ბიბლიის წიგნი 19 — ფსალმუნები
დამწერები: დავითი და სხვები
დაწერის ადგილი: დაუდგენელია
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 460
1. რა არის „ფსალმუნები“ და რა შედის მასში?
„ფსალმუნები“ ძველად იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა საგალობლები იყო. წიგნი შედგება 150 ღვთივშთაგონებული საგალობლისგან ანუ ფსალმუნისგან, რომლებიც ღვთისმსახურების დროს მუსიკის თანხლებით სრულდებოდა იერუსალიმის ტაძარში. ეს ფსალმუნები იეჰოვას განმადიდებელი სიმღერებია; მათგან ზოგიერთი ლოცვაა, დახმარებისა და წყალობის სათხოვარი, ზოგი კი — ნდობისა და რწმენის გამოხატულება. მათში უხვად არის მადლიერების სიტყვები და დიდი სიხარულის შეძახილები. ზოგი იმეორებს ისტორიულ მოვლენებს და აღწერს იეჰოვას სიკეთესა და დიდებულ საქმეებს. „ფსალმუნებში“ მრავალ წინასწარმეტყველებას ვკითხულობთ, რომელთა უმეტესობაც საოცრად შესრულდა. მათში ხატოვანი და ფიგურალური ენით გადმოცემული უამრავი სასარგებლო და პრაქტიკული მითითება მკითხველის გულს სწვდება. „ფსალმუნები“ შეგვიძლია შევადაროთ ნოყიერი საკვებით და მადის აღმძვრელად გაწყობილ სუფრას.
2. ა) რა სახელწოდებებით არის ცნობილი „ფსალმუნები“ და რა არის მათი მნიშვნელობა? ბ) რა არის ფსალმუნი?
2 რას ნიშნავს წიგნის ებრაული სახელწოდება და ვინ დაწერა ის? ებრაულად წიგნს ეწოდება „სეფერ თეჰილიმ“ ანუ „ქებათა წიგნი“, ან უბრალოდ „თეჰილიმ“, „ქებანი“. 145-ე ფსალმუნის ეპიგრაფში ვხვდებით სიტყვა „თეჰილა“-ს („თეჰილიმ“ მხოლოობით რიცხვში), რაც „ქებას“ ანუ „სადიდებელ სიმღერას“ ნიშნავს. ეს სახელწოდება წიგნისთვის ნამდვილად შესაფერისია, რადგან წიგნი ძირითადად იეჰოვას განდიდებას ეძღვნება. სახელწოდება „ფსალმუნები“ მომდინარეობს ბერძნული სეპტუაგინტიდან, სადაც მას ეწოდებოდა „ფსალმოი“, რაც ნიშნავს მუსიკის თანხლებით შესასრულებელ სიმღერებს. ეს სიტყვა არაერთხელ გვხვდება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, მაგალითად ლუკას 20:42-სა და საქმეების 1:20-ში. ფსალმუნი არის წმინდა საგალობელი ან ლექსი ღვთის განსადიდებლად და თაყვანსაცემად.
3. რას ვიგებთ ფსალმუნების ეპიგრაფებიდან?
3 მრავალ ფსალმუნს აქვს სათაური ანუ ეპიგრაფი, რომელშიც ხშირად მოხსენიებულია ავტორის სახელი. სამოცდაცამეტი ფსალმუნი დავითს ეკუთვნის, „რომელზეც მღეროდნენ ისრაელში, როგორც სათნო ადამიანზე“ (2 სამ. 23:1). როგორც ჩანს, მე-2, 72-ე და 95-ე ფსალმუნებიც დავითის კალამს ეკუთვნის (იხილეთ საქმეების 4:25; ფსალმუნის 72:20 და ებრაელების 4:7). მე-10 ფსალმუნი მე-9 ფსალმუნის გაგრძელებაა, ხოლო 71-ე ფსალმუნი — 70-ე ფსალმუნის, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინიც დავითს ეკუთვნის. თორმეტი ფსალმუნი მიეწერება ასაფს. ასაფში, როგორც ჩანს, მისი სახლეულობაც იგულისხმება, რადგან ზოგ ფსალმუნში აღწერილია ასაფის სიკვდილის შემდეგ მომხდარი მოვლენები (ფსალმ. 79, 80; 1 მატ. 16:4, 5, 7; ეზრ. 2:41). თერთმეტი ფსალმუნის ავტორად კორახის ძეები არიან დასახელებული (1 მატ. 6:31—38). 43-ე ფსალმუნი 42-ე ფსალმუნის გაგრძელებაა, ამიტომ შეგვიძლია ისიც კორახის ძეების ფსალმუნად მივიჩნიოთ. 88-ე ფსალმუნის ეპიგრაფში კორახის ძეებთან ერთად ჰემანიც არის მოხსენიებული, 89-ე ფსალმუნის ავტორად კი ეთანი გვევლინება. 90-ე ფსალმუნი მოსეს დაწერილია და, შესაძლოა, 91-ე ფსალმუნიც მას ეკუთვნის. 127-ე ფსალმუნი სოლომონის დაწერილია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილია ფსალმუნების ორი მესამედის დამწერთა ვინაობა.
4. რა პერიოდს მოიცავს „ფსალმუნები“?
4 „ფსალმუნები“ ბიბლიის ყველაზე დიდი წიგნია. 90-ე, 126-ე და 137-ე ფსალმუნებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ეს წიგნი დიდი ხნის მანძილზე იწერებოდა, სულ მცირე, მოსეს დროიდან (ძვ. წ. 1513—1473) ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებამდე, შესაძლოა, ეზრას დრომდე (ძვ. წ. 537 — დაახლ. 460). ასე რომ, ის დაახლოებით ათასი წლის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა შინაარსობრივად უფრო დიდ დროს მოიცავს. წიგნი აღწერს შემოქმედებიდან დაწყებულ მოვლენებს და მოგვითხრობს იეჰოვას ურთიერთობაზე თავის მსახურებთან ბოლო ფსალმუნის შედგენის დრომდე.
