პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ
4 დაბოლოს, ძმებო, რაკიღა ისწავლეთ ჩვენგან, როგორ უნდა იცხოვროთ ღვთის მოსაწონად+ და ცხოვრობთ კიდეც ასე, გევედრებით და გემუდარებით უფალ იესოს სახელით, უფრო მეტად აამოთ ღმერთს; 2 თქვენ ხომ იცით ის მცნებები, რომლებიც უფალ იესოსგან გადმოგეცით!
3 ღვთის ნებაა, რომ წმინდები იყოთ+ და არ მოიქცეთ უზნეოდ*.+ 4 ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი სხეულის ფლობა+ სიწმინდითა+ და ღირსებით, 5 და ნუ დაემსგავსებით იმ ხალხებს, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს+ და დაუოკებელ, ავხორცულ ვნებებს+ არიან აყოლილნი; 6 არავინ გადავიდეს ზღვარს და არ დააზარალოს თავისი ძმა, რადგან იეჰოვას* სასჯელი არ ასცდებათ ასეთებს ამისთვის, როგორც უკვე გითხარით და მკაცრად გაგაფრთხილეთ კიდეც. 7 ღმერთმა იმისკენ მოგვიწოდა, რომ სიწმინდით ვიცხოვროთ და არა უწმინდურებით.+ 8 ამიტომ ამის უგულებელმყოფელი უგულებელყოფს არა ადამიანს, არამედ ღმერთს,+ რომელიც თავის წმინდა სულს გაძლევთ.+
9 ძმათმოყვარეობაზე+ არ არის საჭირო თქვენთვის მოწერა, რადგან ღმერთია თქვენთვის ერთმანეთის სიყვარულის მასწავლებელი.+ 10 თქვენ კი გიყვართ მაკედონელი ძმები, მაგრამ მაინც მოგიწოდებთ, ძმებო, რომ კიდევ უფრო გაიღრმაოთ სიყვარული. 11 მიზნად დაისახეთ, რომ მშვიდად იცხოვროთ,+ სხვის საქმეში არ ჩაერიოთ+ და საკუთარი შრომით ირჩინოთ თავი,+ როგორც მიგითითეთ კიდეც, 12 რათა არაფერი გაკლდეთ და გარეშეებიც ხედავდნენ,+ რომ წესიერად იქცევით.
13 გარდა ამისა, გვინდა, იცოდეთ, ძმებო, რა ელით მათ, ვინც განისვენა,+ რათა არ წუხდეთ უიმედოთა მსგავსად.+ 14 თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა,+ მაშინ არც იმაში უნდა გვეპარებოდეს ეჭვი, რომ მათაც, ვინც იესოს ერთგულებმა განისვენეს, ღმერთი აღადგენს და მასთან შეკრებს.+ 15 ამას იეჰოვას* სიტყვისამებრ გეუბნებით: ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვიქნებით, როცა უფალი მოვა*, განსვენებულებზე ადრე არ ავალთ ზეცაში, 16 რადგან თავად უფალი ჩამოვა ზეციდან, ბრძანებას გასცემს მთავარანგელოზის+ ხმითა და ღვთის საყვირით, და პირველები ქრისტესთან ერთობაში განსვენებულნი აღდგებიან.+ 17 შემდეგ კი ჩვენ, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები ვიქნებით, ღრუბლებით ატაცებულნი+ მათ შევუერთდებით და უფალს+ შევეგებებით ცაში. ამის შემდეგ მუდამ უფალთან ვიქნებით.+ 18 მაშ, ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით!