ნამდვილად უკანასკნელი დღეებია?
შენ ხარ კანოეს ცხვირზე, რომელიც მდინარის უსწორმასწორო მონაკვეთზე გავიდა. ქაფისა და შხეფების კასკადებში უზარმაზარი ლოდები იკვეთება. ცდილობ, რომ გვერდი აუქციო მათ. მოელი, რომ შენს უკან მჯდომი პიროვნება დაგეხმარება კანოეს მართვაში, მაგრამ პატარა გამოცდილება აქვს. უფრო უარესი კი ისაა, რომ არავითარი რუკა არა გაქვს, ასე რომ, არ იცი, ეს ჩქერი წყნარ ყურეში ჩაედინება თუ ჩანჩქერში.
ხომ არასასიამოვნო სურათია? მაშ, მოდი შევცვალოთ იგი. წარმოიდგინე, რომ თან გახლავს გამოცდილი მეგზური — პიროვნება, რომელმაც ამ მდინარის ყველა მოზრდილი ქვა, ყველა მოსახვევი იცის. მან ადრევე იცოდა, რომ ეს ქაფიანი წყალი ახლოვდებოდა, იცის, სად ჩაედინება ის, და იცის, როგორ გადალახოს ეს გზა. არ იქნებოდი ბევრად უფრო დარწმუნებული?
სინამდვილეში, ყველა ჩვენგანი მსგავს არასასიამოვნო მდგომარეობაშია. ჩვენ ვცხოვრობთ კაცობრიობის ისტორიის უსწორმასწორო მონაკვეთში ჩვენგან დამოუკიდებლად. უმეტესობამ არაფერი იცის, როდემდე იქნება ასე, გაუმჯობესდება თუ არა პირობები ან ამასობაში როგორ გავიტანოთ თავი. მაგრამ სულაც არაა საჭირო დაბნეულობასა თუ უმწეობაში ჩავარდნა. ჩვენმა შემოქმედმა უზრუნველგვყო მეგზურით — იმით, რამაც იწინასწარმეტყველა ისტორიის ეს ბნელი პერიოდი, რაც წინასწარმეტყველებს, თუ როგორ დასრულდება იგი და რაც გვთავაზობს გადარჩენისთვის საჭირო ხელმძღვანელობას. ამ მეგზურს წარმოადგენს წიგნი, ბიბლია. მისი ავტორი, იეჰოვა ღმერთი, საკუთარ თავს მოძღვარს უწოდებს და ესაიას მეშვეობით გამამხნევებლად ამბობს: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:20, 21). მიესალმებოდი ასეთ ხელმძღვანელობას? მაშ, მოდი განვიხილოთ, ნამდვილად იწინასწარმეტყველა თუ არა ბიბლიამ, როგორი იქნებოდა ჩვენი დღეები?
იესოს მიმდევრები მრავალმნიშვნელოვან კითხვას სვამენ
იესოს მიმდევრები, ალბათ, გაოცებულები იყვნენ. იესომ, ეს-ეს არის, ხაზგასმით უთხრა მათ, რომ იერუსალიმის შთამბეჭდავი ტაძრის ნაგებობები სრულიად განადგურდებოდა! ასეთი წინასწარმეტყველება გასაოცარი იყო. მალე ამის შემდეგ, როცა ზეთისხილის მთაზე ისხდნენ, ოთხმა მოწაფეთაგანმა ჰკითხა იესოს: „გვითხარი, როდის იქნება ეს და რა იქნება შენი თანდასწრებისა და ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3, აქ; მარკოზი 13:1–4). იმის მიუხედავად, მიხვდებოდნენ ამას თუ ვერა, იესოს პასუხი მრავალგზის შესრულდებოდა.
იერუსალიმის ტაძრისა და იუდეველების სისტემის განადგურება არ იყო იგივე, რაც ქრისტეს თანდასწრებისა და მთელი მსოფლიო სისტემის აღსასრულის დროა. მიუხედავად ამისა, თავის გრძელ პასუხში იესომ ოსტატურად მიმართა ამ კითხვის ყველა მხარეს. მან უთხრა, როგორი სიტუაცია იქნებოდა იერუსალიმის განადგურებამდე; აგრეთვე უთხრა, როგორი ქვეყნიერების მოლოდინი უნდა ჰქონოდათ მისი თანდასწრების დროს, როცა ის ზეცაში იმეფებდა და მზად იქნებოდა, გაენადგურებინა მთელი მსოფლიო სისტემა.
