კანონი
„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ კანონს ასე განმარტავს: 1) საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ დადგენილი საყოველთაოდ სავალდებულო წესი, 2) საერთოდ, სავალდებულო წესი. ბიბლიური გაგებით, კანონი არის ღვთის მითითება ან ღვთის გაცხადებული ნება, აგრეთვე მათი ერთობლიობა. მასში შედის ქცევის წესებიც, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც მიჩნეულია ღვთის ნებად და სინდისით ან სამართლის ზოგადი პრინციპებით არის ნაკარნახევი.
ებრაულ წერილებში „კანონად“, ძირითადად, ნათარგმნია ებრაული სიტყვა თორაჰ, რომელიც ენათესავება ზმნას ჲარაჰ (ნიშნავს სწავლებას, მითითებას). ზოგჯერ ეს სიტყვა ნათარგმნია არამეული სიტყვიდან დათ (დნ. 6:5, 8, 15). ზოგიერთ ენაზე შესრულებულ თარგმანში, მაგალითად „მეფე ჯეიმზის თარგმანში“, „კანონად“ ნათარგმნია ებრაული სიტყვები მიშფატ (სამართალი) და მიცვაჰ (მცნება). ბერძნულ წერილებში „კანონად“ ითარგმნა სიტყვა ნომოს, რომელიც ნაწარმოებია ზმნიდან ნემო (დარიგება, განაწილება).
იეჰოვა ღმერთი პირველი და დიდებული კანონმდებელია (ეს. 33:22), უზენაესი და ძალაუფლებით აღმჭურველი (ფს. 73:28; იერ. 50:25; ლკ. 2:29; სქ. 4:24; გმც. 6:10). მისი ნებართვის გარეშე ვერავინ გამოიყენებს ძალაუფლებას (რმ. 13:1; დნ. 4:35; სქ. 17:24—31). იეჰოვას ტახტი სიმართლესა და სამართლიანობაზეა დაფუძნებული (ფს. 97:1, 2). ღვთის ნება მისი ქმნილებებისთვის კანონია (იხ. სასამართლო საქმე).
კანონი ანგელოზთათვის. ანგელოზებს, რომლებსაც ადამიანებზე უფრო მაღალი მდგომარეობა უკავიათ, ღმერთმა კანონები და წესები დაუდგინა (ებ. 1:7, 14; ფს. 104:4). იეჰოვამ თავის მოწინააღმდეგეს, სატანასაც მისცა მითითებები და შეუზღუდა ძალაუფლება (იობ. 1:12; 2:6). მთავარანგელოზი მიქაელი პატივს მიაგებდა იეჰოვას, როგორც უზენაეს მოსამართლეს. ამიტომაც უთხრა ეშმაკს კამათისას: „იეჰოვამ შეგრისხოს“ (იუდ. 9; შდრ. ზქ. 3:2). იეჰოვა ღმერთმა განდიდებულ იესო ქრისტეს ყველა ანგელოზი დაუმორჩილა (ებ. 1:6; 1პტ. 3:22; მთ. 13:41; 25:31; ფლ. 2:9—11). სწორედ იესოს ბრძანებით გამოეცხადა ანგელოზი იოანეს (გმც. 1:1). აღსანიშნავია ისიც, რომ 1 კორინთელების 6:3-ში მოციქული პავლე ქრისტეს სულიერ ძმებზე ამბობს, რომ ისინი ანგელოზებს გაასამართლებენ. როგორც ჩანს, ისინი მონაწილეობას მიიღებენ ბოროტ სულებზე განაჩენის აღსრულებაში.
ბუნების კანონი. „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში“ კანონს ასეთი განმარტებაც აქვს: „საგნებსა და მოვლენათა შორის არსებული მუდმივი და უცილობელი კავშირი“. იეჰოვამ, როგორც ყოველივეს შემოქმედმა ცაში თუ დედამიწაზე (სქ. 4:24; გმც. 4:11), დაადგინა კანონები, რომლებიც ყველა ქმნილებაზე ვრცელდება. იობის 38:10-ში მოხსენიებულია ზღვისთვის დადგენილი წესი, 38:12-ში კი — დილისთვის მიცემული ბრძანება. იობის 38:31—33-ში ყურადღება მახვილდება თანავარსკვლავედებზე და ციური სხეულებისთვის დადგენილ წესებზე. იმავე თავში ღმერთზე ნათქვამია, რომ ის განაგებს სინათლეს, თოვლს, სეტყვას, ღრუბლებს, წვიმას, ნამსა და ელვას. 39—41 თავებში აღწერილია, როგორ ზრუნავს ღმერთი ცხოველებზე და ახსნილია, რომ მათ შობადობას, სიცოცხლის ციკლსა და ქცევებს განაპირობებს ღვთის დადგენილი კანონები და არა ევოლუციის გზით ადაპტაცია. სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის შექმნისას ღმერთმა დაადგინა, რომ თითოეული თავისი „გვარისდა მიხედვით“ გამრავლებულიყო, რაც გამორიცხავს ევოლუციას (დბ. 1:11, 12, 21, 24, 25). ადამიანიც წარმოშობს შთამომავლობას, თავის „მსგავსს და ანარეკლს“ (დბ. 5:3). ფსალმუნის 139:13—16-ში საუბარია საშვილოსნოში ჩანასახის ზრდის პროცესზე, რომ ყველა მისი ნაწილი „[იეჰოვას] წიგნში ჩაიწერა“, როცა ჯერ არც ერთი მათგანი არ არსებობდა. იობის 26:7-ში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ მან „არაფერზე დაჰკიდა დედამიწა“. როგორც მეცნიერები ამბობენ, კოსმოსში დედამიწის მდებარეობას განაპირობებს გრავიტაციისა და ცენტრიდანული ძალის ურთიერთქმედება.
ადამისთვის მიცემული კანონი. ედემის ბაღში ღმერთმა ადამსა და ევას დაავალა: 1) აევსოთ დედამიწა, 2) დაპატრონებოდნენ მას და 3) დაემორჩილებინათ ყველა ცოცხალი არსება ხმელეთზე, ზღვასა თუ ცაში (დბ. 1:28). ღმერთმა მათ კვების რაციონიც განუსაზღვრა. მათი საკვები თესლოვანი მცენარეები და ხილი უნდა ყოფილიყო (დბ. 1:29; 2:16). ამავე დროს ღმერთმა ადამს აუკრძალა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა (დბ. 2:17). ადამმა ეს მითითება ევასაც გადასცა (დბ. 3:2, 3). ბიბლია ადამს დამნაშავესა და შემცოდველს უწოდებს, რადგან მან ღვთის კანონი დაარღვია (რმ. 5:14, 17; 4:15).
ნოესთვის მიცემული კანონები; პატრიარქალური კანონი. ღმერთმა ნოეს მითითებები მისცა, როგორ აეშენებინა კიდობანი და როგორ გადაერჩინა ოჯახი (დბ. 6:22). წარღვნის შემდეგ ღმერთმა ადამიანს სხვადასხვა კანონი დაუწესა. კვების რაციონს ხორცი დაემატა; განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სიცოცხლის სიწმინდეს, და შესაბამისად სისხლს, როგორც სიცოცხლის სიმბოლოს; აიკრძალა სისხლის ჭამა და მკვლელობა; კანონი მკვლელის სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებდა (დბ. 9:3—6).
პატრიარქი მამამთავრად და მეთაურად ითვლებოდა. იეჰოვა დიდებული მამამთავარი ანუ პატრიარქია, რომელსაც „ყოველი ოჯახი ზეცაში და დედამიწაზე უნდა უმადლოდეს თავისი სახელისთვის“ (ეფ. 3:14, 15). ნოე, აბრაამი, ისაკი და იაკობი გამორჩეული პატრიარქები იყვნენ. იეჰოვას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მათთან. ღვთის მითითებისამებრ აბრაამის სახლეულში ყველა მამაკაცი უნდა წინადაცვეთილიყო იმ შეთანხმების ნიშნად, რომელიც ღმერთმა მას დაუდო (დბ. 17:11, 12). აბრაამი იცავდა იეჰოვას „ბრძანებებს, წესებსა და კანონებს“. მან იცოდა, როგორ დაეცვა იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად. თავის სახლეულსაც იმავეს სთხოვდა (დბ. 26:4, 5; 18:19).
პატრიარქალური კანონები სხვა ერებისთვისაც არ ყოფილა უცხო და გარკვეულწილად მათ კანონებზეც მოახდინა გავლენა, ვინაიდან ყველა ეს ერი პატრიარქ ნოეს სამი ვაჟისგან წარმოიშვა. მაგალითად, ეგვიპტის ფარაონმა იცოდა, რომ სხვისი ცოლის მოყვანა მიუღებელი იყო (დბ. 12:14—20); იმავეს თქმა შეიძლება ფილისტიმელ მეფეებზე, რაც კარგად გამოჩნდა სარასა და რებეკას შემთხვევებიდან (დბ. 20:2—6; 26:7—11).
მოსეს დროს ისრაელები ეგვიპტელებს ჰყავდათ დამონებული. მართალია, ისინი იაკობის სიცოცხლეში თავიანთი ნებით ჩავიდნენ ეგვიპტეში, მაგრამ მოგვიანებით იაკობის ვაჟის, იოსების სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელებმა დაიმონეს. იოსები ქვეყანაში მეორე კაცი (თანამედროვე პრემიერ-მინისტრი) იყო. შეიძლება ითქვას, რომ ისრაელები უსასყიდლოდ აღმოჩნდნენ მონობაში. გამოსყიდვასა და პირმშოობის უფლებასთან დაკავშირებული პატრიარქალური კანონის საფუძველზე იეჰოვამ მოსესა და აარონის პირით ფარაონს უთხრა: „ჩემი ძეა ისრაელი, ჩემი პირმშო. გეუბნები: გაუშვი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. იცოდე, თუ არ გაუშვებ, მოგიკლავ ძეს, შენს პირმშოს“ (გმ. 4:22, 23). ისრაელის გათავისუფლებისთვის გამოსასყიდის გადახდა არ იყო საჭირო და იეჰოვასაც არაფერი გადაუხდია ეგვიპტელებისთვის. ვიდრე თავიანთ დამმონებლებს დააღწევდნენ თავს, „წყალობა აპოვნინა იეჰოვამ თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მათაც მისცეს, რაც სთხოვეს. ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტელები“ (გმ. 3:21; 12:36). როცა ისრაელები ფარაონის ნებართვით დასახლდნენ ეგვიპტეში, ისინი თავისუფლები იყვნენ და არა ტყვეები. ისრაელები უსამართლოდ დაიმონეს. როგორც ჩანს, იეჰოვამ სწორედ ამიტომ იზრუნა, რომ იქიდან გასამრჯელოს გარეშე არ წამოსულიყვნენ.
