ᲔᲓᲝᲛᲘ
(წითელი), ედომელი.
ედომი არის იაკობის ტყუპისცალი ძმის, ესავის, მეორე სახელი ან მეტსახელი (დბ. 36:1). ეს სახელი მას იმის გამო დაერქვა, რომ პირმშოობა წითელი ოსპის კერძში გაცვალა (დბ. 25:30—34). ისე დაემთხვა, რომ ესავი მთლად წითელი დაიბადა (დბ. 25:25) და იმ მხარეში, სადაც მოგვიანებით ის და მისი შთამომავლები დასახლდნენ, ნიადაგიც, ძირითადად, წითელი იყო.
სეირი და ედომი. ხარანში იაკობის 20-წლიანი ცხოვრების პერიოდში ესავმა (ედომი) „სეირის მიწის, ედომის ველის“ ათვისება დაიწყო (დბ. 32:3). ამგვარად, მამის სიცოცხლეშივე (დბ. 35:29) ესავმა, როგორც ჩანს, ისაკის წინასწარმეტყველური კურთხევის შესრულება დაიწყო: მან შეწყვიტა ხებრონის შემოგარენში ნაყოფიერი მიწების დამუშავება და, როგორც ჩანს, მის დაქვემდებარებაში მყოფ 400 კაცთან ერთად მახვილით გაჰქონდა თავი (დბ. 27:39, 40; 32:6, 8). თუმცა, როგორც ბიბლიიდან ჩანს, მისი სახლი, ანუ ძირითადი ბანაკი, ისევ ხებრონთან ახლოს იყო და მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 1738) ის საბოლოოდ გადავიდა სეირის მთიან მხარეში საცხოვრებლად. იმ დროისთვის მისი სახლეულობა გაიზარდა და დიდძალი ქონება დაუგროვდა (დბ. 36:6—8).
მანამდე სეირის მიწა ეკუთვნოდა ხორიელებს (დბ. 14:6; 36:20—30), მაგრამ ესავის ვაჟებმა განდევნეს ხორიელთა თავკაცები და იმ მხარეს დაეპატრონენ (კნ. 2:12). მას შემდეგ იმ ადგილს ედომის მიწას უწოდებდნენ, თუმცა მის ძველ სახელწოდებას, სეირსაც იყენებდნენ (რც. 24:18).
გეოგრაფიული აღწერილობა. ედომის ტერიტორია გადაჭიმული იყო დაახლოებით 160 კილომეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ — ჩრდილოეთით მოაბისგან ყოფდა ზერედის ხევი, სამხრეთი საზღვარი კი ელათთან (ელოთი), აკაბის ყურესთან მთავრდებოდა (კნ. 2:1—8, 13, 14; 1მფ. 9:26). აღმოსავლეთით ედომელების სამფლობელო, როგორც ჩანს, ვრცელდებოდა არაბეთის უდაბნოს კიდემდე, დასავლეთით კი კვეთდა არაბას ცინის უდაბნომდე და უერთდებოდა ნეგების მაღალმთიან მხარეს, რომელიც გადაჭიმული იყო მარილოვანი ზღვის სამხრეთ-დასავლეთი კიდიდან ქვემოთ კადეშ-ბარნეამდე. ამგვარად, ედომის ტერიტორიის დასავლეთი საზღვარი იყო იუდას ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი (იეს. 15:1; შდრ. რც. 34:3).