იერუსალიმის აღსასრული
უპირველესად, მხედველობაში მიიღე, რა თქვა იესომ იერუსალიმსა და მის ტაძარზე. მან სამ ათწლეულზე დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ქალაქის საზარელი გასაჭირის დრო. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციე მის სიტყვებს, რომლებიც ლუკას 21:20, 21-შია ჩაწერილი: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება. მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში“. თუ იერუსალიმი ლაშქრით უნდა ყოფილიყო გარშემორტყმული, როგორ შეეძლოთ იმათ, „ვინც იერუსალიმშია“, უბრალოდ, ‘გარეთ გასვლა’, როგორც იესომ მიუთითა? ნათელია, იესო გულისხმობდა, რომ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნებოდა. მოხდა ეს?
ახ. წ. 66 წელს რომაელთა ლაშქარმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით იერუსალიმისკენ დაახევინა აჯანყებულ იუდეველთა ძალებს და ქალაქში მოიმწყვდია ისინი. რომაელებმა თვით ქალაქზეც მიიტანეს იერიში და ტაძრის კედლამდეც კი მივიდნენ. მაგრამ შემდეგ გალუსმა თავის ლაშქარს ნამდვილად გამაოგნებელი რამ უბრძანა. მან უკან დახევა ბრძანა! აღფრთოვანებული იუდეველი ჯარისკაცები უკან დაედევნენ და დააზარალეს გაქცეული რომაელი მტრები. ამგვარად, იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა. ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა შეისმინეს მისი გაფრთხილება და გავიდნენ იერუსალიმიდან. ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რადგან სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ რომაელების ლაშქარი უკან დაბრუნდა გენერალ ტიტუსის მეთაურობით. ამ დროს არავითარი გაქცევა აღარ იყო შესაძლებელი.
რომაელების ლაშქარი კვლავ გარს შემოერტყა იერუსალიმს; მის გარშემო მათ წვეტიანი ბოძების ფორტიფიკაცია აღმართეს. იერუსალიმთან დაკავშირებით იესომ იწინასწარმეტყველა: «დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს [„წვეტიანი ბოძების ფორტიფიკაციას“, აქ], შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან»a (ლუკა 19:43). მალე იერუსალიმი დაიპყრეს; მისი დიდებული ტაძარი გადაბუგულ ნანგრევებად იქცა. იესოს სიტყვები დეტალურად შესრულდა!
მაგრამ იესო იერუსალიმის განადგურებაზე ბევრად უფრო მეტს გულისხმობდა. მოწაფეებმა მას აგრეთვე მისი თანდასწრების ნაშანზე ჰკითხეს. მაშინ მათ არ იცოდნენ, მაგრამ ეს ეხებოდა დროს, როცა ის ზეცაში გამეფდებოდა. რა იწინასწარმეტყველა მან?
ომი უკანასკნელ დღეებში
თუ წაიკითხავ მათეს 24-ე და 25-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებს, აშკარა მტკიცებას დაინახავ, რომ იესო ჩვენს ეპოქაზე ლაპარაკობდა. მან იწინასწარმეტყველა ომების დრო — არა მხოლოდ ‘ომები და ომების ამბები’, რომლებიც ყოველთვის ამახინჯებდა კაცობრიობის ისტორიას, არამედ ომები, რომლებშიც „აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“, — დიახ, დიდი საერთაშორისო ომები (მათე 24:6–8).
ერთი წამით დაფიქრდი, როგორ შეიცვალა ომი ჩვენს საუკუნეში. როცა ომი ნიშნავდა უბრალოდ ორი მოწინააღმდეგე ერის ჯარებს შორის შეჯახებას — ბრძოლის ველზე ხმლების ან თუნდაც თოფების გამოყენებით — საკმაოდ საშინელი იყო. მაგრამ 1914 წელს პირველმა მსოფლიო ომმა იფეთქა. ჯაჭვური რეაქციის მსგავს ამ ომში ერი ერს მიჰყვა კონფლიქტში. გამოგონებულ იქნა ავტომატური იარაღები რაც შეიძლება მეტი ადამიანის უფრო შორი მანძილიდან მოსაკლავად. ტყვიამფრქვევები ტყვიებს დაუნდობელი ეფექტურობით აფრქვევდა; მდოგვის გაზი წვავდა, აწამებდა, ასახიჩრებდა და ხოცავდა ათასობით ჯარისკაცს; ტანკები უმოწყალოდ გრუხუნებდა მტრის ხაზებზე დიდი ლულების ქუხილით. აეროპლანი და წყალქვეშა ნავიც ჩაებნენ მოქმედებაში — მხოლოდ იმის მომასწავებლებად, რაც უნდა გამხდარიყვნენ.
