‘ღვთის ისრაელი’ და „უამრავი ხალხი“
„ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“ (გამოცხადება 7:9).
იეჰოვას განზრახვების შესრულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ‘ღვთის ისრაელის’ დაფუძნება ახალი წელთაღრიცხვით 33 წელს (გალატელთა 6:16). მის ცხებულ წევრებს იმედი აქვთ, იყვნენ უკვდავი სულიერი ქმნილებები და მართონ ქრისტესთან ერთად ღმერთის ზეციერ სამეფოში (1 კორინთელთა 15:50, 53, 54). ამ მდგომარეობაში ისინი ასრულებენ წამყვან როლს იეჰოვას სახელის განწმენდასა და დიდი მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის თავის გაჭეჭყვაში (დაბადება 3:15; რომაელთა 16:20). არ არის გასაკვირი, რომ სატანამ ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალას შესწევდა, რათა გაენადგურებინა ეს ახალი კრება დევნის საშუალებით და მცდელობებით, გაეხრწნა ის! (2 ტიმოთე 2:18; იუდა 4; გამოცხადება 2:10).
2 სანამ მოციქულები ცოცხლები იყვნენ სატანა ვერ აღწევდა წარმატებას. მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ განდგომილება დაუბრკოლებლად გავრცელდა. ბოლო ჯამში, როცა სატანამ წარმოქმნა განდგომილი რელიგიური პაროდია, რომელიც დღეს ქრისტიანულ სამყაროდ არის ცნობილი, ადამიანთა თვალსაზრისით იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იესოს მიერ დაარსებული ქრისტიანული კრება საბოლოოდ გაიხრწნა (2 თესალონიკელთა 2:3–8). მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანობა აგრძელებდა არსებობას (მათე 28:20).
3 ხორბლისა და ღვარძლის შესახებ იგავში იესომ იწინასწარმეტყველა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ჭეშმარიტი ქრისტიანები გაიზრდებოდნენ ‘ღვარძლთან’, ანუ ცრუ ქრისტიანებთან ერთად; და ასეც მოხდა. მაგრამ მან ასევე თქვა, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში „სასუფევლის ძენი“ კვლავ შესამჩნევად გამოეყოფოდნენ „ღვარძლს“ (მათე 13:36–43). ესეც სიმართლე აღმოჩნდა. ათას ცხრაას ცხრამეტ წელს ჭეშმარიტი ქრისტიანები გამოვიდნენ ბაბილონის ტყვეობიდან. ღვთის მიერ ისინი ‘ერთგულ და გონიერ მონად’ იყვნენ აღიარებული და გაბედულად შეუდგნენ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებას (მათე 24:14, 45–47; გამოცხადება 18:4). თითქმის ყოველი მათგანი არაებრაელი იყო; მაგრამ, რადგან მათი რწმენა აბრაამის რწმენის მსგავსი იყო, ისინი, ფაქტიურად, ‘აბრაამის შთამომავლები’ იყვნენ. ისინი იყვნენ ‘ღვთის ისრაელის’ წევრები (გალატელთა 3:7, 26–29).
„უამრავი ხალხი“
4 თავდაპირველად ისინი, რომლებიც გამოეხმაურნენ ცხებული ქრისტიანების ქადაგებას, ასევე გახდნენ სულიერი ისრაელები, 144 000-ის დარჩენილი ნაწილის წევრები, რომლებსაც ზეციერი იმედი ჰქონდათ (გამოცხადება 12:17). მაგრამ განსაკუთრებით 1930-იან წლებში თვალსაჩინო გახდა სხვა ჯგუფი. დადგინდა, რომ ესენი იყვნენ ‘სხვა ცხვრები’ იგავიდან ფარეხების შესახებ (იოანე 10:16). ისინი იყვნენ იესოს მოწაფეები, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის იმედით ჰქონდათ. ისინი ცხებული ქრისტიანების, ასე ვთქვათ, სულიერი შთამომავლები იყვნენ (ესაია 59:21; 66:22; შეადარე 1 კორინთელთა 4:15, 16). მათ ერთგულ და გონიერ მონად აღიარეს ცხებული ქრისტიანული კრება და ცხებული ძმების მსგავსად, ღრმა სიყვარული ჰქონდათ იეჰოვასადმი, რწმენა იესოს მსხვერპლისადმი, გულმოდგინება ღმერთის განდიდებაში და მზადყოფნა, დატანჯულიყვნენ სამართლიანობისთვის.
5 თავდაპირველად ამ ცხვრების მდგომარეობა გაურკვეველი იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საკითხი უფრო ნათელი გახდა. 1932 წელს ცხებული ქრისტიანები აღძრული იყვნენ, მოეწოდებინათ სხვა ცხვრები სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობისთვის, რასაც სხვა ცხვრებიდან მრავალი უკვე აკეთებდა. 1934 წელს სხვა ცხვრები აღძრული იყვნენ, დაქვემდებარებოდნენ წყლით ნათლობას. 1935 წელს დადგინდა, რომ ისინი წარმოადგენდნენ ‘უამრავ ხალხს’ „გამოცხადების“ მეშვიდე თავიდან. 1938 წელს ისინი მიიპატიჟეს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე, როგორც დამსწრეები. 1950 წელს გაირკვა, რომ მათ შორის მყოფი მოწიფული მამაკაცები იქნებოდნენ ‘მთავრებს’ შორის, რომლებიც იმსახურებენ, როგორც „საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში“ (ფსალმუნი 44:17; ესაია 32:1, 2). 1953 წელს აღმოჩნდა, რომ ღმერთის მიწიერი ორგანიზაცია, რომლის უდიდეს ნაწილსაც იმ დროს სხვა ცხვრები შეადგენდნენ, იქნებოდა იმ მიწიერი საზოგადოების ბირთვი, რომელიც იარსებებდა ახალ ქვეყნიერებაში. 1985 წელს გაირკვა, რომ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე სხვა ცხვრები მართლებად არიან აღიარებული, როგორც ღმერთის მეგობრები და აქვთ პერსპექტივა, გადაიტანონ არმაგედონი.
6 ამ დროისთვის, ‘უკანასკნელი დღეების’ ბოლო მონაკვეთში, 144 000-ის უმრავლესობა გარდაიცვალა და მიიღო ზეციერი ჯილდო (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 6:9–11; 14:13). ახლა ქრისტიანები, რომლებსაც აქვთ მიწიერი იმედი, ასრულებენ კეთილი ცნობის ქადაგების უმეტეს ნაწილს და უპირატესობად მიიჩნევენ, ამ საქმეში მხარი დაუჭირონ იესოს ცხებულ ძმებს (მათე 25:40). მაგრამ ეს ცხებული პიროვნებები წარმოადგენენ ერთგულ და გონიერ მონას, რომლის მეშვეობითაც ამ უკანასკნელი დღეების განმავლობაში უზრუნველყოფილი ვართ სულიერი საზრდოთი. რა მდგომარეობაში იქნებიან სხვა ცხვრები, როცა ყველა ცხებული მიიღებს ზეციერ ჯილდოს? რა იქნება მაშინ გათვალისწინებული სხვა ცხვრებისთვის? ძველი დროის ისრაელის ისტორიის მოკლე განხილვა დაგვეხმარება, ვუპასუხოთ ამ კითხვებზე.
„მღვდელთა“ სიმბოლური ‘სამეფო’
7 როცა იეჰოვამ ისრაელი განსაკუთრებულ ერად აირჩია, დადო მათთან კავშირი და თქვა: „თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით“ (გამოსვლა 19:5, 6). რჯულის კავშირის საფუძველზე ისრაელი იყო იეჰოვას განსაკუთრებული ხალხი. მაგრამ როგორ უნდა შესრულებულიყო აღთქმა, რომელიც მღვდელთა სამეფოსა და წმინდა ერს ეხებოდა?
8 როცა ისრაელი ერთგული იყო, ის ცნობდა იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და საყოველთაოდ აღიარებდა მას თავის მეფედ (ესაია 33:22). ამრიგად, ის იყო სამეფო. მაგრამ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, აღთქმას ‘სამეფოს’ შესახებ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნებოდა. ამასთანავე, როცა იეჰოვას რჯულს ემორჩილებოდნენ, ისრაელები იყვნენ შეუბილწავი და მათ გარშემო მცხოვრები ერებისგან გამოყოფილი. ისინი წარმოადგენდნენ წმინდა ერს (მეორე რჯული 7:5, 6). წარმოადგენდნენ თუ არა ისინი მღვდელთა სამეფოს? ტაძარში სამსახურისთვის ისრაელში გამოყოფილი იყო ლევის ტომი, ხოლო ლევიანური მღვდელმსახურება ამ ტომის წარმომადგენლებით შემოიფარგლებოდა. როცა მოსეს რჯული ზეიმით შემოიღეს, ყოველი არალევიანური ოჯახის პირმშოების ნაცვლად აყვანილი იყვნენ მამრობითი სქესის ლევიანებიa (გამოსვლა 22:28; რიცხვნი 3:11–16, 40–51). ამრიგად, ისრაელის ყოველი ოჯახი, ასე ვთქვათ, წარმოდგენილი იყო სამსახურისთვის, რომელიც ტაძარში სრულდებოდა. ამის წყალობით მდგომარეობა, რომელიც ერმა მიიღო, ყველაზე ახლოს იყო სამღვდელოების მდგომარეობასთან. მიუხედავად ამისა, ისინი იყვნენ იეჰოვას წარმომადგენლები სხვა ერების წინაშე. ყოველ უცხოქვეყნელს, რომელსაც სურდა ჭეშმარიტი ღმერთისადმი თაყვანისცემა, ისრაელთან გაერთიანებულად უნდა ემოქმედა (მეორე ნეშტთა 6:32, 33; ესაია 60:10).
9 სოლომონის სიკვდილის შემდეგ ღმერთის ხალხი გაიყო ჩრდილოეთ ისრაელის სამეფოდ, მეფე იერობოამის ქვეშევრდომობით და სამხრეთ ისრაელის სამეფოდ, მეფე რობოამის ქვეშევრდომობით. რადგან ტაძარი, წმინდა თაყვანისცემის ცენტრი, იუდას ტერიტორიაზე იყო, იერობოამმა თავის სახელმწიფო ტერიტორიაზე ხბოების გამოსახულებები აღმართა და თაყვანისმცემლობის არაკანონიერი ფორმა დააარსა. შემდეგ „ააშენა გორაკის სახლი და განაწესა მღვდლები იმ ხალხიდან, რომელიც ლევის შტოს არ ეკუთვნოდა“ (მესამე მეფეთა 12:31). ჩრდილოეთის სამეფო უფრო ღრმად ჩაიძირა ცრუ თაყვანისმცემლობაში, როცა მეფე აქაბმა ნება დართო თავის უცხოელ ცოლს იზებელს, დაეარსებინა ქვეყანაში ბაალისადმი თაყვანისმცემლობა. საბოლოოდ, იეჰოვამ სასჯელი გამოუტანა მეამბოხე სამეფოს. ოსიას მეშვეობით მან თქვა: „მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარყავი ღვთის შემეცნება, და მეც გადაგაყენებ ჩემი მღვდლობიდან“ (ოსია 4:6). ამის შემდეგ მოკლე ხანში აშურელებმა მიწასთან გაასწორეს ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო.
10 რა შეიძლება ითქვას სამხრეთ სამეფოზე, იუდაზე? იეხიზკიაჰუს დღეებში ესაიას მეშვეობით იეჰოვამ უთხრა მათ: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. . . ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე. . . ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის“ (ესაია 43:10, 21; 44:21). როცა სამხრეთ სამეფო ერთგული იყო ის უცხადებდა ერებს იეჰოვას დიდებას და გულით მართალ ადამიანებს აღძრავდა, თაყვანი ეცათ ღმერთისთვის ტაძარში და ესარგებლათ ლევიანებისგან შემდგარი კანონიერი სამღვდელოების სამსახურით.
უცხოქვეყნელები ისრაელში
11 უცხოქვეყნელების მდგომარეობა, რომლებიც გამოეხმაურნენ ერის მიერ დამოწმებას, გათვალისწინებული იყო მოსეს მეშვეობით მიცემულ რჯულში, რომელსაც მიდიანელი ცოლი ჰყავდა, სახელად ციფორა. ისრაელებთან ერთად ეგვიპტე დატოვა არაისრაელებისგან შემდგარმა ‘უამრავმა ჭრელმა ხალხმა’, რომელიც ესწრებოდა რჯულის მიცემას (გამოსვლა 2:16–22; 12:38; რიცხვნი 11:4). რახაბი და მისი ოჯახი გადაარჩინეს იერიხონიდან და მოგვიანებით იუდეველთა კრებაში მიიღეს (იესო ნავეს ძე 6:23–25). ცოტა ხნის შემდეგ ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადეს გაბაონელებმა, რომლებსაც დააკისრეს კარავთან დაკავშირებული დავალებები (იესო ნავეს ძე 9:3–27; ასევე იხილე მესამე მეფეთა 8:41–43; ესთერი 8:17).
12 მოგვიანებით უცხოქვეყნელებს მაღალი თანამდებობები ეკავათ. ურია ხეთელი, ბარშებაყის ქმარი, ცელეკ ყამონელის მსგავსად, დავითის ‘მეთაურთა’ შორის მყოფ კაცად ითვლებოდა (პირველი ნეშტთა 11:26, 39, 41; მეორე მეფეთა 11:3, 4). ეთიოპელი ყებედ-მელექი სასახლეში მსახურობდა და მეფესთან შესვლის ნებართვა ჰქონდა (იერემია 38:7–9). ბაბილონში გადასახლებიდან ისრაელის დაბრუნების შემდეგ არაისრაელ შეწირულებს უფრო დიდი პასუხისმგებლობა მიეცათ მღვდლებისთვის დახმარების გაწევაში (პირველი ეზრა 7:24). რადგან ერთგული უცხოქვეყნელების, ანუ მდგმურების რიგი, დღეს უამრავი ხალხის მომასწავებელ ნიშნად განიხილება, ჩვენ გვაინტერესებს მათი მდგომარეობა.
13 ასეთი ადამიანები იყვნენ პროზელიტები, იეჰოვასადმი მიძღვნილი თაყვანისმცემლები, რომლებიც მოსეს რჯულს ექვემდებარებოდნენ და ისრაელთან ერთად გამოყოფილი იყვნენ ერებისგან (ლევიანნი 24:22). ისრაელების მსგავსად, ისინი მსხვერპლს სწირავდნენ და თავს იკავებდნენ ცრუ თაყვანისმცემლობისა და სისხლისგან (ლევიანნი 17:10–14; 20:2). მათ მხარი დაუჭირეს სოლომონის ტაძრის აშენებას და მეფეების ასასა და იეხიზკიაჰუს ქვეშევრდომობით შეუერთდნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას (პირველი ნეშტთა 22:2; მეორე ნეშტთა 15:8–14; 30:25). როცა ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს პეტრემ სამეფოს პირველი გასაღები გამოიყენა, მის სიტყვებს ისმენდნენ „იუდეველნი და რჯულშეცვლილნი“. სავსებით დასაშვებია, რომ იმ დღეს სამი ათასი მონათლულიდან ზოგიერთი პროზელიტი ყოფილიყო (საქმეები 2:11, 41). ამის შემდეგ მოკლე ხანში, სანამ პეტრე სამეფოს ბოლო გასაღებს კორნელიოსისა და მისი ოჯახის შემთხვევაში გამოიყენებდა, ფილიპემ მონათლა ეთიოპელი პროზელიტი (მათე 16:19; საქმეები 8:26–40; 10:30–48). აშკარაა, რომ პროზელიტები არ ითვლებოდნენ წარმართებად.
14 მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანაში პროზელიტების მდგომარეობა განსხვავდებოდა მკვიდრი ისრაელების მდგომარეობისგან. პროზელიტები არ მსახურობდნენ მღვდლებად და მათი პირმშოები არ იყვნენ წარდგენილები ლევიანურ მღვდელმსახურებაშიb. და პროზელიტებს არ ჰქონდათ ისრაელში მემკვიდრეობითი მიწა. მიუხედავად ამისა, ისრაელებს ებრძანათ, ყურადღებიანები ყოფილიყვნენ ერთგული პროზელიტებისადმი და ძმებად ჩაეთვალათ ისინი (ლევიანნი 19:33, 34).
სულიერი ერი
15 რჯული განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ ისრაელებს დაეცვათ სიწმინდე და განცალკევებულად ყოფილიყვნენ მათ გარშემო მცხოვრები ერებისგან. მაგრამ ეს სხვა მიზანსაც ემსახურებოდა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით“ (გალატელთა 3:24). სამწუხაროდ, ისრაელების უმრავლესობამ არ დაუშვა, რომ რჯულს ქრისტესკენ წარემართა ისინი (მათე 23:15; იოანე 1:11). ამიტომ იეჰოვა ღმერთმა უარყო ეს ერი და შექმნა პირობები ‘ღვთის ისრაელის’ შობისთვის. გარდა ამისა, მან არაიუდეველებიც მოიწვია, რომ გამხდარიყვნენ ამ ახალი ისრაელის სრულუფლებიანი მოქალაქეები (გალატელთა 3:28; 6:16). ზუსტად ამ ახალ ერში შესანიშნავად და საბოლოოდ სრულდება გამოსვლის 19:5, 6-ში ჩაწერილი იეჰოვას აღთქმა მეფური სამღვდელოების შესახებ. როგორ?