თუ ოჯახის რომელიმე წევრი დაარღვევდა კანონს, პასუხისმგებლობა მთელ ოჯახს ეკისრებოდა. ოჯახის წარმომადგენელი პატრიარქი იყო, ამიტომ ოჯახის წევრის დანაშაულისთვის პასუხს ის აგებდა და დამნაშავის დასჯაც მასვე მოეთხოვებოდა (დბ. 31:30—32).
ქორწინება და პირმშოობის უფლება. შვილების დაქორწინებაზე მშობლები ზრუნავდნენ (დბ. 24:1—4). პატარძლისთვის, ჩვეულებრივ, ურვადს იხდიდნენ (დბ. 34:11, 12). იეჰოვას მსახურებისთვის კერპთაყვანისმცემლებზე დაქორწინება ურჩობად და ოჯახის ღალატად ითვლებოდა (დბ. 26:34, 35; 27:46; 28:1, 6—9).
პირმშოობა მემკვიდრეობით უფროს ვაჟს ეკუთვნოდა. ის მემკვიდრეობის ორმაგ წილს იღებდა. მაგრამ მამას, როგორც ოჯახისთავს, უფლება ჰქონდა, პირმშოობა სხვა შვილისთვის გადაეცა (დბ. 48:22; 1მტ. 5:1). მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახისთავი უფროსი ვაჟი ხდებოდა. დაქორწინებულ ვაჟებს შეეძლოთ, მამისგან განცალკევებით ეცხოვრათ და თავიანთი ოჯახების მამამთავრები გამხდარიყვნენ.
ზნეობა. სიძვა სამარცხვინოდ ითვლებოდა; სიძვის ჩამდენი ისჯებოდა, განსაკუთრებით, თუ ის დანიშნული ან დაქორწინებული იყო (დბ. 38:24—26; 34:7). თუ კაცი ისე მოკვდებოდა, რომ ვაჟი არ დარჩებოდა, მისი ცოლი მაზლს უნდა მისთხოვებოდა. ასეთი ქორწინებით დაბადებული პირველი ვაჟი გარდაცვლილის მემკვიდრე და გვარის გამგრძელებელი გახდებოდა (კნ. 25:5, 6; დბ. 38:6—26).
ქონება. პატრიარქალურ საზოგადოებაში, როგორც ჩანს, პირადი ნივთების გარდა ოჯახში ყველაფერი საერთო იყო — ცხვარ-ძროხა, საოჯახო ნივთები თუ სხვა იარაღები (დბ. 31:14—16).
ზოგი სწავლული ისტორიული მონაცემების საფუძველზე ასკვნის, რომ მიწის გაყიდვისას მყიდველი ისეთ ადგილზე მიჰყავდათ, საიდანაც მიწის ნაკვეთი კარგად ჩანდა. სწორედ ამ ადგილიდან ხდებოდა საზღვრების დადგენაც. თანხმობის ნიშნად მყიდველი ამბობდა, ვხედავო. როცა იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა ქანაანის მიწას, ჯერ სთხოვა, ოთხივე მიმართულებით გაეხედა. აბრაამს არ უთქვამს, ვხედავო, შესაძლოა იმიტომ, რომ ღვთის დაპირებისამებრ აღთქმული მიწა მის შთამომავალს მიეცემოდა (დბ. 13:14, 15). ღმერთმა მოსეს, როგორც ისრაელი ერის ოფიციალურ წარმომადგენელს, უთხრა, რომ ენახა აღთქმული მიწა. თუ ზემოთქმული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს ჟესტი ისრაელისთვის ამ მიწის ოფიციალურად გადაცემას ნიშნავდა. აღთქმულ მიწას ისინი იესო ნავეს ძის მეთაურობით დაეუფლებოდნენ (კნ. 3:27, 28; 34:4; შდრ. მთ. 4:8-ში ჩაწერილ სატანის შეთავაზებას). სასურველი მიწის დასაუფლებლად მისი შემოვლა ან მასზე ფეხის დადგმა მსგავსი დატვირთვის მქონე კიდევ ერთი ქმედება იყო (დბ. 13:17; 28:13). უძრავი ქონების ნასყიდობის ზოგ უძველეს საბუთში გასაყიდ ნაკვეთზე მდგარი ხეების რაოდენობაც იყო ჩამოთვლილი (შდრ. დბ. 23:17, 18).
მიბარება. თუ ვინმე პირობას დადებდა, რომ ჩაბარებულ ადამიანზე, პირუტყვზე ან ნივთზე იზრუნებდა, პასუხისმგებლობა მის კისერზე იყო (დბ. 30:31). იოსების გაუჩინარებაზე პასუხი იაკობის პირმშოს, რეუბენს უნდა ეგო (დბ. 37:21, 22, 29, 30). ნდობით აღჭურვილ პირს სათანადოდ უნდა ეზრუნა მიბარებულზე. მას უნდა აენაზღაურებინა მოპარული პირუტყვი, თუმცა არაფერი მოეთხოვებოდა, თუ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო პირუტყვი მოკვდებოდა ან დაიკარგებოდა, მაგალითად, თუ საქონელს შეიარაღებული მძარცველები გაიტაცებდნენ. თუ პირუტყვს მხეცი დაგლეჯდა, ნდობით აღჭურვილ პირს ამის დამადასტურებელი ფაქტები უნდა წარედგინა პატრონისთვის, რომ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულიყო (დბ. 37:12—30, 32, 33; გმ. 22:10—13).
მონობა. ზოგს მონად ყიდდნენ, ზოგი კი მონად იბადებოდა, რადგან მონის შვილი იყო (დბ. 17:12, 27). პატრიარქალურ ოჯახში მონებს შეეძლოთ საპატიო მდგომარეობა მოეპოვებინათ. ეს კარგად ჩანს აბრაამის მსახურის, ელიეზერის შემთხვევიდან (დბ. 15:2; 24:1—4).
ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონი (მოსეს კანონი). ძვ. წ. 1513 წელს სინას უდაბნოში იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ისრაელს კანონი მისცა. ის ძალაში შევიდა ხორების მთასთან, რასაც თან ახლდა იეჰოვას შიშის მომგვრელი ძალის დემონსტრირება (გმ. 19:16—19; 20:18—21; ებ. 12:18—21, 25, 26). ამ შეთანხმებას ხარებისა და თხების სისხლის დაღვრით მიენიჭა კანონიერი ძალა. ხალხმა შესწირა მშვიდობის მსხვერპლი, მოისმინა შეთანხმების წიგნში ჩაწერილი მითითებები, რის შემდეგაც მათ პირობა დადეს, რომ იეჰოვას ყველა სიტყვას შეასრულებდნენ. პატრიარქალური კანონებიდან მრავალი მოსეს მეშვეობით მიცემული კანონის ნაწილი გახდა (გმ. 24:3—8; ებ. 9:15—21; იხ. შეთანხმება).
წმინდა წერილებში პირველი ხუთი წიგნი („დაბადებიდან“ „მეორე კანონის“ ჩათვლით) ხშირად მოიხსენიება, როგორც კანონი. ზოგჯერ ამ სიტყვაში ღვთის შთაგონებით დაწერილი მთელი ებრაული წერილებიც მოიაზრება. მაგრამ ებრაელები, ჩვეულებრივ, ებრაულ წერილებს სამ ნაწილად ყოფდნენ: „მოსეს კანონი“, „წინასწარმეტყველთა წიგნები“ და „ფსალმუნები“ (ლკ. 24:44). ისრაელებს წინასწარმეტყველთა პირით გადაცემული მითითებების დაცვაც ევალებოდათ.
კანონის თანახმად, იეჰოვა იყო უმაღლესი ძალაუფლების მპყრობელი და განსაკუთრებული მეფე. ვინაიდან იეჰოვა იყო ისრაელის ღმერთიც და მეფეც, კანონის დარღვევა ცოდვად და ხელმწიფის ანუ სახელმწიფოს მეთაურის (იეჰოვას) შეურაცხყოფად ითვლებოდა. როგორც ბიბლია ამბობს, დავითი, სოლომონი და იუდას ტახტის მემკვიდრეები „იეჰოვას ტახტზე“ ისხდნენ (1მტ. 29:23). ისრაელის მიწიერ მეფეებსა და მმართველებს კანონის დაცვა მოეთხოვებოდათ. თვითნებობის შემთხვევაში ისინი კანონის დამრღვევებად ჩაითვლებოდნენ და პასუხს ღვთის წინაშე აგებდნენ (1სმ. 15:22, 23). მეფეებისა და მღვდლების უფლებამოსილება ერთმანეთისგან გამიჯნული იყო, რაც ძალაუფლების სათანადო განაწილებას ემსახურებოდა და შეუზღუდველ, ერთპიროვნულ მმართველობას გამორიცხავდა. კანონი ისრაელებს მუდმივად შეახსენებდა იმას, რომ იეჰოვა არათუ მათი ღმერთი, არამედ მათი ნამდვილი მეფე იყო. კანონი განსაზღვრავდა ღმერთთან და მოყვასთან თითოეული ისრაელის ურთიერთობას. ღმერთს ისინი სამღვდელოების მეშვეობით უახლოვდებოდნენ.
კანონი საშუალებას იძლეოდა, რომ ისრაელი „მღვდლების სამეფო და წმინდა ერი“ გამხდარიყო (გმ. 19:5, 6). კანონი მოითხოვდა იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას, მკაცრად კრძალავდა სხვა ნებისმიერი სახის თაყვანისმცემლობას და ღვთის თაყვანისმცემლობასთან მის აღრევას; არეგულირებდა სიწმინდესა და კვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამგვარად კანონი ისრაელისთვის სხვა ერებისგან გამყოფი „კედელი“ იყო (ეფ. 2:14). თუ უცხოტომელის კარავში ან სახლში შესული ებრაელი მასთან ერთად შეჭამდა, უწმინდურად ჩაითვლებოდა. იმ პერიოდში, როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ებრაელები ფიქრობდნენ, რომ უცხოტომელის სახლში შესვლითაც კი გაუწმინდურდებოდნენ (ინ. 18:28; სქ. 10:28). კანონის თანახმად, ისრაელებისთვის სიცოცხლე წმინდა უნდა ყოფილიყო და ისინი უნდა გაფრთხილებოდნენ ოჯახს, ქორწინებასა და თითოეული ადამიანის ღირსებას. კანონის შეთანხმება არათუ მათ თაყვანისმცემლობას უნარჩუნებდა სიწმინდეს, არამედ მათ ჯანმრთელობასაც უწყობდა ხელს და იცავდა დაავადებებისგან, რომლებიც მეზობელ ერებში იყო გავრცელებული. ზნეობრივ სიწმინდესთან, ფიზიკურ სისუფთავესა და კვებასთან დაკავშირებული კანონების დაცვა დადებითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე.
