თავი მეხუთე
იეჰოვა ამდაბლებს მედიდურთ
1, 2. რით არის ჩვენთვის საინტერესო ესაიას მიერ თავისი დროის იუდაელებისთვის გადაცემული წინასწარმეტყველური ცნობა?
იერუსალიმსა და იუდაში შექმნილი მდგომარეობით შეძრული ესაია წინასწარმეტყველი ახლა იეჰოვა ღმერთს მიმართავს: „შენ მოიკვეთე შენი ერი, იაკობის სახლი“ (ესაია 2:6ა). რატომ უარყო ღმერთმა ხალხი, რომელიც „საკუთარ ერად“ ჰყავდა ამორჩეული? (მეორე რჯული 14:2).
2 ჩვენთვის ძალზე საინტერესოა, როგორ ამხილა ესაიამ თავისი დროის იუდაელები, რადგან დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა მეტად ჰგავს ესაიას თანამედროვე ხალხის მდგომარეობას და ასევე ერთმანეთის მსგავსია იეჰოვას მიერ მათთვის გამოტანილი განაჩენი. ესაიას სიტყვების განხილვა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორი საქციელია ღვთისთვის მიუღებელი და როგორ უნდა მოვერიდოთ ასეთ საქციელს. ამიტომ მთელი ყურადღებით გამოვიკვლიოთ იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა, რომელსაც ესაიას 2:6—4:1-ში ვკითხულობთ.
სიამაყით უხრიან ქედს კერპებს
3. თავისი ხალხის რა ცოდვას არ ფარავს ესაია?
3 ესაია არ ფარავს თავისი ხალხის ცოდვას და ამბობს: „აღმოსავლეთით ავსებულან ისინი და ჯადოქრობით ფილისტიმელთა მსგავსად; უცხო თესლთა შვილებთან გადასკვნილან“ (ესაია 2:6ბ). იეჰოვამ ჯერ კიდევ 800 წლით ადრე გააფრთხილა თავისი ხალხი: „არცერთი ამ სისაძაგლით არ გაიუწმიდუროთ თავი... [რომლითაც] არიან გაუწმიდურებული ის ხალხები, რომლებიც უნდა განვდევნო თქვენგან“ (ლევიანნი 18:24). საკუთარ ერად ამორჩეული ხალხის შესახებ იეჰოვამ ბალაამს ათქმევინა: „კლდის თავიდან ვხედავ მას და გორაკებიდან ვუყურებ მას: აჰა, ცხოვრობს ერი განმარტოებით და ხალხებში არ ირიცხება“ (რიცხვნი 23:9, 12). მაგრამ ესაიას დღეებში იეჰოვას რჩეულ ხალხს გადაღებული ჰქონდა სხვა ერების უზნეო საქმეები და ‘ავსებული იყო აღმოსავლელთა’ ჩვევებით. იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი რწმენის გამომჟღავნების ნაცვლად ‘ფილისტიმელთა მსგავსად ჯადოქრობდნენ’. ერი არა თუ გამოყოფილი, არამედ ‘გადასკვნილი’ იყო „უცხო თესლთა შვილებთან“ — უეჭველია, იმ უცხოტომელებთან, რომლებიც ღვთის ხალხს უწმინდურ საქმეებს აჩვევდა.
4. რას აკეთებდნენ იუდაელები, იმის მაგივრად, რომ კეთილდღეობისა და ძლიერებისთვის იეჰოვას მადლობელი ყოფილიყვნენ?
4 ესაია აღნიშნავს, რომ მდიდარი და ძლიერი იყო იუდა, სადაც იმ დროს ყუზია მეფობდა: „ავსებულა მათი ქვეყანა ოქრო-ვერცხლით და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურებს; ავსებულა მათი ქვეყანა ცხენებით და ბოლო არ უჩანს მათ ეტლებს“ (ესაია 2:7). იყო ხალხი იეჰოვას მადლობელი კეთილდღეობისა და ძლიერებისთვის? (მეორე ნეშტთა 26:1, 6—15). სრულიადაც არა! ისინი მთელ იმედს სიმდიდრეზე ამყარებდნენ და ზურგს აქცევდნენ იეჰოვას, ვისი წყალობითაც ჰქონდათ ყველაფერი. რა შედეგი გამოიღო ამან? ესაია განაგრძობს: «ავსებულა მათი ქვეყანა კერპებით და ეთაყვანებიან [„ქედს უხრიან“, აქ] საკუთარ ნახელავს, რაც მათმა თითებმა გამოძერწა. დამცირდა ადამიანი, დამდაბლდა კაცი, შენ კი არ პატიობ მათ» (ესაია 2:8, 9). მათ მიტოვებული ჰყავდათ ცოცხალი ღმერთი და ქედს უხრიდნენ უსიცოცხლო კერპებს.
5. რატომ არ ნიშნავს კერპებისადმი ქედის მოხრა მორჩილებას?
5 ქედის მოხრა შეიძლება მორჩილებას ნიშნავდეს, მაგრამ უსიცოცხლო კერპების წინაშე ქედის მოხრას არავითარი აზრი არ ჰქონდა და მხოლოდ ‘ამდაბლებდა’ და გადაგვარების გზაზე აყენებდა ადამიანს. როგორ უნდა ეპატიებინა იეჰოვას ასეთი ცოდვა? რა უნდა ექნათ ამ კერპთაყვანისმცემლებს, როდესაც იეჰოვა პასუხს მოსთხოვდა მათ?
‘დამდაბლდება ამაყი მზერა’
6, 7. ა) რა ემართებათ მედიდურებს იეჰოვას განაჩენის აღსრულებისას? ბ) რას და ვის ატყდება ღვთის რისხვა? რატომ?
6 ესაია განაგრძობს: „კლდეში შეასწარ, მიწაში ჩაემალე უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას!“ (ესაია 2:10). მაგრამ ვერავითარი უზარმაზარი კლდე და ვერავითარი საიმედო საფარი ვერ დამალავს მათ, რადგან იეჰოვა ყოვლისშემძლეა. მისი განაჩენის აღსრულებისას „[დამდაბლდება] ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს!“ (ესაია 2:11).
7 ახლოვდება „ცაბაოთ უფლის დღე“, როდესაც ღვთის რისხვა დაატყდება „ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას“ (ესაია 2:12—16). დიახ, მრისხანების დღეს ადამიანთა მიერ აღზევებული არანაირი ორგანიზაცია, რაც მათი მედიდურობის გამოხატულებას წარმოადგენს, არ დარჩება იეჰოვას შეუმჩნეველი და არც ერთ უღვთო ადამიანს არ დატოვებს დაუსჯელს. „დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს“ (ესაია 2:17).
8. როგორ დაატყდა ნაწინასწარმეტყველები რისხვა იერუსალიმს ძვ. წ. 607 წელს?
8 ნაწინასწარმეტყველები რისხვა იუდაელებს ძვ. წ. 607 წელს დაატყდათ თავს, როდესაც მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი ააოხრა. მისმა მცხოვრებლებმა იხილეს, როგორ გადაიწვა მათი საყვარელი ქალაქი, დაინგრა საამაყო შენობები და ჩამოიქცა დიდებული კედელი. იეჰოვას ტაძრისგან ნანგრევებიღა დარჩა. საგანძურიც და ეტლებიც ყოვლად უსარგებლო გახდა „ცაბაოთ უფლის დღეს“. რა დაემართა მათ კერპებს? ზუსტად შესრულდა ესაიას სიტყვები: „ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება“ (ესაია 2:18). იუდაელები — მათ შორის მთავრები და დიდებულებიც — ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ. იერუსალიმი 70 წლით გაუკაცრიელდა.
9. რით ჰგავს ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა ესაიას დროინდელი იერუსალიმისა და იუდას მდგომარეობას?
9 რა ძალიან ჰგავს ქრისტიანული სამყაროს მდგომარეობა ესაიას დროინდელი იერუსალიმისა და იუდას მდგომარეობას! ქრისტიანული სამყარო ნამდვილად მჭიდროდ არის დაკავშირებული წუთისოფლის ერებთან. ის აქტიურად უჭერს მხარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ავსებს თავის სახლს კერპებითა და ისეთი საქმეებით, რომლებსაც ბიბლია გმობს. მისი წევრები მატერიალისტები არიან და სამხედრო ძალაზე ამყარებენ იმედს. გარდა ამისა, განა არ განადიდებენ ისინი სამღვდელოებას ტიტულებითა და უდიდესი პატივის მიგებით? ქრისტიანული სამყაროს ქედმაღლობას უეჭველად მოეღება ბოლო. მაგრამ როდის?
