ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔ
ღვთის ძის სახელი და წოდებულება დედამიწაზე წმინდა სულით ცხების შემდეგ.
სახელი „იესო“ (ბერძ. იესუს) შეესატყვისება ებრაულ სახელს იეშუა (სახელის სრული ფორმაა იეჰოშუა), რაც ნიშნავს „იეჰოვაა ხსნა“. ეს სახელი პირველ საუკუნეში საკმაოდ გავრცელებული იყო, ამიტომ მეტი სიზუსტისთვის იესოს ხშირად „იესო ნაზარეთელს“ ეძახდნენ (მრ. 10:47; სქ. 2:22). სახელი „ქრისტე“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ქრისტოს, რომლის ებრაული შესატყვისია მაშიახ (მესია), ნიშნავს ცხებულს. მართალია, ქრისტემდე სხვებსაც მართებულად უწოდებდნენ ცხებულს, მაგალითად, მოსეს, აარონსა და დავითს (ებ. 11:24—26; ლვ. 4:3; 8:12; 2სმ. 22:51), მაგრამ მათი მდგომარეობა და მსახურება, რისთვისაც ისინი იყვნენ ცხებულნი, იესო ქრისტეს უფრო აღმატებული მდგომარეობისა და მსახურების მომასწავებელი იყო. აქედან გამომდინარე, ამ სიტყვის განსაკუთრებული გაგებით მხოლოდ და მხოლოდ იესო არის „ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“ (მთ. 16:16; იხ. ᲥᲠᲘᲡᲢᲔ; ᲛᲔᲡᲘᲐ).
განკაცებამდე. იესო ქრისტეს სახელით ცნობილ პიროვნებას არსებობა დედამიწაზე არ დაუწყია. ის თავადვე ამბობდა, რომ განკაცებამდე ზეცაში ცხოვრობდა (ინ. 3:13; 6:38, 62; 8:23, 42, 58). იოანეს 1:1, 2-დან ვიგებთ, რა ეწოდებოდა ზეცაში მოგვიანებით იესოდ წოდებულს: „დასაწყისში იყო სიტყვა [ბერძ. ლოგოს], სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი [„ღვთაებრივი“, AT, Mo, აგრეთვე გერმანულ თარგმანებში Böhmer, Stage]. ის დასაწყისში ღმერთთან იყო“. ვინაიდან იეჰოვა მარადიული და დაუსაბამოა (ფს. 90:2; გმც. 15:3), მაშასადამე „დასაწყისში“ უნდა იგულისხმებოდეს მისი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისი. ამას ადასტურებს სხვა მუხლებიც, სადაც იესოს ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (კლ. 1:15; გმც. 1:1; 3:14). ამგვარად, ბიბლია „სიტყვას“ (ანუ იესოს განკაცებამდე) აიგივებს ღვთის პირველ ქმნილებასთან, მის პირმშოსთან.
თვით იესოს სიტყვებიც მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა იყო მისი მამა ანუ სიცოცხლის მიმცემი და, აქედან გამომდინარე, იესო ღვთის ერთ-ერთი ქმნილება იყო. იესომ შემდეგი სიტყვებით აღიარა, რომ დასაბამი მას ღმერთმა მისცა: „მისით [მამით] ვცოცხლობ“. როგორც კონტექსტიდან ჩანს, ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ მისი სიცოცხლე მამაზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც მოკვდავი ადამიანების სიცოცხლე იყო დამოკიდებული იმაზე, იწამებდნენ თუ არა იესოს მსხვერპლს (ინ. 6:56, 57).
თუ თანამედროვე მეცნიერთა გამოთვლები სამყაროს ასაკთან დაკავშირებით ზუსტია, იესოს, როგორც სულიერ ქმნილებას, ადამიანის შექმნამდე მილიარდობით წელი უნდა ეარსება (შდრ. მქ. 5:2). იეჰოვამ თავისი სულიერი ძისა და პირმშოს მეშვეობით შექმნა ყველაფერი (ინ. 1:3; კლ. 1:16, 17), მათ შორის თავისი ზეციერი ოჯახის მილიონობით სხვა სულიერი ძე (დნ. 7:9, 10; გმც. 5:11), სამყარო და მასში არსებული ქმნილებები. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სწორედ თავის პირმშოს მიმართა იეჰოვამ შემდეგი სიტყვებით: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ანარეკლად, ჩვენს მსგავსებად“ (დბ. 1:26). ყველა ქმნილება „მისი მონაწილეობით“ შეიქმნა, უფრო მეტიც, ისინი „მისთვის“ ანუ ღვთის პირმშოსა და „ყოვლის მემკვიდრისთვის“ შეიქმნა (კლ. 1:16; ებ. 1:2).
ის არ არის შემოქმედი. მართალია, ძე მამას შემოქმედებაში ეხმარებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისიც შემოქმედი იყო. ამას ის ღვთის წმინდა სულით ანუ მოქმედი ძალით აკეთებდა (დბ. 1:2; ფს. 33:6). ვინაიდან იეჰოვაა ყოველგვარი სიცოცხლის წყარო, ყველა ქმნილება, უსულო თუ სულიერი, მას უნდა უმადლოდეს არსებობას (ფს. 36:9). ასე რომ, ძე შემოქმედი კი არა, შემოქმედის ანუ იეჰოვას დამხმარე იყო. ყოველივეს შემოქმედად იესო ღმერთს თვლიდა. ამ აზრს მთელი წმინდა წერილიც უჭერს მხარს (მთ. 19:4—6; იხ. ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ).
გაპიროვნებული სიბრძნე. რასაც „სიტყვის“ შესახებ ვკითხულობთ, ძალიან ჰგავს იმ აღწერილობას, რომელსაც იგავების 8:22—31-ში ვხვდებით. ამ მუხლებში სიბრძნე გაპიროვნებულია, მას თითქოს შეუძლია მეტყველება და მოქმედება (იგ. 8:1). ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში მოღვაწე მრავალი ქრისტიანი ღვთისმეტყველი თვლიდა, რომ ეს მუხლები სიმბოლურად აღწერდა ღვთის ძეს განკაცებამდე. ზემოთ განხილული ბიბლიური მუხლებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ძე იეჰოვამ „შექმნა“ და ის არის „მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი, მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი“. „იგავების“ ამ მუხლებიდან კარგად ჩანს, რომ დედამიწის შექმნის დასაწყისში ძე მის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“. აღსანიშნავია, რომ ებრაულში არსებით სახელებს აქვთ სქესი (როგორც სხვა მრავალ ენაში). სიტყვა „სიბრძნე“ ყოველთვის მდედრობითი სქესისაა. ეს ასეა გაპიროვნებული სიბრძნის შემთხვევაშიც, რაც არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ სიბრძნით ღვთის მხოლოდშობილი ძეა წარმოდგენილი. ბერძნული სიტყვა „სიყვარული“, რომელიც გვხვდება ფრაზაში „ღმერთი სიყვარულია“ (1ინ. 4:8), მდედრობითი სქესისაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთიც მდედრობითი სქესისაა. სოლომონმა, „იგავების“ დიდი ნაწილის დამწერმა (იგ. 1:1), სიტყვა კოჰელეთ (შემკრები) საკუთარ თავთან მიმართებით გამოიყენა (ეკ. 1:1) მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვაც მდედრობითი სქესისაა.
სიბრძნე ყოველთვის რაღაცაში ვლინდება. ღვთის სიბრძნე მის ქმნილებებში გამოვლინდა (იგ. 3:19, 20) მისი ძის მეშვეობით (შდრ. 1კრ. 8:6). კაცობრიობასთან დაკავშირებული ღვთის ბრძნული განზრახვაც ცხადი გახდა მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით. მასშია თავმოყრილი ღვთის სიბრძნე. ამიტომაც ამბობდა მოციქული პავლე, რომ „ქრისტე ღვთის ძალა და ღვთის სიბრძნეა“ და რომ ის „გახდა სიბრძნე ღვთისგან, სიმართლე, სიწმინდე და გამოსასყიდით გამათავისუფლებელი“ (1კრ. 1:24, 30; შდრ. 1კრ. 2:7, 8; იგ. 8:1, 10, 18—21).
რა გაგებით არის იესო „მხოლოდშობილი ძე“. მართალია, იესოს ეწოდება „მხოლოდშობილი ძე“ (ინ. 1:14; 3:16, 18; 1ინ. 4:9), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის მიერ შექმნილი სხვა სულიერი ქმნილებები არ არიან მისი ძეები. ბიბლია მათაც ღვთის ძეებს უწოდებს (დბ. 6:2, 4; იობ. 1:6; 2:1; 38:4—7). იესო უშუალოდ მამამ შექმნა, ამიტომ ის, როგორც ღვთის პირმშო, განსაკუთრებულია და განსხვავდება ღვთის ყველა სხვა ძისგან, რომლებიც იეჰოვამ თავისი პირმშოს მეშვეობით შექმნა. აქედან გამომდინარე, „სიტყვა“ იეჰოვას „მხოლოდშობილი ძეა“ ამ სიტყვის განსაკუთრებული გაგებით, ისევე როგორც ისაკი იყო აბრაამის „მხოლოდშობილი ძე“ განსაკუთრებული გაგებით (აბრაამს ისაკამდე უკვე ჰყავდა ძე, მაგრამ არა თავისი ცოლისგან, სარასგან) (ებ. 11:17; დბ. 16:15).
რატომ ეწოდება „სიტყვა“. სახელი (შესაძლოა წოდებულება) „სიტყვა“ (ინ. 1:1), როგორც ჩანს, ყურადღებას ამახვილებს ღვთის პირმშოს იმ მოვალეობაზე, რომელსაც ის სხვა მოაზროვნე ქმნილებების შექმნის შემდეგ ასრულებდა. მსგავს აზრს ვხვდებით გამოსვლის 4:16-ში, სადაც იეჰოვა მოსეს მის ძმაზე, აარონზე ეუბნება: „შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. ის იქნება შენთვის ბაგე, შენ კი ღმერთი იქნები მისთვის“. მოსესთვის, დედამიწაზე ღვთის მთავარი წარმომადგენლისთვის, აარონი „ბაგე“ ანუ მისი სიტყვების გადამცემი უნდა ყოფილიყო. იმავეს თქმა შეიძლება „სიტყვაზე“ ანუ ლოგოსზე, რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტეს სახელით გახდა ცნობილი. იეჰოვა სულიერი ძეებისგან შემდგარ ოჯახს, როგორც ჩანს, თავისი ძის მეშვეობით გადასცემდა სხვადასხვა ცნობასა თუ მითითებას ისევე, როგორც დედამიწაზე მცხოვრებთ. იესომ თავის ებრაელ მსმენელებს შემდეგი სიტყვებით დაანახვა, რომ ღვთის „სიტყვა“ ანუ მისი წარმომადგენელი იყო: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა. ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ ჩემით ვლაპარაკობ“ (ინ. 7:16, 17; შდრ. ინ. 12:50; 18:37).
უეჭველია, იესომ, როგორც „სიტყვამ“, ზეცაში ცხოვრებისას ადამიანებსაც არაერთხელ გადასცა იეჰოვას სიტყვები. მართალია, ბიბლიის ზოგიერთი მუხლი ისეთ აზრს ტოვებს, თითქოს იეჰოვა უშუალოდ ესაუბრებოდა ადამიანებს, მაგრამ სხვა მუხლებიდან აშკარად ჩანს, რომ ის ამას ანგელოზების მეშვეობით აკეთებდა (გმ. 3:2—4 შდრ. სქ. 7:30, 35-ს; აგრეთვე დბ. 16:7—11, 13; 22:1, 11, 12, 15—18). გონივრულია დავასკვნათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ღმერთი ამას „სიტყვის“ მეშვეობით აკეთებდა. ეს, როგორც ჩანს, ასე იყო ედემშიც, ვინაიდან იმ სამი შემთხვევიდან, როცა ღმერთი ადამიანებს ესაუბრებოდა, ორ შემთხვევაში ჩანს, რომ ღმერთთან ერთად ვიღაც იყო და ეს ვიღაც, უეჭველია, მისი ძე უნდა ყოფილიყო (დბ. 1:26—30; 2:16, 17; 3:8—19, 22). ანგელოზი, რომელიც ისრაელს უდაბნოში მიუძღოდა და რომლის ხმაც გულისყურით უნდა მოესმინათ (რადგან მასში იყო ღვთის სახელი), ღვთის ძე, „სიტყვა“ უნდა ყოფილიყო (გმ. 23:20—23; შდრ. იეს. 5:13—15).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ „სიტყვა“ იეჰოვას ერთადერთი ზეციერი მაცნე იყო. საქმეების 7:53-ში, გალატელების 3:19-სა და ებრაელების 2:2, 3-ში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან ჩანს, რომ კანონის შეთანხმება მოსეს ღვთის სხვა ზეციერმა ძეებმა გადასცეს.
იესოს ზეციური დიდების მიღების შემდეგაც „ღვთის სიტყვა“ ეწოდება (გმც. 19:13, 16).
რატომ ეწოდება იესოს იოანეს 1:1-ში ღმერთი?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ამ მუხლიდან ჩანს, „სიტყვა იყო ღმერთთან“, აქედან გამომდინარე, სიტყვა ღმერთი ანუ ყოვლისშემძლე ღმერთი ვერ იქნებოდა (სიტყვა რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ყოფილიყო, მე-2 მუხლი აზრს მოკლებული იქნებოდა). გარდა ამისა, ღმერთად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა (თეოს) ამ მუხლში პირველად განსაზღვრული არტიკლით (ბერძ. ო) გვხვდება, მეორედ კი უარტიკლოდ. ამ ფაქტთან დაკავშირებით ერნსტ ჰენხენი იოანეს სახარების (1—6 თ-ები) კომენტარში აღნიშნავს: „θεός [თეოს ღმერთი, ღვთაებრივი (უარტიკლოდ)] და ὁ θεός [ო თეოს ღმერთი (განსაზღვრული არტიკლით)] იმ დროს ერთი და იმავეს არ ნიშნავდა სინამდვილეში, სახარების დამწერისთვის მხოლოდ მამა იყო ღმერთი ([ო თეოს]; შდრ. 17:3). ძე მას ექვემდებარებოდა (შდრ. 14:28). მაგრამ ამ მუხლში ეს მხოლოდ ნაგულისხმევია, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება ერთის მეორესთან სიახლოვეზე იუდაისტურ და ქრისტიანულ მონოთეიზმში სავსებით დასაშვები იყო ღვთის გვერდით მყოფი და მისი მორჩილი ღვთაებრივი არსებების ხსენება, მაგრამ ისინი ღმერთთან არ ყოფილან გაიგივებულნი. ამას ადასტურებს ფილიპელების 2:6—10-ში ჩაწერილი სიტყვები. ამ მუხლებში პავლე აღწერს ერთ-ერთ ღვთაებრივ ქმნილებას, რომელიც მოგვიანებით იესო ქრისტეს სახით განკაცდა ასე რომ, ფილიპელებშიც და იოანეს 1:1-შიც საუბარი არ მიდის ორ ერთარსს შორის ურთიერთობაზე, არამედ ორი სხვადასხვა პიროვნების კავშირზე“ (John 1, რ. უ. ფუნკის ინგლისური თარგმანი, 1984, გვ. 109, 110).
ჰენხენს ჯერ იოანეს 1:1გ ნაწილის თავისეული თარგმანი მოჰყავს („და სიტყვა იყო ღვთაებრივი“), შემდეგ კი დასძენს: «ამ შემთხვევაში ზმნა „იყო“ [ენ] მტკიცებას გამოხატავს. შესაბამისად, შედგენილი შემასმენელიც გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ. θεός [თეოს ღვთაებრივი] განსხვავდება ὁ θεός [ო თეოსისგან ღმერთისგან]» (გვ. 110, 111). ფილიპ ჰარნერი ამ აზრს ავითარებს და იოანეს 1:1-ის გრამატიკული წყობის შესახებ ამბობს, რომ შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილი უარტიკლოდ არის მოცემული, რაც, როგორც წესი, თვისებას უსვამს ხაზს და მიუთითებს, რომ „ლოგოსი ბუნებით არის თეოსი“. ჰარნერი დასძენს: „ჩემი აზრით, იოანეს 1:1-ში შედგენილი შემასმენლის სახელადი ნაწილის თვისებრივი მხარე იმდენად აშკარაა, რომ შეუძლებელია, მასში მოცემული არსებითი სახელი [თეოს] განსაზღვრულ არსებით სახელად იქნეს მიჩნეული“ (Journal of Biblical Literature, 1973, გვ. 85, 87). სხვა მთარგმნელებიც აღიარებენ, რომ ამ ბერძნულ სიტყვას თვისებრივი დატვირთვა აქვს და აღწერს „სიტყვის“ ბუნებას, ამიტომაც ამ ფრაზას შემდეგნაირად თარგმნიან: „სიტყვა იყო ღვთაებრივი“ (AT, Sd, შდრ. Mo; იხ. აქ, დანართი, გვ. 1757).
ებრაული წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ყოვლისშემძლე ღმერთი, ყოველივეს შემოქმედი და უზენაესი, რომლის სახელია იეჰოვა (დბ. 17:1; ეს. 45:18; ფს. 83:18). ამიტომაც ეუბნებოდა მოსე ისრაელს: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (კნ. 6:4, 5). ამ სწავლებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ღვთის მსახურებს სწამდათ, ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც უჭერს მხარს (მრ. 12:29; რმ. 3:29, 30; 1კრ. 8:6; ეფ. 4:4—6; 1ტმ. 2:5). თავად იესო ამბობდა, რომ მამა მასზე დიდი იყო და მამას, თავის ღმერთს, „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ უწოდებდა (ინ. 14:28; 17:3; 20:17; მრ. 15:34; გმც. 1:1; 3:12). იესომ არაერთხელ აჩვენა, რომ ის მამაზე დაბლა იდგა და მას ემორჩილებოდა (მთ. 4:9, 10; 20:23; ლკ. 22:41, 42; ინ. 5:19; 8:42; 13:16). იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მისი მოციქულებიც იმავე სურათს გვიხატავენ (1კრ. 11:3; 15:20, 24—28; 1პტ. 1:3; 1ინ. 2:1; 4:9, 10).
ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ წერია იოანეს 1:1-ში, რომ „სიტყვა იყო ღმერთი“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ღვთის ქმნილებათა შორის „სიტყვას“, როგორც პირმშოს, განსაკუთრებული მდგომარეობა უკავია, მისი მეშვეობით შეიქმნა ყველაფერი და ის არის ღვთის წარმომადგენელი, თავისუფლად შეგვიძლია მას ღმერთი ვუწოდოთ, რაც ებრაულად ძლიერს ნიშნავს. ესაიას 9:6-ში მესიაზე ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის იქნებოდა თავის ქვეშევრდომთათვის „მარადიული მამა“ და „ძლიერი ღმერთი“, მაგრამ არა ყოვლისშემძლე ღმერთი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამას „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა“ გააკეთებდა (ეს. 9:7). თუ ღვთის მტერს, სატანა ეშმაკს, ეწოდება ღმერთი (2კრ. 4:4), რადგან მას ძალაუფლება აქვს ადამიანებსა თუ დემონებზე (1ინ. 5:19; ლკ. 11:14—18), მით უმეტეს მართებულია, ღვთის მხოლოდშობილ ძეს ეწოდოს ღმერთი, „მხოლოდშობილი ღმერთი“, იოანეს 1:18-ის ყველაზე სანდო ხელნაწერების თანახმად.
როცა მოწინააღმდეგეებმა იესოს ბრალი დასდეს იმაში, რომ ღმერთად მოჰქონდა თავი, მან მიუგო: «განა თქვენს კანონში არ წერია: „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“? თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება, ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი?» (ინ. 10:31—37). ამ შემთხვევაში იესომ 82-ე ფსალმუნიდან მოიყვანა ციტატა, სადაც „ღმერთები“ ეწოდებათ ღვთის მიერ დაგმობილ, სამართლის უგულებელმყოფელ მოსამართლეებს (ფს. 82:1, 2, 6, 7). ამგვარად იესომ აჩვენა, რამდენად არაგონივრული იყო მათი მხრიდან მისთვის მკრეხელობაში ბრალის დადება იმის გამო, რომ ამბობდა ღვთის ძე (და არა ღმერთი) ვარო.
მკრეხელობაში იესოს მას შემდეგ დასდეს ბრალი, რაც მან თქვა: „მე და მამა ერთნი ვართ“ (ინ. 10:30). ის, რომ იესოს თავი მამად და ღმერთად არ მოჰქონდა, კარგად ჩანს მისი პასუხიდან, რომელიც ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ. თუ რა ერთობას გულისხმობდა იესო, მისი სიტყვების კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ის საუბრობდა თავის საქმეებზე და „ცხვრების“ ანუ თავის მიმდევართა მიმართ გამოვლენილ მზრუნველობაზე. ის სიტყვითა და საქმით აჩვენებდა, რომ მასსა და მამას შორის ერთსულოვნება იყო, რაც კარგად გამოჩნდა მისი პასუხიდან (ინ. 10:25, 26, 37, 38; შდრ. ინ. 4:34; 5:30; 6:38—40; 8:16—18). „ცხვარს“ იესოცა და მამაც ერთსულოვნად იცავდნენ და მარადიული სიცოცხლისკენ მიუძღოდნენ (ინ. 10:27—29; შდრ. ეზკ. 34:23, 24). იესო თავისი ყველა მოწაფის, მათ შორის მომავალი მოწაფეების, ერთიანობაზე ლოცულობდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იესოსა და მამას შორის ერთიანობაში მათი ერთარსობა კი არა, მიზნისა და მოქმედების სრული თანხმობა იგულისხმებოდა. მოწაფეებიც ერთნი უნდა ყოფილიყვნენ, როგორც იესო და მამა იყვნენ ერთნი (ინ. 17:20—23).
ამ აზრს თომასთვის გაცემული იესოს პასუხი ეთანხმება: „მე რომ გცნობებოდით, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“. ფილიპეს კი ასეთი სიტყვები უთხრა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (ინ. 14:5—9). იესოს მომდევნო სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ეს ასე იყო, რადგან ის ზედმიწევნით ჰბაძავდა მამას, მამის სიტყვებს გადასცემდა და მამის საქმეებს აკეთებდა (ინ. 14:10, 11; შდრ. ინ. 12:28, 44—49). იმ დღესვე, სიკვდილის წინა საღამოს, იესომ იმავე მოწაფეებს უთხრა: „მამა ჩემზე დიდია“ (ინ. 14:28).
სხვა ბიბლიური მუხლებიდანაც ჩანს, თუ რა გაგებით შეიძლებოდა იესოში მამის დანახვა. მაგალითად, იაკობმა ესავს უთხრა: „ვიხილე კიდეც შენი სახე, თითქოს ღვთის სახე მეხილოს, და შენც კეთილად მიმიღე“. იაკობმა ესავს ეს იმიტომ უთხრა, რომ მისი რეაქცია ისეთი იყო, როგორსაც იაკობი ღმერთს შესთხოვდა (დბ. 33:9—11; 32:9—12). მას შემდეგ, რაც ღმერთმა ქარიშხლიდან დასმული კითხვებით იობს ბევრ რამეზე აუხილა თვალი, მან ღმერთს უთხრა: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“ (იობ. 38:1; 42:5; იხ. აგრეთვე მსჯ. 13:21, 22). მას გაუნათლდა „გულის თვალები“ (შდრ. ეფ. 1:18). ის, რომ იესოს სიტყვები მამის დანახვის შესახებ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, იოანეს 6:45-ში ჩაწერილი მისივე სიტყვებიდან ჩანს. ამაზე მოწმობს იესოს სიკვდილიდან ათეულობით წლის შემდეგ იოანეს მიერ დაწერილი სიტყვებიც: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს. მამის მკერდთან მყოფმა მხოლოდშობილმა ღმერთმა მოგვითხრო მასზე“ (ინ. 1:18; 1ინ. 4:12).
რა იგულისხმა თომამ, როცა იესოს უთხრა „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“?
როცა იესო თომასა და სხვა მოციქულებს გამოეცხადა, მის აღდგომაში დარწმუნებულმა თომამ შესძახა: «ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო! [სიტყვასიტყვით „უფალო ჩემო და ღმერთო (ო თეოს) ჩემო!“]» (ინ. 20:24—29). ზოგი მეცნიერის აზრით იესოსთვის ნათქვამი სიტყვები, რომლებიც თომას გაოცებისგან აღმოხდა, სინამდვილეში ღვთისადმი, იესოს მამისადმი იყო მიმართული. ზოგი კი ამბობს, რომ ბერძნული ტექსტიდან გამომდინარე ეს სიტყვები იესოს მისამართით იყო წარმოთქმული. ასეც რომ იყოს, სიტყვები „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო“, მთელი წმინდა წერილის შუქში უნდა განვიხილოთ. ცოტა ხნით ადრე იესომ თავის მოწაფეებს შეუთვალა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან“. აქედან გამომდინარე, არა გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ თომა იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად მიიჩნევდა (ინ. 20:17). იოანე ჯერ თომასა და მკვდრეთით აღმდგარი იესოს შეხვედრას აღგვიწერს, შემდეგ იესოს ცხოვრების ამ თუ სხვა დეტალების შესახებ ამბობს: „მაგრამ ესენი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ღვთის ძე, და რწმენით გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელის მეშვეობით“ (ინ. 20:30, 31).
ასე რომ, თომას იესოსთვის ღმერთი იმ გაგებით არ უწოდებია, თითქოს ის ყოვლისშემძლე ღმერთი ანუ „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ იყო. მას ხომ არაერთხელ ჰქონდა მოსმენილი, როგორ მიმართავდა იესო მამას ლოცვით (ინ. 17:1—3). თომამ მიმართვა „ჩემო ღმერთო“ შეიძლება იმ გაგებით გამოიყენა, რა გაგებითაც თავისი წინაპრები იყენებდნენ და რაც მან ებრაული წერილებიდან იცოდა. ზოგჯერ ადამიანები, რომლებსაც იეჰოვას ანგელოზები ეცხადებოდნენ, ისე ესაუბრებოდნენ მათ, თითქოს თავად იეჰოვა ღმერთს მიმართავდნენ. ზოგჯერ კი ბიბლიის დამწერები, რომლებიც ამ შემთხვევებს აღწერდნენ, ანგელოზებს იეჰოვა ღმერთად მოიხსენიებდნენ (შდრ. დბ. 16:7—11, 13; 18:1—5, 22—33; 32:24—30; მსჯ. 6:11—15; 13:20—22). ეს იმიტომ, რომ ზეციერი მაცნეები იეჰოვას სახელით მოქმედებდნენ და საუბრობდნენ, ზოგჯერ პირველ პირშიც კი ამბობდნენ: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი“ (დბ. 31:11—13; მსჯ. 2:1—5). აქედან გამომდინარე, თომამ შეიძლება იესოს იმიტომ უწოდა „ჩემო ღმერთო“, რომ მას ჭეშმარიტი ღვთის წარმომადგენლად აღიარებდა. ასე იყო თუ ისე, თომას სიტყვები არ ეწინააღმდეგება თავისივე ყურით მოსმენილ იესოს სიტყვებს, კერძოდ, „მამა ჩემზე დიდია“ (ინ. 14:28).
განკაცება. იესოს დაბადებამდე ანგელოზები დედამიწას ადამიანის სახით ევლინებოდნენ. ასეთ შემთხვევებში ისინი ხორცს ისხამდნენ და დავალების შესრულების შემდეგ ისევ სულიერ სხეულს იბრუნებდნენ (დბ. 19:1—3; მსჯ. 6:20—22; 13:15—20). ამგვარად ისინი სულიერ ქმნილებებად რჩებოდნენ და ხორცს მხოლოდ დროებით ისხამდნენ. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა იესოს განკაცების შემთხვევაში. იოანეს 1:14-ში ნათქვამია, რომ „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა“. ამიტომაც უწოდებდა ის თავს „კაცის ძეს“ (ინ. 1:51; 3:14, 15). ფრაზის — „ჩვენ შორის დამკვიდრდა“ [სიტყვასიტყვით „კარვობდა“] — საფუძველზე ზოგი ამტკიცებს, რომ იესო ადამიანი კი არა, ხორცშესხმული ანგელოზი იყო. საყურადღებოა, რომ მოციქული პეტრე მსგავს ფრაზას საკუთარ თავთან მიმართებით იყენებს, მაგრამ ფაქტია, ის ხორცშესხმული ანგელოზი არ ყოფილა (2პტ. 1:13, 14).
ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესო ქრისტე ასე დაიბადა: დედამისი მარიამი იოსებზე იყო დანიშნული. ჯერ არ იყვნენ შეუღლებულები, როცა აღმოჩნდა, რომ ის ორსულად იყო წმინდა სულისგან“ (მთ. 1:18). მანამდე იეჰოვას ანგელოზს ქალწული მარიამი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ღვთის წმინდა სული გადმოვიდოდა მასზე და ღვთის ძლიერება დაჩრდილავდა, რის შედეგადაც საშვილოსნოში ნაყოფი ჩაესახებოდა (ლკ. 1:30, 31, 34, 35). როგორც ჩანს, მარიამის კვერცხუჯრედი იეჰოვა ღმერთის ჩარევით განაყოფიერდა. ამ პროცესის დროს ღმერთმა თავისი პირმშოს სიცოცხლე სულიერი სფეროდან ფიზიკურ სამყაროში გადმოიტანა (გლ. 4:4). მხოლოდ ასე შეიძლებოდა, რომ ის, ვინც ქვეყანას მოევლინებოდა, იგივე პიროვნება ყოფილიყო, რაც მანამდე ზეცაში იყო როგორც „სიტყვა“. ამგვარად ის მარიამის ნამდვილი შვილი, შესაბამისად, თავისი წინაპრების — აბრაამის, ისაკის, იაკობის, იუდასა და მეფე დავითის — შთამომავალი და მათთვის ღვთის მიერ მიცემული დაპირებების კანონიერი მემკვიდრე გახდა (დბ. 22:15—18; 26:24; 28:10—14; 49:10; 2სმ. 7:8, 11—16; ლკ. 3:23—34; იხ. ᲘᲔᲡᲝ ᲥᲠᲘᲡᲢᲔᲡ ᲒᲔᲜᲔᲐᲚᲝᲒᲘᲐ). როგორც ჩანს, ის გარეგნულად თავის ებრაელ დედას ჰგავდა.
მარიამი, როგორც ცოდვილი ადამის შთამომავალი, არასრულყოფილი და ცოდვილი იყო. ამიტომ იბადება კითხვა, როგორ შეიძლებოდა, იესო, მარიამის პირმშო (ლკ. 2:7), სრულყოფილი და უცოდველი ადამიანი ყოფილიყო. მართალია, გენეტიკოსებმა ბევრი რამ გაიგეს მემკვიდრულობის კანონებისა და დომინანტური თუ რეცესიული ნიშან-თვისებების შესახებ, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ საშუალება, გამოეკვლიათ, რა ხდება სრულყოფილი და არასრულყოფილი გენეტიკური მასალის შერწყმის შედეგად, როგორც ეს იესოს ჩასახვის შემთხვევაში მოხდა. ბიბლიის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სრულყოფილმა სასიცოცხლო ძალამ (რომელმაც ჩასახვა განაპირობა) მარიამის კვერცხუჯრედში არსებული არასრულყოფილება დათრგუნა, რის შედეგადაც წარმოიქმნა სრულყოფილი გენეტიკური კოდი და, შესაბამისად, განვითარდა სრულყოფილი ჩანასახი. ასე იყო თუ ისე, ფაქტი ერთია: ამ შემთხვევაში ღვთის წმინდა სულმა განაპირობა ღვთის განზრახვის წარმატებით განხორციელება. როგორც ანგელოზმა გაბრიელმა ამცნო მარიამს, მას „უზენაესის ძლიერება“ დაჩრდილავდა. ამგვარად, ვინც დაიბადებოდა, იქნებოდა წმინდა, ღვთის ძე. ღვთის წმინდა სული ჩასახვიდანვე იცავდა ჩანასახს ყოველგვარი მავნე ზეგავლენისა თუ არასრულყოფილებისგან (ლკ. 1:35).
იესოს დაბადება ღვთის წმინდა სულის ძალით მოხდა, ამიტომ არ იქნებოდა სწორი მისი ადამიანად მოვლინება რომელიმე მამაკაცს, მაგალითად, მის მამობილს, იოსებს, მივაწეროთ. ეს უშუალოდ ღვთის ჩარევით მოხდა (მთ. 2:13—15; ლკ. 3:23). ებრაელების 10:5-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთმა სხეული გაუმზადა მას, ამიტომ იესო ჩასახვის დღიდანვე „უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ იყო (ებ. 7:26; შდრ. ინ. 8:46; 1პტ. 2:21, 22).
ესაიას 52:14-ში მესიის შესახებ ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ მისი შესახედაობა დამახინჯებული იქნებოდა. ფაქტია, რომ ეს პირდაპირი გაგებით არ უნდა გავიგოთ (შდრ. იმავე თავის მე-7 მუხლი). იესოს სრულყოფილი სხეული ჰქონდა, მაგრამ ჭეშმარიტებისა და სიმართლის გაბედულად გაცხადების გამო ის საძულველი გახდა თავისი თვალთმაქცი მოწინააღმდეგეებისთვის. ისინი მას ბელზებელის მოციქულს, დემონით შეპყრობილსა და ღვთისმგმობელ თაღლითს უწოდებდნენ (მთ. 12:24; 27:39—43; ინ. 8:48; 15:17—25). მოგვიანებით იესოს მოწაფეები მათ მიერ გაცხადებული ცნობის გამო ამ ცნობის დამფასებელთათვის სიცოცხლის „ტკბილ სურნელებად“ იქცნენ, ხოლო უარმყოფელთათვის „სიკვდილის სურნელებად“ (2კრ. 2:14—16).
დაბადების დრო და მსახურების ხანგრძლივობა. იესო, როგორც ჩანს, ძვ. წ. 2 წლის ეთანის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) დაიბადა, ახ. წ. 29 წლის დაახლოებით იმავე პერიოდში მოინათლა და ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, პარასკევს, 14 ნისანს (მარტ-აპრილი), დაახლოებით დღის 3 საათზე დაასრულა მიწიერი ცხოვრება. ამის თქმის საფუძველს ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გვაძლევს.
იესო დაიბადა თავისი ნათესავის, იოანეს (ნათლისმცემელი), დაბადებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, რომის იმპერატორ კეისარ ავგუსტუსის მმართველობისა (ძვ. წ. 31— ახ. წ. 14) და სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს (კვირინიუსის გამგებლობის სავარაუდო დრო იხ. ᲡᲢᲐᲢᲘᲐᲨᲘ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ, ᲐᲦᲠᲘᲪᲮᲕᲐ); ეს პერიოდი დაემთხვა იუდეაში ჰეროდე დიდის მმართველობის დასასრულს (მთ. 2:1, 13, 20—22; ლკ. 1:24—31, 36; 2:1, 2, 7).
იესოს დაბადება და ჰეროდეს სიკვდილი. მართალია, ჰეროდეს სიკვდილის დრო დღემდე კამათის საგნად რჩება, მაგრამ მრავალი რამ მოწმობს იმაზე, რომ ის ძვ. წ. 1 წელს გარდაიცვალა (იხ. ᲰᲔᲠᲝᲓᲔ №1 [გარდაცვალების თარიღი]; ᲥᲠᲝᲜᲝᲚᲝᲒᲘᲐ [მთვარის დაბნელების შემთხვევები]). იესოს დაბადებიდან ჰეროდეს სიკვდილამდე რიგი მოვლენა მოხდა: მერვე დღეს იესო წინადაცვითეს (ლკ. 2:21); დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს (ლკ. 2:22, 23; ლვ. 12:1—4, 8); აღმოსავლეთიდან ბეთლემში ასტროლოგები მივიდნენ (იესო ამ დროს სახლში იყო და არა ბოსელში [მთ. 2:1—11; შდრ. ლკ. 2:7, 15, 16]); იოსები და მარიამი ბავშვთან ერთად ეგვიპტეში გაიქცნენ (მთ. 2:13—15), რის შემდეგაც ჰეროდე მიხვდა, რომ ასტროლოგებმა მისი მითითება არ შეასრულეს; ბეთლემსა და მის შემოგარენში ორ წლამდე ყველა ბიჭი დახოცეს (რაც იმაზე მეტყველებს, რომ იესო იმ დროს ჩვილი არ ყოფილა) (მთ. 2:16—18). ეს მოვლენები თავისუფლად შეიძლება მომხდარიყო ძვ. წ. 2 წლის შემოდგომიდან ახ. წ. 1 წლამდე (იესოს დაბადებიდან ჰეროდეს სიკვდილამდე). მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, რის საფუძველზეც შეიძლება ითქვას, რომ იესო ძვ. წ. 2 წელს დაიბადა.
