თავი მესამე
„მოდით და მოვაგვაროთ“
1, 2. ვის შეადარა იეჰოვამ იერუსალიმისა და იუდას მთავრები და ხალხი, და რატომ იყო ეს სამართლიანი?
იერუსალიმის მცხოვრებლებს შეიძლება თავის მართლების სურვილი გასჩენოდათ ესაიას 1:1—9-ში მოცემული ბრალდების მოსმენის შემდეგ. ისინი, უეჭველად, მოისურვებდნენ, სიამაყით მოეხსენიებინათ ყველაფერი, რასაც კი იეჰოვას სწირავდნენ. მაგრამ 10 — 15 მუხლებიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა მკაცრად განსჯის მათ ასეთ დამოკიდებულებას. ესაია წერს: „ისმინეთ უფლის სიტყვა, თქვე სოდომის მთავრებო! ყურადიღეთ ჩვენი ღვთის რჯული, თქვე გომორელებო!“ (ესაია 1:10).
2 სოდომისა და გომორის მკვიდრნი განადგურებული იყვნენ არა მარტო სექსუალური უზნეობის, არამედ გულქვაობისა და ამპარტავნობის გამოც (დაბადება 18:20, 21; 19:4, 5, 23—25; ეზეკიელი 16:49, 50). იუდაელები ნამდვილად აღშფოთდებოდნენ, როდესაც ესაია მათ ამ მსჯავრდადებული ქალაქების მცხოვრებლებს შეადარებდაa. მაგრამ იეჰოვა სწორედ ასეთი აზრის იყო თავის ხალხზე, ხოლო ესაია არ ცდილობდა ღვთის სიტყვების შერბილებას, რომ ისინი „ყურის მაამებელი“ გაეხადა (2 ტიმოთე 4:3).
3. რას გულისხმობდა იეჰოვა, როდესაც ამბობდა, რომ ‘გამძღარი იყო აღსავლენი ვერძებითა’ და სხვა შესაწირავებით, და რატომ თქვა ეს?
3 ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა თავისი ხალხის ფორმალურ თაყვანისმცემლობაზე. „რას ვაქნევ თქვენს უზომო საკლავებს, ამბობს უფალი. გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით. აღარ მსურს მოზვრების, კრავებისა და ვაცების სისხლი!“ (ესაია 1:11). იუდაელებმა დაივიწყეს, რომ იეჰოვა მათ საკლავებზე არ არის დამოკიდებული (ფსალმუნი 49:8—13). მას არავითარი შესაწირავი არ სჭირდება ადამიანისგან. ამიტომაც ხალხი ძლიერ ცდება, თუ ფიქრობს, რომ იეჰოვას აამებს მათი უგულოდ გაღებული შესაწირავები. იეჰოვა ფიგურალურ ენას იყენებს მათთან საუბრისას და ამბობს: „გამძღარი ვარ თქვენი აღსავლენი ვერძებით და კურატების ქონით“. ნაცნობია თუ არა თქვენთვის გრძნობა, როდესაც იმდენად ხართ დანაყრებული, რომ საჭმლის დანახვაც კი აღარ გსურთ? იეჰოვას სწორედ ასეთი გრძნობა ჰქონდა საკლავებისადმი და შესაწირავების დანახვაც აღარ სურდა.
4. როგორ ჩანს ესაიას 1:12-დან, რომ ფუჭი იყო იერუსალიმის ტაძარში ხალხის სიარული?
4 იეჰოვა განაგრძობს: „რომ მოდიხართ და პირისპირ მეცხადებით, ვინ დაგავალათ ჩემი ეზოების თელვა?“ (ესაია 1:12). განა თვით იეჰოვას რჯული არ ავალებდა ხალხს, ‘სჩვენებოდნენ უფალს’ ანუ ევლოთ იერუსალიმის ტაძარში? (გამოსვლა 34:23, 24). დიახ, მაგრამ მათთვის ეს უბრალო ფორმალიზმი იყო და არა მთელი გულით, არამედ მექანიკურად მიჰყვებოდნენ წმინდა თაყვანისმცემლობას. ტაძარში მათ სიარულს იეჰოვა მხოლოდ თავისი ეზოების თელვად მიიჩნევდა.
5. რა წესებს იცავდნენ ებრაელები და რატომ იყო მათი თაყვანისცემა იეჰოვასთვის „ტვირთად“ ქცეული?
