თავი მეცხრე
დიდებული მასწავლებელი უფრო ახლოს გვაცნობს შემოქმედს
პირველ საუკუნეში პალესტინაში მცხოვრები ხალხი „მოლოდინში იყო“. რის მოლოდინში? ისინი ელოდებოდნენ „ქრისტეს“, ანუ „მესიას“, რომელსაც ღვთის წინასწარმეტყველები საუკუნეებით ადრე მოიხსენიებდნენ. ხალხს სწამდა, რომ ბიბლია ღვთის ხელმძღვანელობით იწერებოდა და მასში მოცემული იყო მომავლის წინასწარმეტყველებები. ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც დანიელის წიგნშია ჩაწერილი, მესია პირველი საუკუნის დასაწყისში უნდა მოსულიყო (ლუკა 3:15; დანიელი 9:24–26).
მაგრამ ხალხს სიფრთხილე მართებდა, რადგან თვითმარქვია მესიებიც მოვიდოდნენ (მათე 24:5). ებრაელი ისტორიკოსი იოსები მოიხსენიებს ზოგ მათგანს: თევდას, რომელმაც თავისი მიმდევრები მდინარე იორდანესთან მიიყვანა და გამოაცხადა, რომ მისი წყლები გაიპობოდა; ერთ ეგვიპტელ კაცს, რომელმაც ხალხი ზეთისხილის მთაზე აიყვანა და ირწმუნებოდა, რომ მისი ბრძანებით იერუსალიმის კედელი დაინგრეოდა; და მმართველი ფესტოსის დროინდელ თვითმარქვიას, რომელიც ხალხს სიძნელეებისგან გათავისუფლებას ჰპირდებოდა (შეადარეთ საქმეები 5:36; 21:38).
ამ მოტყუებული მიმდევრების საპირისპიროდ, ადამიანებმა, რომლებსაც მოგვიანებით ‘ქრისტიანები’ ეწოდათ იესო ნაზარეველი დიდებულ მასწავლებლად და ჭეშმარიტ მესიად აღიარეს (საქმეები 11:26; მარკოზი 10:47). იესო თვითმარქვია მესია არ იყო; მას საფუძვლიანი მტკიცებები ჰქონდა, რაც კარგადაა დადასტურებული სახარებებად წოდებულ ოთხ ისტორიულ წიგნშიa. მაგალითად, იუდეველებმა იცოდნენ, რომ მესია დაიბადებოდა ბეთლემში, იქნებოდა დავითის საგვარეულო ხაზიდან და მოახდენდა სასწაულებს. ყოველივე ეს იესოზე შესრულდა, რასაც მისი მოწინააღმდეგეებიც ადასტურებდნენ. დიახ, იესო ყოველმხრივ შეესაბამებოდა ბიბლიური მესიის მოთხოვნებს (მათე 2:3–6; 22:41–45; იოანე 7:31, 42).
მრავალი ადამიანი, ვინც კი იესოს ხვდებოდა, აკვირდებოდა მის შესანიშნავ საქმეებს, ისმენდა მის ბრძნულ, განუმეორებელ სიტყვებს, და ხედავდა მისი წინასწარმეტყველების უნარს, რწმუნდებოდა, რომ ის მესია იყო. მისი მსახურების განმავლობაში (ახ. წ. 29—33 წწ.) მრავლდებოდა ამის დამამტკიცებელი ფაქტები. სინამდვილეში, მან ისიც დაამტკიცა, რომ მხოლოდ მესია არ იყო. ფაქტებს გაცნობილმა მოწაფემ დაასკვნა, რომ „იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა“b (იოანე 20:31).
იესოს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. ამიტომ მას შეეძლო უფრო ნათლად დაენახვებინა ხალხისთვის შემოქმედი (ლუკა 10:22; იოანე 1:18). მან დაადასტურა, რომ მამასთან ეს სიახლოვე ზეცაში დაიწყო, სადაც ღმერთთან ერთად ქმნიდა ყოველ ცოცხალსა და არაცოცხალს (იოანე 3:13; 6:38; 8:23, 42; 13:3; კოლასელთა 1:15, 16).
ბიბლია გვატყობინებს, რომ ძის სიცოცხლე გადატანილ იქნა სულიერი სფეროდან და „შესახედაობით კაცს დაემსგავსა“ (ფილიპელთა 2:5–8). ასეთი მოვლენა უჩვეულოა, მაგრამ შესაძლებელია? მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბუნებრივი ელემენტი, მაგალითად ურანი, შეიძლება სხვა რამედ იქცეს; მათ მასის ენერგიად გარდაქმნის შედეგების გამოთვლაც კი შეუძლიათ (E=mc2). მაშ, რატომ უნდა შეგვეპაროს ეჭვი ბიბლიის ნათქვამში, რომ სულიერი ქმნილება ადამიანად გადაიქცა?
განვიხილოთ სხვა მაგალითი: ზოგი ექიმი ახორციელებს ხელოვნურ განაყოფიერებას. სიცოცხლე, რომელიც სინჯარაში იწყება, ქალის ორგანიზმში გადააქვთ და მოგვიანებით ბავშვი ჩნდება. იესოს შემთხვევაში ბიბლია გვარწმუნებს, რომ ‘უზენაესის ძალით’ მისი სიცოცხლე გადატანილ იქნა ქალწულ მარიამში. მარიამი დავითის საგვარეულო ხაზიდან იყო, ამიტომ იესოს შეეძლო ყოფილიყო დავითისთვის აღთქმული მესიანური სამეფოს მუდმივი მემკვიდრე (ლუკა 1:26–38; 3:23–38; მათე 1:23).
შემოქმედთან ახლო ურთიერთობისა და მასთან მსგავსების საფუძველზე იესომ თქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9). აგრეთვე: „არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა. . . და იმისა, ვისაც ძემ უნდა განუცხადოს“ (ლუკა 10:22). მაშასადამე, როცა ვიგებთ, რას ასწავლიდა და რას აკეთებდა იესო დედამიწაზე, უფრო ახლოს ვეცნობით შემოქმედს. მოდით ეს იმ ადამიანების მაგალითებზე განვიხილოთ, რომლებსაც იესოსთან ჰქონდათ ურთიერთობა.
