თავი 6
მან იეჰოვას გული გადაუშალა
1, 2. ა) რატომ არ უხაროდა ხანას, როცა გასამგზავრებლად ემზადებოდა? ბ) რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
ხანა გასამგზავრებლად ემზადებოდა და ცდილობდა, თავის პრობლემებზე აღარ ეფიქრა. ალბათ, ირგვლივ ყველა გახარებული იქნებოდა. მის ქმარს, ელკანას, მთელი ოჯახი, ტრადიციისამებრ, ყოველ წელს შილოში მიჰყავდა, რათა კარავში თაყვანი ეცათ იეჰოვასთვის. იეჰოვას სურდა, რომ ასეთი დღესასწაულები სასიხარულო ყოფილიყო (წაიკითხეთ კანონის 16:15). უდავოა, ბავშვობიდან მოყოლებული ხანას ძალიან უყვარდა ასეთ დღესასწაულებზე ყოფნა. მაგრამ ბოლო წლებში მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა.
2 ხანასთვის კურთხევა იყო, რომ ჰყავდა მოსიყვარულე მეუღლე. თუმცა ელკანას მეორე ცოლიც ჰყავდა. მას ფენინა ერქვა. ის გამუდმებით ცდილობდა, ხანასთვის სიცოცხლე გაემწარებინა. ფენინა ყოველწლიურ დღესასწაულებზეც კი უწამლავდა სიცოცხლეს ხანას. როგორ დაეხმარა ხანას იეჰოვასადმი რწმენა, გაეძლო ამ, ერთი შეხედვით, აუტანელი ვითარებისთვის? თუკი თქვენც გაქვთ პრობლემები, რომლებიც სიცოცხლის ხალისს გიკარგავთ, ხანას მაგალითი აუცილებლად გაგამხნევებთ.
„რატომ გაქვს გული დამწუხრებული?“
3, 4. რა ორი პრობლემა ჰქონდა ხანას, და რატომ იყო რთული მათთან გამკლავება?
3 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ხანას ორი დიდი პრობლემა ჰქონდა. პირველს ასე თუ ისე თავს ართმევდა, მეორესთან კი სრულიად უძლური იყო. ერთი ის იყო, რომ ელკანას მეორე ცოლიც ჰყავდა, რომელსაც ხანა სძულდა. მეორე კი ის, რომ ხანა უშვილო იყო. ეს მართლაც დიდი პრობლემაა ნებისმიერი ქალისთვის, რომელსაც სურს, შვილები ჰყავდეს. მაგრამ ხანას დროს ეს საკითხი უფრო მწვავედ იდგა. თითოეულ ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ გვარის გამგრძელებელი ეყოლებოდათ. უშვილობა იმ დროს დამამცირებლად და სამარცხვინოდ ითვლებოდა.
4 ალბათ, ხანა უფრო ადვილად გაუმკლავდებოდა თავის პრობლემას, ფენინას რომ არ გაემწარებინა მისთვის ცხოვრება. მრავალცოლიან ოჯახში ცხოვრება ადვილი ნამდვილად არ იქნებოდა. ასეთი ოჯახებისთვის უცხო არ იყო მეტოქეობა, კამათი და გულისტკენა. ეს ძალიან განსხვავდებოდა მონოგამიისგან ანუ ერთცოლიანობისგან, რასაც ღმერთმა ედემის ბაღში ჩაუყარა საფუძველი (დაბ. 2:24). ბიბლია მუქ ფერებში გვიხატავს პოლიგამიის ანუ მრავალცოლიანობის პირქუშ სურათს და ამის თვალსაჩინო მაგალითი ელკანას ოჯახია.
5. რატომ ცდილობდა ფენინა ხანას გამწარებას და როგორ სტკენდა გულს?
5 ელკანას ხანა მეორე ცოლზე მეტად უყვარდა. იუდეველთა გადმოცემების თანახმად, ელკანამ პირველად ხანა შეირთო ცოლად, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფენინა. ნებისმიერ შემთხვევაში ფენინას შურდა ხანასი და ყველანაირ საშუალებას ეძებდა, რომ გაემწარებინა ის. ფენინა თავს იმით ამეტებდა ხანას, რომ შვილები ჰყავდა. ის ერთიმეორის მიყოლებით უჩენდა შვილებს ელკანას და ამასთან ერთად სიამაყის გრძნობაც უათკეცდებოდა. ნაცვლად იმისა, რომ შესულიყო ხანას მდგომარეობაში და ენუგეშებინა, ფენინა ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ფენინა ამწარებდა მას და „გულს სტკენდა“ (1 სამ. 1:6). ამას გამიზნულად აკეთებდა. მას უნდოდა, რომ რამენაირად ევნო ხანასთვის და აღწევდა კიდეც ამას.
