თავი 25
ორი მოწმის გამოცოცხლება
1. რის გაკეთებას უბრძანებს ძლიერი ანგელოზი იოანეს?
ვიდრე მეორე ვაი საბოლოოდ გადაივლიდეს, ძლიერი ანგელოზი უხმობს იოანეს, რომ მონაწილეობა მიიღოს ტაძრის შესახებ ნანახ წინასწარმეტყველურ ხილვაში (გამოცხადება 9:12; 10:1). აი რას ამბობს იოანე: «მომეცა კვერთხის მსგავსი ლერწამი და ანგელოზმა მითხრა: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძრის საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები“ » (გამოცხადება 11:1).
ტაძრის საწმინდარი
2. ა) რომელი ტაძრის საწმინდარი იარსებებდა ჩვენს დრომდე? ბ) ვინ არის მღვდელმთავარი ამ ტაძრის საწმინდარში და რა არის წმინდათაწმინდა?
2 აქ მოხსენიებულ ტაძარში იერუსალიმის ტაძარი არ იგულისხმება, რადგან ის ახ. წ. 70 წელს რომაელებმა გაანადგურეს. მოციქულმა პავლემ ახსნა, რომ იერუსალიმის ტაძრის განადგურებამდე გამოჩნდა სხვა ტაძრის საწმინდარი, რომელიც ჩვენს დრომდე იარსებებდა. ეს იყო დიდებული სულიერი ტაძარი, რომლის პირველსახესაც წარმოადგენდა კარავი, მოგვიანებით კი — იერუსალიმში აგებული ტაძრები. იოანემაც სწორედ ეს „ჭეშმარიტი კარავი [ნახა], რომელიც ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“. მისი მღვდელმთავარი იესოა; ის პავლეს სიტყვების თანახმად უკვე „სიდიადის ტახტის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“. ამ ტაძრის წმინდათაწმინდა არის ის ადგილი ზეცაში, სადაც თვით იეჰოვა იმყოფება (ებრაელები 8:1, 2; 9:11, 24).
3. რისი სიმბოლო იყო: ა) კარვის ფარდა, რომელიც წმინდათაწმინდას წმინდა ადგილისგან ყოფდა? ბ) ცხოველური შესაწირავები? გ) კარვის სამსხვერპლო?
3 მოციქული პავლე გვიხსნის, რომ კარვის ფარდა, რომელიც წმინდათაწმინდას წმიდა ადგილისგან ყოფს, იესოს სხეულის სიმბოლოა. როცა იესომ მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე, ეს ფარდა ორად გაიხა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ იესოს თავისი სხეული ხელს აღარ შეუშლიდა ზეცაში, იეჰოვას სამყოფელში შესასვლელად. ცხებულ მღვდლებს, სიკვდილამდე მის მორჩილებსა და ერთგულებს, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი თავის დროზე ზეცაში მოხვედრის საშუალებას აძლევს (მათე 27:50, 51; ებრაელები 9:3; 10:19, 20). როგორც პავლე აღნიშნავს, ცხოველური შესაწირავები, რომლებიც კარავში მუდმივად მიჰქონდათ, იმის მაჩვენებელი იყო, რომ იესო ერთხელ და სამუდამოდ გაიღებდა მსხვერპლად თავის სრულყოფილ ადამიანურ სიცოცხლეს. ეზოში მდგარი სამსხვერპლო წარმოადგენდა იმას, რასაც იეჰოვა თავისი ნებისამებრ გააკეთებდა იესოს მსხვერპლის მისაღებად, რომელიც მან გაიღო მრავალთათვის, როგორც ცხებულთათვის, ისე სხვა ცხვრისთვის, რომლებიც „მოუთმენლად ელიან ხსნას მისგან“ (ებრაელები 9:28; 10:9, 10; იოანე 10:16).
4. რას განასახიერებს: ა) წმინდა ადგილი? ბ) შიდა ეზო?
4 ღვთისგან შთაგონებული ცნობებიდან ვასკვნით, რომ კარვის წმინდა ადგილი განასახიერებს იმ სიწმინდეს, რომლითაც დედამიწაზე ყოფნისას გამოირჩეოდნენ, პირველ რიგში, იესო ქრისტე, შემდეგ კი 144 000 ცხებული, სამეფო სამღვდელოების წევრები, ვიდრე ფარდის მიღმა გავიდოდნენ (ებრაელები 6:19, 20; 1 პეტრე 2:9). აქედან კარგად ჩანს, რომ ღმერთმა ისინი ისევე აღიარა სულიერ შვილებად, როგორც ახ. წ. 29 წელს, ნათლობის შემდეგ მდინარე იორდანიდან ამოსული იესო (ლუკა 3:22; რომაელები 8:15). რას წარმოადგენს შიდა ეზო, კარვის ერთადერთი ნაწილი, რისი დანახვაც შეეძლოთ არასამღვდელო კლასის წარმომადგენელ ისრაელებს, და სადაც შესაწირავებს სწირავდნენ? ეს წარმოადგენს იესოს სრულყოფილებას, რამაც საშუალება მისცა, თავი გაეწირა კაცობრიობისთვის. ამაში ისიც იგულისხმება, რომ დედამიწაზე მცხოვრები წმინდები მართლებად არიან აღიარებული, რაც იესოს მსხვერპლმა გახადა შესაძლებელიa (რომაელები 1:7; 5:1).
ტაძრის საწმინდრის გაზომვა
5. ებრაული წერილების მიხედვით რას ნიშნავდა: ა) იერუსალიმის გაზომვა? ბ) ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის გაზომვა?
