ᲓᲐᲕᲘᲗᲘ
[შესაძლოა ნიშნავს საყვარელს]
ქართული „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ებრაულ წერილებში ეს სახელი 1071-ჯერ გვხვდება, მათ შორის 78-ჯერ 73 ფსალმუნის ეპიგრაფში, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი — 60-ჯერ. ბიბლიის ქრისტიანი დამწერები ებრაული წერილების პერსონაჟებიდან დავითზე ხშირად მხოლოდ მოსესა და აბრაამს მოიხსენიებენ. იმ 1131 ადგილას, სადაც სახელი „დავითი“ არის მოხსენიებული, იგულისხმება ერთი ადამიანი, ისრაელის მეორე მეფე, ან ის, ვისაც დავითი განასახიერებდა ანუ იესო ქრისტე, დავითის ძე (მთ. 1:1).
დავითს, რომელიც იყო მწყემსი, მუსიკოსი, პოეტი, მეომარი, სახელმწიფო მოღვაწე, წინასწარმეტყველი და მეფე, ებრაულ წერილებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბრძოლის ველზე ეს უშიშარი მეომარი დიდ ამტანობას იჩენდა სიძნელეების დროს. ის იყო მამაცი და უდრეკი წინამძღოლი და მეთაური, ამასთან იმდენად თავმდაბალი, რომ აღიარებდა თავის შეცდომებს და ინანიებდა თავის მძიმე ცოდვებს. ის იყო თანამგრძნობი და მოწყალე, უყვარდა ჭეშმარიტება და სიმართლე და, რაც ყველაზე მთავარია, ბოლომდე ენდობოდა თავის ღმერთს, იეჰოვას.
დავითი იყო ბოაზისა და რუთის შთამომავალი, შესაბამისად, იუდას შთამომავალი ფერეცის ხაზით (რთ. 4:18—22; მთ. 1:3—6). ის იყო იესეს რვა ვაჟიდან უმცროსი. მას ჰყავდა ორი და ან ნახევარდა (1სმ. 16:10, 11; 17:12; 1მტ. 2:16). როგორც ჩანს, დავითის ძმებიდან ერთი უშვილოდ მოკვდა, რის გამოც ის აღარ მოიხსენიება უფრო გვიანდელ საგვარეულო ნუსხებში (1მტ. 2:13—16). ბიბლიაში დავითის დედის სახელი არ წერია. ზოგის აზრით, მას ნახაში ერქვა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ნახაში იყო დავითის ნახევარდების მამის სახელი (2სმ. 17:25; იხ. ᲜᲐᲮᲐᲨᲘ №2).
დავითის მშობლიური ქალაქი იყო ბეთლემი, რომელიც იერუსალიმიდან სამხრ. სამხრ.-დას-ით 9 კმ-ში მდებარეობდა. ერთ დროს იქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრებიც — იესე, ობედი და ბოაზი. ზოგჯერ მას „დავითის ქალაქს“ უწოდებდნენ (ლკ. 2:4, 11; ინ. 7:42), თუმცა ის არ უნდა აგვერიოს 2 სამუელის 5:7-ში მოხსენიებულ „დავითის ქალაქში“, რაშიც იერუსალიმში მდებარე სიონი იგულისხმება.
მოზარდობის წლები. ბიბლიაში პირველად დავითი გვევლინება მწყემსად, რომელიც თავისი მამის ცხვარს ბეთლემთან ახლოს აძოვებდა. ამ მონაკვეთის კითხვისას გვახსენდება, რომ ათასზე მეტი წლის შემდეგ სწორედ ბეთლემის სიახლოვეს ველად მყოფმა მწყემსებმა მოისმინეს იეჰოვას ანგელოზის სიტყვები იესოს დაბადების შესახებ, რამაც უდიდესი მოწიწება გამოიწვია მათში (ლკ. 2:8—14). სამუელმა, რომელიც ღმერთმა იესეს სახლში გაგზავნა, რათა მისი ერთ-ერთი ვაჟი მომავალ მეფედ ეცხო, დავითის შვიდივე უფროს ძმაზე თქვა: „არ აურჩევია ესენი იეჰოვას“. ბოლოს დავითი მიიყვანეს მინდვრიდან. როცა ეს წითური, ლამაზთვალება, კარგი შესახედაობის ახალგაზრდა მივიდა, ყველა სუნთქვაშეკრული ელოდა მოვლენების განვითარებას, რადგან მანამდე სამუელის მისვლის მიზეზი არავინ იცოდა. იეჰოვამ უთხრა სამუელს: „ადექი და სცხე, ეს არის ის“. სწორედ მასზე თქვა იეჰოვამ: „ვპოვე დავითი, იესეს ძე, გულით სასურველი კაცი, რომელიც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მე მსურს“ (1სმ. 16:1—13; 13:14; სქ. 13:22).
მწყემსობის წლებმა დიდი გავლენა მოახდინა დავითის მთელ ცხოვრებაზე. ველად ყოფნამ ის იმ წლებისთვის მოამზადა, როცა მრისხანე საულს გაექცეოდა. დავითი დახელოვნდა შურდულით ქვის სროლაში, განივითარა ამტანობა, გაბედულება და იმის ნებისყოფა, რომ მოეძებნა და დაეხსნა ფარას ჩამოშორებული ცხვარი და საჭიროების შემთხვევაში მოეკლა დათვიც და ლომიც (1სმ. 17:34—36).