სამარიელი ქალი
„იგი ხომ არაა ქრისტე?“ — დაინტერესდა სამარიელი ქალი იესოსთან საუბრის შემდეგ (იოანე 4:29). მან ახლომდებარე ქალაქ სიქარის მცხოვრებლებიც კი აღძრა იესოსთან შესახვედრად. რამ დაარწმუნა ის, რომ იესო მესია იყო?
იესო ისვენებდა მთელი დღის განმავლობაში სამარიის მთიანი ტერიტორიის მტვრიან გზებზე სიარულის შემდეგ. სწორედ ამ დროს შეხვდა მას სამარიელი ქალი. დაღლილობის მიუხედავად, იესო გამოელაპარაკა ქალს. როცა მას სულიერისადმი ძლიერი ინტერესი შეამჩნია, იესომ გაუზიარა ღრმა ჭეშმარიტებები ‘მამისთვის სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემის’ აუცილებლობის შესახებ. შემდეგ ისიც კი გაუმხილა, რომ ნამდვილად ქრისტე იყო — რაც მანამდე არავისთვის გაუმხელია (იოანე 4:3–26).
სამარიელი ქალი მიხვდა, რომ იესოსთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი წინანდელი რელიგიური მსახურება მიმართული იყო გერიზიმის მთაზე თაყვანისმცემლობისკენ, რაც ბიბლიის მხოლოდ პირველ ხუთ წიგნს ეფუძნებოდა. იუდეველები ერიდებოდნენ სამარიელებს, რომელთაგანაც მრავალი, ისრაელის ათი ტომისა და სხვა ხალხების შერეული ოჯახების შთამომავლები იყვნენ. იესო სრულიად საპირისპიროდ იქცეოდა! მიუხედავად იმისა, რომ „ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან“ იყო გამოგზავნილი, ის მზად იყო, ესწავლებინა ამ სამარიელისთვის (მათე 15:24). ამ შემთხვევისას იესომ აირეკლა იეჰოვას მზადყოფნა — მიეღო გულწრფელი ადამიანები ყველა ერიდან (მესამე მეფეთა 8:41–43). დიახ, იეჰოვასა და იესოსთვის უცხოა ბრმა რელიგიური მტრობა, რითაც გაჟღენთილია დღევანდელი მსოფლიო. ამის ცოდნამ უნდა მიგვიზიდოს შემოქმედისა და მისი ძისკენ.
იესოსა და სამარიელი ქალის შემთხვევიდან სხვა რამის სწავლაც შეგვიძლია. იმ დროს ის ცხოვრობდა კაცთან, რომელიც მისი ქმარი არ იყო (იოანე 4:16–19). მაგრამ ამან იესოს ხელი არ შეუშალა მასთან საუბარში. უეჭველად, სამარიელი ქალი ძალიან მადლობელი იყო ასე პატივისცემით მოპყრობისთვის. ის კი გამონაკლისი არ ყოფილა. როცა ზოგი იუდეველი წინამძღოლი (ფარისეველი) იესოს აკრიტიკებდა მომნანიებელ ცოდვილებთან სადილობის გამო, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი’“ (მათე 9:10–13). იესომ დახმარების ხელი გაუწოდა ხალხს, რომელსაც ამძიმებდა საკუთარი ცოდვების — ღვთის კანონებისა და ნორმების დარღვევის — ტვირთი. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ღმერთი და მისი ძე ეხმარებიან მათ, რომლებსაც პრობლემები აქვთ თავიანთი წარსულის გამო! (მათე 11:28–30)c.
მოდით იმასაც მივაქციოთ ყურადღება, რომ იესო სამარიელ ქალს გულთბილად და ინტერესით ესაუბრა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმ დროს იუდეველ მამაკაცებს ასწავლიდნენ, რომ ხალხში არ დალაპარაკებოდნენ ქალებს, ცოლებსაც კი. იუდეველ რაბინებს მიაჩნდათ, რომ ქალებს არ შეეძლოთ ღრმა სულიერი სწავლების ათვისება, და მათ „ჭკუათხელობას“ აწერდნენ. ზოგი ამბობდა: „უკეთესია, რჯულის სიტყვები დაიწვას, ვიდრე ქალს გადაეცეს“. იესოს მოწაფეები ასეთ ატმოსფეროში აღიზარდნენ; ამიტომ, როცა დაბრუნდნენ, „გაუკვირდათ, რომ იგი დედაკაცთან საუბრობდა“ (იოანე 4:27). ეს შემთხვევა — როგორც მრავალი სხვა — ცხადყოფს, რომ იესო მამამისის ანარეკლი იყო, რომელმაც შექმნა მამაკაცი და ქალი და რომელიც ორივეს პატივისცემის ღირსად თვლიდა (დაბადება 2:18).
იმ საუბრის შემდეგ სამარიელმა ქალმა დაარწმუნა ხალხი თავის ქალაქში, მოესმინათ იესოსთვის. მრავალმა გამოიძია ფაქტები და ირწმუნა; ისინი ამბობდნენ: „ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის წუთისოფლის მხსნელი“ (იოანე 4:39–42). რადგან ჩვენც შევდივართ ამ ‘წუთისოფელში’, იესო ჩვენი მომავლისთვისაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მეთევზის თვალსაზრისი
ახლა მოდით იესოს მისი ორი ახლო მეგობრის, პეტრესა და იოანეს თვალით შევხედოთ. ეს უბრალო მეთევზეები მისი პირველი მიმდევრები იყვნენ (მათე 4:13–22; იოანე 1:35–42). ფარისევლები მათ ‘უწიგნურ და უმეცარ ადამიანებად’ თვლიდნენ, „მიწის ხალხის“ წარმომადგენლებად (ამჰაარეც), რომლებსაც ისინი ზემოდან დაჰყურებდნენ, რადგან რაბინებივით არ იყვნენ განსწავლულები (საქმეები 4:13; იოანე 7:49). მრავალ ასეთ ადამიანს, რომელიც ‘მაშვრალი და ტვირთმძიმე’ იყო რელიგიური ტრადიციების დამცველთა უღელქვეშ, სულიერი განათლება სწყუროდა. სორბონის პროფესორმა შარლ გინიებერმა თქვა, რომ „მათი გულები მთლიანად იაჰვეს [იეჰოვას] ეკუთვნოდა“. იესომ არ აქცია ზურგი იმ თავმდაბალ ხალხს და მათზე წინ არ დააყენა მდიდარი და გავლენიანი პირები. პირიქით, მან თავისი სწავლებებითა და ადამიანებისადმი მოპყრობით მათ მამა გააცნო (მათე 11:25–28).
