ამ იგავის ხელახლა განხილვა მიუთითებს მისი შესრულების დროზე და იგავში მოცემული ილუსტრაციის დაზუსტებულ გაგებაზე. ამ დაზუსტებამ განამტკიცა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის და ხალხის რეაქციის მნიშვნელოვნება. ამ იგავის უფრო ღრმა გაგების საფუძველს რომ ჩავწვდეთ, მოდი, ყურადღება მივაქციოთ, რას გვიჩვენებს ბიბლია იეჰოვასა და იესოს, როგორც მეფეებისა და მოსამართლეების შესახებ.
იეჰოვა, როგორც უზენაესი მოსამართლე
5 იეჰოვა მართავს სამყაროს და მისი ძალაუფლება ყოველ ქმნილებაზე ვრცელდება. მას არა აქვს დასაწყისი და დასასრული, ის არის ‘საუკუნეთა მეფე’ (1 ტიმოთე 1:17; ფსალმუნი 89:2, 4; გამოცხადება 15:3). მას აქვს დაკანონების, ანუ კანონების დადგენის და მათი სისრულეში მოყვანის უფლებამოსილება. გარდა ამისა, მის უფლებამოსილებაში შედის მოსამართლეობა. ესაიას 33:22 ამბობს: „უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ“.
6 ღმერთის მსახურები დიდი ხანია იცნობენ იეჰოვას, როგორც მოსამართლეს სხვადასხვა შემთხვევებისა და საკამათო საკითხების გამოკვლევასთან დაკავშირებით. მაგალითად, მას შემდეგ, რაც „ქვეყნიერების მსაჯულმა“ გულმოდგინედ გამოიკვლია ფაქტები სოდომისა და გომორის უზნეობის შესახებ, მან განსაჯა, რომ ორივე ქალაქის მცხოვრებლები განადგურებას იმსახურებდნენ და სისრულეში მოიყვანა ეს სამართლიანი განაჩენი (დაბადება 18:20–33; იობი 34:10–12). ამან საბოლოოდ უნდა დაგვარწმუნოს, რომ იეჰოვა არის სამართლიანი მოსამართლე, რომელსაც ყოველთვის შეუძლია თავისი განაჩენის შესრულება!
7 ძველ ისრაელში ზოგჯერ უშუალოდ იეჰოვას გამოჰქონდა განაჩენი. ნუთუ მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ სრულყოფილი მოსამართლე წყვეტდა საქმეებს? (ლევიანნი 24:10–16; რიცხვნი 15:32–36; 27:1–11). აგრეთვე იეჰოვამ გამოსცა „სამართალი“, რომელიც გასამართლებისთვის სრულიად კარგ ნორმებს შეიცავდა (ლევიანნი 25:18, 19; ნეემია 9:13; ფსალმუნი 18:10, 11; 118:7, 75, 164; 147:8, 9). ის არის ‘ქვეყნიერების მსაჯული’, ასე რომ ეს თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას (ებრაელთა 12:23).
8 ჩვენ გვაქვს ამ საქმის „დამამოწმებელი“ მტკიცებები. დანიელ წინასწარმეტყველმა ნახა ხილვა მძვინვარე მხეცების შესახებ, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავს მთავრობებს ან იმპერიებს (დანიელი 7:1–8, 17). ის ამატებს: „დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო (დანიელი 7:9). ყურადღება გაამახვილე, რომ დანიელმა ნახა ტახტრევნები და „დაჯდა ძველი დღეთა [იეჰოვა]“. შეეკითხე საკუთარ თავს: „დანიელი აქ ღმერთის გამეფების მოწმე იყო?“
9 როცა ვკითხულობთ, რომ ვიღაცა „დაჯდა“ ტახტზე, შესაძლოა ვფიქრობთ მის გამეფებაზე, ვინაიდან ბიბლია ზოგჯერ იყენებს ასეთ ენას. მაგალითად: „როგორც კი გამეფდა [ზიმრი] და დაჯდა მის ტახტზე. . .“ (მესამე მეფეთა 16:11; მეოთხე მეფეთა 10:30; 15:12; იერემია 33:17). მესიანური წინასწარმეტყველება იუწყებოდა: „ის . . .დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე“. მაშასადამე, ‘ტახტზე დაჯდომა’ შეიძლება ნიშნავდეს გამეფებას (ზაქარია 6:12, 13). იეჰოვა აღწერილია, როგორც მეფე, რომელიც ტახტზე ზის (მესამე მეფეთა 22:19; ესაია 6:1; გამოცხადება 4:1–3). ის არის „მარადისობის მეფე“. და მაინც, როცა ის ამტკიცებს უზენაესობის კიდევ ერთ მხარეს, შესაძლოა ითქვას, რომ ის ხდება მეფე, თითქოს კვლავ ჯდება თავის ტახტზე (პირველი ნეშტთა 16:1, 31; ესაია 52:7; გამოცხადება 11:15–17; 15:3; 19:1, 2, 6).