6, 7. ა) რატომ არ უზიარებდა ხანა ელკანას თავის სატკივარს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი მის ნუგეშისცემას ცდილობდა? ბ) ის ფაქტი, რომ ხანა უშვილო იყო, ნიშნავდა იმას, რომ იეჰოვა უკმაყოფილო იყო მისით? ახსენით (იხილეთ სქოლიო).
6 როგორც ჩანს, ფენინას ხანას გასამწარებლად ყველაზე კარგი შესაძლებლობა შილოში გამართულ დღესასწაულზე ეძლეოდა. ფენინას თითოეულ შვილს — „თავის ვაჟებსა და ასულებს“ — ელკანა იეჰოვასთვის შესაწირავს უნაწილებდა. ხანას კი, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, მხოლოდ ერთ წილს აძლევდა. ამ დროს ფენინა ახსენებდა ხანას, რომ უშვილო იყო და ამცირებდა, საბრალო ქალი კი ტირილს იწყებდა და პირს არაფერს აკარებდა. ელკანა ხედავდა, რომ მისი საყვარელი ცოლი დაღონებული იყო და არაფერს ჭამდა; ამიტომ, ცდილობდა ენუგეშებინა. „ხანა, — ეუბნებოდა ელკანა. — რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული? განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“ (1 სამ. 1:4—8).
7 ელკანა ხვდებოდა, რომ ხანა უშვილობას განიცდიდა. უდავოა, ხანა აფასებდა, რომ ქმარი თავის სიყვარულში არწმუნებდა.a ბიბლიიდან არ ჩანს, რომ ელკანას როდესმე ეხსენებინოს, როგორი ბოროტი იყო ფენინა და არც ის ჩანს, რომ ხანა მას ამის შესახებ უყვებოდა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ, თუ გაახმაურებდა ამ ამბავს, მდგომარეობას უფრო გაირთულებდა. შეძლებდა განა ელკანა რამის შეცვლას? შესაძლოა ფენინა უფრო გაბოროტებულიყო და მის შვილებსა და მსახურებსაც მოეძულებინათ. და ხანა, ალბათ, თავს უფრო გარიყულად იგრძნობდა საკუთარ სახლში.
ხანამ იეჰოვას მიმართა ნუგეშისთვის, როცა სახლში ცუდად ექცეოდნენ
8. რატომ არის მანუგეშებელი იეჰოვას სამართლიანობაზე ფიქრი, როცა ვინმე უსამართლოდ გვექცევა ან ბოროტებას გვიკეთებს?
8 ჩვენ არ ვიცით, იცოდა თუ არა ელკანამ ის, რასაც ფენინა უკეთებდა ხანას, მაგრამ იმაში დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა ღმერთი ყველაფერს ხედავდა. მისი სიტყვა მთლიან სურათს გვიხატავს და სერიოზულ გაფრთხილებას აძლევს მათ, ვინც შურსა და სიძულვილს ავლენს, თუნდაც ეს მათთვის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო იყოს. მეორე მხრივ კი, ხანას მსგავს პატიოსან და მშვიდობისმყოფელ ადამიანებს შეუძლიათ თავი ინუგეშონ იმით, რომ სამართლიანი ღმერთი თავის დროზე ისე მოაგვარებს ყველაფერს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ (წაიკითხეთ კანონის 32:4). ეს კარგად იცოდა ხანამ და ამიტომაც მიმართა იეჰოვას დახმარებისთვის.
„აღარ დამწუხრებია სახე“
9. რის სწავლა შეგვიძლია ხანასგან, რომელიც არ შეუშინდა მეტოქეს და არ დარჩა სახლში?
9 დილაუთენია მთელი ოჯახი ფეხზე იდგა. ყველა ფუსფუსებდა; ბავშვებიც კი გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. შილოში რომ ჩასულიყვნენ, ეფრემის მთაგორიან მხარეში 30 კილომეტრზე მეტი უნდა გაევლოთ.b ამ გზის ფეხით გავლას ერთი ან ორი დღე დასჭირდებოდა. ხანამ იცოდა, როგორ მოიქცეოდა მისი მეტოქე, ელკანას მეორე ცოლი, მაგრამ მაინც არ დარჩა სახლში. ამგვარად, მან ღვთის მსახურებს შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა. ნამდვილად არაგონივრულია, რომ ვინმესთან დაძაბულმა ურთიერთობამ ღვთის თაყვანისმცემლობაში შეგვიშალოს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ ღვთის კურთხევებს, რომლებიც სირთულეების ატანაში გვეხმარება.