მაგრამ კანონის ნამდვილი მიზანი, როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ის იყო, „რომ ცხადი გაეხადა დარღვევები, სანამ მოვიდოდა შთამომავალი“. კანონი „ქრისტემდე მიმყვანი ... აღმზრდელი“ იყო. საბოლოო ჯამში, კანონში ყველაფერი ქრისტეს უკავშირდებოდა („კანონის დასასრული ქრისტეა“). იგი ნათელს ჰფენდა, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის ყველა ებრაელი, ცოდვილი იყო და „კანონით დადგენილი საქმეებით“ სიცოცხლეს ვერავინ მოიპოვებდა (გლ. 3:19—24; რმ. 3:20; 10:4). კანონი „სულიერი“ ანუ ღვთისგან მომდინარე იყო და თან წმინდა (რმ. 7:12, 14). ეფესოელების 2:15-ში მას ეწოდება „მცნებების კანონი, რომელიც დადგენილებებს შეიცავს“. იგი იყო სრულყოფილების ნიმუში; კანონის სრულყოფილად დამცველი სიცოცხლეს დაიმსახურებდა (ლვ. 18:5; გლ. 3:12). არასრულყოფილ ადამიანს არ შეეძლო კანონის ზედმიწევნით დაცვა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი იყვნენ ღვთის დიდებას“ (რმ. 3:23). მხოლოდ იესო ქრისტემ შეძლო მისი სრულყოფილად დაცვა (ინ. 8:46; ებ. 7:26).
კანონი აგრეთვე „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო და მასთან დაკავშირებულ ბევრ დეტალს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ იესოსა და მის მოციქულებს ზეციურ რეალობასთან, ქრისტიანულ სწავლებებსა და ქცევასთან დაკავშირებული საკითხების ასახსნელად კანონიდან მოჰყავდათ მაგალითები. აქედან გამომდინარე, კანონის გამოკვლევა ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს (ებ. 10:1; 9:23).
იესომ თქვა, რომ მთელი კანონი ორ მცნებაზე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, იყო დაფუძნებული (მთ. 22:35—40). აღსანიშნავია, რომ „მეორე კანონში“ (ამ წიგნში კანონი გარკვეული სახეცვლილებით არის მოცემული, რაც იმან განაპირობა, რომ აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ ისრაელი ახალ გარემოებაში აღმოჩნდა) სიტყვა „სიყვარული“ ოცზე მეტჯერ გვხვდება სხვადასხვა ფორმით.
ათი მცნება (გმ. 34:28) კანონის ბირთვს წარმოადგენდა. მას დაახლოებით 600 კანონი ჰქონდა დამატებული, რომელთა დაცვაც თანაბრად მნიშვნელოვანი და სავალდებულო იყო (იაკ. 2:10). პირველი ოთხი მცნება ღმერთთან ადამიანის ურთიერთობას განსაზღვრავდა, მეხუთე — ღმერთთან და მშობლებთან ურთიერთობას, ხოლო ბოლო ხუთი მცნება — მოყვასთან ურთიერთობას. ეს ბოლო ხუთი მცნება სხვის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით იყო ჩამოთვლილი: მკვლელობა, მრუშობა, ქურდობა, ცრუმოწმეობა და სიხარბე ანუ ეგოისტური სურვილები. მეათე მცნება მოსეს კანონს გამოარჩევდა სხვა ყველა ერის კანონებისგან. ეგოისტური სურვილის ჩაკვლას მხოლოდ ღმერთი თუ მოსთხოვდა ადამიანს. სინამდვილეში, ეს მცნება ყველა დანარჩენი მცნებების დარღვევის მიზეზს ხსნიდა (გმ. 20:2—17; კნ. 5:6—21; შდრ. ეფ. 5:5; კლ. 3:5; იაკ. 1:14, 15; 1ინ. 2:15—17).
კანონი ბევრ პრინციპსა და სახელმძღვანელო წესს შეიცავდა. მსაჯულებს უფლება ჰქონდათ, გამოეძიათ კონკრეტული საქმე, გაეთვალისწინებინათ კანონდამრღვევის მოტივები, მისი დამოკიდებულება და დანაშაულის ჩადენის გარემოება. დამნაშავე, რომელიც განზრახ ჩაიდენდა დანაშაულს, არ მოინანიებდა და უპატივცემულობას გამოავლენდა, მკაცრად ისჯებოდა (რც. 15:30, 31). სხვა შემთხვევებში სასჯელი შეიძლება უფრო მსუბუქი ყოფილიყო. მაგალითად, განზრახ ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავე უთუოდ სიკვდილით დაისჯებოდა, თუმცა ის, ვისაც შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე, შეწყალებული იქნებოდა (რც. 35:15, 16). თუ მორქენალი ხარი მოკლავდა ადამიანს, მისი პატრონი შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ ან მისთვის გამოსასყიდი დაეკისრებინათ (გმ. 21:29—32). გამოსვლის 22:7-სა და ლევიანების 6:1—7-ში მოცემული განაჩენის სხვადასხვაობა იმით არის განპირობებული, რომ ერთ შემთხვევაში ქურდობა განზრახ იყო ჩადენილი, მეორე შემთხვევაში კი დამნაშავე აღიარებდა თავის დანაშაულს.
სინდისის კანონი. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ კანონის არსი ადამიანებს „გულებში უწერიათ“. ისინი, ვისთვისაც ღმერთს კანონი არ მიუცია, მაგალითად მოსეს კანონი, „თავიანთი თავის კანონი არიან“, რადგან მათი სინდისი „ხან ბრალს სდებს მათ, ხან ამართლებს“ (რმ. 2:14, 15). წარმართი ხალხების მიერ დადგენილი სამართლიანი კანონები სინდისის არსებობაზე მოწმობს, რომელიც საერთო წინაპრისგან, ადამისგან, მოგვიანებით კი ნოესგან ყველას გადაეცა (იხ. სინდისი).
1 კორინთელების 8:7-ში მოციქული პავლე ამბობს, რომ სათანადო ცოდნის გარეშე ქრისტიანის სინდისი შეიძლება სუსტი აღმოჩნდეს. სინდისის კარნახით ადამიანმა შეიძლება სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს იმისდა მიხედვით, თუ რა ცოდნას ფლობს და რამდენად მოწიფულია (1ტმ. 1:5; ებ. 5:14). თუ სინდისი წაიბილწა, კაცი შეიძლება სწორ გზას ასცდეს (ტიტ. 1:15). ვინც მუდმივად ახშობს სინდისის ხმას, სინდისს იუხეშებს, ამიტომ ის ვეღარ იქნება მისთვის სანდო მრჩეველი (1ტმ. 4:1, 2).
„ქრისტეს კანონი“. პავლემ დაწერა: „ატარეთ ერთმანეთის ტვირთი და ამით შეასრულეთ ქრისტეს კანონი“ (გლ. 6:2). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე კანონის შეთანხმება გაუქმდა („სამღვდელოების შეცვლასთან ერთად აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც“; ებ. 7:12) და ქრისტიანები უკვე „ქრისტეს კანონს“ დაექვემდებარნენ (1კრ. 9:21). ბიბლიაში ამ კანონს ეწოდება „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“, „თავისუფალი ხალხის კანონი“ და „რწმენის კანონი“ (იაკ. 1:25; 2:12; რმ. 3:27). ღმერთმა ახალი კანონის შესახებ იერემიას პირით იწინასწარმეტყველა და თქვა, რომ ახალ შეთანხმებას დაუდებდა თავის ხალხს და კანონს გულებში ჩაუწერდა (იერ. 31:31—34; ებ. 8:6—13).
მოსე იყო კანონის შეთანხმების შუამავალი, იესო ქრისტე კი — ახალი შეთანხმების შუამავალი. მოსემ კანონთა კრებული დაწერა, პირადად იესოს კი კანონი წერილობითი სახით არ დაუტოვებია. ის თავის კანონს სიტყვითა თუ საქმით უბეჭდავდა მოწაფეებს გულსა და გონებაში. არც მის მოწაფეებს შეუქმნიათ კატეგორიებად და ქვეპუნქტებად დაყოფილი კანონთა კრებული ქრისტიანებისთვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მრავლად ვხვდებით ქრისტიანთათვის სავალდებულო კანონებს, მითითებებსა თუ მცნებებს (გმც. 14:12; 1ინ. 5:2, 3; 4:21; 3:22—24; 2ინ. 4—6; ინ. 13:34, 35; 14:15; 15:14).
იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, ექადაგათ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. ეს მითითება ჩაწერილია მათეს 10:1—42-ში, ლუკას 9:1—6-სა და 10:1—12-ში. მათეს 28:18—20-ში ჩაწერილი ახალი მითითებისამებრ, იესოს მოწაფეებს უნდა ექადაგათ არა მარტო იუდეველებისთვის, არამედ ყველა ერის ხალხისთვის, მოწაფეებად მოემზადებინათ და ახალი ნათლობით, „მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“, მოენათლათ ისინი და ესწავლებინათ ყველაფრის დაცვა, რაც იესომ მცნებად დაუდო მათ. ასე რომ, იესო როგორც დედამიწაზე (სქ. 1:1, 2), ისე ზეცად ამაღლების შემდეგ, ღვთისგან ბოძებული უფლებამოსილებით ასწავლიდა და მითითებებს აძლევდა თავის მოწაფეებს (სქ. 9:5, 6; გმც. 1:1—3). წიგნ „გამოცხადებაში“ ხშირად შეხვდებით წინასწარმეტყველებებსა და ქრისტიანული კრებისთვის მიცემულ მითითებებსა და რჩევებს.
„ქრისტეს კანონი“ ქრისტიანის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. ღვთის სულის დახმარებით ქრისტიანს შეუძლია დაიცვას ის და გამართლდეს, რადგან სიცოცხლეს სწორედ „სულის კანონი ... იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (რმ. 8:2, 4).
„ღვთის კანონი“. მოციქული პავლე საუბრობს ბრძოლაზე, რომელშიც ქრისტიანია ჩაბმული და აღნიშნავს, რომ ამ დროს ერთმანეთს უპირისპირდება „ღვთის კანონი“, იგივე „სულის კანონი, რომელიც სიცოცხლეს იძლევა“, და „ცოდვის კანონი“ ანუ „ცოდვისა და სიკვდილის კანონი“. პავლე აღწერს ამ ბრძოლას და ამბობს, რომ ცოდვის მარწუხებში მოქცეული სხეული „ცოდვის კანონს“ ემონება. „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს“, მაგრამ „ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვის გამო, და ამით მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში“. ღვთის სულის დახმარებით ქრისტიანს შეუძლია გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში და მოიპოვოს სიცოცხლე. ამისათვის მან ქრისტესადმი რწმენა უნდა გამოავლინოს, ჩაკლას სხეულის საქმეები და სულით იაროს (რმ. 7:21—8:13).
ცოდვისა და სიკვდილის კანონი. მოციქული პავლე ამბობს, რომ კაცობრიობის წინაპრის, ადამის, ცოდვის გამო „სიკვდილი მეფობდა“ ადამიდან მოსემდე (როცა ღმერთმა კანონი მისცა) და კანონმა ცხადი გახადა დარღვევები, რის შემდეგაც ადამიანს პასუხი უნდა ეგო ჩადენილი ცოდვისთვის (რმ. 5:12—14; გლ. 3:19). ცოდვის ძალაუფლება ანუ ცოდვის კანონი არასრულყოფილ სხეულზე მოქმედებს და ადამიანს ღვთის კანონის დარღვევისკენ უბიძგებს (რმ. 7:23; დბ. 8:21). ცოდვა იწვევს სიკვდილს (რმ. 6:23; 1კრ. 15:56). მოსეს კანონმა ცოდვისა და სიკვდილის ძალაუფლებისგან ვერავინ დაიხსნა. თავისუფლებისა და გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ღვთის წყალობითაა შესაძლებელი იესო ქრისტეს მეშვეობით (რმ. 5:20, 21; 6:14; 7:8, 9, 24, 25).
„რწმენის კანონი“. „რწმენის კანონი“ უპირისპირდება „საქმეთა კანონს“. კაცი საკუთარი საქმეებით ან მოსეს კანონის შესრულებით ვერ იქნება მართლად აღიარებული, რადგან მართლად აღიარება გასამრჯელო არ არის შესრულებული საქმეებისთვის. ადამიანი იესო ქრისტესადმი რწმენის საფუძველზე იქნება მართლად აღიარებული (რმ. 3:27, 28; 4:4, 5; 9:30—32). ამასთანავე, როგორც იაკობი ამბობს, რწმენას თან უნდა ახლდეს რწმენის დამადასტურებელი საქმეები (იაკ. 2:17—26).
ქმრის კანონი. გათხოვილი ქალი „ქმრის კანონს“ ექვემდებარება (რმ. 7:2; 1კრ. 7:39). ღვთის მთელი ორგანიზაცია მოქმედებს იმ პრინციპით, რომელიც საფუძვლად უდევს ქმრის მეთაურობას. ამ პრინციპით ღვთის თაყვანისმცემლების გარდა სხვებიც ხელმძღვანელობენ. ღმერთი არის „ქალის“, იგივე „ზედა იერუსალიმის“ ქმარი (გლ. 4:26, 31; გმც. 12:1, 4—6, 13—17). ბიბლიაში ებრაელი ერის იეჰოვასთან ურთიერთობა ცოლ-ქმრის ურთიერთობასთან არის შედარებული (ეს. 54:5, 6; იერ. 31:32).
პატრიარქალური კანონით ქმარი ოჯახის უცილობელი თავი იყო. ცოლი მას ემორჩილებოდა, თუმცა შეეძლო ქმრისთვის საკუთარი აზრიც შეეთავაზებინა (დბ. 21:8—14). სარა აბრაამს ბატონს უწოდებდა (დბ. 18:12; 1პტ. 3:5, 6). ქმრის მორჩილების ნიშნად ქალები თავზე თავსაბურავს იფარებდნენ (დბ. 24:65; 1კრ. 11:5).
ისრაელისთვის მიცემული კანონით ცოლისგან მორჩილება მოითხოვებოდა. ქმარს შეეძლო ცოლისთვის ნება მიეცა ან აეკრძალა აღთქმის შესრულება (რც. 30:6—16). ქალს მემკვიდრეობა არ ეკუთვნოდა. ის მთელ საკუთრებასთან ერთად მემკვიდრის ხელში გადადიოდა. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მემკიდრეობას ახლო ნათესავი გამოისყიდდა, ქალიც მის საკუთრებაში გადავიდოდა (რთ. 4:5, 9—11). ქალს არ შეეძლო გაჰყროდა ქმარს, ქმარს კი ჰქონდა ამის უფლება (კნ. 24:1—4).
ქრისტიანულ კრებაშიც ქალმა უნდა აღიაროს კაცის მდგომარეობა და არ უნდა შეეცადოს მისი ადგილის დაკავებას. მოციქული პავლე ამბობს, რომ გათხოვილი ქალი კანონით არის შეკრული ქმართან, სანამ ის ცოცხალია. მაგრამ ქმრის სიკვდილის შემდეგ ის თავისუფლდება ამ კანონისგან და ხელმეორედ გათხოვების შემთხვევაში მრუშად არ ჩაითვლება (რმ. 7:2, 3; 1კრ. 7:39).
„დიდებული კანონი“. „დიდებული კანონი“ (სიტყვასიტყვით სამეფო კანონი) მართებულად არის ყველაზე აღმატებული და მნიშვნელოვანი კანონი იმ კანონთა შორის, რომელიც რომელიმე მეფეს ადამიანთა ურთიერთობის დასარეგულირებლად დაუდგენია (იაკ. 2:8). კანონის შეთანხმების არსი სიყვარული იყო. „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, — ეს სამეფო კანონი იყო მეორე მცნება, რომელზეც მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები იყო დაფუძნებული (მთ. 22:37—40). მართალია, ქრისტიანები კანონის შეთანხმებას არ ექვემდებარებიან, მაგრამ ემორჩილებიან მეფე იეჰოვასა და მისი ძის, მეფე იესო ქრისტეს, კანონს, რომელიც ახალ შეთანხმებას უკავშირდება.
[ჩარჩო]
კანონის შეთანხმების თავისებურებები
თეოკრატიული მმართველობა
იეჰოვა ღმერთი უმაღლესი ძალაუფლების მპყრობლად ითვლებოდა (გმ. 19:5; 1სმ. 12:12; ეს. 33:22).
მეფე იეჰოვას წარმომადგენელი იყო და „იეჰოვას ტახტზე“ იჯდა (1მტ. 29:23; კნ. 17:14, 15).
უფლებამოსილ პირებად — ტომების თავკაცებად, ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად — ირჩევდნენ ღვთისმოშიშ, სანდო და უკანონო შემოსავლის მოძულე მამაკაცებს (გმ. 18:21, 25; რც. 1:44).
პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ღვთისგან უფლებამოსილ პირებს: თავკაცებს, მღვდლებს, მსაჯულებსა და მშობლებს (გმ. 20:12; 22:28; კნ. 17:8—13).
რელიგიური ვალდებულებები
(ეს ვალდებულებები კანონის უდიდეს მცნებაში იყო შეჯამებული, კერძოდ, იეჰოვა უნდა ჰყვარებოდათ მთელი გულით, გონებით, სულითა და ძალით; კნ. 6:5; 10:12; მრ. 12:30).
თაყვანი მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ (გმ. 20:3; 22:20; კნ. 5:7).
ღმერთთან ურთიერთობისას მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარული უნდა ყოფილიყო (კნ. 6:5, 6; 10:12; 30:16).
ღვთის მორჩილები რომ ყოფილიყვნენ, ღვთის შიში უნდა ჰქონოდათ (გმ. 20:20; კნ. 5:29).
ღვთის სახელი უღირსად არ უნდა ეხსენებინათ (გმ. 20:7; კნ. 5:11).
ღვთისთვის ზუსტად ისე უნდა ეცათ თაყვანი, როგორც მას სურდა (რც. 3:10; ლვ. 10:1—3; 16:1).
ყველას მოეთხოვებოდა შაბათის დაცვა (გმ. 20:8—11; 31:12—17).
თაყვანისცემისთვის იმართებოდა შეკრებები (კნ. 31:10—13).
ყველა მამაკაცი წელიწადში სამჯერ უნდა შეკრებილიყო პასექისა და უფუარობის დღესასწაულზე, კვირების დღესასწაულსა და კარვობის დღესასწაულზე (კნ. 16:16; ლვ. 23:1—43).
ვინც შეგნებულად არ აღნიშნავდა პასექს, მოიკვეთებოდა თავისი ხალხიდან (რც. 9:13).
სამღვდელოების რჩენა
ლევიანები სხვა დანარჩენი ტომების მოსავლის მეათედს იღებდნენ (რც. 18:21—24).
ლევიანებს მათთვის მიცემული ძღვნის საუკეთესო მეათედი ნაწილი მღვდლებისთვის უნდა მიეცათ (რც. 18:25—29).
მსხვერპლშეწირვა (ებ. 8:3—5; 10:5—10)
კანონით სხვადასხვა სახის შესაწირავის მიტანა მოითხოვებოდა: მუდმივი დასაწვავი შესაწირავი (ლვ. თ. 1; რც. თ. 28), მშვიდობის შესაწირავი (ლვ. თ. 3; 19:5), ცოდვის შესაწირავი (ლვ. თ. 4; რც. 15:22—29), დანაშაულის შესაწირავი (ლვ. 5:1—6:7), მარცვლეული შესაწირავი (ლვ. თ. 2), დასაღვრელი შესაწირავი (რც. 15:5, 10), შესარხევი შესაწირავი (ლვ. 23:10, 11, 15—17).
აკრძალული ცრურელიგიური წეს-ჩვეულებები:
კერპთაყვანისმცემლობა (გმ. 20:4—6; კნ. 5:8—10);
მკვდრის გამო სხეულის დასერვა, სხეულის მოხატვა (ლვ. 19:28);
ხის, როგორც წმინდა ბოძის, დარგვა (კნ. 16:21);
სისაძაგლის ანუ გასანადგურებელი ნივთების სახლში შეტანა (კნ. 7:26);
ღვთისადმი ურჩობისკენ მოწოდება (კნ. 13:5);
ცრუთაყვანისმცემლობის მხარდაჭერა (კნ. 13:6—10; 17:2—7);
ცრუთაყვანისმცემლობა (კნ. 13:12—16);
შვილის შეწირვა ცრუღმერთებისთვის (ლვ. 18:21, 29);
სპირიტიზმი, ჯადოქრობა (გმ. 22:18; ლვ. 20:27; კნ. 18:9—14).
სამღვდელოების მოვალეობანი
(მღვდლებს თავიანთი ვალდებულებების შესრულებაში ლევიანები ეხმარებოდნენ; რც. 3:5—10).