10 მაგრამ აი, რა არის მთავარი: ძველ დროს მეფეების უპირველესი მოვალეობა იყო საქმეების მოსმენა და განაჩენის გამოტანა (იგავნი 29:14). გაიხსენე სოლომონის ბრძნული სამსჯავრო, როცა ორი ქალი ერთსა და იმავე ბავშვზე აცხადებდა უფლებას (მესამე მეფეთა 3:16–28; მეორე ნეშტთა 9:8). სოლომონის ერთ-ერთი სამთავრობო შენობა იყო „ტახტის დარბაზი“, რომელსაც, აგრეთვე, „სამსჯავრო დარბაზი“ ეწოდებოდა (მესამე მეფეთა 7:7). იერუსალიმი აღწერილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ‘სამართლის ტახტები’ იდგა (ფსალმუნი 121:5). ცხადია, რომ ‘ტახტზე დაჯდომა’ შეიძლება აგრეთვე ნიშნავდეს სამართლებრივი უფლებამოსილების გამოვლენას (გამოსვლა 18:13; იგავნი 20:8).
11 ახლა, მოდი, დავუბრუნდეთ იმ ხილვას, სადაც დანიელმა ნახა, რომ „დაჯდა ძველი დღეთა“. დანიელის 7:10-ში ის ამატებს: „დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები“. დიახ, ძველი დღეთა დაჯდა, რათა განაჩენი გამოეტანა მსოფლიო ბატონობასთან დაკავშირებით და შესაფერის მმართველად ძე კაცისა ჩათვალა (დანიელი 7:13, 14). შემდეგ ვკითხულობთ: ‘ძველი დღეთა მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს გადაეცა’, მათ, რომლებიც მან კაცის ძესთან ერთად მმართველობის შესაფერისად ჩათვალა (დანიელი 7:22). საბოლოოდ, „დაჯდება სამსჯავრო“ და უკანასკნელ მსოფლიო მპყრობელს არაკეთილსასურველ განაჩენს გამოუტანს (დანიელი 7:26)a.
12 მაშასადამე, დანიელის მიერ ღმერთის ‘ტახტზე დაჯდომის’ ხილვა ნიშნავს განაჩენის შესასრულებლად მის მოსვლას. უფრო ადრე დავითი მღეროდა: „შენ [იეჰოვა] გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე სიმართლის მსაჯულო“ (ფსალმუნი 9:5, 8). და იოველი წერდა: „გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები [იეჰოვა], რომ განვსაჯო ყველა ხალხი“ (იოველი 4:12; შეადარე ესაია 16:5). ორივე, როგორც იესო, ასევე პავლე, გასასამართლებელ მდგომარეობაში იყვნენ და ორივეს საქმე ადამიანმა მოისმინა და განაჩენი გამოუტანაb (იოანე 19:12–16; საქმეები 23:3; 25:6).
იესოს მდგომარეობა
13 იეჰოვა არის როგორც მეფე, ასევე მოსამართლე. რა შეიძლება ითქვას იესოს შესახებ? ანგელოზმა მისი დაბადებისას აუწყა: „მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის ტახტს. . . და მის მეფობას არ ექნება დასასრული“ (ლუკა 1:32, 33). იესო უნდა ყოფილიყო დავითის სამეფო ტახტის მარადიული მემკვიდრე (მეორე მეფეთა 7:12–16). მას უნდა ემეფა ციდან, ვინაიდან დავითი ამბობდა: „უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ. კვერთხს შენი ძალისას გამოგიგზავნის უფალი სიონიდან; იბატონე შენს მტერთა შორის“ (ფსალმუნი 109:1–4).
14 როდის უნდა მოხდეს ეს? დედამიწაზე ყოფნის დროს იესო არ იყო მეფე (იოანე 18:33–37). ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს ის მოკვდა, აღდგენილ იქნა და ამაღლებული ზეცად. ებრაელთა 10:12 ამბობს: „მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ“. რა ძალაუფლება ჰქონდა იესოს? „[ღმერთმა] თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალზე, უფლებაზე. . . მაღლა. . . და დააყენა იგი ყველაზე მაღლა, თავადი ეკლესიისა“ (ეფესელთა 1:20–22). ვინაიდან მაშინ იესოს მეფური ძალაუფლება ჰქონდა ქრისტიანებზე, პავლეს შეეძლო დაეწერა, რომ იეჰოვამ „გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლასელთა 1:13; 3:1).