5 იოანეს ანგელოზმა უბრძანა, რომ გაეზომა ღვთის ტაძრის საწმინდარი, სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები. რას ნიშნავდა ეს? ებრაულ წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებში გაზომვა იმის გარანტია იყო, რომ სამართალი იეჰოვას სამართლიანი ნორმების გათვალისწინებით აღსრულდებოდა. ბოროტი მეფის, მენაშეს დროს იერუსალიმის გაზომვა იმის მაჩვენებელი იყო, რომ ქალაქს განადგურება არ ასცდებოდა (2 მეფეები 21:13; გოდება 2:8). იერუსალიმის გაზომვა, რაც მოგვიანებით იერემიამაც ნახა, უკვე იმაზე მიუთითებდა, რომ ქალაქი აღდგებოდა (იერემია 31:39; აგრეთვე იხილეთ ზაქარიას 2:2—8). მსგავსად ამისა, ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ტაძრის დეტალური გაზომვა ბაბილონში გადასახლებული იუდეველებისთვის იმის გარანტია იყო, რომ მათ სამშობლოში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღდგებოდა. ამას ისიც უნდა შეეხსენებინა შემცოდველი ისრაელებისთვის, რომ ღვთის წმინდა ნორმებით უნდა ეცხოვრათ (ეზეკიელი 40:3, 4; 43:10).
6. რისი მაჩვენებელი იყო ბრძანება, რომ იოანეს გაეზომა ტაძრის საწმინდარი და იქ მომსახურე მღვდლები? ახსენით.
6 ამგვარად, იოანესთვის მიცემული ბრძანება, რომ გაეზომა ტაძრის საწმინდარი და იქ მომსახურე მღვდლები, იმის მაჩვენებელი იყო, რომ ხელს ვერაფერი შეუშლიდა იეჰოვას განზრახვების შესრულებას, რომლებიც ეხებოდა როგორც ტაძარს, ისე მათ, ვისაც ტაძართან ჰქონდა კავშირი. ეს იმაზეც მიუთითებდა, რომ ღვთის განზრახვები მალე შესრულდებოდა. ახლა, როცა ყველაფერი იეჰოვას ძლიერი ანგელოზის ფეხქვეშ მოექცა, დროა, რომ „იეჰოვას სახლის მთა“ „განმტკიცდეს მთების მწვერვალებს ზემოთ“ (ესაია 2:2—4). განდგომილი ქრისტიანული სამყაროს საუკუნოვანი ბატონობის შემდეგ, იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობა უნდა განდიდდეს. მოვიდა იესოს ერთგული დახოცილი ძმების აღდგენისა და წმინდათაწმიდაში შესვლის დრო (დანიელი 9:24; 1 თესალონიკელები 4:14—16; გამოცხადება 6:11; 14:4). „ჩვენი ღვთის მონათაგან“, რომლებიც დედამიწაზე არიან, ბოლო ბეჭედდასმულები ღვთიური ნორმებით უნდა „გაიზომონ“. ისინი, როგორც ღვთის სულითცხებული ძეები, უნდა შეესაბამებოდნენ მათთვის დადგენილ მოთხოვნებს, ვინც მარადიულად დაიმკვიდრებს ტაძარს. იოანეს კლასს დღეს კარგად ესმის ეს წმინდა ნორმები და მზად არის, შეესაბამებოდეს მათ (გამოცხადება 7:1—3; მათე 13:41, 42; ეფესოელები 1:13, 14; შეადარეთ რომაელების 11:20).
ეზოს გათელვა
7. ა) რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ბ) როდის ითელებოდა ფეხით წმინდა ქალაქი 42 თვის განმავლობაში? გ) როგორ აჩვენა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ, რომ ვერ შეძლო იეჰოვას სამართლიანი ნორმების დაცვა 42 თვის განმავლობაში?
7 რატომ აუკრძალეს იოანეს ეზოს გაზომვა? ის გვეუბნება: „ეზო კი, რომელიც ტაძრის საწმინდრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს მიეცა. ისინი ფეხით გათელავენ წმინდა ქალაქს ორმოცდაორ თვეს“ (გამოცხადება 11:2). როგორც აღვნიშნეთ, შიდა ეზო დედამიწაზე მყოფი სულითცხებული ქრისტიანების მართლად აღიარებას ნიშნავს. მოგვიანებით გავიგებთ, რომ აქ საუბარია პირდაპირი გაგებით 42 თვეზე, რომელიც 1914 წლის დეკემბრიდან 1918 წლის ივნისამდე გრძელდება, როცა ყველა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, მკაცრად უნდა გამოცდილიყო. დაიცავდნენ ისინი იეჰოვას სამართლიან ნორმებს ომიანობის წლებში? უმეტესობამ ვერ შეძლო ეს. მთლიანობაში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ ნაციონალიზმი ღვთის კანონების მორჩილებაზე წინ დააყენა. ომი ძირითადად ქრისტიანულ ქვეყნებს შორის მიმდინარეობდა. სამღვდელოება ორივე მხარეს მოუწოდებდა, სანგრებში განლაგებულიყვნენ. მილიონობით ადამიანი დაიღუპა. 1918 წელს, როცა გასამართლება ღვთის სახლიდან დაიწყო, შეერთებული შტატებიც ჩაება ამ სისხლის ღვრაში. მთელი ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას ბრალი დაედო სისხლის ღვრაში. ის დაღვრილი სისხლი დღემდე ღვთის შურისძიებას ითხოვს (1 პეტრე 4:17). სამღვდელოება ერთხელ და სამუდამოდ იქნა უარყოფილი (ესაია 59:1—3, 7, 8; იერემია 19:3, 4).
8. პირველი მსოფლიო ომის დროს რა სირთულეს ხვდებოდნენ ბიბლიის მკვლევარები და რა არ ესმოდათ მათ ბოლომდე?
8 რა შეიძლება ითქვას ბიბლიის მკვლევარების პატარა ჯგუფზე? „გაზომეს“ თუ არა ისინი 1914 წელსვე, რათა ცხადი გამხდარიყო, შეესაბამებოდნენ თუ არა ღვთის ნორმებს? არა. ქრისტიანული სამყაროს ეგრეთ წოდებული ქრისტიანების მსგავსად, ისინიც უნდა გამოცდილიყვნენ. ისინი ‘გამოტოვებულნი იყვნენ და უცხოტომელებს მიეცნენ’ მკაცრი გამოცდისა და დევნისთვის. მრავალი მათგანი ხვდებოდა, რომ არ უნდა მოეკლა მოძმე, მაგრამ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ქრისტიანული ნეიტრალიტეტის მნიშვნელობა (მიქა 4:3; იოანე 17:14, 16; 1 იოანე 3:15). ერების მხრიდან ზეწოლის გამო ზოგი დათმობაზე წავიდა.