5 გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა უფრო კატეგორიული ტონით მიმართავს მათ: «ნუღა მომიტანთ მაგ ფუჭ შესაწირავს, საძაგელია ჩემთვის საკმეველი, ახალმთვარობები და შაბათები ჯარობები ვეღარ ამიტანია! უკეთურება [„იდუმალი ძალები“, აქ] და დღესასწაული? თქვენი ახალმთვარობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით» (ესაია 1:13, 14). შესაწირავები, საკმეველი, შაბათები და დღესასწაულები ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული რჯულით იყო გათვალისწინებული. რაც შეეხება „ახალმთვარობებს“, რჯული პირდაპირ ითხოვდა მათ დაცვას, მაგრამ თანდათანობით ხალხში მათთან დაკავშირებული სასარგებლო ტრადიციებიც დამკვიდრდა (რიცხვნი 10:10; 28:11). ახალმთვარობა ითვლებოდა ყოველთვიურ შაბათად, რომლის დროსაც ხალხი ისვენებდა და, გარდა ამისა, წინასწარმეტყველთა და მღვდელთა მოსასმენად იკრიბებოდა (მეოთხე მეფეთა 4:23; ეზეკიელი 46:3; ამოსი 8:5). ამ წესების დაცვაში არაფერი იყო ცუდი. არასწორი ის იყო, რომ ყოველივე ამას ხალხი თვალთმაქცობით აკეთებდა. გარდა ამისა, ღვთის რჯულის ფორმალურ დაცვასთან ერთად ისინი „იდუმალ ძალებს“ მიმართავდნენ, ანუ სპირიტიზმით იყვნენ დაკავებულიb. ამიტომაც მათი თაყვანისცემა იეჰოვასთვის „ტვირთად“ იყო ქცეული.
6. რა გაგებით იყო იეჰოვა „დაღლილი“?
6 მაგრამ როგორ შეიძლებოდა იეჰოვა ‘დაღლილიყო’? ის ხომ „ძალამოსილია... არ იღლება და არ იქანცება“? (ესაია 40:26, 28). იეჰოვა, უბრალოდ, ჩვენთვის გასაგებად გამოხატავს თავის გრძნობებს. გიტარებიათ მძიმე ტვირთი იმდენ ხანს, რომ ერთი სული გქონიათ, რაც შეიძლება მალე მოგეშორებინათ თავიდან? სწორედ ასეთი გრძნობა ჰქონდა იეჰოვას თავისი ხალხის თვალთმაქცური თაყვანისმცემლობისადმი.
7. რატომ აღარ ისმენდა იეჰოვა თავისი ხალხის ლოცვებს?
7 ბოლოს იეჰოვა თაყვანისმცემლობის ყველაზე პირადულ ნაწილსაც ეხება. „ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ; ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!“ (ესაია 1:15). ხელების აპყრობა, რაც ღვთისადმი ლოცვა-ვედრების გამომხატველია, არაფერს ნიშნავდა იეჰოვასთვის, რადგან ხალხს ხელები სისხლიანი ჰქონდა. ქვეყანა ძალადობით იყო სავსე და უმწეონი იჩაგრებოდნენ. ასეთი მოძალადე და ეგოისტი ხალხის ლოცვა და ღვთისგან წყალობის თხოვნა ურცხვობა იყო და სხვა არაფერი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვა ‘არ ისმენდა ’ მათ ვედრებას!
8. რას აკეთებს დღეს არასწორად ქრისტიანული სამყარო და როგორ ებმება ზოგი ქრისტიანი ამავე მახეში?
8 დღესაც ქრისტიანულმა სამყარომ ამნაირადვე დაკარგა ღვთის კეთილგანწყობილება ლოცვების, როგორც ცარიელი სიტყვების, ფუჭად გამეორებისა და სხვა არასწორი ‘მოქმედებების’ გამო (მათე 7:21—23). მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენც არ გავებათ ამ მახეში. შეიძლება ქრისტიანი მძიმედ სცოდავდეს და ამავე დროს ფიქრობდეს, რომ, თუ ცოდვას დაფარავს, მაგრამ მეტ დროს დაუთმობს ქრისტიანულ კრებაში მსახურებას, მისი კეთილი საქმეები ჩადენილ ცოდვას გაანეიტრალებს. ასეთი ფორმალური მსახურება არ სიამოვნებს იეჰოვას. მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს სულიერად განკურნებისთვის, რასაც ესაიას წიგნის მომდევნო მუხლებიდან ვიგებთ.
სულიერი განკურნება
9, 10. რამდენად მნიშვნელოვანია სიწმინდე იეჰოვასადმი ჩვენს თაყვანისმცემლობაში?
9 იეჰოვა, როგორც გულმოწყალე ღმერთი, უფრო რბილი, თბილი ტონით განაგრძობს თავისი ერისადმი მიმართვას. «განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს [„განსაჯეთ მჩაგვრელი“, აქ], განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ» (ესაია 1:16, 17). აქ ჩვენ ცხრა სახის მოწოდებას ვხედავთ. პირველი ოთხი ცოდვისგან გათავისუფლებასთან არის დაკავშირებული, ხოლო ბოლო ხუთი იმ კეთილი საქმეების კეთებისკენ აღძრავს ადამიანს, რომელთაც იეჰოვას კურთხევა მოჰყვება.