პეტრემ საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ როგორ ზრუნავდა იესო ადამიანებზე. მალე, მას შემდეგ, რაც ის იესოს მსახურებაში შეუერთდა, სიდედრი ავად გაუხდა — ციებ-ცხელება შეეყარა. იესო მივიდა პეტრეს სახლში, ქალს ხელი მოჰკიდა და ისიც მაშინვე განიკურნა. ზუსტად როგორ მოხდა ეს განკურნება ჩვენ არ ვიცით. ექიმებიც ყოველთვის ვერ ხსნიან, თუ როგორ ინკურნება ზოგიერთი დაავადება, მაგრამ ფაქტია, რომ ქალს ციებ-ცხელებამ გაუარა. განკურნების მეთოდზე უფრო მნიშვნელოვანი იმის გაგებაა, რომ ავადმყოფებისა და დატანჯულების განკურნებით იესო სიბრალულს ავლენდა მათ მიმართ. მას ნამდვილად სურდა, დახმარებოდა ხალხს, რაც მამამისის სურვილიც იყო (მარკოზი 1:29–31, 40–43; 6:34). ამ შემთხვევიდან პეტრემ დაინახა, რომ შემოქმედი აფასებს თითოეულ პიროვნებას და ზრუნავს მათზე (1 პეტრე 5:7).
მოგვიანებით იესო იერუსალიმის ტაძრის ქალთა ეზოში იმყოფებოდა. ის ხედავდა, თუ როგორ ყრიდა ხალხი შესაწირავს საგანძურში. მდიდრები ბევრს ყრიდნენ. იესოს ყურადღება მიიპყრო ერთმა ღარიბმა ქვრივმა, რომელმაც უმნიშვნელო ღირებულების ორი მონეტა ჩააგდო. იესომ პეტრეს, იოანესა და სხვებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო. ვინაიდან ყველამ თავისი სიუხვისაგან ჩადო, ამან კი თავისი სიმწირისაგან ჩადო, ყველაფერი რაც კი რამ გააჩნდა“ (მარკოზი 12:41–44).
ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ იესო კარგ თვისებებს ეძებდა ადამიანებში და აფასებდა მათ მცდელობას. როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია ამან პეტრესა და სხვა მოციქულებზე? იესოს მაგალითიდან პეტრემ დაინახა იეჰოვას თვისებები და მოგვიანებით ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები გაიმეორა: „ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ, ყურები კი — მათი ვედრების მიმართ“ (1 პეტრე 3:12; ფსალმუნი 33:16, 17). ნუთუ არ გიზიდავთ შემოქმედი და მისი ძე, რომლებიც ცდილობენ, კარგი იპოვონ თქვენში და შეისმინონ თქვენი თხოვნა?
იესოსთან დაახლოებით ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ პეტრე დარწმუნდა, რომ იესო მესია იყო. ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს ჰკითხა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“ მან სხვადასხვა პასუხი მიიღო. შემდეგ ჰკითხა: „თქვენ რაღას იტყვით: ვინ ვარ მე?“ პეტრემ დაჯერებულად უპასუხა: „შენ ქრისტე ხარ“. შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ იესოს შემდეგი სიტყვები; მან „გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ“ ამის შესახებ (მარკოზი 8:27-30; 9:30; მათე 12:16). რატომ? იესო ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო და არ უნდოდა, რომ ხალხს დასკვნები მხოლოდ ყურმოკრულის საფუძველზე გამოეტანა. გონივრულია, არა? (იოანე 10:24–26). არსი იმაში მდგომარეობს, რომ შემოქმედს მსგავსად სურს, მის შესახებ ცოდნა მყარი ფაქტების გამოკვლევით მივიღოთ. მას სურს, რომ ჩვენი რწმენა ფაქტებზე იყოს დაფუძნებული (საქმეები 17:27).
როგორც იცით, იესოს ზოგმა თანამემამულემ, იმ საკმაო ფაქტების მიუხედავად, რომ მას შემოქმედის მხარდაჭერა ჰქონდა, არ მიიღო ის. მრავალს, ვისაც საკუთარი მდგომარეობა და პოლიტიკური მიზნები აწუხებდა, არ მოსწონდა ეს გულწრფელი და თავმდაბალი მესია. თავისი მსახურების დასასრულის მოახლოებისას იესომ თქვა: „იერუსალიმო, დამხოცველო წინასწარმეტყველთა და ჩამქოლავო შენთან მოვლინებულთა! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება. . . მაგრამ არ ინდომეთ. აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:37, 38). ამ ცვლილებით, რომელიც ისრაელი ერის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოხდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღვთის განზრახვის შესრულებისკენ — ეკურთხა ყველა ხალხი.
მალე პეტრემ და სამმა სხვა მოციქულმა მოისმინეს იესოს დეტალური წინასწარმეტყველება ‘წუთისოფლის აღსასრულზე’d. იესოს წინასწარმეტყველება პირველად შესრულდა ახ. წ. 66–70 წლებში, როცა რომაელებმა იერუსალიმს შეუტიეს და გაანადგურეს. ისტორია მოწმობს, რომ იესოს წინასწარმეტყველება სინამდვილეში შესრულდა. პეტრე იესოს მრავალი წინასწარმეტყველების შესრულების თვითმხილველი იყო, რაც აირეკლება მის მიერ დაწერილ ორ წიგნში — „1-ლ პეტრესა“ და „მე-2 პეტრეში“ (1 პეტრე 1:13; 4:7; 5:7, 8; 2 პეტრე 3:1–3, 11, 12).