9. რომელია ერების მიერ ფეხით გათელილი წმინდა ქალაქი და ვინ არიან ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე?
9 რა გაგებით გაითელა წმინდა ქალაქი ერების ფეხქვეშ? ნათელია, წმინდა ქალაქში არ იგულისხმება იერუსალიმი, რომელიც გამოცხადების დაწერამდე 25 წლით ადრე განადგურდა. წმინდა ქალაქი ახალი იერუსალიმია, რაც „გამოცხადების“ ბოლოს არის მოხსენიებული. ამჟამად ამ ქალაქის წარმომადგენლები დედამიწაზე ტაძრის შიდა ეზოში მყოფი დარჩენილი ცხებული ქრისტიანები არიან. თავის დროზე ისინიც წმინდა ქალაქის ნაწილი გახდებიან. ამგვარად მათი ფეხით გათელვა წმინდა ქალაქის გათელვის ტოლფასია (გამოცხადება 21:2, 9—21).
ორი მოწმე
10. რა უნდა გაეკეთებინათ იეჰოვას ერთგულ მოწმეებს გათელვის დროს?
10 გათელვის დროს ეს მსახურები კვლავაც იეჰოვას ერთგულ მოწმეებად რჩებიან. წინასწარმეტყველება ასე გრძელდება: « „ჩემს ორ მოწმეს ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში ვაწინასწარმეტყველებინებ ჯვალოთი შემოსილებს“. ისინი წარმოდგენილნი არიან ორი ზეთისხილის ხით და ორი სალამპრით და დედამიწის უფლის წინაშე დგანან» (გამოცხადება 11:3, 4).
11. რას ნიშნავდა ერთგული ცხებული ქრისტიანებისთვის ჯვალოთი წინასწარმეტყველება?
11 ამ ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს მოთმინება ესაჭიროებოდათ, რადგან მათ „ჯვალოთი“ მოუწევდათ წინასწარმეტყველება. რას ნიშნავს ეს? ბიბლიურ დროში ჯვალო, ხშირ შემთხვევაში, მწუხარების ნიშანი იყო. ჯვალოს ტარება იმას მიანიშნებდა, რომ ადამიანი დამწუხრებული და დადარდიანებული იყო (დაბადება 37:34; იობი 16:15, 16; ეზეკიელი 27:31). ჯვალო უკავშირდებოდა უბედურების მომასწავებელ იმ სამწუხარო ცნობებს, რაც ღვთის წინასწარმეტყველებს უნდა გაეცხადებინათ (ესაია 3:8, 24—26; იერემია 48:37; 49:3). ჯვალოს ისინიც ატარებდნენ, ვინც ღვთის გაფრთხილებისამებრ თავს დაიმდაბლებდა და მოინანიებდა (იონა 3:5). ორი მოწმის მიერ ჯვალოს ტარება, როგორც ჩანს, იმის მაჩვენებელია, რომ თავმდაბლობით ითმენდნენ და აცხადებდნენ იეჰოვას განაჩენს. ეს მოწმეები აცხადებდნენ ერების დამამწუხრებელი შურისძიების დღის შესახებ (მეორე კანონი 32:41—43).
12. რატომ უნდა გავიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით ის რიცხვი, რომლითაც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვის დროა ნაჩვენები?
12 იოანეს კლასს ეს ცნობა დადგენილი დროის განმავლობაში, 1260 დღეს, იგივე 42 თვეს, უნდა ექადაგა, ანუ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენიც წმინდა ქალაქის ფეხით გათელვას დასჭირდებოდა. როგორც ჩანს, დროის ეს მონაკვეთი პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ, რადგან ორნაირად — დღეებითა და თვეებით, არის მოხსენიებული. გარდა ამისა, უფლის დღის დასაწყისში იყო დროის სამნახევარწლიანი განსაკუთრებული მონაკვეთი, როცა ღვთის ხალხის მიერ გადატანილი სირთულეები შეესაბამებოდა ამ წინასწარმეტყველებაში აღწერილს. ეს პერიოდი დაიწყო 1914 წლის დეკემბრიდან და 1918 წლის ივნისამდე გაგრძელდა (გამოცხადება 1:10). მათ „ჯვალოთი შემოსილებს“ უნდა გაეცხადებინათ ის განაჩენი, რომელიც იეჰოვამ ქრისტიანულ სამყაროსა და ქვეყნიერებას გამოუტანა.
13. ა) რას ნიშნავს ის, რომ ცხებული ქრისტიანები ორი მოწმით არიან წარმოდგენილი? ბ) ზაქარიას რომელ წინასწარმეტყველებას გვაგონებს იოანეს მიერ ორი მოწმის შედარება „ორ ზეთისხილის ხესა და ორ სალამპრესთან“?
13 ის ფაქტი, რომ ცხებულები ორი მოწმით არიან წარმოდგენილი იმას გვიდასტურებს, რომ მათი ცნობა ზუსტი და საფუძვლიანია (შეადარეთ მეორე კანონის 17:6; იოანეს 8:17, 18). იოანე მათ უწოდებს „ორ ზეთისხილის ხეს და ორ სალამპრეს“ და ამბობს, რომ ისინი „დედამიწის უფლის წინაშე დგანან“. აქ აშკარად ჩანს კავშირი ზაქარიას წინასწარმეტყველებასთან. მან იხილა შვიდლამპრიანი სალამპრე და ორი ზეთისხილის ხე. ზეთისხილის ხეები, როგორც ნათქვამი იყო, წარმოადგენდნენ „ორ ცხებულს“, ანუ „მთელი დედამიწის უფლის გვერდით მდგომ“ გამგებელ ზერუბაბელსა და მღვდელმთავარ იეჰოშუას (ზაქარია 4:1—3, 14).
