სამუელი (ბიბლიის წიგნები)
ებრაული წერილების ორი წიგნი, რომლებიც, როგორც ჩანს, თავიდან ებრაულ კანონში ერთ წიგნს შეადგენდა. ამაზე მიანიშნებს მასორაში 1 სამუელის 28-ე თავის (1 სამუელის ბოლო თავებიდან ერთ-ერთი) ერთ მუხლზე გაკეთებული შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ეს მუხლი წიგნს ზუსტად შუაზე ყოფს.
ვინ დაწერა. რა პერიოდს მოიცავს. ძველი იუდაური ტრადიციის თანახმად, წიგნის პირველი ნაწილი სამუელმა დაწერა, ბოლო ნაწილი კი ნათანმა და გადმა დაწერეს. 1 მატიანის 29:29 ამ სამი წინასწარმეტყველის ავტორობაზე მოწმობს. თავად წიგნში ვკითხულობთ: „სამუელი ხალხს მეფის უფლებამოსილებაზე ელაპარაკა, წიგნში ჩაწერა და იეჰოვას წინაშე დადო“ (1სმ. 10:25). თუმცა ბევრი ბიბლეისტი სამუელის წიგნების შედგენის საბოლოო თარიღად ისრაელის ათტომიანი სამეფოს დაარსების შემდგომ პერიოდს მიიჩნევს და საფუძვლად მოჰყავს 1 სამუელის 27:6, სადაც მოხსენიებულია „იუდას მეფეები“. თუ ამაში მხოლოდ იუდას ორტომიანი სამეფოს მეფეები იგულისხმება, მაშინ ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სამუელის, ნათანისა და გადის ჩანაწერებს ვიღაც სხვამ მისცა საბოლოო სახე. მაგრამ, თუ „იუდას მეფეებში“ უბრალოდ იუდასტომელი მეფეები იგულისხმება, ეს სიტყვები ნათანის დაწერილი იქნება, რადგან ის ორი იუდეველი მეფის, დავითისა და სოლომონის მმართველობის პერიოდში ცხოვრობდა (1მფ. 1:32—34; 2მტ. 9:29).
ხანასა და „ღვთის კაცის“ მიერ ისრაელში მეფის დანიშვნამდე წლებით ადრე „მეფისა“ და „ცხებულის“ მოხსენიება საერთოდ არ ადასტურებს ზოგიერთის მოსაზრებას, რომ ეს მონაკვეთები იმაზე გვიან დაიწერა, ვიდრე წიგნშია მითითებული (1სმ. 2:10, 35). ებრაელებისთვის სიახლე არ იყო, რომ მომავალში მეფე ეყოლებოდათ. ღვთის დაპირებისამებრ სარასგან, ისრაელთა წინაპრისგან, გამოვიდოდნენ „ხალხთა მეფეები“ (დბ. 17:16). აგრეთვე იმ დროზე, როცა ისრაელს მეფე ეყოლებოდა, მიუთითებს იაკობის მიერ სიკვდილის წინ წარმოთქმული წინასწარმეტყველება (დბ. 49:10), ბალაამის წინასწარმეტყველება (რც. 24:17) და მოსეს კანონი (კნ. 17:14—18).
სამუელის წიგნებში ჩაწერილი ისტორია იწყება მღვდელმთავარ ელის პერიოდით და მთავრდება დავითის მეფობის დროს მომხდარი მოვლენებით. ამგვარად, ისინი მოიცავს დაახლ. 140-წლიან პერიოდს (დაახლ. ძვ. წ. 1180—დაახლ. ძვ. წ. 1040). ვინაიდან წიგნებში დავითის სიკვდილი მოხსენიებული არ არის, მათი წერა შესაძლოა დაახლ. ძვ. წ. 1040 წელს დასრულდა (თუ არ ჩავთვლით, სავარაუდოდ, მოგვიანებით დამატებულ მონაკვეთებს).