მეორე მსოფლიო ომმა წარმოუდგენელი რამ გააკეთა — მრავალი მილიონი ადამიანის დახოცვით, სინამდვილეში, თავისი წინამორბედი დაჩრდილა. უზარმაზარი ავიამზიდები, ნამდვილი მცურავი ქალაქები, სერავდნენ ზღვებს და უშვებდნენ სამხედრო თვითმფრინავებს, რათა ციდან სიკვდილით დაესეტყვათ მოწინააღმდეგეთა სამიზნეები. წყალქვეშა ნავები აფეთქებდნენ და ძირავდნენ მტრის ხომალდებს. ჩამოყრილ იქნა ატომური ბომბები, რომლებმც თითოეული გამანადგურებელი დაცემისას ათასობით ადამიანის სიცოცხლე წაიღეს! ზუსტად ისე, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ნამდვილად იყო „საშინელებანი“ ამ ომიანი საუკუნის აღსანიშნავად (ლუკა 21:11).
შემცირდა ომის შემთხვევები მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული? საეჭვოა. ზოგჯერ ნამდვილად მრავალი ომი მძვინვარებს წლის განმავლობაში — ამ 90-იან წლებშიც კი — და მილიონობით ადამიანს სასიკვდილო ხარკს ახდევინებს. თან ომის ძირითად მსხვერპლში ცვლილებაა. დაღუპულებში მეტად აღარ არიან უმთავრესად ჯარისკაცები. დღეს ომის უმეტესი მსხვერპლი — ფაქტობრივად, 90 პროცენტზე მეტი — მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
ნიშნის სხვა მხარეები
ომი იესოს მიერ მოხსენიებული ნიშნის მხოლოდ ერთი მხარეა. მან აგრეთვე გააფრთხილა, რომ იქნებოდა „შიმშილი“ (მათე 24:7). ეს ასეც არის, თუმცა პარადოქსულად დედამიწა იმაზე მეტ საკვებს იძლევა, ვიდრე მთელი კაცობრიობის გამოსაკვებადაა საჭირო; თუმცა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერება უფრო პროგრესულია, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში; თუმცა ხელმისაწვდომია სწრაფი ეფექტური ტრანსპორტირება საკვების გადასაზიდად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ყოველივე ამის მიუხედავად, ყოველდღე მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეხუთედი ნაწილი შიმშილობს.
იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ იქნებოდა «ადგილ-ადგილ მოსრვა [„ეპიდემიები“, აქ]» (ლუკა 21:11). ერთი მხრივ, ჩვენმა ეპოქამ უცნაური პარადოქსი ნახა — უკეთესი სამედიცინო დახმარება, ვიდრე ოდესმე ყოფილა, ტექნიკური მიღწევები, ვაქცინები მრავალი გავრცელებული დაავადების ასარიდებლად; მაგრამ უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია გადამდებმა დაავადებებმაც. პირველ მსოფლიო ომს კვალდაკვალ მოჰყვა ესპანური გრიპი და ომზე მეტი სიცოცხლე შეიწირა. ეს დაავადება იმდენად გადამდები იყო, რომ ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, შეიძლებოდა, ხალხი უბრალოდ ცხვირის დაცემინებისთვის დაეჯარიმებინათ ან დაეპატიმრებინათ! დღეს კიბო და გულის დაავადება ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლეს იწირავს — ისინი ნამდვილად ეპიდემიებია. შიდს-ი კი კვლავ არ ინდობს სიცოცხლეს, ისე რომ, სამედიცინო მეცნიერება ვერ აკავებს მას.