თუმცა ედომელთა დიდი ნაწილი, როგორც ჩანს, ცხოვრობდა არაბას აღმოსავლეთით, რადგან მთაგრეხილზე, რომლის ზოგიერთი მწვერვალი 1 700 მ-ს აღწევს, საკმაო რაოდენობის ნალექი მოდის. ეს იმით აიხსნება, რომ ნეგები, რომელიც არაბას დასავლეთით მდებარეობს, გაცილებით დაბლაა, რის გამოც ხმელთაშუა ზღვიდან წამოსული საწვიმარი ღრუბლები თავისუფლად გადადის მასზე და ედომის უფრო მაღალ მთებში ტოვებს დარჩენილ ნალექს. არქეოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ უძველესი დასახლებები და ციხე-სიმაგრეები მდებარეობდა გრძელი მთის პლატოს ყველაზე მაღალი ნაწილის სახნავ-სათესი მიწების ვიწრო ზოლის გასწვრივ, მაგრამ ისინი თანდათანობით მცირდება სამხრეთით აკაბის ყურისკენ. თანამედროვე ელ-ტაფილაში, რომელიც მკვდარი (მარილოვანი) ზღვის სამხრეთით დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს, ზეთისხილის დიდი კორომებია, რაც, ძირითადად, იმით აიხსნება, რომ ტერიტორიას კარგად რწყავს რვა წყარო, წლიური ნალექი კი სულ რაღაც 28 სმ-ს შეადგენს.
ნაყოფიერი მიწები ედომში ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ამ მთიან მხარეში უხვად იყო სპილენძისა და რკინის საბადოები. თანამედროვე ფეინანის შემოგარენში, რომელიც მკვდარი ზღვის სამხრეთით დაახლოებით 48 კმ-ში მდებარეობს, სამთო სამუშაოები და ლითონის გამოდნობა ხდებოდა. არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ აქ ადრე საკმაოდ დიდი წიწვოვანი ტყეები იყო.
ამ აღწერილობას ეთანხმება ისიც, რომ მოსემ, რომელმაც მაცნეები გაუგზავნა ედომის მეფეს, კადეშ-ბარნეას, სადაც ისრაელები იყვნენ გაჩერებულები, უწოდა „ქვეყნის საზღვართან მდებარე ქალაქი“ და ედომის ტერიტორიაზე მშვიდობიანად გავლის ნებართვის თხოვნისას მოიხსენია ყანები, ვენახები და ჭები (რც. 20:14—17).
სტრატეგიული მდებარეობა. მოსემ ისრაელისთვის ითხოვა ნებართვა, ედომის გავლით წასულიყვნენ „სამეფო გზაზე“ (რც. 20:17). როგორც ჩანს, სამეფო გზა მიემართებოდა აკაბის ყურედან სირიის დამასკომდე, კვეთდა ედომის ტერიტორიას და გადიოდა არაბას აღმოსავლეთით მდებარე მაღალი პლატოს კიდეზე. ამ გზის გასწვრივ მდებარეობდა ედომის მთავარი ქალაქები (დბ. 36:33; 2მფ. 14:7). გზა აგრეთვე მიემართებოდა ნეგებიდან აღმოსავლეთით, გადიოდა არაბეთის უდაბნოს კიდეზე მდებარე მაანაზე, სადაც კვეთდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ სხვა გზას. ამ გზებით გაჰქონდათ ძვირფასეულობა ეგვიპტიდან, არაბეთიდან, სირიიდან და მესოპოტამიიდან. როგორც ჩანს, ამ გზებზე მიმავალი აქლემებისა და ჯორების ქარავნებისგან აღებული გადასახადები ედომისთვის დიდი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. გარდა ამისა, უდაბნოს გავლით დაქანცული მოგზაურები, როგორც ჩანს, ედომს საკვებისა და თავშესაფრისთვისაც უხდიდნენ თანხას.
ედომის მთავარი ციხე-სიმაგრე არაბას მხრიდან კარგად იყო დაცული ციცაბო ფერდობით. მოაბის თავდასხმისგან მას იცავდა მდინარე ზერედის ღრმა ხევი (თუმცა იხ. ამ. 2:1). შედარებით დაუცველ აღმოსავლეთ მხარეს, სადაც უდაბნო მდებარეობდა, მიდიანელთა და სხვა მომთაბარე ტომებისგან იცავდა ციხე-სიმაგრეთა მთელი სისტემა. გარდა ამისა, მთებსა და პლატოში გამოკვეთილი იყო გამოქვაბულები, რომელთა ფერდობებიც წითელი ქვიშაქვის მიუდგომელ კლდეებს წარმოადგენდა. იეჰოვას წინასწარმეტყველებაში, რომელიც იერემიამ წარმოთქვა, საფუძვლიანად არის აღნიშნული ედომელებზე, რომ ისინი კლდის მკვიდრნი იყვნენ, მაღალ გორაზე დასახლებულები და არწივივით მაღლა ჰქონდათ ბუდე (იერ. 49:7, 16).