მსახურების განმავლობაში იესო მომთმენი და კეთილი იყო გარშემო მყოფი იუდეველების მიმართ. მაგრამ ის თვალს არ ხუჭავდა ბოროტებაზე. ეს დაეხმარა პეტრეს — და ჩვენც უნდა დაგვეხმაროს — შემოქმედის უკეთ შეცნობაში. პეტრე იესოს სხვა წინასწარმეტყველების შესრულებასაც ხედავდა და ამიტომაც წერდა, რომ ქრისტიანებს უნდა ‘ხსომებოდათ იეჰოვას დღის მოახლოება’. მან აგრეთვე თქვა: „არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“. შემდეგ ის მანუგეშებელ სიტყვებს ამბობდა ‘ახალი ცისა და ახალი მიწის შესახებ, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე’ (2 პეტრე 3:3–13). ვაფასებთ პეტრეს მსგავსად, ღვთის თვისებებს, რომლებიც იესოში აირეკლა, და გვწამს ის, რასაც მომავალთან დაკავშირებით აღგვითქვამს?
რატომ მოკვდა იესო?
იესოსა და მის მოციქულებს ერთად ყოფნის ბოლო ღამეს განსაკუთრებული ვახშამი ჰქონდათ. როგორც წესი, ვახშმის წინ იუდეველი მასპინძელი სტუმართმოყვარეობას ავლენდა და ფეხებს ბანდა სტუმარს, რომელმაც შეიძლება მტვრიანი გზა გამოიარა სანდლებით. მაგრამ იესოსთვის ეს არავის შეუთავაზებია. მან კი თავმდაბლობა გამოამჟღავნა, ადგა, აიღო ტილო და საბანელი და მოციქულებს ფეხების დაბანა დაუწყო. როცა პეტრეს ჯერი დადგა, მან იუხერხულა იესოსგან ასეთი მომსახურება და უთხრა: „უკუნისამდე არ დამბან ფეხს“. „თუ არ დაგბან, — უპასუხა იესომ, — ჩემთან არ გექნება წილი“. იესომ იცოდა, რომ მალე უნდა მომკვდარიყო, ამიტომ დასძინა: „თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ“ (იოანე 13:5–17).
ათწლეულების შემდეგ პეტრე მოუწოდებდა ქრისტიანებს, მიებაძათ იესოსთვის არა ფეხის დაბანაში, არამედ ერთმანეთის თავმდაბლურად მომსახურებაში, ისე რომ, არავისზე ‘ეუფლათ’. პეტრემ იესოს მაგალითში იმის მტკიცებაც დაინახა, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“. რა დიდებული გაკვეთილია შემოქმედის შესახებ! (1 პეტრე 5:1–5). მაგრამ პეტრემ უფრო მეტი ისწავლა.
ბოლო ვახშმის შემდეგ იუდა ისკარიოტელმა, რომელიც მოციქული იყო, მაგრამ ქურდი გახდა, იესოს შესაპყრობად შეიარაღებული ბრბო მოიყვანა. პეტრე შეეწინააღმდეგა იესოს შეპყრობას. მან მახვილი იშიშვლა და ბრბოდან ერთი კაცი დაჭრა. იესომ შენიშვნა მისცა პეტრეს: „თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება“. შემდეგ პეტრეს თვალწინ იესომ განკურნა ეს კაცი (მათე 26:47–52; ლუკა 22:49–51). ცხადია, რომ იესო იმის თანახმად ცხოვრობდა, რასაც ასწავლიდა, „გიყვარდეთ თქვენი მტრები“, რითაც მამამისს ბაძავდა, რომელსაც „თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს“ (მათე 5:44, 45).
იმ დაძაბულ ღამეს იესო გადასცეს იუდეველთა უმაღლეს სასამართლოს, სადაც მისი საქმე ნაჩქარევად მოისმინეს. მას ღვთისგმობის ცრუ ბრალდება წაუყენეს, წაიყვანეს რომის მმართველთან და შემდეგ უსამართლოდ გადასცეს დასასჯელად. იუდეველები და რომაელები მასხარად იგდებდნენ მას. ის სასტიკად აწამეს და ბოლოს ძელზე გააკრეს. ამ საშინელი მოპყრობით შესრულდა საუკუნეებით ადრე დაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება. ჯარისკაცებმაც კი, რომლებიც წამების ძელზე გაკრულ იესოს დარაჯობდნენ, აღიარეს: „ეს ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო“ (მათე 26:57—27:54; იოანე 18:12—19:37).
ალბათ, ამ მოვლენებმა აღძრა პეტრე და სხვები, დაესვათ კითხვა: „რატომ უნდა მომკვდარიყო ქრისტე?“. ეს მათ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს. ერთი მხრივ, ამ მოვლენებით შესრულდა ესაიას 53-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ ქრისტე თავისუფლებას მოუტანდა არა მარტო იუდეველებს, არამედ მთელ კაცობრიობას. პეტრე წერდა: „ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვათაგან განშორებულებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ. მისი ჭრილობით თქვენ განიკურნეთ“ (1 პეტრე 2:21–25). პეტრე ჩაწვდა იესოს მიერ წარმოთქმული ჭეშმარიტების არსს: „კაცის ძე არ მოსულა იმისათვის, რომ ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად მოემსახუროს და თავი შესწიროს მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28). დიახ, იესოს თავისი სრულყოფილი სიცოცხლე უნდა დაეთმო, რომ გამოესყიდა კაცობრიობა ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვილი მდგომარეობიდან. გამოსყიდვა ბიბლიის ძირითადი სწავლებაა.
რა იგულისხმება გამოსყიდვაში? ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ: დავუშვათ, გაქვთ კომპიუტერი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ელექტრონული ფაილი დააზიანა ვირუსმა, რომელიც ვიღაცამ ჩადო, ერთი შეხედვით, კარგ პროგრამაში. ეს თვალსაჩინოდ აჩვენებს იმ შედეგს, რაც ადამის მოქმედებას მოჰყვა, როცა განგებ არ დაემორჩილა ღმერთს, ანუ შესცოდა. მაგრამ განვაგრძოთ ჩვენი მაგალითი. დაზიანებული ელექტრონული ფაილის ასლი ყოველთვის დაზიანებული იქნება. მაგრამ სიტუაცია უიმედო არ არის. სპეციალური პროგრამის დახმარებით შესაძლებელია მავნე ვირუსის აღმოჩენა და ფაილისა და კომპიუტერის გაწმენდა. მსგავსად ამისა, კაცობრიობამ ადამისა და ევასგან მიიღო „ვირუსი“, ცოდვა და ჩვენ გვესაჭიროება გარეშე დახმარება, რომ მოვიშოროთ ის (რომაელთა 5:12). ბიბლიის თანახმად, ღმერთმა ასეთი „გაწმენდა“ იესოს სიკვდილის საშუალებით უზრუნველყო. ამ სიყვარულით აღსავსე დახმარებას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ჩვენთვის (1 კორინთელთა 15:22).
