თავი მეთორმეტე
„დაელოდეთ“
1, 2. ა) რაზე უნდა დავფიქრდეთ? ბ) რა დროში ცხოვრობდა თორმეტი წინასწარმეტყველი, და რა განწყობა ჰქონდა მიქას?
რამდენი ხანია ელოდებით იეჰოვას დღეს, რომელიც აღმოფხვრის ბოროტებას დედამიწაზე? კიდევ რამდენ ხანს დაელოდებით? რა განწყობა გექნებათ და როგორ იმოქმედებთ? თქვენი აზრი განსხვავებული იქნება მრევლის აზრისგან. ისინი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ და ზეცაში ასვლას ელოდებიან.
2 ღვთის დიდი დღის მოლოდინში თორმეტივე წინასწარმეტყველური წიგნი დიდ დახმარებას გაგვიწევს. ამ წინასწარმეტყველთაგან ბევრი იმ დროში ცხოვრობდა, როცა ღვთის განაჩენის აღსრულება გარდაუვალი იყო. მაგალითად, მიქა იმ პერიოდში მსახურობდა, როცა ძვ. წ. 740 წელს ასურელების მიერ სამარიის განადგურება უკვე კარს იყო მომდგარი (იხილეთ დიაგრამა, გვ. 20, 21). გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იეჰოვას დღე იუდას წინაშეც უნდა დამდგარიყო. მაგრამ მიქამ ზუსტად არ იცოდა, როდის იმოქმედებდა იეჰოვა. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ გულხელდაკრეფილი მჯდარიყო იმ იმედით, რომ ღმერთი მალე აღასრულებდა განაჩენს? აი, რას ამბობდა მიქა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს. მომისმენს ჩემი ღმერთი“ (მიქა 7:7). მიქას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის დღე დადგებოდა, და ამიტომაც ის ფხიზელი გუშაგივით იდგა სადარაჯოზე (2 სამუელი 18:24—27; მიქა 1:3, 4).
3. როგორი განწყობა ჰქონდათ აბაკუმსა და სოფონიას იერუსალიმის განადგურების მოლოდინში?
3 ვნახოთ, რა დროში ცხოვრობდნენ სოფონია და აბაკუმი. მოახლოებული იყო იერუსალიმის განადგურება, და ძვ. წ. 607 წელს განადგურდა კიდეც. მაგრამ მათ არ იცოდნენ, ღვთის განაჩენის აღსრულება უკვე კარს იყო მომდგარი თუ კიდევ რამდენიმე ათწლეული მოუწევდათ ლოდინი (აბაკუმი 1:2; სოფონია 1:7, 14—18). სოფონია წერდა, ამიტომ მელოდეთო, — ამბობს იეჰოვა, — სანამ აღვმდგარვარ ნადავლის ხელში ჩასაგდებად, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი რისხვა, ჩემი მრისხანება გადმოვღვარო (სოფონია 3:8). სოფონიას შემდეგ მცხოვრები აბაკუმიც მზადყოფნით ელოდებოდა ღვთის დღეს? აბაკუმმა დაწერა: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3).
4. რა ვითარებაში წინასწარმეტყველებდნენ სოფონია და აბაკუმი, და რა განწყობით?
4 რა ვითარებაში წარმოთქვეს სოფონიამ და აბაკუმმა ზემოხსენებული სიტყვები? ზოგიერთი იუდეველი ამბობდა, „იეჰოვა არც კარგს გააკეთებს და არც ცუდსო“. სოფონიამ სწორედ მაშინ გამოაცხადა „იეჰოვას რისხვის დღის“ შესახებ. იმ დღეს ღვთის რისხვა თავს დაატყდებოდა როგორც ქედუხრელ იუდეველებს, ისე მათ მტრებს (სოფონია 1:4, 12; 2:2, 4, 13; 3:3, 4). შეეშინდებოდა სოფონიას ღვთის მსჯავრისა და რისხვისა? პირიქით, დაელოდებოდა. აბაკუმი რაღას იზამდა? ისიც დაელოდებოდა. ისინი გულგრილად არ უყურებდნენ მომავალს, და ისე არ ცხოვრობდნენ, თითქოს ყველაფერი უცვლელი დარჩებოდა (აბაკუმი 3:16; 2 პეტრე 3:4). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე წინასწარმეტყველი იეჰოვას დღის მოლოდინით ცხოვრობდა. მათი მოლოდინი ძვ. წ. 607 წელს გამართლდა. ისინი ბრძნულად მოიქცნენ, რომ დაელოდნენ.