14. ა) რას ნიშნავდა ზაქარიას ხილვაში ორი ზეთისხილის ხე და სალამპრე? ბ) რა მდგომარეობაში იქნებოდნენ ცხებული ქრისტიანები პირველი მსოფლიო ომის დროს?
14 ზაქარია განახლების პერიოდში ცხოვრობდა. მისი ხილვა ორ ზეთისხილის ხეზე იმას ნიშნავდა, რომ ზერუბაბელი და იეჰოშუა იეჰოვას სულით იქნებოდნენ კურთხეულნი და ხალხს სამუშაოს შესასრულებლად ძალას შემატებდნენ. სალამპრის ხილვამ ზაქარიას შეახსენა, რომ უმნიშვნელოდ არ ჩაეთვალა „მცირე წამოწყების დღე“, რადგან იეჰოვას განზრახვები შესრულდებოდა როგორც თავად ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ თქვა: „არც ჯარითა და არც ძლიერებით, არამედ ჩემი სულით“ (ზაქარია 4:6, 10; 8:9). ქრისტიანების პატარა ჯგუფი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჭეშმარიტების ნათელს ჰფენდა კაცობრიობას, მსგავს განახლებაში მიიღებდა მონაწილეობას. ისინიც გაამხნევებდნენ ხალხს, და რადგან ცოტანი იყვნენ, ისწავლიდნენ იეჰოვას ძალაზე მინდობას და უმნიშვნელოდ არ ჩათვლიდნენ „მცირე წამოწყების დღეს“.
15. ა) კიდევ რას მოგვაგონებს ცხებული ქრისტიანების ორ მოწმესთან შედარება? ახსენით. ბ) რა ნიშნების მოხდენის უნარი აქვს ორ მოწმეს?
15 ის, რომ ცხებულები ორ მოწმედ არიან აღწერილი, იესოს გარდაქმნის ხილვას მოგვაგონებს. ამ ხილვაში სამმა მოციქულმა იესო მეფური დიდებით იხილა. მის გვერდით მოსე და ელია იყვნენ. ეს ხილვა იმის მომასწავებელი იყო, რომ იესო თავის დიდებულ ტახტზე დაჯდებოდა 1914 წელს იმ საქმის შესასრულებლად, რომელიც ამ ორი წინასწარმეტყველით იყო წარმოდგენილი (მათე 17:1—3). გასაკვირი არ არის, რომ ორი მოწმე ახდენს ნიშნებს, რომლებიც მოსესა და ელიას მიერ მოხდენილ ნიშნებს მოგვაგონებს. მაგალითად, იოანე მათზე ამბობს: „თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ამგვარად უნდა მოიკლას. ისინი უფლებამოსილნი არიან, ჩაკეტონ ცა, რათა წვიმა არ მოვიდეს მათი წინასწარმეტყველების დღეებში“ (გამოცხადება 11:5, 6ა).
16. ა) რითი გვახსენებს ცეცხლოვანი ნიშანი იმ დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა? ბ) როგორ უყურებდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებს, როგორ უქმნიდა მათ სირთულეებს პირველი მსოფლიო ომის დროს, და რითი უპასუხეს ამას ბიბლიის მკვლევარებმა?
16 ეს ყოველივე გვახსენებს დროს, როცა ზოგიერთმა ისრაელმა მოსეს ძალაუფლება ეჭვქვეშ დააყენა. ამ წინასწარმეტყველმა ცეცხლოვანი სიტყვებით გამოაცხადა განაჩენი. იეჰოვამ გაანადგურა აჯანყებულები; მათგან 250 კაცი ზეციდან ჩამოსულმა ცეცხლმა შთანთქა (რიცხვები 16:1—7, 28—35). მსგავსად ამისა, ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები არაფრად აგდებდნენ ბიბლიის მკვლევარებს, რადგან სასულიერო სემინარიები არ ჰქონდათ დამთავრებული. ღვთის მოწმეებს თავიანთი უფლებამოსილების დასადასტურებლად უფრო საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდათ. ეს იყო თვინიერი ხალხი, რომელიც გამოეხმაურა წმინდა წერილებში ჩაწერილ ცნობას (2 კორინთელები 3:2, 3). 1917 წელს ბიბლიის მკვლევარებმა გამოსცეს წიგნი სახელწოდებით „დასრულებული საიდუმლო“, რომელშიც დამაფიქრებელი კომენტარები უკეთდებოდა წიგნებს „გამოცხადებასა“ და „ეზეკიელს“. ამას მოჰყვა ოთხგვერდიანი „ბიბლიის მკვლევარების ყოველთვიური ტრაქტატის“ 10 000 000 ეგზემპლარის გავრცელება. ამ ტრაქტატის წამყვანი სტატიის სათაური იყო „ბაბილონის დაცემა. რატომ უნდა დაიტანჯოს ქრისტიანული სამყარო. რა გამოსავალი არსებობს“. შეერთებულ შტატებში გაღიზიანებულმა სამღვდელოებამ ომით გამოწვეული არეულობა ამ წიგნის აკრძალვის მიზნით გამოიყენა. სხვა ქვეყნებში წიგნი ცენზურას დაექვემდებარა. მიუხედავად ამისა, ღვთის მსახურებმა გამოსცეს „ცეცხლოვანი“ ოთხგვერდიანი ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. უფლის დღის განმავლობაში გამოიცა სხვა პუბლიკაციებიც, რომლებიც ამხელდა ქრისტიანული სამყაროს სულიერ დაცემას (შეადარეთ იერემიას 5:14).
17. ა) ელიას დროს რამ გამოიწვია გვალვა და ცეცხლი? ბ) როგორ გამოვიდა ცეცხლი ორი მოწმის პირიდან და რა იყო ნაგულისხმევი გვალვაში?
17 როგორ უკავშირდება ეს ხილვა ელიას? ისრაელის მეფეების მმართველობის დროს, ელიამ გვალვა იწინასწარმეტყველა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვა ბაალის თაყვანისმცემელ ისრაელებს ურისხდებოდა. გვალვა სამ-ნახევარი წელიწადი გაგრძელდა (1 მეფეები 17:1; 18:41—45; ლუკა 4:25; იაკობი 5:17). მოგვიანებით, როცა ორგულმა მეფე ახაზიამ მეომრები გაგზავნა ელიას მოსაყვანად, წინასწარმეტყველმა ცეცხლს მოუხმო ზეციდან, რომ შთაენთქა ისინი. მხოლოდ მაშინ დათანხმდა ელია მეფესთან წასვლაზე, როცა ჯარის სარდალმა დააფასა ის როგორც წინასწარმეტყველი (2 მეფეები 1:5—16). მსგავსად ამისა, 1914—1918 წლებში დარჩენილი ცხებულები გაბედულად ამახვილებდნენ ყურადღებას ქრისტიანულ სამყაროში არსებულ სულიერ გვალვაზე და ყველას აფრთხილებდნენ „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღის“ ცეცხლოვანი განაჩენის შესახებ (მალაქია 4:1, 5; ამოსი 8:11).
18. ა) რა ძალაუფლება აქვს „ორ მოწმეს“ და რითი ჰგავს ეს მოსეს ძალაუფლებას? ბ) როგორ ამხელდა „ორი მოწმე“ ქრისტიანულ სამყაროს?
18 იოანე აგრძელებს საუბარს ორ მოწმეზე: „უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ და ყველანაირი წყლული შეჰყარონ დედამიწას, როცა კი მოისურვებენ“ (გამოცხადება 11:6ბ). ფარაონის დასარწმუნებლად, რომ გაეშვა ისრაელები, იეჰოვამ მოსეს ხელით ათი სასჯელი დაატეხა მჩაგვრელ ეგვიპტეს. ერთ-ერთი სასჯელი წყლის სისხლად გადაქცევა იყო. საუკუნეების შემდეგ ფილისტიმელებს, ისრაელის მტრებს, კარგად ახსოვდათ, რა დამართა იეჰოვამ ეგვიპტეს, ამიტომ ყვიროდნენ: „ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში“ (1 სამუელი 4:8; ფსალმუნი 105:29). მოსე განასახიერებდა იესოს, რომელსაც ჰქონდა უფლება, ღვთის განაჩენი გამოეცხადებინა იმ დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლებისთვის (მათე 23:13; 28:18; საქმეები 3:22). პირველი მსოფლიო ომის დროს ქრისტეს ძმები ანუ „ორი მოწმე“ ამხელდა იმ „წყლის“ მომაკვდინებელ თვისებებს, რომელსაც ქრისტიანული სამყარო ასმევდა თავის სამწყსოს.
„ორ მოწმეს“ კლავენ
19. „გამოცხადების“ თანახმად, რა მოხდა, როცა „ორმა მოწმემ“ დამოწმება დაასრულა?
19 იმდენად მკაცრი იყო ქრისტიანული სამყაროს სასჯელი, რომ 42 თვის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც „ორი მოწმე“ „ჯვალოთი“ ქადაგებდა, ქრისტიანულმა სამყარომ მათ დასახოცად თავისი ძალაუფლება გამოიყენა. იოანე წერდა: „როცა დაამთავრებენ დამოწმებას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს. მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ბოძზე, სულიერი გაგებით, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. ხალხები, ტომები, ენები და ერები უყურებენ მათ გვამებს სამ-ნახევარი დღე და არ დაამარხვინებენ გვამებს სამარხში. დედამიწის მკვიდრნი ხარობენ მათი სიკვდილის გამო და მხიარულობენ, ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი ტანჯავდა დედამიწის მკვიდრთ“ (გამოცხადება 11:7—10).
20. რას წარმოადგენს „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“?
20 „გამოცხადებაში“ მოყვანილი 37 შემთხვევიდან ამ მუხლში პირველად არის მოხსენიებული მხეცი. თავის დროზე ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ და სხვა მხეცებზე. ამჯერად მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“ სატანის მიზანს ემსახურება და მოქმედ პოლიტიკური სისტემას განასახიერებსb (შეადარეთ გამოცხადების 13:1; დანიელის 7:2, 3, 17).
21. ა) როგორ ისარგებლეს მდგომარეობით „ორი მოწმის“ მტრებმა? ბ) რაზე მიუთითებდა ის, რომ „ორი მოწმის“ გვამი დაუმარხავი იყო? გ) როგორ უნდა განვსაზღვროთ სამ-ნახევარი დღის ხანგრძლივობა? (იხილეთ სქოლიო)
21 ერები 1914—1918 წლებში პირველ მსოფლიო ომში იყვნენ ჩაბმული. მძლავრობდა ნაციონალისტური სულისკვეთება, რითაც 1918 წლის გაზაფხულზე „ორი მოწმის“ მტრებმა ისარგებლეს. მათ თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენეს ქვეყნის სამართლებრივი ორგანოები, რომ ბიბლიის მკვლევართაგან პასუხისმგებელი პირები ანტისახელმწიფოებრივი აგიტაციის ცრუ ბრალდებით დაეპატიმრებინათ. ბიბლიის მკვლევართა ერთგული თანამსახურები გაოგნებულები დარჩნენ. სამეფო საქმე თითქმის შეჩერდა. თითქოს ჩაკვდა სამქადაგებლო საქმიანობა. ბიბლიურ დროში დიდ სირცხვილად ითვლებოდა, თუ მკვდარს სამარხში არ დაასვენებდნენ (ფსალმუნი 79:1—3; 1 მეფეები 13:21, 22). ამგვარად, „ორი მოწმის“ დაუმარხავად დატოვება მათ შერცხვენას ნიშნავდა. პალესტინის ცხელ კლიმატში გარეთ დატოვებული გვამი სამ-ნახევარ დღეში ნამდვილად აყროლდებოდაc (შეადარეთ იოანეს 11:39). წინასწარმეტყველებაში აღწერილი ეს დეტალი მიუთითებს სირცხვილზე, რისი ატანაც „ორ მოწმეს“ მოუწევდა. ზემოხსენებულ დაპატიმრებულ ძმებს საქმის გასაჩივრებისას თავდებით გათავისუფლებაზეც კი უარი უთხრეს. ისინი იმდენ ხანს „ეყარნენ“, რომ „აყროლდნენ“ „დიდი ქალაქის“ მკვიდრთა თვალწინ. რას განასახიერებდა „დიდი ქალაქი“?