5. ა) როგორ ჩანს „ფსალმუნებიდან“ ღვთის ხალხის ორგანიზებულობა? ბ) კიდევ რას ვიგებთ ეპიგრაფებიდან? გ) რატომ არ არის სავალდებულო კითხვის დროს „სელას“ წარმოთქმა?
5 „ფსალმუნებიდან“ კარგად ჩანს ღვთის ხალხის ორგანიზებულობა. დავითმა აღწერა თავისი ღვთისა და მეფის სვლა წმინდა ადგილისკენ: „მომღერლები მიდიოდნენ წინ, მათ სიმებიან საკრავებზე დამკვრელები მიჰყვებოდნენ; მათ შორის ქალწულები უკრავდნენ დაირებზე. შეკრებილ ხალხში აკურთხეთ ღმერთი, აკურთხეთ იეჰოვა“ (ფსალმ. 68:24—26). გასაკვირი არ არის, თუ რატომ გვხვდება ხშირად ეპიგრაფებში სიტყვა „ხელმძღვანელს“, ასევე მრავალი პოეტური თუ მუსიკალური ტერმინი. ზოგ ეპიგრაფში ახსნილია, რა მიზნით დაიწერა ფსალმუნი, ან მოცემულია მითითებები შემსრულებელთათვის (იხილეთ მე-6, 30-ე, 38-ე, მე-60, 88-ე, 102-ე და 120-ე ფსალმუნების ეპიგრაფები). დავითის ფსალმუნებიდან, სულ მცირე, 13 ფსალმუნის ეპიგრაფში მოკლედ არის აღწერილი ის მოვლენები, რომლებმაც მათი დაწერა განაპირობა. ამის მაგალითებია 18-ე და 51-ე ფსალმუნები. ოცდათოთხმეტ ფსალმუნს საერთოდ არა აქვს ეპიგრაფი. ძირითად ტექსტში 71-ჯერ გვხვდება სიტყვა „სელა“. ვარაუდობენ, რომ ეს არის ტერმინი, რომელიც უკავშირდებოდა მუსიკასა და დეკლამაციას, თუმცა მისი ზუსტი მნიშვნელობა უცნობია. ზოგის აზრით, ის მიანიშნებს სიმღერის ან მუსიკალური აკომპანიმენტის დროს დასაფიქრებლად პაუზის გაკეთებაზე. ამიტომ, კითხვის დროს მისი წარმოთქმა არ არის სავალდებულო.
6. ა) როგორ არის „ფსალმუნები“ დაყოფილი? ბ) შესაძლოა ვინ მისცა „ფსალმუნებს“ საბოლოო სახე?
6 „ფსალმუნებს“ ოდითგანვე ხუთ წიგნად ყოფდნენ: 1) 1—41-ე ფსალმუნები, 2) 42—72-ე ფსალმუნები, 3) 73—89-ე ფსალმუნები, 4) 90—106-ე ფსალმუნები და 5) 107—150-ე ფსალმუნები. როგორც ჩანს, პირველად დავითმა დაიწყო ფსალმუნების შეკრება. შესაძლოა ფსალმუნებს საბოლოო სახე იეჰოვას მითითებით მისცა მღვდელმა ეზრამ, რომელიც „მოსეს კანონის დახელოვნებული გადამწერი“ იყო (ეზრ. 7:6).
7. კიდევ რა თავისებურებები აქვს „ფსალმუნებს“?
7 ფსალმუნების შეკრება ეტაპობრივად ხდებოდა. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ მეორდება წიგნის სხვადასხვა ნაწილში ზოგიერთი ფსალმუნი (მაგალითად მე-14 და 53-ე ფსალმუნები, 40:13—17 და 70-ე ფსალმუნი, 57:7—11 და 108:1—5). „ფსალმუნების“ ხუთივე წიგნი მთავრდება იეჰოვას განმადიდებელი სიტყვებით ანუ დოქსოლოგიით. პირველ ოთხ შემთხვევაში დოქსოლოგიის შემდეგ გვხვდება ხალხის თანხმობის გამომხატველი სიტყვებიც. 150-ე ფსალმუნი კი მთლიანად დოქსოლოგიაა.
8. როგორი აკროსტიქი გვხვდება „ფსალმუნებში“?
8 ცხრა ფსალმუნი განსაკუთრებული სტილით არის შედგენილი. მუხლები ანბანური აკროსტიქით არის დაწყობილი (მე-9, მე-10, 25-ე, 34-ე, 37-ე, 111-ე, 112-ე, 119-ე და 145-ე ფსალმუნები). ასეთ წყობაში სტრიქონის პირველი მუხლი ან მუხლები იწყება ებრაული ანბანის პირველი ასოთი, ალეფით (א), მომდევნო მუხლ(ებ)ი — მეორე ასოთი, ბეთით (ב) და ა. შ. ერთ ფსალმუნში შეიძლება მთელი ებრაული ანბანი შეგვხვდეს. როგორც ჩანს, ეს ტექსტის დამახსოვრებაში ეხმარებოდა ტაძრის მომღერლებს, რომლებსაც 119-ე ფსალმუნის დაზეპირებაც უწევდათ. იეჰოვას სახელი აკროსტიქით გვხვდება ფსალმუნის 96:11-ში. დედანში მუხლის პირველი ნაწილი ოთხი სიტყვისგან შედგება, რომელთა თავკიდური ასოებისგან გამოდის ტეტრაგრამატონი, ჲჰვჰ (יהוה).