იესოს დაბადება და იოანეს მსახურება. ამ ქვესათაურის დასაწყისში მოცემული თარიღების სიზუსტეზე ლუკას 3:1—3 მოწმობს, სადაც ნათქვამია, რომ იოანე ნათლისმცემელმა ქადაგება და ხალხის მონათვლა „კეისარ ტიბერიუსის მმართველობის მეთხუთმეტე წელს“ დაიწყო. ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელი ახ. წ. 28 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და ახ. წ. 29 წლის აგვისტო-სექტემბერში დასრულდა (იხ. ᲢᲘᲑᲔᲠᲘᲣᲡᲘ). იოანეს მსახურება უკვე დაწყებული ჰქონდა, როცა იესო მასთან მივიდა მოსანათლად. ამ დროს იესო „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო“. ამის შემდეგ ის თავადაც შეუდგა მსახურებას (ლკ. 3:21—23). ვინაიდან იესო 30 წლის იყო (იმ ასაკისა, რა ასაკშიც დავითი გამეფდა), ის მეტად აღარ ექვემდებარებოდა მშობლებს (2სმ. 5:4, 5; შდრ. ლკ. 2:51).
რიცხვების 4:1—3, 22, 23, 29, 30-დან ვიგებთ, რომ კანონის შეთანხმების თანახმად საწმინდარში მსახურებას ოცდაათი წლიდან იწყებდნენ. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც ლევიანი და მღვდლის შვილი იყო, სწორედ ამ ასაკში დაიწყო არა ტაძარში მსახურება, არამედ იეჰოვასგან მიღებული განსაკუთრებული დავალების შესრულება (ლკ. 1:1—17, 67, 76—79). ბიბლია გვიკონკრეტებს (ორჯერ) იესოსა და იოანეს შორის ასაკობრივ სხვაობას და გვანახვებს ამ ორი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ანგელოზების მიერ გაცხადებულ დეტალებს შორის კავშირს (ლკ. 1), რაც იმაში გვარწმუნებს, რომ მათი მსახურება დროის მიხედვით მსგავსად წარიმართა ანუ იოანეს (იესოს წინამორბედი) მსახურების დაწყებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ იესომაც დაიწყო მსახურება.
აქედან გამომდინარე, იოანე დაიბადა ძვ. წ. 3 წლის მეორე ნახევარსა და ძვ. წ. 2 წლის აგვისტო-სექტემბერს შორის. ამ თარიღამდე ასე მივდივართ: ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წლიდან ანუ იმ წლიდან, როცა იოანემ მსახურება დაიწყო, უკან უნდა გადმოვთვალოთ 30 წელი. იესო უნდა დაბადებულიყო მისი დაბადებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ.
საიდან ვიცით, რომ იესომ სამწელიწად-ნახევარი იმსახურა. არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც უფრო კონკრეტული დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ეს მტკიცებულებები უკავშირდება იესოს მსახურების ხანგრძლივობასა და მისი სიკვდილის დროს. დანიელის 9:24—27-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თანახმად (დაწვრილებით განიხილება სტატიაში ᲡᲐᲛᲝᲪᲓᲐᲐᲗᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ), მესია წლებისგან შემდგარი 70-ე კვირის დასაწყისში უნდა გამოჩენილიყო (დნ. 9:25), ხოლო „ნახევარ კვირაში“ (ანუ 70-ე კვირის ნახევარში) სიცოცხლე მსხვერპლად უნდა გაეღო. ამგვარად ის კანონის შეთანხმებით გათვალისწინებულ შესაწირავებს გააუქმებდა (დნ. 9:26, 27; შდრ. ებ. 9:9—14; 10:1—10). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტეს მსახურება სამწელიწად-ნახევარი (შვიდი წლისგან შემდგარი კვირის ნახევარი) უნდა გაგრძელებულიყო.
თუ იესოს მსახურება პასექის დღესასწაულზე სიკვდილამდე სამწელიწად-ნახევარი გაგრძელდა, მაშინ თავისი მსახურების განმავლობაში მას ოთხჯერ მოუწევდა პასექის აღნიშვნა. ეს ოთხი პასექი ნახსენებია იოანეს 2:13; 5:1; 6:4-სა და 13:1-ში. იოანეს 5:1-ში პასექი კონკრეტულად არ არის ნახსენები, მასში მხოლოდ ნათქვამია, რომ იესო იერუსალიმში „იუდეველთა დღესასწაულზე [ზოგიერთ ძველ ხელნაწერში ამ სიტყვასთან განსაზღვრული არტიკლი გვხვდება] ავიდა“. მაგრამ არსებობს საფუძვლიანი მიზეზი გვჯეროდეს, რომ ამ დღესასწაულში პასექი იგულისხმება და არა სხვა რომელიმე დღესასწაული.
იოანეს 4:35-ში ვკითხულობთ იესოს მიერ უფრო ადრე ნათქვამ სიტყვებს: „მკამდე ჯერ კიდევ ოთხი თვეა“. მკა, კერძოდ ქერის მკა, დაახლოებით პასექის დროს უწევდა (14 ნისანი). აქედან გამომდინარე, იესომ ეს სიტყვები მკამდე ოთხი თვით ადრე, დაახლოებით ქისლევის (ნოემბერ-დეკემბერი) თვეში წარმოთქვა. გადასახლების შემდეგ დაწესებული მიძღვნის დღესასწაული ქისლევის თვეში აღინიშნებოდა, მაგრამ ის დიდ დღესასწაულთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა და მასზე დასასწრებად იერუსალიმში მისვლა არ იყო სავალდებულო (გმ. 23:14—17; ლვ. 23:4—44). იუდაური ტრადიციის თანახმად, ამ დღესასწაულს ქვეყნის მასშტაბით აღნიშნავდნენ სინაგოგებში (იხ. ᲛᲘᲫᲦᲕᲜᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ). მოგვიანებით იოანეს 10:22-ში ნათქვამია, რომ იესო იერუსალიმში ესწრებოდა მიძღვნის დღესასწაულს. როგორც ჩანს, ის იქ კარვობის დღესასწაულის შემდეგ დარჩა და ამ დღესასწაულის აღსანიშნავად სპეციალურად არ მისულა. მაგრამ იოანეს 5:1-დან კარგად ჩანს, რომ იუდეველთა ამ დღესასწაულზე იესო გალილეიდან (ინ. 4:54) საგანგებოდ ჩავიდა იერუსალიმში.
ქისლევის შემდეგ პასექის დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, ადარის თვეში (თებერვალ-მარტი), ერთადერთი დღესასწაული, ფურიმი, იმართებოდა. გადასახლების შემდეგ დაწესებულ ამ დღესასწაულსაც ებრაელები ქვეყნის მასშტაბით სახლებსა და სინაგოგებში ზეიმობდნენ (იხ. ᲤᲣᲠᲘᲛᲘ). ასე რომ, იოანეს 5:1-ში მოხსენიებული „იუდეველთა დღესასწაული“ სხვა არაფერი იყო, თუ არა პასექი. იმ დროს იესო იერუსალიმში იმყოფებოდა, რადგან ეს ისრაელისთვის მიცემული ღვთის კანონით მოითხოვებოდა. მართალია, იოანე მწირ ინფორმაციას გვაწვდის მომდევნო პასექამდე განვითარებული მოვლენების შესახებ (ინ. 6:4), მაგრამ როგორც თანდართული ცხრილიდან (დედამიწაზე იესოს ცხოვრების მთავარი მოვლენები) ვიგებთ, იოანე საკმაოდ მოკლედ აღგვიწერს იესოს მსახურების დასაწყისს, რადგან სახარების სხვა ავტორებს უკვე ვრცლად ჰქონდათ ეს მოვლენები აღწერილი. ამ სამი სახარების დამწერთა (მათე, მარკოზი და ლუკა) მიერ აღწერილი იესოს აქტიური მოღვაწეობა იმაზე მოწმობს, რომ იოანეს 2:13-სა და 6:4-ში მოხსენიებულ ყოველწლიურ პასექებს შორის კიდევ ერთი პასექი უნდა ყოფილიყო.
სიკვდილის დრო. იესო ქრისტე გაზაფხულზე, ებრაული კალენდრით 14 ნისანს (აბიბი), პასექის დღესასწაულზე მოკლეს (მთ. 26:2; ინ. 13:1—3; გმ. 12:1—6; 13:4). იმ წელს პასექი კვირის მეექვსე დღეს დაემთხვა (ებრაელებისთვის მეექვსე დღე ხუთშაბათს მზის ჩასვლით იწყებოდა და პარასკევს მზის ჩასვლით მთავრდებოდა). ამაზე მოწმობს იოანეს 19:31, სადაც ნათქვამია, რომ მომდევნო დღე „დიდი შაბათი იყო“. პასექის მომდევნო დღე ყოველთვის შაბათად ითვლებოდა იმისდა მიუხედავად, კვირის რომელი დღე დაემთხვეოდა (ლვ. 23:5—7). მაგრამ თუ ეს შაბათი ყოველკვირეულ შაბათს (კვირის მეშვიდე დღეს) დაემთხვეოდა, მაშინ ის დიდ შაბათად ითვლებოდა. ასე რომ, იესომ დედამიწაზე ცხოვრება პარასკევს, 14 ნისანს, დაახლოებით დღის 3 საათზე დაასრულა (ლკ. 23:44—46).
მტკიცებულებების საფუძველზე გაკეთებული დასკვნა. ვინაიდან იესომ დედამიწაზე სიცოცხლე გაზაფხულზე, ნისანის თვეში დაასრულა, მას მსახურება, რომელიც დანიელის 9:24—27-ის თანახმად სამწელიწად-ნახევარი გაგრძელდებოდა, შემოდგომაზე, ეთანის თვეში (სექტემბერ-ოქტომბერი) უნდა დაეწყო. აქედან გამომდინარე, იოანე მსახურებას ახ. წ. 29 წლის (ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს) გაზაფხულზე შეუდგა. შესაბამისად, იოანე დაიბადა ძვ. წ. 2 წლის გაზაფხულზე, ხოლო იესო — ექვსი თვის შემდეგ, ძვ. წ. 2 წლის შემოდგომაზე. იესომ მსახურება დაახლოებით 30 წლის შემდეგ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე დაიწყო და სიცოცხლე ახ. წ. 33 წელს (გაზაფხულზე, 14 ნისანს) დაასრულა.
არ დაბადებულა ზამთარში. იესოს დაბადების თარიღად მიჩნეულ 25 დეკემბერს ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია. მრავალი სამეცნიერო ნაშრომი იმაზე მოწმობს, რომ ეს დღე წარმართული დღესასწაულიდან იღებს სათავეს. იეზუიტი სწავლული ურბანუს ჰოლცმაისტერი 25 დეკემბრის აღნიშვნის წარმოშობის შესახებ წერს:
«დღეს საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ 25 დეკემბრის აღნიშვნას წარმართული დღესასწაული დაედო საფუძვლად. პეტავიუსმა [ფრანგი იეზუიტი სწავლული (1583—1652)] მართებულად აღნიშნა, რომ 25 დეკემბერს „უძლეველი მზის დაბადების დღეს ზეიმობდნენ“.
ამაზე მოწმობს: 1) ფურიუს დიონისიუს ფილოკალუსის მიერ [ახ. წ.] 354 წელს შედგენილი კალენდარი, რომელშიც ნათქვამია: „25 დეკემბერი, უძლეველი მზის დაბადების დღე“; 2) ასტროლოგ ანტიოქეს კალენდარი (შედგენილია დაახლოებით [ახ. წ.] 200 წელს): „დეკემბრის თვე 25 მზის დაბადების დღე; დღე იმატებს“; 3) კეისარ იულიანეს [იმპერატორ იულიანე განდგომილის (ახ. წ. 361—363)] მიერ მოწონებული თამაშები, რომლებიც „უძლეველი მზის“ პატივსაცემად წლის ბოლოს იმართებოდა» (Chronologia vitae Christi (ქრისტეს ცხოვრების ქრონოლოგია), Pontificium Institutum Biblicum, რომი, 1933, გვ. 46).
იესოს დაბადების თარიღად მიჩნეული 25 დეკემბრის მცდარობის ყველაზე თვალსაჩინო ბიბლიური მტკიცება ის არის, რომ მისი დაბადების ღამეს მწყემსები თავ-თავიანთ ფარასთან ერთად ველად ათევდნენ ღამეს (ლკ. 2:8, 12). ჯერ კიდევ ბულის თვეში (ოქტომბერ-ნოემბერი) წვიმიანობა იწყებოდა (კნ. 11:14) და ფარა ღამღამობით სადგომში შეჰყავდათ. მომდევნო თვე, ქისლევი (ებრაული კალენდრის მე-9 თვე, ნოემბერ-დეკემბერი) სუსხიანი და წვიმიანი იყო (იერ. 36:22; ეზრ. 10:9, 13), ხოლო ტებეთის (დეკემბერ-იანვარი) თვეში ტემპერატურა მინიმუმამდე ეცემოდა, მთიან რეგიონებში შიგადაშიგ თოვდა. მწყემსების ველად ყოფნა იმ აზრს ეთანხმება, რომ იესო შემოდგომის დასაწყისში, ეთანის თვეში დაიბადა (იხ. ᲑᲣᲚᲘ; ᲥᲘᲡᲚᲔᲕᲘ).
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომის იმპერატორი ცივ და წვიმიან თვეში ებრაელ (ხშირად მეამბოხე) ხალხს აღსაწერად „თავ-თავის ქალაქში“ წასვლას არ აიძულებდა (ლკ. 2:1—3; შდრ. მთ. 24:20; იხ. ᲢᲔᲑᲔᲗᲘ).
ბავშვობის წლები. ბიბლია იესოს ბავშვობაზე მწირ ინფორმაციას გვაწვდის. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ის იუდეის ქალაქ ბეთლემში, მეფე დავითის მშობლიურ ქალაქში, დაიბადა, ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ კი მისი მშccობლები გალილეის ნაზარეთში დასახლდნენ (მთ. 2:4—6, 14, 15, 19—23; მქ. 5:2; ოს. 11:1; ეს. 11:1; იერ. 23:5). იესოს მამობილი, იოსები, დურგალი იყო (მთ. 13:55); როგორც ჩანს, მათ ოჯახს უჭირდა (ლკ. 2:22—24 შდრ. ლვ. 12:8-ს). აქედან გამომდინარე, იესო, რომელმაც თავისი სიცოცხლის პირველი ღამე საქონლის სადგომში გაატარა, ხელმოკლეობაში გაიზარდა. მართალია, ნაზარეთი ორი ძირითადი სავაჭრო გზის მახლობლად მდებარეობდა, მაგრამ ისტორიული მნიშვნელობის ქალაქად არ ითვლებოდა. როგორც ჩანს, ბევრი ებრაელი ნაზარეთელებს ზემოდან დაჰყურებდა (შდრ. ინ. 1:46; იხ. სურათები, ტ. I, გვ. 539; ᲜᲐᲖᲐᲠᲔᲗᲘ).
იესო ქრისტეს დედამიწაზე ცხოვრების პირველი წლების შესახებ არაფერი ვიცით გარდა იმისა, რომ ის „იზრდებოდა, ძლიერდებოდა და სიბრძნით ივსებოდა. ღმერთი კვლავაც კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ“ (ლკ. 2:40). დროთა განმავლობაში იოსებსა და მარიამს ოთხი ვაჟი და სულ მცირე ორი ასული შეეძინათ (მთ. 13:54—56). ასე რომ, მარიამის პირმშო (ლკ. 2:7) ოჯახში ერთადერთი შვილი არ ყოფილა. იერუსალიმიდან შინისკენ მიმავალმა იოსებმა და მარიამმა, შესაძლოა, ამიტომაც ვერ შენიშნეს თავიდან, რომ უფროსი შვილი მათ გვერდით არ იყო. ტაძარში იუდეველ მოძღვრებთან 12 წლის იესოს საუბარი ერთადერთი შემთხვევაა მისი ბავშვობიდან, რომელსაც ბიბლია მეტ-ნაკლებად დეტალურად აღგვიწერს (სურათი, ტ. II, გვ. 538). შეშფოთებული მშობლებისთვის გაცემული იესოს პასუხიდან ჩანს, რომ მან კარგად იცოდა თავისი ზებუნებრივი დაბადების ისტორია და ესმოდა, რომ მომავალი მესია იყო (ლკ. 2:41—52). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ დედამისსა და მამობილს მისთვის ნათქვამი ექნებოდათ, რა ამცნეს ანგელოზებმა მის შესახებ და რა იწინასწარმეტყველეს სიმონმა და ანამ, როცა 40 დღის იესო პირველად მიიყვანეს ტაძარში (მთ. 1:20—25; 2:13, 14, 19—21; ლკ. 1:26—38; 2:8—38).
არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ იესოს ბავშვობიდანვე ჰქონდა სასწაულების მოხდენის ძალა, როგორც ზღაპრული შინაარსის ზოგიერთ აპოკრიფულ თხზულებაშია მოთხრობილი (მაგალითად, ე. წ. თომას ბავშვობის სახარებაში). მას მსახურება უკვე დაწყებული ჰქონდა, როცა კანაში წყალი ღვინოდ აქცია, რითაც „ნიშნების მოხდენა“ დაიწყო (ინ. 2:1—11). ნაზარეთში ოჯახთან ერთად ცხოვრებისას, იესოს, როგორც ჩანს, თავი არ გამოუჩენია სიბრძნითა თუ სრულყოფილი შესაძლებლობებით, რაზეც, შესაძლოა, ისიც მეტყველებს, რომ იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მის ნახევარძმებს არ სწამდათ მისი და ნაზარეთელთა უმეტესობაც უნდობლობით ეკიდებოდა მას (ინ. 7:1—5; მრ. 6:1, 4—6).