ედომის ხალხი. ედომელები, როგორც ესავის შთამომავლები, ძირითადად, სემიტურ რასას მიეკუთვნებოდნენ, თუმცა მკვეთრად გამოხატული ქამიტური ნიშნები ჰქონდათ. ეს იმით აიხსნება, რომ ესავის ორი ცოლი ქამიტური წარმოშობის ქანაანელი იყო (ხეთელი და ხიველი) და ბიბლიაში მოხსენიებულ მის ცოლთაგან მხოლოდ ერთი იყო სემიტური წარმოშობის (აბრაამის ვაჟის, ისმაელის შთამომავალი) (დბ. 36:2, 3). როგორც ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, თუ სიტყვა „ხიველი“ უბრალოდ გამოქვაბულის მცხოვრებს ნიშნავს, მაშინ ესავის ცოლი, ანას ასული ხიველი ოჰოლიბამა, შეიძლება წარმოშობით სეირში მცხოვრები ხორიელების შთამომავალი იყო (შდრ. დბ. 36:2, 20, 24, 25). როგორც უნდა ყოფილიყო, ლოტისგან წამოსული მოაბელებისა და ამონელების მსგავსად (იხ. დნ. 11:41) ედომელებიც ენათესავებოდნენ ისრაელებს და წინადაცვეთის წესს ოდითგანვე იცავდნენ (იერ. 9:25, 26; შდრ. ეზკ. 32:29). იეჰოვა ედომელებს ისრაელების ძმებად მოიხსენიებდა და უდაბნოს გავლით მიმავალ ისრაელებს უბრძანა, პატივი ეცათ ედომელების მიწის საკუთრების უფლებისთვის, რადგან სეირის მთა იეჰოვამ ედომის შთამომავლებს მისცა (კნ. 2:1—8).
თავდაპირველად ედომელთა ტომებს თავკაცები მართავდნენ, რომელთაგან მოგვიანებით სამეფო ჩამოყალიბდა. მეფეების ჩამონათვალი იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი სხვადასხვა ტომს მიეკუთვნებოდნენ და შესაბამისად, ტახტზე მემკვიდრეობით არ ადიოდნენ (დბ. 36:15—19, 31—43). ზოგი კრიტიკოსი დაბადების 36:31-ში ჩაწერილ სიტყვებს: „ესენი იყვნენ ედომის მიწის მეფეები იმ დროს, როცა ისრაელებს მეფე ჯერ არ ჰყავდათ“, ანაქრონიზმად ან მოგვიანებით ჩამატებულად მიიჩნევს. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მოსემ, წიგნ „დაბადების“ დამწერმა, იცოდა იაკობისთვის (ისრაელი) მიცემული ღვთის ნათელი დაპირების შესახებ: „შენგან წარმოიშობიან მეფეები“ (დბ. 35:11). თავად მოსემაც იწინასწარმეტყველა, რომ ისრაელსაც ეყოლებოდა მეფე (კნ. 28:36).
