თავი მეოცე
იეჰოვა არის მეფე
1, 2. ა) ვის დაატყდება თავს იეჰოვას რისხვა? ბ) გადაურჩება თუ არა იუდა სასჯელს, და საიდან ვიცით ეს?
ბაბილონს, ფილისტიმს, მოაბს, სირიას, ქუშს, ეგვიპტეს, ედომს, ტვიროსსა და აშურს თავს დაატყდება იეჰოვას რისხვა. ესაია წინასწარმეტყველებს იმ უბედურებებს, რომლებიც ამ ბოროტ ერებსა და ქალაქებს ელოდება. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იუდაზე? გადაურჩებიან თუ არა იუდას მკვიდრნი თავიანთი ცოდვების გამო დასჯას? ისტორიიდან ვხედავთ, რომ ნამდვილად არ ხდება ასე!
2 ყურადღება მიაქციეთ, რა დაემართა ისრაელის ათი ტომის სატახტო ქალაქ სამარიას. ისრაელებმა დაარღვიეს ღმერთთან დადებული კავშირი. ისინი არ მოერიდნენ მეზობელი ერების უზნეო საქმეებს. სამარიელები „ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი... მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი“. მტერმა სამშობლოდან განდევნა და ‘აშურში გადაასახლა ისრაელი’ (მეოთხე მეფეთა 17:9—12, 16—18, 23; ოსია 4:12—14). ახლა კი მსგავსი რამ ემუქრება ისრაელის დას, იუდას სამეფოსაც.
ესაია იუდას განადგურებას წინასწარმეტყველებს
3. ა) რატომ მიატოვებს იეჰოვა იუდას ორი ტომის სამეფოს? ბ) რა აქვს იეჰოვას განზრახული?
3 იუდას ღვთის ერთგული მეფეებიც ჰყავდა, მაგრამ მეფეთა უმრავლესობა არ ავლენდა იეჰოვასადმი რწმენას. ღვთის ერთგული იოთამის მეფობის დროსაც კი ბოლომდე არ მიუტოვებია ხალხს ცრუ თაყვანისმცემლობა (მეოთხე მეფეთა 15:32—35). იუდას ბოროტებამ კულმინაციურ წერტილს მიაღწია, როდესაც ქვეყანას სათავეში პირსისხლიანი მენაშე ჩაუდგა, რომლის ბრძანებითაც, იუდაური გადმოცემების თანახმად, წინასწარმეტყველი ესაია შუაზე გადახერხეს (შეადარეთ ებრაელთა 11:37). ამ ბოროტმა მეფემ „აცთუნა... იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი და იმ ხალხზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც გადააშენა უფალმა ისრაელიანთა წინაშე“ (მეორე ნეშტთა 33:9). იუდა მენაშეს მეფობის დროს უფრო მეტად იხრწნება, ვიდრე ქანაანელთა ბატონობის პერიოდში. ამიტომაც იეჰოვა აცხადებს: „აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს... პირწმინდად ამოვრეცხ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს. მივატოვებ ჩემი წილხვედრილის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, საძარცვავად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისათვის, რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ“ (მეოთხე მეფეთა 21:11—15).
4. რა უნდა დაემართოს იუდას იეჰოვას ნებით და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?
4 როგორც გადმოპირქვავებული ჯამი ცარიელდება, ისე დაცარიელდება ხალხისგან ქვეყანა. იუდას და იერუსალიმის ეს მოახლოებული აოხრება კვლავაც ესაიას წინასწარმეტყველების თემაა. ესაია შემდეგი სიტყვებით იწყებს წინასწარმეტყველებას: „აჰა, გააპარტახებს უფალი მიწას და გააცამტვერებს, დაკრუნჩხავს მის ზედაპირს და გაფანტავს მის მცხოვრებთ“ (ესაია 24:1). ეს წინასწარმეტყველება მაშინ სრულდება, როდესაც იერუსალიმსა და მის ტაძარს მეფე ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ბაბილონელი დამპყრობლები ანადგურებენ და იუდას მცხოვრებნი ხმლით, შიმშილითა და ავადმყოფობით წყდებიან. გადარჩენილთაგან ბევრი ბაბილონის ტყვეობაში ვარდება, ხოლო ზოგი ეგვიპტეში იხიზნება. ამგვარად, იუდას მიწა მთლიანად პარტახდება და უკაცრიელდება. შინაური ცხოველებიც აღარსად ჩანან. გაუდაბურებულ ქვეყანაში ნანგრევებიღა რჩება, სადაც მხოლოდ გარეული ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ.
