რომაელების მიმართ
8 ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფთ მსჯავრი არ ედებათ, 2 რადგან სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოს მეშვეობით, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლათ.+ 3 ის, რაც კანონმა ვერ შეძლო,+ რადგან მას ძალა დაუკარგა+ ცოდვილმა ხორცმა, ღმერთმა აღასრულა, როცა გამოგზავნა თავისი ძე,+ ცოდვილ კაცთა მსგავსი,+ ცოდვის აღმოსაფხვრელად. ამგვარად ის მსჯავრს სდებს ხორცში დამკვიდრებულ ცოდვას, 4 რათა კანონის სამართლიანი მოთხოვნები შევასრულოთ ჩვენ,+ ვინც ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით.+ 5 ხორცით მავალნი ხორციელზე ფიქრობენ,+ ხოლო სულით მავალნი — სულიერზე.+ 6 ხორციელზე ფიქრს სიკვდილი მოჰყვება,+ სულიერზე ფიქრს კი — სიცოცხლე და მშვიდობა,+ 7 ვინაიდან ხორციელზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს,+ რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება. 8 ასე რომ, ვინც ხორციელი სურვილებით ცხოვრობს, ვერ ასიამოვნებს ღმერთს.
9 თუ ღვთის სული ნამდვილად მკვიდრობს თქვენში, ხორციელ სურვილებს კი არ ხართ აყოლილნი, არამედ სულს მიჰყვებით;+ ვისაც ქრისტეს მსგავსი სულისკვეთება არა აქვს, ის ქრისტესი არ არის. 10 მართალია, თქვენი სხეული ცოდვის გამო კვდება, მაგრამ, თუ ქრისტესთან ხართ გაერთიანებულნი,+ სული სიცოცხლეს გიბოძებთ, რაკი მართლებად ჩაითვალეთ. 11 თუ თქვენში მისი სული მკვიდრობს, ვინც იესო მკვდრეთით აღადგინა,+ მაშინ ის თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს+ თქვენში დამკვიდრებული თავისი სულით.
12 მაშ ასე, ძმებო, ჩვენ იძულებულნი არ ვართ, დავემორჩილოთ ხორცს და მისი სურვილებით ვიცხოვროთ.+ 13 თუ ხორციელ სურვილებს აჰყვებით, სიკვდილი არ აგცდებათ, მაგრამ, თუ ღვთის სულით სხეულის საქმეებს ჩაკლავთ,+ იცოცხლებთ,+ 14 ვინაიდან ყველა, ვისაც ღვთის სული მიუძღვება, ღვთის ძეა.+ 15 თქვენ არ მიგიღიათ მონობის სული, რომ კვლავინდებურად შიშით იყოთ მოცული, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა*, მამა!“+ 16 თავად ეს სული უმოწმებს ჩვენს სულს,+ რომ ღვთის შვილები ვართ.+ 17 და, თუ შვილები ვართ, მემკვიდრენიც ვართ — ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი+ — ოღონდ მასთან ერთად უნდა ვიტანჯოთ,+ რომ მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც.+
18 ამიტომ, ვფიქრობ, ახლანდელი ტანჯვა არაფერია იმ დიდებასთან შედარებით, რომელსაც ღმერთი ჩვენი მეშვეობით გააცხადებს.+ 19 მთელი ქმნილება ხომ მოუთმენლად ელის ღვთის ძეების გამოცხადებას,+ 20 ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას,+ არამედ მისი ნებით, ვინც ის დაუმორჩილა ამაოებას იმ იმედის საფუძველზე, 21 რომ ქმნილებაც გათავისუფლდებოდა+ ხრწნის მონობისგან და მიიღებდა ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას, 22 რადგან ვიცით, რომ მთელი ქმნილება დღემდე ოხრავს და იტანჯება. 23 ჩვენც, ვისაც გვაქვს ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარი* ანუ სული, ვოხრავთ+ და მთელი გულით ველით შვილებას,+ ჩვენი სხეულებიდან გათავისუფლებას გამოსასყიდით. 24 ამ იმედით გადავრჩით. გამართლებული იმედი კი იმედი აღარ არის, რადგან, როცა იმედი მართლდება, განა მას კვლავ იმედი ჰქვია?! 25 მაგრამ, თუ ჯერ კიდევ არ გამართლებულა+ ჩვენი იმედი,+ მას მოთმინებით+ ველით.
26 ამასთანავე, სული გვეხმარება უძლურებისას,+ რადგან, როცა არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული სწვდება ჩვენს გამოუთქმელ ოხვრას და გვშუამდგომლობს; 27 გულთამხილავ ღმერთსაც+ ესმის, რას გამოთქვამს სული, რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდებს.
28 ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველაფერს თავის მოყვარულთა, თავისი განზრახვით მოხმობილთა სასიკეთოდ აკეთებს;+ 29 ისინი, ვისი არსებობაც მან თავიდანვე განსაზღვრა, იმისთვის განაწესა, რომ თავისი ძის მსგავსები ყოფილიყვნენ,+ რათა ის პირმშო გამხდარიყო+ მრავალ ძმას შორის.+ 30 გარდა ამისა, ვინც განაწესა,+ მათ მოუხმო კიდეც,+ და ვისაც მოუხმო, მართლადაც მიიჩნია.+ დაბოლოს, ვინც მართლად მიიჩნია, განადიდა კიდეც.+
31 ამაზე რაღას ვიტყვით? თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ რას გახდება ჩვენ წინააღმდეგ?!+ 32 ის, ვინც საკუთარი ძე გაიმეტა და ყველას შემოგვწირა,+ განა მასთან ერთად სხვა ყველაფერსაც არ გვიბოძებს?! 33 ვინ დასდებს ბრალს ღვთის რჩეულებს?+ ისინი ხომ თვით ღმერთმა მიიჩნია მართლად.+ 34 ვინ დაგვდებს მსჯავრს? ვერავინ! ქრისტე იესო ხომ მოკვდა და აღდგა, ღვთის მარჯვნივ არის+ და გვშუამავლობს კიდეც!+
35 განა ჩამოგვაშორებს რამე ქრისტეს სიყვარულს?!+ განა ჩამოგვაშორებს მას გასაჭირი, ვაება, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე თუ მახვილი?!+ 36 როგორც დაწერილია: „შენი გულისთვის ყოველდღე სასიკვდილოდ გვიმეტებენ, დასაკლავ ცხვრებად მიგვიჩნევენ“,+ 37 მაგრამ ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისი წყალობით,+ ვინც შეგვიყვარა, 38 რადგან მჯერა, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც ხელისუფლებები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები,+ 39 ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია!