16 ადამიანი კი ფიქრობს,
მაგრამ მისი პასუხი იეჰოვასგანაა.+
2 კაცს ყველა გზა სწორი ეჩვენება,+
გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს.+
3 ყველა შენი საქმე იეჰოვას მიანდე+
და შენი გეგმები წარმატებული იქნება.
4 იეჰოვა ყველაფერს იმისთვის აკეთებს,
რომ საკუთარი განზრახვა შეასრულოს
და ბოროტი უბედურების დღეს გაანადგუროს.+
5 ამაყი გულის ადამიანი სძულს იეჰოვას.+
ის სასჯელს ვერასგზით ვერ გაექცევა.
6 კაცს დანაშაული სიკეთითა და ერთგულებით ეპატიება;+
იეჰოვას შიშით ზურგს შეაქცევს იგი ბოროტებას.+
7 თუ იეჰოვას კაცის გზა მოსწონს,
მტერსაც კი მშვიდობიანად განაწყობს მისდამი.+
8 ჯობია, ცოტა გქონდეს და სიმართლით მოპოვებული,+
ვიდრე — ბევრი და უკანონოდ მოხვეჭილი.+
9 კაცი თავის გულში გეგმებს სახავს,
მის ნაბიჯებს კი იეჰოვა წარმართავს.+
10 მეფის ბაგე ღვთივშთაგონებულ გადაწყვეტილებას უნდა აცხადებდეს;+
იგი სამართალს არასოდეს უნდა ამრუდებდეს.+
11 ზუსტი სასწორი იეჰოვასგანაა;
აბგაში ჩაწყობილი საწონებიც მისი შექმნილია.+
12 ბოროტების ქმნა მეფისთვის საძულველია,+
რადგან ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+
13 სიმართლის მეტყველი ბაგეები მეფისთვის მოსაწონია;
მას გულწრფელად მოუბარი უყვარს.+
14 მეფის რისხვა სიკვდილის მაცნესავითაა,+
ბრძენი კი აცხრობს მას.+
15 ბედნიერად იცხოვრებს ის, ვის მიმართაც მეფე კეთილად განეწყობა;
მისი კეთილგანწყობა იმ ღრუბელივითაა, გაზაფხულზე რომ აწვიმებს ხოლმე.+
16 ოქროს შეძენას სიბრძნის შეძენა ბევრად სჯობია;+
ვერცხლის შეძენას გონიერების შეძენა გერჩივნოს.+
17 მართალთა გზა ბოროტებას გვერდს უვლის;
ვინც თავის გზას უკვირდება, საკუთარ სიცოცხლეს იცავს.+
18 სიამაყე წინ უძღვის დაცემას,
ამპარტავნობა — წაბორძიკებას.+
19 თავმდაბლობა და თვინიერებთან ყოფნა სჯობია+
პატივმოყვარეებთან ნადავლის გაყოფას.
20 ვინც საქმეში გამჭრიახობას იჩენს, წარმატებას მიაღწევს;
ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი.
21 განსჯის უნარის მქონეზე იტყვიან, გონიერიაო;+
ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს.+
22 გამჭრიახობა სიცოცხლის წყაროა მისი მფლობელისთვის,
ხოლო უგუნურები თავიანთივე უგუნურებით ისჯებიან.
23 სიბრძნე კაცის ბაგეს გამჭრიახობას სძენს,+
მის საუბარს კი დამაჯერებლობას მატებს.
24 სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა,
სულს ატკბობს და ძვლებს კურნავს.+
25 არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,
მისი ბოლო კი სიკვდილია.+
26 კაცს მადა აიძულებს, რომ გაისარჯოს;
მუშაობისკენ მას შიმშილი უბიძგებს.+
27 უვარგისი კაცი ბოროტებას იზრახავს,+
მისი ბაგეები მოგიზგიზე ცეცხლივითაა.+
28 ვინც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს;+
ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.+
29 მოძალადე მოძმეს აცდუნებს
და მცდარი გზით წაიყვანს;
30 ვისაც თვალს უკრავს, ხრიკებს უწყობს;
ტუჩებს რომ კუმავს, სისრულეში მოჰყავს მავნე განზრახვა.
31 ჭაღარა სილამაზის გვირგვინია,+
როცა სიმართლის გზაზე იპოვება.+
32 მშვიდი+ კაცი ძლიერს სჯობია,
თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობელს.+
33 კენჭს ყრიან კალთაში+
და ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა.+