იოანეს სახარება
1 დასაწყისში იყო სიტყვა,+ სიტყვა იყო ღმერთთან+ და სიტყვა იყო ღმერთი*.+ 2 ის დასაწყისში ღმერთთან იყო. 3 ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა;+ მის გარეშე არაფერი შექმნილა.
4 და ის, რაც მისი მეშვეობით შეიქმნა, იყო სიცოცხლე, და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+ 5 სინათლე სიბნელეში ანათებს,+ მაგრამ სიბნელემ ვერ შთანთქა ის.
6 მოვიდა ღვთისგან გამოგზავნილი კაცი, სახელად იოანე.+ 7 ის მოვიდა როგორც მოწმე, რათა დაემოწმებინა სინათლის შესახებ+ და მისი მოწმობით ყველანაირ ადამიანს ერწმუნა. 8 ის არ ყოფილა სინათლე,+ თუმცა სინათლის შესახებ უნდა დაემოწმებინა.
9 ჭეშმარიტი სინათლე, რომელიც ყველანაირ ადამიანს უნათებს, მალე ქვეყნიერებას მოევლინებოდა.+ 10 ის ქვეყნიერებაში იყო,+ ქვეყნიერება მისი მონაწილეობით შეიქმნა,+ მაგრამ ქვეყნიერებამ ვერ შეიცნო ის. 11 იგი თავისიანებთან მივიდა, მაგრამ თავისიანებმა არ მიიღეს. 12 ვინც მიიღო, ყველას ღვთის შვილებად გახდომის უფლება მისცა,+ რადგან ირწმუნეს იგი*.+ 13 ისინი სისხლისგან, ხორციელი სურვილისგან ან მამაკაცის სურვილისგან კი არ იშვნენ, არამედ ღვთისგან.+
14 ასე გახდა სიტყვა ხორცი+ და ჩვენ შორის დამკვიდრდა. ჩვენ ვიხილეთ დიდება, რომელიც მხოლოდშობილ ძეს+ მამისგან ჰქონდა. ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით 15 (იოანემ ღაღადით დაამოწმა მასზე: „სწორედ მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე წინ წავა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი“).+ 16 მას უხვად ჰქონდა წყალობა და ჩვენც უხვად გვიწყალობა. 17 კანონი მოსეს მეშვეობით მოგვეცა,+ წყალობა+ და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამჟღავნდა.+ 18 ღმერთი არავის არასოდეს უხილავს.+ მამასთან* მყოფმა+ მხოლოდშობილმა ღმერთმა+ მოგვითხრო მასზე.+
19 აი, რა უპასუხა იოანემ, როცა იუდეველებმა მღვდლები და ლევიანები გაუგზავნეს იერუსალიმიდან, რომ ეკითხათ, ვინ ხარო.+ 20 მან პასუხად დაუფარავად განუცხადა: „მე არა ვარ ქრისტე!“ 21 შემდეგ ჰკითხეს: „მაშ, ვინ ხარ, ელია?“+ მან მიუგო: „არა!“ „ის წინასწარმეტყველი ხარ,+ ვინც უნდა მოსულიყო?“ მან უპასუხა: „არა!“ 22 მაშინ ჰკითხეს მას: „გვითხარი, ვინ ხარ, რომ პასუხი გავცეთ ჩვენს გამომგზავნელებს. რას იტყვი შენზე?“ 23 მან თქვა: «მე ვარ უდაბნოში მღაღადებლის ხმა: „მოასწორეთ იეჰოვას* სავალი“,+ როგორც ესაია წინასწარმეტყველმა თქვა».+ 24 ისინი ფარისევლების გაგზავნილნი იყვნენ. 25 მათ ჰკითხეს: „მაშ, რატომ ნათლავ, თუ არც ქრისტე ხარ, არც ელია და არც ის წინასწარმეტყველი?“ 26 იოანემ უპასუხა: „მე წყლით ვნათლავ, თქვენ შორის კი არის ის, ვისაც არ იცნობთ, 27 ჩემ შემდეგ მომავალი, რომლის სანდლის თასმის შეხსნის ღირსიც არა ვარ“.+ 28 ეს ბეთანიაში მოხდა, იორდანის გაღმა, სადაც იოანე ნათლავდა.+
