სახლი
ბიბლიაში სიტყვა „სახლს“ (ებრ. ბაჲით; ბერძ. ეკოს ან ეკია) ბევრი მნიშვნელობა აქვს: 1) სახლეულობა ან ვინმეს შთამომავლობა (დბ. 12:1; 17:13, 23; აბდ. 17, 18; მქ. 1:5); 2) საცხოვრებელი (დბ. 19:2—4); 3) საპატიმრო ან მონობის ქვეყანა (დბ. 40:4, 14; გმ. 13:3); 4) ცხოველთა ან ფრინველთა სამყოფელი (იობ. 39:6; ფს. 104:17); 5) ობობას ქსელი (იობ. 8:14); 6) სასახლე (2სმ. 5:11; 7:2); 7) სამღვდელო ხაზი (1სმ. 2:35); 8) სამეფო დინასტია (1სმ. 25:28; 2სმ. 7:11); 9) იეჰოვას საწმინდარი ან ტაძარი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით (გმ. 23:19; 34:26; 1მფ. 6:1; 1პტ. 2:5); 10) იეჰოვას სამყოფელი, ზეცა (ინ. 14:2); 11) ცრუ ღვთაების საკულტო ნაგებობა (მსჯ. 9:27; 1სმ. 5:2; 1მფ. 16:32; 2მფ. 5:18); 12) ადამიანის ხრწნადი სხეული (ეკ. 12:3; 2კრ. 5:1—4); 13) უხრწნელი სულიერი სხეული (2კრ. 5:1); 14) სამარე (იობ. 17:13; ეკ. 12:5); 15) ერთი ხელობის მუშათა გაერთიანება (1მტ. 4:21); 16) სახელმწიფო დოკუმენტაციის საწყობი (ეზრ. 6:1).
სახლის (ბაჲით) აღმნიშვნელი ებრაული სიტყვის ერთ-ერთი ფორმა ხშირად საკუთარი სახელების შემადგენელი ნაწილია, მაგალითად ბეთელი (სახლი ღვთისა) და ბეთლემი (სახლი პურისა).
სამშენებლო მასალები და შენების მეთოდები. ძველად, ისევე როგორც დღეს, სახლები სხვადასხვანაირი იყო. მშენებლობის მეთოდი დამოკიდებული იყო ეპოქაზე, მშენებლის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ხელმისაწვდომ მასალაზე. მაგალითად, ბაბილონის მშენებლები ქვის ნაცვლად აგურს იყენებდნენ, დუღაბის ნაცვლად კი — ფისს (დბ. 11:3).
ისრაელთაგან ბევრი განდევნილი ქანაანელების სახლებში დასახლდა და, როგორც ჩანს, წლების მანძილზე მშენებლობის მათეულ მეთოდს იყენებდა (კნ. 6:10, 11). უპირატესობა ქვის სახლებს ენიჭებოდა (ეს. 9:10; ამ. 5:11), რადგან ალიზის სახლებთან შედარებით უფრო მყარი და უსაფრთხო იყო. ქურდებისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა ალიზის კედელში ხვრელის გაკეთება და სახლში შეჭრა (შდრ. იობ. 24:16). მაგრამ ბარში კირქვა და ქვიშაქვა ცოტა იყო, ამიტომ კედლებს მზეზე ან ზოგჯერ ღუმელში გამომწვარი აგურებისგან აშენებდნენ. სახლის კოჭებად და ძელებად იყენებდნენ სიკომოროსა და ღვიის ხეებს, მდიდრულ სახლებში კი — კედრის ხეს (ქბ. 1:17; ეს. 9:10).
არქეოლოგებმა პალესტინაში აღმოაჩინეს სხვადასხვა ტიპის საცხოვრებლების ნანგრევები. ხშირ შემთხვევაში ეზოში ჰქონდათ ღუმელი, ზოგჯერ კი — ჭაც (2სმ. 17:18). ნანგრევებიდან ჩანს, რომ სახლების ზომა საგრძნობლად განსხვავებული იყო: ერთი მხოლოდ 5X5 მ-ზე იყო, სხვა კი — 32X30 მ-ზე. ოთახების თითო გვერდი ხშირად 3,5 მ-დან 4,5 მ-მდე მერყეობდა.
ზოგჯერ სახლებს ქალაქის განიერ გალავანზე აშენებდნენ (იეს. 2:15). თუმცა უპირატესობას ანიჭებდნენ კლდოვან ადგილებს (მთ. 7:24). ალიზის აგურებით კედლების აგებას მხოლოდ მას შემდეგ იწყებდნენ, რაც ორ-სამ წყებად ალაგებდნენ ქვებს. თუ სახლს კლდოვან ადგილზე არ აშენებდნენ, მაშინ კარგ საძირკველს უყრიდნენ, რომლის სიღრმეც იმხელა იყო, რამხელაც მიწის ზემოთ ქვის კედელი. ზოგ საძირკველს დიდი გაუთლელი ქვებით აკეთებდნენ და ცარიელ ადგილებს პატარა ქვებით ავსებდნენ, სხვებს კი — თლილი ქვებით. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ერთი ალიზის სახლის ქვის კედელი 0,5 მ-ზე მეტი იყო, მეორე სახლისა — თითქმის 1 მ. ზოგიერთი სახლის კედლები დაახლოებით 1 მეტრის სისქისა იყო. ხშირად გარეთა კედლებს ბათქაშით ლესავდნენ (ეზკ. 13:11, 15) და ზედაპირის დასაცავად ალიზის კედელს ქუჩის მხარეს წვრილი ქვით აპირკეთებდნენ.
სამშენებლო ქვების წყების გასწორება ხდებოდა საგულდაგულოდ გათლილი და ერთმანეთზე მორგებული კუთხის ქვებით (შდრ. ფს. 118:22; ეს. 28:16). დუღაბად იყენებდნენ თიხისა და ნამჯის ნაზავს. ზოგჯერ მას უმატებდნენ კირს, ნაცარს, თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, დანაყულ ნიჟარებს ან კირქვას. ის გამოიყენებოდა აგურებისა თუ ქვების დასამაგრებლად და შიდა კედლების გასალესად (ლვ. 14:41, 42). მაგრამ ზოგჯერ ქვები იმდენად კარგად იყო გათლილი, რომ დუღაბს არ იყენებდნენ.
იატაკი. იატაკი და ეზო ან დატკეპნილი მიწა იყო, ან აგურებითა თუ ქვებით მოკირწყლული, ან კირით მობათქაშებული. ჩაღრმავებული ადგილი ცეცხლის დასანთები კერა იყო, თუმცა უფრო მდიდრულ სახლებს ღუმლებით ათბობდნენ (იერ. 36:22, 23). კვამლი სახურავში დატანებული საკვამლედან გადიოდა (ოს. 13:3). ტაძრის მსგავსად, სასახლეებს სავარაუდოდ ხის იატაკი ჰქონდა (1მფ. 6:15).
სარკმლები. კედლებში დატოვებული იყო მართკუთხა ფორმის სარკმლები. ზოგი მათგანი იმდენად დიდი იყო, რომ ადამიანი გაეტეოდა (იეს. 2:15; 1სმ. 19:12; სქ. 20:9). როგორც წესი, ქუჩის მხარეს მდებარე სარკმლები ცხაურიანი იყო (მსჯ. 5:28; იგ. 7:6).
კარი. კარს ჩვეულებრივ ხისგან ამზადებდნენ და ანჯამებზე ჰკიდებდნენ (იგ. 26:14), რომლებიც ხის ან ქვის კარისთავსა და ზღურბლზე გაკეთებულ ბუდეებში იჯდა. წირთხლებს ორი ხის ძელი წარმოადგენდა (გმ. 12:22, 23). ზოგ სახლს ორი შესასვლელი ჰქონდა. ერთი კარი ჩვეულებრივ ქუჩის მხრიდან შედიოდა შიდა ეზოში, საიდანაც სახლის ყველა ოთახში შეიძლებოდა შესვლა.
ინტერიერი და ავეჯი. მდიდრულ სახლებში ოთახების კედლები კედრის ან სხვა ძვირფასი ხის მასალით იყო მოპირკეთებული და ალისფრად შეღებილი (იერ. 22:14; ანგ. 1:4). ზოგი შეძლებული ადამიანის „სპილოს ძვლის სახლს“ ოთახები სპილოს ძვლით მოჩუქურთმებული ფიცრებით ჰქონდა მოპირკეთებული (1მფ. 22:39; ამ. 3:15). საკვების მოსამზადებელი ჭურჭლის, კალათებისა თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გარდა, სახლებში სავარაუდოდ იდგა საწოლები ან ტახტები, სკამები, მაგიდები და სალამპრეები (შდრ. 2სმ. 4:11; 2მფ. 4:10; ფს. 41:3; მთ. 5:15). ზოგიერთი მდიდრის სახლში ავეჯი ინკრუსტირებული იყო სპილოს ძვლით, ოქროთი და ვერცხლით (შდრ. ესთ. 1:6; ამ. 3:12; 6:4).
