15 მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+
მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+
2 ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+
სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.
3 იეჰოვას თვალები ყველაფერს ხედავს;
კეთილსაც აკვირდება და ბოროტსაც.+
4 მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+
უკუღმართი ლაპარაკი კი დამანგრეველია.
5 უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას,+
წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+
6 მართლის სახლში დიდძალი განძია,
ბოროტის მონახვეჭს კი მისთვის უბედურება მოაქვს.+
7 ბრძენის ბაგე სიბრძნეს აუწყებს,+
სულელის გულს კი ეს არ შეუძლია.+
8 ბოროტთა მსხვერპლი სძულს იეჰოვას,+
მართალთა ლოცვა კი სიამოვნებს.+
9 ბოროტის გზა ეზიზღება იეჰოვას,+
მართალი კი უყვარს მას.+
10 სწორი გზიდან გადასულს სასჯელი მკაცრი ეჩვენება;+
შეგონების მოძულე მოკვდება.+
11 იეჰოვას თვალთაგან სამარე და ხრწნის ადგილი დაფარული არაა,+
ადამიანთა გულები ხომ — მით უმეტეს!+
12 დამცინავს არ უყვარს ის, ვინც შეაგონებს;+
ის ბრძენს არ დაეკითხება.+
13 გულის სიხარული სახეზეც აისახება,
გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+
14 გონიერი ცოდნას ეძებს,+
უგუნურის პირი კი სისულელით საზრდოობს.+
15 დაჩაგრულისთვის ყოველი დღე მწარეა,+
გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+
16 ჯობია, ცოტა გქონდეს და იეჰოვასი გეშინოდეს,+
ვიდრე დიდძალ სიმდიდრეს ფლობდე და სადარდებელი გქონდეს.+
17 ბოსტნეულის კერძი და სიყვარული სჯობია+
ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+
18 ფიცხი კაცი შუღლს აღვივებს,+
მშვიდი კაცი კი დავას აცხრობს.+
19 ზარმაცის გზა ეკლის ღობესავითაა,+
ხოლო მართალთა ბილიკი მოსწორებულია.+
20 ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+
სულელი კი დედას აბუჩად იგდებს.+
21 უგუნურს უგუნურება ახარებს,+
გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+
22 თათბირის გარეშე გეგმები ჩაიშლება;
სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+
23 კაცი ხარობს, როცა სწორ პასუხს იძლევა;+
რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+
24 გამჭრიახი სიცოცხლის ბილიკს მაღლა აჰყავს,+
რათა სამარეში ჩასვლისგან დაიცვას იგი.+
25 იეჰოვა პატივმოყვარეთა სახლს დაამხობს,+
ქვრივის მიჯნას კი დაიცავს.+
26 იეჰოვას ბოროტთა ზრახვები სძულს,+
სასიამოვნო სიტყვები კი მოსაწონია მისთვის.+
27 ვინც ქონებას უპატიოსნო გზით იძენს, ოჯახს უბედურებას ატეხს,+
ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+
28 მართალი პასუხის გაცემამდე დაფიქრდება,+
ბოროტის პირიდან კი სიავე იფრქვევა.
29 იეჰოვა შორსაა ბოროტისგან,
მართლის ლოცვას კი ისმენს.+
30 მბრწყინავი თვალები გულს ახარებს;
კარგი ამბავი ძვლებს ამაგრებს.+
31 სასიცოცხლო შეგონების მომსმენი
ბრძენთა შორის მკვიდრობს.+
32 ვინც დარიგებას ყურად არ იღებს, საკუთარ სიცოცხლეს არად აგდებს,+
შეგონების მომსმენი კი გონიერებას იძენს.+
33 იეჰოვას შიში სიბრძნეს უნერგავს კაცს;+
თავმდაბლობა წინ უძღვის დიდებას.+