5, 6. რამდენად ახლოს ვართ ღვთის განზრახვის შესრულებასთან და როგორი განწყობა უნდა გვქონდეს?
5 დარწმუნებული იყავით, რომ „იეჰოვას რისხვის დღე“ დღევანდელ ქვეყნიერებასაც დაატყდება თავს. ეს სანდო დაპირებაც უსათუოდ შესრულდება, ამაში ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს. სოფონიასა და აბაკუმის მსგავსად არც ჩვენ ვიცით, როდის დადგება ის დღე (მარკოზი 13:32). მაგრამ ფაქტია, რომ მალე დადგება, რასაც ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება ცხადყოფს. იეჰოვამ წინასწარმეტყველებს ყურადღება გაუმახვილა ლოდინზე, ასე რომ ჩვენც უნდა დაველოდოთ ღვთის დღეს. ამავე დროს, გვახსოვდეს ერთი უცვლელი ჭეშმარიტება: ჩვენი ღმერთი ერთადერთია, ვინც „თავის მომლოდინეთა სასიკეთოდ მოქმედებს“ (ესაია 64:4).
6 ჩვენ საქმით უნდა ვაჩვენოთ, რომ ველოდებით „იეჰოვას რისხვის დღეს“ და დარწმუნებული ვართ, რომ ის თავის დროზე დადგება. თუ ჩვენს მოქმედებაში ჩანს, რომ ამაში ეჭვი არ გვეპარება, ესე იგი იესოს სიტყვებს ვითვალისწინებთ. მან თავის მოციქულებსა და ყველა სულითცხებულ ქრისტიანს მოუწოდა: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის, . . ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს დაბრუნებული ბატონი! ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის სარტყელს შემოირტყამს, მონებს სუფრასთან მიიპატიჟებს, მივა და მოემსახურება მათ“ (ლუკა 12:35—37). თუ ველოდებით, ესე იგი გვჯერა, რომ იეჰოვას დიდი დღე მის მიერ დანიშნულ დროს არ გადასცილდება.
დაელოდეთ და მზად იყავით
7, 8. ა) რა მოჰყვა შედეგად ღვთის მოთმინებას? ბ) როგორი განწყობა უნდა გვქონდეს პეტრეს მოწოდების თანახმად?
7 ჩვენს დროს მცხოვრები ღვთის მსახურები 1914 წელს ზეციერი სამეფოს დამყარებამდე ელოდნენ იეჰოვას დიდ დღეს, და დღესაც ელოდებიან, მაგრამ მათთვის ლოდინი უქმად ყოფნას სულაც არ ნიშნავდა. პირიქით, მათ აქტიურად დაიწყეს ქადაგება, რაც ღვთისგან ჰქონდათ დავალებული (საქმეები 1:8). იეჰოვას დიდი დღე 1914 წელს რომ დამდგარიყო, თქვენ სად იქნებოდით? თუნდაც 40 წლის წინ რომ დამდგარიყო, იქნებოდით მათ შორის, ვინც წმინდად იქცევა და ღვთისადმი ერთგულებას ავლენს? (2 პეტრე 3:11) იქნებოდნენ მაშინ თქვენი ოჯახის წევრები იეჰოვას მოწმეები? სად იქნებოდნენ ისინი, ვისაც კრებაში დაუმეგობრდით? როგორც 2 პეტრეს 3:9 გვიჩვენებს, ლოდინის პერიოდმა გზა გაგვიხსნა გადარჩენისკენ ჩვენც და ბევრ სხვასაც. სამეფოს დამყარებისთანავე იეჰოვას არ გაუნადგურებია ბოროტი ქვეყნიერება, რამაც ბევრს მისცა ცოდვების მონანიების საშუალება, როგორც ეს ნინეველების შემთხვევაში მოხდა. მათ მოინანიეს და ღმერთმაც დაინდო ისინი. ჩვენ ვუერთდებით მოციქულ პეტრეს სიტყვებს: „უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტრე 3:15). დღეს ხალხს მონანიების, აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლის საშუალება ეძლევა.