ფაქტია, იესოს ნაზარეთში კარგად იცნობდნენ (მთ. 13:54—56; ლკ. 4:22). მისი შესანიშნავი პიროვნული თვისებები სიმართლისა და სიკეთის მოყვარულ ადამიანებს შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ (შდრ. მთ. 3:13, 14). ის ყოველ შაბათს ესწრებოდა მსახურებას სინაგოგაში. მას რაბინთა სკოლებში ე. წ. უმაღლესი განათლება არ მიუღია, თუმცა უსწავლელი არ ყოფილა. იესოს თავისუფლად შეეძლო წმინდა წერილების სასურველი მონაკვეთების პოვნა და წაკითხვა (ლკ. 4:16; ინ. 7:14—16).
იესოს ადრეული წლების შესახებ ჩანაწერების სიმცირე იმითაა განპირობებული, რომ იმ დროს ის ჯერ არ იყო იეჰოვას მიერ ცხებული ანუ ქრისტე (მთ. 16:16) და მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული ღვთისგან დაკისრებული დავალების შესრულება. მისი დაბადება, ბავშვობის წლები და ზრდის პროცესი გარდაუვალი იყო, თუმცა არაარსებითი. ამას ადასტურებს რომაელ გამგებელ პილატესთვის ნათქვამი იესოს სიტყვები: „მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“ (ინ. 18:37).
ნათლობა. ნათლობისას იესოზე წმინდა სულის გადმოსვლა იმის ნიშანი იყო, რომ ის მესია (ქრისტე) ანუ ღვთის ცხებული გახდა (იესოს დაბადების დროს ანგელოზების მიერ ამ წოდების გამოყენებას, როგორც ჩანს, წინასწარმეტყველური დატვირთვა ჰქონდა; ლკ. 2:9—11, იხ. აგრეთვე 25, 26-ე მუხლები). იოანე ექვსი თვის განმავლობაში გზას უმზადებდა იესოს, „გადარჩენას ღვთისგან“ (ლკ. 3:1—6). იესო „დაახლოებით ოცდაათი წლისა იყო“, როცა იოანემ მონათლა, თუმცა ამის გაკეთება თავიდან არ უნდოდა, რადგან იგი მხოლოდ მომნანიებელ ცოდვილებს ნათლავდა (მთ. 3:1, 6, 13—17; ლკ. 3:21—23). უცოდველი იესო კი იმის ნიშნად მოინათლა, რომ თავი წარედგინა მამის ნების შესასრულებლად (შდრ. ებ. 10:5—9). წყლიდან ამოსული იესო ლოცულობდა, როცა „გაიხსნა ცა“, ღვთის სული სხეულებრივად, მტრედის სახით გადმოვიდა მასზე და ციდან გაისმა იეჰოვას ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, მე მოგიწონე“ (მთ. 3:16, 17; მრ. 1:9—11; ლკ. 3:21, 22).
უეჭველია, ღვთის სულის გადმოსვლის შემდეგ იესოს მრავალი რამ გაახსენდებოდა. მოგვიანებით ნათქვამი იესოს სიტყვები, განსაკუთრებით ახ. წ. 33 წელს პასექის დღესასწაულზე აღვლენილი იესოს გულითადი ლოცვა, ცხადყოფს, რომ მას ახსოვდა ზეციერი ცხოვრება, ყველაფერი, რაც მოსმენილი და ნანახი ჰქონდა მამისგან და ის დიდება, რომლის მოზიარეც იყო (ინ. 6:46; 7:28, 29; 8:26, 28, 38; 14:2; 17:5). სავსებით შესაძლებელია, რომ მან თავისი წარსული ნათლობისა და ცხების შემდეგ აღიდგინა.
წმინდა სულით ცხების შედეგად იესო უფლებამოსილი გახდა, რომ ექადაგა, ესწავლებინა (ლკ. 4:16—21) და ღვთის წინასწარმეტყველად ემსახურა (სქ. 3:22—26). მაგრამ რაც მთავარია, იესო ამ დროს იეჰოვას აღთქმულ მეფედ, დავითის ტახტისა (ლკ. 1:32, 33, 69; ებ. 1:8, 9) და მარადიული სამეფოს მემკვიდრედ დაინიშნა. ამიტომაც უთხრა მოგვიანებით ფარისევლებს: „ღვთის სამეფო თქვენ შორისაა“ (ლკ. 17:20, 21). ამავე დროს იესო მღვდელმთავრადაც იქნა ცხებული, მაგრამ არა აარონის შთამომავლებისთვის დადგენილი წესით, არამედ მეფე-მღვდელ მელქისედეკის წესით (ებ. 5:1, 4—10; 7:11—17).
სრულყოფილი ადამის მსგავსად იესოც დაბადებიდანვე ღვთის ძე იყო (ლკ. 3:38; 1:35). ანგელოზებმა გაბრიელმა ის დაბადებამდე ღვთის ძედ მოიხსენია. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ნათლობის შემდეგ წმინდა სულით ცხების დროს იეჰოვას მიერ წარმოთქმული სიტყვები, კერძოდ, „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“ (მრ. 1:11), მხოლოდ იესოს ვინაობის დასადასტურებლად არ იყო წარმოთქმული. ფაქტები იმაზე მოწმობს, რომ ამ დროს ის ღვთისგან იშვა მის სულიერ ძედ და, ასე ვთქვათ, „ხელახლა დაიბადა“, რაც მას აძლევდა უფლებას, კვლავაც ეცხოვრა ზეცაში (შდრ. ინ. 3:3—6; 6:51; 10:17, 18; იხ. ᲜᲐᲗᲚᲝᲑᲐ; ᲛᲮᲝᲚᲝᲓᲨᲝᲑᲘᲚᲘ).
მისი მნიშვნელოვანი როლი ღვთის განზრახვაში. იეჰოვა ღმერთმა მართებულად ჩათვალა, თავისი განზრახვების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესი როლი თავისი პირმშოსთვის დაეკისრებინა (ინ. 1:14—18; კლ. 1:18—20; 2:8, 9), მასზე შესრულებულიყო ყველა წინასწარმეტყველება და ყველა წინასწარმეტყველებას მისი მეშვეობით მოჰფენოდა ნათელი (1პტ. 1:10—12; გმც. 19:10; ინ. 1:3—9), მისი მეშვეობით გადაჭრილიყო სატანის ურჩობით გამოწვეული ყველა პრობლემა (ებ. 2:5—9, 14, 15; 1ინ. 3:8) და განხორციელებულიყო ღვთის ოჯახის (ზეცაში თუ დედამიწაზე) წევრების მარადიული კეთილდღეობისთვის გათვალისწინებული ყველა ღონისძიება (ეფ. 1:8—10; 2:20; 1პტ. 2:4—8). თუ გავითვალისწინებთ იესოს წამყვან როლს ღვთის განზრახვაში, ნამდვილად მართებული და გაუზვიადებელია მისი შემდეგი სიტყვები: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (ინ. 14:6).
„წმინდა საიდუმლო“. იესო ქრისტეში გამჟღავნებული ღვთის განზრახვა „წმინდა საიდუმლოდ“ რჩებოდა ანუ „დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო“ (რმ. 16:25—27). ღვთისმოსავი ადამიანები ედემში მომხდარი მოვლენების შემდეგ 4 000 წელზე მეტი ხნის მანძილზე ელოდნენ, რომ ღვთის მიერ აღთქმული შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა „გველს“ და შვებას მოჰგვრიდა კაცობრიობას (დბ. 3:15). თითქმის 2 000 წლის მანძილზე მათ სწამდათ, რომ აბრაამთან დადებული იეჰოვას შეთანხმებისამებრ „შთამომავალი“ „მტრების კარიბჭეს დაეუფლებოდა“ და მისი მეშვეობით დედამიწის ყველა ერი იკურთხებოდა (დბ. 22:15—18).
„როცა დრო გასრულდა, ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე“ და მისი მეშვეობით გააცხადა „წმინდა საიდუმლო“, ამომწურავი პასუხი გასცა ღვთის მოწინააღმდეგის მიერ წამოჭრილ საკამათო საკითხს (იხ. ᲘᲔᲰᲝᲕᲐ [საკამათო საკითხი ძირითადად მორალურ უფლებას ეხებოდა]) და თავისი ძის გამოსასყიდად გაღებული მსხვერპლის საფუძველზე მორჩილ ადამიანებს საშუალება მისცა, გათავისუფლებულიყვნენ ცოდვისა და სიკვდილისგან (გლ. 4:4; 1ტმ. 3:16; ინ. 14:30; 16:33; მთ. 20:28). ამგვარად, იეჰოვა ღმერთმა თავის მსახურებს გაუქარწყლა თავის განზრახვასთან დაკავშირებული ყოველგვარი ეჭვი და ყველა ბუნდოვან საკითხს ნათელი მოჰფინა. ამიტომაც ამბობს მოციქული პავლე, რომ «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი [იესო ქრისტეს] მეშვეობით» (2კრ. 1:19—22).
„წმინდა საიდუმლოში“ მხოლოდ ღვთის ძის ვინაობის გაცხადება კი არ იგულისხმებოდა, არამედ ღვთის განზრახვაში იესო ქრისტეს როლი და მისივე მეშვეობით ამ განზრახვის გაცხადება და განხორციელება. დიდი ხნის მანძილზე იდუმალებით მოცული ამ განზრახვის თანახმად, ღმერთს უნდა „განეგო დანიშნული დროების გასრულებიდან“ ანუ ქრისტეში კვლავ მოეყარა თავი ყველაფრისთვის, „რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფ. 1:9, 10).
იესო ქრისტესთან დაკავშირებული „წმინდა საიდუმლოს“ ერთ-ერთი მხარე ის იყო, რომ იესო სათავეში უნდა ჩადგომოდა ახალ ზეციერ ხელისუფლებას, რომლის სხვა წევრები (ებრაელები და არაებრაელები) დედამიწიდან იქნებოდნენ არჩეული და რომლის ძალაუფლება ზეცაშიც გავრცელდებოდა და დედამიწაზეც. დანიელის 7:13, 14-ში ჩაწერილ ხილვაში იეჰოვას ზეციერ ეზოებში მყოფ „კაცის ძის მსგავსს“ (წოდება, რომელიც მოგვიანებით ხშირად გამოიყენებოდა ქრისტესთან მიმართებით [მთ. 12:40; 24:30; ლკ. 17:26; შდრ. გმც. 14:14]) „მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“. იმავე ხილვიდან ისიც ჩანს, რომ „კაცის ძესთან“ ერთად „სამეფოს, მმართველობასა და სიდიადეს“ „უზენაესის წმინდებიც“ ეზიარებიან (დნ. 7:27). დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი მოწაფეებიდან პირველი თანამმართველები აირჩია. მასთან ერთად განსაცდელში დარჩენილებს შეთანხმება დაუდო სამეფოსთვის, ღმერთს ლოცვაში სთხოვა მათი განწმენდა და შეევედრა: „მსურს, რომ ისინიც ჩემთან იყვნენ, ვინც შენ მომეცი, რათა დაინახონ ჩემი დიდება, შენგან მოცემული“ (ლკ. 22:28, 29; ინ. 17:5, 17, 24). ამ განსაკუთრებული კავშირის საფუძველზე ქრისტიანული კრებაც თავის როლს ასრულებს „წმინდა საიდუმლოში“, როგორც ეს მოგვიანებით ღვთივშთაგონებულმა მოციქულმა პავლემ აღნიშნა (ეფ. 3:1—11; 5:32; კლ. 1:26, 27; იხ. ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝ).
„სიცოცხლის მეთაური“. იესო ქრისტემ თავისი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად კაცობრიობის მიმართ ზეციერი მამის წყალობის ნიშნად. ამან შესაძლებელი გახადა, რომ ქრისტეს რჩეულ მიმდევრებს მასთან ერთად ემმართველათ ზეცაში, ხოლო სხვებს დედამიწაზე ეცხოვრათ როგორც ამ სამეფოს ქვეშევრდომებს (მთ. 6:10; ინ. 3:16; ეფ. 1:7; ებ. 2:5; იხ. ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ). ამგვარად, იესო „სიცოცხლის მეთაური“ გახდა ყველასთვის (სქ. 3:15). „მეთაურად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის მონათესავე სიტყვა „მმართველი“ ბიბლიაში მოსეს მიმართ გამოიყენება (სქ. 7:27, 35).
იესო ქრისტემ, როგორც „სიცოცხლის მეთაურმა“, ახალი და მნიშვნელოვანი როლი იკისრა, კერძოდ, შუამავლისა და აღმასრულებლის როლი, რისი წყალობითაც ადამიანებს ეძლევათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. მას, როგორც ღვთის მიერ დანიშნულ მღვდელმთავარს, შეუძლია სრულად გაგვათავისუფლოს ცოდვისა და მისი მომაკვდინებელი შედეგებისგან (ებ. 3:1, 2; 4:14; 7:23—25; 8:1—3); ის არის ღვთისგან უფლებამოსილი მოსამართლე, რომელსაც გადაეცა მთელი სასამართლო, რათა გონივრულად განსაჯოს და თავისი გამოსასყიდი მათ სასარგებლოდ გამოიყენოს, ვინც მისი მმართველობის დროს სიცოცხლის ღირსად ჩაითვლება (ინ. 5:22—27; სქ. 10:42, 43); ის მკვდრებსაც დაუბრუნებს სიცოცხლეს (ინ. 5:28, 29; 6:39, 40). ვინაიდან იეჰოვა ღმერთმა გადაწყვიტა, ასეთი როლი დაეკისრებინა თავისი ძისთვის, „სხვა არავისში არ არის ხსნა, რადგან არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (სქ. 4:12; შდრ. 1ინ. 5:11—13).
ვინაიდან იესოს „სახელი“ ზემოაღნიშნულ უფლებამოსილებებს მოიცავდა, მის მოწაფეებს, როგორც „სიცოცხლის მეთაურის“ წარმომადგენლებს, შეეძლოთ მისი სახელით განეკურნათ ადამიანები მემკვიდრეობითი ცოდვით გამოწვეული დაავადებებისგან და მკვდრეთითაც კი აღედგინათ (სქ. 3:6, 15, 16; 4:7—11; 9:36—41; 20:7—12).
მისი „სახელის“ სრული მნიშვნელობა. როგორც დავინახეთ, წამების ბოძზე იესოს სიკვდილს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ხსნისთვის, თუმცა იესოს სახელისადმი რწმენის გამოვლენაში ამის აღიარებაზე მეტი იგულისხმება (სქ. 10:43). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ის სათავეში უდგას ხელისუფლებას, რომლის ძალაუფლებაც მთელ სამყაროზე ვრცელდება (მთ. 28:18). მოციქულმა პავლემ ცხადყო, რომ მამას, უზენაეს ღმერთ იეჰოვას, „არაფერი დაუტოვებია, რომ მისთვის [იესოსთვის] არ დაემორჩილებინა“ საკუთარი თავის „გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა“ (1კრ. 15:27; ებ. 1:1—14; 2:8). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტეს სახელი ღვთის ნებისმიერი ანგელოზის სახელს აღემატება იმ გაგებით, რომ მისი სახელით წარმოდგენილია იეჰოვასგან ბოძებული უდიდესი აღმასრულებელი ძალაუფლება (ებ. 1:3, 4). მხოლოდ ისინი იცხოვრებენ მარადიულად, ვინც ნებაყოფლობით აღიარებს ამ სახელს და მუხლს მოიდრეკს ანუ დაემორჩილება ამ სახელით წარმოდგენილ ძალაუფლებას (სქ. 4:12; ეფ. 1:19—23; ფლ. 2:9—11). ისინი მთელი გულით, უთვალთმაქცოდ უნდა ცდილობდნენ, შეესაბამებოდნენ იმ ნორმებს, რომელთა დაცვის მაგალითი იესომ თავად დატოვა, და რწმენით დაემორჩილონ მის მცნებებს (მთ. 7:21—23; რმ. 1:5; 1ინ. 3:23).
რა იგულისხმება იესოს სახელში, რომლის გამოც ყველა ხალხს სძულს ქრისტიანები? იესომ ცხადყო, კიდევ რას მოიცავდა მისი სახელი, როცა თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო“ (მთ. 24:9; აგრეთვე მთ. 10:22; ინ. 15:20, 21; სქ. 9:15, 16). მართალია, იესოს სახელში მისი როგორც გამომსყიდველისა და მხსნელის როლიც იგულისხმებოდა, მაგრამ ხალხის სიძულვილს ეს არ გამოიწვევდა. აშკარაა, ამის მიზეზი ის იქნებოდა, რომ ამ სახელის უკან იდგა ღვთის მიერ დანიშნული მმართველი, მეფეთა მეფე, რომელსაც ყველა ერი უნდა დაემორჩილოს, რათა არ განადგურდნენ (გმც. 19:11—16; შდრ. ფს. 2:7—12).
მსგავსად ამისა, როცა დემონები იესოს ბრძანებისამებრ გამოდიოდნენ ადამიანებიდან, ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ იესო შესაწირავად განკუთვნილი „ღვთის კრავი“ იყო, არამედ იმიტომ, რომ მისი სახელით წარმოდგენილი იყო სამეფოს ცხებული მეფის ძალაუფლება. მას უფლება ჰქონდა, ანგელოზთა თორმეტი ლეგიონისთვის მოეხმო, რომლებსაც გაძალიანებული დემონების განდევნა არ გაუჭირდებოდათ (მრ. 5:1—13; 9:25—29; მთ. 12:28, 29; 26:53; შდრ. დნ. 10:5, 6, 12, 13). იესოს სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც ერთგულ მოციქულებს უფლება ჰქონდათ, მისი სახელით განედევნათ დემონები (ლკ. 9:1; 10:17; სქ. 16:16—18). მაგრამ ერთხელ, როცა იუდეველი უფროსი მღვდლის სკევას ვაჟები ცდილობდნენ იესოს სახელით დემონების განდევნას, ბოროტმა სულმა ეჭვქვეშ დააყენა მათი უფლება, იესოს სახელით რამე ებრძანებინათ მისთვის და იმ კაცს აცემინა ისინი, ვინც შეპყრობილი ჰყავდა (სქ. 19:13—17).