5. დააღწევს თუ არა ვინმე თავს იეჰოვას სასჯელს? ახსენით.
5 გადაურჩება თუ არა რომელიმე იუდაელი ღვთის სასჯელს? ესაია ამბობს: „რა ერი და რა მღვდელი მაშინ, რა ყმა და რა მისი ბატონი, რა მოახლე და რა მისი ქალბატონი, რა მყიდველი და რა გამყიდველი, რა მოვალე და რა მევალე, რა მსესხებელი და რა მევასხე! მთელი ქვეყანა გაპარტახდება და პირწმინდად გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა“ (ესაია 24:2, 3). სიმდიდრე და ტაძარში მსახურების უპირატესობა ვერაფერს შეცვლის. არავითარი გამონაკლისი არ დაიშვება. ქვეყანა იმდენად გახრწნილია, რომ ყველა გადარჩენილი — მღვდელი იქნება ის, მსახური, ბატონი, მყიდველი თუ გამყიდველი — ტყვეობაში უნდა მოხვდეს.
6. რატომ კარგავენ იეჰოვას წყალობას იუდას მკვიდრნი?
6 გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ესაია სრულად აღწერს მოახლოებულ უბედურებას და მის მიზეზსაც ასახელებს: «დამწუხრდა, დაღონდა ქვეყანა; დაჭკნა, დაღონდა სოფელი, დაჭკნენ ქვეყნიერთა დიდებულნი. წაიბილწა მიწა მის მკვიდრთა ქვეშ, რადგან გადაუდგნენ რჯულს, დაარღვიეს [„შეცვალეს“, აქ] კანონი, გატეხეს საუკუნო აღთქმა. ამიტომ წყევლა ჭამს მიწას და ისჯებიან მისი მკვიდრნი; ამიტომ გადაიბუგნენ მიწიერნი და მცირენიღა გადარჩნენ» (ესაია 24:4—6). როდესაც ისრაელებმა ქანაანის მიწა დაიმკვიდრეს, იქ ‘რძე და თაფლი დიოდა’ (მეორე რჯული 27:3). მაგრამ ისინი მაინც იეჰოვას წყალობაზე იყვნენ დამოკიდებული. თუ ერთგულად დაიცავდნენ ღვთის მცნებებსა და კანონებს, მიწა მისცემდა მათ „თავის მოსავალს“, მაგრამ, თუ უგულებელყოფდნენ მის რჯულსა და კანონებს, „ფუჭი“ იქნებოდა ყოველგვარი მცდელობა და ‘არ მისცემდა მიწა მათ მოსავალს’ (ლევიანნი 26:3—5, 14, 15, 20). მაშინ იეჰოვას წყევლა ‘შეჭამდა’ მიწას (მეორე რჯული 28:15—20, 38—42, 62, 63). ახლა იუდა ამ წყევლის შედეგების მოლოდინში უნდა იყოს.
7. რა შემთხვევაში იქნებოდნენ ისრაელები კურთხეული რჯულის კავშირის წყალობით?
7 ესაიას დღეებამდე დაახლოებით 800 წლის წინათ ისრაელებმა თავიანთი ნებით დადეს ღმერთთან კავშირი და თანხმობა განაცხადეს, რომ არ დაარღვევდნენ მას (გამოსვლა 24:3—8). რჯულის კავშირის პირობით გათვალისწინებული იყო, რომ, თუ ისინი დაიცავდნენ იეჰოვას კანონებს, მისი უხვი კურთხევა არ მოაკლდებოდათ, მაგრამ, თუ დაარღვევდნენ ამ კავშირს, ღმერთი აღარ აკურთხებდა მათ და ტყვედ ჩაცვივდებოდნენ (გამოსვლა 19:5, 6; მეორე რჯული 28:1—68). მოსეს შუამავლობით დადებული რჯულის კავშირი განუსაზღვრელი დროის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ძალაში. რჯულს მესიის მოსვლამდე უნდა გაეწია მფარველობა ისრაელებისთვის (გალატელთა 3:19, 24).
8. ა) როგორ ‘გადაუდგა რჯულს’ ხალხი და როგორ ‘შეცვალეს მათ კანონი’? ბ) როგორ ‘ჭკნებიან დიდებულნი’ ერთ-ერთი პირველები?
8 მაგრამ მათ „გატეხეს საუკუნო აღთქმა“. გადაუდგნენ ღვთის მიერ მიცემულ რჯულს ანუ უგულებელყვეს იგი. აგრეთვე „შეცვალეს კანონი“, რომელიც იეჰოვამ მისცა მათ და თავიანთი კანონების შემოღება დაიწყეს (გამოსვლა 22:25; ეზეკიელი 22:12). ამიტომაც ხალხი გადაშენდება ქვეყნიდან. ღმერთი არ შეიწყალებს მათ მოახლოებული სასჯელის დროს. ღვთის მფარველობისა და კეთილგანწყობილების დაკარგვის გამო პირველ რიგში ‘დიდებულნი დაჭკნებიან’. ეს სიტყვები იერუსალიმის განადგურებამდე სრულდება, როდესაც იუდას მეფეები ჯერ ეგვიპტელთა, ხოლო შემდეგ ბაბილონელთა ვასალები ხდებიან. მოგვიანებით კი მეფე იეჰოიაქინი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები ერთ-ერთი პირველები ხვდებიან ბაბილონის ტყვეობაში (მეორე ნეშტთა 36:4, 9, 10).
მხიარულება ‘იდევნება’ ქვეყნიდან
9, 10. ა) რა როლს ასრულებს სოფლის მეურნეობა ისრაელში? ბ) რის ნიშანია ის, რომ თითოეული ისრაელი „თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას“ ზის?
9 ისრაელი მეურნეობას მისდევს. აღთქმულ მიწაზე დასახლების შემდეგ ხალხმა მარცვლეულის მოყვანა და პირუტყვის მოშენება დაიწყო. ამიტომაც სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემულ რჯულში. ყოველი მეშვიდე წელი მიწის უქმ შაბათად არის გამოცხადებული, რომ მისი ნაყოფიერება აღდგეს (გამოსვლა 23:10, 11; ლევიანნი 25:3—7). სამი ყოველწლიური ზეიმი, რომელთა აღნიშვნაც ერს მოეთხოვება, სამიწათმოქმედო სამუშაოებს ემთხვევა (გამოსვლა 23:14—16).
10 ვაზი მთელ ისრაელში აქვთ გაშენებული. ბიბლიაში ღვინო მოხსენიებულია, როგორც ღვთის ძღვენი, რომელსაც შეუძლია „გაამხიარულოს გული კაცისა“ (ფსალმუნი 103:15). თითოეული ისრაელი „თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას“ ზის, რაც ღვთის სამართლიანი მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ნიშანია (მესამე მეფეთა 4:25; მიქა 4:4). კარგი მოსავალი ღვთის კურთხევად ითვლება, რომლის გამოც მღერის და მხიარულობს ხალხი (მსაჯულნი 9:27; იერემია 25:30). მეორე მხრივ, როდესაც ვენახი ხმება ან ნაყოფს არ იძლევა და ბარდებად იქცევა, იმის ნიშანია, რომ იეჰოვა არ აკურთხებს ერს, რის გამოც დიდი მწუხარების ჟამი დგება.
11, 12. ა) რა მაგალითებით აღწერს ესაია იეჰოვას სასჯელის შედეგად შექმნილ მდგომარეობას? ბ) რა უბედურებას წინასწარმეტყველებს ესაია?
11 ამიტომაც ესაია ვენახის, ღვინისა და მაჭრის მაგალითით აღწერს, რა დაემართება ქვეყანას, როდესაც იეჰოვა აღარ აკურთხებს მას: „გამწარდა მაჭარი, დაჭკნა ვაზი, კვნესის ყველა გულმხიარული. გაცუდდა დაფდაფთა მხიარულება, შეწყდა მოზეიმეთა ყიჟინა, გაცუდდა ქნარის მხიარულება. აღარ მღერიან ღვინის სმისას, გაუმწარდა თაფლუჭი მის მსმელს. დაინგრა ნარბევი ქალაქი, გამოიკეტა ყველა სახლი, ვერავინ შედის. ღვინოს მისტირიან ქუჩებში, ჩამწარდა ყოველი სიხარული, განიდევნა მხიარულება ქვეყნიდან. უდაბურება დასადგურდა ქალაქში და ჩამოიქცა კარიბჭე“ (ესაია 24:7—12).
12 დაფდაფი და ქნარი ტკბილხმოვანი საკრავებია, რომლებზეც ისრაელები იეჰოვას განდიდებისას და მხიარულების დროს უკრავენ (მეორე ნეშტთა 29:25; ფსალმუნი 80:3). მათი ხმა არ გაისმება ღვთის სასჯელის დროს. აღარ ექნება ხალხს მხიარული რთველი. ვერავინ გაიგებს სასიამოვნო ხმებს გაუკაცრიელებულ და ‘კარიბჭეჩამოქცეულ’ იერუსალიმში, რომლის სახლებიც ისე ‘გამოიკეტება’, რომ ვერავინ შეძლებს შესვლას. რა დიდი უბედურება ელის ამ ბარაქიან მიწაზე დასახლებულ ხალხს!