22. ა) რა არის დიდი ქალაქი? ბ) პრესა სამღვდელოებასთან ერთად რა სიხარულით შეხვდა „ორი მოწმის“ დადუმებას? (იხილეთ ჩარჩო)
22 იოანე გვეხმარება ამის უკეთ გაგებაში. ის ამბობს, რომ იესო იქ გააკრეს ბოძზე. ჩვენ მაშინვე იერუსალიმი გვახსენდება. იოანე იმასაც ამბობს, რომ ამ დიდ ქალაქს სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. იერუსალიმს უწმინდურების გამო ერთხელ უკვე ეწოდა სოდომი (ესაია 1:8—10; შეადარეთ ეზეკიელის 16:49, 53—58). ეგვიპტე კი, როგორც პირველი მსოფლიო მპყრობელი, ზოგჯერ ამ ქვეყნიერებას განასახიერებს (ესაია 19:1, 19; იოელი 3:19). ამგვარად, ამ დიდი ქალაქით წარმოდგენილია წაბილწული „იერუსალიმი“, რომელიც თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ სოდომივით უწმინდური და ცოდვილია, და „ეგვიპტესავით“ სატანის ქვეყნიერების ნაწილია. ის განასახიერებს ქრისტიანულ სამყაროს, ორგული იერუსალიმის თანამედროვე ორეულს, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც ხარობდნენ „ორი მოწმის“ დადუმებით, რომელთა ქადაგებაც მოსვენებას უკარგავდა მათ.
„ორი მოწმის“ აღდგომა
23. ა) რა განიცადა „ორმა მოწმემ“ სამ-ნახევარი დღის შემდეგ და რა გავლენა მოახდინა ამან მათ მტრებზე? ბ) როდის შესრულდა გამოცხადების 11:11, 12-სა და ეზეკიელის წიგნში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ველზე დაყრილ ძვლებზე, რომლებსაც იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა?
23 ღვთის ხალხის ძაგებაში სამღვდელოებას პრესაც შეუერთდა. ერთ გაზეთში ნათქვამი იყო: « „დასრულებული საიდუმლო“ დასრულდა». ეს ყველაფერი შორს იყო ჭეშმარიტებისგან! „ორი მოწმე“ მკვდარი არ დარჩენილა. ჩვენ ვკითხულობთ: «სამ-ნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისგან, ფეხზე დადგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. ციდან მოისმინეს დიდი ხმა, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ღრუბელში ავიდნენ ზეცად და მათი მტრები უყურებდნენ მათ» (გამოცხადება 11:11, 12). ამგვარად, მათაც იგივე განიცადეს, რაც ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახმა ველზე დაყრილმა ძვლებმა. იეჰოვამ სუნთქვა ჩაუდგა ამ ძვლებს და გააცოცხლა, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ ისრაელი ბაბილონის 70 წლიანი ტყვეობის შემდეგ ხელახლა დაიბადებოდა (ეზეკიელი 37:1—14). „ეზეკიელისა“ და „გამოცხადების“ წიგნებში ჩაწერილი ეს ორი წინასწარმეტყველება 1919 წელს შესრულდა, როცა იეჰოვამ თავის მკვდარ მოწმეებს სიცოცხლე და ძალა დაუბრუნა.
24. როდის დაუბრუნდა სიცოცხლე „ორ მოწმეს“ და როგორ იმოქმედა ამან მათ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე?
24 მართლაც რა თავზარდამცემი იყო ეს მათი მდევნელებისთვის! გვამებს სიცოცხლე დაუბრუნდა და „ორი მოწმე“ კვლავ ამოქმედდა. ეს დიდი დარტყმა იყო სამღვდელოებისთვის, რადგან ქრისტიანები, რომლებიც მათი ბრალდებით მოხვდნენ ციხეში, კვლავ თავისუფლებით სარგებლობდნენ; მოგვიანებით მათ ყველა ბრალდება მოუხსნეს. სამღვდელოებას კიდევ უფრო დიდი თავზარი დასცა 1919 წლის სექტემბერში, სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულმა ბიბლიის მკვლევართა კონგრესმა. ამ კონგრესზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ახალგათავისუფლებულმა პრეზიდენტმა ჯ. ფ. რუტერფორდმა კონგრესის დელეგატები წაახალისა გამოცხადების 15:2-სა და ესაიას 52:7-ზე დაფუძნებული მოხსენებით „აუწყეთ სამეფოს შესახებ“. იოანეს კლასმა კვლავ დაიწყო „წინასწარმეტყველება“, ანუ საჯაროდ ქადაგება. ისინი თანდათანობით იკრებდნენ ძალებს და უშიშრად ამხელდნენ ქრისტიანული სამყაროს თვალთმაქცობას.
25. ა) როდის უთხრეს „ორ მოწმეს“: „ამოდით აქ“? როგორ შესრულდა ეს? ბ) როგორ შეძრა დიდი ქალაქი „ორი მოწმის“ გაცოცხლებამ?