16 პეტრემ გამოიყენა გამოსვლის 19:6-ში ჩაწერილი სიტყვები, როცა მის დღეებში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „თქვენ. . . რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრილი ხალხი“ (1 პეტრე 2:9). რას ნიშნავს ეს? არიან თუ არა დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები მეფეები? არა, მათი მეფობა ჯერ მომავალშია (1 კორინთელთა 4:8). მაგრამ ისინი ‘მეფურები’ არიან იმ გაგებით, რომ ამორჩეულები არიან მომავალი სამეფო უპირატესობებისთვის. ისინი დღესაც წარმოადგენენ ერს დიდებული და უზენაესი იეჰოვა ღმერთის მიერ დანიშნული მეფე იესოს ქვეშევრდომობით. პავლე წერდა: „[იეჰოვამ] გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლასელთა 1:13).
17 წარმოადგენენ თუ არა დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები სამღვდელოებას? გარკვეულწილად, დიახ. როგორც კრება, ისინი უდავოდ ასრულებენ მღვდლების ფუნქციას. პეტრემ ახსნა ეს, როცა თქვა: ‘თქვენ აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად’ (1 პეტრე 2:5; 1 კორინთელთა 3:16). დღეს ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი ერთობლივად წარმოადგენს ‘ერთგულ და გონიერ მონას’, არხს, რომლის საშუალებითაც ვრცელდება სულიერი საზრდო (მათე 24:45–47). ისევე, როგორც ძველი დროის ისრაელის შემთხვევაში იყო, ყოველი, ვისაც სურს, ეთაყვანოს იეჰოვას, უნდა მოქმედებდეს ამ ცხებულ ქრისტიანებთან ერთად.
18 გარდა ამისა, ცხებულ ქრისტიანებზე გადავიდა ისრაელის უპირატესობა, დაემოწმებინათ იეჰოვას სიდიადეზე ერთა შორის. კონტექსტი გვიჩვენებს, რომ, როცა პეტრემ ცხებულ ქრისტიანებს სამეფო სამღვდელოება უწოდა, ის გულისხმობდა სამქადაგებლო მსახურებას. ნამდვილად, მან ერთ ციტატაში გააერთიანა გამოსვლის 19:6-ში ჩაწერილი იეჰოვას აღთქმა და ესაიას 43:21-ში ჩაწერილი მისივე სიტყვები, როცა თქვა: „თქვენ. . . ხართ. . . სამეფო სამღვდელოება, . . .რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ“ (1 პეტრე 2:9). ამის შესაბამისად იეჰოვას ღირსშესანიშნავი თვისებების გამოცხადების შესახებ პავლე ლაპარაკობდა, როგორც მსხვერპლზე, რომელიც ტაძარში მოაქვთ. მან დაწერა: „[იესოს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“ (ებრაელთა 13:15).
ზეციერი შესრულება
19 მაგრამ გამოსვლის 19:5, 6 ბევრად უფრო დიდებულად სრულდება. წიგნში „გამოცხადება“ მოციქული იოანე ისმენს, თუ როგორ იყენებენ ზეციერი ქმნილებები ამ მუხლს აღდგენილი იესოს განდიდებისას: „შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან. და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ დედამიწაზე“ (გამოცხადება 5:9, 10). ამიტომ, საბოლოო გაგებით, სამეფო სამღვდელოება არის ღმერთის ზეციერი სამეფო, მმართველი ხელისუფლება, რომლისთვისაც იესომ გვასწავლა ლოცვა (ლუკა 11:2). ყველა 144 000 ცხებულ ქრისტიანს, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან, წილი ექნებათ ამ სამეფოში (გამოცხადება 20:4, 6). რამდენად შესანიშნავი შესრულება აქვს აღთქმას, რომელიც ასე დიდი ხნის წინ მიეცა მოსეს!
20 რა საერთო აქვს ყოველივე ამას უამრავი ხალხის მდგომარეობასა და მომავალთან, როცა ყველა ცხებული მიიღებს თავის შესანიშნავ მემკვიდრეობას? ეს გაირკვევა ამ სერიის ბოლო სტატიაში.
