ისრაელი
[ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი) ან ღმერთი დაეჭიდა].
1. ღმერთმა ეს სახელი იაკობს მაშინ დაარქვა, როცა ის სავარაუდოდ 97 წლისა იყო. იმ ღამით, როცა თავის ძმასთან, ესავთან, შესახვედრად იაბოკის ხევი გადაკვეთა, იაკობი ვიღაცას ერკინებოდა. როგორც გაირკვა, ეს ანგელოზი იყო. შეუპოვარი ბრძოლისთვის იაკობს ღვთის კურთხევის ნიშნად ისრაელი ეწოდა. ამ შემთხვევის აღსანიშნავად იაკობმა იმ ადგილს ფენიელი, იგივე ფენუელი უწოდა (დბ. 32:22—31; იხ. იაკობი №1). მოგვიანებით ბეთელში ღმერთმაც დაადასტურა, რომ მას უკვე ისრაელი ერქვა. იმ დღიდან მოყოლებული სიკვდილამდე იაკობს ხშირად ისრაელად მოიხსენიებდნენ (დბ. 35:10, 15; 50:2; 1მტ. 1:34). ბიბლიაში 2 500-ზე მეტჯერ გვხვდება ეს სახელი და უმეტეს შემთხვევაში იაკობის შთამომავლებისგან შემდგარი ერი იგულისხმება (გმ. 5:1, 2).
2. იაკობის სხვადასხვა დროს მცხოვრები შთამომავლების სახელწოდება (გმ. 9:4; იეს. 3:7; ეზრ. 2:2ბ; მთ. 8:10); იაკობის 12 ვაჟის შთამომავლებს ხშირად უწოდებდნენ „ისრაელის ძეებს“, ზოგჯერ კი — „ისრაელის სახლს“ და „ისრაელის ხალხს“ (დბ. 36:31; მთ. 10:6; სქ. 4:10). კონტექსტიდან გამომდინარე, სიტყვა „ისრაელებში“ იგულისხმება: 1) თორმეტივე ტომის წარმომადგენლები სამეფოს გაყოფამდე (1სმ. 2:14; 13:20; 29:1), 2) ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფოს ხალხი (1მფ. 12:19; 2მფ. 3:24), 3) ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებული იუდეველები ლევიანების გამოკლებით (1მტ. 9:1, 2), 4) ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები (სქ. 13:16; რმ. 9:3, 4; 2კრ. 11:22).
ძვ. წ. 1728 წელს იაკობი შიმშილობის გამო ოჯახთან ერთად ეგვიპტეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მისი შთამომავლობა 215 წელს ხიზნობდა. თუ არ ჩავთვლით იაკობის ვაჟების ცოლებს, „იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა“, 70 ისრაელისგან შედგებოდა. ხიზნობის პერიოდში ისინი ეგვიპტელთა მონები გახდნენ და რიცხობრივად სწრაფად გაიზარდნენ. მათმა რიცხვმა 2-3 მილიონს ან უფრო მეტს მიაღწია (დბ. 46:26, 27; გმ. 1:7; იხ. გამოსვლა).
სიკვდილის წინ იაკობმა თავისი 12 ვაჟი შემდეგი თანმიმდევრობით აკურთხა: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ზებულონი, ისაქარი, დანი, გადი, აშერი, ნაფთალი, იოსები და ბენიამინი. მათი მეშვეობით ნარჩუნდებოდა პატრიარქალური წყობილება (დბ. 49:2—28). მაგრამ ისრაელთა მონობის პერიოდში ეგვიპტელებმა მათზე ზედამხედველობის საკუთარი სისტემა შეიმუშავეს, რასაც საერთო არაფერი ჰქონდა პატრიარქალურ წყობილებასთან. მათ ისრაელთაგან ამორჩეული კაცები დააყენეს ზედამხედველებად, რომლებსაც ევალებოდათ მზა აგურების დათვლა და ეგვიპტელი მეთვალყურეების დახმარება (გმ. 5:6—19). რაც შეეხება მოსეს, ის ისრაელის კრებულს იეჰოვას მითითებებს „ისრაელის უხუცესების“ მეშვეობით გადასცემდა, რომელთაც მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ საგვარეულოთა თავკაცობა. ფარაონის წინაშე მოსე სწორედ მათთან ერთად წარდგა (გმ. 3:16, 18; 4:29, 30; 12:21).
როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, 400-წლიანი ჩაგვრის დასასრულს, ძვ. წ. 1513 წელს, იეჰოვამ დაამარცხა ეგვიპტე, იმ დროის უძლიერესი სახელმწიფო, თავისი ხალხი ისრაელი კი მონობიდან გაათავისუფლა, რითაც უბადლო ძლევამოსილება აჩვენა. ისრაელებს ეგვიპტიდან „უამრავი ჭრელი ხალხი“ გაჰყვა, რომელთაც ღვთის რჩეული ხალხის ხვედრის გაზიარება ისურვეს (დბ. 15:13; სქ. 7:6; გმ. 12:38).
ერის დაბადება. აბრაამთან დადებული შეთანხმების საფუძველზე ისრაელის კრებული ერთ ინდივიდად აღიქმებოდა. აქედან გამომდინარე, მონობიდან მისი გამოსყიდვა ახლო ნათესავს შეეძლო. ამ კანონიერი შეთანხმების თანახმად, ეს ახლო ნათესავი, უფრო ზუსტად კი მათი მამა, იეჰოვა იყო. მან, როგორც კანონიერმა გამომსყიდველმა, პირმშო მოუკლა ფარაონს, რომელმაც უარი თქვა ღვთის „პირმშოს“, ისრაელის გათავისუფლებაზე (გმ. 4:22, 23; 6:2—7). ასე რომ, ეგვიპტის მონობიდან კანონიერად გათავისუფლებული ისრაელი იეჰოვას გამორჩეული საკუთრება გახდა. იეჰოვამ უთხრა მათ: „მხოლოდ თქვენ გცანით დედამიწის საგვარეულოებს შორის“ (ამ. 3:2; გმ. 19:5, 6; კნ. 7:6). ამის შემდეგ ღმერთმა მართებულად მიიჩნია, რომ ისრაელი აღარ ყოფილიყო მხოლოდ პატრიარქალური საზოგადოება. მან ისრაელი ერად ჩამოაყალიბა და დაუდგინა თეოკრატიული მმართველობა, რომლის კონსტიტუციაც კანონის შეთანხმება იყო.