მაგრამ დავითი ცნობილი გახდა არა მხოლოდ როგორც მამაცი მეომარი, არამედ როგორც დახელოვნებული მექნარე და სიმღერების შემქმნელი, რაშიც შესაძლოა, მაშინ გაიწაფა, როცა ცხვარს აძოვებდა. ის ახალი მუსიკალური საკრავების შემქმნელადაც არის მიჩნეული (2მტ. 7:6; 29:26, 27; ამ. 6:5). იეჰოვასადმი დავითის სიყვარულმა განაპირობა, რომ მისი სიმღერების ტექსტები უბრალოდ გასართობი ლექსები არ არის. ისინი კლასიკური შედევრებია და იეჰოვას თაყვანისმცემლობასა და განდიდებას ეძღვნება. 73 ფსალმუნის ეპიგრაფიდან ვიგებთ, რომ ისინი დავითმა დაწერა, თუმცა ბიბლიაში დავითი სხვა ფსალმუნების დამწერადაც მოიხსენიება (ფს. 2:1 შდრ. სქ. 4:25-ს; ფს. 95:7, 8 შდრ. ებ. 4:7-ს). დავითის ზოგიერთი ფსალმუნის, მაგალითად, მე-8, მე-19, 23-ე და 29-ე ფსალმუნების დაწერა, როგორც ჩანს მწყემსობის პერიოდმა განაპირობა.
ცხვარზე ზრუნვის დროს მიღებულმა გამოცდილებამ ის უფრო საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად, იეჰოვას ხალხის დასამწყემსად მოამზადა. ბიბლიაში წერია: „[იეჰოვამ] ამოირჩია თავისი მსახური დავითი, ცხვრის ფარეხებიდან გამოიყვანა. თავი დაანებებინა მეწველი ცხვრების დევნას და დააყენა იაკობის, თავისი ხალხის, მწყემსად; ისრაელზე, თავის მემკვიდრეობაზე, დააყენა“ (ფს. 78:70, 71; 2სმ. 7:8). მაგრამ მამის ფარის პირველად მიტოვებისთანავე არ გამხდარა დავითი მეფე. ის დაინიშნა მეფის კარის მუსიკოსად საულის მრჩევლის რეკომენდაციით, რომელმაც დავითი არა მხოლოდ კარგ დამკვრელად დაახასიათა, არამედ თქვა: „ის მამაცია, ძლიერი მებრძოლი, ტანადი, და კარგი სიტყვა-პასუხიც აქვს; იეჰოვას სულია მასთან“ (1სმ. 16:18). ამგვარად, დავითი გახდა სიმშვიდედაკარგული საულის მექნარე და საჭურველთმტვირთველი (1სმ. 16:19—23).
ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რა მიზეზით დაბრუნდა მოგვიანებით დავითი მამის სახლში. როცა ისრაელები ფილისტიმელთა ჯარის მოპირდაპირე მხარეს იყვნენ დაბანაკებულნი, დავითმა საულის ჯარში მომსახურე ძმებს საკვები მიუტანა და ძალიან გაბრაზდა, როცა ნახა, რომ გოლიათი იეჰოვას შეურაცხყოფდა. „ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს რომ დასცინის!“ — თქვა მან (1სმ. 17:26) და დასძინა: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვის ტორებისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის ხელიდანაც დამიხსნის“ (1სმ. 17:37). ნებართვის აღების შემდეგ, ეს ახალგაზრდა, რომელსაც ლომიც ჰყავდა მოკლული და დათვიც, გოლიათისკენ გაემართა სიტყვებით: „მე ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე“. დავითმა შურდულით ქვა სტყორცნა და მიწაზე დასცა მოწინააღმდეგე, შემდეგ მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი და ბანაკში ბუმბერაზის თავითა და მახვილით დაბრუნდა (1სმ. 17:45—54; იხ. სურათი, ტ. 1, გვ. 745).
აღსანიშნავია, რომ სეპტუაგინტის მეოთხე საუკუნით დათარიღებულ ხელნაწერში (ვატიკანური ხელნაწერი 1209) გამოტოვებულია 1 სამუელის 17:55—18:6ა. ამიტომ მოფატის თარგმანში ეს მონაკვეთი, ბოლო მუხლის გარდა, ორმაგ კავებშია ჩასმული და მიწერილი აქვს: „ან რედაქტირებისას ჩაემატა, ან მოგვიანებით“. თუმცა არსებობს მტკიცებები, რომ მასორული ტექსტი ზუსტია (იხ. ᲡᲐᲛᲣᲔᲚᲘ (ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲬᲘᲒᲜᲔᲑᲘ) [სეპტუაგინტაში გამოტოვებული მონაკვეთები]).
დევნილობა (რუკა, ტ. 1, გვ. 746). მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ერთ დროს ყველასთვის უცნობი მწყემსი ბიჭი მთელი ისრაელის ყურადღების ცენტრში მოექცა. ლაშქრის მეთაურად დაყენებულ დავითს ყველა ცეკვითა და ყიჟინით ხვდებოდა, როცა ის ფილისტიმელების წინააღმდეგ ლაშქრობიდან გამარჯვებული ბრუნდებოდა. იმ დღეს ყველგან იძახდნენ: „საულმა ათასი მოკლა, დავითმა ათი ათასიო“ (1სმ. 18:5—7). „უყვარდა დავითი მთელ ისრაელსა და იუდას“, საულის ვაჟმა იონათანმა კი მასთან ურთიერთსიყვარულისა და მეგობრობის მარადიული შეთანხმება დადო. მოგვიანებით ეს შეთანხმება იონათანის ვაჟის, მეფიბოშეთისა და შვილიშვილის, მიქას კეთილდღეობას მოემსახურა (1სმ. 18:1—4, 16; 20:1—42; 23:18; 2სმ. 9:1—13).