გადარჩენილები „ყიჟინებენ“
13, 14. ა) რა არის ნათქვამი იეჰოვას რჯულში მოსავლის აღების შესახებ? ბ) როგორ იყენებს ესაია მოსავლის აღების შესახებ კანონებს იმის საწინასწარმეტყველებლად, რომ ყველა არ განადგურდება იეჰოვას სასჯელის დროს? გ) რაში შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებული ღვთის ერთგულ იუდაელებს, მიუხედავად იმისა, რომ დიდი განსაცდელების გადატანა მოუწევთ?
13 ისრაელები მოსავლის აღებისას ზეთისხილის ხეებს კეტებით ბერტყავენ. მათ ღვთის რჯულით ეკრძალებათ ხეზე ასვლა და დარჩენილი მარცვლების დაკრეფა. გარდა ამისა, რჯული არც რთვლის შემდეგ ვენახში აქა-იქ შერჩენილი მტევნების დაკრეფის ნებას იძლევა. მოსავლის აღების შემდეგ ნარჩენები ღარიბებს — „მდგმურებსა და ქვრივ-ობლებს“ — უნდა დარჩეთ (მეორე რჯული 24:19—21). ამ კარგად ცნობილი კანონების გამოყენებით ესაია მანუგეშებელ ცნობას იუწყება, რომ ყველა არ განადგურდება იეჰოვას მოახლოებული სასჯელის დროს: „ასე იქნება შუაგულ ქვეყანაში, ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვის დროს, როგორც მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი. ხმას იმაღლებენ და ყიჟინებენ, ზღვიდან დასძახიან უფლის დიდებას. ამიტომ ადიდეთ უფალი აღმოსავლეთში და უფლის, ისრაელის ღვთის სახელი — ზღვისპირეთში. ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს!“ (ესაია 24:13—16ა).
14 როგორც მოსავლის აღების შემდეგ რჩება ზოგი ნაყოფი ხესა და ვაზზე, ისე იქნებიან გადარჩენილები იეჰოვას მიერ განაჩენის აღსრულების შემდეგ — „მცვრევის დროს, როცა დამთავრებულია რთველი“. ესაიამ ადრეც იწინასწარმეტყველა ეს, რასაც მე-6 მუხლში ვკითხულობთ. აქ ის ამბობს, რომ „მცირენიღა გადარჩნენ“ სასჯელის შემდეგ. იერუსალიმისა და იუდას განადგურების დროს მცირე ნაწილი მაინც გადარჩება, მოგვიანებით ტყვეობიდან გათავისუფლდება და კვლავ დასახლდება თავის მიწაზე (ესაია 4:2, 3; 14:1—5). მიუხედავად იმისა, რომ ამ გულმართალ იუდაელებს დიდი გამოცდების გადატანა მოუწევთ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ მომავალში განთავისუფლდებიან და გაიხარებენ. ისინი დაინახავენ, როგორ შესრულდება იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა და დარწმუნდებიან, რომ ესაია ნამდვილად ღვთის წინასწარმეტყველი იყო. მათ გულები სიხარულით აევსებათ, როდესაც ქვეყნის განახლების შესახებ წინასწარმეტყველებების შესრულების მოწმენი გახდებიან. სადაც უნდა იყვნენ გაფანტული — იქნება ეს ხმელთაშუა ზღვის კუნძულები დასავლეთით, ბაბილონი „აღმოსავლეთში“ თუ სხვა შორეული ქვეყანა — გადარჩენისთვის ხოტბას შეასხამენ ღმერთს და იმღერებენ: „დიდება მართალს“!
ვერავინ გაექცევა იეჰოვას სასჯელს
15, 16. ა) რა გრძნობები ეუფლება ესაიას იმის გამო, რაც მის ხალხს უნდა დაემართოს? ბ) რა დაატყდება თავს ორგულ იუდაელებს?