ეგვიპტის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ ისრაელი დამოუკიდებელ ერად ჩამოყალიბდა, როცა სინას მთასთან კანონის შეთანხმების მონაწილე გახდა (ებ. 9:19, 20). ამ ერის კანონთა კრებულის საფუძველი „ღვთის თითით ნაწერი“ ათი მცნება იყო, რომელსაც 600-ზე მეტი სხვა კანონი თუ წესი დაემატა. ძველად არც ერთ სხვა ერს არ ჰქონია ასეთი მრავლისმომცველი კანონთა კრებული. მასში დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა კაცს ღმერთთან თუ მოყვასთან (გმ. 31:18; 34:27, 28).
ვინაიდან ისრაელს წმინდა წყლის თეოკრატიული მმართველობა ჰქონდა, სასამართლო, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ძალაუფლება მთლიანად იეჰოვას ხელში იყო (ეს. 33:22; იაკ. 4:12). ამავე დროს, მან, როგორც დიდებულმა მმართველმა, გარკვეული უფლებამოსილებით აღჭურვა მის მიერ არჩეული წარმომადგენლები. იეჰოვამ კანონით ისიც გაითვალისწინა, რომ დროთა განმავლობაში ისრაელს მეფეები ეყოლებოდა, რომლებიც საერო საკითხებში მისი წარმომადგენლები იქნებოდნენ. თუმცა მათ აბსოლუტური ძალაუფლება არ ექნებოდათ, რადგან სამღვდელოება მათგან განცალკევებული და დამოუკიდებელი კლასი უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, მეფეები, როგორც ღვთის წარმომადგენლები, „იეჰოვას ტახტზე“ ისხდებოდნენ, მისგან მიიღებდნენ მითითებებს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მისგანვე დაისჯებოდნენ (კნ. 17:14—20; 1მტ. 29:23; 2მტ. 26:16—21).
კანონის თანახმად, იეჰოვას თაყვანისმცემლობა ყველაზე პრიორიტეტული იყო და ერის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა. კერპთაყვანისმცემლობა ერის ღალატად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა (კნ. 4:15—19; 6:13—15; 13:1—5). წმინდა კარავი, მოგვიანებით კი ტაძარი, სადაც კანონით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვა ხდებოდა, თაყვანისმცემლობის ხილული ცენტრი იყო. ღვთის დანიშნულ სამღვდელოებას ჰქონდა ურიმი და თუმიმი, რომელთა მეშვეობითაც ისინი იეჰოვასგან პასუხებს იღებდნენ რთულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე (გმ. 28:30). რეგულარულად იმართებოდა შეკრებები, სადაც თავს იყრიდნენ მამაკაცები, ქალები და ბავშვები (მამაკაცებისთვის დასწრება სავალდებულო იყო). ასეთი შეკრებები ერს ღმერთთან კარგი ურთიერთობისა და ერთსულოვნების შენარჩუნებაში ეხმარებოდა (ლვ. 23:2; კნ. 31:10—13).
მსაჯულებად დანიშნულნი იყვნენ ათისთავები, ორმოცდაათისთავები, ასისთავები და ათასისთავები. ასეთნაირად, ყველა სადავო საკითხი სწრაფად გვარდებოდა, შედარებით რთულ საკითხებს მოსესთან აგვარებდნენ და, თუ საჭირო გახდებოდა, მოსე მათ იეჰოვას წინაშე წარადგენდა (გმ. 18:19—26; კნ. 16:18). ჯარში გაწვევა და მეთაურობის განაწილება აღრიცხვის იმავე პრინციპით ხდებოდა (რც. 1:3, 4, 16; 31:3—6, 14, 48).
ტომების თავკაცებს — გამოცდილ, ბრძენ და გონიერ უხუცესებს — სამოქალაქო, სასამართლო და სამხედრო საქმეებზე ზრუნვა ეკისრებოდათ (კნ. 1:13—15). ეს უხუცესები ისრაელის მთელი კრებულის სახელით ცხადდებოდნენ იეჰოვას წინაშე. იეჰოვა და მოსე ხალხს სათქმელს მათი მეშვეობით გადასცემდნენ (გმ. 3:15, 16). ეს მამაკაცები მოთმინებით ისმენდნენ ხალხის საჩივრებს, ზრუნავდნენ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე (კნ. 21:18—21; 22:15—21; 25:7—10), სისრულეში მოჰყავდათ ღვთის გადაწყვეტილებები (კნ. 19:11, 12; 21:1—9), მეთაურობდნენ ჯარს (რც. 1:16), ამტკიცებდნენ დადებულ შეთანხმებებს (იეს. 9:15) და მღვდელმთავრის მეთაურობით ჯგუფურად სხვა პასუხისმგებლობებსაც ასრულებდნენ (იეს. 22:13—16).
თეოკრატიულად ორგანიზებულ ამ ახლად ჩამოყალიბებულ ერს ცენტრალიზებული მართვის სისტემა ჰქონდა, თუმცა 12 ტომის სახით პატრიარქალური წყობილებაც შენარჩუნებული იყო. გენეალოგიურ ნუსხებში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს იმისთვის, რომ ლევის ტომი სამხედრო სამსახურისგან გაეთავისუფლებინათ (ეს ტომი მხოლოდ ღვთის მსახურებით უნდა ყოფილიყო დაკავებული) და აღთქმული მიწის ნაწილი თორმეტივე ტომს შეხვედროდა (რც. 1:49, 50; 18:20—24). გარდა ამისა, გადასაწყვეტი იყო, ვინ ისარგებლებდა პირმშოობის უფლებით. იაკობის პირმშოს, რეუბენს, მემკვიდრეობის ორმაგი წილი ეკუთვნოდა (შდრ. კნ. 21:17), მაგრამ ეს უფლება მან მამამისის ხარჭასთან ჩადენილი უზნეობის გამო დაკარგა (დბ. 35:22; 49:3, 4). აქედან გამომდინარე, ლევისა და პირმშოს ადგილები სხვებს უნდა დაეკავებინათ.
იეჰოვამ მარტივად მოაგვარა ორივე საკითხი. იოსების ორ ვაჟს, ეფრემსა და მენაშეს, ტომის თავკაცობის სრული უფლება მიენიჭა (დბ. 48:1—6; 1მტ. 5:1, 2). ასე რომ, ტომების რიცხვი ლევის გამოკლებით კვლავ თორმეტამდე შეივსო. მიწის ორმაგი წილი იოსებს, ეფრემისა და მენაშეს მამას ერგო. ამგვარად პირმშოობის უფლება ლეას პირმშოსგან, რეუბენისგან, რახელის პირმშოზე, იოსებზე გადავიდა (დბ. 29:31, 32; 30:22—24). ამ ცვლილებების შედეგად ისრაელის თორმეტი ტომი (ლევის გამოკლებით) შედგებოდა რეუბენის, სიმონის, იუდას, ისაქარის, ზებულონის, ეფრემის, მენაშეს, ბენიამინის, დანის, აშერის, გადისა და ნაფთალის ტომებისგან (რც. 1:4—15).
სინადან აღთქმულ მიწამდე. აღთქმულ მიწაზე გაგზავნილი 12 მზვერავიდან მხოლოდ ორს აღმოაჩნდა ძლიერი რწმენა. მხოლოდ ეს ორნი არწმუნებდნენ თავიანთ ძმებს, რომ შეძლებდნენ აღთქმული მიწის დაპყრობას. ხალხის ურწმუნოების გამო იეჰოვამ გადაწყვიტა, რომ ეგვიპტიდან გამოსული ხალხიდან ყველა, 20 წლიდან მოყოლებული, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უდაბნოში დახოცილიყო (რც. 13:25—33; 14:26—34). ამგვარად, ისრაელის დიდი ბანაკი სინას ნახევარკუნძულზე 40 წელს ხეტიალობდა. თვით მოსე და აარონიც ისე დაიხოცნენ, რომ აღთქმულ მიწაზე ფეხის დადგმა ვერ შეძლეს. ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ მალევე ჩატარებული აღრიცხვის თანახმად, ლაშქარში გამსვლელი მამაკაცების რიცხვი 603 550-ს შეადგენდა, დაახლოებით 39 წლის შემდეგ აღრიცხული ახალი თაობის მამაკაცთა რაოდენობა კი — 601 730-ს, რაც პირველ აღრიცხვასთან შედარებით 1 820-ით ნაკლები იყო (რც. 1:45, 46; 26:51).
ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დროს იეჰოვა მათ ფარივით და გალავანივით იცავდა მტრებისგან. მხოლოდ მაშინ ატეხდა თავს უბედურებას, როცა ეურჩებოდნენ (რც. 21:5, 6). იეჰოვა მათ ყოველდღიურ საჭიროებებზეც ზრუნავდა — არ აკლებდა მანანასა და წყალს, მათი ჯანმრთელობის დასაცავად უდგენდა სანიტარულ წესებს და მათ ფეხზე სანდლებიც კი არ გასცვეთიათ (გმ. 15:23—25; 16:31, 35; კნ. 29:5). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა სიყვარულს ავლენდა მათდამი და სასწაულებრივად ზრუნავდა მათზე, ისრაელები მუდამ წუწუნებდნენ და დრტვინავდნენ. დროდადრო ზოგიერთები თეოკრატიულ წესრიგსაც ეწინააღმდეგებოდნენ, რის გამოც იეჰოვა მათ მკაცრად სჯიდა, რათა სხვებს თავიანთი დიდებული მხსნელის შიში და მორჩილება ესწავლათ (რც. 14:2—12; 16:1—3; კნ. 9:24; 1კრ. 10:10).
უდაბნოში 40-წლიანი ხეტიალის დასასრულს იეჰოვამ ისრაელებს ხელში ჩაუგდო ამორეველთა მეფეები, სიხონი და ოგი. ასე დაეუფლა ისრაელი იორდანეს აღმოსავლეთით მდებარე დიდ ტერიტორიას, რომელზეც მენაშეს ტომის ნახევარი და რეუბენისა და გადის ტომები დასახლდნენ (კნ. 3:1—13; იეს. 2:10).
მსაჯულების დროს. მოსეს სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. 1473 წელს, იესო ნავეს ძემ ისრაელები იორდანეს გაღმა გაიყვანა, სადაც „რძე და თაფლი“ მოედინებოდა (რც. 13:27; კნ. 27:3). ექვსწლიანი ბრძოლის შემდეგ მათ დაიპყრეს იორდანეს დასავლეთი მხარე, რომელიც 31 მეფეს ეპყრა, მათ შორის ისეთი გამაგრებული ქალაქები, როგორიც იყო იერიხონი და აი (იეს. 1—12). გამონაკლისს წარმოადგენდა ზღვისპირეთი და ზოგიერთი შემოსაზღვრული ქალაქი, მაგალითად იებუსელთა ციხესიმაგრე, რომელიც მოგვიანებით დავითის ქალაქი გახდა (იეს. 13:1—6; 2სმ. 5:6—9). ღმერთმა დაუშვა, რომ მტრების ეს ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე დარჩენილიყო. ისინი ნარ-ეკალივით იყვნენ ისრაელისთვის და მათთან დამოყვრება მხოლოდ პრობლემებს უქმნიდა მათ. 380 წელზე მეტი ხნის მანძილზე, იესო ნავეს ძის სიკვდილიდან დავითის მიერ ქანაანელთა მთელი ტერიტორიის დაპყრობამდე, ღმერთმა ეს ცრუ ღმერთების თაყვანისმცემლები „ისრაელის გამოსაცდელად დატოვა ... რათა გაეგო, დაემორჩილებოდნენ თუ არა იეჰოვას მცნებებს“ (მსჯ. 3:4—6).
ისრაელის ტომებმა ახლად დაპყრობილი ტერიტორია წილისყრით დაინაწილეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესთვის. მათ გამოყვეს ექვსი თავშესაფარი ქალაქი, რომ უნებლიე მკვლელობის ჩამდენთ იქ შეეფარებინათ თავი. ეს ქალაქები და სხვა 42 ქალაქი თავიანთი საძოვრებით ლევის ტომს გადაეცა (იეს. 13—21).
