მათეს სახარება
17 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე+ 2 და მათ წინაშე ფერი იცვალა: სახე მზესავით გაუბრწყინდა და სამოსი აუელვარდა.+ 3 და აი, მათ იხილეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ. 4 პეტრემ იესოს უთხრა: „უფალო, რა კარგია, აქ რომ ვართ! თუ გსურს, დავდგამ აქ სამ კარავს: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“. 5 ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი. და, აი, ღრუბლიდან ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე.+ მას უსმინეთ!“+ 6 ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძლიერ შეშინდნენ და პირქვე დაემხვნენ. 7 მაშინ იესო მივიდა მათთან, შეეხო და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ!“ 8 აიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს. 9 მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ გააფრთხილა ისინი: „კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე არავის მოუყვეთ ამ ხილვის შესახებ“.+
10 მოწაფეებმა ჰკითხეს: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია უნდა მოვიდესო?“+ 11 მან მიუგო: „ელია ნამდვილად მოდის და ყველაფერს აღადგენს.+ 12 თუმცა გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ.+ კაცის ძესაც მოუწევს მათგან ტანჯვის ატანა“.+ 13 მაშინ მოწაფეები მიხვდნენ, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ლაპარაკობდა.
14 როცა ისინი ხალხთან მივიდნენ,+ ერთი კაცი მიუახლოვდა იესოს, მუხლი მოიყარა მის წინაშე და უთხრა: 15 „უფალო, შეიწყალე ჩემი ვაჟი, ავადაა, ბნედიანია; ხან ცეცხლში ვარდება და ხან — წყალში.+ 16 შენს მოწაფეებს მივუყვანე, მაგრამ ვერ განკურნეს“. 17 მაშინ იესომ თქვა: „ოჰ, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ!“ 18 შერისხა იესომ დემონი და ისიც გამოვიდა მისგან. ყმაწვილი მაშინვე განიკურნა.+ 19 მაშინ მოწაფეები მივიდნენ იესოსთან და განცალკევებით ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“ 20 „იმიტომ, რომ რწმენა გაკლიათ. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო, გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი“, — უპასუხა იესომ.+ 21 *——
22 როცა ისინი გალილეაში შეიკრიბნენ, იესომ უთხრა მათ: „კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ,+ 23 მოკლავენ მას, მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ მისმა ნათქვამმა ყველა ძალიან დაამწუხრა.
24 როცა ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ, პეტრესთან დიდრაქმის* ამკრეფნი მივიდნენ და ჰკითხეს: „თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას?“+ 25 „როგორ არა“, — მიუგო მან. სახლში რომ შევიდა, სანამ რამეს ეტყოდა, იესომ ჰკითხა: „როგორ ფიქრობ, სიმონ, ვისგან იღებენ მეფეები ხარკს ან ბაჟს, თავიანთი ვაჟებისგან თუ უცხოებისგან?“ 26 როცა უპასუხა, უცხოებისგანო, იესომ უთხრა: „ესე იგი, ვაჟები თავისუფალი ყოფილან ბაჟისგან, 27 მაგრამ ისინი რომ არ დავაბრკოლოთ,+ მიდი ზღვასთან და ისროლე ანკესი. პირველივე თევზს, რომელიც ანკესს ამოჰყვება, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატერს*. წამოიღე და გადაუხადე მათ ჩემთვისაც და შენთვისაც!“