9. ა) რატომ აღწევს „ფსალმუნები“ მკითხველის გულს და რატომ არის ადვილად აღსაქმელი? ბ) რა ხდის წიგნს შთამბეჭდავსა და ექსპრესიულს?
9 ამ წმინდა, ლირიკულ ლექსებში რითმა არ არის, როგორც ეს ებრაული პოეზიისთვის არის დამახასიათებელი. მაგრამ ისინი საუცხოო სტილითა და რიტმული ხასიათით გამოირჩევა. ეს გულშიჩამწვდომი ფსალმუნები მკითხველისთვის ადვილად აღსაქმელია და მოვლენების ცოცხლად წარმოდგენაში ეხმარება. შინაარსის მრავალფეროვნება და ემოციების მთელი გამა ნაწილობრივ დავითის უჩვეულო ცხოვრებით შეიძლება აიხსნას. რა არ გამოსცადა დავითმა თავისი ცხოვრების მანძილზე! ის იყო მწყემსი, გოლიათის მძლეველი, სამეფო კარის მუსიკოსი, დევნილი, ერთგული მეგობრებითა თუ მოღალატეებით გარემოცული, მეფე და დამპყრობი, მოსიყვარულე მამა, რომელიც ძალიან განიცდიდა ოჯახში არსებულ განხეთქილებას. მან ორჯერ გამოსცადა სერიოზული ცოდვის სიმწარე და მაინც იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი და მისი კანონის მოყვარული დარჩა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ „ფსალმუნებში“ ადამიანის ყველა გრძნობაა გადმოცემული. წიგნს შთამბეჭდავსა და ექსპრესიულს ხდის ებრაული პოეზიისთვის დამახასიათებელი პარალელიზმი და ანტითეზა (მცნებების დაპირისპირება) (ფსალმ. 1:6; 22:20; 42:1; 121:3, 4).
10. რა მოწმობს „ფსალმუნების“ უტყუარობაზე?
10 იეჰოვას განმადიდებელი ამ უძველესი სიმღერების უტყუარობის დასამტკიცებლად ისიც კმარა, რომ ისინი სრულად ეთანხმება წმინდა წერილებს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები არაერთხელ ციტირებდნენ „ფსალმუნებიდან“ (ფსალმ. 5:9 — რომ. 3:13; ფსალმ. 10:7 — რომ. 3:14; ფსალმ. 24:1 — 1 კორ. 10:26; ფსალმ. 50:14 — მათ. 5:33; ფსალმ. 78:24 — იოან. 6:31; ფსალმ. 102:25—27 — ებრ. 1:10—12; ფსალმ. 112:9 — 2 კორ. 9:9). ბოლო სიმღერაში დავითი ამბობდა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“. ეს სული მოქმედებდა დავითზე მას შემდეგ, რაც სამუელმა მეფედ სცხო (2 სამ. 23:2; 1 სამ. 16:13). პეტრემ ფსალმუნების ციტირებისას მას ‘დავითის პირით წმინდა სულის მიერ წინასწარ წარმოთქმული’ უწოდა. პავლემაც ებრაელებისთვის მიწერილ წერილში ციტირებულ „ფსალმუნებს“ ღვთის ნათქვამი უწოდა, ზოგან კი წაუმძღვარა სიტყვები: „როგორც წმინდა სული ამბობს“ (საქ. 1:16; 4:25; ებრ. 1:5—14; 3:7; 5:5, 6).
11. როგორ ადასტურებს იესოს სიტყვები „ფსალმუნების“ უტყუარობას?
11 წიგნის უტყუარობის საუკეთესო მტკიცებაა მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესოს სიტყვები: „აი, რას გეუბნებოდით . . . ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“. იესომ აქ ებრაული წერილები ისე დააჯგუფა, როგორც იმ დროს იუდეველებს შორის იყო მიღებული. „ფსალმუნებში“ ის გულისხმობდა იმ დროს არსებული ბიბლიის წიგნთა მესამე ჯგუფს, რომელსაც ჰაგიოგრაფები (წმინდა წერილები) ეწოდება და რომელიც „ფსალმუნებით“ იწყება. ამას ადასტურებს რამდენიმე საათით ადრე ემაუსის გზაზე ორ მოწაფესთან იესოს საუბარიც, რომლის დროსაც „განუმარტა მათ წმინდა წერილებში თავის შესახებ დაწერილი“ (ლუკ. 24:27, 44).
შინაარსი
12. რას ამბობს „ფსალმუნები“ ბედნიერებასა და ღვთის სამეფოზე დასაწყისშივე?
12 პირველი წიგნი (ფსალმუნები 1—41). 1-ლი, მე-2, მე-10 და 33-ე ფსალმუნების გარდა, ამ წიგნში ყველა ფსალმუნი დავითს ეკუთვნის. პირველივე ფსალმუნი მნიშვნელოვან აზრზე ამახვილებს ყურადღებას. ის ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც უღვთო ხალხისგან განსხვავებით იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და დღედაღამ მასზე ფიქრობს, რათა დაიცვას ის. მოგვიანებით „ფსალმუნები“ ბედნიერების სხვა მიზეზებსაც გვისახელებს. მე-2 ფსალმუნი იწყება დამაფიქრებელი კითხვით და მოგვითხრობს, როგორ გაერთიანდნენ დედამიწის მეფეები და უმაღლესი მოხელეები „იეჰოვასა და მისი ცხებულის წინააღმდეგ“. იეჰოვა სასაცილოდ აიგდებს მათ და რისხვით ეტყვის: „მე, მე დავაყენე ჩემი მეფე სიონზე, ჩემს წმინდა მთაზე“. ის დალეწავს და დაამსხვრევს თავის მოწინააღმდეგეებს. სხვა მეფეებსა და მმართველებს ფსალმუნი აფრთხილებს, ‘შიშით ემსახურონ იეჰოვას’ და აღიარონ მისი ძე, რათა არ განადგურდნენ (მუხლ. 2, 6, 11). ასე რომ, „ფსალმუნების“ დასაწყისშივე იკვეთება ბიბლიის მთავარი თემა, ღვთის სამეფო.
