რომაელების მიმართ
12 მაშ, ძმებო, რაკი ღმერთი თანამგრძნობია, გევედრებით, რომ უძღვნათ მას თქვენი სხეულები+ ცოცხალ, წმინდა,+ მისთვის მოსაწონ მსხვერპლად, ანუ გააზრებულად ემსახუროთ მას.+ 2 ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების* ყაიდაზე, არამედ შეიცვალეთ აზროვნება+ და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას,+ რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია.
3 ჩემდამი გამოვლენილი წყალობის საფუძველზე ვეუბნები თითოეულ თქვენგანს: იმაზე მეტი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ვიდრე სინამდვილეში ხართ,+ არამედ საღად იაზროვნეთ თითოეულმა იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ მიიღეთ.+ 4 სხეულს ბევრი ნაწილი აქვს,+ მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება როდი აქვს. 5 ჩვენც, თუმცა ბევრნი ვართ, ერთი სხეული ვართ ქრისტესთან გაერთიანებულნი, ცალ-ცალკე კი სხეულის ნაწილები ვართ, ერთმანეთზე დამოკიდებული.+ 6 ჩვენ მიმართ გამოვლენილი წყალობის საფუძველზე სხვადასხვა ძღვენი გვაქვს;+ ამგვარად, თუკი ვინმეს წინასწარმეტყველების ძღვენი აქვს, იწინასწარმეტყველოს იმ რწმენის თანახმად, ღვთისგან რომ აქვს მიღებული; 7 თუ სხვებს ემსახურება, ემსახუროს და, თუ ასწავლის, ასწავლოს;+ 8 თუ ამხნევებს, გაამხნეოს;+ თუკი გასცემს, გულუხვად გასცეს;+ ვინც კრებას ხელმძღვანელობს, ეს საქმე გულმოდგინედ აკეთოს+ და ვინც თანაუგრძნობს, მთელი გულით თანაუგრძნოს.+
9 თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს.+ ბოროტება შეიზიზღეთ+ და სიკეთე შეიყვარეთ. 10 ძმური სიყვარული და სათუთი გრძნობები გქონდეთ ერთმანეთის მიმართ. პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით.+ 11 გულმოდგინენი იყავით და ნუ იზარმაცებთ.+ წმინდა სულით აენთეთ.+ გულმოდგინედ ემსახურეთ* იეჰოვას*.+ 12 იხარეთ იმედით. გაუძელით გასაჭირს.+ გამუდმებით ილოცეთ.+ 13 წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუმართეთ ხელი.+ სტუმართმოყვარენი იყავით.+ 14 ლოცეთ თქვენი მდევნელები,+ ლოცეთ, ნუ დაწყევლით.+ 15 მოხარულებთან იხარეთ, მოტირალებთან იტირეთ. 16 სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე; ქედმაღლები კი ნუ იქნებით, არამედ თავმდაბლურად იაზროვნეთ.+ ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი.+
17 ნურავის გადაუხდით სამაგიეროს.+ მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ ის, რაც ყველასთვის მართებულია. 18 რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან.+ 19 შურს ნუ იძიებთ, საყვარელნო, დაე ღმერთმა რისხვით მიაგოს ყველას საზღაური,+ რადგან დაწერილია: „მე ვიძიებ შურს, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა*“.+ 20 მაგრამ, „თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე, და, თუ სწყურია, დაალევინე, რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე*“.+ 21 არ დაგძლიოს ბოროტებამ, არამედ შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით.+