15 მაგრამ იმ დროისთვის იესო არ იყო ერების მეფე და მოსამართლე. ის დაჯდა ღმერთის გვერდით და ელოდა ღმერთის სამეფოს მეფედ გახდომას. პავლე მის შესახებ წერდა: «ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად“?» (ებრაელთა 1:13).
16 იეჰოვას მოწმეებმა გამოაქვეყნეს მრავალი მტკიცება, რომ იესოს ლოდინის პერიოდი დასრულდა 1914 წელს, როცა ის ზეცაში გახდა ღმერთის სამეფოს მმართველი. გამოცხადების 11:15, 18 ამბობს: „წუთისოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“. მაგრამ „გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა“. დიახ, წარმართებმა ერთმანეთისადმი მძვინვარება გამოავლინეს პირველ მსოფლიო ომში (ლუკა 21:24). ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომლებსაც ვხედავთ 1914 წლიდან, ადასტურებენ, რომ ახლა იესო ღმერთის სამეფოს ხელმძღვანელობს და ქვეყნიერების საბოლოო განადგურება ახლოსაა (მათე 24:3–14).
17 გადავიმეოროთ ეს საკითხი მოკლედ: ღმერთი, შეიძლება ითქვას, რომ ზის ტახტზე, როგორც მეფე, მაგრამ მეორე მხრივ, მას შეუძლია დაჯდეს თავის ტახტზე, როგორც მოსამართლე. ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს იესო დაჯდა ღმერთის მარჯვნივ და ახლა ის სამეფოს მეფეა. მაგრამ ბატონობს ახლა იესო, როგორც მეფე და აგრეთვე მსახურობს, როგორც მოსამართლე? და განსაკუთრებით ახლა რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს ჩვენ?
18 იეჰოვამ, რომელსაც უფლება აქვს დანიშნოს მოსამართლეები, მოსამართლედ ამოირჩია იესო, რომელიც მის ნორმებს შეესაბამებოდა. იესომ ეს ცხადყო, როცა ლაპარაკობდა სულიერად გაცოცხლებული ხალხის შესახებ: „მამა არავის არ სჯის, არამედ მთელი სამსჯავრო ძეს გადასცა“ (იოანე 5:22). მაგრამ იესოს, როგორც მოსამართლის, როლი უფრო მეტის მომცველია, ვინაიდან ის ასამართლებს ცოცხლებსა და მკვდრებს (საქმეები 10:42; 2 ტიმოთე 4:1). ერთხელ პავლემ გამოაცხადა: „მან [ღმერთმა] დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა“ (საქმეები 17:31; ფსალმუნი 71:2–7).
19 ვართ მართლები, როცა ვასკვნით, რომ იესო ჯდება დიდებულ ტახტზე მოსამართლის განსაკუთრებული როლის შესასრულებლად? დიახ. იესომ მოციქულებს უთხრა: „ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა კაცის ძე თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად“ (მათე 19:28). თუმცა იესო ახლა სამეფოს მეფეა, მისი შემდგომი მოღვაწეობა, რომელიც მოხსენიებულია მათეს 19:28-ში, მოიცავს ტახტზე დაჯდომას გასასამართლებლად ათასწლეულის განმავლობაში. ამ დროისათვის ის გაასამართლებს მთელ კაცობრიობას, მართლებსა და უსამართლოებს (საქმეები 24:15). სასარგებლოა გვახსოვდეს ეს, როცა ყურადღებას მივაპყრობთ იესოს ერთ-ერთ იგავს, რომელიც ეხება ჩვენს დროსა და ცხოვრებას.
რას გვეუბნება იგავი?
20 იესოს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და წუთისოფლის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3). იესომ იწინასწარმეტყველა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ექნებოდა დედამიწაზე ‘აღსასრულის დადგომამდე’. აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე ერები „იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით“ (მათე 24:14, 29, 30).
21 მაგრამ როგორი იქნება ამ ერების ხალხთა ცხოვრება, როცა ძე კაცისა მოვა თავისი დიდებით? მოდი, ეს გავიგოთ ცხვრებისა და თხების შესახებ იგავიდან, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყება: „როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი“ (მათე 25:31, 32).