13. რით გამოირჩევა „ფსალმუნების“ პირველი წიგნი?
13 ამ პირველ წიგნში თხოვნისა თუ მადლიერების გამომხატველ მრავალ ლოცვასაც ვხვდებით. მე-8 ფსალმუნი გვანახვებს, რამდენად პატარაა ადამიანი იეჰოვას სიდიადესთან შედარებით, მე-14 ფსალმუნი კი ააშკარავებს მათ უგუნურებას, ვინც არაფრად აგდებს ღმერთს. მე-19 ფსალმუნიდან ჩანს, როგორ განადიდებენ იეჰოვა ღმერთს მისი მშვენიერი ქმნილებები. ამავე ფსალმუნის მე-7—14 მუხლებში ხატოვნად არის აღწერილი, რა სარგებლობა მოაქვს ღვთის სრულყოფილი კანონების დაცვას, რის შესახებაც უფრო ვრცლად 119-ე ფსალმუნში ვკითხულობთ. 23-ე ფსალმუნი ლიტერატურულ შედევრად არის აღიარებული, თუმცა ის უფრო იმით არის ღირსშესანიშნავი, რომ ლამაზი და უბრალო სიტყვებით გამოხატავს იეჰოვასადმი ნდობას. ნეტავ, ყველანი დავმკვიდრდეთ იეჰოვას, დიდებული მწყემსის სახლში მთელი ჩვენი სიცოცხლის დღენი! (23:1, 6). 37-ე ფსალმუნი კარგ რჩევას აძლევს ბოროტმოქმედთა შორის მცხოვრებ ღვთისმოშიშებს, მე-40 ფსალმუნი კი გამოხატავს ღვთის ნების შესრულებით გამოწვეულ სიხარულს, რომელსაც დავითი განიცდიდა.
14. რას ვკითხულობთ ფსალმუნების მეორე წიგნში გამოსყიდვაზე და დავითის რომელი ლოცვებია ჩაწერილი მასში?
14 მეორე წიგნი (ფსალმუნები 42—72). ეს წიგნი კორახის ძეების რვა ფსალმუნით იწყება. 42-ე და 43-ე ფსალმუნები რომ სინამდვილეში კორახის ძეების დაწერილია, ცხადყოფს ის, რომ სამი სტროფისგან შემდგარ ორივე ფსალმუნს აერთიანებს თითოეული სტროფის ბოლოს გამეორებული ერთი და იგივე მუხლი (42:5, 11; 43:5). 49-ე ფსალმუნი ხაზს უსვამს, რომ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავის გამოსყიდვა, რომ მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, ადამიანები „სამარის ხელიდან“ გამოისყიდოს (მუხლ. 15). 51-ე ფსალმუნი დავითის ლოცვაა, რომელიც ბათ-შებასთან, ურია ხეთელის ცოლთან შეცოდების შემდეგ წარმოთქვა და გულწრფელ მონანიებას გამოხატავს (2 სამ. 11:1—12:24). ამ წიგნის ბოლო ფსალმუნი „სოლომონის შესახებ“ ლოცვაა, რათა სოლომონს მშვიდობიანი მმართველობა ჰქონოდა და იეჰოვას კურთხევები არ მოჰკლებოდა (ფსალმ. 72).
15. რას ვიგებთ მესამე წიგნიდან ისრაელის ისტორიაზე, იეჰოვას განაჩენებსა და სამეფოს შესახებ დადებულ შეთანხმებაზე?
15 მესამე წიგნი (ფსალმუნები 73—89). ამ ფსალმუნებიდან სულ მცირე ორი ფსალმუნი, კერძოდ 74-ე და 79-ე, დაიწერა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ. ეს არის სამგლოვიარო ფსალმუნები და ვედრება იეჰოვასადმი, რომ თავისი „სახელის დიდების გულისთვის“ დაეხმაროს თავის ხალხს (79:9). 78-ე ფსალმუნში განხილულია ისრაელის ისტორია მოსეს დროიდან დავითამდე, რომელმაც „თავისი გულის უმწიკვლობით დამწყემსა ისინი“ (მუხლ. 72), მე-80 ფსალმუნში კი ვკითხულობთ, რომ „ისრაელის მწყემსი“ სინამდვილეში იეჰოვა იყო (მუხლ. 1). 82-ე და 83-ე ფსალმუნები არის იეჰოვასადმი მუდარა, აღასრულოს განაჩენი თავის მტრებსა და თავისი ხალხის მტრებზე. ამ თხოვნის მიზეზი არ იყო შურისძიება, არამედ ის, რომ ‘ხალხს ეძებნა იეჰოვას სახელი და სცოდნოდათ, რომ ის, ვისი სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ ის არის უზენაესი მთელ დედამიწაზე!’ (83:16, 18). ეს წიგნი მთავრდება 89-ე ფსალმუნით, რომელიც ხაზს უსვამს „იეჰოვას მიერ გამოვლენილ სიკეთეს“, რაც კარგად გამოჩნდა დავითთან დადებულ შეთანხმებაში. იეჰოვა დაჰპირდა დავითს, რომ მისი შთამომავალი მარადიულად იჯდებოდა მის ტახტზე და იეჰოვას წინაშე იმმართველებდა (მუხლ. 1, 34—37).