სეპტუაგინტაში იობის 42:17-ს აქვს დამატება, სადაც იობი გაიგივებულია დაბადების 36:33-ში მოხსენიებულ ედომელ მეფე იობაბთან. მაგრამ იობი უცის მიწიდან იყო, რაც თავიდან არამეული ტომის სახელწოდება იყო. გარდა ამისა, ეს სახელი არამელი ნახორის შთამომავალს ერქვა (იობ. 1:1; შდრ. დბ. 10:23; 22:20, 21). მიუხედავად იმისა, რომ გოდების 4:21-ში ედომზე საუბარია, როგორც უცის მიწის მკვიდრზე, ამ მონაკვეთში, რომელიც, სავარაუდოდ, იობის პერიოდიდან არაერთი საუკუნის შემდეგ დაიწერა, უცი არ იგივდებოდა ედომთან, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ იერემიას 25:20, 21-ში განსხვავება კეთდება უცის მიწის მეფეებსა და ედომს შორის. სავარაუდოდ, გოდების 4:21 იმაზე მიუთითებს, რომ ედომელთა სამფლობელო გაფართოვდა (იხ. ᲣᲪᲘ, №4).
შესაძლოა გასაჭირში ჩავარდნილ იობთან მისული, კრიტიკულად განწყობილი სამი „მეგობრიდან“ ერთ-ერთი, თემანელი ელიფაზი, ედომელი იყო (იობ. 2:11; შდრ. დბ. 36:11, 34). იერემიას 49:7-ში თემანი წარმოდგენილია, როგორც ედომელთა სიბრძნის ცენტრი; შესაძლოა, თემანისთვის ასეთი რეპუტაციის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს აღმოსავლეთიდან წამოსულმა მოგზაურებმა, რომელთაც რეგულარული ურთიერთობა ჰქონდათ ედომელებთან.
ისრაელის მიერ ეგვიპტის დატოვებიდან იუდას სამეფოს არსებობის ბოლომდე. ფარაონის ჯარების განადგურებამ და წითელ ზღვასთან ისრაელის სასწაულებრივად ხსნამ დიდი გავლენა მოახდინა ედომზე, აგრეთვე მთელ ქანაანსა და მის შემოგარენზე (გმ. 15:14, 15). სინაის ნახევარკუნძულზე უდაბნოში პირველი შეიარაღებული წინააღმდეგობა ისრაელს გაუწიეს ამალეკელებმა — ედომელთა ტომმა, რომელსაც დიდი ტერიტორია ეკავა და რომელმაც ბევრი უსიამოვნება მიაყენა ისრაელს მთელი მისი ისტორიის განმავლობაში (გმ. 17:8—16; შდრ. დბ. 36:12, 16; იხ. ᲐᲛᲐᲚᲔᲙᲘ, ᲐᲛᲐᲚᲔᲙᲔᲚᲔᲑᲘ). უდაბნოში ხეტიალის მიწურულს მოსემ თავაზიანად ითხოვა ნებართვა, ედომზე სამეფო გზით გაევლო, მაგრამ უარი მიიღო. ედომის მეფემ, რომლის სახელი ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, დიდძალი ჯარი გამოიყვანა, რათა არ შეეშვა ისრაელი თავის მიწაზე (რც. 20:14—21). ამიტომ ედომის საზღვართან ჰორის მთაზე აარონის სიკვდილის შემდეგ (რც. 20:22—29) ისრაელმა გვერდი აუარა ედომელთა მიწას და მდინარე ზერედის ხევთან დაბანაკდა, შემდეგ კი მოაბის აღმოსავლეთი საზღვრის გასწვრივ ჩრდილოეთით გაემართა (რც. 21:4, 10—13; მსჯ. 11:18; შდრ. კნ. 2:26—29).
სიკვდილის წინ პოეტური ენით ისრაელის კურთხევის დროს მოსემ თქვა: „სინაიდან მოვიდა იეჰოვა და სეირიდან [ედომი] ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთებიდან გამოანათა“. მსგავს აღწერილობას შეიცავს ბარაკისა და დებორას სიმღერა და აბაკუმის წინასწარმეტყველება (კნ. 33:2; მსჯ. 5:4, 5; აბკ. 3:3, 4). ამ წინასწარმეტყველური სიტყვებით მათ თითქოს დახატეს ის ადგილი, სადაც იეჰოვამ საკუთარი თავი გააცნო თავის ახლად ჩამოყალიბებულ ერს და მთის მწვერვალებზე მოვლენილი სინათლით გააბრწყინა ისინი.