ღვთის კანონის სწავლება (კნ. 33:8, 10; მლ. 2:7);
მსაჯულებად მსახურება, ღვთის კანონის აღსრულება (კნ. 17:8, 9; 19:16, 17);
ხალხის მიტანილი მსხვერპლის შეწირვა (ლვ. თ-ები 1—7);
ღვთისგან პასუხის მისაღებად ურიმისა და თუმიმის გამოყენება (გმ. 28:30; რც. 27:18—21).
ისრაელის კრებულის წევრები
ისრაელის კრებულის წევრები მხოლოდ ისრაელები არ იყვნენ.
სხვა ერის წარმომადგენლებსაც შეეძლოთ წინადაეცვითათ და გამხდარიყვნენ იეჰოვას თაყვანისმცემლები.
ასეთ ხიზნებს უნდა შეესრულებინათ კანონის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა (ლვ. 24:22).
ისრაელის კრებულის წევრი ვერ გახდებოდა:
სათესლეებჩაჭყლეტილი ან ასომოკვეთილი (კნ. 23:1);
უკანონო ვაჟი და მისი შთამომავლები „მეათე თაობამდე“ (კნ. 23:2);
ამონელები და მოაბელები (როგორც ჩანს, მამაკაცები) ვერასდროს გახდებოდნენ ისრაელის კრებულის წევრები, რადგან ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელს ხელი არ გაუმართეს და მტრულად შეხვდნენ (კნ. 23:3—6).
ეგვიპტელთა ვაჟებს მესამე თაობაში შეეძლოთ გამხდარიყვნენ ისრაელის კრებულის წევრები (კნ. 23:7, 8).
სასამართლო სისტემა
(კანონები, რომლებითაც სასამართლო საქმეების განხილვისას უნდა ეხელმძღვანელათ, იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებაზე მეტყველებდა. მოსამართლეებს უფლება ჰქონდათ, გარემოებების გათვალისწინებით სასჯელი შეემსუბუქებინათ. ეს კანონები ერს გამხრწნელი გავლენისგან იცავდა და თითოეული ისრაელის კეთილდღეობას ემსახურებოდა).
მსაჯულები
მღვდლები, მეფეები თუ სხვა მამაკაცები მსაჯულებად მსახურობდნენ (გმ. 18:25, 26; კნ. 16:18; 17:8, 9; 1მფ. 3:6, 9—12; 2მტ. 19:5).
მსაჯულების წინაშე წარდგომა იეჰოვას წინაშე წარდგომის ტოლფასი იყო (კნ. 1:17; 19:16, 17).
საქმის მოსმენა
მარტივ საკითხებს მსაჯულები აგვარებდნენ (გმ. 18:21, 22; კნ. 25:1, 2; 2მტ. 19:8—10).
თუ ქვემდგომი სასამართლო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას, საქმე მაღალ ინსტანციებში ირჩეოდა (გმ. 18:25, 26; 1მფ. 3:16, 28).
განსაკუთრებული და რთული საქმეების გადაწყვეტა მღვდლებს ევალებოდათ:
თუ კაცი ცოლზე იეჭვიანებდა და ღალატში დასდებდა ბრალს (რც. 5:12—15);
თუ მოწმე ვინმეს ურჩობაში დასდებდა ბრალს (კნ. 19:16, 17);
თუ საქმე ეხებოდა ძალადობას, სისხლისღვრას, რთულად გადასაწყვეტ და სადავო საკითხებს (კნ. 17:8, 9; 21:5);
თუ მინდორში მკვდარს იპოვიდნენ და მკვლელს ვერ აღმოაჩენდნენ (კნ. 21:1—9).
მოწმეები
სიმართლის დასადგენად, სულ მცირე, ორი მოწმე იყო საჭირო (კნ. 17:6; 19:15; შდრ. ინ. 8:17; 1ტმ. 5:19).
სიკვდილით დასჯის შემთხვევაში დამნაშავეზე ჯერ მოწმეებს უნდა აღემართათ ხელი. ეს მოწმეს აკავებდა ცრუ, დაუდევარი ან ნაჩქარევი ჩვენების მიცემისგან (კნ. 17:7).
ცრუმოწმეობა
ცრუმოწმეობა მკაცრად იკრძალებოდა (გმ. 20:16; 23:1; კნ. 5:20).
ცრუ ბრალდების შემთხვევაში მოწმეს ბრალდებულისთვის განკუთვნილი სასჯელით დასჯიდნენ (კნ. 19:16—19).
მექრთამეობა და მიკერძოება სასამართლოში
იკრძალებოდა მექრთამეობა (გმ. 23:8; კნ. 27:25).
იკრძალებოდა სამართლის გამრუდება (გმ. 23:1, 2, 6, 7; ლვ. 19:15, 35; კნ. 16:19).
ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეკავებინათ, თუ საქმე რთული იყო ან იეჰოვას უნდა გადაეწყვიტა (ლვ. 24:11—16, 23; რც. 15:32—36).
სასჯელი
დამნაშავის გაჯოხვის შემთხვევაში მისთვის მაქსიმუმ 40-ჯერ უნდა დაერტყათ, რათა მეტისმეტად არ დაემცირებინათ (კნ. 25:1—3; შდრ. 2კრ. 11:24).
თუ ვინმეს ჩაქოლავდნენ, შეეძლოთ ცხედარი ძელზე ჩამოეკიდებინათ იმის ნიშნად, რომ ის დაწყევლილი იყო (კნ. 13:10; 21:22, 23).
სამაგიეროს გადახდა (ლვ. 24:19, 20)
ზარალის ანაზღაურება: თუ ვინმეს პირუტყვი დააზიანებდა სხვის ქონებას (გმ. 22:5; 21:35, 36); თუ ვინმე ცეცხლს გააჩაღებდა და სხვის ქონებას დააზიანებდა (გმ. 22:6); თუ ვინმე სხვის შინაურ ცხოველს მოკლავდა (ლვ. 24:18, 21; გმ. 21:33, 34); თუ ვინმე უნებურად მიისაკუთრებდა იმას, რაც წმინდა იყო, მაგალითად, მეათედს ან შესაწირავს (ლვ. 5:15, 16); თუ ვინმე მოძმის წინაშე ცრუდ დაიფიცებდა და ტყუილს ეტყოდა იმის შესახებ, რაც მიაბარეს ან შესანახად მისცეს, რაც მოიპარა ან იპოვა (ლვ. 6:2—7; რც. 5:6—8).
თავშესაფარი ქალაქები
თუ ვინმეს უნებლიეთ შემოაკვდებოდა კაცი, შეეძლო უახლოესი თავშესაფარი ქალაქისთვის შეეფარებინა თავი (რც. 35:12—15; კნ. 19:4, 5; იეს. 20:2—4).
სასამართლო საქმის განხილვა იმ მხარეში უნდა მომხდარიყო, სადაც მკვლელობა მოხდა.
თუ კაცს განზრახ მკვლელობა არ დაუმტკიცდებოდა, მღვდელმთავრის სიკვდილამდე თავშესაფარ ქალაქში უნდა ეცხოვრა (რც. 35:22—25; იეს. 20:5, 6).
განზრახ ჩადენილი მკვლელობისთვის დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ (რც. 35:30, 31).
ქორწინება, ოჯახი, სქესობრივი ურთიერთობა
(კანონი ეხმარებოდა ისრაელს, რომ ქორწინება და ოჯახი მათთვის წმინდა ყოფილიყო).
პირველად ქალი და კაცი იეჰოვამ შეაუღლა (დბ. 2:18, 21—24).
ქმარი ოჯახისთავი იყო და პასუხს აგებდა ღვთის წინაშე იმისთვის, თუ როგორ მოეპყრობოდა ცოლს (რც. 30:12; მლ. 2:13—16).
მრავალცოლიანობა არ იკრძალებოდა, მაგრამ ამავე დროს ქალისა და მისი შვილების უფლებებიც გათვალისწინებული იყო (კნ. 21:15—17; გმ. 21:10).
თუ კაცი ქალწულს შეაცდენდა, ცოლად უნდა მოეყვანა (იმ შემთხვევაში, თუ ქალის მამა არ იქნებოდა წინააღმდეგი) (გმ. 22:16, 17; კნ. 22:28, 29).
ლევირატული ქორწინების თანახმად, კაცს თავისი ძმის ქვრივი უნდა შეერთო ცოლად, თუ მის ძმას ვაჟი არ დარჩებოდა. ვინც ამ ვალდებულებას არ შეასრულებდა, სახალხოდ უნდა შეერცხვინათ (კნ. 25:5—10).
უცხოტომელებზე დაქორწინება აკრძალული იყო (გმ. 34:12—16; კნ. 7:1—4), მაგრამ კაცს შეეძლო უცხოტომელი ტყვე ქალი შეერთო ცოლად (კნ. 21:10—14).
მემკვიდრე ქალი მხოლოდ თავის ტომში უნდა გათხოვილიყო (რც. 36:6—9).
განქორწინება
მხოლოდ ქმარს შეეძლო გაჰყროდა ცოლს (თუ რაღაც უწესოს უპოვიდა). ამ შემთხვევაში მისთვის გაყრის მოწმობა უნდა მიეცა (კნ. 24:1—4).
კაცი ვერასდროს გაეყრებოდა თავის მიერ შეცდენილ ქალს, რომელიც ცოლად ჰყავდა მოყვანილი (კნ. 22:28, 29).
თუ კაცი გაეყრებოდა ცოლს, ქალი კი გათხოვდებოდა და შემდეგ მეორე ქმარიც გაეყრებოდა ან მოკვდებოდა, პირველ ქმარს მასზე ხელმეორედ დაქორწინების უფლება არ ჰქონდა (კნ. 24:1—4).
მრუშობისთვის ქალიც სიკვდილით ისჯებოდა და კაციც (გმ. 20:14; კნ. 22:22).
სისხლის აღრევა
ისრაელ მამაკაცს არ უნდა მოეყვანა ცოლად: დედა, დედინაცვალი, მამის რომელიმე ცოლი (ლვ. 18:7, 8; 20:11; კნ. 22:30; 27:20), და ან ნახევარდა (ლვ. 18:9, 11; 20:17; კნ. 27:22), შვილიშვილი (ლვ. 18:10), დეიდა ან მამიდა (ლვ. 18:12, 13; 20:19), ბიცოლა (ლვ. 18:14; 20:20), რძალი (ლვ. 18:15; 20:12), ქალიშვილი, გერი ან გერის შვილი, სიდედრი (ლვ. 18:17; 20:14; კნ. 27:23), ძმის ცოლი (ლვ. 18:16; 20:21), თუ არ ჩავთვლით ლევირატულ ქორწინებას (კნ. 25:5, 6), ცოლისდა ცოლის სიცოცხლეში (ლვ. 18:18).
ისრაელი ქალი ცოლად არ უნდა გაჰყოლოდა: თავის ვაჟს ან გერს (ლვ. 18:7, 8; 20:11; კნ. 22:30; 27:20), ძმას ან ნახევარძმას (ლვ. 18:9, 11; 20:17; კნ. 27:22), პაპას (ლვ. 18:10), ძმისშვილს ან დისშვილს (ლვ. 18:12, 13; 20:19), მაზლიშვილს ან მულის შვილს (ლვ. 18:14; 20:20), მამამთილს (ლვ. 18:15; 20:12), მამას, მამინაცვალს, დედის ან მამის მამინაცვალს, სიძეს (ლვ. 18:7, 17; 20:14; კნ. 27:23), მაზლს (ლვ. 18:16; 20:21), თუ არ ჩავთვლით ლევირატულ ქორწინებას (კნ. 25:5, 6), დის ქმარს დის სიცოცხლეში (ლვ. 18:18).
სისხლის აღრევა სიკვდილით ისჯებოდა (ლვ. 18:29; 20:11, 12, 14, 17, 20, 21).
სქესობრივი კავშირი მენსტრუაციის დროს
თუ კაცს და ქალს სქესობრივი ურთიერთობა ექნებოდათ ქალის მენსტრუაციის დროს, ორივე სიკვდილით უნდა დაესაჯათ (ლვ. 18:19; 20:18).
თუ ქმარს სქესობრივი ურთიერთობა ექნებოდა ცოლთან და ქალს მოულოდნელად დაეწყებოდა მენსტრუაცია, კაცი შვიდ დღეს უწმინდურად ჩაითვლებოდა (ლვ. 15:19—24).
მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა
მშობლებს, განსაკუთრებით მამებს, შვილებისთვის ღვთის კანონის სწავლება ევალებოდათ (კნ. 6:6—9, 20—25; 11:18—21; ეს. 38:19).
შვილებს მშობლებისთვის პატივი უნდა ეცათ (გმ. 20:12; 21:15, 17; ლვ. 19:3; კნ. 5:16; 21:18—21; 27:16).
კაცს ქალის და ქალს კაცის ტანსაცმელი არ უნდა ჩაეცვა (უზნეობის ჩადენის მიზნით) (კნ. 22:5).
სოდომიისთვის (გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი) სიკვდილით დასჯა იყო გათვალისწინებული (ლვ. 18:22; 20:13).
ზოოფილიისთვის ადამიანიც და ცხოველიც უნდა მოეკლათ (გმ. 22:19; ლვ. 18:23, 29; 20:15, 16; კნ. 27:21).
თუ ჩხუბის დროს ქალი ქმრის დასაცავად მასთან მოჩხუბარს სასქესო ორგანოზე წაავლებდა ხელს, ამ უხამსი ქმედებისთვის ქალს ხელს კვეთდნენ. მისთვის იმავეთი არ უნდა მიეზღოთ, რადგან იეჰოვა უფრთხილდებოდა ქალის გამრავლების უნარს და მისი ქმრის უფლებას, მისგან შვილები ჰყოლოდა (კნ. 25:11, 12).
საქმიანი ურთიერთობები
(კანონი ითხოვდა პატიოსნებას საქმიანი ურთიერთობის დროს და სხვისი სახლ-კარისა თუ სხვა ქონების გაფრთხილებას).
მიწათმფლობელობა
ყველა ოჯახს თავისი მიწა ჰქონდა (რც. 33:54; 36:2).
მიწის გაყიდვა სამუდამოდ არ შეიძლებოდა; ის თავის მფლობელს იუბილეს წელს დაუბრუნდებოდა. მისი ფასი განისაზღვრებოდა იმით, თუ რამდენ მოსავალს აიღებდნენ იუბილეს წლამდე (ლვ. 25:15, 16, 23—28).
გასაყიდი მიწის ყიდვის უფლება პირველ რიგში უახლოეს ნათესავს ჰქონდა (იერ. 32:7—12).
მმართველებს არ ჰქონდათ უფლება, ვინმეს მამაპაპისეულ მამულს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაპატრონებოდნენ და საზოგადოებრივი მიზნისთვის გამოეყენებინათ (1მფ. 21:2—4).
ლევიანებს საკუთრებად მიეცათ ქალაქები თავის საძოვრებიანად.
მათთვის მიცემული 48 ქალაქიდან 13-ში მღვდლები ცხოვრობდნენ (რც. 35:2—5; იეს. 21:3—42).
ლევიანთა ქალაქების საძოვრების გაყიდვა არ შეიძლებოდა, რადგან ისინი ქალაქს ეკუთვნოდა და არა კერძო პირს (ლვ. 25:34).
თუ ვინმე იეჰოვასთვის (საწმინდრისთვის ან სამღვდელოებისთვის) განწმენდდა მინდორს (ან მის მოსავალს), მისი ფასი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: ერთი ხომერი ქერის დასათესი მიწა 50 შეკელი ვერცხლი ღირდა. მისი ფასი იუბილეს წლამდე დარჩენილი წლების მიხედვით დგინდებოდა (ლვ. 27:16—18).
თუ მინდვრის პატრონი მის გამოსყიდვას მოინდომებდა, თავდაპირველი საფასურისთვის 20 პროცენტი უნდა დაემატებინა (ლვ. 27:19).
თუ არ გამოისყიდდა და სხვას მიჰყიდდა, იუბილეს წელს მღვდლის საკუთრება გახდებოდა, როგორც იეჰოვასთვის განწმენდილი მინდორი (ლვ. 27:20, 21).
თუ კაცი სხვისგან ნაყიდ მინდორს განწმენდდა იეჰოვასთვის, იუბილეს წელს ის თავდაპირველ პატრონს დაუბრუნდებოდა (ლვ. 27:22—24).
თუ კაცი თავისი საკუთრებიდან ღმერთს რაიმეს მიუძღვნიდა (მიძღვნა სამუდამო იყო და მიძღვნილი ან საწმინდრისთვის იყო განკუთვნილი ან განადგურებას ექვემდებარებოდა; იეს. 6:17; 7:1, 15; ეზკ. 44:29), მისი გამოსყიდვა არ შეიძლებოდა; ის იეჰოვასი იყო (ლვ. 27:21, 28, 29).
საკუთრების გამოსყიდვა
იუბილეს წელს მიწის ყველა ნაკვეთი, ზემოხსენებული გამონაკლისების გარდა, თავდაპირველ პატრონს უბრუნდებოდა (ლვ. 25:8—10, 15, 16, 24—28).
ლევიანთა ქალაქებში ლევიანებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ თავიანთი სახლების გამოსყიდვა (ლვ. 25:32, 33).
იუბილეს წელი იწყებოდა 50-ე წლის გამოსყიდვის დღიდან. წლების ათვლა ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესვლიდან იწყებოდა (ლვ. 25:2, 8—19).
მემკვიდრეობა
პირმშო მემკვიდრეობის ორმაგ წილს იღებდა (კნ. 21:15—17).
თუ კაცს ვაჟი არ ჰყავდა, მემკვიდრეობას ქალიშვილებს უნაწილებდნენ (რც. 27:6—8). თუ კაცს არც ვაჟები ჰყავდა და არც ასულები, მემკვიდრეობა მის ძმებს ან მამის ძმებს ან უახლოეს ნათესავს გადაეცემოდა (რც. 27:9—11).
სასწორი, პინები და საწყაო
იეჰოვა ითხოვდა პატიოსნებასა და სიზუსტეს (ლვ. 19:35, 36; კნ. 25:13—15).
ტყუილი სისაძაგლე იყო იეჰოვასთვის (იგ. 11:1).
ვალი
ყოველი მეშვიდე წლის დასასრულს ებრაელი თავის მოძმეს ათავისუფლებდა ვალისგან (კნ. 15:1, 2).
ისრაელს შეეძლო უცხოელი ეიძულებინა, ვალი გადაეხადა (კნ. 15:3).
გირაო
თუ კაცი მოსასხამს აიღებდა გირაოდ, დაღამებამდე უნდა დაებრუნებინა (ხშირად ღარიბებს თავიანთ მოსასხამზე ეძინათ, რადგან ლოგინი არ ჰქონდათ) (გმ. 22:26, 27; კნ. 24:12, 13).
კაცი გირაოს ასაღებად სხვის სახლში არ უნდა შესულიყო. მას გარეთ უნდა მოეცადა, სანამ თავად მოვალე არ გამოუტანდა (ეს სხვისი ქონების ხელშეუხებლობას ემსახურებოდა) (კნ. 24:10, 11).
გირაოდ არ შეიძლებოდა ხელსაფქვავის ან ზედა დოლაბის წამოღება, რადგან ხელსაფქვავის პატრონი თავისთვის და ოჯახისთვის მარცვლეულს ვერ დაფქვავდა (კნ. 24:6).
სამხედრო კანონები
(ეს კანონები არეგულირებდა ომებს, რომლებსაც ისრაელი ღვთის მითითებით აღთქმულ მიწაზე ეწეოდა. მკაცრად იკრძალებოდა ომის წარმოება საკუთარი გამორჩენის მიზნით და იმ ტერიტორიების დაპყრობა, რომელთა დაპყრობაც ღმერთს არ ჰქონდა ნაბრძანები).
ომები
ომები მხოლოდ იეჰოვას მითითებით უნდა ეწარმოებინათ (რც. 21:14; 2მტ. 20:15).
ბრძოლის წინ ჯარისკაცები უნდა განწმენდილიყვნენ (1სმ. 21:1—6; შდრ. ლვ. 15:16, 18).
ჯარისკაცთა ასაკი
ჯარში ოცი წლიდან ზემოთ მსახურობდნენ (რც. 1:2, 3; 26:1—4).
თავის ნაშრომში, „იუდეველთა სიძველენი“ (III, თ. 12, აბზ. 4), იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, რომ ისრაელები 50 წლამდე იყვნენ სამხედრო სამსახურში.
სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდნენ:
ლევიანები, რადგან ისინი იეჰოვას ემსახურებოდნენ (რც. 1:47—49; 2:33);
ვისაც სახლის აშენება არ ეზეიმა ან ახალჩაყრილი ვენახის მოსავალი არ აეღო (კნ. 20:5, 6; შდრ. ეკ. 2:24; 3:12, 13);
დანიშნული კაცი, რომელსაც ცოლი ჯერ არ ჰყავდა მოყვანილი; ერთი წლით თავისუფლდებოდა ახალდაქორწინებული კაცი, რათა მემკვიდრე შესძენოდა და მისით გაეხარა (კნ. 20:7; 24:5);
ვისაც ბრძოლაში წასვლის ეშინოდა, რათა უარყოფითად არ ემოქმედა თანამებრძოლთა სულისკვეთებაზე (კნ. 20:8; მსჯ. 7:3).