დავითის პოპულარობა შეშურდა საულს, რომელიც „იმ დღიდან ... ეჭვის თვალით უყურებდა დავითს“. ორჯერ, როცა დავითი უწინდებურად უკრავდა, საულმა შუბი გაუქანა, რომ კედელზე მიეჭედებინა დავითი, მაგრამ ის ორივეჯერ იეჰოვამ იხსნა. გოლიათის მკვლელს მეფე თავის ასულს დაჰპირდა, მაგრამ დავითისთვის რომ მიეთხოვებინა, აღარ უნდოდა. ბოლოს საული დათანხმდა დავითისთვის მეორე ასულის მითხოვებაზე, თუ ის „ასი ფილისტიმელის ჩუჩას“ მიუტანდა. ის იმედოვნებდა, რომ მისი არარეალური მოთხოვნის შესრულებას დავითი შეეწირებოდა. მაგრამ მამაცმა დავითმა ურვადი გააორმაგა, საულს 200 ჩუჩა მიუტანა და მიქალზე დაქორწინდა. ამგვარად, საულის ორ შვილს სიყვარულის შეთანხმება ჰქონდა დავითთან დადებული, რის გამოც მეფემ ის კიდევ უფრო შეიძულა (1სმ. 18:9—29). როცა დავითი ისევ მეფის წინაშე უკრავდა, საულმა მესამედ სცადა, ის კედელზე მიეჭედებინა შუბით. ღამის წყვდიადში დავითი გაიქცა. მათი შემდგომი შეხვედრა საკმაოდ განსხვავებულ და უჩვეულო ვითარებაში მოხდა (1სმ. 19:10).
მომდევნო რამდენიმე წელი დავითი დევნილი იყო და ადგილსამყოფელს გამუდმებით იცვლიდა, რადგან მისი მოკვლის მსურველი ჯიუტი და ბოროტი მეფე თავს არ ანებებდა მის დევნას. თავდაპირველად, დავითი რამაში გაიქცა და წინასწარმეტყველ სამუელთან დარჩა (1სმ. 19:18—24). როცა საულმა შეიტყო მისი ადგილსამყოფლის შესახებ, დავითმა ფილისტიმელთა გათისკენ აიღო გეზი და გზად ნობში გაიარა მღვდელმთავარ ახიმელექთან, რომელმაც მას გოლიათის მახვილი გადასცა (1სმ. 21:1—9; 22:9—23; მთ. 12:3, 4). მაგრამ გათში ძლივს გადაურჩა სიკვდილს — თავი მოიგიჟიანა, პატარა ბავშვივით ხაზებს ავლებდა კარიბჭეებზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე (1სმ. 21:10—15). ეს შემთხვევა დაედო საფუძვლად 34-ე და 56-ე ფსალმუნებს. შემდეგ ის ადულამის გამოქვაბულში გაიქცა, სადაც მას შეუერთდნენ ოჯახის წევრები და დაახლოებით 400 გაჭირვებული და სულგამწარებული კაცი. შესაძლოა ამ გამოქვაბულში ყოფნამ განაპირობა 57-ე და 142-ე ფსალმუნების ან მათგან რომელიმეს დაწერა. დავითი იქიდან მოაბის მიცფეში გაიქცა, შემდეგ კი დაბრუნდა იუდაში და ხარეთის ტყეს შეაფარა თავი (1სმ. 22:1—5). კეილაში ყოფნის დროს დავითმა შეიტყო, რომ საული თავდასხმას აპირებდა, ამიტომ ის თავის ხალხთან ერთად, რომელთა რიცხვიც 600-მდე იყო, ზიფის უდაბნოში გადავიდა. საულს დევნა არ შეუწყვეტია და ზიფის უდაბნოში მდებარე ხორეშიდან მაონის უდაბნომდე სდია. ის იყო, დავითი უნდა შეეპყრო, რომ საულს ფილისტიმელების თავდასხმის ცნობა მიუვიდა, ამიტომ დროებით შეწყვიტა დევნა, რამაც დავითს შესაძლებლობა მისცა, ენ-გედისთვის შეეფარებინა თავი (1სმ. 23:1—29). ეს და მსგავსი შემთხვევები საფუძვლად დაედო ულამაზეს ფსალმუნებს (ფს. 18; 59; 63; 70), რომლებშიც ის განადიდებს იეჰოვას სასწაულებრივი ხსნისთვის.
ენ-გედში საული მოსასაქმებლად შევიდა გამოქვაბულში. დავითი, რომელიც ამ გამოქვაბულის სიღრმეში იმალებოდა, ჩუმად მიეპარა და კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს, მაგრამ მასზე ხელი არ აღუმართავს, რადგან ფიქრადაც არ მოსვლია, რამე დაეშავებინა მეფისთვის, „იეჰოვას ცხებულისთვის“ (1სმ. 24:1—22).