იმის მიმართ მადლიერებამ, რაც იესომ გააკეთა, პეტრე აღძრა, ‘ხორცში დარჩენილი დრო განევლო არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით’. პეტრესთვის ეს ნიშნავდა, მორიდებოდა გარყვნილ ჩვევებსა და უზნეობას, და ეს იმავეს ნიშნავს ჩვენთვის. შესაძლებელია, სხვები შეეცადონ, პრობლემები შეუქმნან მას, ვინც „ღვთის ნებით“ ცხოვრებას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ასეთი პიროვნება შენიშნავს, რომ მისი ცხოვრება უფრო კურთხეული და აზრიანი ხდება (1 პეტრე 4:1–3, 7–10, 15, 16). ეს გამოსცადა პეტრემ და იგივე მოხდება ჩვენს შემთხვევაშიც, თუ ‘სიკეთის ქმნის დროს ჩვენს სულებს ანუ სიცოცხლეს ვანდობთ ერთგულ შემოქმედს’ (1 პეტრე 4:19).
მოწაფე, რომელმაც სიყვარული შეიცნო
მოციქული იოანე იესოს სხვა ახლო მოწაფე იყო და, აქედან გამომდინარე, დაგვეხმარება შემოქმედის უკეთ გაცნობაში. იოანემ დაწერა სახარება და სამი წერილი (1-ლი, მე-2 და მე-3 იოანე). ერთ-ერთ წერილში მან ასეთი აზრი გამოთქვა: „ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი [შემოქმედი] და ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე“ (1 იოანე 5:20).
„ჭეშმარიტი“ რომ შეეცნო, იოანეს „გონება“ უნდა გამოეყენებინა. რა დაადგინა იოანემ შემოქმედის თვისებებთან დაკავშირებით? „ღმერთი სიყვარულია, — წერდა ის, — ხოლო სიყვარულში დარჩენილი ღმერთში რჩება“. რამ დაარწმუნა იოანე ამაში? „ამაშია სიყვარული, რომ ჩვენ კი არ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ მან შეგვიყვარა და მოავლინა თავისი ძე“, რათა მსხვერპლად შეწირულიყო ჩვენთვის (1 იოანე 4:10, 16). პეტრეს მსგავსად, იოანეს გულსაც შეეხო ღვთის სიყვარული, რომელიც იმით გამოვლინდა, რომ გამოგზავნა ძე, რათა ის ჩვენთვის მომკვდარიყო.
იოანე ძალიან ახლოს იყო იესოსთან და ესმოდა მისი გრძნობები. იერუსალიმის მახლობლად, ბეთანიაში, მომხდარმა შემთხვევამ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა იოანეზე. როცა გაიგო, რომ მისი მეგობარი ლაზარე ძალიან ავად იყო, იესო ბეთანიაში გაემგზავრა. იმ დროისთვის, როცა ის და მისი მოციქულები იქ ჩავიდნენ, ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო. იოანემ იცოდა, რომ შემოქმედი — ადამიანის სიცოცხლის წყარო — ძალას აძლევდა იესოს. მაშ, შეძლებდა იესო ლაზარეს აღდგენას? (ლუკა 7:11–17; 8:41, 42, 49–56). „აღდგება შენი ძმა“, — უთხრა იესომ ლაზარეს დას, მართას (იოანე 11:1–23).
შემდეგ იოანემ დაინახა ლაზარეს მეორე და, მარიამი, რომელიც იესოს შესახვედრად მოდიოდა. როგორ იმოქმედა ამან იესოზე? „შეიძრა სულით და აშფოთდა“. იესოს გრძნობების აღსაწერად იოანემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა (ქართულ ენაზე გადმოთარგმნილია გამოთქმით „შეიძრა სულით“), რაც გულიდან გამოსულ ღრმა გრძნობებს ნიშნავდა. იოანე ხედავდა, რომ იესო „აშფოთდა“, ანუ შინაგანად დამწუხრდა, დიდად დანაღვლიანდა. იესო უგრძნობელი და გულქვა არ იყო. ის „აცრემლდა“ (იოანე 11:30-37). უეჭველად, იესოს ჰქონდა ღრმა და ნაზი გრძნობები, რაც იოანეს დაეხმარა — და ჩვენც უნდა დაგვეხმაროს — შემოქმედის გრძნობების გაგებაში.
იოანე მიხვდა, რომ იესოს გრძნობები დაკავშირებული იყო კეთილ საქმეებთან, რადგან მოისმინა იესოს ხმა: „ლაზარე, გამოდი!“. ეს ასეც მოხდა, ლაზარე გაცოცხლდა და სამარხიდან გამოვიდა. როგორ გაიხარებდნენ მისი დები და სხვა თვითმხილველები! მაშინ მრავალმა იწამა იესო. მტრები ვერ უარყოფდნენ ამ სასწაულს, მაგრამ როცა ეს ახალი ამბავი გავრცელდა, მათ იესოსთან ერთად „ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს“ (იოანე 11:43; 12:9–11).
ბიბლია იესოს ‘შემოქმედის არსების ანარეკლად’ მოიხსენიებს (ებრაელთა 1:3). მაშასადამე, იესოს მსახურება საკმაო მტკიცებას იძლევა, რომ მას და მამამისს დიდი სურვილი აქვთ, მოსპონ ავადმყოფობისა და სიკვდილის შედეგები. ეს კი აღდგომის მხოლოდ იმ მაგალითებით არ შემოიფარგლება, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. სინამდვილეში, იოანემ თვითონვე მოისმინა იესოს სიტყვები: «მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც [„სამახსოვრო“, აქ] სამარხებში არიან, მის [ძის] ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ» (იოანე 5:28, 29). შენიშნეთ, რომ ჩვეულებრივი სიტყვა „საფლავის“ ნაცვლად იოანემ გამოიყენა სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც „სამახსოვრო სამარხები“. რატომ?