22 ეხება ეს იგავი იესოს ტახტზე დაჯდომას 1914 წელს და სამეფო ძალაუფლებაში მოსვლას, როგორც ეს უკვე დიდი ხანია ვიცოდით? ვინაიდან მათეს 25:34 იესოს შესახებ ლაპარაკობს როგორც მეფეზე, ლოგიკურად, იგავი სრულდება იესოს გამეფებიდან, ესე იგი 1914 წლიდან. მაგრამ რა სასამართლო პროცესი ჩაატარა მან გამეფებისთანავე? მას არ გაუსამართლებია „ყოველი ერი“. უფრო სწორად, მან თავისი ყურადღება მიაპყრო მათ, ვინც პრეტენზიას აცხადებდა ‘ღვთის სახლის’ შემადგენლობაში ყოფნაზე (1 პეტრე 4:17). მალაქიას 3:1–3-ის თანახმად, იესო, როგორც იეჰოვას წარგზავნილი, სასამართლო წესით აწარმოებდა შემოწმებას დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანთა ნაწილზე. აგრეთვე, ეს იყო სასამართლო განაჩენის გამოტანის დრო ქრისტიანულ სამყაროზე, რომელიც ყალბად აცხადებდა, რომ ‘ღვთის სახლს წარმოადგენდა’c (გამოცხადება 17:1, 2; 18:4–8). მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იმ დროისთვის, ანუ იმ შემთხვევაში (1914 წლიდან) იესო დაჯდა ყოველი ერის ადამიანების ცხვრებად და თხებად საბოლოოდ გასასამართლებლად.
23 თუ გავაანალიზებთ იგავში იესოს მოქმედებას, დავინახავთ, რომ ის საბოლოოდ ასამართლებს ყოველ ერს. იგავში არ არის ნაჩვენები, რომ ეს სასამართლო გაგრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, ისე რომ ყველა პიროვნებას, რომელიც გასული ათწლეულების განმავლობაში მოკვდა, თითქოს დაემსახურებინოს ან მარადიული სიკვდილის, ან მარადიული სიცოცხლის განაჩენი. როგორც ჩანს, ახლო ათწლეულებში გარდაცვლილთაგან უმრავლესობა იმყოფება საერთო საკაცობრიო სამარეში (გამოცხადება 6:8; 20:13). ამგვარად, იგავში აღწერილია დრო, როდესაც იესო „ყოველი ერიდან“ ასამართლებს იმ ხალხს, რომლებიც იმ დროისთვის ცოცხლები არიან და ესწრებიან სასამართლო განაჩენის შესრულებას.
24 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგავი მიუთითებს მომავალზე, როცა კაცის ძე მოვა თავისი დიდებით. ის გაასამართლებს იმ დროს მცხოვრებ ხალხს. მისი განაჩენი დაფუძნებული იქნება იმაზე, თუ როგორ ავლენენ ისინი საკუთარ თავს. ამ დროს ‘მართალისა და ბოროტეულის გარჩევის’ დრო აშკარად დამყარდება (მალაქია 3:18). ეს დიდად მნიშვნელოვანი განაცხადი და განაჩენის საბოლოოდ შესრულება განსაზღვრულ დროს მოხდება. იესო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებული იქნება პიროვნების საქციელზე (იხილე ასევე 2 კორინთელთა 5:10).
25 ამიტომ, ეს ნიშნავს, რომ გასასამართლებლად ‘თავისი დიდების ტახტზე’ იესოს დაჯდომა, რომელიც მოხსენიებულია მათეს 25:31-ში, ეხება მომავალ დროს, როცა ეს ძლევამოსილი მეფე დაჯდება ერებისთვის განაჩენის გამოსაცხადებლად და შესასრულებლად. დიახ, სამსჯავროს სცენა, რომელიც მოცემულია მათეს 25:31–33, 46-ში შედარებულია დანიელის მე-7 თავში მოცემულ სცენასთან, სადაც ძველი დღეთა — ძლევამოსილი მეფე — დაჯდა მოსამართლის როლის შესასრულებლად.
26 იგავის ასეთი გაგება ცხადყოფს, რომ ცხვრებისა და თხების შესახებ განაჩენის შესრულება მოხდება მომავალში. მას ადგილი ექნება მათეს 24:29, 30-ში მოხსენიებული ‘დიდი გასაჭირის’ დაწყების შემდეგ, როცა კაცის ძე ‘მოვა თავისი დიდებით’ (შეადარე მარკოზი 13:24–26). მაშინ, მთელი ბოროტი სისტემის აღსასრულთან ერთად, იესო წარუძღვება სასამართლო პროცესს და შეასრულებს გამოტანილ განაჩენს (იოანე 5:30; 2 თესალონიკელთა 1:7–10).