ხშირად, როცა იესოს მიმდევრები მისი „სახელით“ ამბობდნენ ან აკეთებდნენ რამეს, იესოს ასეთი სიტყვებით მოიხსენიებდნენ: „უფალი იესო“ და „ჩვენი უფალი იესო ქრისტე“ (სქ. 8:16; 15:26; 19:5, 13, 17; 1კრ. 1:2, 10; ეფ. 5:20; კლ. 3:17). ისინი იესოს თავიანთ უფლად მხოლოდ იმიტომ კი არ აღიარებდნენ, რომ ის ღვთის დანიშნული გამომსყიდველი და, აქედან გამომდინარე, მათი ბატონი იყო (1კრ. 6:20; 7:22, 23; 1პტ. 1:18, 19; იუდ. 4), არამედ მისი მეფური მდგომარეობისა და ძალაუფლების გამოც. იესოს სახელით წარმოდგენილი იყო მისი როგორც სრულუფლებიანი მეფისა და მღვდლის ძალაუფლება, ამიტომ მის მიმდევრებს შეეძლოთ იესოს სახელით ექადაგათ (სქ. 5:29—32, 40—42), მოენათლათ მოწაფეები (მთ. 28:18—20; სქ. 2:38; შდრ. 1კრ. 1:13—15), კრებიდან გაერიცხათ უზნეო ადამიანები (1კრ. 5:4, 5) და შეეგონებინათ და მითითებები მიეცათ ქრისტიანული კრების წევრებისთვის, მათთვის ჩაბარებული სამწყსოსთვის (1კრ. 1:10; 2თს. 3:6). აქედან გამომდინარე, მან, ვისაც იესო სიცოცხლის ღირსად ჩათვლის, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დანიშნული მეფის, უფალ იესო ქრისტეს, სახელს უნდა უერთგულოს. არასდროს უნდა დაამყაროს იმედი სხვა რომელიმე სახელზე, რომელიც თითქოსდა ღვთის ძალაუფლებას წარმოადგენს და არ უნდა უერთგულოს მას (მთ. 12:18, 21; გმც. 2:13; 3:8; იხ. ᲦᲕᲗᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ ᲬᲐᲠᲓᲒᲝᲛᲐ, ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲛᲘᲐᲮᲚᲝᲔᲑᲐ).
ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება. როცა პილატემ იესოს უთხრა, ესე იგი, მეფე ხარო, იესომ მიუგო: „შენ თვითონ ამბობ, რომ მეფე ვარ. მე იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი ქვეყნიერებაზე, რომ ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (ინ. 18:37; იხ. ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲔ [იესოს გასამართლება]). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იესო ზოგად ჭეშმარიტებაზე არ ამოწმებდა. ჭეშმარიტება, რომელსაც ის ქადაგებდა, ეხებოდა უმნიშვნელოვანეს საკითხს, კერძოდ, ღვთის განზრახვას, და ეფუძნებოდა ღვთის უზენაეს ნებასა და ამ ნების განხორციელების უნარს. იესოს მსახურებამ ცხადყო, რომ „წმინდა საიდუმლოში“ შემავალი ეს ჭეშმარიტება ეხებოდა ღვთის სამეფოს, რომლის მეფე-მღვდელი დავითის ძე, იესო ქრისტე იქნებოდა. იუდეის ბეთლემში, დავითის ქალაქში, იესოს დაბადებამდე და დაბადების შემდეგ ანგელოზების მიერ გაცხადებული ცნობის მთავარი თემაც ეს იყო (ლკ. 1:32, 33; 2:10—14; 3:31).
მხოლოდ ქადაგება და სწავლება არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იესოს სრულად დაემოწმებინა ჭეშმარიტების შესახებ. ზეციურ დიდებაზე უარის თქმისა და განკაცების გარდა, მას უნდა შეესრულებინა ყველაფერი, რაც მასზე იყო ნაწინასწარმეტყველები, მათ შორის, კანონის შეთანხმებაში მოცემული მრავალი წინასწარმეტყველური ნიმუში (კლ. 2:16, 17; ებ. 10:1). ზეციერი მამის წინასწარმეტყველური სიტყვისა და დაპირების უტყუარობა რომ დაედასტურებინა, მას თავისი ცხოვრებით ხორცი უნდა შეესხა ჭეშმარიტებისთვის ანუ სიტყვითა თუ საქმით, თვით სიკვდილითაც კი სინამდვილედ ექცია ის. ამგვარად, ის უნდა გამხდარიყო ჭეშმარიტება, ჭეშმარიტების განსახიერება, როგორც ეს თავადაც თქვა (ინ. 14:6).
სწორედ ამიტომ შეეძლო მოციქულ იოანეს ეთქვა, რომ იესო „სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით“ და რომ „კანონი მოსეს მეშვეობით იყო მოცემული, წყალობა და ჭეშმარიტება კი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოჩნდა“ (ინ. 1:14, 17). იესოს დაბადება, ნათლობისას ღვთის ნების შესასრულებლად თავის წარდგენა, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება, სიკვდილამდე ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება, ზეციური ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგომა — ყველა ეს მოვლენა ჭეშმარიტების გამოჩენას ანუ სინამდვილედ ქცევას ემსახურებოდა (შდრ. ინ. 1:18; კლ. 2:17). აქედან გამომდინარე, იესო ქრისტეს მთელი ცხოვრების არსი ჭეშმარიტების ანუ იეჰოვას დაპირებების შესახებ დამოწმება იყო. იესო მესიის, იგივე ქრისტეს, „ჩრდილი“ არ ყოფილა, ის იყო აღთქმული მესია. ის მეფე-მღვდლის „ჩრდილი“ არ ყოფილა, არამედ თავად იყო ნაწინასწარმეტყველები მეფე-მღვდელი (რმ. 15:8—12; შდრ. ფს. 18:49; 117:1; კნ. 32:43; ეს. 11:10).
სწორედ ეს ჭეშმარიტება გაათავისუფლებდა მათ, ვინც ჭეშმარიტების მხარეზე დადგებოდა ანუ აღიარებდა იესოს როლს ღვთის განზრახვაში (ინ. 8:32—36; 18:37). ღვთის ძესთან დაკავშირებული განზრახვის უგულებელყოფა, სხვაზე იმედის დამყარება და საკუთარი ცხოვრებიდან მისი გამორიცხვა ტყუილის დაჯერებისა და ღვთის მოწინააღმდეგისთვის, სიცრუის მამისთვის, მხარის აბმის ტოლფასი იქნებოდა (მთ. 7:24—27; ინ. 8:42—47). ასეთი ადამიანი თავისივე ცოდვებში მოკვდებოდა (ინ. 8:23, 24). ამიტომაც საუბრობდა იესო ხშირად თავის როლზე ღვთის განზრახვაში.
იესო ზოგჯერ მკაცრადაც კი აფრთხილებდა თავის მოწაფეებს, სახალხოდ არ ეთქვათ, რომ ის მესია იყო (მთ. 16:20; მრ. 8:29, 30); ის თავს ქრისტეს მხოლოდ მოწაფეებთან პირისპირ ყოფნისას უწოდებდა (მრ. 9:33, 38, 41; ლკ. 9:20, 21; ინ. 17:3). მაგრამ ის ხშირად გაბედულად უმახვილებდა ხალხს ყურადღებას თავისი ცხებულობის დამადასტურებელ წინასწარმეტყველებებსა და საქმეებზე (მთ. 22:41—46; ინ. 5:31—39, 45—47; 7:25—31). ერთხელ „გზით დაქანცულმა“ იესომ ჭასთან თავისი ვინაობა გაუმხილა სამარიელ ქალს. ალბათ იმიტომ, რომ სამარიელთა ქალაქის მკვიდრნი დაეინტერესებინა და ქადაგების მოსასმენად მოეზიდა, რაც ასეც მოხდა (ინ. 4:6, 25—30). მესიობის მტკიცებას აზრი არ ექნებოდა, თუ იესო ამის დამადასტურებელ ფაქტებს არ მოიყვანდა. მათ კი, ვინც იესოს ხედავდა და უსმენდა, რწმენა სჭირდებოდათ, რათა მტკიცებების საფუძველზე სწორი დასკვნა გაეკეთებინათ (ლკ. 22:66—71; ინ. 4:39—42; 10:24—27; 12:34—36).
გამონაცადი და გასრულყოფილებული. იეჰოვა ღმერთმა უდიდესი ნდობა გამოუცხადა თავის ძეს, როცა მას დედამიწაზე აღთქმულ მესიად მსახურება დაავალა. მან „ქვეყნიერების შექმნამდე“ (ეს ფრაზა განხილულია სტატიაში ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲒᲐᲜᲭᲕᲠᲔᲢᲐ, ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲒᲐᲜᲬᲔᲡᲔᲑᲐ [მესიის წინასწარგანწესება]) განიზრახა (1პტ. 1:19, 20) შთამომავლის, იგივე მესიის, გამოჩენა (დბ. 3:15), რომელიც მსხვერპლად იქნებოდა გაღებული როგორც ღვთის კრავი. ბიბლიაში არ არის ნათქვამი, როდის გააკეთა იეჰოვამ არჩევანი და როდის ამცნო ამის შესახებ თავის რჩეულს — ედემში ადამისა და ევას შეცოდებისთანავე თუ მოგვიანებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი უნდა ყოფილიყო გამოსასყიდი, არასრულყოფილი ადამიანი ვერ შეასრულებდა გამომსყიდველის როლს, მხოლოდ ღვთის სრულყოფილ სულიერ ძეს შეეძლო ამის გაკეთება. მილიონობით სულიერ ძეს შორის იეჰოვამ ამ დავალების შესასრულებლად თავისი პირმშო, „სიტყვა“ აირჩია (შდრ. ებ. 1:5, 6).
ღვთის ძე მზადყოფნით შეხვდა ამ დავალებას, რაც კარგად ჩანს ფილიპელების 2:5—8-დან, სადაც ნათქვამია, რომ მან „უარი თქვა“ ყველაფერზე — ზეციურ დიდებასა და ბუნებაზე — და „მონის სახე მიიღო“ ანუ განკაცდა. მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რადგან ამ დავალების შესრულებაზე ბევრი რამე იყო დამოკიდებული. თუ ერთგულებას შეინარჩუნებდა, დაამტკიცებდა, რომ იობის დროს წაყენებული სატანის ბრალდება ცრუ იყო. სატანა ირწმუნებოდა, რომ გაჭირვების, ტანჯვისა და განსაცდელის დროს ღვთის მსახურები უარყოფდნენ ღმერთს (იობ. 1:6—12; 2:2—6). იესოს, როგორც ღვთის პირველ ქმნილებას, ყველაზე საფუძვლიანად შეეძლო გაებათილებინა სატანის ბრალდება და საუკეთესოდ დაემტკიცებინა იეჰოვას უზენაესობის კანონიერება. ამგვარად ის გახდებოდა „ამინი, ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“ (გმც. 3:14). მაგრამ თუ იესო ამ დავალებას ვერ შეასრულებდა, მამის სახელს უდიდეს შეურაცხყოფას მიაყენებდა.
იესო არ ყოფილა ახალბედა, რომელიც შეიძლებოდა გაყოყოჩებულიყო და „ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი“ დაეტეხა თავს. თავისი მხოლოდშობილი ძისთვის იეჰოვას ნაჩქარევად არ დაუდია ხელი. ამგვარად მან ცოდვების თანამონაწილეობის ალბათობა სრულიად გამორიცხა (შდრ. 1ტმ. 3:6; 5:22). იეჰოვა კარგად იცნობდა თავის ძეს, ვინაიდან მათ უთვალავი საუკუნე ჰქონდათ ერთად გატარებული (მთ. 11:27; შდრ. დბ. 22:12; ნემ. 9:7, 8). ამიტომაც დაავალა მას თავის სიტყვაში ჩაწერილი უტყუარი წინასწარმეტყველებების შესრულება (ეს. 46:10, 11). რახან ღმერთმა თავის ძეს აღთქმული მესიის როლი დააკისრა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ავტომატურად აძლევდა ამ მისიის წარმატებით შესრულების გარანტიას (ეს. 55:11) როგორც ამას ბედისწერის მომხრეები ამტკიცებენ.
მართალია, ღვთის ძე მსგავსი გამოცდის წინაშე არასდროს დამდგარა, მაგრამ მას სხვა საშუალებით ჰქონდა ღვთისთვის ერთგულება დამტკიცებული. ის უკვე ასრულებდა საპასუხისმგებლო დავალებას როგორც ღვთის „სიტყვა“. მას ბოროტად არასდროს უსარგებლია თავისი მდგომარეობითა და ძალაუფლებით, როგორც ეს ერთხელ მოსეს, ღვთის სიტყვის გადამცემის, შემთხვევაში მოხდა (რც. 20:9—13; კნ. 32:48—51; იუდ. 9). ვინაიდან ყველაფერი ძის მეშვეობით შეიქმნა, მას „მხოლოდშობილი ღმერთი“ ეწოდება (ინ. 1:18). აქედან გამომდინარე, ის ღვთის ყველა სხვა სულიერ ძეზე აღმატებული და განდიდებული იყო. მიუხედავად ამისა, ის არ გაამპარტავნებულა (შდრ. ეზკ. 28:14—17). ასე რომ, ღვთის ძეს უკვე მრავალმხრივ ჰქონდა დამტკიცებული თავისი ერთგულება, თავმდაბლობა და თავდადება.
ეს საკითხი უკეთესად რომ დავინახოთ, განვიხილოთ, რა გამოცდის წინაშე იდგა ღვთის პირველი მიწიერი ძე, ადამი. მას არც დევნა უნდა აეტანა და არც ტანჯვა, ის მხოლოდ მორჩილი უნდა ყოფილიყო და დაეფასებინა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხესთან დაკავშირებული ღვთის ნება (დბ. 2:16, 17; იხ. ᲮᲔ). სატანის ურჩობა და ადამიანის შეცდენის მცდელობა ღვთის მიერ ჩაფიქრებული გამოცდის ნაწილი არ ყოფილა. ეს მოგვიანებით, ღვთისგან დამოუკიდებლად მოხდა. ამ გამოცდაში არც სხვა ადამიანის მხრიდან ცდუნების მცდელობა შედიოდა, როგორც ეს ევას შეცოდების შემდეგ მოხდა (დბ. 3:6, 12). აქედან გამომდინარე, ადამის გამოსაცდელად არ იყო საჭირო სხვების მხრიდან მისი ცდუნების მცდელობა. ღმერთმა მხოლოდ იმ მიზნით მოინდომა ადამის გამოცდა, რომ მას თავისი გულის მოტივები ეჩვენებინა, კერძოდ, უყვარდა თუ არა ღმერთი, თანაც უანგაროდ (იგ. 4:23). თუ ღმერთს უერთგულებდა, ადამს, როგორც გამოცდის შედეგად ღვთის მიერ მოწონებულ ძეს, ყოველგვარი უარყოფითი ზეგავლენის, ცდუნების, დევნისა თუ ტანჯვის გამოუცდელად „სიცოცხლის ხის ნაყოფის“ ჭამისა და მარადიული სიცოცხლის უფლება მიეცემოდა (დბ. 3:22).
ისიც აღსანიშნავია, რომ ღვთის სულიერი ძე, რომელიც სატანა გახდა, ღმერთს იმიტომ არ განდგომია, რომ ვინმემ შეავიწროვა ან აცდუნა. ამაში ღმერთს ვერავინ დაადანაშაულებს, რადგან ის ბოროტებით არავის სცდის. ეს ანგელოზი საკუთარ სურვილს აჰყვა, ცდუნდა, შესცოდა და ამგვარად, ღვთის ურჩი გახდა (იაკ. 1:13—15). ღვთისადმი მისმა სიყვარულმა გამოცდას ვერ გაუძლო.
მაგრამ ღვთის მოწინააღმდეგის მიერ წამოჭრილი საკამათო საკითხიდან გამომდინარე, აღთქმული მესიისა და ღვთის სამეფოს მომავალი მეფის ერთგულება განსხვავებულ ვითარებაში უნდა გამოცდილიყო. მისი გამოცდა, რომელსაც ტანჯვა ახლდა თან, იმიტომაც იყო საჭირო, რომ ის ღვთის მიერ დანიშნულ მღვდელმთავრად მსახურებისთვის გასრულყოფილებულიყო (ებ. 5:9, 10). ხსნის მეთაურობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა რომ დაეკმაყოფილებინა, ღვთის ძე „ყველაფერში თავის ძმებს [თავის ცხებულ მიმდევრებს] უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო“. მას უნდა აეტანა გასაჭირი და ტანჯვა, რათა დახმარებოდა მათ, „ვინც ახლა იცდება“ და თანაეგრძნო მათთვის სისუსტეებში, როგორც მათსავით ყველაფერში გამოცდილს, ოღონდ უცოდველს. მართალია, სრულყოფილი და უცოდველი იყო, შეეძლო გაგებით მოპყრობოდა „უცოდინართ და შეცდომის დამშვებთ“. მხოლოდ ასეთი მღვდელმთავრის მეშვეობით შეძლებდა არასრულყოფილი ადამიანი სიტყვაში სითამამით მიახლოებოდა „წყალობის ტახტს“, რათა გულმოწყალება მიეღო და წყალობა ეპოვა დროული დახმარებისთვის (ებ. 2:10—18; 4:15—5:2; შდრ. ლკ. 9:22).
ნების თავისუფლების მქონე. იესომ თავად თქვა, რომ მესიასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება უეჭველად შესრულდებოდა (ლკ. 24:44—47; მთ. 16:21; შდრ. მთ. 5:17). თუმცა ეს ღვთის ძეს არც უდიდესი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა და არც ნების თავისუფლებას უზღუდავდა. მას თავად უნდა გადაეწყვიტა, ბოლომდე უერთგულებდა თუ არა ღმერთს. წინასწარმეტყველებების შესრულება მხოლოდ ყოვლისშემძლე ღმერთზე, იეჰოვაზე არ იყო დამოკიდებული, მის ძესაც თავისი წვლილი უნდა შეეტანა ამაში. ღმერთმა წინასწარმეტყველებების შესრულებას იმით შეუწყო ხელი, რომ ბრძნული არჩევანი გააკეთა და ამ საქმის შესრულება „თავის საყვარელ ძეს“ მიანდო (კლ. 1:13). იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ მას დედამიწაზე ყოფნის დროსაც ჰქონდა ნების თავისუფლება, მაგრამ თავისი ნებით ემორჩილებოდა მამის ნებას (მთ. 16:21—23; ინ. 4:34; 5:30; 6:38) და მიზანმიმართულად იღვწოდა მამის სიტყვაში ჩაწერილი დავალების შესასრულებლად (მთ. 3:15; 5:17, 18; 13:10—17, 34, 35; 26:52—54; მრ. 1:14, 15; ლკ. 4:21). მაგრამ ყველა წინასწარმეტყველების შესრულება იესოზე არ ყოფილა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთი მისი სიკვდილის შემდეგაც შესრულდა (მთ. 12:40; 26:55, 56; ინ. 18:31, 32; 19:23, 24, 36, 37). მისი სიკვდილის წინა ღამეს მომხდარი მოვლენები ცხადყოფს, რა ძალისხმევის ფასად დაუჯდა მას, თავისზე გაცილებით ბრძენი მამის უზენაესი ნება თავის ნებაზე მაღლა დაეყენებინა (მთ. 26:36—44; ლკ. 22:42—44). ამ მოვლენებიდან იმასაც ვიგებთ, რომ სრულყოფილების მიუხედავად ის აღიარებდა, რომ გასაჭირში ძალა თავისი მამისგან, იეჰოვა ღმერთისგან სჭირდებოდა (ინ. 12:23, 27, 28; ებ. 5:7).