სამუელის სიკვდილის შემდეგ. სამუელის სიკვდილის შემდეგ დავითი, რომელიც ისევ იდევნებოდა, ფარანის უდაბნოში გადავიდა (იხ. ᲤᲐᲠᲐᲜᲘ). მან და მისმა ხალხმა სიკეთე გაუკეთეს ნაბალს, მდიდარ მესაქონლეს, რომელსაც სამუშაო ქარმელში, ხებრონის სამხრეთით ჰქონდა, მაგრამ მან სიკეთეზე უმადურობით უპასუხა. ნაბალის ცოლის, აბიგაილის საზრიანობამ შეაკავა დავითი, რომ არ გაეჟლიტა მის სახლში მცხოვრები ყველა მამაკაცი; ნაბალს კი იეჰოვამ დაჰკრა და მოკლა. მალე დავითმა ცოლად მოიყვანა ქარმელელი ნაბალის ქვრივი, აბიგაილი. მას მანამდე უკვე ჰყავდა ცოლად იზრეელელი ახინოამი. ვინაიდან დავითი დიდხანს აღარ გამოჩნდა, საულმა მიქალი სხვა კაცს მიათხოვა (1სმ. 25:1—44; 27:3).
როცა დავითი მეორედ იმალებოდა ზიფის უდაბნოში, საულმა ისევ განაახლა მისი დევნა. დავითმა საული და მისი 3 000 კაცი შეადარა რწყილის საძებნელად გამოსულ ხალხს, თითქოს კაკაბს დასდევდნენ მთებში. ერთხელ ღამით დავითი და აბიშაი შეიპარნენ საულის ბანაკში, სადაც ყველას ეძინა, და მეფის შუბი და მათარა მოიპარეს. აბიშაის საულის მოკვლა უნდოდა, მაგრამ დავითმა მეორედ იხსნა საული სიკვდილისგან და თქვა: „იეჰოვამ დამიფაროს, ხელი აღვმართო იეჰოვას ცხებულზე!“ (1სმ. 26:1—25). ამის შემდეგ დავითი მეტად აღარ შეხვედრია თავის მტერს.
დავითი საულისგან შორს, ფილისტიმელთა ტერიტორიაზე დასახლდა ციკლაგში და 16 თვეს ცხოვრობდა იქ. საულის ჯარიდან ბევრი ძლიერი მეომარი შეუერთდა დავითს ციკლაგში. ამის წყალობით მას შეეძლო სამხრეთით ისრაელის მტრების ქალაქებს დასხმოდა თავს. ამგვარად, ის იცავდა იუდას საზღვრებს და ამყარებდა თავის, როგორც მომავალი მეფის პოზიციებს (1სმ. 27:1—12; 1მტ. 12:1—7, 19—22). როცა ფილისტიმელები ემზადებოდნენ საულის ჯარებზე თავდასასხმელად, მეფე აქიშმა დავითს მათთან ერთად გალაშქრება შესთავაზა, რადგან ეგონა, რომ დავითმა „შეაძულა თავი ისრაელს, თავის ხალხს“. მაგრამ ფილისტიმელთა სხვა მთავრებმა უსაფრთხოების მიზნით უარი თქვეს დავითის წაყვანაზე (1სმ. 29:1—11). გილბოას მთაზე გამართულ ბოლო ბრძოლაში დაიხოცნენ საული და მისი სამი ვაჟი, მათ შორის იონათანი (1სმ. 31:1—7).
ამასობაში ამალეკელებმა გაძარცვეს ციკლაგი, გადაწვეს და ქალები და ბავშვები ტყვედ წაასხეს. დავითი თავის ხალხთან ერთად მაშინვე დაედევნა მათ. ისინი დაეწივნენ და უკან დაიბრუნეს ცოლ-შვილიც და მთელი ქონებაც (1სმ. 30:1—31). სამი დღის შემდეგ ერთმა ამალეკელმა საულის გვირგვინი და სამაჯური მიართვა დავითს და ჯილდოს მიღების მიზნით მოატყუა, რომ თავად მოკლა დაჭრილი მეფე. მიუხედავად იმისა, რომ ცრუობდა, დავითმა ბრძანა მოეკლათ ის, რადგან ტრაბახობდა, „მე მოვკალი იეჰოვას ცხებულიო“ (2სმ. 1:1—16; 1სმ. 31:4, 5).
მეფობა (რუკა, ტ. 1, გვ. 746). საულის ტრაგიკულმა სიკვდილმა ძალიან დაამწუხრა დავითი. იმის ნაცვლად, რომ მტრის სიკვდილი გახარებოდა, ის წუხდა, რომ იეჰოვას ცხებული მოკვდა. დამწუხრებულმა დავითმა შექმნა სამგლოვიარო სიმღერა „მშვილდი“. ამ სიმღერაში ის გლოვობდა ერთ ბრძოლაში დაცემულ დაუძინებელ მტერსა და საუკეთესო მეგობარს, საულსა და იონათანს, რომლებიც „სიცოცხლეში საყვარელნი და ძვირფასნი, სიკვდილშიც განუყრელნი“ გახდნენ (2სმ. 1:17—27).