ისრაელებს ებრძანათ: „არ შეიძულო ედომელი, რადგან შენი ძმაა იგი“ (კნ. 23:7, 8). თუმცა მხოლოდ ამალეკელთა მებრძოლი ტომი კი არა, მთელი ედომი გამუდმებით მტრობდა ისრაელს. მათ წინააღმდეგ საულის ყველა ბრძოლა ისრაელების გამარჯვებით მთავრდებოდა (1სმ. 14:47, 48). მიუხედავად ამისა, ედომელი დოეგი საულის მწყემსების უფროსი იყო. სწორედ მან დაასმინა დავითი საულთან და მეფის ბრძანებით ამოხოცა ყველა მღვდელი ნობში, როცა საულის კაცებმა უარი თქვეს ამის გაკეთებაზე (1სმ. 21:7; 22:9—18).
მეფე დავითმა სასტიკად დაამარცხა ედომელები მარილოვან ველზე (2სმ. 8:13, იხ. ᲛᲐᲠᲘᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲕᲔᲚᲘ). მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში ბრძოლის მიზეზზე საუბარი არ არის, ეჭვგარეშეა, ეს გამოწვეული იყო ედომელთა თავდასხმით — შესაძლოა მათ იფიქრეს, რომ სანამ დავითი სირიასთან იბრძოდა, მისი სამეფოს სამხრეთი ნაწილი დაუცველი იქნებოდა. 1 მატიანის 18:12-ში ნათქვამია, რომ ედომელებზე აბიშაიმ გაიმარჯვა, მე-60 ფსალმუნის ეპიგრაფში კი აღნიშნულია, რომ იოაბმა. ვინაიდან დავითი იყო მთავარსარდალი, იოაბი — მხედართმთავარი, აბიშაი კი — იოაბის დაქვემდებარებაში მყოფი საბრძოლო დანაყოფის მეთაური, გასაკვირი არ არის, რომ მთხრობელებს გამარჯვება სხვადასხვა ადამიანისთვის მიეწერათ. მსგავსი რამ ჩვენს დროშიც ხდება. აგრეთვე ამ ორ ბიბლიურ მონაკვეთში ციფრებს შორის სხვაობა, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ მთხრობელები ამ ბრძოლის სხვადასხვა ეტაპს აღწერდნენ (შდრ. 1მფ. 11:15, 16). როგორც უნდა ყოფილიყო, დავითმა ჯარი ჩააყენა ედომში და გადარჩენილი ედომელები ისრაელთა დაქვემდებარებაში აღმოჩნდნენ (2სმ. 8:14; 1მტ. 18:13). იაკობის მძიმე „უღელი“ ახლა ედომს (ესავი) კისერზე ედგა (დბ. 27:40; შდრ. რც. 24:18).
სოლომონმა, რომლის ცოლებს შორის ედომელი ქალებიც იყვნენ (1მფ. 11:1), ისარგებლა იმით, რომ წითელი ზღვის ნაპირზე მდებარე ედომელთა ქალაქებს, ელოთსა (ელათი) და ეციონ-გებერს, ისრაელები აკონტროლებდნენ და იქ ხომალდების აგება დაიწყო (1მფ. 9:26; 2მტ. 8:17, 18). მამრობითი სქესის მცირერიცხოვან ედომელ მოსახლეობას არ შეეძლო ისრაელთა უღლის გადაგდება, თუმცა მაინც შეეცადნენ წინააღმდეგობის გაწევას; მათ სათავეში ჩაუდგათ განადგურებას გადარჩენილი სამეფო გვარის წარმომადგენელი ჰადადი (1მფ. 11:14—22).