10 განბანა და განწმენდა ყოველთვის მნიშვნელოვნად ითვლებოდა წმინდა თაყვანისმცემლობაში (გამოსვლა 19:10, 11; 30:20; 2 კორინთელთა 7:1). მაგრამ იეჰოვა არა მარტო გარეგან სისუფთავეს, არამედ შინაგან სიწმინდესაც მოითხოვს და სურს, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა გულები გაისუფთავონ. ყველაზე მნიშვნელოვანია ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე და სწორედ ამას გულისხმობს იეჰოვა ამ მუხლებში. მე-16 მუხლში მოცემული პირველი ორი მოთხოვნა უბრალო გამეორება არ არის. ერთი ებრაელი ფილოლოგი აღნიშნავს, რომ ‘განბანა’ საწყისი გასუფთავების პროცესს ნიშნავს, ხოლო ‘განწმედა’ ამ სისუფთავის შენარჩუნებას.
11. რა უნდა გავაკეთოთ, თუ შევცოდეთ და რა არ უნდა დავუშვათ?
11 იეჰოვას თვალს ვერაფერს გამოვაპარებთ (იობი 34:22; იგავნი 15:3; ებრაელთა 4:13). ამიტომაც მისი მოწოდება — „ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ“ — მხოლოდ ბოროტი გზის მიტოვებას შეიძლება ნიშნავდეს. მასში ის არ იგულისხმება, რომ უნდა შევეცადოთ სერიოზული ცოდვის დამალვას, რადგან ასეთი მოქმედება უკვე ცოდვაა. იგავნის 28:13 გვაფრთხილებს: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც მათ აღიარებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“.
12. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი ‘ვისწავლოთ სიკეთის ქმნა’? ბ) როგორ ასრულებენ უხუცესები იეჰოვას მითითებებს: „ეძიეთ სამართალი“ და „განსაჯეთ მჩაგვრელი“?
12 ბევრი რამის სწავლა შეიძლება იმ მოწოდებებიდან, რომელთაც ესაიას პირველი თავის მე-17 მუხლში ვკითხულობთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ იეჰოვა არ გვეუბნება, უბრალოდ, სიკეთე აკეთეთო, არამედ ამბობს: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ“. საჭიროა ღვთის სიტყვის პირადი შესწავლა, რომ გავიგოთ, რა არის ღვთის თვალში სიკეთე და გვქონდეს მისი კეთების სურვილი. გარდა ამისა, იეჰოვა არ გვეუბნება, უბრალოდ, სამართალი აღასრულეთო, არამედ მოგვიწოდებს: „ეძიეთ სამართალი“. თვით გამოცდილ უხუცესებსაც კი ესაჭიროებათ ღვთის სიტყვის გულმოდგინე კვლევა-ძიება, რათა სამართლიანად გადაწყვიტონ რთული საკითხები. აგრეთვე მათი მოვალეობაა, ‘განსაჯონ მჩაგვრელი’, რაც იეჰოვას შემდგომი მოწოდებაა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი მითითებებია ქრისტიანული კრების მწყემსებისთვის, რადგან მათ სამწყსო „ულმობელი მგლებისგან“ უნდა დაიცვან (საქმეები 20:28—30).
13. როგორ შეგვიძლია დღეს ქვრივ-ობლებთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება?
13 ბოლო ორი მოწოდება ღვთის ხალხიდან ყველაზე უმწეოებს — ობლებსა და ქვრივებს — ეხება. წუთისოფელი, ჩვეულებრივ, ჩაგრავს მათ, მაგრამ ღვთის ხალხში ასე არ უნდა ხდებოდეს. მოსიყვარულე უხუცესები ‘განიკითხავენ ობლებს’ კრებაში, ანუ ზრუნავენ, რომ მათაც ჰპოვონ სამართალი და დაცული იყვნენ ამ წუთისოფელში, რომელიც ასეთ უმწეოებს ჩაგრავს და ხრწნის. უხუცესები ‘ესარჩლებიან’ ქვრივებს, ანუ, აქ გამოყენებული ებრაული სიტყვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, „იბრძვიან“ მათთვის. აგრეთვე ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, დაეხმაროს, ნუგეში სცეს და გამოექომაგოს ასეთ თანაქრისტიანებს, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ეს, რადგან ისინი ძვირფასნი არიან იეჰოვასთვის (მიქა 6:8; იაკობი 1:27).
14. რა მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის ესაიას 1:16, 17 მუხლები?
14 რა მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის იეჰოვა ამ ცხრა მოთხოვნით! ზოგჯერ ის, ვინც ცოდვას სჩადის, ფიქრობს, რომ სწორად მოქცევა თავის ძალებს აღემატება. ასეთმა თვალსაზრისმა შეიძლება გული გაუტეხოს ადამიანს. გარდა ამისა, ასეთი წარმოდგენა ნამდვილად არასწორია. იეჰოვა დარწმუნებულია და სურს, ჩვენც დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი დახმარებით ნებისმიერ ცოდვილს შეუძლია მიატოვოს ძველი გზა, მოიქცეს და ბოროტების ნაცვლად სიკეთე აკეთოს.