კარს მომდგარი „უფლის დღე“
10. რას დაუკავშირეს „უფლის დღე“ პავლე და პეტრე მოციქულებმა?
10 საღვთო წერილში მოხსენიებულია „უფლის დღე“, რომელიც იერუსალიმისა და იუდას განაჩენის შესრულების დღეზე ბევრად მნიშვნელოვანი იქნება. მოციქულმა პავლემ მოახლოებული „უფლის დღე“ ღვთის შთაგონებით იესო ქრისტეს, როგორც ტახტზე აღზევებული მეფის, თანდასწრებას დაუკავშირა (2 თესალონიკელთა 2:1, 2). პეტრემ კი ეს დღე ‘სამართლიან ახალ ცასა და ახალ მიწასთან’ დაკავშირებით მოიხსენია (2 პეტრე 3:10—13). ამ დღეს იეჰოვა განაჩენს აღასრულებს მთელ ბოროტ სისტემაზე და არც ქრისტიანულ სამყაროს დატოვებს უპასუხოდ.
11. ა) ვინ „გაუძლებს“ კარს მომდგარ „უფლის დღეს“? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ იეჰოვამ დაგვიფაროს?
11 „ვაი ჩვენს დღეს! — ამბობს იოველ წინასწარმეტყველი, — რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან“. ახლა, როდესაც კარს არის მომდგარი ეს შიშის მომგვრელი „დღე“, განა ყველას არ უნდა აფიქრებდეს უსაფრთხოების საკითხი? „ვინ გაუძლებს მას?“ — კითხულობს იოველი უფლის დღის შესახებ. „უფალი დაიცავს თავის ერს“, — თვითონვე პასუხობს შემდგომ (იოველი 1:15; 2:11; 4:16). დაიფარავს თუ არა იეჰოვა ღმერთი მედიდურთ, ვინც სიმდიდრეზე, სამხედრო ძალასა და ადამიანის ნახელავ ღმერთებზე ამყარებს იმედს? შეუძლებელია! ღმერთმა თავისი რჩეული ერიც კი მიატოვა, როდესაც ხალხი ამგვარად მოიქცა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ღვთის ყველა მსახურმა ‘ეძიოს სიმართლე და თვინიერება’ და სერიოზულად დაფიქრდეს, რა ადგილზე აყენებს იეჰოვას თაყვანისმცემლობას ცხოვრებაში (სოფონია 2:2, 3).
„თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრიან“
12, 13. რატომ იქნება შესაფერისი კერპთაყვანისმცემელთა მიერ თავიანთი კერპების გადაყრა თხუნელებისა და ღამურებისთვის იეჰოვას რისხვის დღეს?
12 რა ფასი ექნება კერპებს მათი თაყვანისმცემლებისთვის იეჰოვას დიად დღეს? ესაია გვპასუხობს: „შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს... რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. ბარემ გაეცალეთ ადამიანს, ნესტოებში რომ უდგას სული, რადგან რაღა ღირსება აქვს მას?“ (ესაია 2:19—22).
13 თხუნელები სოროებში ცხოვრობენ, ხოლო ღამურები ბნელ და უკაცრიელ მღვიმეებს აფარებენ თავს. იქ, სადაც ბევრი ღამურა ერთად ბინადრობს, საშინელი სუნი დგება და ირგვლივ მათი ექსკრემენტები გროვდება. კერპები ნამდვილად სათანადო ადგილზე ხვდებიან. ისინი სიბნელისა და სიბინძურის მეტს არაფერს იმსახურებენ. რაც შეეხება ხალხს, იეჰოვას რისხვის დღეს გამოქვაბულებსა და კლდის ნაპრალებში დაიწყებენ თავშესაფრის ძებნას. ასე რომ, კერპებსა და მათ თაყვანისმცემლებს ერთი და იგივე ხვედრი ეწევათ. ძვ. წ. 607 წელს ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები — უსიცოცხლო კერპებმა ვერც თავიანთი თაყვანისმცემლები იხსნეს და ვერც იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელიდან.
14. როგორ მოიქცევა ხალხი, როდესაც იეჰოვა სისრულეში მოიყვანს თავის განაჩენს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელთან დაკავშირებით?