უტყუარობა. სამუელის წიგნების უტყუარობა კარგად არის დამტკიცებული. ფარისეველთა ბრალდებებზე პასუხის გაცემისას თავად იესო ქრისტემ გამოიყენა 1 სამუელის 21:3—6-ში ჩაწერილი შემთხვევა, როცა მღვდელმა ახიმელექმა წარსადგენი პური მისცა დავითს (მთ. 12:1—4). პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში მოციქულმა პავლემ ისრაელის ისტორიის მიმოხილვისას ციტატა მოიყვანა 1 სამუელის 13:14-დან (სქ. 13:20—22). რომაელების მიმართ მიწერილ წერილში მან გამოიყენა სიტყვები დავითის ფსალმუნიდან, რომელიც ჩაწერილია 2 სამუელის 22:50-სა და ფსალმუნის 18:49-ში, იმის დასამტკიცებლად, რომ იუდეველთა შორის ქრისტეს მსახურებამ დაადასტურა ღვთის დანაპირები და არაიუდეველებს იმის საფუძველი შეუქმნა, რომ „განედიდებინათ ღმერთი მისი გულმოწყალებისთვის“ (რმ. 15:8, 9). 2 სამუელის 7:14-ში დავითისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვები ციტირებულია და მიესადაგება იესო ქრისტეს ებრაელების 1:5-ში.
გარდა ამისა, ეს წიგნები განსაკუთრებული გულწრფელობით გამოირჩევა. მათში არ არის დაფარული მღვდელმთავარ ელის შვილების ცოდვები (1სმ. 2:12—17, 22—25), სამუელის ვაჟების უპატიოსნობა (1სმ. 8:1—3) და მეფე დავითის ცოდვები და ოჯახური პრობლემები (2სმ. 11:2—15; 13:1—22; 15:13, 14; 24:10).
სამუელის წიგნების უტყუარობას წინასწარმეტყველებების შესრულებაც ადასტურებს, მაგალითად, როგორიცაა ისრაელის მიერ მეფის მოთხოვნა (კნ. 17:14; 1სმ. 8:5), იეჰოვას მიერ ელის სახლის უგულებელყოფა (1სმ. 2:31; 3:12—14; 1მფ. 2:27) და დავითის სამეფო ხაზის შენარჩუნება (2სმ. 7:16; იერ. 33:17; ეზკ. 21:25—27; მთ. 1:1; ლკ. 1:32, 33).
სამუელის წიგნები სავსებით ეთანხმება ბიბლიის დანარჩენ წიგნებს. ეს კარგად ჩანს „ფსალმუნებიდან“, რომელთაგან ბევრს ნათელს ჰფენს სამუელის წიგნები. მეფე საულის მიერ დავითის სახლის სათვალთვალოდ და მის მოსაკლავად კაცების გაგზავნამ დავითი 59-ე ფსალმუნის დასაწერად აღძრა (1სმ. 19:11). დავითის თავზე გათში გადამხდარ ისტორიაზე, როცა სიცოცხლის გადასარჩენად თავი მოიგიჟიანა, მინიშნება კეთდება 34-ე და 56-ე ფსალმუნებში (1სმ. 21:10—15; 34-ე ფსალმუნის ეპიგრაფში აბიმელექი, როგორც ჩანს, მეფე აქიშის ტიტულია). შესაძლოა, 142-ე და 57-ე ფსალმუნები ირეკლავს დავითის გრძნობებს, როცა ადულამის გამოქვაბულში (1სმ. 22:1) ან ენ-გედის უდაბნოს გამოქვაბულში (1სმ. 24:1, 3) ემალებოდა საულს. და მაინც, ფსალმუნის 57:6-ისა და 1 სამუელის 24:2—4-ის შედარებას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ საუბარია ენ-გედის უდაბნოს გამოქვაბულზე, სადაც საული, გადატანითი მნიშვნელობით, თავად ჩავარდა იმ ორმოში, რომელიც დავითისთვის ამოთხარა. 52-ე ფსალმუნი ეხება შემთხვევას, როცა დოეგმა შეატყობინა საულს, რომ დავითი ახიმელექთან მივიდა (1სმ. 22:9, 10). ზიფელების მიერ მეფე საულისთვის დავითის ადგილმდებარეობის შეტყობინებამ დავითი 54-ე ფსალმუნის დასაწერად აღძრა (1სმ. 23:19). როგორც ჩანს, მე-2 ფსალმუნი დაიწერა მას შემდეგ, რაც დავითმა სიონის ციხე-სიმაგრე დაიპყრო და ფილისტიმელები ტახტიდან მის ჩამოგდებას ცდილობდნენ (2სმ. 5:17—25). ჰადადეზერთან ბრძოლის დროს ედომელებთან წამოჭრილმა სირთულეებმა განაპირობა მე-60 ფსალმუნის დაწერა (2სმ. 8:3, 13, 14). 51-ე ფსალმუნი არის დავითის ლოცვა, რომელშიც ის ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვის პატიებას ითხოვს (2სმ. 11:2—15; 12:1—14). მე-3 ფსალმუნი დავითმა მაშინ დაწერა, როცა აბესალომს გაურბოდა (2სმ. 15:12—17, 30). როგორც ჩანს, მე-7 ფსალმუნის დაწერა შიმეის წყევლამ განაპირობა (2სმ. 16:5—8). 30-ე ფსალმუნში შესაძლოა კეთდება მინიშნება იმ შემთხვევაზე, როცა დავითმა სამსხვერპლო ააგო არავნას კალოზე (2სმ. 24:15—25). მე-18 ფსალმუნი და 2 სამუელის 22-ე თავი თითქმის იდენტურია. მათში საუბარია, როგორ იხსნა იეჰოვამ დავითი საულისა და სხვა მტრებისგან.