თანამგრძნობი და სამართლიანი მსაჯული
15. როგორ იგებენ ზოგჯერ სიტყვებს «მოდით და ცილობა ვყოთ [„მოვაგვაროთ“, აქ]», და სინამდვილეში რა არის მათში ნაგულისხმები?
15 ახლა იეჰოვა უფრო მეტი სითბოთი და თანაგრძნობით მიმართავს ხალხს. «მოდით და ცილობა ვყოთ [„მოვაგვაროთ საქმეები“, აქ], ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება; ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება» (ესაია 1:18). იეჰოვას ამ მიმართვას ხშირად არასწორად იგებენ ხოლმე. მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“ ამ მუხლის პირველ სიტყვებს ასე თარგმნის: „მოდით და მოვრიგდეთ“. თითქოს შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარე რაღაც დათმობაზე უნდა წავიდეს. მაგრამ ეს არ არის ასე! იეჰოვას იოტისოდენა ბრალიც კი არაფერში მიუძღვის, მით უმეტეს, ამ ურჩი და თვალთმაქცი ხალხის მიმართ (მეორე რჯული 32:4, 5). აქ არ არის ნაგულისხმები თანასწორუფლებიან მხარეთა დათმობაზე წასვლა, არამედ მუხლში საუბარია განსჯის საშუალებით სამართლის აღსრულებაზე, თითქოს იეჰოვა ისრაელის საქმის სასამართლო პროცესზე განხილვას აპირებს.
16, 17. საიდან ვიცით, რომ იეჰოვა მზად არის, სერიოზული ცოდვებიც კი გვაპატიოს?
16 იეჰოვას წინაშე განსასჯელად წარდგომა შეიძლება ძალზე შიშისმომგვრელი იყოს, მაგრამ ის ყველაზე მოწყალე და თანამგრძნობი მსაჯულია. არავინ არის მასავით შემბრალე (ფსალმუნი 85:5). მხოლოდ მას შეეძლო ისრაელის „მეწამული“ ცოდვების განწმენდა და „თოვლივით გასპეტაკება“. ადამიანის ვერავითარი მცდელობა, რიტუალები, შესაწირავები თუ ლოცვები, ვერ ჩამორეცხავს ცოდვის ლაქას. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია დანაშაულის მიტევებით ცოდვილის განწმენდა. ამისათვის კი მისი ნების შესრულება და გულწრფელი მონანიებაა აუცილებელი.
17 იეჰოვა იმდენად მნიშვნელოვნად თვლის მიტევების შესახებ ამ ცნობას, რომ იმავე აზრის გადმოსაცემად ახლა სხვა შედარებას იშველიებს — „ჭიაფერი“ ცოდვები ახალი, შეუღებავი, თეთრი მატყლის ფთილასავით გახდება. იეჰოვას სურს დაგვარწმუნოს, რომ ის ძალზე სერიოზულ ცოდვებსაც კი გვაპატიებს, თუ გულწრფელად მოვინანიებთ. ვისაც უჭირს დაჯერება, რომ ეს მათ პირად შემთხვევაშიც ასე მოხდება, კარგი იქნება, მენაშეს მაგალითს თუ განიხილავს. ის წლების მანძილზე საშინლად სცოდავდა, მაგრამ შემდეგ მოინანია და იეჰოვასგან შეწყალებულ იქნა (მეორე ნეშტთა 33:9—16). იეჰოვას სურს, ყველამ, მათ შორის სერიოზული ცოდვის ჩამდენმაც, იცოდეს, რომ არ არის ძალზე გვიანი მასთან საქმის ‘მოგვარება’.
18. რა არჩევნის წინაშე აყენებს იეჰოვა თავის ურჩ ხალხს?
18 იეჰოვა შეახსენებს თავის ხალხს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ. „თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ! რადგან უფლის ბაგენი მეტყველებენ“ (ესაია 1:19, 20). აქ იეჰოვა მათ პოზიციაზე ამახვილებს ყურადღებას და ხატოვანი ენით უხსნის სათქმელს. იუდას წინაშე ორი სხვადასხვა არჩევანია: ან დოვლათს შეჭამენ, ან თვითონვე შეიჭმევიან მახვილით. თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან იეჰოვას, მიწის დოვლათი არ მოაკლდებათ. ხოლო, თუ არ მიატოვებენ ურჩობას, მტრის მახვილი შეჭამს მათ! თითქმის წარმოუდგენელია, რომ ხალხს ღვთის წყალობისა და დოვლათის ნაცვლად მტრის მახვილი აერჩია. მაგრამ მომდევნო მუხლებიდან ვიგებთ, რომ იერუსალიმის მცხოვრებლები სწორედ ასე იქცევიან.
მოთქმა საყვარელ ქალაქზე
19, 20. ა) როგორ გადმოგვცემს იეჰოვა, თუ რას გრძნობდა, როცა უღალატეს? ბ) რა მხრივ ‘სუფევდა სიმართლე’ იერუსალიმში?
