მეორე წერილი ტიმოთეს მიმართ
3 იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. 2 ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, 3 გულცივები, ჯიუტები*, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, 4 გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, 5 გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს*;+ ასეთებისგან თავი შორს დაიჭირე. 6 სწორედ ასეთებს შორის გამოჩნდებიან ხოლმე კაცები, რომლებიც მზაკვრულად აღწევენ ოჯახებში და თავგზას ურევენ უნებისყოფო, ცოდვებით დამძიმებულ და გულისთქმებს აყოლილ ქალებს, 7 რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერა და ვერ სწვდებიან*.
8 როგორც იანე და იამბრე შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს კაცებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. ეს გონებაგახრწნილი კაცები რწმენის წინააღმდეგ მიდიან, რის გამოც უღირსნი არიან. 9 მაგრამ ისინი ამის მეტს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება, იმ ორი კაცისა არ იყოს, ყველას წინაშე გამოაშკარავდება.+ 10 შენ კი გულდასმით მაკვირდებოდი, როცა ვასწავლიდი; იცი ჩემი ცხოვრება,+ ჩემი მიზანი, რწმენა, სულგრძელობა, სიყვარული და მოთმინება, 11 ისიც იცი, რა დევნასა და ტანჯვას გავუძელი ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში,+ მაგრამ უფალმა ყველა ამ სატანჯველისგან დამიხსნა.+ 12 ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება.+ 13 ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+
14 შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე,+ რადგან იცი, ვისგან ისწავლე, 15 თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები,+ რომლებსაც ქრისტე იესოსადმი რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16 მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად,+ 17 რათა ღვთის მსახური ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.