ბანაკში სისუფთავის დაცვა (ჯარისკაცები ბრძოლისთვის იყვნენ განწმენდილნი) (კნ. 23:9—14)
ჯარისკაცებს ბანაკში ცოლები თან არ უნდა ჰყოლოდათ სქესობრივი ურთიერთობისთვის. ლაშქრობის დროს იკრძალებოდა სქესობრივი ურთიერთობა. ეს ხელს უწყობდა რელიგიურ თუ ფიზიკურ სიწმინდეს (ლვ. 15:16; 1სმ. 21:5; 2სმ. 11:6—11).
აკრძალული იყო მტრის ბანაკში ქალების გაუპატიურება, რადგან ეს სიძვად ჩაითვლებოდა. ლაშქრობის დასრულებამდე ტყვე ქალებზე დაქორწინება არ შეიძლებოდა. ეს მათ რელიგიური უწმინდურებისგან იცავდა და მოწინააღმდეგეს უადვილებდა დანებებას; ამ შემთხვევაში მტერს ეცოდინებოდა, რომ მათ ქალებს სექსუალურ შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ (კნ. 21:10—13).
გალაშქრება მტრის ქალაქებზე
თუ გაილაშქრებდნენ ქალაქზე, რომელიც ქანაანის შვიდი ერიდან (მოხსენიებულია კნ. 7:1-ში) რომელიმეს ეკუთვნოდა, მისი ყველა მკვიდრი უნდა გაენადგურებინათ (კნ. 20:15—17; იეს. 11:11—14; კნ. 2:32—34; 3:1—7). წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საფრთხეს შეუქმნიდნენ ისრაელის ურთიერთობას იეჰოვა ღმერთთან. ღმერთმა მათ არსებობის უფლება მანამ მისცა, სანამ მათი დანაშაული ზღვარს არ გადასცდა (დბ. 15:13—21).
იმ ქალაქებისთვის, რომლებიც ამ შვიდ ერს არ ეკუთვნოდა, დაზავება უნდა შეეთავაზებინათ (კნ. 20:10, 15). თუ ქალაქი ზავს დათანხმდებოდა, მისი მცხოვრებნი უნდა დაემონებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი და ქალი, ქალწულების გარდა, უნდა დაეხოცათ, სხვები კი ტყვედ უნდა წაესხათ (კნ. 20:11—14; შდრ. რც. 31:7, 17, 18). თუ მამაკაცებს დახოცავდნენ, ეს ქალაქი მომავალში ვერ აჯანყდებოდა და ვერც ამ ერის მამაკაცები დაქორწინდებონენ ისრაელ ქალებზე. ამგვარი ზომები ისრაელს ფალოსის თაყვანისცემისა და დაავადებების გავრცელებისგან იცავდა.
ნაყოფის მომცემი ხეები არ უნდა მოეჭრათ და საალყო ნაგებობების ასაგებად არ უნდა გამოეყენებინათ (კნ. 20:19, 20).
ეტლები უნდა დაეწვათ, ცხენებისთვის ჯერ მყესები უნდა გადაეჭრათ (რომ ბრძოლაში ვერ გამოეყენებინათ), შემდეგ დაეხოცათ (იეს. 11:6).
კვება და სანიტარია
(კვებასა და სანიტარიასთან დაკავშირებული კანონების წყალობით ისრაელები გამოცალკევებულნი იყვნენ წარმართი ერებისგან და ინარჩუნებდნენ სისუფთავესა და ჯანმრთელობას. ეს კანონები მათ შეახსენებდა, რომ ღვთისთვის წმინდები იყვნენ; ლვ. 19:2).
სისხლი
სისხლის ჭამა მკაცრად იკრძალებოდა (დბ. 9:4; ლვ. 7:26; 17:12; კნ. 12:23—25). ამ კანონის დამრღვევი სიკვდილით ისჯებოდა (ლვ. 7:27; 17:10).
სიცოცხლე (სული) სისხლშია (ლვ. 17:11, 14).
დაკლული ცხოველის სისხლი წყალივით უნდა დაეღვარათ მიწაზე და მტვრით დაეფარათ (ლვ. 17:13; კნ. 12:16).
მკვდარი ცხოველი არ უნდა ეჭამათ, რადგან უწმინდური იყო და მისგან სისხლი არ იყო სათანადოდ გამოშვებული (კნ. 14:21).
სისხლის გამოყენება დასაშვები იყო მხოლოდ გამოსასყიდისთვის (სამსხვერპლოზე დასაღვრელად) და დადგენილი განწმენდის წესის შესრულებისთვის (ლვ. 17:11, 12; კნ. 12:27; რც. 19:1—9).
ქონი
აკრძალული იყო ქონის ჭამა; ქონი იეჰოვასი იყო (ლვ. 3:16, 17; 7:23, 24).
ქონის მჭამელი სიკვდილით ისჯებოდა (ლვ. 7:25).
დაკლული ცხოველები
უდაბნოში ხეტიალისას ნებისმიერი დასაკლავი შინაური ცხოველი შეხვედრის კარავთან უნდა მიეყვანათ, შეეწირათ როგორც მშვიდობის მსხვერპლი და შეეჭამათ (ლვ. 17:3—6).
ამ კანონის დამრღვევს სიკვდილით სჯიდნენ (ლვ. 17:4, 8, 9).
თუ ნადირობისას წმინდად მიჩნეულ გარეულ ცხოველს დაიჭერდნენ, შეეძლოთ ადგილზევე მოეკლათ, ხოლო მისი სისხლი უნდა დაეღვარათ (ლვ. 17:13, 14).
აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ საწმინდრიდან შორს მცხოვრებ ოჯახებს შეეძლოთ სახლშივე დაეკლათ ის ცხოველები, რომლებიც წმინდად ითვლებოდნენ, მაგრამ სისხლი მიწაზე უნდა დაეღვარათ (კნ. 12:20—25).
საჭმელად ვარგისი ცხოველები, თევზები და მწერები:
ყოველი ღრმა ჭრილით ჩლიქგაყოფილი ცხოველი, რომელიც იცოხნიდა (ლვ. 11:2, 3; კნ. 14:6);
წყლის ბინადარნი, რომელთაც ფარფლი და ქერცლი ჰქონდათ (ლვ. 11:9—12; კნ. 14:9, 10);
მწერები და მოფუთფუთე ფრთიანი არსებები, რომლებიც ოთხზე დადიოდნენ და დახტოდნენ — გადამფრენი კალია, ჩვეულებრივი კალია, ჭრიჭინა, კუტკალია თავიანთი გვარისდა მიხედვით (ლვ. 11:21, 22).
საჭმელად უვარგისი ცხოველები, თევზები, ფრინველები და სხვა ცოცხალი არსებები:
ცხოველებიდან — აქლემი, დამანი, კურდღელი და ღორი (ლვ. 11:4—8; კნ. 14:7, 8);
უფარფლო და უქერცლო თევზები და წყალში მოფუთფუთე სხვა ცოცხალი არსებები (ლვ. 11:10);
ფრინველებიდან და სხვა მფრინავი არსებებიდან — არწივი, ფსოვი, შავი სვავი, ბორა, შავი ძერა, ძერა, ყორანი, სირაქლემა, ბუ, თოლია, შევარდენი, ჭოტი, ბუკიოტი, გედი, ვარხვი, სვავი, ჩვამა, ყარყატი, ყანჩა, ოფოფი, ღამურა და ნებისმიერი ფრთოსანი არსება, რომელიც ოთხზე დადიოდა (ანუ ოთხფეხა ცხოველივით მოძრაობდა). ბიბლია არ აკონკრეტებს, რატომ ითვლებოდა ესა თუ ის ფრინველი უწმინდურად. უწმინდურ ფრინველთაგან ყველა არ ყოფილა მტაცებელი ან ლეშიჭამია (კნ. 14:12—19; ლვ. 11:13—20; იხ. ფრინველები და სტატიები ცალკეულ ფრინველებზე);
მიწაზე მოფუთფუთე არსებებიდან — ბრუცა, თაგვი, ხვლიკი, გეკონი, დიდი ხვლიკი, ტრიტონი, უდაბნოს ხვლიკი, ქამელეონი და ყველა არსება, რომელიც მუცელზე დახოხავდა, ოთხზე დადიოდა (იგულისხმება ოთხზე მოსიარულე ცხოველის სიარულის მანერა) ან მრავალი ფეხი ჰქონდა (ლვ. 11:29, 30, 42);
მკვდარი ან მხეცის მიერ დაგლეჯილი ცხოველი (ლვ. 17:15, 16; კნ. 14:21; გმ. 22:31).
აღთქმული შესაწირავი, ნებაყოფლობითი შესაწირავი ან მშვიდობის მსხვერპლი შეწირვის დღეს ან მეორე დღეს უნდა ეჭამათ; მესამე დღეს ჭამა იკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. სამადლობელი შესაწირავი შეწირვის დღესვე უნდა ეჭამათ; მეორე დღის დილამდე არაფერი არ უნდა დარჩენილიყო. საპასექო მსხვერპლიდან მეორე დილისთვის არაფერი უნდა დაეტოვებინათ, რასაც ვერ შეჭამდნენ, უნდა დაეწვათ (ლვ. 7:16—18; 19:5—8; 22:29, 30; გმ. 12:10).
უწმინდურების გამომწვევი მიზეზები:
თესლდენა
გაუწმინდურებულს უნდა დაებანა. ის საღამომდე უწმინდური იქნებოდა (ლვ. 15:16; კნ. 23:10, 11).
ტანსაცმელი, რომელიც თესლით დაისვრებოდა, წყლით უნდა გაერეცხათ. საღამომდე ეს ტანსაცმელი უწმინდურად ითვლებოდა (ლვ. 15:17).
სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ ცოლ-ქმარს უნდა ებანავა; ისინი საღამომდე უწმინდურები იქნებოდნენ (ლვ. 15:18).
მშობიარობა
ბიჭის გაჩენის შემდეგ ქალი 7 დღეს, პლიუს 33 დღეს უწმინდურად ითვლებოდა (პირველ 7 დღეს ყველასთვის უწმინდური იყო, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს, ხოლო 33 დღეს მას უფლება არ ჰქონდა, მიჰკარებოდა რაიმე წმინდას, მაგალითად შესაწირავს, ან შესულიყო წმინდა ადგილას) (ლვ. 12:2—4).
გოგოს გაჩენის შემდეგ ქალი 14 დღეს, პლიუს 66 დღეს იყო უწმინდური (ლვ. 12:5).