ნათლობისა და წმინდა სულით ცხების შემდეგ უდაბნოში 40-დღიანი მარხვის (მოსეს მსგავსად) დროს იესო ბევრ რამეზე უნდა დაფიქრებულიყო და დავალების შესასრულებლად თავი უნდა შეემზადებინა (გმ. 34:28; ლკ. 4:1, 2). იქ მას მამის მოწინააღმდეგესთან მოუწია პირისპირ შეხვედრა. სატანა ეშმაკმა ედემში ნაცადი მეთოდებით სცადა, რომ იესოს ეგოიზმი გამოეჩინა, თავი განედიდებინა და მამის უზენაესობისთვის ზურგი ექცია. ადამისგან განსხვავებით იესო, „უკანასკნელი ადამი“, ერთგული დარჩა; მან წმინდა წერილებიდან მამის ნების დამადასტურებელი სიტყვები მოიყვანა, რის შემდეგაც სატანა გაშორდა მას, „სანამ სხვა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა“ (ლკ. 4:1—13; 1კრ. 15:45).
იესოს საქმეები და თვისებები. „წყალობა და ჭეშმარიტება“ იესო ქრისტეს მეშვეობით უნდა გამოჩენილიყო, ამიტომ მას ხალხში უნდა ეტრიალა, რათა ადამიანებს მისი სიტყვები მოესმინათ და მისი საქმეები და თვისებები დაენახათ. ამგვარად ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ის იყო მესია და უნდა ერწმუნათ, რომ მის ანუ „ღვთის კრავის“ მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა ჰქონდა (ინ. 1:17, 29). მან პალესტინის მრავალი მხარე ფეხით მოიარა, რისთვისაც ასობით კილომეტრის გავლა მოუწია. ის ქადაგებდა ტბის პირასა თუ მთაში, ქალაქებსა თუ სოფლებში, სინაგოგასა თუ ტაძარში, მოედნებზე, ქუჩებსა თუ სახლებში (მთ. 5:1, 2; 26:55; მრ. 6:53—56; ლკ. 4:16; 5:1—3; 13:22, 26; 19:5, 6), საუბრობდა როგორც ერთად შეკრებილ ხალხთან, ისე ცალკეულ ადამიანებთან — ქალთან თუ კაცთან, დიდთან თუ პატარასთან, მდიდართან თუ ღარიბთან (მრ. 3:7, 8; 4:1; ინ. 3:1—3; მთ. 14:21; 19:21, 22; 11:4, 5).
თანდართულ ცხრილში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით არის მოცემული იესოს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ოთხივე სახარების მიხედვით. ცხრილიდან ისიც ჩანს, თუ რომელ ადგილებს ეწვია იესო მსახურების მიზნით სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში.
იესო მუყაითი იყო, დილით ადრე დგებოდა და გვიანობამდე მსახურობდა, რითაც კარგი მაგალითი დაუტოვა თავის მოწაფეებს (ლკ. 21:37, 38; მრ. 11:20; 1:32—34; ინ. 3:2; 5:17). ზოგჯერ ის ღამეს ლოცვაში ატარებდა, მაგალითად, სანამ მთაზე ქადაგებას წარმოთქვამდა (მთ. 14:23—25; ლკ. 6:12—7:10). ერთხელ მან გვიანობამდე იმსახურა, მაგრამ დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, უკაცრიელ ადგილზე წავიდა სალოცავად (მრ. 1:32, 35). ზოგჯერ ხალხი მას განმარტოების საშუალებას არ აძლევდა, მიუხედავად ამისა ის თბილად ხვდებოდა „მათ და ღვთის სამეფოზე ელაპარაკებოდა“ (ლკ. 9:10, 11; მრ. 6:31—34; 7:24—30). დაღლილობა, წყურვილი და შიმშილი მისთვის უცხო არ ყოფილა; ზოგჯერ საჭმელზეც კი უარს ამბობდა, მსახურებაში ხელი რომ არ შეშლოდა (მთ. 21:18; ინ. 4:6, 7, 31—34; შდრ. მთ. 4:2—4; 8:24, 25).
გაწონასწორებული თვალსაზრისი მატერიალურ ფასეულობებზე. იესო ასკეტი არ ყოფილა და ყოველგვარ სიამეზე არ ამბობდა უარს; ის ყოველთვის ითვალისწინებდა სიტუაციას (ლკ. 7:33, 34). ბევრ ოჯახს სტუმრობდა და ნადიმებსაც ესწრებოდა, მათ შორის მდიდართა მიერ გამართულ ნადიმებს (ლკ. 5:29; 7:36; 14:1; 19:1—6). ერთხელ მექორწილეთა საამებლად მან წყალი ღვინოდ აქცია (ინ. 2:1—10). ის მადლიერი იყო, თუ ვინმე სიკეთეს გაუკეთებდა. როცა ლაზარეს დამ, მარიამმა, მას ფეხებზე დაახლოებით 300 გრ. ნელსაცხებელი (რომელიც მუშის ერთი წლის გასამრჯელოს უტოლდებოდა, დაახლ. 220$) სცხო, იუდამ უკმაყოფილება გამოთქვა, თითქოსდა ღარიბები აღელვებდა, რომელთა დასახმარებლადაც შეეძლოთ ამ ზეთის საფასურის გამოყენება. მაშინ იესომ თქვა: „თავი დაანებეთ, დაიცვას ეს ჩვეულება ჩემი დამარხვის დღისთვის. ღარიბები ყოველთვის თქვენთან არიან, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით“ (ინ. 12:2—8; მრ. 14:6—9). სამოსელი, რომელიც იესოს დაპატიმრების დროს ეცვა, როგორც ჩანს, კარგი ხარისხის იყო, რადგან „თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო“ (ინ. 19:23, 24). მიუხედავად ამისა, იესოსთვის უმთავრესი მაინც სულიერი ფასეულობები იყო, ის ზედმეტად არასდროს ყოფილა მატერიალურით დაინტერესებული, რაც მისი რჩევებიდანაც ჩანდა (მთ. 6:24—34; 8:20; ლკ. 10:38—42; შდრ. ფლ. 4:10—12).
მამაცი განმათავისუფლებელი. იესოს მსახურება მის უდიდეს გაბედულებაზე, ვაჟკაცობასა და სიმტკიცეზე მეტყველებს (მთ. 3:11; ლკ. 4:28—30; 9:51; ინ. 2:13—17; 10:31—39; 18:3—11). იესო ნავეს ძის, მეფე დავითისა და სხვათა მსგავსად იესო ღვთისა და სიმართლის მოყვარულთა ქომაგი იყო. როგორც აღთქმულ შთამომავალს, მას „გველის“ შთამომავლობა ემტერებოდა, ის კი წინააღმდეგობას უწევდა (დბ. 3:15; 22:17). იესო უპირისპირდებოდა დემონებს და მათი ზეგავლენისგან ათავისუფლებდა ხალხს (მრ. 5:1—13; ლკ. 4:32—36; 11:19—26; შდრ. 2კრ. 4:3, 4; ეფ. 6:10—12). თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლები თავიანთი საქციელით აჩვენებდნენ, რომ ღვთის უზენაესობისა და ნების მოწინააღმდეგეები იყვნენ (მთ. 23:13, 27, 28; ლკ. 11:53, 54; ინ. 19:12—16). კამათის დროს იესომ არაერთხელ დაადუმა ისინი. ის მარჯვედ, მიზნობრივად იყენებდა „სულის მახვილს“ ანუ ღვთის სიტყვას, აქარწყლებდა მოწინააღმდეგეთა ვერაგულ არგუმენტებსა თუ კითხვებს და ჩიხში აქცევდა მათ (მთ. 21:23—27; 22:15—46). ის გაბედულად ააშკარავებდა მათ ნამდვილ სახეს, რომ ისინი ადამიანური ადათ-წესებისა თუ რიტუალების მასწავლებლები, ბრმა წინამძღოლები, გველგესლას ნაშიერნი, ღვთის მოწინააღმდეგის, დემონთა მთავრისა და კაცისმკვლელი მატყუარას შვილები იყვნენ (მთ. 15:12—14; 21:33—41, 45, 46; 23:33—35; მრ. 7:1—13; ინ. 8:40—45).
მაგრამ იესო არასდროს წასულა უაზრო რისკზე, ის თავს არიდებდა სახიფათო სიტუაციებს (მთ. 12:14, 15; მრ. 3:6, 7; ინ. 7:1, 10; 11:53, 54; შდრ. მთ. 10:16, 17, 28—31). გაბედულებას მას რწმენა სძენდა (მრ. 4:37—40). ის არასდროს გამოდიოდა მდგომარეობიდან და როცა ლანძღავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან „იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1პტ. 2:23).
იესო მედგრად იბრძოდა ჭეშმარიტებისთვის და ხალხს ღვთის განზრახვას ამცნობდა, რითაც წინასწარმეტყველებისამებრ მოსეზე დიდებული განმათავისუფლებლის როლი შეასრულა. ის ტყვეებს თავისუფლებას უცხადებდა (ეს. 42:1, 6, 7; იერ. 30:8—10; ეს. 61:1). ბევრს ეგოიზმი და უფლებამოსილთა შიში უშლიდა ხელს, რომ უმეცრებისგან, ფუჭი იმედებისა და ცრუ წინამძღოლთა ბრმა მორჩილებისგან დაეღწია თავი (ინ. 7:11—13; 9:22; 12:42, 43), მაგრამ ზოგს ეყო გაბედულება, რომ ამ ყველაფრისგან გათავისუფლებულიყო (ინ. 9:24—39; შდრ. გლ. 5:1). იუდას ერთგული მეფეების მსგავსად, რომლებიც ცრუ თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად ილაშქრებდნენ (2მტ. 15:8; 17:1, 4—6; 2მფ. 18:1, 3—6), იესომაც, ღვთის მიერ არჩეულმა მესიამ და მეფემ, თავისი მსახურებით დიდი დარტყმა მიაყენა იმდროინდელ ცრუ რელიგიას (ინ. 11:47, 48).
იესო ქრისტეს დედამიწაზე მსახურების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. რუკები, ტ. 2, გვ. 540, 541.
თანამგრძნობი და გულთბილი. იესო, როგორც ღვთის მიერ არჩეული მღვდელმთავარი, დიდი თანაგრძნობით გამოირჩეოდა. მართალია, სრულყოფილი იყო, მაგრამ მის გარშემო მყოფ არასრულყოფილ, ცოდვით დამძიმებულ ადამიანებს არც ზემოდან დაჰყურებდა (როგორც ფარისევლები) და არც ზედმეტად მკაცრად ეპყრობოდა (მთ. 9:10—13; 21:31, 32; ლკ. 7:36—48; 15:1—32; 18:9—14). მასთან ბავშვებიც თავისუფლად გრძნობდნენ თავს. მოწაფეებისთვის თავმდაბლობა რომ ესწავლებინა, ერთხელ იესომ მათ შუა ბავშვი ჩააყენა და თან „ხელი მოხვია“ (მრ. 9:36; 10:13—16). ის თავისი მოწაფეების ნამდვილი მეგობარი იყო, რომელსაც „ბოლომდე უყვარდა ისინი“ (ინ. 13:1; 15:11—15). ის თავის ძალაუფლებას ბოროტად არ იყენებდა, ხალხისგან ბევრს არ ითხოვდა და ტვირთს არ უმძიმებდა. იესო ეუბნებოდა მათ: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და მე გამოგაცოცხლებთ“. მოწაფეები დარწმუნდნენ, რომ ის „რბილი და გულით თავმდაბალი“, მისი უღელი ადვილი სატარებელი, ტვირთი კი მსუბუქი იყო (მთ. 11:28—30).
მღვდლებს ხალხის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ევალებოდათ (ლვ. 13—15). სიბრალული და თანაგრძნობა აღძრავდა იესოს, განეკურნა სხვადასხვა სენით დაავადებულები, მათ შორის უსინათლოები (მთ. 9:36; 14:14; 20:34; ლკ. 7:11—15; შდრ. ეს. 61:1). როცა თავისი მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილი შეიტყო და მისი მგლოვიარე დები დაინახა, იესომ ამოიოხრა და აცრემლდა (ინ. 11:32—36). იესო, მესია, წინდაწინ ატარებდა სხვების სნეულებებს და იტვირთებდა მათ ტკივილებს, რის შედეგადაც მისგან ძალა გადიოდა (ეს. 53:4; ლკ. 8:43—48). ამას თავისი სურვილით აკეთებდა და არა მხოლოდ წინასწარმეტყველებების შესასრულებლად (მთ. 8:2—4, 16, 17). რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იესო სულიერად კურნავდა ხალხს და პატიობდა ცოდვებს. მას ჰქონდა ამის ძალაუფლება, რადგან, როგორც ღვთის ცხებულს, სიცოცხლე უნდა გაეღო გამოსასყიდად. ის უკვე ინათლებოდა სიკვდილის ნათლობით, რაც საბოლოოდ წამების ბოძზე მისი სიკვდილით დასრულდებოდა (ეს. 53:4—8, 11, 12; შდრ. მთ. 9:2—8; 20:28; მრ. 10:38, 39; ლკ. 12:50).
„საოცარი მრჩეველი“. მღვდლებს ხალხისთვის ღვთის კანონი და ნება უნდა ესწავლებინათ (მლ. 2:7). იესოს, ცხებულ მეფეს, ნაწინასწარმეტყველებ „ყლორტს იესეს [დავითის მამის] ძირკვიდან“, იეჰოვას სული ანუ სიბრძნის, რჩევის, ძლევამოსილების, ცოდნისა და იეჰოვას შიშის სული უნდა გამოევლინა. მას სიამოვნებას მოჰგვრიდა იეჰოვას შიში (ეს. 11:1—3). შეუდარებელი სიბრძნე, რომელიც იესოს, „სოლომონზე დიდის“, სწავლებაში ვლინდებოდა (მთ. 12:42) ერთ-ერთი საუკეთესო მტკიცებაა იმისა, რომ ის ნამდვილად ღვთის ძე იყო და რომ სახარებები არასრულყოფილი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი ვერ იქნებოდა.
იესომ კარგად იცოდა ღვთის სიტყვა და ნება, ესმოდა ადამიანის ბუნება, სწვდებოდა სხვადასხვა საკამათო საკითხისა თუ კითხვის არსს და ხალხს ყოველდღიური პრობლემებიდან გამოსავალს აჩვენებდა. ამგვარად მან დაამტკიცა, რომ დაპირებული „საოცარი მრჩეველი“ იყო (ეს. 9:6). ამის ბრწყინვალე მაგალითი მთაზე წარმოთქმული ქადაგებაა (მთ. 5—7). ქადაგების დროს მან მსმენელებს აუხსნა, როგორ შეიძლებოდა ნამდვილი ბედნიერების მიღწევა, უთანხმოებების მოგვარება, უზნეობისთვის თავის არიდება, როგორ უნდა მოპყრობოდნენ მტრულად განწყობილებს, როგორ ყოფილიყვნენ მართლები თვალთმაქცობის გარეშე, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მატერიალური ფასეულობების მიმართ, რატომ უნდა ყოფილიყვნენ დარწმუნებული ღვთის ხელგაშლილობაში, როგორ გამოეყენებინათ ოქროს წესი სხვებთან ურთიერთობისას, როგორ ამოეცნოთ რელიგიური სიცრუის მქადაგებლები და როგორ ჩაეყარათ საფუძველი ბედნიერი მომავლისთვის. „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები“ (მთ. 7:28, 29). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო კვლავ რჩება იეჰოვას მთავარ წარმომადგენლად, რომლის მეშვეობით ღმერთი თავის ნებას ამცნობს ადამიანებს (გმც. 1:1).
დიდებული მასწავლებელი. იესოს სწავლების მეთოდი საოცრად ეფექტური იყო (ინ. 7:45, 46). ის მნიშვნელოვან და რთულ საკითხებს უბრალოდ, ლაკონიურად და გასაგებად ხსნიდა. იესო თავის სათქმელს ნაცნობი მაგალითებით უხსნიდა მსმენელებს (მთ. 13:34, 35), რომელთა შორის იყვნენ მეთევზეები (მთ. 13:47, 48), მწყემსები (ინ. 10:1—17), მიწათმოქმედები (მთ. 13:3—9), მშენებლები (მთ. 7:24—27; ლკ. 14:28—30), ვაჭრები (მთ. 13:45, 46), მონები და ბატონები (ლკ. 16:1—9), დიასახლისები (მთ. 13:33; ლკ. 15:8) თუ სხვები (მთ. 6:26—30). ებრაული წერილების დამწერების მსგავსად მსმენელისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ასახსნელად იესოს პური, წყალი, მარილი, ტიკები, ძველი მოსასხამები და ა. შ. მოჰყავდა მაგალითად (ინ. 6:31—35, 51; 4:13, 14; მთ. 5:13; ლკ. 5:36—39). ლოგიკური მსჯელობით, რომლის დროსაც ხშირად მიმართავდა შედარებებს, იესო მსმენელს სწორი კუთხით ანახვებდა ამა თუ იმ საკითხს და არასწორ შეხედულებებს უბათილებდა (მთ. 16:1—3; ლკ. 11:11—22; 14:1—6). მისი ცნობა გულში ჩამწვდომი რომ ყოფილიყო, ის მსმენელებს დამაფიქრებელ კითხვებს უსვამდა, რათა მათ თავად გამოეტანათ დასკვნები, გამოეკვლიათ საკუთარი მოტივები და მიეღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები (მთ. 16:5—16; 17:24—27; 26:52—54; მრ. 3:1—5; ლკ. 10:25—37; ინ. 18:11). ის მასების აყოლიებას არ ცდილობდა, მას უნდოდა, ჭეშმარიტებასა და სიმართლეს მოწყურებული ადამიანების გულს შეხებოდა (მთ. 5:3, 6; 13:10—15).