შეუძლებელია იმის დაზუსტებით თქმა, შეიცვალა თუ არა სიტუაცია დავითის პირველი გამარჯვებიდან მომდევნო ასი წლის განმავლობაში. „ამონელთა, მოაბელთა და სეირის მთიანი მხარის მკვიდრთა [ედომელთა]“ (2მტ. 20:1, 2, 10, 22) თავდასხმა შეიძლებოდა მომხდარიყო მანამდე, ვიდრე იუდას, ისრაელისა და ედომის გაერთიანებული ჯარები მოაბის წინააღმდეგ გაილაშქრებდნენ (2მფ. 3:5—9; იხ. ᲛᲝᲐᲑᲘ, ᲛᲝᲐᲑᲔᲚᲔᲑᲘ). როგორც ჩანს, ედომი ჯერ ამონელთა და მოაბელთა მოკავშირე იყო, შემდეგ კი — იუდასა და ისრაელის. აგრეთვე ბიბლიიდან ჩანს, რომ გარკვეული ხნის განმავლობაში, იეჰოშაფატის მეფობის დროს, ედომს მეფე არ ჰყავდა. მეფის მოვალეობას ერთ-ერთი მთავარი ასრულებდა, რომელიც, როგორც ჩანს, იუდას სამეფო ტახტს ანგარიშს აბარებდა. ამიტომ იუდას დაუბრკოლებლად შეეძლო აკაბის ყურესა და მის პორტთან ან პორტებთან გასვლა (1მფ. 22:47, 48). მოაბის წინააღმდეგ გალაშქრების დროს, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, დამშრალი ხევი, სადაც მოკავშირეთა ჯარები დაბანაკდნენ, წყლით აივსო, რაც შესაძლოა შედარებით მაღალ პლატოზე მომხდარმა ჭექა-ქუხილმა და თავსხმა წვიმამ გამოიწვია. დღემდე ასეთი ჭექა-ქუხილისა და წვიმების დროს ნიაღვრები ხეობის გავლით არაბასკენ მიედინება. ან წყალი შეიძლებოდა სასწაულებრივად გაჩენილიყო (2მფ. 3:16—23).
იეჰოშაფატის ვაჟის, იეჰორამის მმართველობის დროს ედომი აუჯანყდა იუდას, გადაიგდო მისი უღელი და დამოუკიდებელი სამეფო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ იეჰორამმა ედომთან ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა, ედომელები მაინც არ დაემორჩილნენ იუდას (2მფ. 8:20—22; 2მტ. 21:8—10). ამაციას მმართველობის პირველ ნახევარში (ძვ. წ. 858—830) ედომი კვლავ დამარცხდა მარილოვან ველზე და ამაციამ დაიპყრო ედომელთა მთავარი ქალაქი სელა, თუმცა ედომის უძლური ცრუ ღვთაებების თაყვანისმცემლობის მახეში გაება (2მფ. 14:7; 2მტ. 25:11—20). მისმა ვაჟმა, უზიამ (აზარია) ელათი კვლავ იუდას დაუბრუნა (2მფ. 14:21, 22).
ახაზის მმართველობის დროს (ძვ. წ. 761—746) სირია თავს დაესხა იუდას და წითელი ზღვის პორტი ელათი ედომს დაუბრუნა (2მფ. 16:5, 6). როგორც ჩანს, ედომელები გათავისუფლდნენ იუდას ბატონობისგან და სხვა ერებთან და ასურეთთან ერთად არბევდნენ იუდას (2მტ. 28:16—20; შდრ. ფს. 83:4—8).
ედომელებს არავითარი წერილობითი მტკიცებულება არ დაუტოვებიათ თავიანთ შესახებ. თუმცა ისინი მოიხსენიება სხვა ერების წერილობით წყაროებში. ძვ. წ. მეორე ათასწლეულით დათარიღებული ეგვიპტური პაპირუსიდან ჩანს, რომ ედომიდან წამოსული ბედუინთა ტომები საქონლისთვის საძოვრების ძიების დროს ნილოსის დელტაში მივიდნენ. ფარაონები, მერნეპტაჰი და რამსეს III, აგრეთვე ასურეთის მეფე ადადნირარ III, აცხადებდნენ, რომ ედომზე ბატონობდნენ. ადადნირარ III-ის მეფობიდან გარკვეული ხნის შემდეგ ტიგლათფილესერ III (ახაზის თანამედროვე) ტრაბახობდა, რომ ხარკი მიიღო „ედომის კაუშმალაკუდან“, სინახერიბის მემკვიდრე ასარხადონი კი ვასალი მეფეების ჩამონათვალში მოიხსენიებს ედომის მეფე „ქაუშგაბრის“ (Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდის რედაქტირებით, 1974, გვ. 282, 291).