8 შეიძლება ქრისტიანი არც კი დაინტერესდეს, რა დროში ცხოვრობდნენ მიქა, სოფონია და აბაკუმი. შეიძლება იფიქროს, ეგ ხომ დიდი ხნის წინ იყოო. მაგრამ რისი სწავლა შეიძლება? როგორც პეტრემ გვირჩია, ქრისტიანები წმინდად უნდა ვიქცეოდეთ და ღვთისადმი ერთგულებას უნდა ვავლენდეთ. ამ სიტყვებს პეტრემ არანაკლებ მნიშვნელოვანი სიტყვები მოაყოლა, რომ უნდა ველოდოთ და ყოველთვის გვახსოვდეს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე (2 პეტრე 3:11, 12). აქედან გამომდინარე, უნდა გვახსოვდეს ის დღე და ველოდოთ მას.
9. რატომ უნდა გვქონდეს მზერა იეჰოვასკენ მიპყრობილი?
9 იმის მიუხედავად, რამდენი წელი ვემსახურებით იეჰოვას, გვაქვს ისეთი განწყობა, როგორიც მიქას ჰქონდა? გვაქვს მზერა იეჰოვასკენ მიპყრობილი და ველოდებით? (რომაელები 13:11) ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე შეიძლება ძალიან გვაინტერესებდეს, რა დრო დარჩა იმ დღის დადგომამდე, მაგრამ ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათე 24:43, 44).
10. რას გვასწავლის იოანეს ცხოვრება და მისი განწყობა?
10 იესოს სიტყვები მიქას, სოფონიასა და აბაკუმის სიტყვებს მოგვაგონებს. მაგრამ იესო, ძველ დროს მცხოვრები ხალხის კი არა, თავისი მიმდევრების ანუ ჩვენ საყურადღებოდ ლაპარაკობდა. ბევრი ერთგული ქრისტიანი ითვალისწინებს იესოს რჩევას და მზადყოფნით ელოდება ღვთის დღეს. მოციქულმა იოანემ, ამ მხრივ, კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხთაგან, რომლებიც ახ. წ. 33 წელს ზეთისხილის მთაზე ქვეყნიერების აღსასრულის დადგომის შესახებ ეკითხებოდნენ იესოს (მათე 24:3; მარკოზი 13:3, 4). იოანეს არ შეეძლო გაეთვალა, ზუსტად როდის დადგებოდა ღვთის დღე. მართალია, იმ დროიდან სამოცი წლის გასვლის შემდეგ იოანე უკვე ღრმად მოხუცი იყო, მაგრამ არ დაღლილა და არ შეუწყვეტია ლოდინი. პირიქით, იესოს სიტყვებს: „აი, მალე მოვალ“, ასე გამოეხმაურა: „ამინ! მოდი, უფალო იესო“. იოანეს მსახურებაში გატარებულ წლებზე გული არ დასწყვეტია. მას მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა განაჩენს სისრულეში მოიყვანდა და თითოეულს თავისი საქმისამებრ მიუზღავდა (გამოცხადება 22:12, 20). იოანესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონია იმას, როდის აღსრულდებოდა განაჩენი. იესოს რჩევის თანახმად მისთვის მთავარი მზადყოფნა იყო. თქვენც იგივე განწყობა გაქვთ?
„ელოდებით“ თუ „გაძეხით“?
11. რით განსხვავდებოდნენ სხვებისგან მიქა და ოსია?
11 განვიხილოთ წინასწარმეტყველთა ცხოვრებიდან კიდევ ერთი მხარე. იეჰოვას ჯერ ისრაელის, შემდეგ კი იუდას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანა. მიქას მზერა იეჰოვასკენ ჰქონდა მიპყრობილი და მოთმინებით ელოდებოდა, ბევრი კი სხვაგვარად იქცეოდა, რადგან სიკეთის მოძულენი და ბოროტის მოყვარულნი იყვნენ. მიქამ გააფრთხილა ისინი, რომ თუ არ შეიცვლებოდნენ და იეჰოვას შველას სთხოვდნენ, ის არ უპასუხებდა მათ (მიქა 3:2, 4; 7:7). ოსიამ, მიქას თანამედროვე მსახურმა, მიწათმოქმედის ენით მოუწოდა ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს: „სიმართლით თესეთ თესლი თქვენთვის, სიკეთით მოიმკეთ. დაამუშავეთ სახნავი მიწა, სანამ არის იეჰოვას ძებნის დრო“. უმეტესობა ყურს მაინც არ უგდებდა ოსიას სიტყვებს: „ბოროტებას ხნავთ და უმართლობას იმკით“ (ოსია 10:12, 13). ისინი არა მარტო თვალს ხუჭავდნენ ბოროტ საქმეებზე, თვითონაც იმავეს სჩადიოდნენ. მათ თავიანთი გზის იმედი ჰქონდათ და არა იეჰოვასი. ეს როგორ დაემართათ აღთქმულ მიწაზე მცხოვრებ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს? ოსიამ ამხილა მათი არასწორი აზროვნება. თუ გვინდა, რომ ყოველთვის ველოდოთ იეჰოვას დიდ დღეს, მათ აზროვნებით არ უნდა მივბაძოთ. მათ ცხოვრება მოიწყვეს და გაძღნენ.