იმიტომ რომ აქ იგულისხმება ღვთის მეხსიერება. უეჭველად, უზარმაზარი სამყაროს შემოქმედს შეუძლია გაიხსენოს ჩვენი საყვარელი მიცვალებულების ყოველი წვრილმანი, მათ შორის შთამომავლობით მიღებული თუ ცხოვრებაში შეძენილი თვისებები (შეადარეთ ესაია 40:26). ღმერთს არა მარტო შეუძლია, არამედ მას და მის ძეს ამის გაკეთების სურვილიც აქვთ. მკვდრეთით აღდგომის საოცარ იმედთან დაკავშირებით ერთგულმა იობმა ღმერთზე თქვა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? . . დამიძახებდი [იეჰოვა] და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15; მარკოზი 1:40–42). რა დიდებული შემოქმედი გვყავს! ის, მართლაც, ჩვენი თაყვანისცემის ღირსია!
მკვდრეთით აღმდგარი იესო — აზრიანი სიცოცხლის გასაღები
საყვარელი მოწაფე იოანე იესოს სიკვდილამდე მის გვერდით იყო. და მან აღწერა ისტორიაში ყველაზე დიდებული მკვდრეთით აღდგომა — მოვლენა, რომელიც მტკიცე საძირკველს უყრის ჩვენს უწყვეტ და აზრიან სიცოცხლეს.
მტრებმა იესო სიკვდილით დასაჯეს — ბოროტმოქმედივით გააკრეს ძელზე. იმ საათების განმავლობაში, როცა იესო ძელზე იტანჯებოდა, მხილველები — რელიგიური წინამძღოლების ჩათვლით — დასცინოდნენ მას. ძლიერ ტანჯვაში მყოფმა იესომ შეხედა დედამისს და იოანეზე მიუთითა: „დედაკაცო, აჰა, შენი ძე!“. დასაშვებია, რომ იმ დროისთვის მარიამი უკვე ქვრივი იყო, მისი სხვა შვილები კი ჯერ არ იყვნენ მოწაფეებიe. ამიტომ იესომ თავის მოწაფე იოანეს დაავალა მოხუც დედაზე ზრუნვა. ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა შემოქმედის აზროვნება, რომელიც მოუწოდებდა თავის მსახურებს ქვრივ-ობლებზე ზრუნვისკენ (იოანე 7:5; 19:12–30; მარკოზი 15:16–39; იაკობი 1:27).
მაგრამ თუ მოკვდა, როგორ შეეძლო იესოს ‘თესლის’ როლის შესრულება, ვის მიერაც ‘იკურთხებიან ყოველნი ტომნი ქვეყნისანი’? (დაბადება 22:18, „ძველი აღთქმა“, 1900 წლის გამოცემა). ახ. წ. 33 წლის აპრილში იესომ თავისი სიცოცხლე გამოსასყიდად გაიღო. მისი მოსიყვარულე მამისთვის მტკივნეული იქნებოდა უდანაშაულო ძის ტანჯვა. მიუხედავად ამისა, ასე იქნა გადახდილი გამოსასყიდი, რომელიც საჭირო იყო კაცობრიობის გასათავისუფლებლად ცოდვისა და სიკვდილის ბორკილებისგან (იოანე 3:16; 1 იოანე 1:7). საფუძველი ჩაეყარა დიდებულ დასასრულს.
რადგან იესო ქრისტე მთავარ როლს ასრულებს ღვთის განზრახვების შესრულებაში, ის უნდა გაცოცხლებულიყო. ეს ასეც მოხდა და იოანე ამის მოწმე იყო. იესოს სიკვდილისა და დაკრძალვის შემდეგ მესამე დღეს, გარიჟრაჟზე, რამდენიმე მოწაფე სამარხთან მივიდა. სამარხი ცარიელი იყო. ამის გამო ისინი გაურკვევლობაში იყვნენ, ვიდრე იესო რამდენიმე პიროვნებას არ გამოეცხადა. მარიამ მაგდალელმა მოწაფეებს ამცნო, „რომ უფალი იხილა“, მაგრამ მათ არ დაიჯერეს ეს. მოგვიანებით იესო კარჩაკეტილ ოთახში შეკრებილ მოწაფეებს გამოეცხადა და ესაუბრა კიდეც მათ. რამდენიმე დღეში 500-ზე მეტი მამაკაცი და ქალი იმის თვითმხილველი გახდა, რომ იესო მართლაც ცოცხალი იყო. მათ, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, შეეძლოთ გამოეკითხათ ეს სარწმუნო მოწმეები და შეემოწმებინათ მათი ნათქვამის სიზუსტე. ქრისტიანებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და ცოცხალი იყო, როგორც შემოქმედის მსგავსი სულიერი ქმნილება. ამის ფაქტები იმდენად ბევრი და სარწმუნო იყო, რომ მრავალმა სიკვდილი არჩია იმის უარყოფას, რომ იესო აღდგა (იოანე 20:1–29; ლუკა 24:46–48; 1 კორინთელთა 15:3–8)f.
მოციქულმა იოანემაც გადაიტანა დევნა იესოს აღდგომის შესახებ დამოწმებისთვის (გამოცხადება 1:9). მაგრამ გადასახლებაში ყოფნის დროს უჩვეულოდ დაჯილდოვდა. იესომ მას აჩვენა რამდენიმე ხილვა, რომლებიც უკეთ გვაცნობს შემოქმედს და გვიცხადებს, თუ რას მოგვიტანს მომავალი. ეს ყველაფერი ჩაწერილია წიგნ „გამოცხადებაში“, რომელშიც მრავალი რამ სიმბოლური ენითაა გადმოცემული. მასში იესო ქრისტე აღწერილია როგორც გამარჯვებული მეფე, რომელიც მალე საბოლოოდ დაამარცხებს თავის მტრებს. ამ მტრებში შედის სიკვდილი (ყველა ჩვენგანის მტერი) და ბოროტი სულიერი ქმნილება, სატანა (გამოცხადება 6:1, 2; 12:7–9; 19:19—20:3, 13, 14).