ყოველ ქალაქში დანიშნეს მსაჯულები და მთავრები, რომლებიც კანონის მიხედვით განიხილავდნენ სასამართლო საქმეებს (კნ. 16:18), აგრეთვე უხუცესები, რომლებიც ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ და იცავდნენ მოსახლეობის ინტერესებს (მსჯ. 11:5). თუმცა ტომებმა შეინარჩუნეს თვითმყოფადობა და თავიანთი სამკვიდრო, უდაბნოში ყოფნის დროს არსებული მართვის ცენტრალიზებული სისტემიდან მათ თითქმის აღარაფერი შერჩათ. დებორასა და ბარაკის სიმღერიდან, გედეონის საბრძოლო შემთხვევებიდან და იფთახის საქმეებიდან ჩანს, რა პრობლემები შეექმნათ ისრაელებს მოსესა და მისი საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ, რადგან ერთსულოვანნი აღარ იყვნენ და ხელმძღვანელობისთვის აღარ მიმართავდნენ თავიანთ უხილავ მმართველს, იეჰოვა ღმერთს (მსჯ. 5:1—31; 8:1—3; 11:1—12:7).
იესო ნავეს ძისა და მისი თაობის უხუცესების სიკვდილის შემდეგ ხალხი ხან ინარჩუნებდა იეჰოვას ერთგულებას და ემორჩილებოდა მას, ხან არა. ისინი ქანქარასავით ქანაობდნენ ჭეშმარიტ და ცრუ თაყვანისმცემლობას შორის (მსჯ. 2:7, 11—13, 18, 19). როცა ისინი ტოვებდნენ იეჰოვას და ბაალების მსახურებას იწყებდნენ, იეჰოვა აღარ იცავდა მათ და გარშემო მცხოვრებ ერებს ხელში უგდებდა გასაძარცვად. ჩაგვრისგან გამოფხიზლებული ისრაელები გრძნობდნენ გაერთიანების აუცილებლობას და დახმარებისთვის შეღაღადებდნენ იეჰოვას, რომელიც აღძრავდა მსაჯულებს, ეხსნათ ისინი (მსჯ. 2:10—16; 3:15). იესო ნავეს ძის შემდეგ ასეთ მამაც მსაჯულებს შორის იყვნენ: ოთნიელი, ეჰუდი, შამგარი, ბარაკი, გედეონი, თოლა, იაირი, იფთახი, იბცანი, ელონი, აბდონი და სამსონი (მსჯ. 3—16).
თითოეული ასეთი ხსნის შემდეგ ერი ერთიანდებოდა. მათ ერთიანობას სხვა შემთხვევებიც უწყობდა ხელს. ერთხელ ერთი ლევიანის ხარჭის უმოწყალო გაუპატიურების შემდეგ ისრაელის 11-მა ტომმა, როგორც ერთმა კაცმა, ისე გაილაშქრა ბენიამინის ტომის წინააღმდეგ, რითაც ცხადყვეს, რომ მათ, როგორც ერს, ჰქონდათ დანაშაულისა და პასუხისმგებლობის გრძნობა (მსჯ. 19, 20). ყველა ტომი გაერთიანებულად იკრიბებოდა შილოში, სადაც შეხვედრის კარავი და შეთანხმების კიდობანი იდგა (იეს. 18:1). ამიტომ მთელ ერს დიდი დარტყმა მიაყენა იმან, რომ მაშინდელი მღვდლების, განსაკუთრებით მღვდელმთავარი ელის ვაჟების, უზნეობისა და უწესობის გამო შეთანხმების კიდობანი ფილისტიმელების ხელში აღმოჩნდა (1სმ. 2:22—36; 4:1—22). ელის სიკვდილის შემდეგ მთელი ისრაელის წინასწარმეტყველი და მსაჯული სამუელი გახდა. მან ხელი შეუწყო ისრაელის გაერთიანებას, რადგან დადიოდა მთელ ისრაელში, აგვარებდა ხალხს შორის წამოჭრილ უთანხმოებებს და პასუხობდა მათ კითხვებს (1სმ. 7:15, 16).
გაერთიანებული სამეფო. სამუელს ძალიან ეწყინა, როცა ძვ. წ. 1117 წელს ისრაელმა სთხოვა: „დაგვიყენე მეფე, როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“. იეჰოვამ უთხრა სამუელს: „გაუგონე ხალხს ... რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ“ (1სმ. 8:4—9; 12:17, 18). ისრაელის პირველი მეფე ბენიამინელი საული გახდა. თავიდან ის კარგი მეფე იყო, მაგრამ საკმაოდ მალე გაკადნიერდა და დაუმორჩილებლობა გამოავლინა. ამას უარესი ურჩობა მოჰყვა. ის იქამდეც კი მივიდა, რომ რჩევისთვის სულების გამომძახებელს მიმართა. საულის 40-წლიანი მმართველობა სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა (1სმ. 10:1; 11:14, 15; 13:1—14; 15:22—29; 31:4).
საულის შემდეგ მეფედ სცხეს იეჰოვას „გულით სასურველი კაცი“, იუდასტომელი დავითი (1სმ. 13:14; სქ. 13:22). მისი უნარიანი მმართველობის დროს ისრაელის ტერიტორია აღთქმულ საზღვრებამდე გაფართოვდა, „ეგვიპტის მდინარიდან დიდ მდინარემდე, ევფრატამდე“ (დბ. 15:18; კნ. 11:24; 2სმ. 8:1—14; 1მფ. 4:21).
დავითის 40-წლიანი მმართველობის განმავლობაში ტომობრივი წყობილების გარდა სხვა სტრუქტურებიც შეიქმნა. ხელისუფლების სამსახურში მყოფი გავლენიანი უხუცესების გარდა, მეფეს პირადი მრჩევლებიც ჰყავდა (1მტ. 13:1; 27:32—34). ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იყვნენ ტომების მთავრები, დანაყოფების მთავრები, კარისკაცები და სამხედრო პირები, რომელთაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობები ებარათ (1მტ. 28:1). სხვადასხვა საქმის უკეთ შესასრულებლად დავითმა 6 000 ლევიანი დანიშნა მსაჯულებად და მთავრებად (1მტ. 23:3, 4). მან დააყენა მიწათმოქმედთა, ვენახებისა და ღვინის მარაგის, ზეთისხილის კორომებისა და ზეთის მარაგის, საქონლის ჯოგებისა და ცხვრის ფარების ზედამხედველები (1მტ. 27:26—31). ამასთან, მეფის საგანძურს ჰყავდა თავისი მეთვალყურე, დაშორებულ ქალაქებსა და სოფლებში არსებულ საწყობებს კი სხვა მეთვალყურეობდა (1მტ. 27:25).