[სქოლიოები]
a ისრაელის სამღვდელოების ზეიმით დამკვიდრებისას აღრიცხული იყვნენ ისრაელის ყოველი არალევიანური ტომის პირველშობილი ძეები და ლევის ტომის მამრობითი სქესის წარმომადგენლები. აღმოჩნდა, რომ პირმშოები ლევიანებზე 273-ით მეტი იყვნენ. ამიტომ, იეჰოვამ ბრძანა, რომ ნამეტის გამოსასყიდად 273-დან თითოეულისთვის გადაეხადათ ხუთი შეკელი.
b არაისრაელებისგან შემდგარი მრავალი ჭრელი ხალხი ესწრებოდა ძველი წელთაღრიცხვით 1513 წელს რჯულის ზეიმით შემოღებას, მაგრამ მათი პირმშოები არ იყვნენ აღრიცხული, როცა ისრაელის პირმშოების სანაცვლოდ ლევიანები იყვნენ აყვანილი (იხილე აბზაცი 8). აქედან გამომდინარე, არაისრაელების პირმშოების ნაცვლად ლევიანები არ იყვნენ აყვანილი.
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ როგორ ხდება თანდათანობით უფრო უკეთესად გასაგები სხვა ცხვრების მდგომარეობა?
◻ რატომ მოჰკვეთა იეჰოვამ თავისი მღვდლობიდან ჩრდილოეთ ისრაელის სამეფო?
◻ როგორი მდგომარეობა ჰქონდა იუდას ერების წინაშე, როცა ერთგული იყო?
◻ როგორი იყო ისრაელში მცხოვრები ერთგული პროზელიტების მდგომარეობა?
◻ რა მხრივ მსახურობს ცხებული კრება, როგორც მღვდელთა სამეფო?
[სასწავლო კითხვები]
1–3. ა) რომელი დიდებული ზეციერი პერსპექტივები აქვთ ცხებულ ქრისტიანებს? ბ) როგორ ცდილობდა სატანა პირველი საუკუნის კრების განადგურებას? გ) ათას ცხრაას ცხრამეტ წელს მომხდარმა რომელმა შემთხვევამ ცხადყო, რომ სატანის მცდელობები, გაეხრწნა ცხებული ქრისტიანული კრება, გაცრუვდა?
4. ქრისტიანებისგან შემდგარი რომელი ჯგუფი გახდა თვალსაჩინო განსაკუთრებით 1930-იან წლებში?
5. თანდათანობით როგორ ნათდებოდა სხვა ცხვრების მდგომარეობა?
6. რა აკავშირებს ცხებულებისა და სხვა ცხვრების მდგომარეობას დღეს და რომელი კითხვები წამოიჭრება ამასთან დაკავშირებით?
7, 8. რა გაგებით იყო ძველი დროის ისრაელი რჯულის კავშირს დაქვემდებარებული მღვდელთა სამეფო და წმინდა ერი?
9. რა მიზეზით მოჰკვეთა იეჰოვამ ‘თავისი მღვდლობიდან’ ისრაელის ჩრდილოეთ სამეფო?
10. როცა ერთგული იყო, როგორ ამოწმებდა იუდას სამხრეთ სამეფო იეჰოვას შესახებ ერების წინაშე?
11, 12. დაასახელე რამდენიმე უცხოქვეყნელი, რომლებიც ისრაელთან ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას.
13, 14. ა) რომელი უპირატესობები და პასუხისმგებლობები ჰქონდათ პროზელიტებს ისრაელში? ბ) რად უნდა ჩაეთვალათ ისრაელებს ერთგული პროზელიტები?
15. რა იყო შედეგი, როცა ხორციელმა ისრაელმა უარყო მესიის მიღება?
16, 17. რა გაგებით არიან დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები ‘მეფურები’? ‘სამღვდელოება’?
18. რომელი პირველხარისხოვანი პასუხისმგებლობა აქვს დედამიწაზე არსებულ ცხებულ ქრისტიანულ კრებას, როგორც სამღვდელოებას?
19. საბოლოოდ, რამდენად დიდებულად სრულდება აღთქმა იმის შესახებ, რომ ისრაელი იქნება მღვდელთა სამეფო?
20. ჯერ კიდევ რომელ კითხვაზე არის გასაცემი პასუხი?