19 ესაიას 1:21—23 მუხლებიდან კარგად ჩანს ყველა ის ბოროტება, რაც იერუსალიმში ხდებოდა. ახლა ესაია თავის ღვთივსულიერ ცნობას მოთქმასავით ანუ გოდებასავით გადმოსცემს: „როგორ ქცეულა მეძავად ერთგული ქალაქი! სამართლით სავსე იყო, სიმართლე სუფევდა იქ, ახლა კი კაცისმკვლელები არიან“ (ესაია 1:21).
20 როგორ დაეცა იერუსალიმი! ერთ დროს ერთგული მეუღლე მეძავად იქცა. განა საუკეთესოდ არ არის გადმოცემული ის, თუ რას გრძნობდა იეჰოვა, როცა უღალატეს და უმტყუნეს? ადრე ხომ „სიმართლე სუფევდა“ ამ ქალაქში. როდის? აბრაამის დღეებში, როცა ისრაელი ჯერ არ არსებობდა, ქალაქს შალემი (სალიმი) ეწოდებოდა. მისი მმართველი ერთდროულად მეფეც იყო და მღვდელიც. მას სათანადო სახელი, მელქიცედეკი, ანუ „სიმართლის მეფე“ ერქვა (ებრაელთა 7:2; დაბადება 14:18—20). მელქიცედეკის დროიდან 1000 წლის შემდეგ, დავითისა და სოლომონის მეფობის პერიოდში, იერუსალიმი დიდების მწვერვალზე იყო. „სიმართლე სუფევდა იქ“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეფეები იეჰოვას გზაზე დადიოდნენ და ხალხს კარგ მაგალითს აძლევდნენ. მაგრამ ესაიას დღეებში ეს მხოლოდ შორეული წარსულის მოგონებად იყო ქცეული.
21, 22. ვინ არიან წარმოდგენილი ხენჯითა და წყალშერეული ღვინით, და რატომ არიან ისინი ამგვარად აღწერილი?
21 როგორც ჩანს, მდგომარეობას, ძირითადად, ქვეყნის მთავრები ართულებდნენ. ესაია განაგრძობს მოთქმას: „ხენჯად იქცა შენი ვერცხლი, შენს ღვინოს წყალი შეერია. შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ“ (ესაია 1:22, 23). ერთიმეორეს მოყოლებული ორი თვალსაჩინო სურათი წარმოდგენას გვიქმნის, რა უნდა მოხდეს შემდეგ. მჭედელი ვერცხლის გადადნობისას, ჩვეულებრივ, გადაკრულ ხენჯს აშორებს და აგდებს. ისრაელის მთავრები და მსაჯულები სწორედ ხენჯს ჰგვანან და არა ვერცხლს. ისინი თავიდან არიან მოსაშორებელი. აგრეთვე წყალშერეულ და გემოდაკარგულ ღვინოს დამსგავსებიან, რომელიც აღარაფრად ვარგა და გადასაღვრელია.
22 მომდევნო 23-ე მუხლიდან კარგად ჩანს, რატომ არიან მთავრები ამგვარად აღწერილი. ღვთის ხალხი მოსეს რჯულით ყველა ერისგან გამორჩეული იყო. მაგალითად, რჯულს ქვეყნის ქვრივ-ობლები უნდა დაეცვა (გამოსვლა 22:21—23). მაგრამ ესაიას დღეებში ობლები იჩაგრებოდნენ, ქვრივების ჩივილს ყურს არავინ უგდებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დახმარებაზე. მსაჯულები და მთავრები მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის ზრუნავდნენ — იღებდნენ ქრთამსა და მოსაკითხებს, ქურდებს ეხმარებოდნენ და დამნაშავეებს იცავდნენ, უდანაშაულო ხალხის ტანჯვას კი აინუნშიც არ აგდებდნენ. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ისინი „განდგომილნი“ იყვნენ, ანუ ჯიუტად არ იშლიდნენ ბოროტების ქმნას. მდგომარეობა ნამდვილად სავალალო იყო!
იეჰოვა განწმენდს თავის ხალხს
23. რას ამბობს იეჰოვა თავის მტრებზე?
23 იეჰოვა დიდხანს არ მოითმენდა ასეთ ბოროტმოქმედებას. ესაია განაგრძობს: „ამიტომ ამბობს მეუფე, ცაბაოთ უფალი, ისრაელის ძლიერი: ოჰ, როგორ ამოვიყრი ჩემს მოსისხლეთა ჯავრს, როგორც ვიძიებ შურს ჩემს მტრებზე!“ (ესაია 1:24). იეჰოვა აქ სამი სხვადასხვა ტიტულით არის მოხსენიებული, რითაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ის უზენაესი ძალაუფლებისა და უდიდესი ძალის მფლობელია. შორისდებული „ოჰ“, როგორც ჩანს, იმას გამოხატავს, რომ იეჰოვა ძალზე გულნატკენია და აღარ აპირებს გულისწყრომის შეკავებას. ამისთვის მას ნამდვილად აქვს მიზეზი.