ძვ. წ. 1037 წელს დავითი სამეფო ტახტზე შეცვალა მისმა ვაჟმა, სოლომონმა. ის 40 წელი განაგებდა „ყველა სამეფოს მდინარე [ევფრატიდან] ფილისტიმელთა მიწამდე და ეგვიპტის საზღვრამდე“. მისი მმართველობა განსაკუთრებით გამოირჩეოდა მშვიდობითა და კეთილდღეობით და მეზობელ ერებს „ძღვენი მიჰქონდათ სოლომონთან მთელი მისი სიცოცხლე“ (1მფ. 4:21). სოლომონმა თავისი სიბრძნით საქვეყნოდ გაითქვა სახელი, როგორც ძველი დროის ყველაზე ბრძენმა მეფემ. მისი მმართველობის დროს ისრაელმა თავისი ძლიერებისა და დიდების ზენიტს მიაღწია. სოლომონის ერთ-ერთი გრანდიოზული საქმე იყო დიდებული ტაძრის მშენებლობა, რომლის ღვთივშთაგონებული გეგმაც თავისი მამისგან, დავითისგან მიიღო (1მფ. 3—9; 1მტ. 28:11—19).
დიდების, სიმდიდრისა და სიბრძნის მიუხედავად სოლომონმა ცუდად დაასრულა სიცოცხლე, რადგან უამრავი უცხოელი ცოლის გავლენაში მოქცეული ჩამოშორდა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას და მონაწილეობდა ბილწ ცრუ რელიგიურ რიტუალებში. საბოლოო ჯამში მან დაკარგა იეჰოვას კეთილგანწყობილება და მისი სიკვდილის შემდეგ მის ნაცვლად მისი ვაჟი რობოამი გამეფდა (1მფ. 11:1—13, 33, 41—43).
რობოამმა, რომელსაც სიბრძნე და წინდახედულება აკლდა, კიდევ უფრო დაუმძიმა ხალხს გადასახადების ისედაც მძიმე ტვირთი. ამის გამო, როგორც იეჰოვას წინასწარმეტყველს ჰქონდა ნათქვამი, ჩრდილოეთის ათი ტომი იერობოამს მიემხრო (1მფ. 11:29—32; 12:12—20). ამგვარად, ძვ. წ. 997 წელს ისრაელის სამეფო ორად გაიყო.
გაყოფილი სამეფოს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. ისრაელი №3.
ბაბილონის გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ. მომდევნო 390 წლის განმავლობაში, სოლომონის სიკვდილიდან და სამეფოს დაყოფიდან ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე, სიტყვა „ისრაელი“ ძირითადად ჩრდილოეთი სამეფოს ათ ტომთან გამოიყენებოდა (2მფ. 17:21—23). მაგრამ გადასახლებიდან 12 ტომის დარჩენილი ნაწილის დაბრუნებიდან ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებამდე ისრაელში კვლავ იგულისხმებოდა იაკობის იმ დროს მცხოვრები ყველა შთამომავალი და 12-ვე ტომს კვლავ ეწოდებოდა „მთელი ისრაელი“ (ეზრ. 2:70; 6:17; 10:5; ნემ. 12:47; სქ. 2:22, 36).
მათ შორის, ვინც ძვ. წ. 537 წელს ზერუბაბელთან და მღვდელმთავარ იეშუასთან (იეჰოშუა) ერთად დაბრუნდა იერუსალიმში, იყო 42 360 მამაკაცი (გარდა მათი ცოლებისა და შვილებისა, აგრეთვე მონებისა და მომღერლებისა), რომლებმაც იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლის აღდგენა დაიწყეს (ეზრ. 3:1, 2; 5:1, 2). მოგვიანებით, ძვ. წ. 468 წელს, სხვა ისრაელები ეზრასთან ერთად დაბრუნდნენ (ეზრ. 7:1—8:36). უფრო გვიან კი, ძვ. წ. 455 წელს, ნეემიასთან ერთად სხვა ისრაელებიც იქნებოდნენ, როცა ის ქალაქის გალავნისა და კარიბჭეების აღსადგენად ჩავიდა იერუსალიმში (ნემ. 2:5—9). თუმცა, როგორც წიგნ „ესთერიდან“ ჩანს, ისრაელებიდან ბევრი კვლავ გაფანტული იყო სპარსეთის იმპერიაში (ესთ. 3:8; 8:8—14; 9:30).
მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ეროვნული სუვერენიტეტი ვერ დაიბრუნა, ის, როგორც სპარსეთის იმპერიის ვასალი ქვეყანა, საკმაოდ დიდი თავისუფლებით სარგებლობდა. იქ მმართველები და გამგებლები (მაგ. ზერუბაბელი და ნეემია) ისრაელები იყვნენ (ნემ. 2:16—18; 5:14, 15; ანგ. 1:1). ისრაელის უხუცესები და ტომების მთავრები კვლავ ხალხის მრჩევლებად და წარმომადგენლებად რჩებოდნენ (ეზრ. 10:8, 14). საგულდაგულოდ შენახული ძველი გენეალოგიური ნუსხების საფუძველზე მოხდა მღვდლების რეორგანიზება და მას შემდეგ, რაც ლევიანმა სამღვდელოებამ განაახლა მსახურება, შესაძლებელი გახდა შესაწირავების მიტანა და კანონის შეთანხმების სხვა მოთხოვნების შესრულება (ეზრ. 2:59—63; 8:1—14; ნემ. 8:1—18).
სპარსეთის იმპერიის დაცემისა და საბერძნეთის მიერ მსოფლიო ბატონობის მოპოვების შემდეგ ისრაელის ხელში ჩასაგდებად უსასრულოდ ეცილებოდნენ ერთმანეთს ეგვიპტის პტოლემეები და სირიის სელევკიდები. ანტიოქე IV-ს (ეპიფანე) მმართველობის დროს ამ უკანასკნელმა დინასტიამ გადაწყვიტა იუდეველთა თაყვანისმცემლობისა და წეს-ჩვეულებების აღმოფხვრა. ამ ბრძოლამ ძვ. წ. 168 წელს მიაღწია პიკს, როცა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე წარმართული სამსხვერპლო დააშენეს და ბერძენთა ღვთაება ზევსს მიუძღვნეს. ეს შეურაცხყოფა ნაპერწკალი იყო, რამაც მაკაბელთა აჯანყება გააჩაღა. ზუსტად სამი წლის შემდეგ გამარჯვებულმა ებრაელმა წინამძღოლმა, იუდა მაკაბელმა, განწმენდილი ტაძარი ხელახლა საზეიმოდ მიუძღვნა იეჰოვას. ებრაელები დღემდე აღნიშნავენ ამ დღესასწაულს, რომელსაც ხანუკა ეწოდება.
მომდევნო საუკუნე დიდი შიდა არეულობებით იყო სავსე. ისრაელი თანდათანობით შორდებოდა კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული ტომობრივი მართვის ნიმუშს. მაკაბელთა (იგივე ხასმონეები) თვითმმართველობა ხან ამართლებდა, ხან არა. ამავე პერიოდში ჩამოყალიბდა ხასმონეების მომხრე სადუკეველებისა და მოწინააღმდეგე ფარისევლების პარტიებიც. ბოლოს საქმეში ჩასარევად იმდროინდელ მსოფლიო მპყრობელს, რომს მიმართეს. ამ მიზნით მხედართმთავარი გნეუს პომპეუსი ჩავიდა იუდეაში. სამთვიანი ალყის შემდეგ, ძვ. წ. 63 წელს, მან იერუსალიმი აიღო და იუდეა იმპერიას შეუერთა. დაახლოებით ძვ. წ. 39 წელს რომმა იუდეის მეფედ ჰეროდე დიდი დანიშნა, რომელმაც თითქმის სამი წლის შემდეგ წერტილი დაუსვა ხასმონეების მმართველობას. ჰეროდეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ძვ. წ. 2 წელს, დაიბადა იესო, „ისრაელის დიდება“ (ლკ. 2:32).
ახ. წ. I საუკუნეში რომი ისრაელზე მმართველობას მხარეების გამგებლებისა და პროკურატორების მეშვეობით ახორციელებდა. ბიბლია მხარეების გამგებლებიდან მოიხსენიებს ფილიპეს, ლისანიასა და ჰეროდე ანტიპას (ლკ. 3:1), პროკურატორებიდან — პონტიუს პილატეს, ფელიქსსა და ფესტუსს (სქ. 23:26; 24:27), მეფეებიდან კი — აგრიპა I-სა და აგრიპა II-ს (სქ. 12:1; 25:13). ებრაელები ტომებად და საგვარეულოებად დაყოფას რომ გარკვეულწილად ინარჩუნებდნენ, ჩანს კეისარ ავგუსტუსის მიერ ისრაელებისთვის მშობლიურ ქალაქებში აღწერის მოთხოვნიდან (ლკ. 2:1—5). უხუცესები და ლევიანები კვლავ დიდ გავლენას ახდენდნენ ხალხზე (მთ. 21:23; 26:47, 57; სქ. 4:5, 23), თუმცა მათ კანონის შეთანხმების მოთხოვნები მნიშვნელოვანწილად შეცვალეს ადამიანთა ადათ-წესებით (მთ. 15:1—11).
სწორედ ასეთ ვითარებაში გაჩნდა ქრისტიანობა. თავიდან იოანე ნათლისმცემელმა, იესოს წინამორბედმა, ბევრი ისრაელი მოაქცია იეჰოვასკენ (ლკ. 1:16; ინ. 1:31). შემდეგ იესო და მისი მოციქულები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ „ისრაელის სახლის დაკარგული ცხვრების“ გადასარჩენად — თვალს უხელდნენ ადამიანთა ცრუ ადათ-წესებით დაბრმავებულებს და ანახვებდნენ ღვთის წმინდა თაყვანისმცემლობის აღმატებულებას (მთ. 15:24; 10:6). მაგრამ მხოლოდ ხალხის ნაწილმა ირწმუნა, რომ იესო იყო მესია და ხსნა მოიპოვა (რმ. 9:27; 11:7). ისინი სიხარულით ეგებებოდნენ იესოს, როგორც „ისრაელის მეფეს“ (ინ. 1:49; 12:12, 13). უმეტესობამ არ ირწმუნა იესო (მთ. 8:10; რმ. 9:31, 32) და მხარი დაუჭირა თავიანთ რელიგიურ წინამძღოლებს, რომლებიც იძახდნენ: „მოგვაშორე! მოგვაშორე! ბოძზე გააკარი! ... ჩვენ არა გვყავს მეფე კეისრის გარდა“ (ინ. 19:15; მრ. 15:11—15).
თუმცა ძალიან მალე გამოჩნდა, რომ კეისრისადმი მათი ერთგულება ყალბი იყო. ისრაელში სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება ერთიმეორის მიყოლებით აწყობდა აჯანყებებს, რის გამოც რომი სასტიკად უსწორდებოდა იუდეის პროვინციას. ეს კიდევ უფრო აძლიერებდა რომის მმართველობისადმი იუდეველთა სიძულვილს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ რომაელთა ადგილობრივი ჯარი ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას. რომის გავლენის შესანარჩუნებლად სირიის გამგებელი ცესტიუს გალუსი დიდი ლაშქრით გამოვიდა იერუსალიმის წინააღმდეგ.
