სიცოცხლე
არსებობა; ყოველი სულდგმულის არსებობის წესი თუ ფორმა. დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისთვის დამახასიათებელია ზრდა, ნივთიერებათა ცვლა, გარეგან გაღიზიანებაზე რეაგირება და გამრავლება. სიცოცხლის აღსანიშნავად ბიბლიაში გამოყენებულია ებრაული სიტყვა ხაიჲიმ და ბერძნული სიტყვა ზოე. სულის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ნეფეშ და ბერძნული სიტყვა ფსიქე კონკრეტულად ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლეს ნიშნავს და არა ზოგადად სიცოცხლეს (შდრ. სიტყვები „სული“ და „სიცოცხლე“ შემდეგ მუხლებში: იობ. 10:1; ფს. 66:9; იგ. 3:22). მცენარეც ცოცხალი ორგანიზმია, რადგან მასშიც მიმდინარეობს ცხოველქმედების პროცესი, მაგრამ ის სული არ არის. რაც შეეხება გონიერ ქმნილებებს, მათი სიცოცხლე, ამ სიტყვის სრული გაგებით, გულისხმობს სრულყოფილ არსებობასა და ასეთი არსებობის უფლებას.
იეჰოვა ღმერთი — სიცოცხლის წყარო. სიცოცხლე ყოველთვის არსებობდა, ვინაიდან იეჰოვა ცოცხალი ღმერთი და სიცოცხლის წყაროა. მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული (იერ. 10:10; დნ. 6:20, 26; ინ. 6:57; 2კრ. 3:3; 6:16; 1თს. 1:9; 1ტმ. 1:17; ფს. 36:9; იერ. 17:13). პირველი ქმნილება, რომელსაც ღმერთმა სიცოცხლე უბოძა, იყო სიტყვად წოდებული მისი მხოლოდშობილი ძე (ინ. 1:1—3; კლ. 1:15). ძის მონაწილეობით ღმერთმა სხვა სულიერი ძეები, ანგელოზები, შექმნა (იობ. 38:4—7; კლ. 1:16, 17), ხოლო — მოგვიანებით ფიზიკური სამყარო (დბ. 1:1, 2). მესამე შემოქმედებით „დღეს“ გაჩნდა სიცოცხლის პირველი ფორმები, კერძოდ მცენარეულობა — ბალახი, ნაყოფის მომცემი ხეები და სხვა. მეხუთე „დღეს“ შეიქმნა ცოცხალი სულები — ზღვის ცხოველები და ფრინველები, ხოლო მეექვსე „დღეს“ — ხმელეთის ბინადარნი და, ბოლოს, ადამიანი (დბ. 1:11—13, 20—31; სქ. 17:25; იხ. შემოქმედება; დღე).
აქედან გამომდინარე, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენა ხელსაყრელ პირობებში ქიმიური ელემენტების შემთხვევით ურთიერთქმედებაზე ვერ იქნებოდა დამოკიდებული, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა, და შეუძლებელია, რომ მოხდეს. სიცოცხლე გაჩნდა იეჰოვა ღმერთის, სიცოცხლის წყაროს უშუალო განკარგულებითა და ამ განკარგულების შემსრულებლის, მისი ძის მონაწილეობით. სიცოცხლეს მხოლოდ სიცოცხლე წარმოშობს. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყოველმა ახალშექმნილმა ქმნილებამ „მათი გვარისდა მიხედვით“ თავისივე მსგავსის წარმოშობა დაიწყო (დბ. 1:12, 21, 25; 5:3). მეცნიერები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა გვარის ცოცხალი არსებები ერთმანეთისგან არიან გამიჯნულნი. ეს ფაქტი ისევე, როგორც სიცოცხლის წარმოშობის საკითხი, სერიოზულ დარტყმას აყენებს ევოლუციურ თეორიას (იხ. გვარი [ფლორა და ფაუნა]).
სასიცოცხლო ძალა და სუნთქვა. ფიზიკურ ქმნილებებში ანუ „სულებში“ არის სასიცოცხლო ძალა, რომელიც მათ აცოცხლებს, და სუნთქვა, რომელიც ამ სასიცოცხლო ძალას უნარჩუნებს. სასიცოცხლო ძალაცა და სუნთქვაც ღვთისგან არის ნაბოძები და ღმერთს შეუძლია ორივეს წართმევა, რაც სიცოცხლის შეწყვეტას გამოიწვევს (ფს. 104:29; ეს. 42:5). წარღვნის დროს ადამიანები და ცხოველები დაიხრჩვნენ; მათ სუნთქვა შეწყვიტეს და სასიცოცხლო ძალა დაკარგეს. «მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა [„რასაც კი სიცოცხლის სუნთქვა ჰქონდა ნესტოებში“, სსგ], რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო» (დბ. 7:22; იხ. სული (II)).
ორგანიზმი. სიცოცხლე აბსტრაქტული ცნებაა. ყველა ცოცხალ არსებას, იქნება ეს სულიერი თუ ფიზიკური, აქვს ორგანიზმი ანუ სხეული. მკვდრეთით აღდგენილების სხეულზე მსჯელობისას პავლე მოციქულმა ახსნა, რომ არსებობს სხვადასხვაგვარი სხეული. მიწიერ არსებებზე მან თქვა: „ყველა ხორცი ერთნაირი არ არის: ადამიანს სხვანაირი ხორცი აქვს, პირუტყვს — სხვანაირი, ფრინველს — სხვანაირი და თევზს — სხვანაირი“. მან ისიც აღნიშნა, რომ „არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები, მაგრამ ციურ სხეულებს სხვანაირი დიდება აქვთ, მიწიერს — სხვანაირი“ (1კრ. 15:39, 40).
ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“ (1942, ტ. 14, გვ. 42) ორგანიზმებს შორის სხვაობაზე ნათქვამია: „კიდევ ერთი თავისებურება მათი ინდივიდუალური ქიმიური შემადგენლობაა, ვინაიდან თითოეულ ორგანიზმს გააჩნია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ცილები და ნივთიერებათა ცვლის ტემპი. ამრიგად, უწყვეტ მეტაბოლიზმს განაპირობებს სამი უცვლელი ფაქტორი: 1) დაშლილი ცილების ახლით ჩანაცვლება, 2) ცილების კოლოიდურ მდგომარეობაში არსებობა, 3) ორგანიზმის ტიპიდან გამომდინარე ცილების თავისებურებები“ (კურსივი ჩვენია).
სასიცოცხლო ძალის გადაცემა. სასიცოცხლო ძალა, რომელიც იეჰოვამ თავიდან ყოველი სახეობის ცოცხალ არსებაში აამოქმედა (მაგალითად, პირველ ადამიანებში), გამრავლების პროცესის შედეგად თაობიდან თაობას გადაეცემა. ძუძუმწოვრებში ჩასახვის შემდეგ დედა ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს ნაყოფს დაბადებამდე, დაბადების შემდეგ კი ახალშობილი იწყებს სუნთქვას, ძუძუს წოვასა და შემდგომში სხვა სახის საკვების მიღებას.
პირველ რიგში, ღმერთმა შექმნა ადამის სხეული. ამ ახალშექმნილ სხეულს საარსებოდ სასიცოცხლო ძალა და სუნთქვა სჭირდებოდა. დაბადების 2:7-ში ნათქვამია, რომ ღმერთმა „ჩაჰბერა ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა [ნეშამაჰის ერთ-ერთი ფორმა] და ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“. „სიცოცხლის სუნთქვა“ მხოლოდ ფილტვებში მოძრავ ჰაერს არ გულისხმობს. როგორც ჩანს, ღმერთმა ადამს მისცა სიცოცხლის მუხტი, რომელიც სუნთქვით ნარჩუნდებოდა. ამის შემდეგ ადამი იქცა ცოცხალ არსებად, რომელსაც შეეძლო პიროვნული თვისებების გამოვლენა და მეტყველებითა და ქცევით იმის დამტკიცება, რომ ცხოველებზე მაღლა მდგომი და ღვთის მსგავსებად და ანარეკლად შექმნილი „ღვთის ძე“ იყო (დბ. 1:27; ლკ. 3:38).
ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლეს შესაძლებელს ხდის ის სასიცოცხლო ძალა, რომელიც ღმერთმა თავდაპირველად თითოეულ ინდივიდს მისცა, და სუნთქვა, რომელიც ამ სასიცოცხლო ძალის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამას ბიოლოგებიც ადასტურებენ. ზოგიერთი მკვლევარი სიკვდილის პროცესს შემდეგ ფაზებად ყოფს: კლინიკური სიკვდილი, რომლის დროსაც სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის ორგანოები წყვეტენ ფუნქციონირებას; ტვინის სიკვდილი, შეუქცევადი პროცესი, რომლის დროსაც ტვინი მთლიანად წყვეტს მუშაობას; ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ორგანიზმში თანდათანობით წყდება უჯრედებსა და ქსოვილებში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიური პროცესი. ასე რომ, სუნთქვის, გულისცემისა და ტვინის ფუნქციის შეწყვეტის შემდეგაც სასიცოცხლო ძალა ქსოვილებში ცოტა ხანს ნარჩუნდება.
სიბერე და სიკვდილი. მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლე ხანმოკლეა. დიდი ხანია მეცნიერებს საგონებელში აგდებს კითხვა, თუ რატომ ბერდება და კვდება ადამიანი.
ზოგი მეცნიერი თვლის, რომ ყოველი უჯრედის არსებობის ხანგრძლივობა გენეტიკით არის განსაზღვრული. ამ აზრის მხარდასაჭერად მოჰყავთ ის ექსპერიმენტები, რომლის დროსაც ხელოვნურ გარემოში გაზრდილი უჯრედები დაახლოებით 50-ჯერ გაიყო, რის შემდეგაც შეწყვიტა გაყოფა. მაგრამ სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ეს ექსპერიმენტები მაინც ვერ ხსნის მთლიანი ორგანიზმის დაბერების მიზეზს. არსებობს სხვა ვერსიებიც, მათ შორის თეორია, რომლის თანახმადაც ტვინი გამოყოფს ისეთ ჰორმონებს, რომლებიც დიდ როლს თამაშობს დაბერებისა და სიკვდილის პროცესში. ადამიანს სიფრთხილე მართებს, სანამ რომელიმე თეორიას მიემხრობა, რასაც მედიცინის დოქტორის, როი უოლფორდის სიტყვებიც ადასტურებს: „არ უნდა შევშფოთდეთ და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ერთხელაც ჰეიფლიკის პარადიგმა [თეორია, რომლის თანახმადაც უჯრედების დაბერება გენეტიკურ კოდშია ჩაწერილი] მცდარი აღმოჩნდება ან შეიცვლება უკეთესით, რომელიც შეიძლება ასეთივე მცდარი აღმოჩნდეს. ნებისმიერ ჭეშმარიტებას თავისი დრო აქვს“ (Maximum Life Span, 1983, გვ. 75).