მენსტრუაცია (ლვ. 12:2)
მენსტრუაციის დროს ქალი 7 დღეს უწმინდურად ითვლებოდა. თუ სისხლდენა ჩვეულებრივზე დიდხანს გაუგრძელდებოდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში და კიდევ შვიდ დღეს უწმინდური იქნებოდა (ლვ. 15:19, 25, 28).
უწმინდურების პერიოდში ყველაფერი, რაზეც დაჯდებოდა ან დაწვებოდა, გაუწმინდურდებოდა (ლვ. 15:20).
ვინც შეეხებოდა მას, მის ლოგინს ან იმას, რაზეც იჯდა, ტანსაცმელი უნდა გაერეცხა და ებანავა; ის საღამომდე უწმინდურად ჩაითვლებოდა (ლვ. 15:21—23).
თუ მამაკაცი ქალის მენსტრუალური გამონადენით დაისვრებოდა, შვიდ დღეს უწმინდური იქნებოდა; უწმინდური იქნებოდა საწოლიც, რომელზეც ის იწვებოდა (ლვ. 15:24).
ყოველი სისხლდენისას ქალი უწმინდური იყო (ლვ. 15:25).
დაავადებისგან დამცავი კანონები
კეთრი და სხვა დაავადებები
მღვდელი განსაზღვრავდა, სჭირდა თუ არა ვინმეს კეთრი (ლვ. 13:2).
დაავადებულს შვიდ დღეს კარანტინში ამყოფებდნენ და შემდეგ ამოწმებდნენ. თუ წყლული არ გავრცელდებოდა, კიდევ შვიდ დღეს ამყოფებდნენ კარანტინში (ლვ. 13:4, 5, 21, 26). თუ წყლული ამის შემდეგაც არ გავრცელდებოდა, დაავადებულს წმინდად გამოაცხადებდნენ (ლვ. 13:6). წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კეთრი იქნებოდა (ლვ. 13:7, 8).
კეთროვანს ტანსაცმელი უნდა შემოეხია, მოუვლელი თავით ევლო, ულვაში (ან ზედა ტუჩი) დაეფარა და ეყვირა: უწმინდური, უწმინდურიო. განკურნებამდე მას ბანაკის გარეთ განცალკევებით უნდა ეცხოვრა (ლვ. 13:45, 46; რც. 5:2—4).
გამონადენი სასქესო ორგანოდან (როგორც ჩანს, დაავადებით გამოწვეული) (ლვ. 15:2, 3)
რაზეც გამონადენიანი დაჯდებოდა ან დაწვებოდა, გაუწმინდურდებოდა (ლვ. 15:4).
ვინც შეეხებოდა გამონადენიანს, მის საწოლს ან იმას, რაზეც ის იჯდა, გაუწმინდურდებოდა. ვისაც გამონადენიანი შეაფურთხებდა, გაუწმინდურდებოდა (ლვ. 15:5—11).
თუ გამონადენიანი თიხის ჭურჭელს შეეხებოდა, ჭურჭელი უნდა დაემსხვრიათ, ხოლო თუ ხის ჭურჭელს შეეხებოდა, წყლით უნდა გაერეცხათ (ლვ. 15:12).
გამონადენის შეწყვეტის შემდეგ ის შვიდ დღეს უწმინდურად ითვლებოდა (ლვ. 15:13).
ლაშქრობისას ბანაკში სისუფთავე რომ შენარჩუნებულიყო, მოსასაქმებლად ყველა ბანაკის გარეთ უნდა გასულიყო და თავისი ექსკრემენტები მიწაში ჩაეფლო (კნ. 23:12, 13).
მიცვალებულის შეხება
თუ ვინმე შეეხებოდა ადამიანის გვამს, ძვალს ან სამარხს, თუნდაც ტრიალ მინდორში, შვიდ დღეს უწმინდური იქნებოდა (რც. 19:11, 16). თუ არ განიწმინდებოდა, სიკვდილით დაისჯებოდა (რც. 19:12, 13; იხ. განწმენდის პროცესი რც. 19:17—19-ში).
ყველა, ვინც შევიდოდა კარავში, სადაც მიცვალებული ესვენა, გაუწმინდურდებოდა; უწმინდური იქნებოდა ნებისმიერი თავღია ჭურჭელიც (რც. 19:14, 15).
ცხოველის ლეშის შეხება
თუ მკვდარ ცხოველს, რომელიც წმინდად ითვლებოდა, ვინმე ხელს მოჰკიდებდა ან შეჭამდა, გაუწმინდურდებოდა; ნებისმიერი უწმინდური ცხოველის ლეშის შეხებაც გააუწმინდურებდა ადამიანს. განწმენდა აუცილებელი იყო (ლვ. 11:8, 11, 24—31, 36, 39, 40; 17:15, 16).
თუ უწმინდური ცხოველის ლეში შეეხებოდა ჭურჭელს, დოქის სადგამს, ღუმელს, ტანსაცმელს, ტყავსა და ჯვალოს, ყველაფერი გაუწმინდურდებოდა (ლვ. 11:32—35).
დაპყრობილი ქალაქიდან წამოღებული ნადავლი
ცეცხლგამძლე ნივთები (ლითონის) ჯერ ცეცხლით უნდა განეწმინდათ, მერე განმწმენდი წყლით; სხვა ყველაფერი კი უნდა გაერეცხათ (რც. 31:20, 22, 23).
სხვა ვალდებულებები მოყვასისა და ცხოველების მიმართ
(კანონში ნათქვამი იყო: „საკუთარი თავივით გიყვარდეს მოძმე“; ლვ. 19:18. როგორც იესომ თქვა, ეს იყო კანონში მეორე უდიდესი მცნება; მთ. 22:37—40).
სხვა ისრაელებისადმი დამოკიდებულება
უნდა გამოევლინათ სიყვარული; იკრძალებოდა მკვლელობა (გმ. 20:13; რმ. 13:9, 10).
შური არ უნდა ეძიათ და არც მოძმისადმი ბოღმა უნდა ჩაედოთ გულში (ლვ. 19:18).
უნდა ეზრუნათ ღარიბებზე (გმ. 23:6; ლვ. 25:35, 39—43).
უნდა ეზრუნათ ქვრივ-ობლებზე (გმ. 22:22—24; კნ. 24:17—21; 27:19).
სხვისი ქონების გაფრთხილება
ქურდობა აკრძალული იყო; ნაქურდალი უნდა აენაზღაურებინათ (გმ. 20:15; 22:1—4, 7).
არ უნდა მოესურვებინათ ის, რაც მოძმეს ეკუთვნოდა (გმ. 20:17).
ხეიბრებისადმი დამოკიდებულება
იკრძალებოდა ყრუს დაცინვა და დაწყევლა, რადგან ის ვერაფერს გაიგებდა და თავის დასაცავადაც ვერაფერს იტყოდა (ლვ. 19:14).
წყეული იქნებოდა ის, ვინც ბრმას დაბრკოლებას დაუდებდა ან გზას აუბნევდა (ლვ. 19:14; კნ. 27:18).
ხიზნები არ უნდა დაეჩაგრათ (გმ. 22:21; 23:9; ლვ. 19:33, 34; კნ. 10:17—19; 24:14, 15, 17; 27:19).
მონებისადმი დამოკიდებულება
ებრაელი მონა უნდა გაეთავისუფლებინათ მეშვიდე წელს ან იუბილეს წელს (რომელიც პირველი მოუწევდა). მონას მოჯამაგირესავით კარგად უნდა მოპყრობოდნენ (გმ. 21:2; კნ. 15:12; ლვ. 25:10).
თუ მონა ცოლთან ერთად იყო მოსული, ცოლთან ერთად უნდა გაეთავისუფლებინათ (გმ. 21:3).
თუ ცოლს (როგორც ჩანს, უცხოელს) ბატონი შერთავდა თავის მონას, გათავისუფლებულ მონას მარტო მოუწევდა წასვლა. თუ შვილები შეეძინებოდა, მისი ცოლ-შვილი ბატონისა იქნებოდა (გმ. 21:4).
გათავისუფლებული ებრაელი მონისთვის ბატონს თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ძღვენი უნდა მიეცა (კნ. 15:13—15).
ბატონს მონის გაჯოხვის უფლება ჰქონდა (გმ. 21:20, 21). თუ დააზიანებდა, უნდა გაეთავისუფლებინა (გმ. 21:26, 27). ბატონი, რომელსაც ცემის დროს მონა შემოაკვდებოდა, შეიძლება სიკვდილით დაესაჯათ. განაჩენს მსაჯულები გამოუტანდნენ (გმ. 21:20; ლვ. 24:17).
ცხოველებისადმი დამოკიდებულება
თუ ვინმე ნახავდა, რომ სხვის შინაურ ცხოველს რაღაც უჭირდა, უნდა მიშველებოდა, თუნდაც ეს ცხოველი მისი მტრის ყოფილიყო (გმ. 23:4, 5; კნ. 22:4).
პირუტყვი მეტისმეტად არ უნდა დაეტვირთათ მუშაობით, მას არც სასტიკად უნდა მოპყრობოდნენ (კნ. 22:10; შდრ. იგ. 12:10).
მლეწავი ხარისთვის პირი არ უნდა აეკრათ, რათა მას მუშაობის დროს ჭამის საშუალება ჰქონოდა (კნ. 25:4; შდრ. 1კრ. 9:7—10).
ბუდიდან ჩიტი თავისი კვერცხებიანად არ უნდა წაეყვანათ, რათა ჩიტის ოჯახი არ ამოეწყვიტათ (კნ. 22:6, 7).
ძროხა და მისი ნაშიერი, ცხვარი და მისი ნაშიერი ერთ დღეს არ უნდა დაეკლათ (ლვ. 22:28).
რა მიზანს ემსახურებოდა კანონი
მან ცხადი გახადა დარღვევები; აჩვენა, რომ ისრაელებს სჭირდებოდათ ცოდვების მიტევება და ისეთი მსხვერპლი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გამოისყიდდა მათ ცოდვის მონობისგან (გლ. 3:19).
ეს იყო აღმზრდელი, რომელიც იცავდა და არიგებდა ისრაელს და ამზადებდა იმ დროისთვის, როცა ჭეშმარიტი მოძღვარი, მესია მოვიდოდა (გლ. 3:24).
კანონის მრავალი ასპექტი მომავალ კურთხევათა ჩრდილი იყო, რაც გულმართალ ისრაელებს მესიის ამოცნობაში დაეხმარა. მათ შეეძლოთ დაენახათ, როგორ შეასრულა მესიამ კანონში მოცემული წინასწარმეტყველური მნიშვნელობის მქონე დეტალები (ებ. 10:1; კლ. 2:17).