მას შემდეგ, რაც გალუსმა ცეცხლს მისცა ტაძრის ჩრდილოეთით მდებარე ბეზეთა, ტაძრის სამხრ.-დას-ით მეფის სასახლის წინ დაბანაკდა. როგორც იოსებ ფლავიუსი წერდა, გალუსს ადვილად შეეძლო ქალაქში შეჭრა, თუმცა დაყოვნებამ ამბოხებულებს პოზიციების გამყარების შესაძლებლობა მისცა. რომაელთა მოწინავე რაზმებმა ზემოდან დაიფარეს ფარები კუს ბაკანივით და გალავნის ძირის გამოთხრა დაიწყეს. მათ თითქმის მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ ახ. წ. 66 წლის შემოდგომაზე უკან დაიხიეს. ამის შესახებ იოსებ ფლავიუსი წერდა: „ცესტუსმა ... მოულოდნელად უკან გაიხმო თავისი ჯარები, ყოველგვარი მარცხის გარეშე უარი თქვა თავის განზრახვაზე და ყველას მოლოდინის საპირისპიროდ ქალაქი დატოვა“ („იუდეველთა ომი“, II, 540 [xix, 7], ინგლ.). ქალაქზე თავდასხმა, რომელსაც მოჰყვა რომაელების მოულოდნელი უკან დახევა, ქრისტიანებისთვის ნიშანი იყო და შესაძლებლობა მისცა მათ, იესოს მითითებისამებრ მთებში გაქცეულიყვნენ (ლკ. 21:20—22).
მომდევნო წელს (ახ. წ. 67) ვესპასიანე იუდეველთა ამბოხების ჩასახშობად გაემართა, მაგრამ ახ. წ. 68 წელს ნერონის მოულოდნელმა სიკვდილმა მას გზა გაუხსნა იმპერატორობისკენ. ამიტომ ახ. წ. 69 წელს ის რომში დაბრუნდა, ამბოხების ჩასახშობად კი თავისი ვაჟი ტიტუსი დატოვა, რომელიც მომდევნო წელს (ახ. წ. 70) შეიჭრა იერუსალიმში და გაანადგურა. სამი წლის შემდეგ რომაელებმა აიღეს იუდეველთა უკანასკნელი ციხესიმაგრე მასადა. იოსებ ფლავიუსის ცნობების თანახმად, მთლიანობაში 1 100 000 იუდეველი მოკვდა, ბევრი მათგანი ეპიდემიითა და შიმშილით დაიხოცა, 97 000 კი ტყვედ წაასხეს და ბევრიც მთელ იმპერიაში გაყიდეს მონებად („იუდეველთა ომი“, VI, 420 [ix, 3], ინგლ.)
მათეს 19:28-სა და ლუკას 22:30-ში მოხსენიებული „ისრაელის თორმეტი ტომის“ დასადგენად იხ. ტომი (ისრაელის თორმეტი ტომის გასამართლება).
3. ტომები, რომლებმაც ორჯერ ჩამოაყალიბეს ისრაელის ჩრდილოეთი სამეფო.
პირველად ძალაუფლების გაყოფა დაახლოებით ძვ. წ. 1078 წელს საულის სიკვდილის შემდეგ მოხდა. იუდას ტომმა მეფედ დავითი აღიარა, დანარჩენმა ტომებმა კი საულის ვაჟი იშ-ბოშეთი გაამეფეს. ორი წლის შემდეგ იშ-ბოშეთი მოკლეს (2სმ. 2:4, 8—10; 4:5—7). დროთა განმავლობაში ერი გაერთიანდა და დავითი ისრაელის 12-ვე ტომზე გამეფდა (2სმ. 5:1—3).
მოგვიანებით, როცა დავითის მმართველობის დროს მისი ვაჟის, აბესალომის აჯანყება ჩაახშეს, ყველა ტომმა კიდევ ერთხელ აღიარა დავითი მეფედ. თუმცა ტახტზე მეფის დაბრუნებისას ჩრდილოეთის ათ ტომსა და იუდას ტომს შორის დავა ჩამოვარდა იმის თაობაზე, თუ რომელს ეკუთვნოდა მეფის დაბრუნება (2სმ. 19:41—43).
თორმეტივე ტომი მხარს უჭერდა დავითის ვაჟის, სოლომონის მეფობას. მაგრამ დაახლოებით ძვ. წ. 998 წელს მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ისევ გაიყო. იერუსალიმში თავისი მამის, სოლომონის ტახტზე ასულ მეფე რობოამს მხოლოდ ბენიამინისა და იუდას ტომები უჭერდნენ მხარს. ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრებმა ისრაელის დანარჩენმა ათმა ტომმა კი მეფედ იერობოამი აირჩია (1მფ. 11:29—37; 12:1—24; იხ. რუკა, ტ. 1, გვ. 947).
თავიდან ისრაელის დედაქალაქი შექემი იყო. მოგვიანებით დედაქალაქად თირცა გამოაცხადეს, ომრის მმართველობის დროს კი — სამარია, რომელიც 200 წლის მანძილზე ინარჩუნებდა ამ სტატუსს (1მფ. 12:25; 15:33; 16:23, 24). იერობოამს ესმოდა, რომ გაერთიანებული თაყვანისცემა ხალხსაც აერთიანებდა. ამიტომ, ათი ტომის ხალხი იერუსალიმის ტაძარში რომ არ წასულიყო თაყვანსაცემად, მან ორი ოქროს ხბო აღმართა — ერთი ისრაელის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ბეთელში, მეორე კი ჩრდილოეთით მდებარე დანში, რომელთაგან არც ერთი არ იყო ისრაელის დედაქალაქი. მან აგრეთვე ჩვეულებრივი ხალხი დააყენა მღვდლებად, რათა ესწავლებინათ ისრაელისთვის ოქროს ხბოებისა და თხისმაგვარი დემონების თაყვანისცემა (1მფ. 12:28—33; 2მტ. 11:13—15).
იეჰოვას თვალში უდიდესი ცოდვა იყო ის, რაც იერობოამმა ჩაიდინა (2მფ. 17:21, 22). ის რომ იეჰოვას ერთგული ყოფილიყო და ასეთ საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში არ ჩაბმულიყო, ღმერთი მის დინასტიას მმართველობის გაგრძელების უფლებას მისცემდა. მაგრამ იერობოამი ასე არ მოიქცა. მისი სიკვდილიდან ორი წელიც არ იყო გასული, როცა მისი ვაჟი ნადაბი მოკლეს და მისმა სახლმა სამეფო ტახტი დაკარგა (1მფ. 11:38; 15:25—28).