ამის შემდეგ დავითი გადავიდა ხებრონში, სადაც ძვ. წ. 1077 წელს იუდას უხუცესებმა 30 წლის დავითი თავიანთი ტომის მეფედ სცხეს. საულის ვაჟი იშ-ბოშეთი კი სხვა ტომებზე გამეფდა. მაგრამ დაახლოებით ორი წლის შემდეგ იშ-ბოშეთი მოკლეს და მისმა მკვლელებმა ჯილდოს მიღების მიზნით მისი თავი დავითს მიუტანეს. დავითმა ისინიც მოაკვლევინა იმ ამალეკელივით, რომელიც საულის მკვლელობას იბრალებდა (2სმ. 2:1—4, 8—10; 4:5—12). ამის შემდეგ იმ ტომებს, რომლებიც საულის ვაჟს ემხრობოდნენ, აღარაფერი უშლიდა ხელს, იუდას შეერთებოდნენ. დროთა განმავლობაში დავითთან თავი მოიყარა ისრაელის ჯარმა, რომელშიც 340 822 მეომარი იყო, და ის მთელ ისრაელზე გაამეფეს (2სმ. 5:1—3; 1მტ. 11:1—3; 12:23—40).
მეფობა იერუსალიმიდან. დავითი ხებრონიდან შვიდწელიწად-ნახევარი მმართველობდა. შემდეგ მან იებუსელებისთვის წართმეული ციხესიმაგრე იერუსალიმი იეჰოვას მითითებით ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. სიონის მთაზე მან ააგო დავითის ქალაქი და იქიდან 33 წელი იმეფა (2სმ. 5:4—10; 1მტ. 11:4—9; 2მტ. 6:6). ხებრონში მეფე დავითმა სხვა ქალებიც შეირთო ცოლად, დაიბრუნა მიქალი და რამდენიმე ვაჟი და ასული შეეძინა (2სმ. 3:2—5, 13—16; 1მტ. 3:1—4). იერუსალიმში გადასვლის შემდეგ მან კიდევ უფრო მეტი ცოლი და ხარჭა მოიყვანა და უფრო მეტი შვილი შეეძინა (2სმ. 5:13—16; 1მტ. 3:5—9; 14:3—7).
როცა ფილისტიმელებმა გაიგეს, რომ დავითი მთელ ისრაელზე გამეფდა, მის დასამხობად გამოვიდნენ. როგორც ადრე (1სმ. 23:2, 4, 10—12; 30:8), დავითი ახლაც დაეკითხა იეჰოვას, გასულიყო თუ არა მათ წინააღმდეგ. „გადი“, — იყო პასუხი. იეჰოვამ გაარღვია მტრის რიგები და მუსრი გაავლო მათ, ამიტომ დავითმა იმ ადგილს ბაალ-ფერაციმი უწოდა, რაც ნიშნავს „პატრონი გარღვევებისა“. შემდგომი შეტაკებისას იეჰოვამ შეცვალა ტაქტიკა და დავითს უბრძანა, შემოევლო ფილისტიმელებისთვის და ზურგიდან დასხმოდა მათ (2სმ. 5:17—25; 1მტ. 14:8—17).
დავითმა შეთანხმების კიდობნის იერუსალიმში გადატანა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან უზა შეეხო კიდობანს და იქვე დასცა ის იეჰოვამ (2სმ. 6:2—10; 1მტ. 13:1—14). დაახლოებით სამი თვის შემდეგ დავითი საგულდაგულოდ მოემზადა — განწმინდა მღვდლები და ლევიანები და დარწმუნდა, რომ კიდობანს ისინი თავიანთი მხრებით გადაიტანდნენ და არა ურმით, როგორც ეს პირველად მოხდა. ამჯერად კიდობნის გადატანა იერუსალიმში მშვიდობიანად მოხერხდა. უბრალო ტანსაცმლით შემოსილი დავითი ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის დროს თავის სიხარულსა და ენთუზიაზმს არ მალავდა, ის „ხტოდა და ცეკვავდა იეჰოვას წინაშე“. მაგრამ მისმა ცოლმა მიქალმა უსაყვედურა მას, რომ ქარაფშუტასავით მოიქცა. ასეთი უსამართლო საყვედურის გამო მიქალი „უშვილოდ მოკვდა“ (2სმ. 6:11—23; 1მტ. 15:1—29).
შეთანხმების კიდობნის ახალ ადგილას დავითმა ორგანიზება გაუწია იეჰოვასადმი ისეთივე თაყვანისმცემლობას, როგორც გაბაონში დარჩენილ კარავში სრულდებოდა. მან დანიშნა კარიბჭის მცველები და მუსიკოსები და იზრუნა, რომ „მუდამ, დილა-საღამოს შეეწირათ იეჰოვასთვის დასაწვავი შესაწირავი“ (1მტ. 16:1—6, 37—43). ამასთან, დავითს უნდოდა, კედრის ტაძარი აეშენებინა და კიდობანი კარვიდან იქ გადაეტანა. მაგრამ ღმერთმა არ მისცა დავითს ამის უფლება და უთხრა: „ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გაქვს გადახდილი. შენ არ ააშენებ სახლს ჩემს სახელზე, რადგან ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი ქვეყნად ჩემ წინაშე“ (1მტ. 22:8; 28:3). თუმცა იეჰოვამ შეთანხმება დაუდო მას და დაჰპირდა, რომ მეფობა სამარადისოდ მის საგვარეულოში დარჩებოდა და დაარწმუნა, რომ ტაძარს ააშენებდა მისი ვაჟი სოლომონი, რომლის სახელის ფუძეც მშვიდობას ნიშნავდა (2სმ. 7:1—16, 25—29; 1მტ. 17:1—27; 2მტ. 6:7—9; ფს. 89:3, 4, 35, 36).
სწორედ სამეფოსთვის დადებული შეთანხმების გამო იეჰოვამ ნება დართო დავითს, გაეფართოებინა სამეფო ეგვიპტის მდინარიდან ევფრატამდე და გაემაგრებინა საზღვრები, აგრეთვე მშვიდობა ჰქონოდა ტვიროსის მეფესთან და შებრძოლებოდა და დაემარცხებინა გარშემო მცხოვრები მტრები: ფილისტიმელები, სირიელები, მოაბელები, ედომელები, ამალეკელები და ამონელები (2სმ. 8:1—14; 10:6—19; 1მფ. 5:3; 1მტ. 13:5; 14:1, 2; 18:1—20:8). ღვთის ბოძებული გამარჯვებების შემდეგ დავითი ძლევამოსილი მმართველი გახდა (1მტ. 14:17). თუმცა მას ყოველთვის ახსოვდა, რომ ეს მდგომარეობა მისი მოპოვებული ან მემკვიდრეობით მიღებული კი არ იყო, არამედ იეჰოვამ დააყენა ის იმ ხელისუფლების სათავეში, რომელიც მის მმართველობას განასახიერებდა (1მტ. 10:14; 29:10—13).
ცოდვების სავალალო შედეგები. ამონელთა წინააღმდეგ ხანგრძლივი ომის დროს დავითის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მეფე თავისი სასახლის ბანიდან უყურებდა, როგორ ბანაობდა მშვენიერი ბათ-შება, და არასწორ სურვილებს აჰყვა (იაკ. 1:14, 15). როცა გაიგო, რომ ბათ-შებას ქმარი ურია ომში იყო, ქალი სასახლეში მოაყვანინა და დაწვა მასთან. მოგვიანებით მეფეს შეატყობინეს, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო. უეჭველია, დავითს არ უნდოდა, რომ ბათ-შება სახალხოდ გაესამართლებინათ და უზნეობისთვის მოეკლათ, ამიტომ დაუყოვნებლივ შეუთვალა ურიას, იერუსალიმში მისულიყო მასთან. დავითს იმედი ჰქონდა, რომ ურია ღამეს ცოლთან გაატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ დავითმა დაათრო ურია, მან უარი თქვა სახლში ცოლთან წასვლაზე. დავითი სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავდა, ამიტომ ურია ჯარში დააბრუნა და მისივე ხელით გადასცა საიდუმლო მითითება მხედართმთავარ იოაბს, რომ ის წინა ხაზზე დაეყენებინა, სადაც სიკვდილი არ ასცდებოდა. გეგმამ გაამართლა. ბრძოლის დროს ურია მოკლეს და, როცა გლოვის დღეებმა ჩაიარა, დავითმა ცოლად მოიყვანა მისი ქვრივი ბათ-შება, ვიდრე ქალაქში მისი ორსულობის ამბავი გავრცელდებოდა (2სმ. 11:1—27).
მაგრამ იეჰოვას თვალს არაფერი გამოჰპარვია და სააშკარაოზე გამოიტანა ეს სამარცხვინო ამბავი. იეჰოვას რომ უფლება მიეცა, მოსეს კანონით გაესამართლებინათ დავითი და ბათ-შება, ორივეს სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ და მრუშობით ჩასახული ბავშვიც დედასთან ერთად მოკვდებოდა (კნ. 5:18; 22:22). მაგრამ იეჰოვამ გადაწყვიტა, თავად გაესამართლებინა ისინი და წყალობა გამოავლინა დავითის მიმართ, რადგან სამეფოსთვის შეთანხმება ჰქონდა დადებული მასთან (2სმ. 7:11—16), დავითი თავად სწყალობდა სხვებს (1სმ. 24:4—7; შდრ. იაკ. 2:13) და ორივე შემცოდველი ინანიებდა (ფს. 51:1—4). თუმცა სასჯელი მათ ბოლომდე მაინც არ ასცდათ. წინასწარმეტყველი ნათანის პირით იეჰოვამ უთხრა დავითს: „შენი სახლიდანვე მოგივლენ უბედურებას“ (2სმ. 12:1—12).
ეს ასეც მოხდა. მრუშობით ჩასახული ბავშვი დაბადებიდან მალევე მოკვდა, მიუხედავად იმისა, რომ დავითი შვიდ დღეს მარხულობდა და გლოვობდა ავადმყოფი ბავშვის გამო (2სმ. 12:15—23). შემდეგ დავითის პირმშომ, ამნონმა თავისი ნახევარდა თამარი გააუპატიურა, რის გამოც ამნონი მოგვიანებით მისმა ძმამ მოკლა. ამან ძალიან დაამწუხრა დავითი (2სმ. 13:1—33). გავიდა დრო და მესამე ვაჟმა აბესალომმა, რომელიც დავითს ძალიან უყვარდა, არა მხოლოდ ტახტის ხელში ჩაგდება სცადა, არამედ მამის ხარჭებთანაც დაწვა, რითაც არაფრად ჩააგდო მამა და სახალხოდ შეურაცხყო (2სმ. 15:1—16:22). დავითი ყველაზე მეტად მაშინ დამცირდა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა და შვილი მამის წინააღმდეგ ამხედრდა. ეს ბრძოლა დავითის სურვილის საპირისპიროდ და სამწუხაროდ აბესალომის სიკვდილით დასრულდა (2სმ. 17:1—18:33). როცა აბესალომს გაურბოდა, დავითმა მე-3 ფსალმუნი დაწერა, სადაც ის ამბობს, რომ „ხსნა იეჰოვასგანაა“ (ფს. 3:8).