29 მეორე დღეს მან თავისკენ მიმავალი იესო დაინახა და თქვა: „აი ღვთის კრავი,+ ქვეყნიერების+ ცოდვის აღმომფხვრელი!+ 30 მასზე ვამბობდი, ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე წინ წავიდა, რადგან ჩემამდე არსებობდა-მეთქი.+ 31 თავადაც არ ვიცნობდი მას, მაგრამ ხალხის წყლით მოსანათლავად იმიტომ მოვედი, რომ ის ისრაელს გამოცხადებოდა“.+ 32 იოანემ ესეც თქვა: «დავინახე სული, რომელიც მტრედის სახით დაეშვა ციდან და დაივანა მასზე.+ 33 არც მე ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც ხალხის წყლით მოსანათლავად გამომგზავნა, მითხრა: „ვისზეც დაინახავ, რომ ღვთის სული დაეშვება და დაივანებს,+ ის მონათლავს წმინდა სულით“.+ 34 მე დავინახე და დავამოწმე იმის შესახებ, რომ ეს კაცი ღვთის ძეა».+
35 მომდევნო დღეს იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად იყო; 36 იესოს რომ მოჰკრა თვალი, თქვა: „აი ღვთის კრავი!“+ 37 როცა მისი ნათქვამი მოისმინეს, ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა. 38 იესო მოტრიალდა და, როცა დაინახა, რომ ისინი უკან მიჰყვებოდნენ, ჰკითხა: „რას ეძებთ?“ მათ კი ჰკითხეს: „რაბი (რაც „მოძღვრად“ ითარგმნება), სად ათევ ღამეს?“ 39 მან მიუგო: „წამოდით და ნახავთ“. ისინიც გაჰყვნენ და ნახეს, სად რჩებოდა ღამით. იმ დღეს მასთან დარჩნენ; მეათე საათი* იქნებოდა. 40 იმ ორიდან ერთ-ერთი, რომლებმაც იოანეს ნათქვამი მოისმინეს და იესოს გაჰყვნენ, სიმონ-პეტრეს ძმა ანდრია+ იყო. 41 ანდრიამ მოძებნა თავისი ძმა სიმონი და უთხრა: „მესია+ ვიპოვეთ!“ (იგივე ქრისტე). 42 შემდეგ მიიყვანა იგი იესოსთან. იესომ შეხედა მას და უთხრა: „შენ სიმონი+ ხარ, იოანეს ვაჟი. ამიერიდან კეფა გერქმევა!“ (იგივე პეტრე).+
43 მეორე დღეს იესომ გალილეაში წასვლა დააპირა. მან ფილიპე+ მოძებნა და უთხრა: „გამომყევი!“ 44 ფილიპე ბეთსაიდიდან იყო, ანდრიასა და პეტრეს ქალაქიდან. 45 ფილიპემ ნათანაელი+ მოძებნა და უთხრა: „ჩვენ ვნახეთ ის, ვისზეც მოსე წერდა კანონში და ვისზეც წინასწარმეტყველები წერდნენ — იესო, იოსების+ ვაჟი, ნაზარეთიდან“. 46 ნათანაელმა უთხრა: „ნაზარეთიდან კარგს რას უნდა ელოდო?!“ ფილიპემ უთხრა: „წამოდი და ნახე“. 47 იესომ დაინახა თავისკენ მიმავალი ნათანაელი და თქვა: „აი უთვალთმაქცო+ კაცი, ისრაელის ღირსეული შთამომავალი!“ 48 ნათანაელმა ჰკითხა მას: „საიდან მიცნობ?“ იესომ უპასუხა: „მაშინ დაგინახე ლეღვის ქვეშ, სანამ ფილიპე დაგიძახებდა“. 49 ნათანაელმა უთხრა: „რაბი, შენ ღვთის ძე ხარ, ისრაელის მეფე!“+ 50 ამაზე იესომ მიუგო: „იმიტომ ხომ არ მირწმუნე, რომ გითხარი, ლეღვის ქვეშ დაგინახე-მეთქი?! ამაზე მეტსაც იხილავ!“ 51 შემდეგ იესომ უთხრა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: იხილავთ გახსნილ ცას და კაცის ძესთან ჩამომავალ და ამავალ ღვთის ანგელოზებს“.+