სეპტუაგინტაში გამოტოვებული მონაკვეთები. ვატიკანურ ხელნაწერ №1209-ში შემავალ სეპტუაგინტაში არ გვხვდება 1 სამუელის 17:12—31, 55—18:6ა. ამიტომ ბევრი ბიბლეისტი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს მონაკვეთები ებრაულ ტექსტში მოგვიანებით ჩაამატეს. ამ მოსაზრების საპირისპიროდ კ. კაილი და ფ. დელიჩი ამბობენ: „შეუძლებელია მხოლოდ სეპტუაგინტის საფუძველზე დადასტურდეს მოსაზრება, რომ მოხსენიებული მონაკვეთები მოგვიანებით გაიპარა ტექსტში, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სეპტუაგინტის მთარგმნელები ტექსტიდან თვითნებურად იღებდნენ მონაკვეთებს ან ამატებდნენ მათ“ (Commentary on the Old Testament, 1973, ტ. II, „პირველი სამუელი“, გვ. 177, სქ.).
მაგრამ, თუ ნამდვილად დამტკიცდებოდა, რომ გამოტოვებული მონაკვეთები და ტექსტის დანარჩენი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ლოგიკური იქნებოდა, ეჭვქვეშ დაგვეყენებინა 1 სამუელის 17:12—31, 55—18:6ა-ს უტყუარობა. 1 სამუელის 16:18—23 ერთი შეხედვით ეწინააღმდეგება 1 სამუელის 17:55—58-ს, სადაც საულმა იკითხა, ვინ იყო დავითი, მისი სამეფო კარის მუსიკოსი და პირადი საჭურველმტვირთველი. თუმცა აღსანიშნავია, რომ დავითზე შესაძლოა მანამდე იმიტომ ითქვა, მამაცი და ძლიერი მებრძოლიაო, რომ მარტომ მოკლა ლომი და დათვი მამამისის ცხვრის დასაცავად (1სმ. 16:18; 17:34—36). აგრეთვე, ბიბლიაში არ არის ნათქვამი, იბრძოდა თუ არა დავითი საულთან, როგორც მისი საჭურველმტვირთველი, ვიდრე გოლიათს მოკლავდა. საულმა იესეს სთხოვა: „დარჩეს ჩემთან დავითი, წყალობა პოვა ჩემს თვალში“ (1სმ. 16:22). მაგრამ ეს თხოვნა არ გამორიცხავს იმას, რომ მან მოგვიანებით დავითს ბეთლემში დაბრუნების ნება დართო და იმ დროს, როცა ფილისტიმელებთან ომი გაჩაღდა, დავითი მამის ფარას მწყემსავდა.