12. ა) ოსიას სიტყვების თანახმად რა არასასურველი მდგომარეობა იყო ისრაელში ძვ. წ. 740 წლამდე? ბ) როგორ „გაძღა“ ხალხი?
12 ღვთის ხალხი მეტისმეტად გამდიდრდა აღთქმულ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა. როგორ იმოქმედა ამან მათზე? ოსიამ იეჰოვას სიტყვები წარმოთქვა: „თავიანთ საძოვარზე გაძღნენ, გაძღნენ და გადიდგულდნენ; ამიტომაც დამივიწყეს“ (ოსია 13:6). საუკუნეებით ადრე ღმერთს გაფრთხილებული ჰყავდა თავისი ხალხი, რომ ასეთი საშიშროება არსებობდა (მეორე კანონი 8:11—14; 32:15). მაგრამ ოსიასა და ამოსის დროს მცხოვრებმა ისრაელებმა დაივიწყეს იეჰოვა. ისინი გაძღნენ. ამოსი კი გვამცნობს, რომ მათ სიმდიდრით გამოივსეს სახლები; ზოგს ორი სახლიც კი ჰქონდა. კარგს ჭამდნენ, კარგს სვამდნენ და „საუკეთესო ზეთს იცხებდნენ“ (ამოსი 3:12, 15; 6:4—6). ცხადია, კარგ ცხოვრებაში ცუდი არაფერი იყო, მაგრამ ისინი არ უნდა გადაყოლოდნენ ამაზე ზრუნვას.
13. მდიდარი თუ ღარიბი ისრაელები რა მხრივ იქცეოდნენ არასწორად?
13 მაგრამ ჩრდილოეთ სამეფოში ყველა არ გამდიდრებულა და არ „გამძღარა“. ზოგიერთი ღარიბი იყო და ოჯახს ძლივს არჩენდა (ამოსი 2:6; 4:1; 8:4—6). დღესაც ასეა მსოფლიოს მრავალ კუთხეში. ძველ ისრაელში მცხოვრებ ღარიბებსაც ეხებოდა ოსიას 13:6-ში ჩაწერილი სიტყვები? ჩვენც გვეხება? რა თქმა უნდა. იეჰოვას თვალსაზრისით, ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი, გინდ მდიდარი, გინდ ღარიბი, არ უნდა გადაჰყოლოდა მატერიალურზე ზრუნვას, რომ არ დაევიწყებინა ღმერთი (ლუკა 12:22—30).
14. რატომ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, მზადყოფნით ველოდებით თუ არა ღვთის დღეს?
14 ვხედავთ, რომ ბევრი ბიბლიური წინასწარმეტყველება უკვე შესრულებულია. ეს დამატებით საფუძველს გვაძლევს, რომ ვიფხიზლოთ, მზად ვიყოთ და ველოდოთ იეჰოვას დღეს. მაგრამ რა ვქნათ, თუ დიდი ხანია, შეიძლება ათწლეულებიც კი ველოდებით ამ დღეს? წარსულში ძალ-ღონეს არ ვიშურებდით მსახურებისთვის, ცხოვრებითაც ვაჩვენებდით, რომ იეჰოვას დღეს ველოდით. მაგრამ ეს დღე ჯერ კიდევ არ დამდგარა. ისევ ველოდებით? კვლავ მზადყოფნით ველოდებით ღვთის დღეს, თუ შევწყვიტეთ ლოდინი? (გამოცხადება 2:4)
15. როგორ გავიგოთ, გაგვინელდა თუ არა მოლოდინი?