14 როგორ მოიქცევა ხალხი, როდესაც ქრისტიანულ სამყაროსა და, მთლიანობაში, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს თავს იეჰოვას რისხვა დაატყდება? როდესაც მთელ მსოფლიოში გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნება, სავარაუდოა, რომ უმრავლესობა დაინახავს თავისი კერპების უსარგებლობას. მათ ნაცვლად ისინი მფარველად და დამცველად ადამიანთა მიერ შექმნილ ორგანიზაციებს აღიარებენ და მთელ იმედს მათზე, მათ შორის, შესაძლებელია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზეც, დაამყარებენ, რომელიც გამოცხადების მე-17 თავში „შავწითელ მხეცად“ არის აღწერილი. ამ სიმბოლური მხეცის „ათი რქა“ გაანადგურებს ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელ დიდ ბაბილონს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ქრისტიანული სამყაროა (გამოცხადება 17:3, 8—12, 16, 17).
15. როგორ იქნება ‘მხოლოდ უფალი მაღალი’ თავისი განაჩენის აღსრულების დღეს?
15 მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლური ათი რქა დაარბევს და დაწვავს დიდ ბაბილონს, ეს იეჰოვას განაჩენის აღსრულება იქნება. დიდი ბაბილონის შესახებ გამოცხადების 18:8-ში ნათქვამია: „ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას“. ასე რომ, ცრუ რელიგიისგან კაცობრიობის გათავისუფლებისთვის ყოვლადძლიერ იეჰოვა ღმერთს უნდა მივაგოთ პატივი. ესაიას სიტყვების თანახმად, „მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს“ ანუ „ცაბაოთ უფლის დღეს“ (ესაია 2:11ბ, 12ა).
„წინამძღოლებმა დაგაბნიეს“
16. ა) რა არის საზოგადოების „სახსარი და სასო“? ბ) რა დაემართებოდა ესაიას ერს, როდესაც „სახსარი და სასო“ წაერთმეოდა?
16 საზოგადოება სტაბილური რომ იყოს, უნდა ჰქონდეს „სახსარი და სასო“ ანუ ჰქონდეს საკვები, წყალი და, რაც ყველაზე მთავარია, ჰყავდეს წინამძღოლები, რომლებიც შეძლებენ ხალხის გაძღოლასა და წესრიგის დაცვას. მაგრამ ძველი ისრაელის შესახებ ესაია წინასწარმეტყველებს: „აჰა, მეუფე, ცაბაოთ უფალი, წაართმევს იერუსალიმს და იუდას სახსარს და სასოს, პურის მთელ სახსარს; ვაჟკაცს და მეომარს, მსაჯულს და ქადაგს, მისანს და უხუცესს, ორმოცდაათისთავს და დიდებულს, მრჩეველს და ბრძენ ხელოვანს, გრძნეულ შემლოცველს“ (ესაია 3:1—3). თვითნება ბიჭბუჭები მთავრებად დადგებიან. ხალხს არა მარტო მთავრები შეავიწროებენ, არამედ „კაცი კაცს დაჩაგრავს, მოყვასი მოყვასს; ბავშვი გაუმედიდურდება მოხუცს, უღირსი — პატივდებულს“ (ესაია 3:4, 5). უმცროსები გაუმედიდურდებიან უფროსებს და უპატივცემულობას გამოავლენენ მათ მიმართ. იმდენად დაბალი იქნება ცხოვრების დონე, რომ კაცი სრულიად გამოუცდელს ეტყვის, „სამოსელი გქონია, გაგვიხდი მთავრად, შენს ხელთ ქვეშ იყოს ეს ნანგრევებიო“ (ესაია 3:6). ის კი იუარებს, რადგან არც ნაიარევი ქვეყნის განკურნების უნარი ექნება და არც ქონება, რომ მმართველობა შეძლოს, და იტყვის: «ვერ ვიქნები განმგებელი [„ჭრილობების მკურნალი“, აქ], არა მაქვსო სახლში პური, არც სამოსელი, ნუ დამადგენო ერის მთავრად» (ესაია 3:7).
17. ა) რა გაგებით სცოდავდნენ იერუსალიმისა და იუდას მკვიდრნი სოდომელებივით? ბ) ვის ადანაშაულებს ესაია თავისი ერის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში?