27 ეს უფრო ნათელს ხდის იესოს იგავის შესრულების დროს, რომელიც ცხადყოფს, თუ როდის იქნება ცხვრებისა და თხების გასამართლება. მაგრამ როგორ გავლენას ახდენს ეს ჩვენზე, სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გულმოდგინე მქადაგებლებზე? (მათე 24:14). ამცირებს ეს ჩვენი სამუშაოს მნიშვნელობას თუ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს? მოდი, მომდევნო სტატიაში განვიხილოთ, როგორ გვეხება ყოველივე ეს ჩვენ.
[სქოლიოები]
a „სამსჯავროდ“ გადმოთარგმნილი სიტყვა, რომელიც გამოყენებულია დანიელის 7:10, 26-ში, აგრეთვე გვხვდება პირველი ეზრას 7:26-სა და დანიელის 4:34; 7:22-ში.
b იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი მიჰყავდათ სასამართლოში, პავლემ თქვა: „მსაჯულებად ეკლესიისათვის შეურაცხ პირებს სვამთ“ (1 კორინთელთა 6:4, სსგ).
c იხილე წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ გვერდები 56, 73, 235–245, 260 (ინგლ.); გამოქვეყნებულია საგუშაკო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
შეგიძლია თუ არა გაიხსენო?
◻ როგორ მსახურობს იეჰოვა, როგორც მეფედ, ასევე მოსამართლედ?
◻ რა ორი მნიშვნელობა არსებობს ‘ტახტზე დაჯდომასთან’ დაკავშირებით?
◻ რას ვამბობდით ადრე მათეს 25:31-ის შესრულების დროზე, მაგრამ რა საფუძველი გვაქვს სწორი თვალსაზრისის დასაზუსტებლად?
◻ მათეს 25:31-ის თანახმად, როდის ჯდება კაცის ძე თავის ტახტზე?
[სასწავლო კითხვები]
1–3. რა საფუძველი გვაქვს ოპტიმიზმისთვის სამართალთან დაკავშირებით?
4. რა ვიცოდით ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის შესრულების დროზე, მაგრამ ახლა რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ იგავს? (იგავნი 4:18).
5, 6. რატომ არის სათანადო თვალსაზრისი, რომ იეჰოვა არის როგორც მეფე, ასევე მოსამართლე?
7. როგორც მოსამართლე, როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ისრაელს?
8. რა მნიშვნელოვანი ხილვა ნახა დანიელმა?
9. რომელი ერთ-ერთი მნიშვნელობა აქვს გამოთქმას ტახტზე ‘დაჯდომას’? მოიყვანე მაგალითი.
10. რა იყო ისრაელის მეფეთა უპირველესი მოვალეობა? მოიყვანე ილუსტრაცია.
11, 12. ა) რა იყო მნიშვნელოვანი იეჰოვას ტახტზე დაჯდომაში, რომელიც მოხსენიებულია დანიელის მე-7 თავში? ბ) როგორ ადასტურებენ სხვა მუხლები, რომ იეჰოვა დაჯდა გასასამართლებლად?
13, 14. ა) რა მტკიცებები ჰქონდა ღმერთის ხალხს, რომ იესო მეფე გახდებოდა? ბ) როდის დაჯდა იესო თავის ტახტზე და რა გაგებით მმართველობდა ის ახალი წელთაღრიცხვით 33 წლიდან?
15, 16. ა) რატომ ვამბობთ, რომ იესო არ გამხდარა ღმერთის სამეფოს მეფე ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს? ბ) როდის დაიწყო იესომ ღმერთის სამეფოს ხელმძღვანელობა?
17. ამგვარად, რა ძირითადი საკითხები დავადგინეთ?
18. რა მტკიცებები არსებობს, რომ იესოც იქნება მოსამართლე?
19. რატომ არის სწორი, ვილაპარაკოთ, რომ იესო ჯდება მოსამართლის ტახტზე?
20, 21. რა შეკითხვა დაუსვეს მოწაფეებმა იესოს, რომელიც ეხება ჩვენს დროს და რა კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
22, 23. რა გვიჩვენებს, რომ ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის შესრულება არ დაწყებულა 1914 წელს?
24. როდის უნდა შესრულდეს ცხვრებისა და თხების შესახებ იგავი?
25. რა არის მათეს 25:31-ში აღწერილი, როცა ლაპარაკია თავისი დიდების ტახტზე კაცის ძის დაჯდომის შესახებ?
26. რა ახალი გაგება ხდება ცხადი იგავის შესახებ?
27. რის ცოდნა უნდა გვაინტერესებდეს იესოს ბოლო იგავის შესახებ?