მეცნიერულ აღმოჩენებსა და დასკვნებზე მსჯელობისას მხედველობიდან არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ მეცნიერთა უმეტესობა სიცოცხლის წარმოშობას ღმერთს არ მიაწერს. მათ იმედი აქვთ, რომ საკუთარი ძალით ამოხსნიან სიბერისა და სიკვდილის საიდუმლოს და ადამიანს სიცოცხლეს მარადიულად გაუხანგრძლივებენ. ისინი უგულებელყოფენ იმ ფაქტს, რომ პირველი ადამიანები სიკვდილით შემოქმედმა დასაჯა და ეს ისე განახორციელა, რომ ადამიანი ბოლომდე ვერ ხსნის ამ ფენომენს. ამავე დროს, მანვე მიიღო ზომები საიმისოდ, რომ მარადიული სიცოცხლით დაეჯილდოებინა ისინი, ვინც მის ძეს იწამებდა (დბ. 2:16, 17; 3:16—19; ინ. 3:16).
ადამმა თვითონაც დაკარგა სიცოცხლე და თავის შთამომავლებსაც დააკარგვინა. როდესაც ღმერთმა ადამი შექმნა, ედემის ბაღში „სიცოცხლის ხე“ აღმოაცენა (დბ. 2:9). ამ ხის ნაყოფს, როგორც ჩანს, მაცოცხლებელი თვისებები არ ჰქონია. ეს ხე სიმბოლურად იძლეოდა იმის გარანტიას, რომ ღმერთი მარადიულად აცოცხლებდა მას, ვისაც მისი ნაყოფის ჭამის უფლებას მისცემდა. ვინაიდან ეს ხე ღმერთმა მიზანმიმართულად აღმოაცენა, ფაქტია, ადამს ამ ხის ნაყოფის ჭამის უფლებას მაშინ მისცემდა, როცა ჩათვლიდა, რომ ადამმა ერთგულება საკმარისად დაამტკიცა. ადამმა შესცოდა და ამ ხის ნაყოფის ჭამის უფლება წაერთვა. იეჰოვამ თქვა: „ახლა, ხელი რომ არ გაიწოდოს, სიცოცხლის ხის ნაყოფიც არ მოწყვიტოს, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს ...“. იეჰოვამ შესაბამისი ზომები მიიღო, რათა უღირსს არ მისცემოდა მართალი ადამიანებისთვის შექმნილ ბაღში ცხოვრებისა და სიცოცხლის ხის ნაყოფის ჭამის უფლება (დბ. 3:22, 23).
ადამმა, რომლის სრულყოფილი სიცოცხლე იეჰოვას მორჩილებაზე იყო დამოკიდებული (დბ. 2:17; კნ. 32:4), საკუთარ თავზე გამოსცადა ცოდვა და მისი ნაყოფი ანუ სიკვდილი. მიუხედავად ამისა, მას სასიცოცხლო ენერგია მაშინვე არ გამოლევია. მართალია, ღმერთსა და ჭეშმარიტ სულიერობას მოწყვეტილი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაინც 930 წელი იცოცხლა. და რადგან არასრულყოფილი გახდა, თავის შვილებსაც არასრულყოფილი სიცოცხლე გადასცა. მათმა უმეტესობამ 700—900 წელი იცოცხლა (დბ. 5:3—32). იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, ასე აღწერა ის, რაც ადამს დაემართა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკ. 1:14, 15).
რა სჭირდება ადამიანს სასიცოცხლოდ. მეცნიერების უმრავლესობა არა მარტო ადამიანის სიკვდილის მიზეზს უგულებელყოფს, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, მარადიული სიცოცხლისთვის აუცილებელ მოთხოვნას. უდავოა, რომ ორგანიზმს არსებობისთვის და ძალის აღსადგენად გამუდმებით ესაჭიროება ჰაერი, საკვები და წყალი, მაგრამ უწყვეტი სიცოცხლისთვის უფრო მნიშვნელოვანი რამ არის საჭირო. იეჰოვას სიტყვების თანახმად, „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კნ. 8:3). ეს აზრი იესო ქრისტემაც გაიმეორა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (ინ. 4:34; მთ. 4:4). იესოს ეკუთვნის შემდეგი სიტყვებიც: „როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს“ (ინ. 6:57).
ადამიანი ღვთის ანარეკლად, მის მსგავსებად იყო შექმნილი (დბ. 1:26, 27). რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის გარეგნულად ჰგავდა ღმერთს, რადგან ღმერთი სულია, ადამიანი კი ხორცი (დბ. 6:3; ინ. 4:24). „უგუნური ცხოველებისგან“ (2პტ. 2:12) განსხვავებით ადამიანს ჰქონდა აზროვნების უნარი და ისეთი ღვთაებრივი თვისებები, როგორიცაა: სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძლიერება (შდრ. კლ. 3:10). მას შეეძლო გაეგო, რატომ შეიქმნა ის და რა ჰქონდა განზრახული ღმერთს მისთვის. აქედან გამომდინარე, ცხოველებისგან განსხვავებით, მას ჰქონდა სულიერი მოთხოვნილებები — შეეძლო დაეფასებინა შემოქმედი და თაყვანი ეცა მისთვის. ამიტომ ის მხოლოდ ფიზიკური საკვებით ვერ დაკმაყოფილდებოდა, მას სულიერი საკვებიც სჭირდებოდა; გონებრივად და ფიზიკურად ჯანსაღი რომ ყოფილიყო, ადამს სულიერი მოთხოვნილებები უნდა დაეკმაყოფილებინა.
მაშასადამე, იეჰოვა ღმერთისა და სულიერი საზრდოს გარეშე მარადიული სიცოცხლე წარმოუდგენელია. იესომ ეს ასე ახსნა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (ინ. 17:3).
სრულყოფილი სიცოცხლის დაბრუნება. იეჰოვამ განიზრახა ადამიანებისთვის სრულყოფილი სხეულისა და მარადიული სიცოცხლის დაბრუნება, რისთვისაც მოგვცა „სიცოცხლის სიტყვა“ ანუ ჭეშმარიტება (ინ. 17:17; ფლ. 2:16). ამ ჭეშმარიტებას ადამიანი მიჰყავს იმის შეცნობამდე, რომ ღმერთმა გამოგზავნა იესო ქრისტე „მრავალთა გამოსასყიდად“ (მთ. 20:28). მხოლოდ მისი მეშვეობით შეიძლება ჭეშმარიტი სულიერობისა და სრულყოფილი სხეულის დაბრუნება (სქ. 4:12; 1კრ. 1:30; 15:23—26; 2კრ. 5:21; იხ. გამოსასყიდი).
იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვიძლია სრულყოფილი სიცოცხლე დავიბრუნოთ. მას ეწოდება „უკანასკნელი ადამი ... მაცოცხლებელი სული“ (1კრ. 15:45). წინასწარმეტყველებაში ის მოხსენიებულია, როგორც „მარადიული მამა“ (ეს. 9:6), რომელმაც „სიკვდილს გადასცა თავისი სული“ და „დანაშაულის გამოსასყიდ შესაწირავად“ გაიღო. მას, როგორც „მარადიულ მამას“, შეუძლია სიცოცხლე უბოძოს მათ, ვისაც სწამს მისი გამოსასყიდის და მორჩილია (ეს. 53:10—12).
ძველად მცხოვრებთა იმედი. ძველად მცხოვრებ ღვთისმოშიშ ადამიანებს მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდათ. ამაზე მოციქული პავლეც ამახვილებს ყურადღებას. ის საუბრობს აბრაამის შთამომავლებზე კანონის მიღებამდე და საკუთარ თავზე, როგორც ებრაელზე, რომელიც იმ დროს თითქოს ცოცხალი იყო თავისი წინაპრების საზარდულში. ის ასე მსჯელობს: „ერთ დროს ცოცხალი ვიყავი კანონის გარეშე, მაგრამ როცა მცნება გაჩნდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი. და დავინახე, რომ მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილოდ ყოფილა“ (რმ. 7:9, 10; შდრ. ებ. 7:9, 10). აბელს, ენოქს, ნოეს, აბრაამსა და სხვებს ღვთის იმედი ჰქონდათ. მათ სჯეროდათ, რომ შთამომავალი გველს თავს გაუჭეჭყავდა, რაც ხსნის ნიშანი იქნებოდა (დბ. 3:15; 22:16—18). ისინი ელოდნენ ღვთის სამეფოს, „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“ და მკვდრეთით აღდგომის იმედი ჰქონდათ (ებ. 11:10, 16, 35).
კანონის მიცემის შემდეგ იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „დაიცავით ჩემი წესები და სამართალი. ვინც დაიცავს, იცოცხლებს“ (ლვ. 18:5). უეჭველია, ისრაელებმა ეს კანონი სიხარულით მიიღეს, რადგან ამან მათ მარადიული სიცოცხლის იმედი ჩაუსახა. კანონი „წმინდა და მართალი“ იყო და ის, ვინც ბოლომდე დაიცავდა მას, ყოველმხრივ მართლად ჩაითვლებოდა (რმ. 7:12). მაგრამ სიცოცხლის მიცემის ნაცვლად, კანონმა ისრაელს და ზოგადად ყველა ადამიანს დაანახვა, რომ არასრულყოფილები და ცოდვილები იყვნენ. უფრო მეტიც, ამ კანონს იუდეველებისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა (გლ. 3:19; 1ტმ. 1:8—10). პავლემ სწორად აღნიშნა: „როცა მცნება გაჩნდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი“. აქედან გამომდინარე, კანონს სიცოცხლის მინიჭების ძალა არ ჰქონდა.
პავლე ამბობს: „კანონს სიცოცხლის მონიჭება რომ შესძლებოდა, სიმართლე მართლა კანონის მეშვეობით იქნებოდა“ (გლ. 3:21). კანონით მსჯავრდადებულმა იუდეველებმა მარტო ის კი არ იცოდნენ, რომ როგორც ადამის შთამომავლები ცოდვილნი იყვნენ, არამედ ისიც, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში დაიწყევლებოდნენ. როგორც პავლე ამბობს, სწორედ ამიტომ მოკვდა ქრისტე წამების ბოძზე: «ქრისტემ გამოსასყიდით გაგვათავისუფლა კანონის წყევლისგან — თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე დაკიდებული“ » (გლ. 3:13). იესო ქრისტემ გზა გაუხსნა იუდეველებს სიცოცხლისკენ, რადგან ისინი კანონის დარღვევით გამოწვეული წყევლისგან გაათავისუფლა. ამრიგად, მისი გამოსასყიდი, როგორც იუდეველების, ისე სხვების კეთილდღეობას მოემსახურებოდა.
მარადიული სიცოცხლე — ღვთიური ჯილდო. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას მსახურებს ყოველთვის ჰქონდათ ღვთისგან მარადიული სიცოცხლის მიღების იმედი, რაც მათ ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარებოდა. მარადიული სიცოცხლის სურვილი ეგოიზმი არ არის. პავლე წერდა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ასიამოვნო ღმერთს, რადგან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებ. 11:6). იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ჯილდოს გარეშე არავის ტოვებს; ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის თავისი ქმნილებებისგან უსაზღვრო ერთგულებას იმსახურებს.
უკვდავება, უხრწნელობა და ღვთის ბუნება. ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა უკვდავი და უხრწნელია (1ტმ. 1:17). უკვდავება და უხრწნელობა პირველად მან თავის ძეს უბოძა. იმ დროს, როცა პავლე მოციქულმა ტიმოთეს წერილი მისწერა, ქრისტე ერთადერთი იყო, ვისაც უკვდავება ჰქონდა ნაბოძები (1ტმ. 6:16). მაგრამ ღმერთი უკვდავებას ქრისტეს სულიერ ძმებსაც დაჰპირდა (რმ. 2:7; 1კრ. 15:53, 54). ისინი „ღვთის ბუნებისა“ და ქრისტეს დიდების მოზიარენიც ხდებიან (2პტ. 1:4). ანგელოზები სულიერი არსებები არიან, მაგრამ არა უკვდავნი, ვინაიდან ბოროტი ანგელოზები განადგურებას ექვემდებარებიან (მთ. 25:41; ლკ. 4:33, 34; გმც. 20:10, 14; იხ. უკვდავება; უხრწნელობა).