17 ესაია განაგრძობს: „დაემხო იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი სიტყვა და საქმე შეურაცხყოფაა უფლისათვის, უპატიობაა მისი დიდების თვალში. მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!“ (ესაია 3:8, 9). ღვთის ხალხი, როგორც სიტყვით, ისე საქმით ეურჩება ღმერთს. მათი სახეების ურცხვი და ჯიუტი გამომეტყველებაც კი ამხელს ჩადენილ ცოდვებს, რომლებიც სოდომელთა ცოდვებივით ამაზრზენია. იუდაელებს კავშირი აქვთ შეკრული იეჰოვა ღმერთთან, მაგრამ ის არ შეცვლის მათ გამო თავის ნორმებს. «უთხარით მართალს, რომ სიკეთეს ეწევა, რომ ყველა თავის ნამოქმედარს შეჭამს. ვაი უკეთურს, ბოროტეულს, რადგან მოიმკის თავისი ხელის ნამოქმედარს! ჩემს ერს ბავშვები ჩაგრავენ და დიაცები უბატონდებიან. ჩემო ერო, შენმა მეგზურებმა [„წინამძღოლებმა“, აქ] დაგაბნიეს და გზა-კვალი აგირიეს!» (ესაია 3:10—12).
18. ა) რაში სდებს მსჯავრს იეჰოვა ესაიას თანამედროვე უხუცესებსა და თავკაცებს? ბ) რას ვსწავლობთ იეჰოვას მიერ იუდას უხუცესებისა და თავკაცებისთვის გამოტანილი განაჩენიდან?
18 იეჰოვა „მსჯავრს სდებს“ იუდას უხუცესებსა და თავკაცებს: „თქვენ გააჩანაგეთ ვენახი, ღარიბ-ღატაკთაგან წართმეულით აგივსიათ სახლები. რატომ თელავთ ჩემ ერს და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ?“ (ესაია 3:13—15). იმის მაგივრად, რომ ხალხის კეთილდღეობაზე იზრუნონ, მთავრები ატყუებენ ხალხს. ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას და ღარიბ-ღატაკთა და გაჭირვებულთა ხარჯზე მდიდრდებიან. მაგრამ ამ წინამძღოლებმა ღარიბთა ჩაგვრისთვის ცაბაოთ უფლის წინაშე უნდა აგონ პასუხი. რა ყურადსაღები მაგალითია ეს მათთვის, ვისაც დღეს რაიმე პასუხისმგებლობა აკისრია! დიდად უნდა იფრთხილონ, რომ არასდროს გამოიყენონ ბოროტად თავიანთი უფლებები.
19. ვის ჩაგვრასა და დევნაშია დამნაშავე ქრისტიანული სამყარო?
19 ქრისტიანული სამყარო, კერძოდ კი მისი სამღვდელოება, ცბიერებით ართმევს ხალხს ქონებას და კვლავაც განაგრძობს მათ ჩაგვრას. ის აგრეთვე დევნის ღვთის ხალხს, საშინლად ეპყრობა მათ და აშკარად შეურაცხყოფს იეჰოვას სახელს. თავის დროზე იეჰოვა უსათუოდ აღასრულებს მისთვის გამოტანილ განაჩენს.
‘მშვენების ნაცვლად დაღი’
20. რაში სდებს ბრალს იეჰოვა „სიონის ასულებს“?
20 წინამძღოლთა მხილების შემდეგ იეჰოვა სიონის ანუ იერუსალიმის ასულთა განსჯას იწყებს. როგორც ჩანს, მოდას აყოლილი „სიონის ასულნი“ ატარებენ „ფეხსამკაულებს“ — კოჭებზე რგოლებს, რომლებიც მელოდიურად ჟღარუნებენ. ასულნი განზრახ ამოკლებენ ნაბიჯებს, „ლაღად მოსეირნობენ“ და კეკლუცად და მოხდენილად დაიარებიან. მერედა რა არის ამაში ცუდი? მათი განწყობილება. იეჰოვა ამბობს: „გამედიდურდნენ სიონის ასულნი, ყელმოღერებით და ურცხვი მზერით მიმოდიან“ (ესაია 3:16). ასეთი მედიდურობისთვის ისინი სასჯელს ვერ ასცდებიან.
21. რა დაემართებათ იუდაელ ასულებს, როდესაც იეჰოვა აღასრულებს იერუსალიმისთვის გამოტანილ განაჩენს?