25 ქრისტიანული სამყარო კვლავ ცდილობდა ისეთივე წარმატებისთვის მიეღწია, როგორსაც 1918 წელს მიაღწია. ის ყველა მეთოდს იყენებდა — ბრბოს თავდასხმას, იურიდიულ მაქინაციებს, დაპატიმრებას, სიკვდილით დასჯასაც კი, მაგრამ უშედეგოდ! 1919 წლიდან „ორი მოწმის“ სულიერ სამყოფელს ვეღარ შეეხებოდა ქრისტიანული სამყარო. იმავე წელს იეჰოვამ უთხრა „ორ მოწმეს“: „ამოდით აქ“. მათ სულიერად ამაღლებულ მდგომარეობას მიაღწიეს. მტრები ხედავდნენ მათ, მაგრამ ვერაფერს აკლებდნენ. იოანე აღწერს, როგორ შეძრა დიდი ქალაქი მათმა გაცოცხლებამ: „იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი დაეცა, მიწისძვრამ შვიდი ათასი კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ (გამოცხადება 11:13). რელიგიურ სამყაროში მართლაც დიდი არეულობა მოხდა. როცა გამოცოცხლებული ქრისტიანები კვლავ შეუდგნენ საქმეს, თითქოს მიწა შეიძრა მრავალსაუკუნოვანი ეკლესიების წინამძღოლების ფეხქვეშ. ქალაქის მეათედი ანუ შვიდი ათასი კაცი იმდენად შეძრა მომხდარმა, რომ ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ.
26. ვინ არის წარმოდგენილი გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული ქალაქის მეათედითა და შვიდი ათასით? ახსენით.
26 სიტყვები „ქალაქის მეათედი“ გვახსენებს ესაიას წინასწარმეტყველებას ძველ იერუსალიმზე, რომლის მოსახლეობის მეათედიც, როგორც წმინდა შთამომავალი, უნდა გადარჩენილიყო ქალაქის განადგურების დროს (ესაია 6:13). გვახსენდება ის შემთხვევაც, როცა ელია ფიქრობდა, ისრაელში მხოლოდ მე დავრჩი ერთგულიო, თუმცა იეჰოვას სიტყვისამებრ, სინამდვილეში, კიდევ 7 000 კაცს არ მოედრიკა მუხლი ბაალის წინაშე (1 მეფეები 19:14, 18). I საუკუნეში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ამ 7 000 კაცით წარმოდგენილი იყო იუდეველთა დარჩენილი ნაწილი, რომელიც ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურა (რომაელები 11:1—5). ამ ბიბლიური მუხლებიდან ვიგებთ, რომ გამოცხადების 11:13-ში მოხსენიებული შვიდი ათასი და ქალაქის მეათედი წარმოადგენს მათ, ვინც გამოეხმაურა გაცოცხლებულ „ორ მოწმეს“ და დატოვა ცოდვილი დიდი ქალაქი. ისინი, ასე ვთქვათ, დაიხოცნენ ქრისტიანული სამყაროსთვის. ისინი აღარ მიეკუთვნებიან არც ერთ ეკლესიას. ქრისტიანული სამყაროსთვის ისინი უკვე დახოცილები არიანd.
27, 28. ა) როგორ მიაგეს დანარჩენებმა დიდება ზეციერ ღმერთს? ბ) რისი აღიარება მოუწია ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას?
27 მაგრამ როგორ მიაგეს დიდება ზეციერ ღმერთს ქრისტიანული სამყაროს დანარჩენმა წევრებმა? ხომ არ მიუტოვებიათ მათ განდგომილთა რელიგია და ღვთის მსახურები ხომ არ გამხდარან? ვინსენტის ნაშრომში „ახალი აღთქმის სიტყვათა განმარტებანი“ ფრაზის შესახებ „დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს“ აღნიშნულია: „ეს ფრაზა გულისხმობს არა მოქცევას, მონანიებას ან მადლიერების გამოხატვას, არამედ — აღიარებას. სწორედ ამ გაგებით გამოიყენება ეს ფრაზა წმინდა წერილებში. შეადარეთ იეს. vii. 19 (სეპტუაგინტა); იოან. ix. 24; საქ. xii. 23; რომ. iv. 20“. ქრისტიანულ სამყაროს, მისდა სამწუხაროდ, მოუწია იმის აღიარება, რომ ბიბლიის მკვლევარების ღმერთმა საოცარი რამ მოახდინა, როცა ისინი ქრისტიანულ საქმიანობას დაუბრუნა.
28 შესაძლოა, სამღვდელოებამ ეს მხოლოდ გულში აღიარა. საჯაროდ არც ერთ მათგანს არ უღიარებია „ორი მოწმის“ ღმერთი. იეჰოვას წინასწარმეტყველება, რომელიც იოანემ წარმოთქვა, გვეხმარება დავინახოთ, რა ჰქონდათ მათ გულში და როგორ დამცირდნენ 1919 წელს. იმ წლიდან, რაც შვიდი ათასმა კაცმა დატოვა ქრისტიანული სამყარო, სამწყსოს შენარჩუნების გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად სამღვდელოებას მოუწია იმის აღიარება, რომ იოანეს კლასის ღმერთი მათ ღმერთზე ძლიერი იყო. მომდევნო წლებში უფრო დაუფარავად აღიარეს ეს ჭეშმარიტება, როცა მათი მრევლი საგრძნობლად შემცირდა. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, იმეორებდნენ მათ სიტყვებს, ვინც ქარმელის მთაზე ბაალის თაყვანისმცემლებზე ელიას გამარჯვებას შეესწრო: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“ (1 მეფეები 18:39).
29. რა ახლოვდება სწრაფად იოანეს სიტყვების თანახმად და რა ელის ქრისტიანულ სამყაროს?
