იოანეს სახარება
14 „ნუ დამწუხრდებით!+ ირწმუნეთ ღმერთი+ და მირწმუნეთ მე! 2 მამაჩემის სახლში ბევრი ადგილია, ასე რომ არ იყოს, გეტყოდით. მე მივდივარ, რომ ადგილი მოგიმზადოთ.+ 3 როცა წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, დავბრუნდები და ჩემთან წაგიყვანთ, რათა თქვენც იქ იყოთ, სადაც მე ვიქნები.+ 4 თქვენ იცით იქ მოსასვლელი გზა, სადაც მივდივარ“.
5 თომამ+ მიუგო: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ და გზა როგორღა გვეცოდინება?!“
6 იესომ უთხრა: „მე ვარ გზა,+ ჭეშმარიტება+ და სიცოცხლე!+ მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა.+ 7 მე რომ მიცნობდეთ, ისიც გეცოდინებოდათ, ვინ არის მამაჩემი; ამიერიდან იცნობთ მას და გინახავთ იგი“.+
8 ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა და ეს საკმარისი იქნება ჩვენთვის!“
9 იესომ მიუგო: „ფილიპე, ამდენი ხანია, თქვენთან ვარ და აქამდე ვერ გამიცანი?! ვინც მე მიხილა, მამაც იხილა.+ როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო?! 10 ნუთუ არ გწამს, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან?!+ რასაც გეუბნებით, ჩემით არ ვამბობ;+ მამა, რომელიც ჩემთან ერთობაშია, აკეთებს თავის საქმეებს. 11 მერწმუნეთ, რომ მე მამასთან ვარ ერთობაში, მამა კი — ჩემთან; საქმეების გამო მაინც იწამეთ.+ 12 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც მე ვწამვარ, ისიც იმავეს გააკეთებს, რასაც მე ვაკეთებ, და მეტსაც გააკეთებს,+ რადგან მე მამასთან მივდივარ.+ 13 ასევე, რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამაჩემი ძის მეშვეობით.+ 14 თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
15 თუ გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.+ 16 მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს*, რათა მარადიულად თქვენთან იყოს,+ 17 ჭეშმარიტების სულს,+ რომელსაც ვერ მიიღებს ქვეყნიერება, რადგან ვერც ხედავს მას და არც იცნობს.+ თქვენ იცნობთ მას, რადგან ის თქვენშია და თქვენთან რჩება. 18 მე მოვალ თქვენთან, ობლად არ დაგტოვებთ.+ 19 ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ,+ რადგან მე ვცოცხლობ და თქვენც იცოცხლებთ. 20 იმ დღეს გაიგებთ, რომ მე მამაჩემთან ვარ ერთობაში, თქვენ ჩემთან ხართ ერთობაში, მე კი — თქვენთან.+ 21 ვინც იღებს ჩემს მცნებებს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ, ხოლო ვისაც მე ვუყვარვარ, მას მამაჩემიც შეიყვარებს, მეც შევიყვარებ და თავს გავუცხადებ“.
22 იუდამ,+ არა ისკარიოტელმა, ჰკითხა მას: „უფალო, რატომ უნდა გაგვიცხადო თავი ჩვენ და არა ქვეყნიერებას?“
23 იესომ მიუგო: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს,+ და მამაჩემიც შეიყვარებს მას; მივალთ და დავმკვიდრდებით მასთან.+ 24 ვისაც არ ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას არ იცავს. რასაც ჩემგან ისმენთ, ჩემი არ არის, არამედ მამისაა, რომელმაც გამომგზავნა.+
25 ამას ახლა გეუბნებით, სანამ ჯერ კიდევ თქვენთან ვარ, 26 მაგრამ დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს.+ 27 მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ,+ მაგრამ არა ისე, როგორც ქვეყნიერება აკეთებს ამას. ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ. 28 ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით, მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები-მეთქი თქვენთან?! რომ გიყვარდეთ, გაგიხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.+ 29 ახლა გეუბნებით ამას, სანამ მომხდარა, რადგან, როცა მოხდება, ირწმუნოთ.+ 30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი+ მოდის. ის ვერ ბატონობს ჩემზე.+ 31 მაგრამ, რაკი მინდა, ქვეყნიერებამ იცოდეს, რომ მამა მიყვარს, იმას ვაკეთებ, რაც მამამ დამიდო მცნებად.+ ადექით, წავიდეთ აქედან!“