24. როგორ აპირებდა იეჰოვა თავისი ხალხის განწმენდას?
24 იეჰოვას თავისივე ხალხი ექცა მტრად. ისინი სრულიად სამართლიანად იმსახურებდნენ ღვთის რისხვას. იეჰოვა ‘ჯავრს ამოიყრიდა’ ანუ თავიდან მოიშორებდა მტრებს. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურებდა თავის რჩეულ ერს? არა, რადგან ის განაგრძობს: „მოვაქცევ შენკენ ხელს და, თითქოს ტუტეში გამეფეროს შენი ხენჯიანი ვერცხლი, ყოველგვარ მინარევს მოგაცილებ“ (ესაია 1:25). იეჰოვას ახლა გაწმენდის პროცესი მოჰყავს თვალსაჩინო მაგალითად. ძველ დროში ხშირად ტუტეს იყენებდნენ ხოლმე ძვირფასი ლითონისგან ხენჯის მოსაშორებლად. ამნაირადვე, იეჰოვა ‘სამართლიანად დასჯიდა’ თავის ხალხს, რომელსაც მის თვალში ჯერ კიდევ შერჩენოდა რაღაც სიკეთე. ის მათ მხოლოდ „მინარევს“ ანუ ურჩებს მოაცილებდა, რომლებიც ყურად არ იღებდნენ მის ხმას (იერემია 46:28)c. ამ სიტყვებით ესაიამ წინასწარ აღწერა, რა მოხდებოდა მომავალში.
25. ა) როგორ განწმინდა იეჰოვამ თავისი ერი ძვ. წ. 607 წელს? ბ) როდის განწმინდა იეჰოვამ თავისი ხალხი ჩვენს დროში?
25 იეჰოვამ მართლაც განწმინდა თავისი ხალხი და მოაშორა ხენჯი უვარგისი მთავრებისა და სხვა მოჯანყე ხალხის სახით. ესაიას დღეებიდან დიდი ხნის შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმი დანგრეულ იქნა, ხოლო მისმა მცხოვრებლებმა 70 წელი დაჰყვეს ბაბილონის ტყვეობაში. განწმენდა საუკუნეების შემდეგაც უნდა მომხდარიყო. მალაქიას 3:1—5-ში მოცემული წინასწარმეტყველებიდან, რომელიც ბაბილონის ტყვეობიდან დიდი ხნის შემდეგ დაიწერა, ჩანდა, რომ ღმერთი კვლავაც განწმენდდა თავის ხალხს. მასში საუბარი იყო იმ დროზე, როდესაც იეჰოვა ღმერთი „აღთქმის ანგელოზთან“, იესო ქრისტესთან, ერთად თავის სულიერ ტაძარში მოვიდოდა. როგორც ჩანს, ეს წინასწარმეტყველება პირველი მსოფლიო ომის ბოლოს შესრულდა. იეჰოვამ შეამოწმა ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებდა და ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან გამოარჩია. რა იყო შედეგი?
26—28. ა) როგორ შესრულდა პირველად ესაიას 1:26-ში მოცემული წინასწარმეტყველება? ბ) როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროში? გ) რით არის მნიშვნელოვანი ეს წინასწარმეტყველება დღევანდელი უხუცესებისთვის?
26 იეჰოვა გვპასუხობს: „მოვაქცევ შენს მსაჯულებს, როგორც წინათ იყვნენ, და შენს მრჩეველებს, როგორც დასაწყისში იყვნენ; ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმევა, უტყუარი სატახტო. სიონი სამართლით გამოისყიდება და მისკენ მოქცეულნი — სიმართლით!“ (ესაია 1:26, 27). ეს წინასწარმეტყველება პირველად ძველ იერუსალიმზე შესრულდა. ძვ. წ. 537 წელს, გადასახლებულთა ბაბილონიდან დაბრუნების შემდეგ, იერუსალიმში, როგორც ძველად, კვლავ იყვნენ კეთილსინდისიერი მსაჯულები და მრჩევლები. წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია, მღვდელმთავარი იესო, მწიგნობარი ეზრა და განმგებელი ზერუბაბელი ტყვეობიდან დაბრუნებულ ხალხს ღვთის ბილიკებზე მიუძღოდნენ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მეოცე საუკუნეში ამ წინასწარმეტყველების მეორედ შესრულება იყო.
