ლუკას სახარება
4 წმინდა სულით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანიდან და სულმა* ის უდაბნოში წაიყვანა.+ 2 იგი 40 დღე იყო უდაბნოში, სადაც ეშმაკმა გამოსცადა.+ ამ დროის განმავლობაში არაფერი უჭამია; ბოლოს მოშივდა. 3 მაშინ ეშმაკმა უთხრა: „თუ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვა პურად იქცეს“. 4 იესომ მიუგო: «დაწერილია: „კაცმა მხოლოდ პურით არ უნდა იცოცხლოს“».+
5 შემდეგ ეშმაკმა ის მთაზე აიყვანა, თვალის დახამხამებაში აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო+ 6 და უთხრა: „შენ მოგცემ მთელ ძალაუფლებასა და დიდებას, რადგან მე გადმომეცა+ და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ. 7 თუ თაყვანს მცემ, ეს ყველაფერი შენი იქნება“. 8 იესომ მიუგო: «დაწერილია: „იეჰოვას*, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“».+
9 შემდეგ ის იერუსალიმში მიიყვანა, ტაძრის გალავანზე* დააყენა და უთხრა: «თუ ღვთის ძე ხარ, გადახტი,+ 10 რადგან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან“, 11 და „ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა“».+ 12 იესომ მიუგო: «ნათქვამია: „არ გამოსცადო იეჰოვა*, შენი ღმერთი“».+ 13 მეტად აღარ უცდია ეშმაკს მისი ცდუნება და გაშორდა მას, სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა.+
14 იესო სულმა გალილეაში დააბრუნა.+ მთელ შემოგარენში მის კარგ საქმეებზე ლაპარაკობდნენ. 15 მან სინაგოგებშიც დაიწყო სწავლება და ყველა დიდ პატივს სცემდა.
16 შემდეგ იესო ნაზარეთში+ ჩავიდა, იქ, სადაც გაიზარდა. შაბათს, ჩვეულებისამებრ, სინაგოგაში შევიდა.+ წასაკითხად რომ წამოდგა, 17 მას ესაია წინასწარმეტყველის გრაგნილი მიაწოდეს. გაშალა მან გრაგნილი და ის ადგილი მოძებნა, სადაც ეწერა: 18 „იეჰოვას* სულია ჩემზე, რადგან მან მცხო ღარიბთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად, უსინათლოთათვის თვალების ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად+ 19 და იეჰოვას* წყალობის წელიწადის შესახებ საქადაგებლად“.+ 20 ამის შემდეგ გრაგნილი დაახვია, მსახურს დაუბრუნა და დაჯდა. სინაგოგაში ყველამ მას მიაპყრო მზერა. 21 მან უთხრა მათ: „დღეს შესრულდა წმინდა წერილების ის მონაკვეთი, რომელიც ახლა მოისმინეთ“.+
22 ყველა კარგს ლაპარაკობდა მასზე, აოცებდათ მისი მადლიანი საუბარი+ და ამბობდნენ: „ეს იოსების ვაჟი არ არის?!“+ 23 მან უთხრა მათ: «თქვენ ამ ანდაზას მომისადაგებთ: „მკურნალო, საკუთარი თავი განკურნეო“, და მეტყვით, შენს მშობლიურ მხარეშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში+ მოგიხდენიაო». 24 შემდეგ დასძინა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: არცერთ წინასწარმეტყველს არ აფასებენ თავის მშობლიურ მხარეში.+ 25 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ისრაელში ელიას დროს მრავალი ქვრივი ცხოვრობდა, როცა სამი წელი და ექვსი თვე ცა დახშული იყო და დიდი შიმშილობა იყო იმ მიწაზე,+ 26 მაგრამ ღმერთს ელია არცერთ მათგანთან არ გაუგზავნია; ის იმ ქვრივთან გაგზავნა, რომელიც სარეფთაში, სიდონის+ მიწაზე, ცხოვრობდა. 27 ელისე წინასწარმეტყველის დროს ისრაელში მრავალი კეთროვანი იყო, მაგრამ არცერთი მათგანი არ განკურნებულა, მხოლოდ სირიელი ნაამანი განიკურნა“.+ 28 სინაგოგაში ვინც ეს მოისმინა, ყველა განრისხდა;+ 29 წამოდგნენ, სასწრაფოდ გააძევეს ის ქალაქიდან და იმ მთის თხემთან მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, და გადაგდება დაუპირეს. 30 თუმცა მან მათ შორის გაიარა და წავიდა.+
31 ჩავიდა იესო გალილეის ქალაქ კაპერნაუმში. შაბათს ხალხს რომ ასწავლიდა,+ 32 ისინი განცვიფრებული იყვნენ იმით, თუ როგორ ასწავლიდა,+ რადგან ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა. 33 იმ დროს სინაგოგაში ერთი უწმინდური დემონით შეპყრობილი კაცი იყო და ხმამაღლა ყვიროდა:+ 34 „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ვიცი, ვინცა ხარ; ღვთის წმინდა ხარ!“+ 35 იესომ შერისხა ის და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ დემონმა მათ თვალწინ ძირს დააგდო ის კაცი და ისე გამოვიდა მისგან, რომ ზიანი არ მიუყენებია. 36 ყველანი განცვიფრდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ნახე, რა ძალა აქვს მის სიტყვებს! უწმინდურ სულებს უბრძანებს და ისინიც გამოდიან!“ 37 ეს ამბავი მთელ შემოგარენში გავრცელდა.
38 ის სინაგოგიდან სიმონთან წავიდა. სიმონის სიდედრს მაღალი სიცხე ჰქონდა და იესოს შველა სთხოვეს.+ 39 მიუახლოვდა მას და განკურნა ციებ-ცხელებისგან. ქალი მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.
40 მზის ჩასვლისას მასთან სხვადასხვა სენით დაავადებულები მიჰყავდათ. ის ხელებს ადებდა მათ და კურნავდა.+ 41 ბევრი თავისუფლდებოდა დემონებისგან, რომლებიც ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ იესო კი რისხავდა მათ და ლაპარაკს უკრძალავდა,+ რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო.+
42 გამთენიისას იესო უკაცრიელი ადგილისკენ გაემართა.+ ხალხმა ძებნა დაუწყო, და როცა იპოვეს, სთხოვეს, რომ მათთან დარჩენილიყო. 43 იესომ კი უთხრა მათ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“.+ 44 წავიდა და იუდეის სინაგოგებში ქადაგებდა.