ედომი მოიხსენიება წინასწარმეტყველებებში. მეფე უზიას მმართველობის დასაწყისში იოელ და ამოს წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვამ გადაჭრით დაგმო ედომი ისრაელთა წინააღმდეგ მუდმივი მძვინვარებისა და მახვილის უმოწყალოდ გამოყენებისთვის (ამ. 1:6, 11, 12). იმის გამო, რომ სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ერს, რომელსაც იეჰოვასთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, ედომმა დაკარგა საკუთრების უფლება მიწაზე, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მიღებული (იოლ. 3:19; ამ. 9:11, 12). ედომელებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს, როცა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონმა იუდა და იერუსალიმი დაიპყრო. ედომელების სიძულვილი აშკარა გახდა, როდესაც დამპყრობლებს ისინი იერუსალიმის დანგრევისკენ აქეზებდნენ (ფს. 137:7), უხაროდათ იუდას უბედურება და სიძულვილითა და შურისძიებით შეპყრობილები იჭერდნენ სიკვდილს გაქცეულ იუდეველებს და ისევ ბაბილონელებს უგდებდნენ ხელში. მეზობელ ერებთან ერთად ისინი ძარცვავდნენ იმ მიწას, ქედმაღლურად ლაპარაკობდნენ იეჰოვას წინააღმდეგ და იუდასა და ისრაელის გაპარტახებული მიწების ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ. ამის გამო იეჰოვამ იერემიას, ეზეკიელისა და აბდიას პირით უწინასწარმეტყველა ედომს, რომ მისი სიხარული ხანმოკლე იქნებოდა და ისიც იუდას ხვედრს გაიზიარებდა (გდ. 4:21, 22; ეზკ. 25:12—14; 35:1—15; 36:3—5; აბდ. 1—16). მანამდე ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, რომ მახვილით ბრძოლაში დახელოვნებულ ედომელებზე იეჰოვას სამართლისა და განაჩენის მახვილი დაეშვებოდა და ყველანი, დიდიან-პატარიანად, განადგურებისთვის განწირულ შესაწირავ ცხოველებს დაემსგავსებოდნენ (ეს. 34:5—8).
ედომი უნდა დამსგავსებოდა სოდომსა და გომორას და სამუდამოდ უნდა გაუკაცრიელებულიყო (იერ. 49:7—22; შდრ. ეს. 34:9—15). ედომმა იეჰოვას სიძულვილი დაიმსახურა და ის უნდა გამხდარიყო „ბოროტების მხარე“ და „იეჰოვასგან სამარადისოდ შერისხული ხალხი“ (მლ. 1:1—5). ამიტომ ესაიას 63:1—6-ში ედომი, როგორც ჩანს, სიმბოლურად წარმოადგენს იმ ხალხის შეურიგებელ მტერს, რომელსაც ღმერთთან შეთანხმება აქვს დადებული. ამ მონაკვეთში სათანადოდ არის ნათქვამი, რომ მეომარი (ღვთის წარმომადგენელი), რომელმაც ფეხით დაჭყლიტა ღვთის შურისძიების საწნახელში ყურძენი, სისხლით დასვრილი ტანსაცმლით მოდის ედომის (სიტყვასიტყვით „წითელი“) ცნობილი ქალაქიდან, ბოცრიდან (შესაძლოა აქ გამოიყენება სიტყვათა თამაში ებრაულ სიტყვა ბაცირთან, რაც ნიშნავს ყურძნის შეგროვებას) (შდრ. ეს. 63:1—6; გმც. 14:14—20; 19:11—16).
ერის ბოლოდროინდელი ისტორია და გაქრობა. იეჰოვას წინასწარმეტყველმა იერემიამ გააფრთხილა ედომის მეფე, კისერზე დაედგა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის უღელი (იერ. 27:1—7). უცნობია, სინამდვილეში ასე მოიქცნენ თუ არა ედომელები. თუმცა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ ზოგმა იუდეველმა დროებით თავი შეაფარა ედომს. ბაბილონის ჯარების წასვლის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ თავიანთ მიწაზე, თუმცა მოგვიანებით ეგვიპტეში გაიქცნენ (იერ. 40:11, 12; 43:5—7). ამის შემდეგ მალევე დადგა დრო, ედომს იეჰოვას რისხვის ღვინით სავსე სასმისიდან შეესვა (იერ. 25:15—17, 21). ეს მოხდა დაახლოებით ძვ. წ. მეექვსე საუკუნის შუა პერიოდში, ბაბილონის მეფე ნაბონიდის მმართველობის დროს. ბაბილონის ისტორიისა და ლიტერატურის მკვლევრის ს. ჯ. გედის თანახმად, ნაბონიდის ჯარში, რომელმაც ედომი და თემა დაიპყრო, იუდეველებიც იყვნენ. ჯონ ლინდსი ამის შესახებ წერდა: „ამგვარად ნაწილობრივ მაინც შესრულდა წინასწარმეტყველის სიტყვები, რომლებიც მან იაჰვესგან ჩაიწერა: „აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის, ისრაელის ხელით“ (ეზკ. 25:14). აგრეთვე ნაწილობრივ შესრულდა აბდია წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელმაც თქვა, რომ ედომს მოკავშირეები, თანამზრახველები და სანდო მეგობრები უმუხთლებდნენ, დაძალავდნენ და მახეს დაუგებდნენ. ამ სიტყვებში შეიძლება დავინახოთ მინიშნება ბაბილონელებზე, რომელთაც ნაბუქოდონოსორის მმართველობის დროს უფლება მისცეს ედომს, იუდას გაძარცვაში მიეღო მონაწილეობა, ნაბონიდის მმართველობის დროს კი ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთეს მისი სავაჭრო და მერკანტილური ამბიციები“ (იხ. აბდ. 1, 7; „Palestine Exploration Quarterly“, ლონდონი, 1976, გვ. 39).
მალაქიას წიგნში, რომელიც ნაბონიდის თავდასხმიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ დაიწერა, ღმერთი ედომზე ამბობს: „გავაპარტახე მისი მთები და მისი სამკვიდრო უდაბნოს ტურების ბუნაგად ვაქციე“ (მლ. 1:3). ედომელები იმედოვნებდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ და განადგურებულ ადგილებს აღადგენდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ (მლ. 1:4).
ძვ. წ. მეოთხე საუკუნისთვის ედომის ტერიტორია ნაბატეველებმა დაიკავეს და ედომელებმა ვეღარასდროს შეძლეს იქ დაბრუნება. ნაცვლად ამისა, ისინი ნეგებში, იუდას სამხრეთით აღმოჩნდნენ. დროთა განმავლობაში ედომელებმა გადაინაცვლეს ჩრდილოეთით ხებრონამდე და, საბოლოო ჯამში, იუდას სამხრეთი ნაწილი იდუმეას სახელით გახდა ცნობილი. იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, ძვ. წ. 130—120 წლებს შორის იოანე ჰირკანოსმა დაიპყრო ედომელები და აიძულა, იუდაიზმი მიეღოთ („იუდეველთა სიძველენი“, XIII, 257, 258 [ix, 1]; XV, 253, 254 [vii, 9]). ისინი თანდათანობით შეერივნენ იუდეველებს და ახ. წ. 70 წელს რომაელების მიერ იერუსალიმის განადგურების შემდეგ, როგორც ხალხმა, არსებობა შეწყვიტეს (აბდ. 10, 18; იხ. ᲘᲓᲣᲛᲔᲐ).