10, 11. ა) რატომ წავიდა ხანა შილოში ჩასვლისთანავე კარავში? ბ) როგორ გადმოუღვარა გული ხანამ თავის ზეციერ მამას ლოცვაში?
10 მთებში მთელი დღე მიხვეულ-მოხვეული გზებზე სიარულის შემდეგ, როგორც იქნა, შილო გამოჩნდა. ისინი ქალაქის სიახლოვეს მთებს შორის მოქცეულ ერთ-ერთ გორაკზე შეისვენეს. ალბათ, რაც უფრო უახლოვდებოდნენ შილოს, ხანა მით უფრო ფიქრობდა იმაზე, თუ რა უნდა ეთხოვა იეჰოვასთვის ლოცვაში. ჩავიდნენ თუ არა დანიშნულ ადგილას, დასხდნენ პურის საჭმელად. როგორც კი მიეცა შესაძლებლობა, ხანა გამოეყო თავის ოჯახს და იეჰოვას კარვისკენ გასწია. მღვდელმთავარი ელი კარის წირთხლთან იჯდა, მაგრამ ხანას არც კი შეუმჩნევია, რადგან მხოლოდ თავის ღმერთზე ფიქრობდა. კარავთან მყოფი ხანა დარწმუნებული იყო, რომ შესმენილი იქნებოდა მისი ლოცვა და, თუ სხვა ვერავინ გაიგებდა ბოლომდე მის გულისტკივილს, ზეციერი მამა აუცილებლად გაუგებდა. გამწარებულმა ხანამ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ აქვითინდა.
11 ხანას მთელი სხეული უცახცახებდა; ის გულამოსკვნილი ტიროდა და გულში ლოცულობდა. როცა იეჰოვას უმხელდა თავის სატკივარს, ბაგეები უთრთოდა. ის დიდხანს ლოცულობდა და თავის ზეციერ მამას გულს უშლიდა. ხანა არა მხოლოდ სთხოვდა ღმერთს, რომ მისი აუხდენელი ოცნება შეესრულებინა და შვილი მიეცა მისთვის, არამედ თვითონაც მზად იყო ღვთისთვის გაეღო ის, რაც შეეძლო. ამიტომ, აღთქმა დადო, რომ თუ ვაჟი ეყოლებოდა, იეჰოვას მიუძღვნიდა, რათა მთელი სიცოცხლე მისთვის ემსახურა (1 სამ. 1:9—11).
12. როგორც ხანას მაგალითიდან ვხედავთ, რა უნდა გვახსოვდეს ლოცვისას?
12 ხანამ ლოცვის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. იეჰოვა მთელი გულით იწვევს თავის ხალხს, რომ გადაუშალონ მას გული და, როგორც პატარა ბავშვებმა თავიანთ მშობლებს, ისე გაანდონ თავიანთი საწუხარი (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:8; 1 თესალონიკელების 5:17). მოციქულმა პეტრემ ლოცვის შესახებ ღვთისგან შთაგონებით შემდეგი გამამხნევებელი სიტყვები დაწერა: „ყველა თქვენი საწუხარი მას [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტ. 5:7).
13, 14. ა) რა არასწორი დასკვნა გააკეთა ელიმ? ბ) რა რეაქცია ჰქონდა ხანას ელის სიტყვებზე, რითაც რწმენის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა?
13 ადამიანი ისე ვერასდროს შევა თქვენს მდგომარეობაში და ვერ თანაგიგრძნობთ, როგორც იეჰოვა. როდესაც ხანა ქვითინებდა და ლოცულობდა, უეცრად ვიღაცის ხმა შემოესმა. ეს იყო მღვდელმთავარი ელი, რომელიც მას აკვირდებოდა. ელიმ უთხრა: „როდემდე უნდა იყო მთვრალი! გამოფხიზლდი“. ელი ხედავდა, როგორ უთრთოდა ხანას ბაგეები, როგორ ქვითინებდა და როგორი დათრგუნული იყო. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, რამე ხომ არ უჭირდა, მღვდელმთავარმა ნაჩქარევად დაასკვნა, რომ ხანა მთვრალი იყო (1 სამ. 1:12—14).