15 თავადაც შეგვიძლია შევაფასოთ, თუ როგორ ველოდებით ღვთის დღეს, მაგრამ ამაში ამოსის დროს მცხოვრები „გამძღარი“ ხალხის საქციელზე დაფიქრებაც დაგვეხმარება. ჩვენც მათ ხომ არ ვემსგავსებით? მაგალითად, ქრისტიანმა, რომელიც თავისი აზროვნებითა და მოქმედებით აჩვენებდა, რომ გულმოდგინედ ელოდა ღვთის დღეს, ახლა შეიძლება მდიდრული სახლი ან ავტომობილი, უკანასკნელი მოდის ტანსაცმელი, ძვირადღირებული კოსმეტიკა, ძვირფასეულობა, საუკეთესო ღვინო და ნაირ-ნაირი საჭმელი მოინდომოს. ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ ასკეტურად ვიცხოვროთ და უარი ვთქვათ ზომიერ სიამოვნებაზე. გამრჯე კაცმა „უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში“ (ეკლესიასტე 3:13). ქრისტიანს საშიშროება მაშინ დაემუქრება, თუ ჭამა-სმასა და გარეგნობას გადამეტებულ ყურადღებას დაუთმობს (1 პეტრე 3:3). იესომ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ დაემართა ზოგიერთ ცხებულს მცირე აზიაში. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებისთვის ეს რეალური საშიშროებაა (გამოცხადება 3:14—17). ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ხომ არა ვართ? ჩვენც ხომ არ „ვძღებით“ მატერიალურზე გადაჭარბებული ზრუნვით? ხომ არ გაგვინელდა მოლოდინი? (რომაელები 8:5—8)
16. რატომ არ იქნებოდა შვილებისთვის სასიკეთო, თუ ვურჩევდით, „გამძღარიყვნენ“?
16 ჩვენი შვილებისთვის ან სხვებისთვის მიცემული რჩევებიდანაც ჩანს, თუ როგორ ველით იეჰოვას დიდ დღეს. ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდეს: „თავის დროზე უარი ვთქვი განათლების მიღებასა და კარიერაზე, რადგან ვფიქრობდი, რომ აღსასრული ძალიან მალე დადგებოდა. მაგრამ ახლა მინდა, ჩემმა შვილებმა განათლება მიიღონ, რომ კარგად იცხოვრონ“. ალბათ ოსიას დღეებშიც ფიქრობდა ზოგი ასე. ასეთ შემთხვევაში, სასიკეთოდ იმოქმედებდა ბავშვებზე მშობლების რჩევა, ისე ეცხოვრათ, რომ „გამძღარიყვნენ“? თუ შვილები მშობლების რჩევისამებრ მოიქცეოდნენ, უზრუნველ ცხოვრებას მიეცემოდნენ და „გაძღებოდნენ“, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ძვ. წ. 740 წელს, როცა სამარიას ასურელები დაესხნენ თავს? (ოსია 13:16; სოფონია 1:12, 13)
იცხოვრეთ საფუძვლიანი მოლოდინით
17. რაში უნდა მივბაძოთ მიქას?
17 ძველ დროს მცხოვრები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ღმერთი ყველა დანაპირებს თავის დროზე შეასრულებდა. ამაში არც ჩვენ გვეპარება ეჭვი (იესო ნავეს ძე 23:14). წინასწარმეტყველი მიქა ბრძნულად იქცეოდა, რადგან თავისი ხსნის ღმერთს ელოდა. დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ მიქა სამარიის განადგურების წინა პერიოდში ცხოვრობდა. ჩვენ რა დროში ვცხოვრობთ? თუ თვალს გადავავლებთ ჩვენს ცხოვრებას, შევძლებთ იმის თქმას, რომ ბრძნულად მოვიქეცით და სწორი არჩევანი გავაკეთეთ ისეთ საკითხებში, რაც სამუშაოს, ცხოვრების სტილსა და სრული დროით მსახურებას ეხება? ფაქტია, რომ არ ვიცით ის დღე და საათი (მათე 24:36—42). მაგრამ თუ მიქას ვბაძავთ, ბრძნულად ვიქცევით. და როდესაც მიქა დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში სიცოცხლის ჯილდოს მიიღებს, როგორ ესიამოვნება ის, რომ მისმა წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა და მისი ერთგულების მაგალითმა დიდი დახმარება გაგვიწია! ჩვენ იმის ცოცხალი მაგალითი ვიქნებით, რომ იეჰოვა ხსნის ღმერთია.