სახურავი და ზემოთა ოთახი. სახლებს სახურავი ბრტყელი ჰქონდა. კანონის თანახმად, ისრაელებს მისთვის მოაჯირი უნდა გაეკეთებინათ უბედური შემთხვევის თავიდან ასარიდებლად (კნ. 22:8). თუ სახურავი ოდნავ დაქანებული იქნებოდა, მასზე წვიმის წყალი არ დაგროვდებოდა. სახურავი კეთდებოდა კედლებს შორის გადებულ მყარ ძელებზე. ძელებზე განივად დებდნენ ლატნებს, ზემოდან კი აფენდნენ ტოტებს, ლერწამსა და მსგავს მასალას. შემდეგ რამდენიმე სანტიმეტრის სისქეზე აყრიდნენ მიწას და თიხით ან თიხისა და კირის ნაზავით ლესავდნენ. ასეთი სახურავის აყრა ადვილი იყო, როგორც ეს რამდენიმე კაცმა გააკეთა დამბლადაცემულის სახურავიდან ჩასაშვებად, რომ იესოს განეკურნა ის (მრ. 2:4). სახურავის ძელების საყრდენად რამდენიმე ხის ბოძს დგამდნენ ქვებზე. ასეთ სახურავზე ბალახი ამოდიოდა (ფს. 129:6) და სახურავი ჟონვას იწყებდა (იგ. 19:13; 27:15; ეკ. 10:18). სავარაუდოდ, წვიმების დაწყებამდე ხდებოდა სახურავის შეკეთება და საგორავებლით დატკეპნა, რომ წყალი არ გაჩერებულიყო.
როგორც მშვიდობიანობის, ისე ძნელბედობის ჟამს ბანზე საქმიანობა არ წყდებოდა (ეს. 22:1; იერ. 48:38). იქიდან ხდებოდა განცხადებების ან ისეთი საქმეების კეთება, რაც სასწრაფოდ უნდოდათ ხალხს გაეგო (2სმ. 16:22; მთ. 10:27). სახურავზე აშრობდნენ სელს (იეს. 2:6), იკრიბებოდნენ სალაპარაკოდ (1სმ. 9:25), სეირნობდნენ საღამოობით (2სმ. 11:2), თაყვანს სცემდნენ ჭეშმარიტ თუ ცრუ ღმერთებს (იერ. 19:13; სფ. 1:5; სქ. 10:9) და იძინებდნენ (1სმ. 9:26). მოსავლის აღების დღესასწაულის დროს ბანებზე და სახლების შიდა ეზოებში კარვებს დგამდნენ (ნემ. 8:16).
ზოგჯერ ბანზე ზემოთა ოთახს აშენებდნენ. ხშირ შემთხვევაში ამ მყუდრო და გრილ ოთახში სტუმრებს აბინავებდნენ (მსჯ. 3:20; 1მფ. 17:19; 2მფ. 1:2; 4:10). ცხადია, იყო ორსართულიანი სახლებიც. ბანზე აშენებულ ან ზედა სართულზე მდებარე დიდ ზემოთა ოთახში იესომ თავის მოწაფეებთან ერთად უკანასკნელად იზეიმა პასექის დღესასწაული და უფლის ვახშმის აღნიშვნა დაუწესა მათ (ლკ. 22:11, 12, 19, 20). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფე იყო შეკრებილი სავარაუდოდ იერუსალიმში ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში, როცა ღვთის სული გადმოვიდა მათზე (სქ. 1:13—15; 2:1—4).
როგორც წესი, ეზოდან სახურავზე კიბით ადიოდნენ. ღარიბების სახლებს მხოლოდ მისაყუდებელი კიბე ჰქონდა. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში სახურავზე მდგომს სახლში შეუსვლელად შეეძლო დაბლა ჩასვლა. ვინაიდან სახლებს ერთმანეთთან ახლოს აშენებდნენ, ხალხს შეეძლო, სახურავიდან სახურავზე გადასულიყო. ზემოთქმული გარკვეულწილად ნათელს ჰფენს იესოს რჩევას, რომელიც ჩაწერილია მათეს 24:17-სა და მარკოზის 13:15-ში. მდიდრულ სახლებში ზედა სართულზე სახლის შიგნით გაკეთებული კიბით ადიოდნენ.
კანონი მესაკუთრის უფლებებს იცავდა. იეჰოვას ნება იყო, რომ მის მორჩილ ხალხს საკუთარ სახლებში ეცხოვრა (შდრ. ეს. 65:21). ურჩებისთვის დატეხილი სასჯელი ის იქნებოდა, რომ მათ მიერ აშენებულ სახლებში სხვა იცხოვრებდა (კნ. 28:30; გდ. 5:2). სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდა ის, ვისაც სახლი ახალი აშენებული ჰქონდა, მაგრამ ჯერ არ ეზეიმა (კნ. 20:5, 6).
ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონი მესაკუთრის უფლებებს იცავდა. კანონის თანახმად, ისრაელებს არ უნდა ესურვათ სხვისი საკუთრება, მათ შორის სახლი (გმ. 20:17). ამასთან, თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვამ მკაცრად გაკიცხა ისინი, ვინც სხვის სახლებს უკანონოდ ისაკუთრებდა (მქ. 2:2; შდრ. ნემ. 5:1—5, 11). მევალეს ეკრძალებოდა გირაოს ასაღებად მოვალის სახლში შესვლა (კნ. 24:10, 11). ისრაელს შეეძლო იეჰოვასთვის განწმენდილი სახლის გამოსყიდვა, თუ საწმინდარში სახლისთვის დადგენილი საფასურის 120 პროცენტს მიიტანდა (ლვ. 27:14, 15). ამასთან, სახლის გაყიდვის შემდეგ ყოფილ მეპატრონეს გარკვეული ხნით რჩებოდა გამოსყიდვის უფლება. თავდაპირველ მეპატრონეს უგალავნო სოფელში მდებარე სახლის გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეეძლო. თუ ვერ გამოისყიდდა, იუბილეს წელს ნებისმიერ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა უკან. გალავნიან ქალაქში მდებარე სახლები მყიდველის სამუდამო საკუთრება ხდებოდა, თუ ყოფილი მეპატრონე ერთ წელიწადში არ გამოისყიდდა. ლევიანთა გალავნიან ქალაქებში მდებარე სახლების გამოსყიდვა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. თუ არ გამოისყიდდნენ, ლევიანების სახლები იუბილეს წელს თავდაპირველ პატრონს უბრუნდებოდა (ლვ. 25:29—33).
სულიერი დასწავლების ადგილი. უძველესი დროიდან სახლებში წმინდა თაყვანისმცემლობის სწავლება ხდებოდა. ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, მამებს ევალებოდათ შვილებისთვის სწავლება სახლში ჯდომისას თუ სხვა დროს (კნ. 6:6, 7; 11:19). ამასთან, ისრაელებს, როგორც ჩანს, სიმბოლური გაგებით უნდა დაეწერათ ღვთის კანონი სახლის კარის წირთხლებზე (კნ. 6:9; 11:20). მათ სახლშიც კი არ უნდა შეეტანათ კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ნივთები (კნ. 7:26). თუ გავითვალისწინებთ, რომ სახლს ასეთი წმინდა დანიშნულება ჰქონდა, „განუკურნებელი კეთრის“ შემთხვევაში ის მთლიანად უნდა დაენგრიათ (იხ. კეთრი). კეთრით დაწყლულებული სახლების შესახებ კანონი ისრაელებს შეახსენებდა, რომ მხოლოდ ისეთ სახლში უნდა ეცხოვრათ, რომელიც ღვთის თვალში წმინდა იყო (ლვ. 14:33—57).
ქრისტიანობის დაარსების შემდეგ სახლებში ქადაგება და სწავლება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა (სქ. 20:20). იესოს მიმდევრები სარგებლობდნენ ღირსეულების, ანუ „მშვიდობის მეგობრების“ მხრიდან გამოვლენილი სტუმართმოყვარეობით და მათ სახლებში რჩებოდნენ, ვიდრე იმ ქალაქში მსახურებას დაასრულებდნენ (მთ. 10:11; ლკ. 10:6, 7; იხ. ქადაგება, მქადაგებელი [„კარდაკარ“]). ხშირად ქრისტიანთა ჯგუფები ან კრებები ღვთის სიტყვის შესასწავლად რეგულარულად იკრიბებოდნენ სახლებში (რმ. 16:5; 1კრ. 16:19; კლ. 4:15; ფლმ. 2). მაგრამ ისინი სახლებში არ იღებდნენ მათ, ვინც ქრისტეს სწავლებას განუდგებოდა (2ინ. 10).