უხრწნელი ფიზიკური სხეული. რა მომავალი ელის მათ, ვინც ზეცაში არ იცხოვრებს? იოანე მოციქულს იესოს სიტყვები მოჰყავს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (ინ. 3:16). ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის მიხედვით, იესოს მარჯვნივ მდგომი „თხებისგან“ გამოცალკევებული ცხვრისმაგვარი ადამიანები „მარადიულად იცოცხლებენ“ (მთ. 25:46). პავლე მოიხსენიებს „ღვთის ძეებსა“ და „ქრისტეს თანამემკვიდრეებს“ და ამბობს, რომ „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას“. შემდეგ დასძენს: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რმ. 8:14—23). სრულყოფილების დაკარგვამდე ადამი „ღვთის ძე [ანუ შვილი]“ იყო (ლკ. 3:38). გამოცხადების 21:1—4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველური ხილვა აღგვიწერს დროს, როცა იქნება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“. მაშინ „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დაპირება ეხება არა სულიერ ქმნილებებს, არამედ ადამიანებს, გამოდის, რომ „ახალი ცის“ მმართველობის დროს ახალი მიწიერი საზოგადოება სრულყოფილ სულიერ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას დაიბრუნებს, და მისი წევრები, როგორც „ღვთის შვილები“, დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს ეზიარებიან.
ადამისთვის მიცემული ღვთის მითითებიდან ჩანდა, რომ მორჩილების შემთხვევაში ადამი არ მოკვდებოდა (დბ. 2:17). ასე რომ, როცა ადამიანთა უკანასკნელ მტერს, სიკვდილს, ბოლო მოეღება, მორჩილ ადამიანთა სხეულებში აღარ იარსებებს სიკვდილის გამომწვევი ცოდვა. მათ აღარ დაემუქრებათ სიკვდილი (1კრ. 15:26). „გამოცხადების“ თანახმად, სიკვდილს ბოლო მოეღება ქრისტეს 1 000-წლიანი მმართველობის დასასრულს. მათზე, ვინც ქრისტესთან ერთად იქნებიან მეფეები და მღვდლები, ნათქვამია: „ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად ათას წელს მეფობდნენ“. „დანარჩენი მკვდრები“ არ გაცოცხლდებიან, „სანამ ათასი წელი“ არ დასრულდება. ეს ისინი არიან, ვინც ათასი წლის ბოლოს სატანის უფსკრულიდან გათავისუფლებამდე და კაცობრიობის უკანასკნელ გამოცდამდე ცოცხლები იქნებიან. ათასი წლის ბოლოსთვის დედამიწაზე კაცობრიობა გასრულყოფილდება, ანუ იმავე მდგომარეობას დაიბრუნებს, რაც ადამსა და ევას ჰქონდათ შეცოდებამდე. ეს იქნება ნამდვილი სრულყოფილი სიცოცხლე. ვინც ამის შემდეგ უფსკრულიდან მცირე ხნით გათავისუფლებული სატანის გამოცდას გაუძლებს, მარადიულად იცხოვრებს (გმც. 20:4—10).
სიცოცხლის გზა. იეჰოვამ, სიცოცხლის წყარომ, სიცოცხლის გზა თავისი ჭეშმარიტების სიტყვის მეშვეობით გააცხადა. უფალმა იესო ქრისტემ „სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (2ტმ. 1:10). მან უთხრა თავის მოწაფეებს: „სული აცოცხლებს, ხორცი კი უსარგებლოა. ჩემი ნათქვამი სიტყვები სული და სიცოცხლეა“. მოგვიანებით, როცა იესომ ჰკითხა მოციქულებს, აპირებდნენ თუ არა სხვების მსგავსად მის მიტოვებას, პეტრემ მიუგო: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (ინ. 6:63, 66—68). მოციქულმა იოანემ იესოს „სიცოცხლის სიტყვა“ უწოდა და თქვა, რომ „მისი მონაწილეობით გაჩნდა სიცოცხლე“ (1ინ. 1:1, 2; ინ. 1:4).
იესოს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ კაცი თავისი მცდელობით სიკვდილისგან თავს ვერ დაიხსნის. ვერც ცხოვრების ჯანსაღი წესი და ვერც თერაპიული პროცედურები მას სიცოცხლეს უსასრულოდ ვერ გაუხანგრძლივებს. უკეთეს შემთხვევაში, ადამიანი მხოლოდ დროებით თუ გაიუმჯობესებს ჯანმრთელობას. სიცოცხლის მოპოვების ერთადერთი გზა სასიხარულო ცნობის, „სიცოცხლის სიტყვის“ თანახმად ცხოვრებაა (ფლ. 2:16). სიცოცხლის მოსაპოვებლად საჭიროა „ზეციერზე და არა მიწიერზე“ ფიქრი (კლ. 3:1, 2). იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული“ (ინ. 5:24; 6:40). ისინი აღარ არიან ცოდვის გამო მსჯავრდადებულნი სასიკვდილოდ. მოციქული პავლე წერდა: „ამიტომ ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ, რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლა“ (რმ. 8:1, 2). როგორც იოანე ამბობს, თუ ქრისტიანს თავისი ძმები ეყვარებოდა, ეცოდინებოდა, რომ „სიკვდილიდან სიცოცხლეში“ გადავიდა (1ინ. 3:14).