27 ჩვენს დროში იეჰოვას ხალხი განწმენდის პროცესის შედეგად 1919 წელს გამოჩნდა. ისინი ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, დიდი ბაბილონის, სულიერი ტყვეობიდან იქნენ გათავისუფლებული. ღვთის ერთგულ ცხებულ ქრისტიანებსა და ქრისტიანული სამყაროს განდგომილ სამღვდელოებას შორის განსხვავება აშკარა გახდა. ღმერთმა კვლავ აკურთხა თავისი ერი და ‘დაუბრუნა მსაჯულები და მრჩევლები’ — ღვთის ერთგული მამაკაცები, რომლებიც ხალხს მისი სიტყვიდან აძლევდნენ რჩევა-დარიგებას და არა ადამიანთა ტრადიციაზე დაყრდნობით. დღეს „მცირე სამწყსოს“ დარჩენილ წევრებსა და რიცხობრივად მზარდ მრავალმილიონიან „სხვა ცხვრებს“ შორის ათასობით ასეთი მამაკაცია (ლუკა 12:32; იოანე 10:16; ესაია 32:1, 2; 60:17; 61:3, 4).
28 უხუცესებმა იციან, რომ ზოგჯერ „მსაჯულების“ როლი უნდა შეასრულონ კრების ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შესანარჩუნებლად და ცოდვის ჩამდენთა გამოსასწორებლად. მათ ძლიერ სურთ, ღვთისმოსაწონად იმოქმედონ და მიბაძონ იეჰოვას გულმოწყალებასა და სამართლიანობის გაწონასწორებულად გამოვლენაში. მაგრამ ისინი უფრო ხშირად „მრჩევლების“ როლს ასრულებენ. ცხადია, ეს ძლიერ განსხვავდება დესპოტური ბატონობისგან და ამიტომაც უხუცესები ყოველმხრივ ცდილობენ, ერთი შეხედვითაც კი არ ჩანდეს ისე, თითქოს ‘ღვთის სამკვიდრებელს ეუფლებიან’ (1 პეტრე 5:3).
29, 30. ა) რა თქვა იეჰოვამ მათ შესახებ, ვისაც არ სურდა, დაქვემდებარებოდა ღვთის მიერ განწმენდის პროცესს? ბ) როგორ არის ხალხი მუხებისა და ბაღების გამო „შერცხვენილი“?
29 რა შეიძლება ითქვა ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „ხენჯის“ შესახებ? რა მოელოდა მათ, ვისაც არ სურდა, დაქვემდებარებოდა ღვთის მიერ განწმენდის პროცესს? ესაია განაგრძობს: „დამნაშავენი და ცოდვილნი ერთად გაწყდებიან და უფლის მიმტოვებელნი დაიღუპებიან. რადგან შერცხვენილნი იქნებიან მუხების გამო, რომელთაც შეჰხაროდით, და გაწბილდებიან ბაღების გამო, რომლებიც აირჩიეთ“ (ესაია 1:28, 29). იეჰოვას წინაშე დანაშაულისა და ცოდვის ჩამდენნი, რომლებიც, სანამ კიდევ დრო იყო, ყურს არ უგდებდნენ მის წინასწარმეტყველთა გამაფრთხილებელ ცნობას, უეჭველად, ‘გაწყდებოდნენ’ და ‘დაიღუპებოდნენ’. სწორედ ასე მოხდა ძვ. წ. 607 წელს. მაგრამ რას ნიშნავს წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული მუხები და ბაღები?
30 იუდაში თითქმის ყოველთვის იყვნენ კერპთაყვანისმცემლები. ხეები, ბაღები და ჭალები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მათ უზნეო წეს-ჩვეულებებში. მაგალითად ბაალისა და მისი მეუღლის, აშთორეთის, თაყვანიმსცემლებს სწამდათ, რომ მშრალ სეზონზე ეს ორი ღვთაება კვდებოდა და მიწაში იყო დამარხული. ისინი რომ გამოეღვიძებინათ და დაეწყვილებინათ, რითაც თავიანთი აზრით მიწა ნაყოფიერი გახდებოდა, კერპთაყვანისმცემლები იკრიბებოდნენ და სექსუალურ უზნეობას სჩადიოდნენ „წმიდა“ ხეების ქვეშ, ჭალებსა და ბაღებში. როცა ქვეყანას წვიმა არ აკლდა და მიწა ნაყოფს უხვად იძლეოდა, ხალხს ამ ცრუ ღვთაებებისადმი ნდობა უმტკიცდებოდა და უფრო მეტად იკიდებდა ფეხს ცრურწმენა მათში. მაგრამ, როცა იეჰოვამ გაწყვიტა და დაღუპა ურჩი კერპთაყვანისმცემელნი, ვერც ერთმა ცრუ ღმერთმა ვერ დაიფარა ისინი. განდგომილები „შერცხვენილნი“ იყვნენ თავიანთი არაფრის მაქნისი ხეებისა და ბაღების გამო.
31. რა დაემართებოდათ კერპთაყვანისმცემლებს ისეთი, რაც შერცხვენაზე უფრო დიდი უბედურება იქნებოდა?