18, 19. ა) რა უბედურება იწინასწარმეტყველა აბდიამ? ბ) რა იმედი ჩაუსახა აბდიამ ისრაელს?
18 ჩვენს რწმენას მტკიცე საფუძველი აქვს. მაგალითად, დავფიქრდეთ აბდიას წინასწარმეტყველურ წიგნზე. წინასწარმეტყველება ძველ ედომს ეხება. მასში იეჰოვა განაჩენს უცხადებს იმ ხალხს, რომელიც თავის ძმას, ისრაელს, ცუდად ექცეოდა (აბდია 12). ნაწინასწარმეტყველებმა განადგურებამ არ დააყოვნა, როგორც ეს ამ წიგნის მეათე თავში განვიხილეთ. ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებში ბაბილონელებმა ნაბონიდის მეთაურობით დაიპყრეს ედომი და მან, როგორც ერმა, არსებობა შეწყვიტა. აბდიას წინასწარმეტყველებაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აზრი, რაც იეჰოვას დიდი დღის ლოდინში გვეხმარება.
19 როგორც ვიცით, ბაბილონმა, რომელმაც გაანადგურა ედომი, ღვთის განაჩენი მის ორგულ ხალხზეც აღასრულა. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს და იუდეველები ტყვედ წაასხეს. მათი მიწა მთლიანად გაპარტახდა. დამთავრდა ამით ყველაფერი? არა. აბდიას პირით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელები კვლავ დაეუფლებოდნენ თავიანთ მიწას. ეს გამამხნევებელი სიტყვები აბდიას მე-17 მუხლშია ჩაწერილი: „გაქცეულები სიონის მთაზე იქნებიან, რომელიც განიწმინდება. იაკობის სახლი თავის კუთვნილს დაეუფლება“.
20, 21. როგორ გვამხნევებს აბდიას მე-17 მუხლში ჩაწერილი სიტყვები?
20 ისტორიამ ცხადყო, რომ, რაც იეჰოვამ აბდიას პირით განაცხადა, შესრულდა. ღმერთმა იწინასწარმეტყველა და შეასრულა კიდეც თავისი ნათქვამი. ძვ. წ. 537 წელს იუდადან და ისრაელიდან გადასახლებული ათასობით ადამიანი დაუბრუნდა მშობლიურ მიწას. იეჰოვას კურთხევის წყალობით სამშობლოში დაბრუნებულებმა ნაოხარი მიწა აყვავებულ სამოთხედ აქციეს. ეს საოცარი გარდაქმნა ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას 11:6—9-სა და 35:1—7-ში. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ იეჰოვას ტაძრის აღდგენასთან ერთად აღდგა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაც. აბდიას მეჩვიდმეტე მუხლი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვას დაპირებები უეჭველად შესრულდება.
21 აბდიამ თავისი წინასწარმეტყველება მრავალმნიშვნელოვანი სიტყვებით დაასრულა: „იეჰოვასი იქნება მეფობა“ (აბდია 21). ცხადია, არც ჩვენ გვეპარება ეჭვი ამაში და ველოდებით იმ დიდებულ დროს, როცა იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით მთელი სამყაროს, მათ შორის ჩვენი დედამიწის, ერთპიროვნული მმართველი იქნება. მანამდე კი, იმისდა მიუხედავად, რამდენი ხანი ველოდებით იეჰოვას დიდ, კურთხევების მომტან დღეს, ეჭვი ნუ შეგვეპარება, რომ ჩვენი მოლოდინი, რომელიც ღვთის სიტყვას ეფუძნება, რეალობად იქცევა.
22. რატომ უნდა გამოვეხმაუროთ აბაკუმის 2:3-სა და მიქას 4:5-ში ჩაწერილ სიტყვებს?
22 მართლაც დროულია, შევიხსენოთ აბაკუმის გამამხნევებელი სიტყვები, რაც ჩვენს დროს ეხება: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა, შესრულებისკენ იჩქარის და არ გამტყუნდება; რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3). ადამიანს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ იეჰოვას დიდი დღე აყოვნებს, მაგრამ ის უეჭველად დადგება თავის დროზე. ამას იეჰოვა გვპირდება. ამგვარად, დიდი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, თუ ახლახანს შევუერთდით მის თაყვანისმცემელთა რიგებს, მთელი შემართებით უნდა განვაგრძოთ წინსვლა, როგორც ამას მიქას 4:5 მოგვიწოდებს: „ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“.