საულის მიერ აბნერისთვის დასმულ კითხვაზე, „ვისი ბიჭია ეს?“, ზემოხსენებულ ნაშრომში (გვ. 178, სქ.) ნათქვამია: «აბნერი რომც არ ყოფილიყო დიდად დაინტერესებული საულის მექნარის წარმოშობით, საულს არ დაავიწყდებოდა, რომ დავითი ბეთლემელი იესეს ვაჟი იყო. სინამდვილეში საულის კითხვაში სულ სხვა რამ იგულისხმებოდა. მას უბრალოდ დავითის მამის სახელი კი არ აინტერესებდა, არამედ ის, თუ როგორი მამა ჰყავდა ამ საოცრად გაბედულ ახალგაზრდას, რომელმაც ეს საგმირო საქმე ჩაიდინა. ის ამ კითხვას არა მხოლოდ იმიტომ დაუსვამდა, რომ მამის სახლი გადასახადებისგან გაეთავისუფლებინა, როგორც გოლიათის დამარცხების შემთხვევაში ჰქონდა დაპირებული (მუხლ. 25), არამედ იმიტომაც, რომ შვილის გაბედულებისა და სიმამაცის შემხედვარეს შეიძლება ეფიქრა, რომ მამასაც ისეთივე თვისებები ექნებოდა და თავის სამეფო კარზე ასეთი კაცის მსახურად დანიშვნა ურიგო არ იქნებოდა. მართალია, დავითმა საულის კითხვაზე მოკლედ უპასუხა, მაგრამ, როგორც მე-8 თავის პირველ მუხლში ჩაწერილი სიტყვები, „დაამთავრა მან საულთან საუბარი“, ცხადყოფს, აქ იგულისხმება ხანგრძლივი საუბარი, რომლის დროსაც საული უფრო ვრცლად ეკითხებოდა დავითს მის ოჯახზე» (სხვა შემთხვევები, სადაც კითხვაში „ვინ?“ სახელის გაგებაზე მეტი იგულისხმება, იხ. გმ. 5:2; 1სმ. 25:10).
ამგვარად, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, 1 სამუელის 17:12—31, 55—18:6ა დედნის ნაწილად მივიჩნიოთ.
[ჩარჩო 852 გვერდზე]
ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲐᲖᲠᲔᲑᲘ ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘᲓᲐᲜ
წიგნი მოგვითხრობს ისრაელის პირველ მეფეზე და ხაზს უსვამს იეჰოვას მორჩილების აუცილებლობას.
დაწერეს სამუელმა, ნათანმა და გადმა. მოიცავს პერიოდს სამუელის დაბადებიდან ისრაელის პირველი მეფის, საულის სიკვდილამდე.
იეჰოვა ისრაელში წინასწარმეტყველად სამუელს ნიშნავს (1:1—7:17)
ღმერთი პასუხობს ხანას ლოცვას და მას სამუელი უჩნდება. ხანა ასრულებს თავის აღთქმას და ძუძუს მოწყვეტის შემდეგ სამუელი მსახურებისთვის საწმინდარში მიჰყავს.
იეჰოვა ელაპარაკება სამუელს და განაჩენს უცხადებს ელის სახლს მისი ვაჟების, ხოფნისა და ფინხასის ბოროტებისა და ელის შემწყნარებლობის გამო.
სამუელი იზრდება და მას იეჰოვას წინასწარმეტყველად აღიარებენ.
ელის წინააღმდეგ იეჰოვას მიერ წარმოთქმული სიტყვები თანდათან სრულდება — ფილისტიმელები ხელში იგდებენ შეთანხმების კიდობანს და ელის ვაჟებს კლავენ. ამ ამბის გაგონებაზე ელიც კვდება.
წლების შემდეგ სამუელი მოუწოდებს ისრაელებს, მიატოვონ კერპთაყვანისმცემლობა და მხოლოდ იეჰოვას ემსახურონ. იეჰოვა მათ ფილისტიმელებზე ამარჯვებინებს.
საული ისრაელის პირველი მეფე ხდება (8:1—15:35)
ისრაელის უხუცესები ხანდაზმულ სამუელთან მიდიან და მეფეს ითხოვენ. იეჰოვა ეუბნება სამუელს, მოუსმინოს მათ ხმას.
იეჰოვას მითითებით სამუელი მეფედ სცხებს ბენიამინელ საულს.
სამუელი მიცფაში შეკრებილი ისრაელების წინაშე წარადგენს საულს, თუმცა ზოგი არ აღიარებს მას.
საული ამარცხებს ამონელებს. გილგალში ხალხი კიდევ ერთხელ აღიარებს მას მეფედ. სამუელი ხალხს იეჰოვას ერთგულებისკენ მოუწოდებს.
ფილისტიმელთა თავდასხმის შიშით საული ეურჩება იეჰოვას, არ ელოდება სამუელის მოსვლას და თავად სწირავს მსხვერპლს. ამის გამო სამუელი ეუბნება, რომ მისი სამეფო შეირყევა.