16. როგორ ასხამს ხოტბას მეოთხე წიგნი იეჰოვას უზენაესობას და შეთანხმებისადმი მის ერთგულებას?
16 მეოთხე წიგნი (ფსალმუნები 90—106). მესამე წიგნის მსგავსად ამ წიგნშიც 17 ფსალმუნია. ის იწყება მოსეს ლოცვით, რომელშიც ღვთის მარადიულობა მოკვდავი ადამიანის ხანმოკლე არსებობასთან არის დაპირისპირებული. 92-ე ფსალმუნი განადიდებს იეჰოვას აღმატებულ თვისებებს. 93—100-ე ფსალმუნები იწყება ამაღელვებელი შეძახილით: „გამეფდა იეჰოვა!“ შემდეგ მოჰყვება მოწოდება: „დედამიწის მკვიდრნო, უმღერეთ იეჰოვას, აკურთხეთ მისი სახელი . . . რადგან დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები“. „დიდებულია იეჰოვა სიონში“ (93:1; 96:1, 2, 4; 99:2). 105-ე და 106-ე ფსალმუნები არის იეჰოვას სამადლობელი მისი ხალხისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის და აბრაამთან დადებული შეთანხმების ერთგულებისთვის, რომლის შთამომავლებსაც მისცა აღთქმული მიწა, თუმცა ისინი ხშირად დრტვინავდნენ და უხვევდნენ სწორი გზიდან.
17. რატომ არის 104-ე ფსალმუნი განსაკუთრებით საინტერესო და რა თემა მეორდება ამ ფსალმუნიდან მოყოლებული?
17 განსაკუთრებით საინტერესოა 104-ე ფსალმუნი. ის განადიდებს იეჰოვას მისი ღირსებისა და სიდიადისთვის და აღწერს, როგორ ვლინდება მისი სიბრძნე მის უამრავ საქმესა და მიწიერ ქმნილებებში. შემდეგ „ფსალმუნების“ მთავარი თემა ჟღერს მოწოდებაში: „ადიდეთ იაჰი!“ (მუხლ. 35). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისადმი მიმართული ეს მოწოდება, განადიდონ იეჰოვა მისი სახელისთვის, ებრაულად არის „ჰალელუიაჰ“ ანუ „ალილუია“, რაც ყველასთვის კარგად ნაცნობი სიტყვაა. ამ მუხლიდან მოყოლებული ეს მოწოდება 24-ჯერ გვხვდება „ფსალმუნებში“ და უამრავი ფსალმუნი სწორედ ამ სიტყვით იწყება და მთავრდება.
18. ა) რა არის 107-ე ფსალმუნის მისამღერი? ბ) რომელ ფსალმუნებს ეწოდება განმადიდებელი?
18 მეხუთე წიგნი (ფსალმუნები 107—150). 107-ე ფსალმუნი აღწერს, როგორ დაიხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი მრავალგზის. ამ ფსალმუნს აქვს მელოდიური მისამღერი: „მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის“ (მუხლ. 8, 15, 21, 31). 113—118-ე ფსალმუნებს უწოდებენ განმადიდებელ ფსალმუნებს („ჰალელ“). მიშნას თანახმად, ებრაელები ამ ფსალმუნებს მღეროდნენ პასექის, ორმოცდამეათე დღის, კარვობისა და მიძღვნის დღესასწაულებზე.
19. რა სხვაობაა 117-ე და 119-ე ფსალმუნებს შორის და რით გამოირჩევა 119-ე ფსალმუნი?
19 ფსალმუნი 117 ყველაზე პატარაა ფსალმუნებსა და ბიბლიის წიგნების სხვა თავებს შორის, მაგრამ სათქმელს მაინც ეფექტურად ამბობს. 119-ე ფსალმუნი შედგება 176 მუხლისგან ანუ ანბანის მიხედვით დაწყობილი 22 სტროფისგან, რომლებშიც რვა-რვა მუხლია. ის ყველაზე დიდი ფსალმუნია და ყველაზე დიდი თავია მთელ ბიბლიაში. ყველა მუხლი ორი მუხლის გარდა (90-ე და 122-ე) იეჰოვას სიტყვას ან კანონს ეხება. თითოეულ სტროფში გვხვდება იმ სიტყვების სრული ან ნაწილობრივი ჩამონათვალი, რომლებიც ფსალმუნის 19:7—14-შია მოხსენიებული (კანონი, შეხსენება, ბრძანებები, მცნება, განაჩენი). 170-ზე მეტჯერ გვხვდება 7 სიტყვა: მცნებ(ები)ა, განაჩენ(ებ)ი, კანონი, ბრძანებები, წესები, შეხსენებ(ები)ა, სიტყვ(ები)ა. ყველა ამ შემთხვევაში ღვთის სიტყვა იგულისხმება.
20, 21. ა) რა არის „აღსავალი სიმღერები“? ბ) როგორ ჩანს ამ სიმღერებიდან, რომ დავითს ესმოდა გაერთიანებულად თაყვანისმცემლობის აუცილებლობა?