14 როგორ ატკენდა გულს ისედაც სულგამწარებულ ხანას ასეთი უსაფუძვლო ბრალდება, თანაც იმ ადამიანისგან, რომელსაც ესოდენ საპატიო მდგომარეობა ეკავა! მან ამ მხრივაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ხანას არ აბრკოლებდა ადამიანური არასრულყოფილება და იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლად რჩებოდა. მან თავაზიანად უპასუხა ელის და აუხსნა, თუ რა მდგომარეობაში იყო. როგორც ჩანს, ელი მიხვდა, რომ არასწორად მოიქცა და, შესაძლოა, უფრო რბილად უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“ (1 სამ. 1:15—17).
15, 16. ა) როგორ იმოქმედა ხანაზე იმან, რომ კარავში თაყვანი სცა იეჰოვას და გული გადაუშალა? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ხანას, როცა უარყოფითი გრძნობები მოგვეძალება?
15 როგორ იმოქმედა ხანაზე იმან, რომ კარავში თაყვანი სცა იეჰოვას და გული გადაუშალა? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა ქალი, ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:18). ხანამ შვება იგრძნო. მან თითქოს მხრებიდან მოიხსნაო მძიმე ტვირთი და მისი ტარება თავისზე გაცილებით ძლიერს, ზეციერ მამას მიანდო (წაიკითხეთ ფსალმუნის 55:22). განა არის რაიმე პრობლემა, რაც ღვთისთვის მძიმე სატარებელი იქნება?! არც ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება!
16 თუ გულდამძიმებული, გულგატეხილი და განადგურებული ვართ, კარგი იქნება, თუ ხანას მივბაძავთ და გულს გადავუშლით მას, ვისაც ბიბლია „ლოცვების მომსმენს“ უწოდებს (ფსალმ. 65:2). და თუ ამას რწმენით გავაკეთებთ, ჩვენს მწუხარებასაც შეცვლის „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილ. 4:6, 7).
„არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“
17, 18. ა) როგორ დაუჭირა მხარი ელკანამ ხანას დადებული აღთქმის შესრულებაში? ბ) რას ვეღარ ახერხებდა ფენინა?
17 მეორე დილას ხანა ელკანასთან ერთად მივიდა კარავში. ალბათ, ის მოუყვებოდა ქმარს, თუ რა სთხოვა ღმერთს და რა აღთქმა დაუდო. მოსეს კანონის თანახმად, ქმარს უფლება ჰქონდა, გაეუქმებინა ცოლის აღთქმა, თუ მასთან შეთანხმების გარეშე ექნებოდა დადებული (რიცხ. 30:10—15). მაგრამ ამ ერთგულმა მამაკაცმა ეს არ გააკეთა. პირიქით, ელკანამ და ხანამ ერთად სცეს იეჰოვას თაყვანი კარავში და შემდეგ დაბრუნდნენ სახლში.
18 ზუსტად როდის მიხვდა ფენინა, რომ ხანას აღარ აღიზიანებდა მისი საქციელი? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა გამოთქმა „აღარ დამწუხრებია სახე“ იმაზე მიუთითებს, რომ ხანას მას შემდეგ ხალისი დაუბრუნდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ფენინა მალე მიხვდა, რომ თავისი ბოროტებით ხანას ვეღარ ატკენდა გულს. მას შემდეგ ბიბლიაში ფენინა აღარსად არის მოხსენიებული.
19. რა კურთხევა მიიღო ხანამ და ვის უმადლოდა ამას?
19 რამდენიმე თვის შემდეგ ხანამ სულის სიმშვიდესთან ერთად უდიდესი სიხარულიც იგრძნო. ის ფეხმძიმედ იყო! მთელი ამ ხნის განმავლობაში მას არც ერთხელ არ დავიწყებია, თუ ვისგან ჰქონდა ეს კურთხევა. მას ვაჟი ეყოლა და ხანამ მას სამუელი დაარქვა, რაც „ღვთის სახელს“ ნიშნავს და, შესაძლოა, ამაში ღვთის სახელის მოხმობა იგულისხმება, როგორც თავის დროზე თვითონ გააკეთა. იმ წელს ის არ გაჰყოლია ელკანასა და ოჯახის დანარჩენ წევრებს შილოში. სამი წლის განმავლობაში სახლში რჩებოდა, სანამ ბავშვი არ მოსწყვიტა ძუძუს. მან მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ მომზადებულიყო იმ დღისთვის, როცა თავის საყვარელ შვილთან განშორება მოუწევდა.