საული ამარცხებს ამალეკელებს, თუმცა არ ემორჩილება იეჰოვას მითითებას და მეფე აგაგსა და საუკეთესო ცხოველებს არ ხოცავს. სამუელი ეუბნება მას, რომ იეჰოვამ უარყო ის, როგორც მეფე, და რომ მორჩილება მსხვერპლზე მნიშვნელოვანია.
დავითი სახელს იხვეჭს, რის გამოც საული რისხდება (16:1—20:42)
სამუელი მეფედ სცხებს დავითს. იეჰოვა თავის სულს ართმევს საულს. დავითი საულის მექნარე ხდება, რათა აფორიაქებული მეფე დაამშვიდოს.
დავითი კლავს ფილისტიმელთა მებრძოლ გოლიათს. დავითსა და საულის ვაჟ იონათანს შორის მტკიცე მეგობრობა ვითარდება.
როგორც საულის მხედართმთავარი, დავითი ხშირად იმარჯვებს მტერზე. მას საულზე მეტად განადიდებენ სიმღერით. საულს შურს დავითის.
საული ორჯერ ცდილობს დავითის მოკვლას, მაგრამ უშედეგოდ. ის ვერც ფილისტიმელთა ხელით ახერხებს ამას, როცა დავითი მისი ასულის, მიქალის ურვადის მოსაპოვებლად ებრძვის ფილისტიმელებს.
იონათანისთვის მიცემული პირობის მიუხედავად, საული მესამედ ცდილობს დავითის მოკვლას, რის გამოც დავითი რამაში გარბის სამუელთან.
იონათანი უშედეგოდ ცდილობს დავითისა და საულის შერიგებას. ის აფრთხილებს დავითს და ისინი შეთანხმებას დებენ.
დევნილი დავითი (21:1—27:12)
ნობში მღვდელმთავარი ახიმელექი დავითს საჭმელსა და გოლიათის მახვილს აძლევს. შემდეგ დავითი გათში გარბის და თავს გიჟად აჩვენებს ხიფათისთვის თავის ასარიდებლად.
ჯერ ადულამის გამოქვაბულში აფარებს თავს, შემდეგ კი — ხარეთის ტყეში. საული კლავს ახიმელექსა და ნობის ყველა მკვიდრს. ახიმელექის ვაჟი აბიათარი ცოცხალი რჩება და დავითთან მიდის.
დავითი ფილისტიმელთა ხელიდან იხსნის კეილას, თუმცა შემდეგ ტოვებს ქალაქს, რათა მოსახლეობამ ის საულს არ გადასცეს.
ზიფელები საულს დავითის ადგილმდებარეობას ატყობინებენ. ის ძლივს დაუსხლტება საულს ხელიდან.
დავითს საულის მოკვლის შესაძლებლობა ეძლევა, მაგრამ არ კლავს.
სამუელი კვდება.
აბიგაილის ბრძნული მოქმედება აცხრობს დავითის რისხვას და ის შურისძიებისგან იკავებს თავს.
დავითს მეორედ ეძლევა საულის მოკვლის შესაძლებლობა, მაგრამ არ აკეთებს ამას და ფილისტიმელთა მიწას აფარებს თავს.
საულის მეფობის დასასრული (28:1—31:13)
საული ფილისტიმელთა წინააღმდეგ საბრძოლველად კრებს ჯარს.
იეჰოვა არ პასუხობს საულს მისი დაუმორჩილებლობის გამო. ამიტომ საული ენ-დორში მიდის სულების გამომძახებელთან.
ფილისტიმელებთან ბრძოლაში საულს სასიკვდილოდ ჭრიან. ის თავს იკლავს. კლავენ მის ვაჟებს: იონათანს, აბინადაბსა და მალქი-შუას.
[ჩარჩო 854 გვერდზე]
ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲐᲖᲠᲔᲑᲘ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘᲓᲐᲜ
წიგნი მოგვითხრობს დავითის მეფობის შესახებ — რა კურთხევებს იღებდა ის და როგორ დაისაჯა, როცა შესცოდა.
თავდაპირველად, ეს წიგნი „პირველ სამუელთან“ ერთად ერთ გრაგნილს შეადგენდა. „მეორე სამუელის“ წერა გადმა და ნათანმა დავითის სიცოცხლის მიწურულს, დაახლ. ძვ. წ. 1040 წელს დაასრულეს.
