ეკლესიასტე
12 გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში,+ სანამ დაგდგომია დამამწუხრებელი დღეები+ და წლები, როცა იტყვი, სიცოცხლე აღარ მიხარიაო, 2 სანამ დაბნელებულა მზე, მთვარე და ვარსკვლავები,+ სანამ თავსხმის მერე ისევ გამოჩენილა ღრუბელი*, 3 სანამ სახლის მცველები აკანკალებულან, ძალ-ღონით სავსე კაცები მოხრილან, დამფქველ ქალებს სიმცირის გამო მუშაობა შეუწყვეტიათ და სარკმლიდან მომზირალ ქალებს სიბნელე უხილავთ,+ 4 სანამ ქუჩაში გამავალი კარები ჩაკეტილა, წისქვილის ხმა შესუსტებულა, კაცი ჩიტის ხმაზე წამომდგარა და მომღერალ ასულებს ხმა წასვლიათ,+ 5 სანამ კაცს სიმაღლის შიში გასჩენია და ქუჩაში შიშს შეუპყრია, სანამ აყვავებულა ნუში+ და კუტკალია წალასლასებულა, კაპარი დამსკდარა, რადგან კაცი იმ სახლში წავა, სადაც დიდხანს იცხოვრებს,+ სანამ მგლოვიარეთ ქუჩაში უვლიათ,+ 6 სანამ ვერცხლის ბაწარი გაწყვეტილა, ოქროს თასი დამსხვრეულა, დოქი წყაროზე გატეხილა და ჭის ბორბალი დამტვრეულა. 7 მაშინ მტვერი დაუბრუნდება მიწას,+ სადაც მანამდე იყო, სული* კი — ღმერთს, მის მბოძებელს.+
8 „ამაოებათა ამაოება! — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერი ამაოებაა“.+
9 შემკრები თავადაც დაბრძენდა და ხალხსაც ასწავლიდა იმას, რაც იცოდა;+ ფიქრობდა და გულმოდგინედ იკვლევდა, რათა მრავალი იგავისთვის მოეყარა თავი.+ 10 შემკრები ცდილობდა, სასიამოვნო სიტყვები ეპოვა+ და ზედმიწევნით გადმოეცა ჭეშმარიტება.
11 ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა+ და მათ მიერ შეგროვებული გამონათქვამები — ჩაჭედებული ლურსმნებივით; ერთი მწყემსისგანაა ისინი. 12 შვილო, დანარჩენს ყველაფერს მოერიდე: წიგნების წერას ბოლო არ ექნება და მათზე გადაყოლა დამღლელია.+
13 ამ ყოველივეს მოსმენის შემდეგ დასკვნა ასეთია: ღვთისა გეშინოდეს+ და მისი მცნებები დაიცავი,+ რადგან ეს არის ადამიანის ვალდებულება!+ 14 ყველა საქმეს ღმერთი განსჯის, ყველაფერს, რაც დაფარულია, და შეაფასებს, კარგია თუ ცუდი.+