20 ამის შემდეგ მოდის 15 ფსალმუნი (ფსალმუნები 120—134), რომელთაც „აღსავალი სიმღერები“ ეწოდება. მთარგმნელები ამ ფსალმუნების სახელწოდებას სხვადასხვანაირად თარგმნიან, რადგან მისი ზუსტი მნიშვნელობა უცნობია. ზოგის აზრით, ეს სახელწოდება განპირობებულია ამ ფსალმუნების ამაღლებული შინაარსით, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინი ღვთივშთაგონებულ სხვა ფსალმუნებზე უპირატესობს. მრავალი ბიბლეისტის აზრით, ეს სახელწოდება უკავშირდება ყოველწლიურ დღესასწაულებზე ღვთის თაყვანისმცემელთა იერუსალიმში, იუდას მთიან მხარეში ასვლას, რომლის დროსაც ამ სიმღერებს მღეროდნენ. დავითს კარგად ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთისთვის გაერთიანებულად თაყვანისცემა. მან გაიხარა, როცა უთხრეს: „იეჰოვას სახლში წავიდეთო“. ისრაელის ტომები ადიოდნენ ღვთის სახლში, ‘მადლობა რომ ეთქვათ იეჰოვას სახელისთვის’. ამიტომ იერუსალიმის მშვიდობით, უსაფრთხოებითა და კეთილდღეობით დაინტერესებული დავითი ლოცულობდა: „ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახლის გულისთვის ყოველივე კარგს ვეძიებ შენთვის“ (ფსალმ. 122:1, 4, 9).
21 როგორც 132-ე ფსალმუნიდან ვიგებთ, დავითმა შეჰფიცა იეჰოვას, რომ არ დაისვენებდა, სანამ იეჰოვასთვის, რომლის იქ ყოფნასაც შეთანხმების კიდობანი განასახიერებდა, მოსასვენებელ ადგილს არ იპოვიდა. როცა კიდობანი სიონში გადაიტანეს, იეჰოვამ დავითის პირით თქვა სიონზე: „მარადიულად ეს არის ჩემი მოსასვენებელი ადგილი, აქ დავმკვიდრდები, რადგან ამას ვნატრობდი“. მან მოიწონა ეს ადგილი თაყვანისმცემლობისთვის და „იქ დაადგინა იეჰოვამ კურთხევა“. „სიონიდან გაკურთხოთ იეჰოვამ“ (132:1—6, 13, 14; 133:3; 134:3; იხილეთ აგრეთვე 48-ე ფსალმუნი).
22. ა) როგორ ამახვილებს 135-ე ფსალმუნი ყურადღებას იმაზე, რომ იეჰოვა ქებას იმსახურებს? ბ) როგორ აღწევს კულმინაციას წიგნის მთავარი თემა ბოლო ფსალმუნებში?
22 ფსალმუნი 135 განადიდებს იეჰოვას, რომელიც ქებას იმსახურებს და აკეთებს იმას, რაც სურს იმ ფუჭი და არაფრის მაქნისი კერპებისგან განსხვავებით, რომელთა გამკეთებლებიც მათ დაემსგავსებიან. 136-ე ფსალმუნს მგალობელთა გუნდები მონაცვლეობით მღეროდნენ. ყოველი მუხლი მთავრდება სიტყვებით: „რადგან მარადიულია მისი სიკეთე“. ამ ფსალმუნს სხვადასხვა შემთხვევაში მღეროდნენ მონაცვლეობით (1 მატ. 16:41; 2 მატ. 5:13; 7:6; 20:21; ეზრ. 3:11). 137-ე ფსალმუნში გადმოცემულია სიონს მონატრებული, ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელების გრძნობები. ამ ფსალმუნიდან ჩანს, რომ სამშობლოსგან შორს მყოფ ებრაელებს არ დავიწყებიათ სიონის სიმღერები ანუ ფსალმუნები. 145-ე ფსალმუნი განადიდებს იეჰოვას სიკეთესა და მეფობას და შეგვახსენებს, რომ „იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს, ყველა ბოროტს კი მოსპობს“ (მუხლ. 20). ბოლო, 146—150-ე ფსალმუნები კვლავ ხაზს უსვამს ამ წიგნის მთავარ თემას. თითოეული იწყება და მთავრდება სიტყვებით: „ადიდეთ იაჰი!“. ეს განმადიდებელი სიმღერა 150-ე ფსალმუნში აღწევს კულმინაციას და სულ რაღაც ექვს მუხლში 13-ჯერ მოუწოდებს მთელ ქმნილებას, განადიდონ იეჰოვა.
რატომ არის სასარგებლო
23. ა) რა ცოცხალ ცნობას შეიცავს „ფსალმუნები“? ბ) როგორ განადიდებს „ფსალმუნები“ იეჰოვას სახელსა და უზენაესობას?
23 შეუდარებელი სილამაზისა და სტილის გამო „ფსალმუნები“ მსოფლიო ლიტერატურის შედევრთა რიცხვს მიეკუთვნება. მაგრამ ეს წიგნი ლიტერატურულ შედევრზე მეტია. ის არის სამყაროს უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის მიერ გადმოცემული ცოცხალი ცნობა. წიგნი აშუქებს ბიბლიის ძირითად სწავლებებს და, უპირველესად, ბიბლიის ავტორის, იეჰოვას შესახებ საუბრობს. „ფსალმუნებიდან“ ნათლად ჩანს, რომ იეჰოვა არის სამყაროსა და ყოველივე არსებულის შემოქმედი (8:3—9; 90:1, 2; 100:3; 104:1—5, 24; 139:14). წიგნი განსაკუთრებულად განადიდებს იეჰოვას სახელს, რადგან დაახლოებით 700-ჯერ მოიხსენიებს მას. შემოკლებული ფორმა „იაჰ“ 43-ჯერ გვხვდება. ასე რომ, თითოეულ ფსალმუნში ღვთის სახელი საშუალოდ 5-ჯერ არის მოხსენიებული. ამასთანავე, იეჰოვა 350-ჯერ მოიხსენიება „ელოჰიმად“ ანუ ღმერთად. იეჰოვას უზენაეს მმართველობას ხაზს უსვამს ის, რომ მრავალ ფსალმუნში მას „უზენაესი უფალი“ ეწოდება (68:20; 69:6; 71:5; 73:28; 140:7; 141:8).
24. რას ამბობს „ფსალმუნები“ მოკვდავ ადამიანზე და რა რჩევებს გვაძლევს?