15 მაგრამ ჯერ კიდევ ნაადრევია სიხარული. ესაია კვლავ აწმყოზე ამახვილებს თავის თანამედროვეთა ყურადღებას: „მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან. შიში, ხარო და ხაფანგია შენს წინ, ქვეყნის მკვიდრო! შიშის ხმაზე გაქცეული ხაროში ჩავარდება, ხაროდან ამოსული ხაფანგში გაებმება; რადგან გაიღება ცათა სარკმელები და მიწის საფუძვლები შეზანზარდება. ფეთქებით აფეთქდა დედამიწა, ნაფოტებად დანაფოტდა დედამიწა, დამხობით დაემხო დედამიწა. მთვრალივით ბარბაცებს დედამიწა და ხუხულასავით ირყევა; ცოდვამ დაამძიმა, დაეცა და ვეღარ დგება“ (ესაია 24:16ბ—20).
16 ესაიას ძლიერ ამწუხრებს ის, რაც მის ხალხს უნდა დაემართოს. წინასწარმეტყველი მათი მდგომარეობის გამო იტანჯება და დარდობს. ქვეყანა სავსეა მზაკვრებით, რომლებიც შიშის ზარს სცემენ ხალხს. მაგრამ, როდესაც იეჰოვა აღარ დაიფარავს იუდას, ისინი თვითონვე იქნებიან დღედაღამ შიშში. მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. ვერსად გაექცევიან უბედურებას, რომელიც იეჰოვას მცნებებისა და სიბრძნის უგულებელყოფის გამო დაატყდებათ თავს (იგავნი 1:24—27). უბედურება გარდაუვალია მიუხედავად იმისა, რომ მზაკვრები ატყუებენ ხალხს, არწმუნებენ, რომ ცუდი არაფერი მოხდება და დაღუპვისკენ მიჰყავთ ისინი (იერემია 27:9—15). იუდას მტერი შემოესევა, გაძარცვავს ქვეყანას და ტყვედ წაიყვანს მის მცხოვრებთ. ეს ყველაფერი ძლიერ აწუხებს ესაიას.
17. ა) რატომ ვერ დააღწევს თავს ხალხი სასჯელს? ბ) რა დაემართება მიწას იეჰოვას ზეციერი დამსჯელი ძალით?
17 მიუხედავად ამისა, ესაია იძულებულია განაცხადოს, რომ ხალხისთვის გამოსავალი არ არსებობს. ისინი ვერსად გაექცევიან სასჯელს. ვინც ერთ უბედურებას გადაურჩება, მეორეს ვერ გაექცევა. ვერსად პოვებენ უსაფრთხოებას იმ ცხოველის მსგავსად, რომელიც ორმოში ჩავარდნას მხოლოდ მახეში გაბმით აღწევს თავს (შეადარეთ ამოსი 5:18, 19). იეჰოვას დამსჯელი ძალა ციდან მიწის საფუძვლებს შეაზანზარებს. ცოდვით დამძიმებული ქვეყანა მთვრალივით ბარბაცებს, ეცემა და ვეღარ დგება ფეხზე (ამოსი 5:2). იეჰოვა საბოლოო სასჯელს მოუვლენს მას. იუდა მთლიანად აოხრდება და დაიქცევა.
დიდებით იმეფებს იეჰოვა
18, 19. ა) რა შეიძლება იგულისხმებოდეს „სიმაღლეთა მხედრობაში“ და როგორ არიან ისინი ‘კლიტულებში გამომწყვდეული’? ბ) როგორ დაისჯება „სიმაღლეთა მხედრობა“ „დიდი ხნის შემდეგ“? გ) როგორ დასჯის იეჰოვა „მიწის მეფეებს“?
18 ესაიას წინასწარმეტყველება ახლა უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს და იეჰოვას განზრახვის საბოლოო განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას: «მოვა ის დღე და დასჯის უფალი ცათა [„სიმაღლეთა“, აქ] მხედრობას მაღლა ცაში და მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე. შეიყრებიან ერთად ტუსაღებივით დილეგში, კლიტულებში გამოიმწყვდევიან და დიდი ხნის შემდეგ დაისჯებიან. მაშინ გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე, რადგან გამეფდება ცაბაოთ უფალი სიონის მთაზე და იერუსალიმში, და თავის უხუცესთა წინაშე გამოაჩენს დიდებას» (ესაია 24:21—23).
