ეკლესიასტე
7 კარგი სახელი კარგ ზეთს სჯობია,+ სიკვდილის დღე კი — დაბადების დღეს. 2 ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია,+ რადგან ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია; ეს ცოცხალს კარგად უნდა ახსოვდეს. 3 სიცილს მწუხარება სჯობია,+ რადგან, როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, უფრო კარგი გულისა ხდება.+ 4 ბრძენთა გული მგლოვიარეთა სახლშია, სულელთა გული კი — მომლხენთა სახლში.+
5 ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია+ სულელთა სიმღერის მოსმენას. 6 რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი;+ ესეც ამაოებაა. 7 ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს; ქრთამი კაცის გულს რყვნის.+
8 საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია. მომთმენი კაცი სჯობია ამპარტავანს.+ 9 ადვილად ნუ განაწყენდები,+ რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.+
10 ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო, რადგან არ არის სიბრძნე ამ სიტყვებში.+
11 კარგია სიბრძნის ქონა მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დღის შუქი იხილა. 12 სიბრძნეც იცავს კაცს+ და ფულიც,+ მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს.+
13 დაუფიქრდი ღვთის საქმეებს. ვინ გაასწორებს იმას, რაც მან გაამრუდა?!+ 14 კეთილდღეობის ჟამს კარგი აკეთე,+ ძნელბედობის ჟამს კი დაფიქრდი იმაზე, რომ ერთიც და მეორეც ღვთისგანაა,+ რათა ადამიანები ვერ მიხვდნენ, რას მოუტანთ მომავალი.+
15 ჩემი ამაო ცხოვრების მანძილზე+ ყველაფერი ვნახე: მართალი სიმართლით ცხოვრობს, მაგრამ იღუპება,+ ბოროტი კი ბოროტებას სჩადის, მაგრამ დიდხანს ცოცხლობს.+
16 ნურც მეტისმეტად მართალი იქნები+ და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ თავს.+ რატომ უნდა გაინადგურო თავი?!+ 17 ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში და ნურც უგუნურად მოიქცევი;+ რატომ უნდა მოისწრაფო სიცოცხლე?!+ 18 ერთ გაფრთხილებას რომ გაითვალისწინებ, მეორეს ნუ უგულებელყოფ;+ ღვთისმოშიში ორივე გაფრთხილებას ყურად იღებს.
19 ბრძენი კაცი ქალაქის ათ მთავარზე ძლიერია.+ 20 არ არსებობს დედამიწაზე მართალი კაცი, რომელიც ყოველთვის კარგს აკეთებდეს და არასოდეს სცოდავდეს.+
21 ნუ დაინტერესდები ყველაფრით, რასაც ხალხი ამბობს,+ რათა არ გაიგო, როგორ გიხსენიებს აუგად შენი მსახური; 22 გულის სიღრმეში ხომ იცი, რომ შენც არაერთხელ მოგიხსენიებია აუგად სხვები.+
23 ეს ყოველივე სიბრძნის წყალობით გამოვცადე. ვთქვი, დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ სიბრძნე მიუღწეველი იყო ჩემთვის. 24 რაც არსებობს, ჩაუწვდომელია და მეტისმეტად ღრმა; ვინ გაიგებს ამას?!+ 25 გულდასმით დავიწყე კვლევა, რათა მცოდნოდა, რა იყო სიბრძნე, გამეგო ყველაფრის არსი და დამენახა, რომ სისულელე ბოროტებაა და სიგიჟე — უგუნურება.+ 26 აი, რა აღმოვაჩინე: სიკვდილზე მწარე ყოფილა ქალი, რომელიც მონადირის მახესავითაა; მისი გული ბადესავითაა, ხელები კი — ბორკილებივით. ღვთისმოშიში თავს დააღწევს მას,+ ცოდვილი კი — ვერა.+
27 „აი, რას მივაკვლიე, — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერს ერთიმეორის მიყოლებით ვიკვლევდი, რათა დასკვნა გამეკეთებინა, 28 მაგრამ რასაც დიდხანს ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი — ვერცერთი. 29 მხოლოდ ამას მივაკვლიე: ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა,+ ისინი კი მრავალ თავსატეხს იჩენენ“.+