ლუკას სახარება
12 ამასობაში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, ერთმანეთს ზედ აწყდებოდნენ. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს, თვალთმაქცობას.+ 2 არაფერია საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გამოაშკარავდეს, და არ არსებობს საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.+ 3 რასაც სიბნელეში იტყვით, სინათლეზე გაიგებენ, და რასაც თქვენს ოთახებში დაიჩურჩულებთ, ბანებიდან გაისმება. 4 ჩემო მეგობრებო,+ გეუბნებით: ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, მაგრამ ამაზე მეტის გაკეთების ძალა არ შესწევს.+ 5 მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში* ჩაგდების უფლებამოსილებაც აქვს.+ გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.+ 6 განა ხუთ ბეღურას ორ ასარად* არ ყიდიან?! მაგრამ ღმერთს არცერთი მათგანი არ ავიწყდება.+ 7 თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია.+ ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ.+
8 გეუბნებით: ვინც სხვების წინაშე მაღიარებს,+ კაცის ძეც აღიარებს მას ღვთის ანგელოზთა წინაშე,+ 9 ხოლო ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, თავადაც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.+ 10 ვინც კაცის ძეს დაძრახავს, ეპატიება, მაგრამ წმინდა სულის გმობა არავის ეპატიება.+ 11 როცა ხალხის*, მთავრობის მოხელეთა და ხელისუფალთა წინაშე მიგიყვანენ, ნუ იდარდებთ, რა და როგორ თქვათ თავის დასაცავად,+ 12 რადგან მაშინ წმინდა სული გასწავლით, რაც უნდა თქვათ“.+
13 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, მემკვიდრეობა გამიყოს“. 14 მან მიუგო: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მოსამართლედ ანდა მომრიგებლად?“ 15 შემდეგ მათ უთხრა: „იფხიზლეთ და ერიდეთ ყოველგვარ სიხარბეს,+ რადგან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე არ არის დამოკიდებული“.+ 16 შემდეგ მათ ასეთ იგავს მოუყვა: «ერთ მდიდარ კაცს კარგი მოსავალი მოუვიდა. 17 თავისთვის ამბობდა: „რა ვქნა? სად დავაბინავო ამდენი მოსავალი?“ 18 შემდეგ თქვა: „ავდგები,+ დავანგრევ ბეღლებს, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ დავაბინავებ მთელ ჩემს ხორბალსა და დოვლათს. 19 მერე ვეტყვი ჩემს თავს: ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. 20 მაგრამ ღმერთმა უთხრა მას: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“+ 21 ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღვთის თვალში არ მდიდრდება».+
22 შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: „ამიტომ გეუბნებით: ნუღარ წუხხართ საკუთარ თავზე, რა ჭამოთ, ნურც სხეულზე, რა ჩაიცვათ,+ 23 რადგან სიცოცხლე საჭმელზე ძვირფასია და სხეული — ტანსაცმელზე. 24 დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საკუჭნაო, მაგრამ ღმერთი კვებავს მათ.+ განა თქვენ ფრინველებზე ძვირფასნი არ ხართ?!+ 25 რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით სიცოცხლე ცოტა ხნით* მაინც გაიხანგრძლივოს? 26 და, თუ ეს არ შეგიძლიათ, სხვა რაღაცებზე რაღას დარდობთ?+ 27 დაფიქრდით, როგორ იზრდებიან შროშნები; ისინი არც შრომობენ და არც ართავენ. გეუბნებით, თვით დიდი სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.+ 28 თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის მცენარეებს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?! 29 ამიტომ ნუღარ იდარდებთ იმაზე, რა ჭამოთ და რა სვათ; ნუღარ დადარდიანდებით,+ 30 რადგან ამ ყოველივეზე უცხოტომელები ფიქრობენ დღენიადაგ; მამათქვენმა იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს.+ 31 თქვენ კი ეძებეთ მისი სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ.+
32 ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ,+ რადგან მამათქვენმა თქვენთვის მოისურვა სამეფოს მოცემა.+ 33 გაყიდეთ თქვენი ქონება და გაჭირვებულებს გაუმართეთ ხელი.+ გაიკეთეთ უცვეთელი ქისები და დაიგროვეთ ულევი განძი ზეცაში,+ სადაც ვერც ქურდი მიეკარება და ვერც ჩრჩილი შეჭამს, 34 რადგან, სადაც თქვენი განძია, იქ იქნება თქვენი გულიც.