19 „სიმაღლეთა მხედრობაში“ ამ დემონური „წუთისოფლის სიბნელის მპყრობელნი,.. ცისქვეშეთის ბოროტების სულნი“ უნდა იგულისხმებოდნენ (ეფესელთა 6:12). ისინი დიდ გავლენას ახდენენ მსოფლიო მპყრობლებზე (დანიელი 10:13, 20; 1 იოანე 5:19). მათი მიზანია, ხალხი იეჰოვასა და მის წმინდა თაყვანისმცემლობას ჩამოაშორონ. მათი ზეგავლენით ისრაელებმა მეზობელი ერებივით დაიწყეს უზნეობის ჩადენა და შედეგად ღვთის რისხვა დაიმსახურეს! მაგრამ სატანამ და მისმა დემონებმა ბოლოს პასუხი უნდა აგონ ღვთის წინაშე, როდესაც ღმერთი დასჯის მათ და მათთან ერთად მიწიერ მმართველებს, „მიწის მეფეებს დაბლა მიწაზე“, რომლებმაც დემონების ზეგავლენით ზურგი აქციეს ღმერთს და არ დაიცვეს მისი კანონები (გამოცხადება 16:13, 14). ესაია სიმბოლური ენით ამბობს, რომ ისინი ერთად შეიყრებიან და „კლიტულებში გამოიმწყვდევიან“. „დიდი ხნის შემდეგ“, ალბათ, როდესაც სატანა და მისი დემონები (და არა „მიწის მეფეები დაბლა მიწაზე“) დროებით გათავისუფლდებიან იესო ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს, ღმერთი საბოლოოდ დასჯის მათ სათანადოდ (გამოცხადება 20:3, 7—10).
20. როგორ და როდის „გამეფდა“ იეჰოვა ძველ დროში და ამ უკანასკნელ ჟამს?
20 ესაიას წინასწარმეტყველების ეს ნაწილი შესანიშნავ იმედს აძლევდა იუდაელებს. იეჰოვა თავის დროზე დასცემდა ძველ ბაბილონს და სამშობლოში დააბრუნებდა მათ. ძვ. წ. 537 წელს იეჰოვამ თავისი ხალხის საკეთილდღეოდ უდიდესი ძალა და უზენაესი ძალაუფლება გამოიყენა, ეს დანაპირები რომ აღესრულებინა. ამ დროს ღვთის ხალხზე შესრულდა სიტყვები „გამეფდა შენი ღმერთი!“ (ესაია 52:7). ამ უკანასკნელ ჟამს იეჰოვა 1914 წელს „გამეფდა“, როდესაც იესო ქრისტე თავისი ზეციერი სამეფოს ტახტზე აიყვანა (ფსალმუნი 95:10). ის აგრეთვე 1919 წელს „გამეფდა“, როდესაც სულიერი ისრაელი თავისი მეფური ძალით დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა.
21. ა) რა გაგებით „გაფითრდება მთვარე და შერცხვება მზე“? ბ) რა შესანიშნავი შეძახილი მოჰყვება ამ წინასწარმეტყველების ყველაზე დიდებულ შესრულებას?
21 იეჰოვა კვლავაც ‘გამეფდება’, როდესაც ბოლოს მოუღებს დიდ ბაბილონსა და ამ ბოროტ სისტემას (ზაქარია 14:9; გამოცხადება 19:1, 2, 19—21). ამის შემდეგ ვერც ღამის სავსე მთვარე და ვერც შუადღის მოკაშკაშე მზე შეედრება მისი მეფური მმართველობის დიდებას (შეადარეთ გამოცხადება 22:5). მათ თითქოს შერცხვებათ, დიდებულ ცაბაოთ უფალს გაუტოლონ თავი. იეჰოვა უზენაესი მმართველი იქნება და ყველა დაინახავს მის უდიდეს ძალასა და დიდებას (გამოცხადება 4:8—11; 5:13, 14). რა შესანიშნავი იმედია! მაშინ მთელი დედამიწა შეუერთდება ფსალმუნის 96:1-ის სიტყვებს მათი დიდებული შესრულებისას: „უფალი მეფობს, ილხინოს ქვეყნიერებამ; გაიხარონ უამრავმა კუნძულებმა“.
[სურათი 262 გვერდზე]
საკრავთა ხმა და ყიჟინა აღარ გაისმება ქვეყანაში.
[სურათი 265 გვერდზე]
ზოგი იუდაელი გადაიტანს იეჰოვას სასჯელს, ისევე როგორც მოსავლის აღების შემდეგ რჩება ხეზე ზოგი ნაყოფი.
[სურათი 267 გვერდზე]
ესაია ძლიერ წუხს იმის გამო, რაც მის ხალხს უნდა დაატყდეს თავს.
[სურათი 269 გვერდზე]
იეჰოვას დიდებას ვერც მზე შეედრება და ვერც მთვარე.