21 ამიტომაც, როდესაც ქვეყანას იეჰოვას რისხვა დაატყდება, „სიონის ასულნი“ ყველაფერს დაკარგავენ, იმ მშვენიერებასაც, რომლითაც ასე ამაყობენ. იეჰოვა წინასწარმეტყველებს: „თავს გაუქაჩლებს მეუფე სიონის ასულთ და სარცხვინელს გაუშიშვლებს მათ. იმ დღეს აართმევს მათ მეუფე ფეხსამკაულ შიბებს, თავსაკრავებს და ყელსაბამებს, საყურეებს, სამაჯურებს და პირბადეებს, მჯიღებს, ფეხსამკაულებს და სარტყლებს, სუნამოს ჭურჭლებს და ავგაროზებს, ბეჭდებს და ნესტოს რგოლებს, ძვირფას შესამოსელს, მოსასხამებს, მანდილებს და ქისებს, სარკეებს, პერანგებს, თავსაბურველს და ხალათებს“ (ესაია 3:17—23). რა ტრაგიკული ცვლილებაა!
22. რა დაკარგეს იერუსალიმის ასულებმა თავიანთი სამკაულების გარდა?
22 წინასწარმეტყველური ცნობა შემდეგი სიტყვებით გრძელდება: „სურნელების ნაცვლად აუვათ სიმყრალე, სარტყელის ნაცვლად ექნებათ ჯვალო, ნაწნავ-კულულების ნაცვლად სიქაჩლე, მოსასხამის ნაცვლად ტომარა, მშვენების ნაცვლად ცეცხლის დაღი“ (ესაია 3:24). ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის ამაყი ასულნი სიმდიდრიდან სიღარიბეში ჩაცვივდნენ; თავისუფლება წაერთვათ და მონობის „დაღი“ დაესვათ.
„იჯდება იავარქმნილი“
23. რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა იერუსალიმზე?
23 ახლა იეჰოვა იერუსალიმს მიმართავს: „შენი ვაჟკაცები მახვილისგან დაეცემიან და შენი გმირები ბრძოლაში დაიხოცებიან. მისი კარიბჭენი მოჰყვებიან მოთქმას და გოდებას, თავად კი მტვერში იჯდება იავარქმნილი“ (ესაია 3:25, 26). იერუსალიმის ძლიერი ვაჟკაცებიც კი ბრძოლებში დაიხოცებიან. ქალაქი მიწასთან გასწორდება. მისი „კარიბჭეებისთვის“ ეს „მოთქმისა და გოდების“ ჟამი იქნება. იერუსალიმი „იავარქმნილი“ დარჩება და გაუკაცრიელდება.
24. რა სირთულეებს შეუქმნის მახვილით მამაკაცთა დახოცვა იერუსალიმელ ქალებს?
24 მახვილით მამაკაცთა დახოცვა დიდ სირთულეებს შეუქმნის იერუსალიმელ ქალებს. თავისი წინასწარმეტყველური წიგნის ამ ნაწილის დასასრულს ესაია ამბობს: „ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი“ (ესაია 4:1). დასაქორწინებელი მამაკაცები იმდენად ცოტანი იქნებიან, რომ რამდენიმე ქალი მოინდომებს, ერთი კაცის სახელით იწოდოს ანუ მის ცოლად იყოს ცნობილი და არ შერცხვეს გაუთხოვრობის გამო. მოსეს რჯულით ქმრისგან მოითხოვებოდა, საკვებითა და სამოსლით უზრუნველეყო ცოლი (გამოსვლა 21:10). მაგრამ ქალები თანახმა არიან, ‘თავიანთი პური ჭამონ, საკუთარი სამოსლით შეიმოსონ’ და ამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ მამაკაცი. რა უიმედო მდგომარეობაში ცვივიან ერთ დროს მედიდური „სიონის ასულნი“!
25. რა ემართებათ მედიდურებს?
25 იეჰოვა ამდაბლებს მედიდურთ. ძვ. წ. 607 წელს მან ნამდვილად ‘დაამდაბლა’ თავისი ერის სიამაყე და ‘დაამცირა’ მათი „მედიდურება“. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (იაკობი 4:6).
[სურათი 50 გვერდზე]
კერპებმა, სიმდიდრემ და სამხედრო ოსტატობამ ვერ იხსნა იერუსალიმი იეჰოვას რისხვის დღეს.
[სურათი 55 გვერდზე]
„უფლის დღეს“ ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს განადგურება ელის.