24 წიგნიდან ჩანს, რომ მარადიული ღვთისგან განსხვავებით, მოკვდავი ადამიანი ცოდვაში იბადება და მას გამომსყიდველი სჭირდება; ის კვდება, მტვერს უბრუნდება და კაცობრიობის საერთო სამარეში ჩადის (6:4, 5; 49:7—20; 51:5, 7; 89:48; 90:1—5; 115:17; 146:4). წიგნი „ფსალმუნები“ ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ ყურად ვიღოთ ღვთის კანონები და მივენდოთ იეჰოვას (1:1, 2; 62:8; 65:5; 77:12; 115:11; 118:8; 119:97, 105, 165). ის გვაფრთხილებს, არ ვიყოთ კადნიერები და არ ‘დავფაროთ ცოდვები’ (19:12—14; 131:1). ასევე მოგვიწოდებს, ურთიერთობა გვქონდეს პატიოსან ადამიანებთან, რომლებიც დადებითად იმოქმედებენ ჩვენზე (15:1—5; 26:5; 101:5). წიგნიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა იწონებს მათ, ვინც სწორად იქცევა (34:13—15; 97:10). ის ნათელ იმედს გვინერგავს სიტყვებით „ხსნა იეჰოვასგანაა“ და ღმერთი „სიკვდილისგან იხსნის“ თავის მოშიშებს (3:8; 33:19). ამ სიტყვებს წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც აქვს.
25. ა) რა წინასწარმეტყველებებს ვხვდებით „ფსალმუნებში“? ბ) როგორ დაანახვა პეტრემ ხალხს „ფსალმუნებიდან“, ვინ იყო დიდი დავითი?
25 „ფსალმუნებში“ არის უამრავი წინასწარმეტყველება, რომლებიც მიანიშნებს იესო ქრისტეზე, „დავითის ძეზე“, და მის, როგორც იეჰოვას ცხებულისა და მეფის როლზე (მათ. 1:1)a. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჩამოყალიბდა ქრისტიანული კრება, რის შემდეგაც წმინდა სულის დახმარებით მოციქულებმა გაიგეს, როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველებები. ამ დღეს პეტრემ არაერთხელ მოიყვანა ციტატები „ფსალმუნებიდან“, როცა თავის ცნობილ ქადაგებას წარმოთქვამდა „იესო ნაზარეთელზე“. თავისი ქადაგების ბოლო ნაწილში მან თითქმის ყველა ციტატა „ფსალმუნებიდან“ მოიყვანა იმის დასამტკიცებლად, რომ იესო ქრისტე დიდი დავითი იყო და იეჰოვამ არ მიატოვა ის სამარეში, არამედ მკვდრეთით აღადგინა. „დავითი არ ასულა ზეცაში“, მაგრამ როგორც ფსალმუნის 110:1-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ზეცაში მისი უფალი ავიდა. ვინ იყო დავითის უფალი? ამ კითხვას პეტრემ თავისი ქადაგების ბოლოს უპასუხა: „იესო, რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით“ (საქ. 2:14—36; ფსალმ. 16:8—11; 132:11).
26. რა მოჰყვა შედეგად პეტრეს ქადაგებას?
26 რა მოჰყვა შედეგად პეტრეს ქადაგებას, რომელიც მან „ფსალმუნებზე“ დააფუძნა? იმავე დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი მოინათლა და ქრისტიანულ კრებას შეუერთდა (საქ. 2:41).
27. როგორ განმარტეს მოწაფეებმა „წმინდა სულის“ დახმარებით მე-2 ფსალმუნი?
27 მალევე საგანგებოდ შეკრებილმა მოწაფეებმა დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეს ლოცვით და ფსალმუნის 2:1, 2 გაიმეორეს. მათ აღნიშნეს, რომ ეს მუხლები მაშინ შესრულდა, როცა მმართველებმა ერთად გაილაშქრეს ღვთის „წმინდა მსახურის, იესოს . . . [მისი] ცხებულის წინააღმდეგ“. შემდეგ ვკითხულობთ, რომ „ყველა წმინდა სულით აღივსო“ (საქ. 4:23—31).
28. ა) „ფსალმუნებზე“ დაყრდნობით რას ამტკიცებდა პავლე „ებრაელების“ პირველ სამ თავში? ბ) როგორ მსჯელობდა პავლე ფსალმუნის 110:4-ის საფუძველზე?
28 ახლა „ებრაელების მიმართ“ მიწერილ წერილზე ვისაუბროთ. პირველ ორ თავში ვხვდებით უამრავ ციტატას „ფსალმუნებიდან“, რომლებიდანაც ვიგებთ, რომ იესოს ანგელოზებზე მაღალი მდგომარეობა უკავია და ღვთის ზეციერ ტახტზე ზის. პავლე ფსალმუნის 22:22-იდან და ბიბლიის სხვა წიგნებიდან ციტირებდა იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს ჰყავდა ძმების კრებული, რომელიც შედგებოდა აბრაამის შთამომავლებისგან, „ზეციური მოწოდების მოზიარეებისგან“ (ებრ. 2:10—13, 16; 3:1). ებრაელების 6:20-დან მე-7 თავის ჩათვლით მოციქული საუბრობს იესოს სხვა დანიშნულებაზე და ამბობს, რომ იესო არის მღვდელმთავარი „მარადიულად მელქისედეკის წესით“. პავლე ფსალმუნის 110:4-დან ციტირებდა ღვთის ფიცს. ეს მუხლი პავლემ არაერთხელ მოიყვანა „ებრაელებში“ იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს მღვდელმთავრობა უპირატესობდა აარონის მღვდელმთავრობაზე. პავლემ განმარტა, რომ იეჰოვას ფიცის თანახმად, იესო ქრისტე ზეცაში იქნებოდა მღვდელი, ‘მარადიულად მღვდლად დარჩებოდა’ და მისგან მომდინარე კურთხევებიც მარადიული იქნებოდა (ებრ. 7:3, 15—17, 23—28).