29 მაგრამ ისმინეთ, რას ამბობს იოანე: „მეორე ვაიმ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება“ (გამოცხადება 11:14). თუ ქრისტიანული სამყარო აქამდე მომხდარმა შეძრა, რა დაემართება, როცა მესამე ვაი გამოცხადდება, მეშვიდე ანგელოზი საყვირს დააყვირებს და ღვთის წმინდა საიდუმლო საბოლოოდ დასრულდება? (გამოცხადება 10:7)
[სქოლიოები]
a ამ დიდებულ სულიერ ტაძარზე დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი“, „საგუშაგო კოშკის“ 1996 წლის 1 ივლისის ნომერში.
b „უფსკრული“ (ბერძნულად, აბისოს; ებრაულად, ტეჰომ) სიმბოლურად უმოქმედობის ადგილს ნიშნავს (იხილეთ გამოცხადების 9:2). პირდაპირი გაგებით ის შეიძლება ზღვასაც გულისხმობდეს. ეს ებრაული სიტყვა ხშირად ღრმა წყლად ითარგმნება (ფსალმუნი 71:20; 106:9; იონა 2:5). ამგვარად „უფსკრულიდან ამომავალი მხეცი“ იგივეა, რაც „ზღვიდან ამომავალი მხეცი“ (გამოცხადება 11:7; 13:1).
c თუ განვიხილავთ, რა გადახდა თავს ღვთის ხალხს მაშინ, დავინახავთ, რომ თუმცა 42 თვე, როგორც ჩანს, პირდაპირი გაგებით სამ-ნახევარ წელიწადს ნიშნავს, სამ-ნახევარი დღე პირდაპირი გაგებით 84 საათიან დროის მონაკვეთს არ გულისხმობს. შესაბამისად სამ-ნახევარი დღე, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული (მე-9 და მე-11 მუხლები), იმაზე მიუთითებს, რომ პირველ სამ-ნახევარწლიან პერიოდთან შედარებით ეს დრო ხანმოკლე უნდა ყოფილიყო.
d ნახეთ, როგორ არის გამოყენებული სიტყვები „დაიხოცეთ“, „მკვდრები“ და „ცოცხლობთ“ რომაელების 6:2, 10, 11; 7:4, 6, 9-ში, გალატელების 2:19-სა და კოლოსელების 2:20; 3:3-ში.
[ჩარჩო 168 გვერდზე]
გამოცხადების 11:10-ში მოხსენიებული სიხარული
რ. ჰ. აბრამსი 1933 წელს გამოცემულ თავის ერთ-ერთ წიგნში საუბრობს იმ სასტიკ წინააღმდეგობაზე, რომლითაც სამღვდელოება შეხვდა ბიბლიის მკვლევართა წიგნის — „დასრულებული საიდუმლოს“ გამოცემას. ის აღნიშნავს, როგორ ცდილობდა სამღვდელოება ბიბლიის მკვლევარებისა და მათი „დამღუპველი მწვალებლობის“ თავიდან მოშორებას. ამას მოჰყვა სასამართლო პროცესი, რის შემდეგაც ჯ. ფ. რუტერფორდსა და მის შვიდ თანამოაზრეს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს. დ-რ აბრამსი წერს: «ყველა ფაქტის განხილვის შემდეგ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ იმ მოძრაობის მიღმა, რომლის მიზანიც „რასელისტების“ განადგურება იყო, ძირითადად, ეკლესიები და სამღვდელოება იდგა. 1918 წლის თებერვალში კანადაში სამღვდელოების წარმომადგენლებმა სისტემატურად დაიწყეს გალაშქრება „რასელისტებისა“ და მათი პუბლიკაციების, კერძოდ, „დასრულებული საიდუმლოს“ წინააღმდეგ. უინიპეგში გამომავალ გაზეთში „ტრიბუნა“ ნათქვამი იყო, რომ მათი წიგნის აკრძალვის ინიციატორები, როგორც ვარაუდობდნენ, „სამღვდელოების წარმომადგენლები იყვნენ“ ».
დ-რ აბრამსი დასძენს: «როდესაც მათი ოცწლიანი პატიმრობის შესახებ ცნობა რელიგიური პრესის გამომცემლებს მისწვდა, ყველა დიდი თუ მცირე პუბლიკაციიდან გამოჩნდა, რომ ამ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ. ტრადიციულ რელიგიურ ჟურნალებში თანაგრძნობის ერთი სიტყვაც ვერ ვნახე. „უდავოა, — დაასკვნა ეპტონ სინკლერმა, — რომ დევნა. . . ნაწილობრივ იმ სიძულვილით აიხსნება, რასაც ტრადიციული რელიგიები ავლენდნენ მათ მიმართ“. ის, რაც ეკლესიებს ერთობლივად არ გამოუვიდათ, როგორც ჩანს, მთავრობამ შეძლო». რელიგიური პუბლიკაციებიდან რამდენიმე დამამცირებელი კომენტარის მოხსენიების შემდეგ, წიგნის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბრალდებების გაუქმების ფაქტიც მოიხსენია და აღნიშნა: „ამ გადაწყვეტილებას ეკლესიები დუმილით შეხვდნენ“ („Preachers Present Arms“).
[სურათი 163 გვერდზე]
იოანე ზომავს სულიერ ტაძარს.
ცხებული მღვდლები ღვთის ნორმებს უნდა შეესაბამებოდნენ.
[სურათები 165 გვერდზე]
ზერუბაბელისა და იეჰოშუას მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები იმის მაჩვენებელი იყო, რომ უფლის დღეს დაწყებულ „მცირე წამოწყებას“ იეჰოვას მოწმეთა რიცხვის განსაკუთრებული ზრდა მოჰყვებოდა. ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ისეთი ადმინისტრაციული ცენტრების გაფართოება, როგორიც ზემოთ არის ნაჩვენები (ბრუკლინი, ნიუ-იორკი).
[სურათები 166 გვერდზე]
მოსესა და ელიას წინასწარმეტყველური მოღვაწეობა „ორი მოწმის“ მიერ გაცხადებულ „ცეცხლოვან“ განაჩენზე მიუთითებდა.
[სურათები 169 გვერდზე]
ეზეკიელის 37-ე თავში მოხსენიებული ძვლების მსგავსად „ორი მოწმეც“ გაცოცხლდა, რათა დღეს სამქადაგებლო საქმიანობას გასძღოლოდა.