არაერთი შეცდომისა და მძიმე ცოდვის მიუხედავად დავითს სუფთა გული ჰქონდა — ყოველთვის ინანიებდა და იეჰოვას პატიებას სთხოვდა. ეს კარგად ჩანს ბათ-შებასთან დაკავშირებული შემთხვევიდან, რის შემდეგაც 51-ე ფსალმუნი დაწერა. ამ ფსალმუნში დავითი ამბობს: „დანაშაულში დავიბადე ... და ცოდვაში ჩავესახე დედაჩემს“ (ფს. 51:5). მან აგრეთვე თავმდაბლურად აღიარა, რომ შესცოდა, როცა სატანის წაქეზებით ჯარისთვის აღრიცხა მამაკაცები (2სმ. 24:1—17; 1მტ. 21:1—17; 27:24; იხ. ᲐᲦᲬᲔᲠᲐ, ᲐᲦᲠᲘᲪᲮᲕᲐ).
ტაძრისთვის ადგილის ყიდვა. მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელი შეცდომით გამოწვეული ჭირი შეწყდა, დავითმა ორნანისგან კალო შეიძინა და იეჰოვას შესწირა ხარები, რომლებიც ამ კალოზე ლეწავდნენ, შეშად კი კევრი გამოიყენა. სწორედ ამ ადგილას ააშენა სოლომონმა მოგვიანებით დიდებული ტაძარი (2სმ. 24:18—25; 1მტ. 21:18—30; 2მტ. 3:1). დავითს ყოველთვის უნდოდა ტაძრის აგება, მაგრამ ღმერთმა არ დართო ამის ნება. თუმცა დავითს უფლება მიეცა, დიდძალი ხალხი დაეყენებინა ქვის მთლელებად და სხვადასხვა მასალის მომმარაგებლებად. ამ მასალებში შედიოდა 100 000 ტალანტი ოქრო ($38 535 000 000), 1 000 000 ტალანტი ვერცხლი ($6 606 000 000) და აურაცხელი სპილენძი და რკინა (1მტ. 22:2—16). პირადი ქონებიდან დავითმა შესაწირავად გაიღო $1 202 000 000-ზე მეტი ღირებულების ოფირის ოქრო და ხალასი ვერცხლი. მან აგრეთვე მისცა სოლომონს ღვთივშთაგონებით მიღებული სამშენებლო პროექტი და ათიათასობით ლევიანისგან ჩამოაყალიბა მსახურების ჯგუფები, მათ შორის მგალობელთა და მუსიკოსთა დიდი გუნდი (1მტ. 23:1—29:19; 2მტ. 8:14; 23:18; 29:25; ეზრ. 3:10).
მმართველობის დასასრული. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლოგინად ჩავარდნილი 70 წლის მეფის ოჯახში უბედურება არ შეწყვეტილა. მისი მეოთხე ვაჟი ადონია მამისგან უჩუმრად, მისი თანხმობის გარეშე, და რაც უფრო უარესია, იეჰოვას ნებართვის გარეშე, გამეფებას შეეცადა. დავითმა ამ ამბის გაგებისთანავე თავისი ვაჟი სოლომონი, იეჰოვას რჩეული, მეფედ გამოაცხადა და ტახტზე დასვა (1მფ. 1:5—48; 1მტ. 28:5; 29:20—25; 2მტ. 1:8). შემდეგ დაარიგა სოლომონი, ევლო იეჰოვას გზებით, დაეცვა მისი წესები და მცნებები და ყველაფერში წინდახედულად მოქცეულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში სოლომონს ხელი არ მოემართებოდა (1მფ. 2:1—9).
40-წლიანი მმართველობის შემდეგ დავითი მოკვდა და დავითის ქალაქში დამარხეს. პავლემ ის რწმენით გამორჩეულ მოწმეთა საპატიო ჩამონათვალში მოიხსენია (1მფ. 2:10, 11; 1მტ. 29:26—30; სქ. 13:36; ებ. 11:32). 110-ე ფსალმუნის ციტირებისას იესომ თქვა, რომ ის დავითმა შთაგონებით დაწერა (მთ. 22:43, 44; მრ. 12:36). მოციქულები და ბიბლიის სხვა დამწერები ხშირად მოიხსენიებდნენ დავითს ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველად (ფს. 16:8 შდრ. სქ. 2:25-ს; ფს. 32:1, 2 შდრ. რმ. 4:6—8-ს; ფს. 41:9 შდრ. ინ. 13:18-ს; ფს. 69:22, 23 შდრ. რმ. 11:9, 10-ს; ფს. 69:25 და 109:8 შდრ. სქ. 1:16, 20-ს).