ამ წინასწარმეტყველური ცნობის ბოლოს იოანემ იხილა ის დრო, როცა დედამიწა სამოთხედ იქცევა. ხმამ ზეციდან აღწერა იმ დროს გაბატონებული პირობები: „ღმერთი იქნება [ადამიანებთან]. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4). როცა ღვთის ეს განზრახვა განხორციელდება, შესრულდება მის მიერ აბრაამისთვის მიცემული აღთქმაც (დაბადება 12:3; 18:18).
სიცოცხლე იმ დროს ‘ჭეშმარიტი სიცოცხლე’ იქნება, ისეთი, როგორიც ღმერთმა ადამს უბოძა შექმნისას (1 ტიმოთე 6:19). კაცობრიობას აღარ გაუჭირდება შემოქმედის მოძებნა და აღარ დასჭირდება თავის მტვრევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ურთიერთობა დაამყაროს ღმერთთან. მაგრამ შეიძლება იკითხოთ: როდის დადგება ეს დრო? რატომ უშვებს მზრუნველი შემოქმედი, რომ ბოროტება და ტანჯვა დღემდე არსებობდეს? მოდით ახლა ამ კითხვებს ვუპასუხოთ.
[სქოლიოები]
a მათე, მარკოზი და იოანე თვითმხილველები იყვნენ. ლუკამ დოკუმენტები და თვითმხილველების მონათხრობი შეისწავლა. სახარებებში მოცემული ცნობები ზუსტი, სანდო და უტყუარია (იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „წიგნი ყველასთვის“, გვერდები 16, 17).
b ყურანში ნათქვამია: „მას ეწოდოს მესია, იესო, მარიამის ძე, უჩინებულესი სააქაოსა და საიქიოს“ (თავი III, 40). როგორც ადამიანი, იესო მარიამის ძე იყო. მაგრამ ვინ იყო მამამისი? ყურანი შენიშნავს: „ღვთის თვალში იესო იგივეა, რაც ადამ“ (თავი III, 52). საღვთო წერილი კი ადამს ‘ღვთის ძედ’ მოიხსენიებს (ლუკა 3:23, 38). არც ადამს და არც იესოს არ ჰყოლიათ ადამიანი მამები; ისინი არც სქესობრივი კავშირის შედეგად ჩასახულან. აქედან გამომდინარე, როგორც ადამი იყო ღვთის ძე, ისე იესოც.
c 102-ე ფსალმუნი და ესაიას 1:18-20 გვიჩვენებს, რომ იესოს იეჰოვას მსგავსი თვალსაზრისი ჰქონდა.
d ეს წინასწარმეტყველება მოცემულია მათეს 24-ე, მარკოზის მე-13 და ლუკას 21-ე თავებში.
e მოგვიანებით სულ ცოტა ორი მათგანი მაინც გახდა მოწაფე და მათ დაწერეს გამამხნევებელი წერილები — „იაკობი“ და „იუდა“ — რომლებიც ბიბლიის ნაწილია.
f ერთ რომაელ ასისთავს იმ მოვლენების თვითმხილველმა — პეტრემ — უთხრა: „თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში. . . იგი ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და გამოაცხადებინა თავი. . . გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად“ (საქმეები 2:32; 3:15; 10:34–42).
[ჩარჩო 150 გვერდზე]
შეიძლება მოისურვოთ პეტრეს სიდედრის განკურნების პარალელური ცნობების შედარება (მათე 8:14–17; მარკოზი 1:29–31; ლუკა 4:38, 39). ექიმმა ლუკამ სამედიცინო წვრილმანიც მოიხსენია, რომ მას ‘დიდი სიცხე’ ჰქონდა. რა ძალით განკურნა იესომ ის და სხვები? ლუკამ განაცხადა, რომ „უფლის [იეჰოვას] ძალა იყო მასთან განსაკურნავად“ (ლუკა 5:17; 6:19; 9:43).
[ჩარჩო 152 გვერდზე]
ყველაზე დიდებული ქადაგება
როგორც ზოგი ამბობს, ინდოელ პოლიტიკურ ლიდერს, მოჰანდას განდის, უთქვამს, რომ ამ სწავლებების მიყოლით ‘მთელი მსოფლიოს პრობლემებს გადავწყვეტთო’. ცნობილმა ანთროპოლოგმა ეშლი მონტეგიუმ დაწერა, რომ თანამედროვე აღმოჩენები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს სიყვარული ადამიანის ფსიქიკაზე, წარმოადგენს ამ ქადაგების მხოლოდ „დადასტურებას“.
ეს ადამიანები იესოს მთაზე ქადაგების შესახებ ლაპარაკობდნენ. განდიმ აგრეთვე თქვა, რომ „ქადაგების სწავლებები განკუთვნილი იყო ყველასთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“. ახლახან პროფესორმა ჰანს დიტერ ბეცმა თქვა: „გავლენა, რომელსაც მთაზე ქადაგება ახდენს, სცდება იუდაიზმისა და ქრისტიანობის საზღვრებს, თვით დასავლეთის კულტურის საზღვრებსაც კი“. მან დასძინა, რომ ამ ქადაგების სიტყვები „თითქმის მთელ კაცობრიობას ეხებოდა“.
რატომ არ წაგვეკითხა ეს შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერ საინტერესო ქადაგება? ის ჩაწერილია მათეს 5—7 თავებსა და ლუკას 6:20–49-ში. ქვემოთ მოცემულია ზოგი მნიშვნელოვანი საკითხი ამ დიდებული ქადაგებიდან:
როგორ მივაღწიოთ ბედნიერებას - (მათე 5:3–12; ლუკა 6:20–23).
როგორ შევინარჩუნოთ საკუთარი თავისადმი პატივისცემა - (მათე 5:14–16, 37; 6:2–4, 16–18; ლუკა 6:43–45).
როგორ გავიუმჯობესოთ სხვებთან ურთიერთობა - (მათე 5:22–26, 38–48; 7:1–5, 12; ლუკა 6:27–38, 41, 42).