ვინც სიცოცხლეს ელტვის, ქრისტეს უნდა გაჰყვეს, რადგან „არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (სქ. 4:12). იესოს სიტყვებიდან გამომდინარე, ადამიანს სულიერი მოთხოვნილებები უნდა ჰქონდეს და სიმართლეს უნდა იყოს მოშიებულ-მოწყურებული (მთ. 5:3, 6). მაგრამ საკმარისი არ არის სასიხარულო ცნობის მოსმენა, საჭიროა იესო ქრისტეს მიმართ რწმენის გამოვლენა და მისი მეშვეობით იეჰოვას სახელის მოხმობა (რმ. 10:13—15). აუცილებელია იესოს მსგავსად წყალში მონათვლა (მთ. 3:13—15; ეფ. 4:5), ნათლობის შემდეგ კი სამეფოსა და იეჰოვას სიმართლის ძიება (მთ. 6:33).
გულის დაცვა. იესო ქრისტეს მოწაფემ არ უნდა მიატოვოს სიცოცხლის გზაზე სიარული. მან ყურად უნდა იღოს შემდეგი გაფრთხილება: „ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს“ (1კრ. 10:12); აგრეთვე გაითვალისწინოს რჩევა: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგ. 4:23). როგორც იესომ აღნიშნა, გულიდან მოდის ბოროტი აზრები, მრუშობა, მკვლელობა და სხვა, რისი ბოლოც სიკვდილია (მთ. 15:19, 20). ქრისტიანი იმ შემთხვევაში დაიცავს თავს ამ ყველაფრისგან, თუ გულს მაცოცხლებელ საზრდოს ანუ სიცოცხლის წმინდა წყაროდან მომდინარე ჭეშმარიტებას მიაწვდის. ამგვარად, გული ცუდს არ მოინდომებს და არ გადაიყვანს ქრისტიანს სიცოცხლის გზიდან (რმ. 8:6; იხ. გული).
მას, ვინც სიცოცხლის შესანარჩუნებლად გულს უფრთხილდება, ენის ალაგმვაც უნდა შეეძლოს. „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია, მისი მოყვარული მის ნაყოფს შეჭამს“ (იგ. 18:21). მიზეზი იესომ ახსნა: „პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და ეს ბილწავს ადამიანს“ (მთ. 15:18; იაკ. 3:5—10). ვინც მართებულად იყენებს ენას — განადიდებს ღმერთს და კარგს ლაპარაკობს — სიცოცხლის გზაზე დარჩება (ფს. 34:12—14; 63:3; იგ. 15:4).
ამჟამინდელი სიცოცხლე. მეფე სოლომონი, რომელსაც ცხოვრებაში არც სიამე დაჰკლებია, არც სიმდიდრე, არც სახლები და ბაღები, ასეთ დასკვნამდე მივიდა: „შემძულდა სიცოცხლე, რადგან ის საქმე, რაც მზის ქვეშ ხდება, დამამწუხრებლად მივიჩნიე, ვინაიდან ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა“ (ეკ. 2:17). სოლომონს, როგორც ასეთი, სიცოცხლე არ სძულდა, იმიტომ რომ სიცოცხლე ზემოდან მომდინარე „კარგი ძღვენი“ და „სრულყოფილი საბოძვარია“ (იაკ. 1:17). სოლომონს ამ ბოროტ ქვეყნიერებაში დამამწუხრებელი ამაო სიცოცხლე სძულდა (რმ. 8:20). თავისი წიგნის ბოლოს ის მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ჭეშმარიტი ღვთისა და დავიცვათ მისი მცნებები, რაც ნამდვილი სიცოცხლის შესაძლებლობას იძლევა (ეკ. 12:13, 14; 1ტმ. 6:19). პავლე მოციქულის აზრით, თუკი მას და მის თანამორწმუნეებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად გულმოდგინედ ქადაგებდნენ, ამოწმებდნენ ქრისტესა და მისი აღდგომის შესახებ, მხოლოდ ამ ცხოვრებაში ექნებოდათ ქრისტეს იმედი, „ყველაზე საცოდავები“ იქნებოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მათი იმედი გამტყუნდებოდა. პავლემ დასძინა, რომ „მკვდრეთით აღდგა ქრისტე“ და დასკვნისას აღნიშნა: „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1კრ. 15:19, 20, 58).
სიცოცხლის ხეები. ედემის ბაღში მდგარი სიცოცხლის ხის გარდა (დბ. 2:9), „სიცოცხლის ხე(ები)“ რამდენჯერმე გვხვდება წმინდა წერილებში და ყველგან ფიგურალური ანუ სიმბოლური გაგებით. სიბრძნეზე ნათქვამია, რომ ის „სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის აძლევს ადამიანს არა მარტო იმას, რაც დღევანდელი სიცოცხლისთვის სჭირდება, არამედ იმას, რაც მარადიული სიცოცხლისთვის არის აუცილებელი, კერძოდ, ღვთის შემეცნებას, წვდომისა და ღვთის კანონების დაფასების უნარს (იგ. 3:18; 16:22).
წიგნ „იგავებში“ ვკითხულობთ: „მართალთა ნაყოფი სიცოცხლის ხეა, და ვინც სულს იძენს, ბრძენია“ (იგ. 11:30). მართალი ადამიანი თავისი მეტყველებითა თუ საქციელით სულებს იძენს, ანუ თავის მსმენელებს სულიერად ასაზრდოებს, ღვთის მსახურებისკენ აღძრავს და შედეგად ღვთის მიერ აღთქმული სიცოცხლის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ანალოგიურად, „მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა, უკუღმართად მოლაპარაკე კი სულის დაცემაა“ (იგ. 15:4). ბრძენი კაცის მშვიდი საუბარი მსმენელებს სულს უცოცხლებს, დადებითი თვისებების გამომუშავებასა და სიცოცხლის გზაზე სიარულში ეხმარება, ხოლო უკუღმართი ენა ცუდი ნაყოფივით არის — წუხილი და გულგატეხილობა მოაქვს მათთვის, ვინც ყურს უგდებს მას.