მაშინ, როცა იესო უკანასკნელ დღეებს განიხილავდა უმთავრესად ფართო ისტორიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, პავლე მოციქულმა ყურადღების ცენტრში მოაქცია უფრო საზოგადოებრივი პრობლემები და გავრცელებული განწყობილება. ერთ მონაკვეთში ის წერდა: „ეს. . . იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში საზარელი ჟამი დადგება, ვინაიდან ადამიანები იქნებიან თავმოყვარენი. . . უწმიდურნი, მოძულენი, შეურიგებელნი. . . შეუკავებელნი. . . სასტიკნი, კეთილის მოძულენი, გამცემნი, თავხედნი, გაბღენძილნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1–5).
გეცნობა ეს სიტყვები? განიხილე დღევანდელ მსოფლიოში სოციალური დაცემის მხოლოდ ერთი მხარე — ოჯახის დაშლა. აურაცხელი დანგრეული ოჯახები, ნაცემი მეუღლეები, ბავშვები და მოხუცი მშობლები, რომლებსაც ცუდად ეპყრობიან, — როგორ გვიჩვენებს ეს, რომ ადამიანები არიან „მოძულენი“, „სასტიკნი“ და აგრეთვე „გამცემნი“, „კეთილის მოძულენი“! დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ასეთი დამახასიათებელი თვისებები ეპიდემიური ხასიათისაა.
ჩვენი თაობა იყო ნაწინასწარმეტყველები?
მაგრამ შეიძლება გაიკვირვო: „განა ეს პირობები ყოველთვის არ აწუხებდა კაცობრიობას? საიდან ვიცით, რომ ამ ძველ წინასწარმეტყველებებში ჩვენი თაობა იყო ნაწინასწარმეტყველები?“ მოდი განვიხილოთ იმის დამამტკიცებელი საბუთის სამი შტრიხი, რომ იესო ჩვენს დროზე ლაპარაკობდა.
პირველი: მიუხედავად იმისა, რომ იესოს სიტყვები ნაწილობრივ ადრე იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებით შესრულდა, ისინი, უეჭველია, იმ დროის გარდა მომავალზეც მიუთითებდა. იერუსალიმის გამანადგურებელი კატაკლიზმიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ იესომ ასაკოვან მოციქულ იოანეს ხილვაში უჩვენა, რომ ნაწინასწარმეტყველები პირობები — ომი, შიმშილობა, ეპიდემია და შედეგად მიღებული სიკვდილი — მთელ მსოფლიოში მომავალში უნდა გამოჩენილიყო. დიახ, ეს უბედურებები შეეხებოდა არა რომელიმე ერთ ადგილს, არამედ მთელ ‘დედამიწას’ (გამოცხადება 6:2–8).
მეორე: იესოს ნიშნის ზოგი მხარე ჩვენს საუკუნეში, შეიძლება ითქვას, ფართო მასშტაბით სრულდება. მაგალითად, არის რამე შესაძლებლობა, რომ ომები ბევრად უფრო გაუარესდეს, ვიდრე ისინი 1914 წლიდანაა? მესამე მსოფლიო ომი რომ ყოფილიყო ბირთვული იარაღის მქონე დღეს არსებული ყველა სახელმწიფოს მონაწილეობითა და მათ მიერ საკუთარი იარაღების ამოქმედებით, შედეგად, დედამიწა, ალბათ, გადახრუკულ უდაბნოს დაემსგავსებოდა — კაცობრიობა კი სამუდამოდ გადაშენდებოდა. მსგავსად ამისა, გამოცხადების 11:18-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ჩვენს დღეებში, როცა ერები ‘გამძვინვარებულები’ არიან, კაცობრიობა ‘მოსპობდა დედამიწას’. პირველად ისტორიაში გარემოს გაბინძურება და დეგრადაცია ამ პლანეტის სასიცოცხლოდ ვარგისიანობასაც კი ემუქრება! ამგვარად, ეს მხარეც სრულდება ან ახლოსაა ფართო მასშტაბით შესრულებასთან. შეიძლება, რომ, უბრალოდ, გაგრძელებულიყო ომებისა და გაბინძურების გაუარესება მანამ, სანამ ადამიანი არ მოსპობს საკუთარ თავსა და ამ პლანეტას? არა; ვინაიდან ბიბლია თვითონ ამბობს მტკიცედ, რომ დედამიწა უკუნისამდე დარჩება მასზე მცხოვრებ მართალი გულის ადამიანებთან ერთად (ფსალმუნი 36:29; მათე 5:5).