ისრაელი ერი ჰბაძავდა თავის მეფეებს. თიბნის გარდა, ცხრამეტი მეფიდან (1მფ. 16:21, 22), რომლებიც ძვ. წ. 997—740 წლებში მეფობდნენ, მხოლოდ ცხრა შეცვალა ტახტზე საკუთარმა ვაჟმა და მხოლოდ ერთი მეფის დინასტიამ იმეფა ოთხი თაობის განმავლობაში. ისრაელის შვიდმა მეფემ იმეფა ორი ან ორზე ნაკლები წელი, ზოგმა კი — მხოლოდ რამდენიმე დღე. ერთმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ოთხი ნაადრევად მოკვდა, ექვსი კი მოკლეს იმ პატივმოყვარე ადამიანებმა, რომლებიც თავიანთი მსხვერპლის ტახტს დაესაკუთრნენ. მათგან საუკეთესომ, იეჰუმ ასიამოვნა იეჰოვას და გაანადგურა საზიზღარი ბაალის თაყვანისმცემლობა, რომელსაც ახაბი და იზებელი მფარველობდნენ, თუმცა „არ ცდილობდა იეჰუ, მთელი გულით ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით“. მან ნება დართო, რომ მთელ ქვეყანაში კვლავაც იერობოამის დადგმული ხბოებისთვის ეცათ თაყვანი (2მფ. 10:30, 31).
იეჰოვა კვლავაც სულგრძელად ექცეოდა ისრაელს. მათი 257-წლიანი ისტორიის მანძილზე თავის მსახურებს უგზავნიდა ისრაელ მმართველებსა და ხალხს, რომ უკეთური გზიდან მობრუნებულიყვნენ, მაგრამ უშედეგოდ (2მფ. 17:7—18). ღვთის ერთგულ მსახურებს შორის იყვნენ წინასწარმეტყველები: იეჰუ (მეფე არ იყო), ელია, მიქაია, ელისე, იონა, ოდედი, ოსია, ამოსი და მიქა (1მფ. 13:1—3; 16:1, 12; 17:1; 22:8; 2მფ. 3:11, 12; 14:25; 2მტ. 28:9; ოს. 1:1; ამ. 1:1; მქ. 1:1).
ისრაელს იუდაზე მეტად უჭირდა შემოსევებისგან თავდაცვა — მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავდა, დასაცავი ტერიტორიაც სამჯერ დიდი ჰქონდა. გარდა იმისა, რომ დროდადრო ილაშქრებდა იუდას წინააღმდეგ, ის ხშირად ებრძოდა თავის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან სირიას და ზეწოლას განიცდიდა ასურეთისგან. სამარია საბოლოოდ ალყაში მოაქცია სალმანასარ V-მ ჰოშეას მეფობის მეშვიდე წელს და ძვ. წ. 740 წელს ქალაქის საბოლოო დაპყრობამდე ასურელებს ის დაახლოებით სამ წელიწადს ჰყავდათ ალყაში (2მფ. 17:1—6; 18:9, 10).
ასურელები იქცეოდნენ სალმანასარის წინამორბედ ტიგლათფილესერ III-ის დატოვებული პოლიტიკის თანახმად და დაპყრობილი ტერიტორიებიდან ხალხი ტყვედ მიჰყავდათ, მათ ადგილას კი იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან ჩამოყვანილ ხალხს ასახლებდნენ. ასე იშორებდნენ ისინი აჯანყების საშიშროებას. ამ შემთხვევაში ისრაელის ტერიტორიაზე ჩასახლებული ერები შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას, შეითვისეს მათი რელიგია და სამარიელების სახელით გახდნენ ცნობილნი (2მფ. 17:24—33; ეზრ. 4:1, 2, 9, 10; ლკ. 9:52; ინ. 4:7—43).
მაგრამ ჩრდილოეთი სამეფოს დაცემა ისრაელის ათი ტომის განადგურებას არ ნიშნავდა. ამ ტომებიდან ზოგი, როგორც ჩანს, ასურელებმა ისრაელის ტერიტორიაზე დატოვეს. სხვები კერპთაყვანისმცემელი ისრაელიდან ძვ. წ. 740 წლამდე გაიქცნენ იუდაში და ძვ. წ. 607 წელს იუდადან ბაბილონში გადასახლებულთა შორის მათი შთამომავლებიც აუცილებლად იქნებოდნენ (2მტ. 11:13—17; 35:1, 17—19). უეჭველია, ასურელების მიერ ტყვედ წაყვანილთა შთამომავლებიც იქნებოდნენ დაბრუნებულ დარჩენილ ნაწილს შორის, რომლებმაც ძვ. წ. 537 წელსა და მის შემდეგ ისრაელის 12 ტომი შეადგინეს (2მფ. 17:6; 18:11; 1მტ. 9:2, 3; ეზრ. 6:17; ოს. 1:11; შდრ. ეზკ. 37:15—22).
4. აღთქმული მიწა, ანუ გეოგრაფიული ტერიტორია, რომელიც ეკუთვნოდა ისრაელ ერს (12 ტომს) (1სმ. 13:19; 2მფ. 5:2; 6:23) და რომელზეც ისრაელი მეფეები მმართველობდნენ (1მტ. 22:2; 2მტ. 2:17).
ერის გაყოფის შემდეგ ჩრდილოეთი სამეფოს ტერიტორიას იუდასგან განსასხვავებლად ზოგჯერ „ისრაელის მიწას“ უწოდებდნენ (2მტ. 30:24, 25; 34:1, 3—7). ჩრდილოეთი სამეფოს დაცემის შემდეგ სახელი „ისრაელი“ ეწოდებოდა იუდას, ისრაელის (იაკობის) შთამომავლებისგან დარჩენილ ერთადერთ სამეფოს. ამიტომ წინასწარმეტყველი ეზეკიელი გამოთქმა „ისრაელის მიწას“ უშუალოდ იუდას სამეფოს ტერიტორიასა და იუდას დედაქალაქ იერუსალიმთან იყენებს (ეზკ. 12:19, 22; 18:2; 21:2, 3). ეს იყო ძვ. წ. 607 წლიდან 70 წლის მანძილზე გაპარტახებული გეოგრაფიული ადგილი (ეზკ. 25:3), რომელზეც ერთგულ ისრაელთა ნაწილი ხელახლა შეგროვდებოდა (ეზკ. 11:17; 20:42; 37:12).
ისრაელის ტერიტორიის გეოგრაფიული და კლიმატური აღწერა, აგრეთვე ზომა, ადგილმდებარეობა, ბუნებრივი რესურსები და სხვა მახასიათებლები იხ. სტატიაში პალესტინა.