გადატანითი მნიშვნელობით. დავითსა და მის სამეფო დინასტიას წინასწარმეტყველები ხშირად მოიხსენიებდნენ, როცა „დავითის ტახტზე“ მსხდომ ისრაელის ბოლო მეფეებზე საუბრობდნენ (იერ. 13:13; 22:2, 30; 29:16; 36:30), ზოგჯერ კი წინასწარმეტყველური მნიშვნელობით იყენებდნენ (იერ. 17:25; 22:4; ამ. 9:11; ზქ. 12:7—12). მესიასთან დაკავშირებული ზოგიერთი წინასწარმეტყველება ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას მიერ დავითთან სამეფოსთვის დადებულ შეთანხმებაზე. მაგალითად, ესაია ამბობს, რომ ის, ვისაც დაერქმევა „საოცარი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, მარადიული მამა, მშვიდობის მთავარი“, სამარადისოდ განმტკიცდება „დავითის ტახტზე“ (ეს. 9:6, 7; შდრ. აგრეთვე 16:5). იერემია მესიას ადარებს „მართალ ყლორტს“, რომელსაც იეჰოვა აღმოუცენებს დავითს (იერ. 23:5, 6; 33:15—17). ეზეკიელის მეშვეობით იეჰოვამ მესია მოიხსენია მწყემსად და თავის მსახურ დავითად (ეზკ. 34:23, 24; 37:24, 25).
ანგელოზმა მარიამს აუწყა, რომ ეყოლებოდა ვაჟი, რომელსაც იესოს დაარქმევდა, და უთხრა, რომ „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს“ მისცემდა (ლკ. 1:32). დავითის ძე იესო ქრისტე დავითის ტახტის პირდაპირი და კანონიერი მემკვიდრე იყო (მთ. 1:1, 17; ლკ. 3:23—31). პავლემ თქვა, რომ იესო ხორციელად დავითის შთამომავალი იყო (რმ. 1:3; 2ტმ. 2:8). უბრალო ხალხმაც აღიარა ის „დავითის ძედ“ (მთ. 9:27; 12:23; 15:22; 21:9, 15; მრ. 10:47, 48; ლკ. 18:38, 39). ამ ფაქტის დადგენა მნიშვნელოვანი იყო, რადგან, როგორც ფარისევლები ამბობდნენ, მესია დავითის ძე უნდა ყოფილიყო (მთ. 22:42). მკვდრეთით აღმდგარმა იესომაც დაამოწმა საკუთარ თავზე: „მე, იესო ... ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი“ (გმც. 22:16; აგრეთვე გმც. 3:7; 5:5).
[დიაგრამა 589 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ ᲒᲔᲜᲔᲐᲚᲝᲒᲘᲐ
(მამაკაცების სახელები წერია მუქი შრიფტით)
ᲑᲝᲐᲖᲘ და რუთი (მისი ცოლი)
ᲝᲑᲔᲓᲘ
ᲘᲔᲡᲔ
ᲘᲔᲡᲔᲡ ᲝᲯᲐᲮᲘ
ᲔᲚᲘᲐᲑᲘ (ელიჰუ)
აᲑᲘᲜᲐᲓᲐᲑᲘ
ᲨᲐᲛᲐ (შიმეა, შიმეი)
ᲜᲔᲗᲐᲜᲔᲚᲘ
ᲠᲐᲓᲐᲘ
ᲝᲪᲔᲛᲘ
ცერუია
სახელი უცნობია
ᲓᲐᲕᲘᲗᲘ
აბიგაილი
ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ ᲓᲘᲡᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲫᲛᲘᲡᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ
ᲘᲔᲰᲝᲜᲐᲓᲐᲑᲘ
ᲐᲑᲘᲨᲐᲘ
ᲘᲝᲐᲑᲘ
ᲐᲡᲐᲰᲔᲚᲘ
ᲐᲛᲐᲡᲐ
ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ ᲪᲝᲚᲔᲑᲘ
მიქალი
ცოლები და ხარჭები (სახელები უცნობია)
ახინოამი
აბიგაილი
მააქა
ხაგითი
აბიტალი
ეგლა
ბათ-შება
ᲓᲐᲕᲘᲗᲘᲡ ᲨᲕᲘᲚᲔᲑᲘ
ᲐᲛᲜᲝᲜᲘ
ᲓᲐᲜᲘᲔᲚᲘ (ქილაბი)
ᲐᲑᲔᲡᲐᲚᲝᲛᲘ
ᲗᲐᲛᲐᲠᲘ
ᲐᲓᲝᲜᲘᲐ
ᲨᲔᲤᲐᲢᲘᲐ
ᲘᲗᲠᲔᲐᲛᲘ
ᲘᲑᲮᲐᲠᲘ
ᲔᲚᲘᲨᲣᲐ (ელიშამა)
ᲜᲝᲒᲐ
ᲔᲚᲘᲤᲔᲚᲔᲢᲘ (ელფელეტი)
ᲜᲔᲤᲔᲒᲘ
ᲘᲐᲤᲘᲐ
ᲔᲚᲘᲨᲐᲛᲐ
ᲑᲔᲔᲚᲘᲐᲓᲐ (ელიადა)
ᲔᲚᲘᲤᲔᲚᲔᲢᲘ
ᲘᲔᲠᲘᲛᲝᲗᲘ
სახელი უცნობია
ᲨᲘᲛᲔᲐ (შამუა)
ᲨᲝᲑᲐᲑᲘ
ᲜᲐᲗᲐᲜᲘ
ᲡᲝᲚᲝᲛᲝᲜᲘ (იედიდია)
ᲛᲐᲠᲘᲐᲛᲘ
ᲘᲝᲡᲔᲑᲘ