პეტრეს მეორე წერილი
1 სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, გწერთ თქვენ, ვისაც ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, სიმართლის წყალობით ისეთივე ძვირფასი რწმენა გაქვთ, როგორიც ჩვენ:
2 უხვად გქონდეთ წყალობა და მშვიდობა ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის+ მეშვეობით; 3 ღვთის ძალით და მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც თავისი სიდიადითა და მაღალზნეობით მოგვიხმო,+ ყველაფერი მოგვეცა, რაც სიცოცხლისა და ღვთისადმი ერთგულებისთვისაა საჭირო. 4 ამის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები მოგვცა,+ რათა ღვთაებრივი ბუნების მოზიარენი+ გახდეთ, რადგან უკვე დააღწიეთ თავი ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.
5 ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ,+ რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა,+ მაღალზნეობას — ცოდნა,+ 6 ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას+ — მოთმინება, მოთმინებას — ღვთის ერთგულება,+ 7 ღვთის ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული.+ 8 თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი,+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის თანახმად იმოქმედებთ.
9 ვისაც ეს ყოველივე არა აქვს, ბრმაა, თვალს არიდებს სინათლეს,+ და აღარ ახსოვს, რომ განწმენდილია დიდი ხნის წინანდელი ცოდვებისგან.+ 10 ძმებო, თქვენ მოწოდებულნი და რჩეულნი ხართ,+ ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ საიმისოდ, რომ არ დაკარგოთ ეს პატივი; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით+ 11 და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მარადიული სამეფოს+ კარი ფართოდ გაგეღებათ.+
12 ამიტომ ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედაც დგახართ ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც მიიღეთ. 13 მაგრამ მიმაჩნია, რომ სანამ ამ კარავში* ვიმყოფები,+ კვლავ და კვლავ უნდა შეგახსენოთ ეს ყოველივე,+ 14 რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ, როგორც გამიცხადა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.+ 15 ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც არ დაივიწყოთ ეს ყოველივე.
16 როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ძალისა და მისი მოსვლის* შესახებ გაუწყეთ, ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი, თავად ვიყავით მისი სიდიადის თვითმხილველნი.+ 17 მან ღვთისგან, მამისგან, პატივი და დიდება მიიღო, როცა საოცარი დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“.+ 18 ეს სიტყვები ციდან მაშინ გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით.
19 ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა, და სწორად იქცევით, რომ უკვირდებით მას; ის ლამპარივითაა,+ რომელიც ანათებს სიბნელეში (გარიჟრაჟებამდე და ცისკრის ვარსკვლავის+ ამოსვლამდე), თქვენს გულებში. 20 თქვენ კარგად იცით, რომ წმინდა წერილების არცერთი წინასწარმეტყველება არ ეფუძნება ვინმეს ნააზრევს, 21 რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,+ არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა.+