დავითი ხდება მეფე და ხებრონიდან მმართველობს (1:1—4:12)
დავითი გლოვობს საულსა და იონათანს. ის ხებრონში სახლდება და იუდეველები მეფედ სცხებენ.
აბნერი საულის ვაჟ იშ-ბოშეთს ამეფებს ისრაელის დანარჩენ ტომებზე. ორი სამეფო ერთმანეთს უპირისპირდება.
აბნერი გადადის დავითის მხარეს, მაგრამ იოაბი კლავს.
იშ-ბოშეთს კლავენ. დავითი მკვლელების დასჯას ბრძანებს.
დავითი მეფობს მთელ ისრაელზე (5:1—10:19)
დავითს მთელი ისრაელის მეფედ სცხებენ. ის იპყრობს სიონის ციხე-სიმაგრეს და იერუსალიმს სატახტო ქალაქად აქცევს.
ფილისტიმელები ორჯერ იჭრებიან ისრაელში და ორჯერვე მარცხდებიან.
დავითი კიდობნის იერუსალიმში გადატანას ცდილობს, მაგრამ თავს ანებებს ამ განზრახვას, როცა უზა კიდობნისთვის ხელის შეშველების გამო კვდება.
მისი მეორე მცდელობა წარმატებულია, რადგან კიდობანი წესების დაცვით გადააქვთ.
დავითი ეუბნება ნათანს, რომ სურს იეჰოვასთვის ტაძრის აშენება. იეჰოვა სამეფოს შეთანხმებას დებს დავითთან.
დავითი სცოდავს ბათ-შებასთან. მის ოჯახში უბედურებები ხდება (11:1—20:26)
ისრაელები ებრძვიან ამონელებს. დავითი ცოდვას სჩადის ბათ-შებასთან, რომლის ქმარი ურია ომში იბრძვის. როცა დავითი ვეღარ ფარავს თავის ცოდვას, აწყობს ბრძოლაში ურიას მკვლელობას და ცოლად მოჰყავს დაქვრივებული ბათ-შება.
ნათანი ოსტატურად იყენებს თვალსაჩინო მაგალითს, ამხელს დავითს ცოდვაში და იეჰოვას განაჩენს უცხადებს: მის ოჯახს უბედურება ეწევა, მის ცოლებს გააუპატიურებენ და ბათ-შებასთან შეძენილი ვაჟი მოკვდება.
ბავშვი კვდება. ბათ-შება ხელმეორედ ფეხმძიმდება და სოლომონს აჩენს.
დავითის ვაჟი ამონი აუპატიურებს თავის ნახევარდა თამარს. დავითის ვაჟი აბესალომი, თამარის ღვიძლი ძმა, შურისძიების მიზნით კლავს ამონს და გარბის გეშურში.
დავითი პატიობს მას და აბესალომი შეთქმულებას უწყობს მამას. ხებრონში ის თავს მეფედ აცხადებს.
დავითი და მისი ხალხი აბესალომის შიშით იერუსალიმს ტოვებენ. იერუსალიმში აბესალომი დავითის ათ ხარჭასთან წვება. მისი ხალხი დაედევნება დავითს და მარცხს განიცდის. დავითის ნათელი მითითების მიუხედავად, აბესალომს კლავენ.
დავითი ისევ მეფეა. ბენიამინელი შება უჯანყდება მას. აჯანყების ჩასახშობად დავითი ჯარის მეთაურად ამასას ნიშნავს. იოაბი კლავს ამასას და თავად ხდება ჯარის მეთაური. შებას კლავენ.
დავითის მეფობის ბოლო პერიოდი (21:1—24:25)
დავითი საულის შვიდ ვაჟს გადასცემს გაბაონელებს, რათა შური იძიონ საულის სახლის მიერ დაღვრილი სისხლისთვის.
ქმნის იეჰოვას განსადიდებელ სიმღერებს და მათ ღვთივშთაგონებულობას აღიარებს.
სცოდავს, როცა ხალხის აღრიცხვას ბრძანებს, რის გამოც დაახლ. 70 000 ადამიანი ჭირით წყდება.
იეჰოვასთვის სამსხვერპლოს ასაგებად ყიდულობს იებუსელი არავნას კალოს.