იესო ითვალისწინებდა იმას, რომ მისი მსმენელები, მათ შორის მოწაფეები, ყველაფერს ვერ აითვისებდნენ (მრ. 4:33; ინ. 16:4, 12). მაგრამ მსმენელის დაკარგვის შიშით ის არასდროს არბილებდა სათქმელს და არ აუფასურებდა ღვთის ცნობას. იესო არაორაზროვნად, ზოგჯერ საკმაოდ პირდაპირაც კი ლაპარაკობდა (მთ. 5:37; ლკ. 11:37—52; ინ. 7:19; 8:46, 47). იესოს სიტყვებიდან ჩანს, თუ რა იყო მისი ქადაგების მთავარი თემა: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მთ. 4:17). ძველ დროში მცხოვრებ იეჰოვას წინასწარმეტყველთა მსგავსად ის ხალხს პირდაპირ ეუბნებოდა „მათი ურჩობის შესახებ და იაკობის სახლს — მათი ცოდვების შესახებ“ (ეს. 58:1; მთ. 21:28—32; ინ. 8:24) და უჩვენებდა ვიწრო ჭიშკარსა და ვიწრო გზას, რაც მათ ღვთის კეთილგანწყობასა და სიცოცხლეს მოაპოვებინებდა (მთ. 7:13, 14).
„წინამძღოლი და მეთაური“. იესომ დაამტკიცა, რომ ის იყო კარგი „წინამძღოლი და მეთაური“, და ამავე დროს „მოწმე“ ერებისთვის (ეს. 55:3, 4; მთ. 23:10; ინ. 14:10, 14; შდრ. 1ტმ. 6:13, 14). მსახურების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, სათანადო დროს, იესომ ზოგიერთ ნაცნობს თავისი მიმდევრობა შესთავაზა. მათ უყოყმანოდ მიანებეს თავი თავიანთ საქმიანობას — თევზაობასა თუ გადასახადების აკრეფას (მთ. 4:18—22; ლკ. 5:27, 28; შდრ. ფს. 110:3). ზოგიერთმა ქალმა იესოსა და მისი მიმდევრების საჭიროებებზე ზრუნვა მოიწადინა, რისთვისაც მათ დრო, ძალისხმევა და სახსრები არ დაიშურეს (მრ. 15:40, 41; ლკ. 8:1—3).
იესოს მიმდევართა ეს პატარა ჯგუფი ახალი „ერის“, სულიერი ისრაელის, ბირთვი გახდა (1პტ. 2:7—10). 12 მოციქულის არჩევამდე იესომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა და მამას ხელმძღვანელობა სთხოვა, ვინაიდან ერთგულების შენარჩუნების შემთხვევაში ისინი ამ ახალი ერის ბურჯები გახდებოდნენ ისრაელი ერის ბურჯების, იაკობის 12 ვაჟის მსგავსად (ლკ. 6:12—16; ეფ. 2:20; გმც. 21:14). მოსემ 70 მამაკაცი დანიშნა, რათა მას ერის საქმეების მოგვარებაში დახმარებოდნენ. იესომაც 70 მოწაფე გაგზავნა სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად (რც. 11:16, 17; ლკ. 10:1), რის შემდეგაც მთელი ყურადღება მათ მომზადებასა და დამოძღვრაზე გადაიტანა. თუ მთაზე ქადაგების შინაარსით ვიმსჯელებთ, ის, როგორც ჩანს, ძირითადად ამ მოწაფეების მისამართით იყო წარმოთქმული (მთ. 5:1, 2, 13—16; 13:10, 11; მრ. 4:34; 7:17).
იესომ მთლიანად თავის თავზე აიღო წინამძღოლის პასუხისმგებლობა. ის ყოველთვის წინ მიუძღოდა თავის მიმდევრებს (მთ. 23:10; მრ. 10:32), ქადაგების გარდა მათ სხვა დავალებებსაც აძლევდა (ლკ. 9:52; 19:29—35; ინ. 4:1—8; 12:4—6; 13:29; მრ. 3:9; 14:12—16), ამხნევებდა და შეაგონებდა (ინ. 16:27; ლკ. 10:17—24; მთ. 16:22, 23). იესო მეთაური იყო. მოწაფეებისთვის მიცემული მისი უმთავრესი მითითება ის იყო, რომ ერთმანეთი ჰყვარებოდათ ისე, როგორც თვითონ შეიყვარა ისინი (ინ. 15:10—14). მას შეეძლო ათასობით ადამიანისთვის გაეწია ორგანიზება (მრ. 6:39—46). უწყვეტმა და პრაქტიკულმა სწავლების კურსმა მისი მოწაფეების შემთხვევაში არაჩვეულებრივი შედეგი გამოიღო მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას არც განათლება ჰქონდა მიღებული და არც მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა (მთ. 10:1—11:1; მრ. 6:7—13; ლკ. 8:1). მოგვიანებით განათლებული, მაღალი თანამდებობის პირები გააოცა მოციქულთა დამაჯერებელმა საუბარმა. მოციქულებმა, როგორც „ადამიანთა მებადურებმა“, არნახულ შედეგს მიაღწიეს — მათ ქადაგებას ათასობით ადამიანი გამოეხმაურა (მთ. 4:19; სქ. 2:37, 41; 4:4, 13; 6:7). მათ გულსა და გონებაში იესოს მიერ ჩაბეჭდილი ბიბლიური პრინციპების წყალობით ისინი სამწყსოს კარგი მწყემსები გახდნენ (1პტ. 5:1—4). ასე რომ, იესომ სულ რაღაც სამწელიწად-ნახევარში მტკიცე საფუძველი ჩაუყარა მრავალრიცხოვან და მრავალეროვან ქრისტიანულ კრებას.
მზრუნველი მეფე და სამართლიანი მოსამართლე. იესოს მმართველობისას ადამიანებს ყველაფერი იმაზე უხვად ექნებათ, ვიდრე სოლომონის დროს ჰქონდათ. ამაზე მოწმობს ის შემთხვევებიც, როცა მოწაფეებმა იესოს მითითებისამებრ უამრავი თევზი დაიჭირეს (ლკ. 5:4—9; შდრ. ინ. 21:4—11). ბეთლემში (ნიშნავს პურის სახლს) დაბადებული იესოს მიერ ათასობით ადამიანის დაპურება და წყლის საუკეთესო ღვინოდ ქცევა წარმოდგენას გვიქმნის იმ „ნადიმზე“, რომელსაც ღვთის მესიანური სამეფო მომავალში გაუმართავს „ყველა ხალხს“ (ეს. 25:6; შდრ. ლკ. 14:15). იესოს მმართველობის დროს სიღარიბე და შიმშილი აღმოიფხვრება და სიკვდილიც კი შთაინთქმება (ეს. 25:7, 8).
მოწაფეებს სრული საფუძველი ჰქონდათ, ერწმუნათ, რომ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესოს მმართველობისას ადამიანები სამართლიანად გასამართლდებოდნენ (ეს. 11:3—5; 32:1, 2; 42:1). იესო კანონმორჩილი იყო. ის ზედმიწევნით იცავდა ღვთის კანონს, თუმცა არც ღვთის ნებით არსებულ მიწიერ მთავრობათა ანუ „უმაღლეს ხელისუფალთა“ მიერ დადგენილ კანონებს უგულებელყოფდა (რმ. 13:1; მთ. 5:17—19; 22:17—21; ინ. 18:36). მართალია, მისი გამეფება მოინდომეს, მაგრამ მან თავი შორს დაიჭირა პოლიტიკისგან (ინ. 6:15; შდრ. ლკ. 19:11, 12; სქ. 1:6—9). ის თავის უფლებამოსილებას არასდროს აჭარბებდა (ლკ. 12:13, 14). მას ცოდვაში ვერავინ ამხილებდა და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი იყო, არამედ იმიტომ, რომ ზედმიწევნით იცავდა ღვთის სიტყვას (ინ. 8:46, 55). ის სიმართლითა და ერთგულებით იყო შემოსარტყლული (ეს. 11:5). მას უყვარდა სიმართლე, სძულდა ბოროტება, თვალთმაქცობა, თაღლითობა და სიხარბე და გმობდა მათ, ვისაც სხვისი გასაჭირი არ ანაღვლებდა (მთ. 7:21—27; 23:1—8, 25—28; მრ. 3:1—5; 12:38—40; შდრ. 41—44-ე მუხლები). თვინიერებსა და თავმდაბლებს შეეძლოთ იმედიანად ყოფილიყვნენ, რადგან მისი მმართველობა ყოველგვარ უსამართლობასა და ჩაგვრას აღმოფხვრიდა (ეს. 11:4; მთ. 5:5).
იესოს კარგად ესმოდა ღვთიური პრინციპები და ღვთის კანონის არსი, ამიტომ ყურადღებას კანონის უფრო მნიშვნელოვან მხარეებზე ამახვილებდა, კერძოდ, „სამართალზე, გულმოწყალებასა და ერთგულებაზე“ (მთ. 12:1—8; 23:23, 24). მართალია, იესოს ერთ-ერთი მოწაფე განსაკუთრებით უყვარდა, მაგრამ მიკერძოებული არასდროს ყოფილა (მთ. 18:1—4; მრ. 10:35—44; ინ. 13:23; შდრ. 1პტ. 1:17). წამების ბოძზე გაკრულს დედა არ დავიწყებია, თუმცა ოჯახის წევრები სულიერ და-ძმებზე წინ არასდროს დაუყენებია (მთ. 12:46—50; ლკ. 11:27, 28; ინ. 19:26, 27). როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, იესო ზედაპირულად არ ეკიდებოდა პრობლემებს. ის გარეგნული ფაქტორების საფუძველზე არაფერს განსჯიდა და არც „ყურით გაგონილით“ ამხელდა ვინმეს (ეს. 11:3; შდრ. ინ. 7:24). მან იცოდა, რა ხდებოდა ადამიანთა გულებში, როგორ მსჯელობდნენ და რა მოტივები ამოძრავებდათ (მთ. 9:4; მრ. 2:6—8; ინ. 2:23—25). ის ყოველთვის ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდა და ცდილობდა, მამის ნება შეესრულებინა და არა თავისი. ეს მოწაფეებს არწმუნებდა, რომ ის როგორც ღვთის მიერ დანიშნული მოსამართლე ყოველთვის სამართლიან და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდა (ეს. 11:4; ინ. 5:30).
გამორჩეული წინასწარმეტყველი. იესომ დააკმაყოფილა ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მოსესნაირ და, ამავე დროს, მასზე დიდ წინასწარმეტყველს უნდა დაეკმაყოფილებინა (კნ. 18:15, 18, 19; მთ. 21:11; ლკ. 24:19; სქ. 3:19—23; შდრ. ინ. 7:40). მან იწინასწარმეტყველა, როგორ დაიტანჯებოდა და მოკვდებოდა, რომ მისი მოწაფეები გაიფანტებოდნენ, იერუსალიმი ალყაში მოექცეოდა და რომ ქალაქი და მისი ტაძარი განადგურდებოდა (მთ. 20:17—19; 24:1—25:46; 26:31—34; ლკ. 19:41—44; 21:20—24; ინ. 13:18—27, 38). ამ უკანასკნელი მოვლენების წინასწარმეტყველებისას ისიც იწინასწარმეტყველა, თუ რა მოხდებოდა, როცა ის სამეფო ძალაუფლებით მოვიდოდა. ძველი დროის წინასწარმეტყველთა მსგავსად ის სასწაულებსა და ნიშნებს ახდენდა იმის დასამტკიცებლად, რომ ღვთისგან იყო გამოგზავნილი. მისი სასწაულები მოსეს მიერ მოხდენილ სასწაულებზე შთამბეჭდავი იყო — მან დააცხრო აბობოქრებული გალილეის ზღვა, გაიარა მასზე (მთ. 8:23—27; 14:23—34), განკურნა უსინათლოები, ყრუები, კოჭლები და მძიმედ დაავადებულები, მათ შორის, კეთროვნები. მან მკვდრებიც კი გააცოცხლა (ლკ. 7:18—23; 8:41—56; ინ. 11:1—46).
სიყვარულის უბადლო მაგალითი. იესო ყველაზე მეტად სიყვარულით გამოირჩეოდა — პირველ რიგში მამის, შემდეგ კი მოყვასის სიყვარულით (მთ. 22:37—39). აქედან გამომდინარე, მისი მოწაფეებიც სიყვარულით უნდა ყოფილიყვნენ გამორჩეული (ინ. 13:34, 35; შდრ. 1ინ. 3:14). მაგრამ იესოს სიყვარული არასდროს გადადიოდა გადაჭარბებულ გულჩვილობაში. ის ყოველთვის გაწონასწორებული იყო, მაშინაც კი, როცა მძაფრ ემოციებს გამოხატავდა (ებ. 1:9). მისი მთავარი საფიქრებელი მამის ნების შესრულება იყო (შდრ. მთ. 16:21—23). ის იცავდა ღვთის მცნებებს (ინ. 14:30, 31; შდრ. 1ინ. 5:3) და ყოველთვის განადიდებდა მამას, რითაც თავისი სიყვარული დაუმტკიცა (ინ. 17:1—4). სიკვდილის წინა საღამოს მოწაფეებთან საუბრისას იესომ სიყვარული დაახლოებით 30-ჯერ ახსენა და სამჯერ გაუმეორა, ერთმანეთი ჰყვარებოდათ (ინ. 13:34; 15:12, 17). იესომ უთხრა მათ: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (ინ. 15:13, 14; შდრ. ინ. 10:11—15).
ბოლოს ღვთისა და არასრულყოფილი ადამიანების სიყვარულის დასამტკიცებლად იესომ მტრებს ნება მისცა, ცხვარივით წაეყვანათ დასაკლავად, გაესამართლებინათ, სილა გაეწნათ, მუშტები ერტყათ, ეფურთხებინათ, გაეშოლტათ და ბოროტმოქმედთა შორის ძელზე გაეკრათ (ეს. 53:7; მთ. 26:67, 68; 27:26—38; მრ. 14:65; 15:15—20; ინ. 19:1). იესომ სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად, რითაც აჩვენა, თუ რა ძლიერ უყვარდა ღმერთს ადამიანები (რმ. 5:8—10; ეფ. 2:4, 5) და ერთგული მოწაფეები თავის შეურყეველ სიყვარულში დაარწმუნა (რმ. 8:35—39; 1ინ. 3:16—18).
ბიბლიაში მოცემული მცირე ინფორმაციიდანაც კი აშკარად ჩანს, რამდენად დიდებული იყო ღვთის ძე (ინ. 21:25). მაშასადამე, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რაოდენ დიდებული იქნებოდა ის სინამდვილეში. იესოს არაჩვეულებრივი თავმდაბლობა და სიკეთე, სამართლიანი პრინციპებისა და სიმართლის ერთგულება იმის გარანტიას იძლევა, რომ მისი სამეფო გაამართლებს, უფრო მეტიც, გადააჭარბებს საუკუნეების განმავლობაში მცხოვრები ყველა ღვთისმოსავი ადამიანის მოლოდინს (რმ. 8:18—22). ის ყოველმხრივ სრულყოფილ მაგალითს აძლევდა თავის მოწაფეებს. ასეთი მაგალითი სხვა არც ერთ ქვეყნიურ მმართველს არ დაუტოვებია (მთ. 20:25—28; 1კრ. 11:1; 1პტ. 2:21). იესო უფალი იყო, მაგრამ თავის მოწაფეებს ფეხები დაჰბანა. ამგვარად მან სხვებზე ზრუნვის, ყურადღებიანობისა და თავმდაბლობის მაგალითი დატოვა. ამ თვისებებით გამოირჩევიან იესოს ცხებული მიმდევრებიც ზეცაში თუ დედამიწაზე (ინ. 13:3—15). მართალია, ისინი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს მასთან ერთად გაიზიარებენ „მთელ ძალაუფლებას ზეცაში თუ დედამიწაზე“, მაგრამ მათ თავმდაბლურად და სიყვარულით უნდა იზრუნონ თავიანთ მიწიერ ქვეშევრდომებზე (მთ. 28:18; რმ. 8:17; 1პტ. 2:9; გმც. 1:5, 6; 20:6; 21:2—4).
მართლად და მეფობის ღირსად აღიარებული. „ერთ მოქმედებაში, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა“, იგულისხმება იესო ქრისტეს უმწიკვლო ცხოვრება და მისი მსხვერპლი. მან სწორედ ამ „ერთი მოქმედებით“ დაადასტურა, რომ შეეძლო ზეცაში ღვთის მიერ ცხებულ მეფე-მღვდლად მსახურება (რმ. 5:17, 18). იესო მკვდრეთით აღდგა როგორც ღვთის ზეციერი ძე და „მართლად იქნა აღიარებული სულში“ (1ტმ. 3:16). ზეცაში სულიერი ქმნილებები მის შესახებ ამბობდნენ: „ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“, რადგან ლომივით იცავდა სიმართლესა და სამართალს და კრავივით შეეწირა სხვების გადასარჩენად (გმც. 5:5—13). იესომ შეასრულა თავისი მთავარი მისია და მამის სახელი განწმინდა (მთ. 6:9; 22:36—38). მან ეს არა მხოლოდ ღვთის სახელის ხსენებით გააკეთა, არამედ მამის განუმეორებელი თვისებების — სიყვარულის, სიბრძნის, სამართლიანობისა და ძალის — გამოვლენით, რითაც ცხადყო, თუ როგორი პიროვნება იდგა ამ სახელის მიღმა. იესოს მაგალითზე ადამიანებს შეეძლოთ დაენახათ ღვთის სახელის ნამდვილი მნიშვნელობა (მთ. 11:27; ინ. 1:14, 18; 17:6—12). მთავარი, რაც მან ღვთის სახელის განსაწმენდად გააკეთა, ის იყო, რომ მხარი დაუჭირა იეჰოვას უზენაესობას და ყველას აჩვენა, რომ თავის ძალაუფლებას ამ უზენაესი ხელისუფლისგან იღებდა. ამიტომ შეეფერება იესოს შემდეგი სიტყვები: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ“ (ებ. 1:8).