20. როგორ შეასრულეს ხანამ და ელკანამ პირობა?
20 განშორება ადვილი არ იყო. რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ სამუელს შილოში არაფერი გაუჭირდებოდა. ალბათ, მას მზრუნველობას არ მოაკლებდნენ კარავში მომსახურე ქალები. თუმცა, ის ძალიან პატარა იყო და დედის გული მასთან განშორებას ადვილად ვერ აიტანდა. ხანამ და ელკანამ თავიანთი შვილი კარავში უხალისოდ კი არა, სიხარულით მიიყვანეს. მათ ღვთის სახლში მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას, ელის წარუდგინეს სამუელი და უთხრეს, რა ჰქონდა ხანას წლების წინ აღთქმული.
21. როგორ გამოჩნდა ხანას ლოცვიდან მისი ძლიერი რწმენა? (იხილეთ ჩარჩო „ორი შესანიშნავი ლოცვა“).
21 ამის შემდეგ ხანამ მხურვალედ ილოცა და ეს ლოცვა ღმერთმა მოწონების ნიშნად თავის სიტყვაში ჩაწერა. როცა წაიკითხავთ 1 სამუელის 2:1—10-ში ჩაწერილ ხანას ლოცვას, დაინახავთ, რა ძლიერი რწმენითაა წარმოთქმული თითოეული სიტყვა. ხანა ხოტბას ასხამს იეჰოვას, რომელიც სასწაულებრივად იყენებს თავის ძალას — შეუდარებელ უნარს, რომ დაამდაბლოს ამაყი, აკურთხოს დაჩაგრული და სიცოცხლე მოუსწრაფოს ან სიკვდილისგან იხსნას ადამიანი. ის განადიდებს თავის ზეციერ მამას უბადლო სიწმინდის, სამართლიანობისა და ერთგულების გამო. ხანას მართლაც ჰქონდა მიზეზი, ეთქვა: „არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა“. იეჰოვა სრულიად სანდოა და არასდროს იცვლება. ის არის თავშესაფარი ყველა დაჩაგრულის, ვინც კი დახმარებისთვის მოუხმობს.
22, 23. ა) რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ სამუელს ეჭვი არ ეპარებოდა მშობლების სიყვარულში? ბ) კიდევ რით აკურთხა იეჰოვამ ხანა?
22 პატარა სამუელს შეეძლო ეამაყა თავისი დედით, რომელსაც იეჰოვასადმი დიდი რწმენა ჰქონდა. თუმცა მას ენატრებოდა დედა, თავი არასოდეს უგრძვნია მიტოვებულად. ხანა ყოველ წელს ადიოდა შილოში და აჰქონდა მისთვის მოსასხამი, რომელსაც კარავში მსახურებისას იცვამდა ბავშვი. მოსასხამის თითოეული ნაკერიდან ჩანდა, თუ რამხელა სიყვარულსა და მზრუნველობას აქსოვდა იგი მასში (წაიკითხეთ 1 სამუელის 2:19). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ აცმევდა და უსწორებდა ხანა ახალ მოსასხამს თავის ვაჟს, როგორი სიყვარულით შესციცინებდა და რა თბილ სიტყვებს ეუბნებოდა. სამუელისთვის დიდი კურთხევა იყო, ასეთი დედა რომ ჰყავდა და წლების შემდეგ თვითონაც კურთხევად იქცა როგორც თავისი მშობლებისთვის, ისე მთელი ისრაელისთვის.
23 ღმერთს არც ხანა დავიწყებია. იეჰოვამ აკურთხა ის და მას და ელკანას კიდევ ხუთი შვილი შეეძინათ (1 სამ. 2:21). როგორც ჩანს, ხანასთვის უდიდესი კურთხევა ის იყო, რომ ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, რომელიც წლების მანძილზე სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მიჰბაძეთ ხანას რწმენას და თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება!
a მართალია, ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვამ „საშვილოსნო დაუხშო“ ხანას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი რაღაცით უკმაყოფილო იყო ამ თავმდაბალი და ერთგული ქალით (1 სამ. 1:5). ბიბლია ზოგჯერ ღვთის მარჯვენას მიაწერს იმას, რასაც ის, უბრალოდ, დროდადრო უშვებდა.
b როგორც ჩანს, ელკანა ცხოვრობდა ქალაქ რამაში, რომელიც იესოს დროს ცნობილი იყო, როგორც არიმათეა.