მათეს სახარება
6 «ერიდეთ სიმართლის ქმნას ხალხის თვალწინ, მათ დასანახავად,+ თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან. 2 მაშ, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ, ნუ გაახმაურებ, როგორც ამას თვალთმაქცები აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, ხალხმა რომ განადიდოს ისინი. ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 3 შენ კი, როცა გაჭირვებულს ხელს გაუმართავ, შენს მარცხენას ნუ გააგებინებ, რას აკეთებს შენი მარჯვენა; 4 სხვების დასანახავად ნუ გააკეთებ ამას, და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.+
5 როცა ლოცულობთ, ნუ მოიქცევით თვალთმაქცებივით,+ რადგან მათ უყვართ სინაგოგებსა და მთავარი ქუჩების კუთხეებში დგომა და ლოცვა სხვების დასანახავად.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 6 შენ კი, როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ლოცვით მიმართე მამას, რომელსაც ვერ ხედავ,+ და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ. 7 ლოცვის დროს ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავეს გაუთავებლად უცხოტომელებივით, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავიანთი მრავალსიტყვაობის გამო შესმენილნი იქნებიან. 8 ნუ დაემსგავსებით მათ, რადგან ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ,+ სანამ სთხოვთ.
„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს+ შენი სახელი.+ 10 მოვიდეს შენი სამეფო.+ შესრულდეს შენი ნება+ როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.+ 11 მოგვეცი დღეისთვის სამყოფი პური.+ 12 გვაპატიე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ ვპატიობთ ჩვენს მოვალეებს.+ 13 დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას*+ და გვიხსენი ბოროტისგან“.+
14 თუ თქვენ პატიობთ სხვებს, თქვენც გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა,+ 15 ხოლო, თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს, არც თქვენ გაპატიებთ ცოდვებს ზეციერი მამა.+
16 როცა მარხულობთ,+ ნუღარ მიიღებთ დაღვრემილ სახეს თვალთმაქცებივით, რომლებიც თავმოუვლელნი დადიან, რათა სხვებს დაანახვონ, რომ მარხულობენ.+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური. 17 შენ კი, როცა მარხულობ, თავზე ზეთი იცხე და პირი დაიბანე, 18 რათა სხვებმა კი არ დაგინახონ, რომ მარხულობ, არამედ მამამ, რომელსაც ვერ ხედავ, და მამა, რომელიც თვალისთვის დაფარულსაც ხედავს, მოგიზღავს შენ.
19 ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე,+ სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები იპარავენ. 20 მოაგროვეთ განძი ზეცაში,+ სადაც ვერც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს+ და ვერც ქურდები იპარავენ, 21 რადგან, სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც.
22 სხეულის ლამპარი თვალია.+ ამიტომ, თუ თვალი სუფთა* გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება, 23 მაგრამ, თუ თვალი ბოროტი* გაქვს,+ მთელი სხეული ბნელი გექნება. თუკი სინათლის ნაცვლად შენში სიბნელეა, რამდენად ბნელი ყოფილა შენი სხეული!
24 ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს,+ ან ერთს გადაჰყვება თან და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც.+
25 ამიტომ გეუბნებით: ნუღარ წუხხართ+ საკუთარ თავზე, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულზე, რა ჩაიცვათ.+ განა სიცოცხლე საჭმელზე ძვირფასი არ არის და სხეული — ტანსაცმელზე?!+ 26 დააკვირდით ცის ფრინველებს:+ ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ, მაგრამ თქვენი ზეციერი მამა კვებავს მათ. განა თქვენ მათზე ძვირფასნი არ ხართ?! 27 რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ცოტა ხნით* მაინც გაიხანგრძლივოს?+ 28 ან ჩაცმაზე რაღას წუხხართ? ისწავლეთ მინდვრის შროშნებისგან; ისინი ხომ ისე იზრდებიან, რომ არც შრომობენ და არც ართავენ. 29 გეუბნებით, თვით დიდი სოლომონიც+ კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი. 30 თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის მცენარეებს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?! 31 ასე რომ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს+ და ნუ იტყვით, რა ვჭამოთ, რა ვსვათ ან რა ჩავიცვათო,+ 32 რადგან ამ ყოველივეზე უცხოტომელები ფიქრობენ დღენიადაგ. თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.
33 ამიტომ, უპირველესად, ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ.+ 34 მაშ, ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე,+ ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს; ყოველ დღეს ისედაც თავისი გასაჭირი აქვს».