აქედან გამომდინარე, უფალი იესო ქრისტე „ჩვენი რწმენის მეთაური და გამასრულყოფილებელია“. წინასწარმეტყველებების შესრულებით, ღვთის სამომავლო განზრახვების გამჟღავნებით, თავისი სიტყვითა თუ საქმით მან საფუძველი ჩაუყარა ჭეშმარიტ რწმენას (ებ. 12:2; 11:1).
[ჩარჩო]
იესოს ცხოვრებაში მომხდარი ძირითადი მოვლენები
—ოთხი სახარება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
იესოს მსახურების დაწყებამდე
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
ძვ. წ. 3 წ.
იერუსალიმი, ტაძარი
ანგელოზი ამცნობს ზაქარიას იოანე ნათლისმცემლის დაბადებას
—
—
—
დაახლ. ძვ. წ. 2 წ.
ნაზარეთი; იუდეა
მარიამს წინასწარ ემცნო იესოს დაბადება; მარიამის სტუმრობა ელისაბედთან
—
—
—
ძვ. წ. 2 წ.
იუდეის მთიანეთი
იოანე ნათლისმცემლის დაბადება
—
—
—
ძვ. წ. 2 წ. დაახლ. 1-ლი ოქტ.
ბეთლემი
აბრაამისა და დავითის შთამომავლის, იესოს (სიტყვა, რომლის მეშვეობით გაჩნდა სხვა ყველაფერი) დაბადება
—
—
ბეთლემის ახლოს
ანგელოზი აცხადებს სასიხარულო ცნობას; მწყემსები მიდიან ახალშობილის სანახავად
—
—
—
—
ბეთლემი; იერუსალიმი
იესოს წინადაცვეთა (მე-8 დღეს), ტაძარში მიყვანა (მე-40 დღის შემდეგ)
—
—
—
ძვ. წ. 1 წ. ან ახ. წ. 1 წ.
იერუსალიმი; ბეთლემი; ნაზარეთი
ასტროლოგები; ეგვიპტეში გაქცევა; ბავშვების დახოცვა; იესოს დაბრუნება
—
—
ახ. წ. 12 წ.
იერუსალიმი
12 წლის იესო პასექის დღესასწაულზე; სახლში დაბრუნება
—
—
—
29 წ. გაზაფხული
უდაბნო, იორდანე
იოანე ნათლისმცემლის მსახურება
იესოს მსახურების დასაწყისი
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
29 წ. შემოდგომა
მდინარე იორდანე
იესოს ნათლობა და ცხება. დაიბადა დავითის საგვარეულოში, თუმცა ღმერთი თავის ძედ აცხადებს
—
იუდეის უდაბნო
იესოს მარხვა და გამოცდა
—
—
ბეთანია, იორდანის გაღმა
იოანე ნათლისმცემლის მოწმობა იესოზე
—
—
—
—
იორდანის ველის ზემო მხარე
იესოს პირველი მოწაფეები
—
—
—
—
გალილეის კანა; კაპერნაუმი
იესოს პირველი სასწაული; კაპერნაუმში ჩასვლა
—
—
—
30 წ. პასექი
იერუსალიმი
პასექის დღესასწაული; ტაძრიდან ვაჭრების გაძევება
—
—
—
—
იერუსალიმი
იესოს საუბარი ნიკოდემესთან
—
—
—
—
იუდეა; ენონი
იესოს მოწაფეები ხალხს ნათლავენ; იოანეს საქმიანობა მცირდება
—
—
—
—
ტიბერიადა
იოანეს დაპატიმრება; იესოს გალილეაში წასვლა
—
სიქარი, სამარია
გალილეაში მიმავალი იესო სამარიელებს ასწავლის
—
—
—
იესოს ფართომასშტაბიანი მსახურება გალილეაში
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
—
გალილეა
იესო პირველად აცხადებს: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“
—
ნაზარეთი; კანა; კაპერნაუმი
ჭაბუკის განკურნება; იესო კითხულობს, თუ რა დავალება მიენდო; მიდის კაპერნაუმში
—
გალილეის ზღვა, კაპერნაუმის ახლოს
სიმონის, ანდრიას, იაკობისა და იოანეს მოხმობა
—
—
კაპერნაუმი
დემონით შეპყრობილის, პეტრეს სიდედრისა და სხვების განკურნება
—
—
გალილეა
გალილეაში პირველი მოგზაურობა ოთხ ახლად მოხმობილთან ერთად
—
—
გალილეა
კეთროვნის განკურნება; იესოსთან უამრავი ადამიანი მიდის
—
—
კაპერნაუმი
დამბლადაცემულის განკურნება
—
—
კაპერნაუმი
მათეს მოხმობა; ნადიმზე გადასახადების ამკრეფებთან
—
—
იუდეა
ქადაგება იუდეის სინაგოგებში,
—
—
—
31 წ. პასექი
იერუსალიმი
დღესასწაულზე დასწრება; მამაკაცის განკურნება; ფარისევლების გაკიცხვა
—
—
—
—
იერუსალიმიდან მომავალ გზაზე (?)
მოწაფეები შაბათს თავთავებს გლეჯენ
—
—
გალილეა; გალილეის ზღვა
ხელგამხმარი კაცის განკურნება შაბათს; ზღვის ნაპირზე გასვლა; განკურნება
—
—
მთა კაპერნაუმის ახლოს
12 მოციქულის არჩევა,
—
—
—
კაპერნაუმის ახლოს
მთაზე ქადაგება
—
—
—
კაპერნაუმი
ასისთავის მსახურის განკურნება
—
—
—
ნაინი
ქვრივის ვაჟის გაცოცხლება,
—
—
—
—
გალილეა
დაპატიმრებული იოანე მოწაფეებს გზავნის იესოსთან
—
—
გალილეა
იესო საყვედურობს ქალაქებს; ჩვილებისთვის ჭეშმარიტების გამჟღავნება; ადვილი სატარებელი უღელი
—
—
—
გალილეა
ცოდვილი ქალი ფეხებს ნელსაცხებლით უზელს; მაგალითი მოვალეებზე
—
—
—
—
გალილეა
მეორე სამქადაგებლო მოგზაურობა თორმეტთან ერთად
—
—
—
—
გალილეა
დემონით შეპყრობილის განკურნება; იესოს ბელზებელთან კავშირში სდებენ ბრალს
—
—
—
გალილეა
მწიგნობრები და ფარისევლები ითხოვენ ნიშანს
—
—
—
—
გალილეა
ქრისტესთვის მოწაფეები ახლო ნათესავებივით არიან
—
—
გალილეის ზღვა
მაგალითი მთესველზე, სარეველაზე და სხვა; მაგალითების ახსნა
—
—
გალილეის ზღვა
ქარიშხლის ჩაცხრობა ზღვაზე
—
—
გადარა, გალილეის ზღვის სამხრ.-აღმ.
დემონებით შეპყრობილი ორი კაცის განკურნება;
დემონების ღორებში შესვლა
—
—
შესაძლოა კაპერნაუმი
იაიროსის ქალიშვილის გაცოცხლება; ქალის განკურნება
—
—
კაპერნაუმი (?)
ორი ბრმისა და დემონით შეპყრობილი მუნჯის განკურნება
—
—
ნაზარეთი
იესო კვლავ მშობლიურ ქალაქს ინახულებს, მაგრამ არც ამჟამად იღებენ
—
—
—
გალილეა
მესამე მოგზაურობა გალილეაში, მოციქულების გაგზავნა და საქმიანობის გაფართოება
—
—
ტიბერიადა
იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთა; ჰეროდეს დანაშაულის გამო შიში ეუფლება
—
32 წ. პასექამდე (ინ. 6:4)
კაპერნაუმი (?); გალილეის ზღვის ჩრდ.-აღმ.
მოციქულების დაბრუნება სამქადაგებლო მოგზაურობიდან; 5 000 კაცის დაპურება
—
გალილეის ზღვის ჩრდ.-აღმ., გენესარეთი
იესოს გამეფების მცდელობა; ზღვაზე სიარული; ხალხის განკურნება
—
—
კაპერნაუმი
განმარტავს, ვინ არის „სიცოცხლის პური“; იესოს ბევრი მოწაფე ტოვებს
—
—
—
32 წ. პასექის შემდეგ
შესაძლოა კაპერნაუმი
ადათ-წესები, რომლებიც ღვთის სიტყვას ძალას უკარგავს
—
ფინიკია; დეკაპოლისი
ტვიროსისა და სიდონის ახლოს; შემდეგ დეკაპოლისში 4 000 კაცის დაპურება
—
—
—
მაგდალა
სადუკეველები და ფარისევლები კვლავ ნიშანს ითხოვენ
—
—
გალილეის ზღვის ჩრდ.-აღმ., ბეთსაიდა
გაფრთხილება ფარისეველთა საფუარზე; ბრმის განკურნება
—
—
—
ფილიპეს კესარეა
იესო მესიაა; წინასწარ აცხადებს თავის სიკვდილსა და აღდგომაზე
—
—
შესაძლოა ხერმონის მთა
პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე გარდასახვა
—
—
ფილიპეს კესარეა
დემონით შეპყრობილის განკურნება, რომელიც მოწაფეებმა ვერ განკურნეს
—
—
გალილეა
იესო კვლავ თავის სიკვდილსა და აღდგომას წინასწარმეტყველებს
—
—
კაპერნაუმი
ფულის სასწაულებრივად გაჩენა გადასახადისთვის
—
—
—
—
კაპერნაუმი
ვინ არის ყველაზე დიდი სამეფოში; გაუგებრობების მოგვარება; გულმოწყალება
გალილეა; სამარია
იესო ტოვებს გალილეას და მიდის კარვობის დღესასწაულზე; ყველაფრის გადადება მსახურების გულისთვის
იესოს შემდგომი მსახურება იუდეაში
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
32 წ. კარვობის დღესასწაული
იერუსალიმი
იესო სახალხოდ ასწავლის კარვობის დღესასწაულზე
—
—
—
—
იერუსალიმი
სწავლება დღესასწაულის შემდეგ; ბრმის განკურნება
—
—
—
შესაძლოა იუდეა
70-ის გაგზავნა საქადაგებლად; ისინი ბრუნდებიან და ყვებიან, რა გადახდათ,
—
—
—
—
იუდეა; ბეთანია
იესო კეთილ სამარიელზე ყვება; მართასა და მარიამთან სახლში,
—
—
—
—
შესაძლოა იუდეა
კვლავ ასწავლის, როგორ ილოცონ; დაჟინებით თხოვნაზე,
—
—
—
—
შესაძლოა იუდეა
ცრუ ბრალდების გაბათილება; იესო ამხელს თაობას, რომელიც სასჯელს იმსახურებს,
—
—
—
—
შესაძლოა იუდეა
სტუმრად ფარისეველთან; იესო გმობს თვალთმაქცებს,
—
—
—
—
შესაძლოა იუდეა
ქადაგება ღვთის მზრუნველობის შესახებ; ერთგული მმართველი,
—
—
—
—
შესაძლოა იუდეა
ხეიბარი ქალის განკურნება შაბათს; სამი მაგალითი,
—
—
—
32 წ. მიძღვნის დღესასწაული
იერუსალიმი
იესო მიძღვნის დღესასწაულზე; კარგი მწყემსი
—
—
—
იესოს შემდგომი მსახურება იორდანის აღმოსავლეთით
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
—
იორდანის გაღმა
მრავალმა ირწმუნა იესო
—
—
—
—
პერეა (იორდანის გაღმა)
გზად იერუსალიმისკენ, იესო ქალაქებსა და სოფლებში ასწავლის,
—
—
—
—
პერეა
სამეფოში შესვლა; ჰეროდეს მუქარა; სახლის ოხრად დარჩენა,
—
—
—
—
შესაძლოა პერეა
თავმდაბლობა; მაგალითი დიდ ვახშამზე,
—
—
—
—
შესაძლოა პერეა
მოწაფედ ყოფნის ფასი,
—
—
—
—
შესაძლოა პერეა
მაგალითები დაკარგულ ცხვარზე, დაკარგულ დრაქმასა და უძღებ შვილზე,
—
—
—
—
შესაძლოა პერეა
მაგალითები უმართლო მმართველზე, მდიდარ კაცსა და ლაზარეზე,
—
—
—
—
შესაძლოა პერეა
პატიება და რწმენა; უსარგებლო მონები,
—
—
—
—
ბეთანია
იესო ლაზარეს მკვდრეთით აღადგენს
—
იერუსალიმი; ეფრემი
კაიაფა იესოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებას იღებს; იესო იქაურობას შორდება
—
—
—
—
სამარია; გალილეა
სამარიისა და გალილეის გავლისას იესო ხალხს კურნავს და ასწავლის, —
—
—
—
სამარია ან გალილეა
მაგალითები ქვრივის დაჟინებულ თხოვნაზე, ფარისეველსა და გადასახადების ამკრეფზე,
—
—
—
—
პერეა
პერეას გავლით; გაყრის შესახებ
—
—
—
პერეა
ბავშვების მიღება და კურთხევა
—
—
პერეა
მდიდარი ახალგაზრდა; მაგალითი ვენახში მომუშავეებზე
—
—
შესაძლოა პერეა
იესო უკვე მესამედ წინასწარმეტყველებს თავის სიკვდილსა და აღდგომას
—
—
შესაძლოა პერეა
იაკობი და იოანე ადგილებს ითხოვენ სამეფოში
—
—
—
იერიხონი
ორი ბრმის განკურნება იერიხონზე გავლისას; ზაქესთან სტუმრობა; მაგალითი ათ მინაზე
იესოს მსახურების ბოლო პერიოდი იერუსალიმში
დრო
ადგილი
მოვლენა
მათე
მარკოზი
ლუკა
იოანე
33 წ., 8 ნისანი,
ბეთანია
პასექამდე ექვსი დღით ადრე ბეთანიაში ჩასვლა
—
—
—
9 ნისანი
ბეთანია
ნადიმი კეთროვანი სიმონის სახლში; მარიამი სცხებს იესოს; იუდეველები იესოსა და ლაზარეს სანახავად მოდიან
9 ნისანი
—
ბეთანია-იერუსალიმი
ქრისტეს საზეიმო შესვლა იერუსალიმში
10 ნისანი
ბეთანია-იერუსალიმი
უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლა; ტაძრიდან ვაჭრების მეორედ გამოყრა
—
—
იერუსალიმი
უფროსი მღვდლები და მწიგნობრები იესოს მოკვლას გეგმავენ
—
—
იერუსალიმი
საუბარი ბერძნებთან; იუდეველების ურწმუნოება
—
—
—
11 ნისანი
ბეთანია-იერუსალიმი
უნაყოფო ლეღვის ხე ხმება
—
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
ქრისტეს უფლებამოსილების ეჭვქვეშ დაყენება; მაგალითი ორ შვილზე
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
მაგალითები ბოროტ მევენახეებსა და საქორწინო ნადიმზე
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
გამოსაჭერი კითხვები გადასახადებზე, აღდგომაზე, მცნებაზე
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
მესიის წარმომავლობაზე იესოს დასმული კითხვა აჩუმებს მოწინააღმდეგეებს
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
მწიგნობრებისა და ფარისევლების მკაცრი გაკიცხვა
—
—
იერუსალიმი, ტაძარი
ქვრივის ორი მონეტა,
—
—
—
ზეთისხილის მთა
წინასწარმეტყველება იერუსალიმის დაცემაზე; დრო, როცა იესო მოსული იქნება; ქვეყნიერების აღსასრული
—
—
ზეთისხილის მთა
მაგალითები ათ ქალწულზე, ტალანტებზე, ცხვრებსა და თხებზე
—
—
—
12 ნისანი
იერუსალიმი
რელიგიური წინამძღოლები შეითქვნენ იესოს მოსაკლავად
—
—
იერუსალიმი
იუდა ურიგდება მღვდლებს, რათა გასცეს იესო
—
13 ნისანი (ხუთშაბათი, ნაშუადღევი)
იერუსალიმი და მისი შემოგარენი
პასექისთვის მზადება
—
14 ნისანი
იერუსალიმი
პასექის აღნიშვნა თორმეტთან ერთად
—
—
იერუსალიმი
იესო ფეხებს ჰბანს მოციქულებს
—
—
—
—
იერუსალიმი
აშკარა ხდება, რომ იუდა გამცემია, ის ტოვებს იქაურობას
—
იერუსალიმი
გახსენების საღამოს დაწესება თერთმეტთან ერთად
—
იერუსალიმი
იესო წინასწარმეტყველებს, რომ პეტრე უარყოფს მას და მოციქულები გაიფანტებიან
—
იერუსალიმი
დამხმარე; ურთიერთსიყვარული; გასაჭირი; იესოს ლოცვა
—
—
—
—
გეთსემანე
ძლიერი განცდები ბაღში; იესოს გაცემა და შეპყრობა
—
იერუსალიმი
ანას, კაიაფასა და სინედრიონის წინაშე; პეტრე უარყოფს იესოს
—
იერუსალიმი
გამცემი იუდა თავს იხრჩობს
—
—
—
იერუსალიმი
ჯერ პილატეს, შემდეგ ჰეროდეს და ისევ პილატეს წინაშე
—
იერუსალიმი
პილატეს მცდელობის მიუხედავად იესოს სასიკვდილოდ იმეტებენ
(დაახლ. 15:00 სთ., პარასკევი)
გოლგოთა, იერუსალიმი
იესოს სიკვდილი წამების ბოძზე და თანმხლები მოვლენები
—
იერუსალიმი
იესოს სხეულის ჩამოხსნა წამების ბოძიდან და სამარხში დასვენება
15 ნისანი
იერუსალიმი
მღვდლები და ფარისევლები სამარხთან დაცვას აყენებენ
—
—
—
16 ნისანი
იერუსალიმი და მისი შემოგარენი
იესოს მკვდრეთით აღდგომა და იმდღევანდელი მოვლენები
—
იერუსალიმი; გალილეა
იესო ქრისტეს შემდგომი გამოცხადებები
25 იარი
ზეთისხილის მთა ბეთანიის ახლოს
იესოს ზეცად ამაღლება აღდგომიდან 40 დღის შემდეგ
—
—