31 კერპთაყვანისმცემელი იუდაელები არა მარტო შერცხვებოდნენ, არამედ მათ უფრო დიდი უბედურება დაატყდებოდათ თავს. იეჰოვას ახლა სხვა თვალსაჩინო მაგალითი მოჰყავს და კერპთაყვანისმცემლებს ხეებს ადარებს: „ფოთოლდამჭკნარ მუხასავით და ურწყავი ბაღივით შეიქნებით“ (ესაია 1:30). შუა აღმოსავლეთის ცხელი და მშრალი ჰავის მხედველობაში მიღებით, ეს ნამდვილად სათანადო შედარებაა. ცხადია, არც ერთ ხესა და ბაღს არ შეუძლია დიდხანს უწყლოდ გაძლება. გამხმარ მცენარეებს ცეცხლიც ადვილად ეკიდება. ამიტომაც 31-ე მუხლის სიტყვები საკმაოდ ბუნებრივად ჟღერს.
32. ა) ვინ არის 31-ე მუხლში მოხსენიებული „ძლიერი“? ბ) რა გაგებით იქცევა ის „ძენძად“, რა „ნაპერწკალი“ ააბრიალებს მას, და რა იქნება შედეგი?
32 «ძლიერი ძენძად იქცევა და მისი საქმე [„საქმის ნაყოფი“, აქ] — ნაპერწკალად; ორივე ერთად აბრიალდება და ჩამქრობი არავინ იქნება» (ესაია 1:31). ვინ არის ეს „ძლიერი“? აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა ძალასა და სიმდიდრეზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ჩანს, ის ცრუ ღმერთების შეძლებულ და თავდაჯერებულ თაყვანისმცემელს გულისხმობს. ესაიას დროსაც იყვნენ და ჩვენს დროშიც მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც უარყოფენ იეჰოვასა და მის წმინდა თაყვანისმცემლობას. ზოგი მათგანი საკმაო წარმატებებსაც აღწევს ცხოვრებაში. მაგრამ იეჰოვა აფრთხილებს მათ, რომ „ძენძად“ ანუ სელის უხეშ და იმდენად გამომშრალ ბოჭკოებად იქცევიან, რომ ცეცხლის ‘დაყნოსვაზეც’ კი გაწყდებიან (მსაჯულნი 16:8, 9). კერპთაყვანისმცემელთა საქმის ნაყოფი კი —კერპები, სიმდიდრე თუ სხვა რამ, რასაც ისინი იეჰოვას ადგილზე აყენებენ — „ნაპერწკალად“ იქცევა. ნაპერწკალი ძენძს ააბრიალდებს და ამ ცეცხლს ვეღარავინ ჩააქრობს. მთელ სამყაროში ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს იეჰოვას სამართლიანი გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას.
33. ა) საიდან ვიცით, რომ მოახლოებული სასჯელის შესახებ გამაფრთხილებელი ცნობები ღვთის გულმოწყალების გამოვლინებაა? ბ) რა შესაძლებლობას აძლევს იეჰოვა კაცობრიობას დღეს და როგორ ეხება ეს თითოეულ ჩვენგანს?
33 ეთანხმება თუ არა ეს უკანასკნელი ცნობა მე-18 მუხლში მოცემულ შეწყალებისა და პატიების შესახებ ცნობას? დიახ! იეჰოვამ სწორედ იმის გამო ჩააწერინა თავის მსახურებს ეს გამაფრთხილებელი სიტყვები საღვთო წერილში, რომ მწყალობელია. მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). დღეს თითოეულ ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია კაცობრიობას ღვთის გამაფრთხილებელი ცნობა გადასცეს, რათა მრავალმა მოინანიოს ცოდვები მწყალობელი ღვთის წინაშე და მარადიულად იცხოვრონ. იეჰოვა უდიდეს გულმოწყალებას ავლენს და ხალხს საშუალებას აძლევს, ‘საქმეები მოაგვარონ’ მასთან, სანამ ჯერ კიდევ დროა!
[სქოლიოები]
a ებრაული გადმოცემების მიხედვით, ბოროტმა მეფე მენაშემ ესაია შუაზე გაახერხვინა (შეადარეთ ებრაელთა 11:37). ერთი წყაროს თანახმად, სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად ცრუ წინასწარმეტყველს ესაიასთვის ბრალდება წაუყენებია, რომ ის „იერუსალიმს სოდომად იხსენიებდა, ხოლო იუდასა და იერუსალიმის მთავრებს გომორელებს უწოდებდა“.
b „იდუმალ ძალებად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა აგრეთვე შეიძლება ითარგმნოს როგორც „მავნებლობა“, „საშინელება“ ან „მცდარი საქციელი“. „ძველი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, ებრაელი წინასწარმეტყველები ამ სიტყვით „რაიმე ძალის ბოროტად გამოყენებას“ განსჯიდნენ.
c სიტყვები „მოვაქცევ შენკენ ხელს“ იმას ნიშნავს, რომ იეჰოვა კი აღარ დაიფარავდა, არამედ დასჯიდა თავის ერს.