იგავების 13:12-ში ვკითხულობთ: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს, ასრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა“. დიდი ხნის ნატვრის ასრულება ძალას მატებს და ახალისებს ადამიანს.
განდიდებული იესო ქრისტე მძლეველ ქრისტიანს ჰპირდება, რომ ნებას მისცემს „ჭამოს სიცოცხლის ხიდან, რომელიც ღვთის სამოთხეშია“ (გმც. 2:7). „გამოცხადების“ ბოლო მუხლებშიც ვკითხულობთ: „და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხეებიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი“ (გმც. 22:19). ორივე მუხლის კონტექსტიდან ჩანს, რომ ქრისტე იესო მიმართავს მძლეველებს, რომელთაც „ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“ (გმც. 2:11). მათ მიეცემათ „ძალაუფლება ხალხებზე“ (გმც. 2:26); ქრისტე მათ სვეტად აქცევს თავისი „ღვთის ტაძარში“ (გმც. 3:12) და თავის ზეციერ ტახტზე დასხამს (გმც. 3:21). აქ პირდაპირი გაგებით ხეზე ან ხეებზე არ მიდის საუბარი, ვინაიდან მძლეველები, რომლებიც მათ ნაყოფს ჭამენ, „ზეციური მოწოდების მოზიარენი“ არიან (ებ. 3:1) და მათთვის ადგილები ზეცაშია შემონახული (ინ. 14:2, 3; 2პტ. 1:3, 4). ამრიგად, ხე(ები) არის სიმბოლო იმისა, რასაც ღმერთი ერთგულებს, ქრისტეს მსგავსად მძლეველებს აძლევს სიცოცხლის, კერძოდ, უკვდავი ზეციური სიცოცხლის მისაღებად.
სულ სხვა კონტექსტში ვხვდებით „სიცოცხლის ხეებს“ გამოცხადების 22:1, 2-ში. ამ მუხლებიდან ვიგებთ, რომ ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო. ხეები მდინარის გაყოლებაზე იდგა, რომელიც ღვთის ტახტიდან მოედინებოდა. ამ დროისთვის ახალი ცა და ახალი დედამიწა უკვე დამყარებულია და „ღვთის კარავი ადამიანებთანაა“ (გმც. 21:1—3, 22, 24). ეს ხეები სიმბოლურად იმ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომლებიც კაცობრიობის განკურნებასა და შედეგად მარადიული სიცოცხლის მიღებას ემსახურება. ეს ღონისძიებები სამეფო ტახტზე მჯდომი ღვთისა და კრავისგან, იესო ქრისტესგან მომდინარეობს.
ბიბლიაში რამდენჯერმეა ნახსენები „სიცოცხლის გრაგნილი“, იგივე ღვთის „წიგნი“. მასში ჩაწერილია მათი სახელები, ვინც რწმენით მიიღებს ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს ზეცაში თუ დედამიწაზე. მასში შესულია „ქვეყნიერების შექმნიდან“ მცხოვრებ იეჰოვას მსახურთა სახელები, იმ ქვეყნიერებისა, რომელშიც გამოსყიდვას დაქვემდებარებული კაცობრიობა მოიაზრება. მართალი აბელი, როგორც ჩანს, პირველი ადამიანია, რომლის სახელიც ამ გრაგნილში ჩაიწერა (გმც. 17:8; მთ. 23:35; ლკ. 11:50, 51).
რას ნიშნავს ღვთის „წიგნში“, იგივე „სიცოცხლის გრაგნილში“ სახელის ჩაწერა?
„სიცოცხლის წიგნში“ ვინმეს სახელის ჩაწერა იმას არ ნიშნავს, რომ ის მარადიული სიცოცხლისთვის წინასწარ არის განწესებული. ადამიანის მორჩილებაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა მისი სახელი სიცოცხლის წიგნში. მოსემ ისრაელები ასეთი სიტყვებით შეავედრა იეჰოვას: „თუ მიუტევებ ახლა მათ ამ ცოდვას ... თუ არა და, გთხოვ, ამომშალე წიგნიდან, შენ რომ დაწერე“. იეჰოვამ უპასუხა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან“ (გმ. 32:32, 33). ეს იმას ნიშნავს, რომ სიაში შეიძლება ცვლილებები მოხდეს; თუ ვინმე ღმერთს ეურჩება, მისი სახელი „წიგნიდან“ ამოიშლება (გმც. 3:5).
გამოცხადების 20:11—15 აღწერს სასამართლო სცენას: ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს იშლება „სიცოცხლის გრაგნილი“ დამატებითი სახელების ჩასაწერად; იშლება სახელმძღვანელო გრაგნილებიც. თუ უმართლოთა აღდგომას დაქვემდებარებულნი დაემორჩილებიან სახელმძღვანელო გრაგნილებში მითითებულ მოთხოვნებს, მათი სახელები „სიცოცხლის გრაგნილში“ ჩაიწერება (სქ. 24:15). რა თქმა უნდა, მართალთა აღდგომის დროს აღმდგარ ღვთის ერთგულ მსახურთა სახელები უკვე იქნება „სიცოცხლის გრაგნილში“ და თუ დაემორჩილებიან ღვთის მითითებებს, მათი სახელები დარჩება მასში.
როგორ უნდა დაიმკვიდროს ადამიანმა სახელი „სიცოცხლის წიგნში“ სამუდამოდ? ზეციური სიცოცხლის მოიმედეებმა რწმენით უნდა სძლიონ ქვეყნიერებას და „სიკვდილამდე ერთგულნი“ უნდა დარჩნენ (გმც. 2:10; 3:5), ხოლო დედამიწაზე ცხოვრების მოიმედეებმა იეჰოვას უნდა უერთგულონ ბოლო, გადამწყვეტი გამოცდისას, რომელიც ქრისტეს ათასწლიანი მეფობის ბოლოს ელოდებათ (გმც. 20:7, 8). მათი სახელები, ვინც ამ ბოლო გამოცდისას ერთგული დარჩება, ღვთის „სიცოცხლის წიგნიდან“ აღარასოდეს ამოიშლება; იეჰოვა მათ მართლებად აღიარებს ამ სიტყვის სრული გაგებით და დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის ღირსად ჩათვლის (რმ. 8:33).
„კრავის სიცოცხლის გრაგნილი“. არსებობს კიდევ ერთი „სიცოცხლის გრაგნილი, რომელიც დაკლული კრავისაა“. მასში, როგორც ჩანს, მხოლოდ მათი სახელებია ჩაწერილი, ვინც კრავთან, იესო ქრისტესთან, ერთად უნდა იმეფოს, მათ შორის ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებ ზეციური მოწოდების მქონეთა სახელები (გმც. 13:8; შდრ. გმც. 14:1, 4). „კრავის სიცოცხლის გრაგნილში“ ჩაწერილთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი შედიან წმინდა ქალაქში, ახალ იერუსალიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მესიანური სამეფოს წარმომადგენლები ხდებიან (გმც. 21:2, 22—27). მათი სახელები ჩაწერილია როგორც „კრავის გრაგნილში“, ისე ღვთის „სიცოცხლის წიგნში“ (ფლ. 4:3; გმც. 3:5).
სიცოცხლის წყლის მდინარე. იოანემ „გამოცხადებაში“ აღწერილ ხილვაში ნახა „სიცოცხლის წყლის მდინარე ... ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა“ წმინდა ქალაქის, ახალი იერუსალიმის, მთავარი ქუჩის შუაში (გმც. 22:1, 2; 21:2). წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი ელემენტია. ამ ხილვაში ნანახი მოვლენები ხდება „ახალი ცისა და ახალი დედამიწის“ დამყარების შემდეგ, „რადგან წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა მოისპო“ (გმც. 21:1). კონტექსტიდან ვიგებთ, რომ მდინარე დინებას იწყებს ამ ქვეყნიერების განადგურების შემდეგ. ხილვაში აღწერილია მდინარის გაყოლებაზე მდგარი ნაყოფის მომცემი ხეები, რომელთა ფოთლებიც ხალხთა განსაკურნავადაა. მაშასადამე, სიცოცხლის მომცემი წყლები არის ის ღონისძიებები, რომლებსაც იეჰოვა კრავის, იესო ქრისტეს, მეშვეობით განახორციელებს მათი მარადიული სიცოცხლისთვის, ვინც დედამიწა უნდა დაიმკვიდროს.
ღვთივშთაგონებული გამოცხადების სხვა დეტალების აღწერის შემდეგ იოანემ დაწერა: «სული და პატარძალი ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი». სული და პატარძალი ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდეც იწვევენ ხალხს, დაეწაფონ წყალს ანუ ისარგებლონ იმ ღონისძიებებით, რომლებსაც ღმერთი კრავის მეშვეობით მარადიული სიცოცხლისთვის ითვალისწინებს. მოწვეულებს შეუძლიათ იმის იმედი ჰქონდეთ, რომ ძველი ქვეყნიერების განადგურების შემდეგ კრავისა და მისი პატარძლის მსახურების შედეგად ბოლომდე განიკურნებიან სიცოცხლის მდინარის წყლით (გმც. 22:17).
„სიცოცხლის სინოტივე“. ფსალმუნის 32:1—5-ში დავითი აღწერს, რამხელა ბედნიერებაა, როცა ღმერთი გვპატიობს, ამავე დროს გვიმჟღავნებს, რამდენად მძიმე ტვირთს ატარებს კაცი, ვიდრე იეჰოვას წინაშე ცოდვას აღიარებს და შეწყალებული იქნება. ცოდვის მალვის გამო სინდისის ქენჯნით შეწუხებული ფსალმუნმომღერალი წერდა: „ჩემი სიცოცხლის სინოტივე ზაფხულის ხვატმა შეცვალა“. სინდისის ხმის ჩახშობამ ისე გამოფიტა და წუხილმა ძალა ისე გამოაცალა, როგორც ზაფხულის ხვატი ან გვალვა აცლის ხეს სინოტივეს. დავითის სიტყვებიდან ჩანს, რომ ცოდვის დამალვამ უარყოფითად იმოქმედა მის ემოციურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე და სიცოცხლის ხალისი დააკარგვინა. შენდობა და შვება მხოლოდ იეჰოვას წინაშე ცოდვის აღიარებას მოჰყვება (იგ. 28:13).
„სიცოცხლის ქისა“. როცა აბიგაილი დავითს სთხოვდა, შური არ ეძია ნაბალზე და სისხლის ღვრისგან თავი შეეკავებინა, უთხრა: „როცა ვინმე დაედევნება შენს სულს მოსაკლავად, სიცოცხლის ქისაში ექნება შენახული ჩემი ბატონის სული იეჰოვას, შენს ღმერთს; შენი მტრის სულს კი შურდულით მოისვრის“ (1სმ. 25:29—33). როგორც კაცი ფუთავს ძვირფას ნივთს, რომ დაიცვას და შეინახოს იგი, ისე იეჰოვა იცავდა დავითის სიცოცხლეს მტრისგან, რადგან ეს უკანასკნელი საკუთარი ძალით არ ცდილობდა თავის დახსნას, არამედ იეჰოვას ელოდა. დავითის მტრების სული კი იეჰოვამ მოისროლა.