როგორ შევამციროთ ოჯახური პრობლემები - (მათე 5:27–32).
როგორ გავუმკლავდეთ საზრუნავს - (მათე 6:25–34).
როგორ ამოვიცნოთ რელიგიური სიცრუე - (მათე 6:5–8, 16–18; 7:15–23).
როგორ ვიპოვოთ სიცოცხლის აზრი - (მათე 6:9–13, 19–24, 33; 7:7–11, 13, 14, 24–27; ლუკა 6:46–49).
[ჩარჩო 159 გვერდზე]
აქტიური ადამიანი
იესო ქრისტე განდეგილის პასიურ ცხოვრებას არ ეწეოდა. ის გადაწყვეტილებით აღსავსე აქტიური ადამიანი იყო. ის დადიოდა „გარშემო სოფლებში და ასწავლიდა“, რითაც ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებიც „დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მარკოზი 6:6; მათე 9:36; ლუკა 8:1). დღევანდელი მრავალი მდიდარი რელიგიური წინამძღოლისგან განსხვავებით, იესო არ იგროვებდა სიმდიდრეს; მას ‘არ გააჩნდა, სად მიედრიკა თავი’ (მათე 8:20).
თუმცა იესო, ძირითადად, ხალხის სულიერად განკურნებასა და სულიერად გამოკვებაზე ზრუნავდა, მას არ ავიწყდებოდა მათი ფიზიკური საჭიროებებიც. ის კურნავდა ავადმყოფებს, დასახიჩრებულებსა და დემონებით შეპყრობილებს (მარკოზი 1:32–34). ორჯერ ათასობით გულმოდგინე მსმენელი დააპურა, რადგან ეცოდებოდა ისინი (მარკოზი 6:35–44; 8:1–8). სასწაულების მოსახდენად მას ხალხზე ზრუნვა აღძრავდა (მარკოზი 1:40–42).
იესომ სიმტკიცე გამოიჩინა, როცა ტაძრიდან გაყარა ხარბი ვაჭრები. ამის მხილველებს გაახსენდათ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „შენი სახლის შური შემჭამს მე“ (იოანე 2:14–17). ის მკაცრად განსჯიდა თვალთმაქც რელიგიურ წინამძღოლებს (მათე 23:1–39). ის არც პოლიტიკური პირების გავლენაში ექცეოდა (მათე 26:59–64; იოანე 18:33–37).
აღფრთოვანებული დარჩებით, თუ წაიკითხავთ იესოს ენერგიული მსახურების შესახებ. მრავალი ამ აქტიური ადამიანის ცხოვრების გაცნობას მარკოზის მოკლე, მაგრამ ცოცხლად გადმოცემული ცნობის კითხვით იწყებს.
[ჩარჩო 164 გვერდზე]
იესომ მოქმედებისკენ აღძრა ისინი
წიგნ „საქმეებში“ ვკითხულობთ ისტორიულ ცნობებს, თუ როგორ ქადაგებდნენ იესოს აღდგომის შესახებ პეტრე, იოანე და სხვები. მეტწილად, ეს წიგნი მოგვითხრობს მოვლენებს, რომლებიც ეხება რჯულის მცოდნე განათლებულ, მაგრამ ქრისტიანობის სასტიკად მდევნელ, სავლეს, ანუ პავლეს. მას მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა (საქმეები 9:1–16). შემდეგ პავლე, რომელსაც იმის უდავო მტკიცება ჰქონდა, რომ იესო ცოცხალი იყო ზეცაში, თავგამოდებით უმოწმებდა ამ ფაქტზე იუდეველებსა და არაიუდეველებს, მათ შორის ფილოსოფოსებსა და მმართველებს. შთამბეჭდავია პავლეს სიტყვების წაკითხვა, როდესაც ასეთ განათლებულ, გავლენიან ადამიანებს მიმართავდა (საქმეები 17:1–3, 16–34; 26:1–29).
რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პავლემ ეგრეთ წოდებული „ახალი აღთქმის“ ანუ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების“ მრავალი წიგნი დაწერა. ბიბლიის მრავალ გამოცემას დართული აქვს სარჩევი, ანუ წიგნების სია. პავლემ 14 მათგანი დაწერა — „რომაელთა“ მიმართ წერილიდან „ებრაელთა“ მიმართ წერილის ჩათვლით. მათში მოცემული იყო ღრმა ჭეშმარიტებები და ბრძნული ხელმძღვანელობა იმდროინდელი ქრისტიანებისთვის. ეს წიგნები ჩვენთვის უფრო ძვირფასია, რადგან უშუალო ურთიერთობა არ გვაქვს მოციქულებთან და იესოს სწავლებების, საქმეებისა და მკვდრეთით აღდგომის სხვა თვითმხილველებთან. პავლეს წერილები თქვენც დაგეხმარებათ ოჯახურ ცხოვრებაში, თანამშრომლებსა და მეზობლებთან ურთიერთობაში და ცხოვრების ისე წარმართვაში, რომ მან ნამდვილი აზრი შეიძინოს და მოგიტანოთ კმაყოფილება.
[სურათი 146 გვერდზე]
მეცნიერები ახორციელებენ ხელოვნურ განაყოფიერებას. შემოქმედმა თავისი ძის სიცოცხლე გადაიტანა, რომ ის ადამიანი გამხდარიყო.
[სურათი 148 გვერდზე]
მრავალმა, ვინც უსმენდა იესოს და ხედავდა, თუ როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს, უკეთ შეიცნო მისი მამა.
[სურათი 154 გვერდზე]
იესომ თავის მოციქულებს ფეხები დაბანა და ამით თავმდაბლობის მაგალითი დატოვა, რომელსაც შემოქმედი აფასებს.
[სურათი 157 გვერდზე]
სისტემის გაწმენდა კომპიუტერული ვირუსისგან შესაძლებელია; კაცობრიობას თანდაყოლილი არასრულყოფილებისგან გასათავისუფლებლად იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ესაჭიროება.
[სურათი 163 გვერდზე]
იყვნენ იმის თვითმხილველები, რომ იესო დაასვენეს (ამის მსგავს) სამარხში და რომ მესამე დღეს ის აღდგა.