35 მზად იყავით+ და ლამპრები ანთებული გქონდეთ.+ 36 მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან+ დაბრუნებას ელიან,+ რათა, როგორც კი მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ კარი. 37 ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: ის მონების გასამასპინძლებლად მოემზადება, სუფრასთან მიიპატიჟებს, მივა და მოემსახურება მათ. 38 ბედნიერები არიან მონები, რომელთაც მეორე* ან თუნდაც, მესამე გუშაგობისას* დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს! 39 ერთი რამ იცოდეთ: თუ სახლის პატრონს ეცოდინება, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებს და სახლს არ გაატეხინებს.+ 40 თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“.+
41 მაშინ პეტრემ ჰკითხა: „უფალო, ეს იგავი მარტო ჩვენთვის მოყევი თუ სხვებისთვისაც?“ 42 უფალმა მიუგო: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ სამყოფი საზრდო?+ 43 ბედნიერია ის მონა, რომელსაც დაბრუნებული ბატონი ასე მოქმედს ნახავს! 44 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს. 45 მაგრამ, თუ ეს მონა გულში იტყვის, აყოვნებსო ჩემი ბატონი და დაიწყებს სხვა მსახურების ცემას, ჭამა-სმას და დათრობას,+ 46 მოვა მისი ბატონი იმ დღესა და საათზე, როცა არ ელის, სასტიკად დასჯის მას და ორგულთა გვერდით მიუჩენს ადგილს. 47 იმ მონას, რომელმაც იცოდა ბატონის ნება, მაგრამ მზად არ დახვდა მას და მისი ნებისამებრ არ მოიქცა, მეტად სცემენ.+ 48 მას კი, ვინც არ იცოდა ბატონის ნება და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად სცემენ. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება.+
49 დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად მოვედი და, თუ უკვე გაჩაღებულია, მეტი რა უნდა მინდოდეს? 50 ნათლობით უნდა მოვინათლო და სანამ ეს აღსრულდება, დამწუხრებული ვიქნები!+ 51 ხომ არ გგონიათ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი? პირიქით, განხეთქილების მოსატანად მოვედი.+ 52 ამიერიდან ერთ სახლში ხუთს შორის ჩამოვარდება განხეთქილება, სამი ორის წინააღმდეგ იქნება და ორი სამის წინააღმდეგ. 53 ჩამოვარდება განხეთქილება და მამა ვაჟს დაუპირისპირდება, ვაჟი კი — მამას, დედა — ასულს, ასული კი — დედას, დედამთილი — რძალს, რძალი — კი დედამთილს“.+
54 შემდეგ ხალხს უთხრა: „დასავლეთიდან წამოსულ ღრუბელს რომ დაინახავთ, მაშინვე ამბობთ, ქარიშხალი ამოვარდებაო, და ასეც ხდება; 55 ხოლო, როცა სამხრეთის ქარი დაუბერავს, ამბობთ, სიცხეებს დაიჭერსო, და ასეც ხდება. 56 თვალთმაქცნო, ცაზე და მიწაზე დაკვირვება რომ იცით, ამ დროზე დაკვირვება რატომ არ იცით?!+ 57 რატომ ვერ ხვდებით, რა მოგეთხოვებათ?! 58 მაგალითად, როცა მომჩივანთან ერთად მმართველთან მიდიხარ, ეცადე, გზაშივე მოაგვარო დავა, რომ მომჩივანმა მოსამართლესთან არ მიგიყვანოს, მოსამართლემ სასამართლოს აღმასრულებელს არ გადაგცეს და სასამართლოს აღმასრულებელმა საპყრობილეში არ ჩაგაგდოს.+ 59 გეუბნები: იქიდან ვერ გამოხვალ, სანამ უკანასკნელ ლეპტას* არ გადაიხდი“.