მესამე: უკანასკნელი დღეების ნიშანი განსაკუთრებით დამაჯერებელია, როცა მას მთლიანად განიხილავ. საერთო ჯამში, როცა მხედველობაში ვიღებთ მხარეებს, რომლებიც იესომ მოიხსენია სამ სახარებაში, აგრეთვე რომლებიც მოცემულია პავლეს წერილებში და გამოცხადებაში, ამ ნიშანს მრავალი მხარე აქვს. ვინმეს შეიძლება ეკამათა ცალკეულად თითოეულ მათგანზე და ემტკიცებინა, რომ ეს პრობლემები სხვა საუკუნეებმაც ნახა, მაგრამ, როცა მათ ერთად განვიხილავთ, ისინი აშკარად მიუთითებს მხოლოდ ერთ ეპოქაზე — უშუალოდ, ჩვენსაზე.
მაგრამ რას ნიშნავს ყოველივე ეს? იმას, რომ ბიბლია, უბრალოდ, ჩვენს საუკუნეს აღწერს როგორც სასოწარკვეთილ, უიმედო დროს? რასაკვირველია, არა!
კეთილი ცნობა
უკანასკნელი დღეების ნიშნის ერთ-ერთი მეტად საყურადღებო მხარე ჩაწერილია მათეს 24:14-ში: «ექადაგება ეს სახარება [„კეთილი ცნობა“, აქ] სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული». ამ საუკუნეში იეჰოვას მოწმეები ასრულებენ კაცობრიობის ისტორიაში უნიკალურ სამუშაოს. ისინი აღიარებენ ბიბლიის ცნობას იეჰოვა ღმერთის სამეფოზე — რას წარმოადგენს ეს სამეფო, როგორ მართავს ის და რას შეასრულებს — და ამ ცნობას მთელ დედამიწაზე ავრცელებენ. ისინი აქვეყნებენ ლიტერატურას ამ საკითხზე 300-ზე მეტ ენაზე და ხალხთან მიაქვთ მათ სახლებსა ან ქუჩებში ან მათ სამუშაო ადგილებზე, ფაქტობრივად, დედამიწის ყველა კუთხეში.
ასე მოქმედებით ისინი ამ წინასწარმეტყველებას ასრულებენ. მაგრამ ისინი იმედსაც ავრცელებენ. შენიშნე, რომ იესომ ამას „კეთილი ცნობა“ უწოდა და არა ცუდი ცნობა. როგორ შეიძლება, რომ ეს ყოფილიყო ამ ბნელ დროში? ვინაიდან ბიბლიის მთავარი ცნობა არ არის იმაზე, თუ რა ბოროტება იქნებოდა ამ ძველი წუთისოფლის დასასრულს. მისი მთავარი ცნობა ეხება ღვთის სამეფოს და ეს სამეფო თითოეულ მშვიდობის მოყვარულ ადამიანს ჰპირდება რაღაც ძვირფასს — ხსნას.
მაგრამ რა ხსნაა ეს და როგორ შეგიძლია მისი პოვნა? ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, განიხილო შემდეგი სტატიები.
[სქოლიოები]
a გამარჯვება აქ აშკარად ტიტუსის ხელთ იყო. მიუხედავად ამისა, ორ საყურადღებო შემთხვევაში მან ბოლომდე არ მიიყვანა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მან შესთავაზა მშვიდობიანი დანებება, მაგრამ ქალაქის ლიდერებმა ჯიუტად, გაუგებრად იუარეს. და, როცა ქალაქის გალავნები გაარღვიეს, მან ბრძანა, რომ ტაძარი არ დაეზიანებინათ. მიუხედავად ამისა, ის მთლიანად იქნა გადაბუგული! იესოს წინასწარმეტყველებაში ნათლად იყო ნაჩვენები, რომ იერუსალიმი აოხრდებოდა და რომ ტაძარი მთლიანად განადგურდებოდა (მარკოზი 13:1, 2).
[ჩანართი 5 გვერდზე]
ხალხი პასუხს ეძებს ისეთ მტკივნეულ კითხვებზე, როგორიცაა: რატომაა ყველაფერი ასე ცუდად? საით მიექანება კაცობრიობა?
[ჩანართი 6 გვერდზე]
დღეს ომის მსხვერპლიდან 90 პროცენტზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს წინასწარმეტყველება იერუსალიმის განადგურებასთან დაკავშირებით დეტალურად შესრულდა.