29. ერთგულების რა მაგალითს უნდა მივბაძოთ?
29 როგორც ებრაელების 10:5—10-ში ჩაწერილი სიტყვებიდან ვიგებთ, იესოს კარგად ესმოდა, რომ ღვთის ნების თანახმად მსახურება სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა და მზად იყო ამ მსხვერპლის გასაღებად. ზემოხსენებული მუხლები მოყვანილი იყო ფსალმუნის 40:6—8-დან. იესოს სამაგალითო ერთგულებაზე დაფიქრება უდიდეს სარგებლობას მოგვიტანს და თუ მივბაძავთ, ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ (იხილეთ აგრეთვე ფსალმუნის 116:14—19).
30. რა იყო ნაწინასწარმეტყველები „ფსალმუნებში“ იესოზე და როგორ ანუგეშებდა ისინი მას?
30 იესოს მსახურება, რომელიც წამების ძელზე საშინელი ტანჯვით დასრულდა, „ფსალმუნებში“ დაწვრილებით იყო ნაწინასწარმეტყველები. მაგალითად, მას ძმარს მიაწვდიდნენ დასალევად, მის ტანსაცმელს წილისყრით გაინაწილებდნენ, საშინლად მოეპყრობოდნენ და მასხრად აიგდებდნენ; ძლიერი სულიერი ტკივილის შედეგად მას სიკვდილის წინ აღმოხდებოდა: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ (მათ. 27:34, 35, 43, 46; ფსალმ. 22:1, 7, 8, 14—18; 69:20, 21). იოანეს 19:23—30-ში ჩანს, რომ ამ მძიმე წუთებშიც კი იესო „ფსალმუნებში“ პოულობდა ნუგეშსა და ხელმძღვანელობას, და იცოდა, რომ მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ბოლომდე უნდა შესრულებულიყო. „ფსალმუნებიდან“ იესომ ისიც იცოდა, რომ მკვდრეთით აღდგებოდა და განდიდდებოდა. უეჭველია, მას არ დავიწყებია ეს, როცა სიკვდილის წინა ღამეს თავის მოციქულებთან ერთად მღეროდა „ღვთის სადიდებლებს“ ანუ ფსალმუნებს (მათ. 26:30).
31. რა იყო ნაწინასწარმეტყველები „ფსალმუნებში“ აღთქმულ შთამომავალსა და იესოს კრებაზე?
31 „ფსალმუნები“ ცხადყოფს, რომ „დავითის ძე“ და აღთქმული შთამომავალი იესო ქრისტეა, რომელიც განდიდებული მეფე და მღვდელია ზეციერ სიონში. ადგილი არ გვეყოფა, რომ ყველა მუხლი განვიხილოთ „ფსალმუნებიდან“, რომლებიც იეჰოვას ცხებულზე შესრულდა და ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია ციტირებული. ამის მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: ფსალმ. 78:2 — მათ. 13:31—35; ფსალმ. 69:4 — იოან. 15:25; ფსალმ. 118:22, 23 — მარ. 12:10, 11 და საქ. 4:11; ფსალმ. 34:20 — იოან. 19:33, 36; ფსალმ. 45:6, 7 — ებრ. 1:8, 9. „ფსალმუნებში“ ისიც იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ გამოჩნდებოდა იესოს ჭეშმარიტ მიმდევართა კრება, ადამიანთა ჯგუფი ყველა ხალხიდან, რომლებიც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ და იეჰოვას სახელის განდიდებაში მიიღებდნენ მონაწილეობას (ფსალმ. 117:1 — რომ. 15:11; ფსალმ. 68:18 — ეფეს. 4:8—11; ფსალმ. 95:7—11 — ებრ. 3:7, 8; 4:7).
32. ა) რას ვიგებთ „ფსალმუნების“ გამოკვლევით იეჰოვას მმართველობის გამართლებასა და სამეფოზე? ბ) როგორ უნდა გამოვხატოთ იეჰოვას მმართველობისადმი ერთგულება და მადლიერება?
32 „ფსალმუნების“ გამოკვლევით მეტს ვიგებთ იეჰოვა ღმერთის მმართველობის შესახებ, რომელსაც ის აღთქმული შთამომავლის, სამეფოს მემკვიდრის მეშვეობით განახორციელებს, რაც მისივე განდიდებასა და გამართლებას მოემსახურება. დაე, ჩვენც ვიყოთ იმ ერთგულთა შორის, რომლებიც ხარობენ „იეჰოვას ღირსების დიდებული სიდიადით“ და რომლებზეც 145-ე ფსალმუნში დავითი ამბობს: „შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ, რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს შენი ძლევამოსილი საქმეები და შენი მეფობის სიდიადის დიდება. შენი მეფობა მარადიული მეფობაა და შენი ძალაუფლება ყველა თაობაში ვრცელდება“ (ფსალმ. 145:5, 11—13). ამ წინასწარმეტყველური ფსალმუნის თანახმად, ადამიანები ყველა ერიდან უკვე იგებენ ღვთის სამეფოს სიდიადის შესახებ, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას. ჩვენ იეჰოვას უნდა ვუმადლოდეთ ამ სამეფოსა და მისი მეფისთვის! „ფსალმუნები“ მართლაც შესაფერისი სიტყვებით სრულდება: „ყოველმა სულდგმულმა ადიდოს იაჰი. ადიდეთ იაჰი!“ (150:6).
[სქოლიო]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 710, 711 (ინგლ.).